სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-563-2019
კატეგორია
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-563-2019 15 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ლ.თ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ზ.ს–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, სესხის დაკისრება, უძრავი ნივთის სარეალიზაციოდ მიქცევა, ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისთვის

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით:

- ლ.თ–ის (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- ი.ს–ს (შემდეგში მოპასუხეს) მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სესხის თანხა - 20 000 აშშ დოლარი;

- დაკისრებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დადგინდა ზ.ს–ძის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის, მდებარე - ქ. თბილისი, ......, ბინა N24 დან 1/3 ნაწილის (იპოთეკის საგანი) (ს/კ ......) იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცევა.

2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ზ.ს–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით:

- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მარტის საოქმო განჩინება, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის და საქმის განხილვის გადადების თაობაზე;

- გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი და ამ ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე მოპასუხის შუამდგომლობაზე მსჯელობის ეტაპიდან საქმე დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

7. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი).

8. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმეში არსებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ....., მაგრამ არ ჩაბარდა იმ საფუძვლით რომ, ადრესატი ამ მისამართზე არ ცხოვრობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კასატორს განმეორებით გაეგზავნა კორესპოდენცია საქმეში არსებულ, მის მიერ მითითებულ მისამართზე - დუშეთის რაიონი, სოფ. ......, მაგრამ ვერც ამჯერად მოხერხდა ადრესატისათვის ჩაბარება. სასამართლოში მობრუნებული კონვერტით დგინდება რომ, ადრესატი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს.

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკლნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ითქვა, სასამართლო გზავნილი კასატორს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, მაგრამ ვერ ჩაბარდა, ვინაიდან, იგი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობს. ეს იმას ნიშნავს, რომ კასატორმა მისამართი შეიცვალა, თუმცა ამის თაობაზე სასამართლოსთვის არ უცნობებია. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოსთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე გაგზავნილი გზავნილი კასატორისათვის ჩაბარებულად ითვლება 2019 წლის 12 ივლისს, შესაბამისად, ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 13 ივლისს და მოიწურა 2019 წლის 17 ივლისს. მითითებულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ შეუვსია, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

10. საკასაციო პალატის მოსაზრებით, არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სხვა საფუძველიც, კერძოდ, სსსკ-ის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის დაცვით, ორჯერ გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართებზე, მაგრამ ვერცერთხელ ვერ ჩაბარდა იმ საფუძვლით რომ, ამ მისამართებზე ადრესატი არ ცხოვრობს. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა განმეორებით გზავნილს ჩაბარებულად მიიჩნევს საფოსტო კონვერტზე მითითებულ დროს - 2019 წლის 26 სექტემბერს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 27 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 1 ოქტომბერს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2019 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავს სასამართლოსთვის.

11. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

12. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.თ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე