დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 11.11.2013
საქმის ნომერი
ას-355-338-2013
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.11.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

# as-734-1103-06 ** *****, 2007 w საქმე №ას-355-338-2013 11 ნოემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ვ. წ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჭ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ჭ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. წ-ის მიმართ და მოითხოვა მისთვის 19 500 აშშ დოლარის ანაზღაურება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2007 წლის 26 ნოემბერს შპს „მ. მ-ან“ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე 27 500 აშშ დოლარად შეიძინა ავტომანქანა „ნისან ქაშქაი“. მოპასუხემ სთხოვა, ავტომანქანა მისთვის დაეთმო, ხოლო მის ღირებულებას მოსარჩელეს გადასცემდა კუთვნილი მიწის ნაკვეთის გასხვისების შემდეგ. საკუთრების უფლება ავტომანქანაზე ვ. წ-ს მისი ღირებულების გადახდის შემდეგ უნდა გადასცემოდა, თუმცა მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და მოძრავი ნივთის საფასური ნ.ჭ-ეს არ გადაუხადა. ვ.წ-მა მოსარჩელეს სადავო ავტომანქანა დაუბრუნა ისეთ მდგომარეობაში, რომ მისი ამჟამინდელი ღირებულება აუდიტმა შეაფასა 8000 აშშ დოლარად.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2007 წელს მოსარჩელისაგან მიიღო სადავო ავტომანქანა, რომელსაც წლების განმავლობაში დაუბრკოლებლად ფლობდა. სადავო ნივთის მოსარჩელისათვის დაბრუნება მოხდა მოპასუხის ნების გარეშე, მისი საპატიმროში ყოფნის დროს. მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნივთი ნ. ჭ-ის საკუთრებად ირიცხება, ფაქტობრივად ავტომანქანა მოპასუხეს ეკუთვნის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ვ. წ-ს მოსარჩელე ნ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 26 618, 75 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. წ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ნ. ჭ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ვ. წ-ს მოსარჩელე ნ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 26 123.75 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

მხარეთა შორის სადავო „NISSAN QASHQAI-ს“ მარკის ავტომანქანა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელე ნ. ჭ-ის სახელზე.

2007 წლის 26 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნ. ჭ-ემ ავტომანქანა შეიძინა შპს „მ. მ-ი“. ავტომანქანის ღირებულება ნასყიდობის დროისათვის შეადგენდა 27 500 აშშ დოლარის ეკვივალენტ – 44618,75 ლარს.

2007 წლის ნოემბერში ავტომანქანის შეძენისთანავე ნ. ჭ-ემ (გამყიდველი) თავის ქვისლ ვ. წ-ან (მყიდველი) დადო ავტომანქანის ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულება იმ პირობით, რომ მყიდველზე საკუთრება გადავიდოდა მხოლოდ ავტომანქანის ფასის – 44 618,75 ლარის სრულად გადახდის შემდეგ. ამასთან, მყიდველის ამ ვალდებულების (საფასურის გადახდა) შესრულების ზუსტი თარიღი არ განსაზღვრულა და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა.

ამ გარიგების დადებისთანავე ნ. ჭ-ემ ვ. წ-ს გადასცა ავტომანქანა და სარეგისტრაციო მოწმობა.

იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას, რომ მყიდველის სახელზე საკუთრება გადავიდოდა მხოლოდ ავტომანქანის ფასის სრულად გადახდის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე, თავისი შინაგანი რწმენით შეაფასა როგორც მოდავე მხარეთა წერილობითი და ზეპირი განმარტებები, ისე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

მხარეები არ დავობენ, რომ მათ შორის ნამდვილად დაიდო ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ავტომანქანა და სარეგისტრაციო მოწმობა გადაეცა მყიდველს. მხარეთა შორის სადავო საკითხს წარმოადგენს ნასყიდობის საფასურის გადახდა. მოპასუხის განმარტებით, ნასყიდობის საფასურიდან 15 500 აშშ დოლარი მეუღლე დ. ს-ის მეშვეობით გადასცა გამყიდველს, რაც შეეხება დარჩენილ 12 000 აშშ დოლარს, დ. ს-ემ მას განუცხადა, რომ ამ თანხის გადახდას მოსარჩელე დააცდიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოპასუხემ თავის მეუღლე დ. ს-ან გაარკვია, რომ ეს თანხაც სრულად დაიფარა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს მის მიერ მითითებული ამ გარემოებების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, გაზიარებული ვერ იქნება სააპელაციო საჩივრის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვ. წ-მა სრულად გადაიხადა ავტომანქანის ღირებულება.

ნ. ჭ-ე მოპასუხის ამ განმარტებას არ ადასტურებდა და თავის მხრივ განმარტავდა, რომ ვ. წ-ს სადავო ავტომანქანაზე საკუთრების უფლება წარმოეშობოდა ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის შემდეგ, რის შესაბამისადაც მოხდებოდა ავტომანქანის მისთვის გადაფორმება. ამასთან, იგი კატეგორიულად უარყოფდა ნასყიდობის საფასურის სრულად მიღებას და პირველი ინსტანციის სასამართლოში დაადასტურა ამ თანხიდან მხოლოდ 300 აშშ დოლარის მიღება მოპასუხისაგან. მოსარჩელის მიერ ავტომანქანის ღირებულების ნაწილის მიღება დასტურდება ნ. ჭ-ის მიერ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის სახელზე 2011 წლის 1 დეკემბერს შეტანილი განცხადებითაც.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის მოსაზრება, რომ ეს განცხადება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უნდა შეფასებულიყო ავტომანქანის საფასურის სრულად გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რადგან მასში განმცხადებელი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ავტომანქანის ღირებულების მხოლოდ ნაწილის მიღებაზე (კონკრეტული თანხის მითითების გარეშე), რის გამოც მანქანა მოპასუხეს არ გადაუფორმდა.

სასამართლოს მითითებით, მყიდველის სახელზე საკუთრების უფლების გადასვლა მხარეებმა სწორედ ნასყიდობის საფასურის გადახდას რომ დაუკავშირეს, დასტურდება ნ. ჭ-ის ზემოხსენებული განცხადებით, რომლითაც იგი ითხოვდა სადავო ავტომანქანაზე გამოწერილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ვ. წ-ის ჩაბარებას. ამ განცხადებაში ნ. ჭ-ე აღნიშნავს, რომ ვ. წ-ის სახელზე ავტომანქანა არ გადაფორმებულა, ვინაიდან მას სრულყოფილად არ ჰქონდა ავტომანქანის ღირებულება გადახდილი. განცხადების პასუხად საპატრულო პოლიციის მიერ მოსარჩელეს განემარტა, რომ საკითხის დადებითად გადასაწყვეტად აუცილებელი იყო გასხვისებული ავტომანქანის ახალ მესაკუთრეზე დარეგისტრირება. მიუხედავად აღნიშნულისა, ნ. ჭ-ეს ავტომანქანა ვ. წ-ის სახელზე არ დაურეგისტრირებია, რადგან ამ უკანასკნელს მისი ღირებულება სრულად არ გადაუხდია.

ამასთან, ამ თანხის გადაუხდელობის გამო, 2012 წლის მარტში ნ. ჭ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც ავტომანქანის დაბრუნება და ავტომანქანის ნასყიდობის საფასურსა და მის დღევანდელ ღირებულებას შორის სხვაობის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა. მოგვიანებით მან უარი თქვა პირველ სასარჩელო მოთხოვნაზე, რაც იმით დაასაბუთა, რომ მოპასუხის მეუღლემ დაუბრუნა ავტომანქანა.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო ავტომანქანის ამჟამინდელი ღირებულება სწორად განსაზღვრა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 17 ივლისის დასკვნით, რომლის მიხედვით ეს ღირებულება შეადგენდა 18 000 ლარს. ამ საკითხზე სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა რაიმე პრეტენზიას და სააპელაციო სასამართლოს მიერ აღარ შეფასდა.

ამდენად, პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ, მოპასუხე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, რაც გამოიხატა ავტომანქანის ნასყიდობის საფასურის – 44 618,75 ლარის სრულად გადაუხდელობაში, მოსარჩელე ნ. ჭ-ემ განიცადა ზიანი – 26 123.75 ლარის ოდენობით – მიუღებელი შემოსავლის სახით, რაც წარმოადგენს სხვაობას ავტომანქანის თავდაპირველი ღირებულების, დღევანდელი ღირებულებისა და ნასყიდობის საფასურის ანაზღაურებული ნაწილის (300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის – 495 ლარის) ჯამს შორის.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლების გადასვლის საფუძველს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის განსაზღვრება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლში. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ პირობებად უნდა ჩაითვალოს ხელშეკრულების საგანი, ნასყიდობის ფასი და მისი გადახდის პირობა, რომლებზეც მხარეები შეთანხმდნენ.

რაც შეეხება ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმას, კანონი მისთვის რაიმე სპეციალურ ფორმას არ ადგენს. იგი შეიძლება ზეპირადაც დაიდოს. მოცემულ შემთხვევაში სწორედ ზეპირ გარიგებასთან გვაქვს საქმე.

პალატის მოსაზრებით, ნასყიდობის ხელშეკრულების დადება ნიშნავს ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ ნიშნავს საკუთრების გადასვლას მყიდველზე.

სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემისათვის აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა: ნამდვილი უფლება და ნივთის ფაქტობრივი გადაცემა.

ფორმალურად, განსახილველ შემთხვევაში ორივე წინაპირობა არსებობს – მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და მოსარჩელემ ავტომანქანა, სარეგისტრაციო მოწმობასთან ერთად, მფლობელობაში გადასცა მოპასუხეს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ნივთის მხოლოდ ფაქტობრივი გადაცემა არ არის საკმარისი მასზე საკუთრების წარმოშობისათვის. სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში. ამასთან, ნივთის ფაქტობრივი გადაცემა მიზნად უნდა ისახავდეს საკუთრებაში ამ ნივთის გადაცემას.

წინამდებარე საქმეზე პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. წ-ს ავტომანქანაზე საკუთრება წარმოეშობოდა მას შემდეგ, რაც იგი სრულად გადაიხდიდა ავტომანქანის ღირებულებას.

სამოქალაქო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, შემძენისათვის გადაცემული ნივთი, მისი საფასურის სრულად გადახდამდე, გამსხვისებლის საკუთრებაა.

მოცემულ შემთხვევაში ნ. ჭ-ემ ვ. წ-ს საკუთრების უფლების გადასვლის პირობად დაუთქვა ავტომანქანის ღირებულების სრულად გადახდა. ეს გარემოება, როგორც ზემოთაც აღინიშნა, დასტურდება ნ. ჭ-ის 2011 წლის 1 დეკემბერის განცხადებით, რომლითაც ვ. წ-ის სახელზე ავტომანქანა არ გადაფორმებულა, ვინაიდან მას სრულყოფილად არ ჰქონდა მიცემული ავტომანქანის ღირებულება.

სამოქალაქო კოდექსის 188-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, ნივთის გადაცემა შემძენისათვის (მყიდველისათვის) ჯერ კიდევ არ ნიშნავს მისთვის საკუთრების უფლების გადაცემას, შესაბამისად, ვ. წ-ი, მიუხედავად სადავო ავტომანქანის თითქმის ხუთი წლის განმავლობაში ფაქტობრივი ფლობისა, ვერ ჩაითვლება მის მესაკუთრედ, რადგან გადაცემული ნივთი (ავტომანქანა), საფასურის სრულად გადახდამდე, რჩებოდა გამსხვისებლის (ნ. ჭ-ის) საკუთრებად.

იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე დაადასტურებდა ავტომანქანის ღირებულების სრულად გადახდის ფაქტს, მოსარჩელისთვის განსხვავებული ვითარება შეიქმნებოდა და სასამართლო სრულად გაიზიარებდა სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე დაფუძნებულ სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებებს ავტომანქანაზე საკუთრების უფლების წარმოშობასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ვ. წ-მა ვერ შეძლო ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარმოდგენა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ სადავო გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად არ ჩათვალა მოპასუხის ახსნა-განმარტება, რადგან მას მოსარჩელე არ დაეთანხმა. ასეთ პირობებში მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, სხვა მტკიცებულებების გარეშე, სადავო გარემოების დადგენილად ცნობისათვის ვერ გამოდგება.

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორად არის გამოყენებული და განმარტებული სამოქალაქო კოდექსის 427-ე და 429-ე მუხლები.

ვ. წ-ი მოსარჩელის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადასტურებლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ავტომანქანის ნასყიდობის საფასური გადასცა დარეჯან სილაგაძეს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ამ გარემოების დადასტურებულად ცნობის შემთხვევაშიც არ იარსებებდა საფუძველი დასკვნისთვის, რომ ამით მოპასუხემ სრულად შეასრულა ვალდებულება ნ. ჭ-ის მიმართ, რადგან ეს უკანასკნელი აღიარებდა მხოლოდ 300 აშშ დოლარის მიღების ფაქტს მოპასუხისგან.

სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, ვის მიმართაც მოვალემ უნდა განახორციელოს შესრულება. ასეთად პირველ რიგში ითვლება უშუალოდ კრედიტორი. ამასთან, ეს უკანასკნელი არ არის ერთადერთი პირი, რომლის მიმართაც შეიძლება მოხდეს შესრულება. ასეთი შეიძლება იყოს სახელშეკრულებო ან კანონისმიერი წარმომადგენელი. შესრულებაზე უფლებამოსილი პირი სასამართლო გადაწყვეტილებითაც შეიძლება განისაზღვროს. აღნიშნული ნორმის მეორე ნაწილით, ვალდებულების შესრულება შეიძლება ჯეროვნად განხორციელებულად ჩაითვალოს მაშინაც კი, როდესაც შესრულება მიიღო არაუფლებამოსილმა პირმა, თუმცა მას ამ მოქმედების განხორციელებისთვის კრედიტორის თანხმობა ჰქონდა ან ამ შესრულებისგან კრედიტორმა მიიღო სარგებელი.

საქმის მასალებით არ დასტურდება სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის მეორე ნაწილში მითითებული წინაპირობების არსებობა, კერძოდ ის, რომ დ. ს-ეს გააჩნდა კრედიტორ ნ. ჭ-ის თანხმობა მოვალე ვ. წ-ან შესრულების (ავტომანქანის ღირებულების) მიღებაზე ან ის, რომ ამ შესრულებით კრედიტორმა მიიღო სარგებელი.

ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. წ-ის წერილობით შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებულ განმარტებებს ეწინააღმდეგება სააპელაციო საჩივრის მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ ვ. წ-ს სადავო მანქანა გადასცა მისი საფასურის სრულად მიღების შემდეგ.

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, პალატამ დაადგინა, რომ მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულება. ამასთან, საქმე ეხება სამოქალაქო კოდექსის 188-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით გათვალისწინებულ პირობადებულ საკუთრებას, როცა ნასყიდობის საგანზე შემძენის საკუთრების უფლების წარმოშობა მხარეებმა ნასყიდობის საგნის საფასურის სრულად ანაზღაურებას დაუკავშირეს. ამასთან, მყიდველის ამ ვალდებულების (ნასყიდობის საფასურის გადახდა) შესრულების ზუსტი თარიღი არ განსაზღვრულა და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა.

სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, გამყიდველის მიერ 2012 წლის დასაწყისში გაცხადებული მოთხოვნა ავტომანქანის საფასურის სრულად გადახდის შესახებ მოპასუხემ არ შეასრულა, რის გამოც აღიძრა განსახილველი სარჩელი.

ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან აპელანტის განმარტება, რომ მოცემულ დავაზე ხანდაზმულობის ვადის დაწყების მომენტად 2007 წლის ნოემბერი უნდა იქნეს მიჩნეული, ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის დანაწესს.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოცემულ საქმეზე არსებობს სამოქალაქო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით გათვალისწინებული შემთხვევა, კერძოდ, მოსარჩელემ (გამსხვისებელმა) უარი თქვა ხელშეკრულებაზე, გაყიდული ავტომანქანა დაუბრუნდა გამყიდველს, ხოლო მყიდველის მიერ განხორციელებული შესრულება 300 აშშ დოლარის ოდენობით, როგორც უკვე აღინიშნა, გამოაკლდება სარჩელით მოთხოვნილ თანხას, რაც სამართლებრივად უთანაბრდება ამ თანხის მყიდველისთვის დაბრუნებას.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სარჩელით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში დავა ეხება მიუღებელ ანუ ისეთ შემოსავალს, რომელსაც ნ. ჭ-ე მიიღებდა ვ. წ-ს ნასყიდობის ხელშეკრულებით ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად რომ შეესრულებინა.

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი მუხლის, 409-ე, 411-ე მუხლების თანახმად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ნ. ჭ-ემ განიცადა ზიანი 26 123.75 ლარის ოდენობით მიუღებელი შემოსავლის სახით, რაც წარმოადგენს სხვაობას ავტომანქანის თავდაპირველ ღირებულებას ანუ მოდავე მხარეთა მიერ შეთანხმებულ ნასყიდობის საგნის საფასურის, ამ საგნის დღევანდელი ღირებულებისა და ნასყიდობის საფასურის ანაზღაურებული ნაწილის (300 აშშ დოლარის ეკვივალენტი 495 ლარი) ჯამს შორის (44 618,75-(18 000+495)=26 123.75).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვ. წ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი. კონკრეტულ შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნ. ჭ-ემ გადასცა ვ. წ-ს ნასყიდობის საგანი და მიაწოდა მასთან დაკავშირებული საბუთები – ტექპასპორტი, ხოლო პალატამ ხსენებული ნორმის საფუძველზე დაადგინა, რომ საკუთრების უფლება არ გადაცემულა.

სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის დანაწესიც. მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და ავტომანქანა მოსარჩელემ ვ. წ-ს გადასცა პირდაპირ მფლობელობაში. ეს უკანასკნელი სადავო ნივთს ფლობდა 5 წლის მანძილზე. სააპელაციო პალატამ კი მცდარად ჩათვალა, რომ ნ.ჭ-ეს არ ჰქონდა სადავო მანქანის კასატორისათვის საკუთრებაში გადაცემის მიზანი.

სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლი, რომლის თანახმად ნ. ჭ-ემ გამოავლინა ნამდვილი ნება და ავტომანქანაზე საკუთრების უფლება გადასცა ვ.წ-ს, რაც განხორციელდა ნივთის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემით.

სააპელაციო პალატას არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილი. მან არასწორად მიიჩნია, რომ შემძენისათვის გადაცემული ნივთის, საფასურის სრულად გადახდამდე, გამსხვისებლის საკუთრებაა. საფასურის გადახდასთან დაკავშირებით ასეთი დათქმა მხარეებს არ გაუთვალისწინებიათ.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მხარეთა განცხადებით, ვ. წ-სა და ნ. ჭ-ეს შორის ყოველთვის არსებობდა დაძაბული ურთიერთობა. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თანხის დიდი ნაწილის გადახდის გარეშე, ნ. ჭ-ეს პირდაპირ მფლობელობაში გადაეცა ვ. წ-ის ავტომანქანა, შემდგომ სარეგისტრაციო მოწმობა და თანხის გადაუხდელობის თაობაზე განეცხადებინა მხოლოდ 2012 წელს. მითითებული გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე და ვ. წ-მა აანაზღაურა მანქანის ღირებულება.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი. საქმეში არსებობდა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა, რომ ვ. წ-მა ნ. ჭ-ეს გადაუხადა თანხის გარკვეული ნაწილი, ხოლო დარჩენილი თანხა გადასცა დ. ს-ის მეშვეობით. ნ. ჭ-ეს 5 წლის განმავლობაში პრეტენზია არ გასჩენია თანხის გადაუხდელობასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ კი არასწორად დაადგინა ვ. წ-ის მიერ მხოლოდ 300 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.

სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საქალაქო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 429-ე და 427-ე მუხლების გამოყენების ფაქტი და არასწორად გამოიყენა 427-ე მუხლი.

გაურკვეველია, რის საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ, რომ ვ. წ-მა არ შეასრულა ნ. ჭ-ის წინაშე ნაკისრი ვალდებულება მაშინ, როცა ვ. წ-მა სრულად გადაიხადა ავტომანქანის ღირებულება. მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ სრულად მიიღო მანქანის ღირებულება, მან თანხის მიღების შემდგომ გადასცა ვ. წ-ს სადავო ავტომანქანა, რომელსაც იგი კანონიერად ფლობდა 2007 წლიდან 2012 წლის მაისის ჩათვლით და მოსარჩელეს ამაზე პრეტენზია არც გასჩენია.

სასამართლოს არ უნდა გამოეყენებია სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილი.

ნ. ჭ-ის წერილით, რომლითაც მან მიმართა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, მან განაცხადა, რომ 2007 წლის ნოემბერში მისი კუთვნილი ავტომანქანა მიჰყიდა ვ. წ-ს. ამასთან, ამავე წერილით ნ. ჭ-ე აღიარებს თანხის მიღების ფაქტს, კერძოდ, ნ. ჭ-ე აცხადებს, რომ მას მიღებული აქვს თანხის გარკვეული ნაწილი.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ნ. ჭ-ე წარმოდგენილი სარჩელით საერთოდ უარყოფდა თანხის მიღებას, სანამ სასამართლომ არ გამოითხოვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან მის მიერ დაწერილი წერილი, სადაც ცალსახად ეწერა, რომ მან მიიღო ნასყიდობის საგნის საფასური, მაგრამ არასრულად. მხოლოდ ამის შემდეგ, ნ. ჭ-ემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ვ. წ-მა მას გადაუხადა მხოლოდ 300 აშშ დოლარი, რომელიც განკუთვნილი იყო ავტომანქანის მონიტორისათვის.

სასამართლომ საერთოდ არ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ ნ. ჭ-ემ თავად განაცხადა წერილობით, რომ ავტომანქანა მიჰყიდა ვ. წ-ს, რომლითაც თავად აღიარა ავტომანქანაზე საკუთრების უფლების დაკარგვა.

სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლი და უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის დანაწესით.

საქმეში არ არის წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით, სადაც პირდაპირ გაწერილი იქნებოდა ნასყიდობის ფასი და მისი გადახდის პირობები.

სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 506-ე მუხლის პირველი ნაწილი და მცდარად დაადგინა ვ. წ-ის მიერ თანხის გადაუდელობის ფაქტი, ნ. ჭ-ემ კი ვერ დაამტკიცა ნასყიდობის ფასის მიუღებლობა.

სააპელაციო სასამართლოს ასევე არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი და არასწორად განმარტა ის გარემოება, რომ ნ. ჭ-ემ განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. დღემდე სადავო ავტომანქანა ნ. ჭ-ან იმყოფება უკანონო მფლობელობაში და ვ.წ-ს თავად წარმოეშობა ამავე კოდექსის 172-ე მუხლით მისი დაბრუნების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 409-ე და 411-ე მუხლებიც. არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი ვ. წ-ის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რადგან ვ. წ-ს სადავო ავტომანქანისათვის არც განზრახი და არც უხეში გაუფრთხილებლობით ზიანი არ მიუყენებია.

სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ვ. წ-ს ნ. ჭ-ის არანაირი ზიანი არ მიუყენებია. ამასთან, არც მანქანა იყო დაზიანებული. მან უბრალოდ განიცადა ბუნებრივი ცვეთა.

სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 130-ე მუხლით. მოსარჩელისათვის ხანდაზმულობის ვადის ათვლის საწყის მომენტად სასამართლოს მიერ უნდა მიჩნეულიყო 2007 წელი ანუ თარიღი, როდესაც ნ. ჭ-ემ ვ. წ-ს მიჰყიდა ავტომანქანა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 აპრილის განჩინებით ვ. წ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორს სახელმწიფო ბაჟის – 1306,18 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ვ. წ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

მოცემულ შემთხვევაში კასატორ ვ. წ-ს სახელმწიფო ბაჟის – 1306,18 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ვ. წ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მისთვის საკასაციო საჩივარზე განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის 30% – 391,85 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. წ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ვ. წ-ს (პირადი №...) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის – 391,85 ლარის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე