დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№ას-1013-2018 12 ნოემბერი, 2018 წელი,ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი კასატორი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოპასუხე)
მეორე კასატორი - სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.გ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საკუთრების უფლების მიტოვების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა, ქონების მესაკუთრისათვის დაბრუნება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.გ–ძეს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, მესაკუთრე), 2008 წლის 19 სექტემბრის საკუთრების მოწმობის საფუძველზე, კურორტ ...., 121 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 72.9 კვ.მ ფართის საცხოვრებელი სახლი, საკუთრების უფლებით გადაეცა.
2. სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებად აღირიცხა საჯარო რეესტრში და მიენიჭა საკადასტრო კოდი /N ...../(იხ. ტ.1, ს.ფ 18);
3. მოსარჩელემ, 2010 წლის 14 სექტემბერს, განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და განაცხადა თანხმობა, რომ ტოვებს საკუთრების უფლებას სადავო ქონებაზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 23).
4. კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სადავო ქონება სახელმწიფოს საკუთრებად აღირიცხა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 67).
5. უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდეგში: პირველი მოპასუხე, სამინისტრო, პირველი კასატორი) მიმართვა N05/343, დამოწმების თარიღი 12/01/2011 (ტ.1, ს.ფ. 67).
6. სარჩელის საფუძვლები
6.1 მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სამინისტროს (პირველი მოპასუხის) და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში: მეორე მოპასუხე, სააგენტო, მეორე კასატორი) წინააღმდეგ და, მოითხოვა მესაკუთრის მიერ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვების, სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა და საკუთრების უფლების აღდგენა.
6.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ .... ჰქონდა მამაპაპისეული ქონება, რომელიც საკურორტო ზოლში მდებარეობდა.
6.3 მოსარჩელე, 1997-2012 წლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში მუშაობდა, კერძოდ, აჭარასა და გურიაში.
6.4 მოსაჩელეს 2010 წლის 14 სექტემბერს მობილურ ტელეფონზე გ.გ. (შემდეგში: სახელმწიფო მოხელე) დაუკავშირდა, რომელიც გენერალური ინსპექციის თანამშრომლად გაეცნო, თუმცა მოგვიანებით, პროკურატურის თანამშრომელი აღმოჩნდა. ამ პირმა, მოსარჩელეს საჯარო რეესტრში წასვლა და ბ–ში მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების დათმობა მოსთხოვა. მოსარჩელემ განუმარტა, რომ ქონება სამსახურს არ უკავშირდებოდა და მამაპაპისეული იყო. მიუხედავად ამისა, მოხელემ, მისი მითითების შესრულება მკაცრად მოითხოვა და მოსარჩელეს განუცხადა, რომ, თუ ასე არ მოიქცეოდა, პრობლემები არა მარტო მას, არამედ მის მეუღლესაც შეექმნებოდა, რომელიც პოლიციის თანამშრომელი იყო.
6.5 მოსარჩელის განმარტებით, ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა, საჯარო რეესტრში წასულიყო და მითითება შეესრულებინა. მან ქონებაზე საკუთრების უფლება მიატოვა.
6.6 ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 წლიდან, მოსარჩელე სამინისტროს პერიოდულად მიმართავდა, თუმცა სამინისტრომ მისი ყველა წერილი პროკურატურაში გადაამისამართა.
6.7 მოსარჩელის განმარტებით, მასთან ერთად, გურიის პოლიციის თორმეტმა მაღალჩინოსანმა და სხვა პირებმაც დაწერეს განცხადება კურორტ .... უძრავი ქონების მიტოვებასთან დაკავშირებით.
7. მოპასუხეების შესაგებელი
7.1 პირველმა მოპასუხემ (სამინისტრომ) წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ყურადღება გაამახვილა მტკიცების ტვირთზე და განმარტა, რომ მუქარის დასადასტურებლად, მხოლოდ ტელეფონის ნომერზე მითითება არ არის საკმარისი, მაშინ, როდესაც ინფორმაცია ტელეფონის ნომრის მფლობელის შესახებ არ იყო წარდგენილი.
7.2 მოსარჩელე საკუთრების უფლების მიტოვებას მის მიმართ ძალადობის გამო ხდიდა სადავოდ, თუმცა ასეთ გარემოებად, სამსახურის შესაძლო დაკარგვას უთითებდა, რომელიც არ შეიძლება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 85-ე მუხლით გათვალისწინებულ იძულებად მიჩნეულიყო. ამასთან, სამინისტრომ, სსკ-ის 89-ე მუხლზე მითითებით ,,იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს 1 წლის განმვლობაში“, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც მიუთითა.
7.3 მეორე მოპასუხემ (სააგენტომ) წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ როცა მესაკუთრე საკუთარ ქონებაზე ნებაყოფლობით უარს აცხადებს, მიტოვებული უძრავი ნივთის მესაკუთრე სახელმწიფო ავტომატურად ხდება. მტკიცების ტვირთი, ნების გამოვლენის ნაკლთან და დადებული გარიგების კანონისა და ზნეობის ნორმებთან შესაბამისობის თაობაზე, მესაკუთრეს ეკისრება, ამიტომ იგი ვალდებულია, მისი მოთხოვნის მართებულობა სათანადოდ დაასაბუთოს, კანონშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით და მხოლოდ ზეპირი მითითებებით არ შემოიფარგლოს, რომ პროკურატურის მუშაკი მის მიმართ იძულებას ახორციელებდა. ასეთი გარიგების დადებისას, სახელმწიფოს გამორკვევის ვალდებულება არ ეკისრება, მხარემ სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრება რა მიზეზით მიატოვა.
7.4 უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვებისათვის, როგორც ცალმხრივი გარიგებისათვის, აუცილებელია მხოლოდ მიმტოვებელი პირის ნების გამოვლენა და ამ ნების ამსახველი განცხადების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. შესაბამისად, ლოგიკას მოკლებულია, ნების გამოვლენა ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ შეფასდეს, თუკი ზემოქმედების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ იქნება წარდგენილი.
7.5 სააგენტომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაზე (საქმე Nას 664-635-2016), კერძოდ, სსკ-ის 54-ე მუხლის ,,ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“, როგორც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის გამოყენების დაუშვებლობის შესახებ, იმ არგუმენტაციით, რომ ამ ნორმას ავტონომიური ფუნქცია არ გააჩნია, ის დეფინიციურია და კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ ითვალისწინებს.
7.6 სააგენტომ ასევე მიუთითა, რომ ,,იძულება, არა ფაქტის, არამედ სამართლებრივი შეფასების საკითხია“ (საქმე Nას-89-83-2015) და მოსარჩელეს, არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ძალადობას.
8. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება და დასკვნები
8.1 ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8.2 რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 50-54-ე, 184-ე მუხლებით, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლით და დაადგინა, რომ რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა კონკრეტული თანამდებობის პირების მიერ მოსარჩელის მიმართ იძულებას, წარდგენილი არ ყოფილა.
8.3 სასამართლოს შეფასებით, იძულებასთან დაკავშირებით მითითებული გარემოებები სისხლის სამართლის წესით უნდა დადგენილიყო. მოსარჩელეს არ მიუთითებია გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა, სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის დადგენის გარეშე, გარიგება მართლსაწინააღმდეგოდ და ამორალურად მიჩნეულიყო.
9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
9.1 ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ (მესაკუთრემ), გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
9.2 აპელანტის განმარტებით, მტკიცებულებების მოპოვებისათვის სასამართლოს დახმარება სჭირდებოდა, რა მიზნითაც სასამართლოში იშუამდგომლა პროკურატურიდან სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
9.3 აპელანტმა სადავოდ გახადა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმადაც, იძულების ფაქტის დასადგენად საჭიროა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და განმარტა, რომ 2013 წლიდან პროკურატურას პერიოდულად მიმართავდა, თუმცა, ამ უკანასკნელმა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დღემდე ვერ აღმოაჩინა.
9.4 აპელანტმა აღნიშნა, რომ სარჩელი, სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზეა აღძრული, ვინაიდან გარიგება არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს.
9.5 აპელანტის განმარტებით სასამართლომ არ გაითვალისწინა 2010 წელს ქვეყანაში არსებული ვითარება უძრავი ქონების ჩამორთმევისა და ჩამორთმევაზე წინააღმდეგობის გაწევასთან დაკავშირებით, 14.09.2010 წლიდან 22.09.2010 წლამდე თანამდებობის პირების ან მათი ოჯახის წევრების მიერ კურორტ .....ში საკუთრების უფლების მიტოვების ასამდე ფაქტი და მესაკუთრის მხრიდან ცალმხრივი ნების გამოვლენის წინაპირობები, რომელიც არ შეიძლება, ნების ლეგიტიმურ პირობებში გამოხატვად მიჩნეულიყო.
10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
10.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით აპელანტის (მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. აპელანტის (მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2010 წლის 14 სექტემბერს მესაკუთრის მიერ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვება და სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დადგინდა სადავო უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებად აღირიცხვა.
10.2 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დავის ფარგლებში გამოსაკვლევ საკითხს წარმოადგენდა, ქონებაზე უფლების მიტოვების თაობაზე მოსარჩელის განცხადება იყო თუ არა ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგი, ხომ არ იყო ამორალური გარიგება და „საყოველთაოდ მიღებული ქცევის სტანდარტის“ საწინააღმდეგო.
10.3 სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 54-ე მუხლზე მითითებით (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების 7.5 ქვეპუნქტში), განმარტა, რომ დავის გადაწყვეტის ორიენტირია საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები და არა ზოგადად კანონის მხოლოდ აბსტრაქტული შემადგენლობა.
10.4 დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვლინდებოდა ნების გამოვლენის იმგვარი ნაკლი, რომელიც მისი იურიდიული შედეგის გაბათილებას იწვევდა, შემდეგი დასაბუთებით: სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს როგორც კანონი, ასევე - მორალური ქცევის სტანდარტი. მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სსკ-ის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც, შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს. ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს.
10.5 სასამართლომ სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით ,,სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები“ განმარტა, რომ კეთილსინდისიერების პრინციპი დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, მიუკერძოებლობას, ობიექტურობას, სამართლიანობასა და სხვა. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. გარიგების მართლსაწინააღმდეგობისა და ამორალურობის დროს, გადამწყვეტი მნიშვნელობა მხარეთა ნებას ენიჭება, თუმცა აუცილებელი არ არის მხარეთა ნება თანხვედრი იყოს, ანუ გარიგების დადების ამორალური და მართლსაწინააღმდეგო მოტივი და მიზანი ორივე მხარეს ამოძრავებდეს. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მიზნებისათვის საკმარისია გარიგების ერთ-ერთი მხარის არამართლზომიერი, ამორალური განზრახვა.
10.6 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ყველა იმ სამართალურთიერთობაში, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობს, ნდობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია. ამ შემთხვევაში, არ უნდა შეიქმნას პრობლემა კეთილსინდისიერების პრინციპის ფართოდ განმარტებასა და გამოყენებაში. გამოსავალი, ამ შემთხვევაში, სტრუქტურული დისბალანსის აღდგენაში უნდა მოიძებნოს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კეთილსინდისიერების ქცევის სტანდარტს, მორალს, ნდობას - ეს სწორედ ის პრიორიტეტებია, რომლებსაც განსაზღვრავს თავად მოვალეობა - დავიცვათ კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებები.
10.7 კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებების არსებობის პირობებში დაცული უნდა იქნეს ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესი, თავად გარიგების მიმართ და კეთილსინდისიერი შემძენის არსებობის შემთხვევაში, სოციალური თანასწორობის აღდგენისაკენ სწრაფვისას არ უნდა იქნეს დავიწყებული სუსტი მხარის ინტერესების დაცვა. უფრო მეტიც, მიუხედავად სამართალურთიერთობის კერძოსამართლებრივი ბუნებისა, კერძო სამართლის სუბიექტების მხრიდან კონტრაჰენტი ძლიერი მხარის, სახელმწიფოს ქმედებების მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპი მოქმედებს. რადგანაც, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია საჯარო წესრიგის დაცვა. ,,საჯარო წესრიგის“ ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ - საჯარო ინტერესები. ეს იმიტომ, რომ საჯარო წესრიგით დაცული სიკეთე საზოგადო ფასეულობისაა და მისი დარღვევა ძირს უთხრის საზოგადოების არსებობის საფუძვლებს. სსკ-ის 54-ე მუხლი ბათილად მიიჩნევს ამ წესრიგის საწინააღმდეგო გარიგებას. აქედან აშკარა ხდება, რომ სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლება შებოჭილია და გარკვეული საზოგადოებრივი ინტერესების ფარგლებშია მოქცეული. მაშასადამე, არსებობს ურთიერობანი, რაც არ შეიძლება იყოს მხოლოდ „კერძო ავტონომიის საქმე” (იხ. სუსგ ას-1184-1145-2016წ. 17/02/2017წ).
10.8 სამოქალაქო ბრუნვის მნიშვნელოვანი თავისებურება ის არის, რომ ყოველი მხარე იმ ტვირთის მატარებელი შეიძლება იყოს, რომლის ზიდვაც მას შეუძლია. როცა დასტურდება, რომ იგი უძლურია ეს ტვირთი ზიდოს, პასუხისმგებლობის საკითხიც იხსნება. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ სახელმწიფოს ეკისრებოდა მტკიცების ვალდებულება, რომ მასსა და ფიზიკურ პირს შორის დადებული უსასყიდლო გარიგება მორალურ იმპერატივებს და სუსტი მხარის ინტერესებს არ ეწინააღმდეგებოდა. მოპასუხე კი, მხოლოდ იმაზე მითითებით შემოიფარგლა, რომ სახელმწიფოს არ ეკისრებოდა იმის გამორკვევის ვალდებულება, თუ რა მოტივით მიატოვა მოსარჩელემ საკუთრება სახელმწიფოს სასარგებლოდ, რაც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული.
10.9 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დავის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით უდავო იყო, რომ: 1. მოსარჩელის მიმართ 2010 წლის სექტემბრიდან, არაერთი სტატია გამოქვეყნდა, მაღალჩინოსნის მიერ ...ში უძრავი ქონების უკანონო დაუფლების ფაქტზე მითითებით; 2. მოსარჩელემ (მესაკუთრემ) 2010 წლის 14 სეტემბერს, საჯარო რეესტრში წარადგინა განცხადება, ....ში არსებულ ქონების მიტოვებაზე; 3. 2010 წლის 14 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით, ჩოხატაურში, კურორტ .....ში საკუთრების უფლების მიტოვების მოთხოვნით განცხადება 65 (სამოცდახუთი) პირმა წარადგინა; 4. აპელანტის მითითებით, გენერალური ინსპექციის თანამშრომელი მობილური ტელეფონით ურეკავდა და მასზე ზემოქმედებდა, მიეტოვებინა ქონება, რომლის დასადასტურებლადაც მობილური ოპერატორის მიერ გაცემული ამონაწერი წარადგინა; 5. აპელანტის განცხადების საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2013 წლიდან სახელმწიფო მოხელე არ დაკითხულა, რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი არ მიღებულა და შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენის მიზნით არც რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა. დავის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის (მესაკუთრის) მხრიდან ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვება მაღალი ალბათობით, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგს არ წარმოადგენდა, ვინაიდან იძულების ზემოქმედება გარიგების გაფორმების მაპროვოცირებელი გარემოება იყო, რაც ნების გამოვლენის თავისუფლებას იმთავითვე გამორიცხავდა.
10.10 სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და განმარტებების საფუძველზე, აპელანტის (მოსარჩელის) მიერ გამოვლენილი ნება, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ქონების მიტოვების თაობაზე მისი ამორალურობისა და მართლსაწინააღმდეგობის სამართლებრივი საფუძვლით ბათილი იყო.
10.11 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სამინისტროს პოზიცია ხანდაზმულობის თაობაზე და განმარტა, რომ, სადავო გარიგების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს სსკ-ის 54-ე მუხლი წარმოადგენდა, რომელზეც ხანდაზმულობის საერთო - ათწლიანი ვადა ვრცელდება.
11. საკასაციო საჩივრების საფუძვლები
11.1 მოპასუხეებმა (სამინისტრომ და სააგენტომ) საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება და მოითხოვეს მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
11.2 პირველმა კასატორმა (სამინისტრომ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაზე (იხ. # ას-663-635-16, 02.03.2017წ.) მითითებით, განმარტა, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ მხარის მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოება სამართლებრივად შეაფასოს, თუმცა ამის მიუხედავად, სასამართლომ გარიგება ნების თავისუფლების მომწესრიგებელი ნორმებით არ შეაფასა.
11.3 სამინისტროს განმარტებით, სასამართლომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდეგში: ორგანული კანონი) მე-17 მუხლის, მე-5 ქვეპუნქტის მოთხოვნას გვერდი აუარა, მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე განჩინების 11.2 ქვეპუნქტში მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში განმარტებულია სსკ-ის 54-ე მუხლის, როგორც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის, გამოყენების დაუშვებლობის შესახებ.
11.4 სასამართლომ, სახელმწიფოს, როგორც ძლიერი კონტრაჰენტის ცნება გამოიყენა, თუმცა მოპასუხეს სამინისტრო წარმოადგენს და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის“ შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში: კანონი) მე-14 და მე-15 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სამინისტროს მთლიან სახელმწიფოსთან გაიგივება ხომ არ ეწინააღმდეგება დემოკრატიის უმნიშვნელოვანეს პრინციპს - ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. თუკი სამინისტროს აქვს კონკრეტული უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა, გაურკვეველია, მის მიმართ რატომ უნდა იქნეს გამოყენებული სახელმწიფოს - როგორც ერთიანი ორგანიზმის მიმართ დაწესებული ე.წ ძლიერი კონტრაჰენტის პრინციპი.
11.5 პირველი კასატორის განმარტებით, საკუთრების უფლების მიტოვების განცხადება ცალმხრივი ნების გამოვლენაა და ამ გარიგებაში სამინისტროს ან/და სახელმწიფოს ამორალური ქმედება ვერ შეფასდება, ვინაიდან მათი ნების გამოვლენა არ იკვეთება.
11.6 სააპელაციო სასამართლომ მხარის მიერ მითითებული ყველა ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულად ჩათვალა, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა.
11.7 პირველი კასატორი (სამინისტრო) მიუთითებს, რომ არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმადაც, სამინისტროს 2011 წლის 12 იანვრის N05-343 მიმართვის ბათილად ცნობა ადმინისტრაციული აქტი არ არის. კასატორი განმარტავს, რომ მესაკუთრის განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება მიტოვებულად აღირიცხა, თუმცა, სადავო უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრება 2011 წლის 12 იანვრის მიმართვის საფუძველზე დარეგისტრირდა. შესაბამისად, 2011 წლის 12 იანვრის მიმართვა ადმინისტრაციულ აქტს წარმოადგენს, რაც სამოქალაქო წესით არ უნდა განხილულიყო.
11.8 მეორე კასატორი ეთანხმება პირველი კასატორის წინამდებარე (იხ. განჩინების 11.7 ქვეპუნქტი) პრეტენზიას.
11.9 მეორე კასატორის (სააგენტოს) განმარტებით, იძულება სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ ნდობისა და კეთილდღეობის პრინციპს ზოგადად არღვევს და კანონით დადგენილ წესსაც ეწინააღმდეგება, მაგრამ ნების გამოვლენის ნაკლის გამო ბათილობის დამოუკიდებელი საფუძველია და სსკ-ის 85-87 მუხლების საფუძველზე უნდა გაბათილდეს. შესაბამისად, მასზე ხანდაზმულობის არა საერთო, არამედ სპეციალური ერთწლიანი ვადა უნდა გავრცელდეს, რომელიც მოსარჩელემ გაუშვა.
11.10 სააგენტოს განმარტებით, სასამართლოს არ უმსჯელია, 2010 წელს გამოქვეყნებული პუბლიკაციები, საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ განცხადებათა სტატისტიკა და სახელმწიფო მოხელის სატელეფონო კომუნიკაცია, თუ რატომ უნდა შეფასდეს ,,საშუალო გონებრივი შესაძლებლობის მქონე“ ადამიანის მიერ სახელმწიფოს მხრიდან ქონების დაუფლების სტრატეგიად. ამასთან, ისეთ ვითარებაში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) იძულების განმახორციელებელ პირზე პირდაპირ უთითებს, მით უფრო არ არსებობს უტყუარი და სათანადო მტკიცებულება მოსარჩელის მიმართ ფიზიკურ იძულებასა და მუქარაზე.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სამინისტროსა და სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არ აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორთაგან არც ერთს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
19. წინამდებარე შემთხვევაში, საკასაციო პრეტენზია უმთავრესად აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ არ იკვეთება იძულების ანდა მუქარის ფაქტობრივი გარემოებები, რაც აუცილებელი, განმაპირობებლი ფაქტორია სსკ-ის 85-86-ე მუხლებით კვალიფიკაციისათვის, მით უფრო, იმ ვითარებაში, როდესაც სსკ-ის 54-ე მუხლი, როგორც გარიგების ბათილობის ერთადერთი და დამოუკიდებელი სამართლებრივი საფუძველი არ არის რელევანტური.
20. წარმოდგენილი საკასაციო შედავების ფაქტობრივი და სამართლებრივ მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, სასამართლო იკვლევს, თუ რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები: #ას- 15-29-1443-2012; #ას-973-1208-04; # ას- 664-635-2016).
21. საკასაციო სასამართლო მსჯელობას განავითარებს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე და უპასუხებს კასატორთა პრეტენზიებს სსკ-ის 85-ე და 89-ე მუხლებზე დაყრდნობით მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, ამასთან, განიხილავს იმ სამართლებრივ კონსტრუქციას, რომლის საფუძველზეც არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი (ამ შემთხვევაში დაკმაყოფილებული სარჩელის თაობაზე გასაჩივრებული განჩინების დაუშვებლად ცნობის წინაპირობა) და, გასაჩივრებული განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკასთან შესაბამისობის გამო, კასატორთა განაცხადები დაუშვებლად იქნა ცნობილი არსებითად განსახილველად.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო გარიგების კონტრაჰენტია სახელმწიფო, რომლის მონაწილეობით დადებული ხელშეკრულებების მიმართ იმთავითვე ნავარაუდევია კანონშესაბამისობის, ანუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სსკ-ის 54-ე მუხლით დადგენილი სამი დამოუკიდებელი წინაპირობის დაცვის მოლოდინი იმ მხარის მიერ, რომელიც ძლიერ მხარესთან შედის სახელშეკრულებო ბოჭვაში. მიუხედავად იმისა, რომ სსკ-ის 319-ე მუხლი ადგენს სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძოსამართლებრივი გარიგების მონაწილეები კანონის ფარგლებში უფლებამოსილი არიან, თავისუფლად დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას ანუ მოქმედებს პრინციპი ნებადართულია, რაც აკრძალული არ არის; დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო თავისუფლებაც კანონისმიერ ჩარჩოშია მოქცეული და აქედან გამომდინარე, როდესაც სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მხარეა სახელმწიფო, განსაკუთრებით მაღალი სტანდარტით უნდა შემოწმდეს და შეფასდეს გარიგების „ძლიერი“ კონტრაჰენტის ქცევა/ქმედება რამდენად შეესაბამება სსკ-ის 54-ე მუხლის წინაპირობათაგან ისეთ სპეციფიკურ დანაწესს, როგორიცაა - ზნეობის ნორმები. ასეთ ვითარებაში სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია, თუ რამდენად მორალურად შეიძლება იქნეს მიჩნეული ისეთი გარიგება, როდესაც სახელმწიფო უსასყიდლოდ ღებულობს გარკვეულ მომსახურებას, ქონებას საკუთრებაში და ა.შ. ანუ პრაქტიკულად რატომ შეიძლება კერძო სამართლის პირმა მიატოვოს ქონება და „დაასაჩუქროს“ სახელმწიფო, რამდენად შეესაბამება აღნიშნული იმ ზოგად მორალურ კატეგორიას, რომ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს ვალდებულება საკუთარი რესურსებით თითოეული პირის უფლება და ინტერესი დაიცვას, ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა აჩუქოს რაიმე ქონება.
23. სსკ-ის 54-ე მუხლის თაობაზე მსჯელობისას, დოქტრინაში გამოთქმული არაერთი მოსაზრებისა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებული ნორმა ზოგადდეფინიციური ხასიათისაა, ბლანკეტური, მითითებით მოწესრიგებას წარმოადგენს და მარტოოდენ 54-ე მუხლი სხვა ნორმების, რომლებიც მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს შეიცავენ, მითითების გარეშე არ უნდა იქნეს გამოყენებული, ხოლო ზნეობის ნორმების საწინააღმდეგოდ გარიგების შინაარსის შესაფასებლად, შესაძლებელია დამოუკიდებლად იქნეს გამოყენებული დასახელებული მუხლი, როდესაც გარიგების ამორალურობას უკავშირდება სადავო საკითხი, თუმცა, ასეთ ვითარებაში, დამატებით შესაძლოა კონტრაჰენტთა ქმედებების შეფასება მოხდეს სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილით განმტკიცებული კეთილსინდისიერების მასშტაბითაც, რათა დადგინდეს არა მხარეების სუბიექტური დამოკიდებულება გარიგებისდმი (მისი კონკრეტული პირობისადმი), არამედ ობიექტური გარემოებების შეფასების საფუძველზე, რაც გარიგების შინაარსის ზნეობის ნორმებთან შესატყვისობას ეხება, გაირკვეს ამორალურია თუ არა მხარეთა შეთანხმება. სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე გარიგების ზნეობის საწინააღმდეგოდ მიჩნევის შემთხვევაში, გარიგებით მიღებული სარგებლის დაბრუნება კრედიტორმა მოვალეს შესაძლებელია მოსთხოვოს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე (იხ. სუსგ # ას-212-201-2017, 15.05.2017წ.; შდრ. სუსგ-ებს: # ას-225-215-2016, 25.05.2016წ; # ას-761-729-2016, 31.01.2017წ.).
24. განსახილველ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ მესაკუთრეზე განხორციელდა იძულება, არ ეწინააღმდეგება იმ მოსაზრებას, რომ ასევე გამოვლენილია გარიგების ბათილობის ისეთი სამართლებრივი წინაპირობა, როგორიცაა გარიგების შინაარსის ამორალურობა, რადგან იძულება, თანაც სახელმწიფოს მხრიდან, თავისთავად ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს და მართლსაწინააღმდეგოა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება სამართლებრივად მართებულია.
25. გასაზიარებელია კასატორთა მითითება, რომ სსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე გარიგების საცილოობისას, სასამართლო ამოწმებს სსკ-ის 89-ე მუხლით დადგენილი წინაპირობის არსებობას, რომელიც კასატორის მოსაზრების საწინააღმდეგოდ არა ხანდაზმულობის, არამედ შეცილების ვადაა (შეცილების ვადისა და ხანდაზმულობის ვადის გამიჯვნის თაობაზე იხ. სუსგ-ები: # ას-15-15-2016, 01.03.2016წ; #ას-212-201-2017, 15.05.2017წ: #ას-271-271-2018, 13.07.2018წ.). საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ (იხ. 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-635-2016, 207-ე პუნქტი) განმარტა: „იძულება არა ფაქტის, არამედ სამართლებრივი შეფასების საკითხია. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ დაასკვნა: „სამოქალაქო კოდექსის 85-ე-89-ე მუხლებით განსაზღვრული გარიგების იძულებით დადება სამართლებრივი კატეგორიაა და სასამართლო ნორმით გათვალისწინებული შედეგის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს მხარის მიერ მითითებული ფაქტებითა და ამ ფაქტების დადასტურების მიზნით წარდგენილი მტკიცებულებებით, რომლებიც ნორმით გათვალისწინებულ შემადგენლობას უნდა ქმნიდეს“ (იხ.სუსგ #ას-89-83-2015, 23.10.2015 წელი), საკასაციო სასამართლოს მიერ ანალოგიური შინაარსის სხვა დავაზე განმარტებულია, რომ მატერიალური უფლების შეცილების ვადა ვრცელდება მხოლოდ საცილო გარიგებებზე. მოცემულ შემთხვევაში კი, ვინაიდან სახეზეა უცილოდ ბათილი გარიგება, მისი ამორალურობის გამო, რომელზეც შეცილების ვადა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი არაა, მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ხანდაზმულობის საერთო - ათწლიანი ვადა. ამდენად, ხანდაზმულობაზე კასატორის შედავებას სამართლებრივად ვარგისი საფუძველი არც ამ თვალსაზრისით გააჩნია და იგი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა (იხ. სუსგ-ები: # ას-225-215-2016; #ას-761-729-2016; #271-271-2018). მოსარჩელის მოთხოვნა წარმოშობილია სსკ-ის 54-ე, 978-979-ე მუხლების საფუძველზე, იგი განხორციელებადია (არ არის ხანდაზმული) და მართებულად დააკმაყოფილა სასამართლომ.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იძულება მაშინ შეიძლება ჩაითვალოს გარიგების ბათილობის საფუძვლად, როდესაც მისი ზეგავლენით მოხდა გარიგების დადება. იძულება შეიძლება გამოიხატოს ძალადობით ან მუქარით. ძალადობა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ იძულებას გულისხმობს, ხოლო, მუქარის შემთხვევაში, მომავალში იძულების განხორციელების ფაქტით გამოწვეული შიში აიძულებს პირს, გამოავლინოს სხვისი ნების შესატყვისი ნება. ამასთან, გარიგების ბათილობას იწვევს არა ყოველგვარი იძულება, არამედ ისეთი, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია, გავლენა მოახდინოს პირზე, რომელიც აფიქრებინებს მას, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. ამდენად, იძულება მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ზემოქმედებაუნარიანად, თუკი რეალური საფრთხის მაუწყებელია. თუ საფრთხე მოჩვენებითია, მაშასადამე, იძულებაც არარსებულია. იძულების შეფასებისას, გასათვალისწინებელია პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გამოცდილებები, ასევე, უნდა შეფასდეს იძულების განმახორციელებელი პირიც, რათა გამოკვლეული იქნეს, თუ რა შესაძლო ფაქტორებმა, რა ინსტრუმენტებმა მოახდინა იძულება კონკრეტულ პირზე.
27. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მიმართ იძულებას შეეძლო, გავლენა მოეხდინა მასზე, რადგან იძულებას წინ უსწრებდა საგაზეთო სტატიები მაღალჩინოსნების მიერ უკანონოდ მითვისებული ქონების მისაკუთრებასთან დაკავშირებით, გარდა ამისა, მისი და მეუღლის სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა, რაც ყოველთვიურ შემოსავალს უკავშირდებოდა და მოსარჩელეს აფიქრებინებდა, რომ მის ქონებას (შემოსავალს) რეალური საფრთხე ემუქრებოდა, ამას დაემატა სახელმწიფო მოხელის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარები კონკრეტული ქმედების - სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების მიტოვების მოთხოვნით (იხ. სარჩელის საფუძვლები წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები - 10.9 ქვეპუნქტში). შესაბამისად, მოსარჩელემ როგორც ფაქტების მითითების, ისე მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით კუთვნილი მტკიცების ტვირთი წარმატებით დაძლია, რასაც სარწმუნო და მყარი არგუმენტებით ვერ დაუპირისპირდა მოპასუხე მხარემ, რომელიც მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოების სახით მონაწილეობს დავაში და მოსარჩელის მიერ დასახელებული ფაქტებისა და წარდგენილი მტკიცებულებების დამაჯერებლად გაქარწყლების ვალდებულება ამ უკანასკნელს ეკისრებოდა.
28. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პირველი კასატორის პრეტენზიას, რომ საკუთრების უფლების მიტოვების განცხადება ცალმხრივი ნების გამოვლენაა და ამ გარიგებაში სამინისტროს ან/და სახელმწიფოს ნება არ იკვეთება. სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში შემოწმების საგანი არის არა გარიგების მონაწილეთა ქცევა ზნეობასთან მიმართებით, არამედ მოწმდება გარიგების შინაარსის მიმართება ზნეობასთან. შეიძლება დავასკვნათ, რომ გარიგების ზნეობის საწინააღმდეგოდ მისაჩნევად სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაკვლევია და სამართლებრივად უნდა შეფასდეს არა გარიგების მონაწილეთა სუბიექტური ქცევა/ქმედება, არამედ თავად გარიგების შინაარსი ობიექტურად რამდენად შეესაბამება ზნეობის ნორმებს (შდრ. სუსგ # ას-212-201-2017, 15.05.2017წ.).
29. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პირველი კასატორის პრეტენზიასაც მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მონაწილეობით დადებული კერძოსამართლებრივი გარიგებების სადავოობის დროს, მტკიცების ტვირთი სახელმწიფოზე გადადის. სახელმწიფოს მონაწილეობით დადებული გარიგებების მიმართ, თუკი მოსარჩელე კონკრეტულ ფაქტებზე მითითებით აცხადებს, რომ მასზე განხორციელდა იძულება (ფიზიკურად ან ფსიქოლოგიურად), პრეზუმირებულია, რომ იძულება განხორციელდა და სახელმწიფოს უბრუნდება მტკიცების ტვირთი, რომ იძულებას ადგილი არ ჰქონია, მანვე უნდა დაამტკიცოს, რატომ არის შეუძლებელი ამგვარი პრეზუმფციის დაშვება, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარიგების შინაარსის დეტალურ კვლევასა და გაანალიზებას მოითხოვს. სწორედ ამგვარ მყარ პრეზუმციებს ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეში „გუსინსკი რუსეთის წინააღმდეგ“, „ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ“, „გალსთიანი სასომხეთის წინააღმდეგ“.
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეებს ევალებოდათ, მიეთითებინათ ისეთ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც გააქარწყლებდნენ, იძულებისა და მუქარის საფუძველზე, უძრავი ქონების მესაკუთრის მიერ საკუთრების მიტოვების ვარაუდს. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხეებმა ამ ვარაუდის გაქარწყლება ვერ შეძლეს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების მიტოვებისას მოსარჩელის მიერ გარეგნულად გამოვლენილი ნება არ ასახავდა მის ნამდვილ შინაგან ნებას და ცალსახად ნაკლის მქონედ უნდა ჩაითვალოს (შდრ. სუსგ-ებს #ას-692-662-2014, 24.09.2015წ; ას- 688-654-2015, 21.07.2015წ.).
31. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პირველი კასატორის იმ პრეტენზიასაც, რომლის თანახმადაც, სამინისტროს მიმართ ე.წ ძლიერი კონტრაჰენტის პრინციპი არ უნდა იქნეს გამოყენებული, ვინაიდან, მას კონკრეტული უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა აქვს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიღმა მოიაზრება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოები, რომელიც ახორციელებენ საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს. სადავო უძრავი ქონება, საკუთრების მიტოვების შემდეგ, სახელმწიფოს საკუთრებად აღირიცხა და გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სავსებით მართებულად და დასაბუთებულად არის გამოყენებული ე.წ ძლიერი კონტრაჰენტის პრინციპი. მოცემულ დავაში სამინისტრო სახელმწიფოს წარმოადგენს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
32. სამინისტროს პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს შეფასებით სამინისტროს 2011 წლის 12 იანვრის მიმართვა ადმინისტრაციული აქტი არ იყო და ორივე კასატორის მტკიცებით, უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის ნაწილში დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საკითხს წარმოადგენდა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი არ ყოფილა, მით უფრო, როცა არ ყოფილა დაცული სსსკ-ის 219-ე მუხლის ,,მხარეები შეზღუდულნი არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინოს ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელისა თუ შესაგებლში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული“ დანაწესი.
33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებულის თაობაზე კასატორებს შესაგებელშიც რომ მიეთითებინათ, სასამართლო მას მაინც ვერ გაიზიარებდა, ვინაიდან, მოსარჩელის მოთხოვნა კერძოსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს, რადგან უძრავი ქონების მესაკუთრემ არანამდვილი ნების საფუძველზე სახელმწიფოსათვის გადაცემული ქონების დაბრუნება მოითხოვა და სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული ჩანაწერის ბათილად ცნობის გარეშეც, მოსარჩელეს მიკუთვნებითი მოთხოვნა ჰქონდა აღძრული. ამდენად, მოსარჩელემ საკუთრების უფლების დასაცავად მიმართა სასამართლოს.
34. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დასძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე