დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 29.06.2018
საქმის ნომერი
ას-522-522-2018
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
29.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-522-522-2018 29 ივნისი, 2018 წელი,ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ბესარიონ ალავიძე,ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ფ. კ-ი, მ. ნ-ი, მ. ნ-ი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ქ-ი, მ. მ-ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ფ. კ-ის, მ. ნ-ის, მ. ნ-ის (შემდეგში: მოსარჩელეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები) სარჩელი მ. მ-ისა და ი. ქ-ის (შემდეგში: მოპასუხეები) წინააღმდეგ, სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

4. სააპელაციო სასამართლომ განჩინების დასაბუთებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-78-ე და მე-60, 61-ე, 63-ე მუხლებით და საქმის მასალებზე დაყრდნობით განმარტა, რომ აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის გამოუსწორებლობა, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

5. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინებით აპელანტებს განესაზღვრათ 10-დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. საქმეში მოთავსებული უკუგზავნილით (იხ. ტ.2, ს.ფ. 88-90) დასტურდება, რომ დასახელებული განჩინება ადრესატებს 2018 წლის 13 თებერვალს ჩაბარდათ კანონით დადგენილი წესით (სსსკ-ის 70.1, 74-ე, 73.8-ე მუხლები). შესაბამისად, ხარვეზის აღმოფხვრის ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 14 თებერვალს და ამოიწურა იმავე წლის 23 თებერვალს (სსსკ-ის 61.2-ე მუხლი); მიუხედავად აღნიშნულისა, აპელანტებს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ.

6. მე-3 პუნქტში დასახელებულ განჩინებაზე აპელანტებმა, წარმომადგენლის მეშვეობით, კერძო საჩივარი წარადგინეს და მოითხოვეს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის გაგრძელება.

7. კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებით, მათ შეეზღუდათ უფლების სასამართლო წესით დაცვის გარანტირებული უფლება, ვინაიდან განჩინება ხარვეზის თაობაზე, ჩაბარდათ ქართულ ენაზე, რის გამოც ვერ შეძლეს განჩინების შინაარსის გარკვევა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით მოსარჩელეთა კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

11. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსეს.

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიის პასუხად განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის მიხედვით კი საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე - აფხაზური.

13. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოში მცხოვრები ქართული ენის არმცოდნე პირი იწყებს სამართალწარმოებას, უნდა ითვალისწინებდეს იმ მოსალოდნელ სირთულეებს, რომელიც შეიძლება სახელმწიფო ენის არცოდნამ გამოიწვიოს. შესაბამისად, ასეთი პირი სახელმწიფო ენის არცოდნით გამოწვეულ სირთულეზე, როგორც ობიექტურ გარემოებაზე, რომელიც მას ათავისუფლებს სასამართლოს მიერ დავალებული ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების ვალდებულებისაგან, ვერ მიუთითებს. ამასთან, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობა არ ავალდებულებს სასამართლოს სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს სასამართლო გზავნილი გადასცეს არასახელმწიფო ენაზე.

14. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მიუხედავად სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში დაყენებული შუამდგომლობისა თარჯიმნის დანიშვნის თაობაზე, თავად სარჩელიც და სააპელაციო საჩივარიც შედგენილია ქართულ ენაზე, რაც მოწმობს იმას, რომ ქართული ენის არცოდნის მიუხედავად, მოსარჩელეებმა, საქმის წარმოების პირველივე ეტაპიდან შეძლეს საკუთარი უფლების განხორციელება ქართულ ენაზე, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინებით, მისი აღმოფხვრისათვის განსაზღვრული იყო 10- დღიანი ვადა, რაც სავსებით საკმარისი იქნებოდა სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის მოძიებისათვის, რათა აპელანტებისათვის გასაგები გამხდარიყო ხსენებული განჩინების შინაარსი.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა კონსტიტუციური უფლება ხელმისაწვდომ მართლმსაჯულებაზე, რაც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულია, სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია და მოიცავს მხარისათვის გასაგებ ენაზე სამართალწარმოების განხორციელებას, უზრუნველყოფილი და დაცულია სსსკ-ის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით, როდესაც სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსარჩელეები სარგებლობდნენ თარჯიმნის მომსახურებით (იხ. ტ.1, ს.ფ.105, 119), შესაბამისად, სასამართლო სხდომებზე მხარისათვის თარჯიმნის დახმარება არ მოიცავს სასამართლოს მიერ გამოტანილი სხვა საპროცესო აქტების თარგმანს. ისიც აღსანიშნავია, რომ სამართლებრივი რჩევის მისაღებად მოსარჩელეებს წარმომადგენლებიც ჰყავდათ.

16. სსსკ-ის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის განმარტებით დასტურდება, რომ „სამართალწარმოების ენა სახელმწიფო ენაა და სასამართლოს არ გააჩნია რაიმე უფლება ან ვალდებულება, სახელმწიფო ენის არმცოდნე საქართველოს მოქალაქეს შეტყობინება არასახელმწიფო ენაზე გაუგზავნოს, კანონის დათქმა, რომ სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი, ვრცელდება საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის და არა საქმის განსახილველად მომზადების ეტაპზე, აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგო დანაწესს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს... (იხ. სუსგ # ას-933-898-2016, 05.01.2017წ; შდრ. სუსგ-ებს: # ას-102-97-2013, 07.05.2013 წ; # ას-682-648-2013, 10.03.2015 წ.)

17. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა, სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით, რაც მისი უცვლელად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფ. კ-ის, მ. ნ-ის და მ. ნ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე