დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1076-2022 23 დეკემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.დ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ხ–ი (მოპასუხე)
არასრულწლოვანი - დ.დ–ი
არასრულწლოვანის წარმომადგენელი - ა.ლ–ძე
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.დ–მა (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა ე.ხ–ის (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა არასრულწლოვანი დ.დ–ის (დაბ. თარიღი: 2015 წლის 14 სექტემბერი) საცხოვრებელ ადგილად მამის - მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.
2. სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ გარემოებებზე: მხარეები არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2015 წლის 25 იანვრიდან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 2015 წლის 14 სექტემბერს დაბადებული დ.დ–ი (შემდეგში - არასრულწოვანი). მხარეთა თანაცხოვრება გაგრძელდა 3 თვე - 2015 წლის 01 მარტამდე, როდესაც მოსარჩელე გაემგზავრა შვედეთში. მიუხედავად მოსარჩელის წინააღმდეგობისა, მოპასუხე არასრულწლოვანს ზრდის თავისი მშობლების ოჯახში, ოროთახიან სახლში, სადაც მშობლების გარდა ცხოვრობენ მისი და და დის მეუღლე.
3. მოსარჩელის მითითებით, არასრულწლოვანის ჯანმრთელობა, ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, დედასთან ყოფნის დრო და აგრესიულობა, მოპასუხის ძალადობრივი აღზრდის მეთოდები, ქმნის რეალურ საფრთხეს, რომ ბავშვი გაიზარდოს მოძალადედ. მოპასუხემ ბავშვს დაუნგრია იმუნიტეტი ძლიერი ანტიბიოტიკების დალევის სიხშირით და შეურყია ფსიქიკა ათასგვარი ანალიზების გაკეთებით. ის ბავშვს ზრდის არაჯანსაღ და საფრთხის შემცველ გარემოში, საკუთარი აკვიატებული მეთოდებით, მისი აღზრდა იწვევს ბავშვის ჯანმრთელობის დანგრევას და ფსიქიკის შერყევას. მიუხედვად იმისა, რომ ბავშვს ხშირად ჰქონდა ბრონხიტი, ანგინა და 4-ჯერ ფილტვების ანთება, მისი თქმით ასევე, ჰქონდა სპასტიური ჰემიპლეგია, გაუუქმა 100%-იანი კერძო დაზღვევა.
4. მოსარჩელე უზრუნველყოფს არასრულწლოვანს ფინანსურად და არა მხოლოდ არასრულწლოვანს, არამედ მოპასუხის ოჯახს ყველა საჭიროებით.
5. მოპასუხემ, 2015 წლის 31 დეკემბერს აუკრძალა მოსარჩელეს არასრულწლოვანის ნახვა, რის შემდგომაც, მათი ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. მოპასუხე მოსარჩელეს მუდმივად აშანტაჟებდა ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, ხოლო შვილის სანახავად მისულ მოსარჩელესთან პატრულს გამოიძახებდა. ასეთ შემთხვევას რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი.
6. 2017 წლის ივლისის თვეში, ექიმის რჩევით ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჰაერის გამოცვლა, მიუხედავად მოპასუხის წინააღმდეგობისა, სასამართლოს დახმარებით, მოსარჩელემ შეძლო შვილის წაყვანა სურამში 10 დღით, რა დროსაც, გაჰყავდა სუფთა ჰაერზე, ასეირნებდა ტყეში, ბავშვის კვების რაციონი იყო ვიტამინებით სავსე და აძინებდა 21.00 საათზე.
7. მოპასუხე ხელს უშლის მამა-შვილის ურთიერთობას.
8. სასამართლოს განჩინებით მოსარჩელეს განესაზღვარა ბავშვთან ურთიერთობის დღეები და საათები, ხოლო მოპასუხე ცდილობს ხელი შეუშალოს მოსარჩელეს ბავშვთან კომუნიკაციაში, კერძოდ, როდესაც მოსარჩელე შვედეთში იმყოფება მოჰყავს მიზეზები, რომ მოსარჩელე არ დაალაპარაკოს ბავშვს; მოპასუხე მოსარჩელეს ეუბნება, რომ მხოლოდ დადგენილ დროში შეუძლია ესაუბროს ბავშვს, რაც შვედეთის დროით არის დილის 04:30-05:30 საათი, ხოლო ამ დროს, მისთვის შეუძლებელია ხმამაღალი საუბარი, რადგან იმყოფება სხვის ოჯახში და რამდენჯერმე მკაცრი გაფრთხილებამიიღო.
9. მოპასუხემ წარადგინა, როგორც შესაგებელი ასევე, შეგებებული სარჩელი.
10. სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები მოპასუხეს ემუქრებოდნენ მოკვლით, რის გამოც, 2-ჯერ იქნა გამოცემული შემაკავებელი ორდერი მოსარჩელისა და მისი ძმის მიმართ. 2016 წლის მაისის თვეში, მოსარჩელემ მოითხოვა ბავშვის ნახვა, რაზედაც დათანხმდა მოპასუხე და ბავშვი ჩაიყვანა სახლთან ახლოს მდებარე სკვერში, რა დროსაც, მოსარჩელე მოპასუხეს დაემუქრა, მიაყენა შეურაცხყოფა, შემდეგ მოიქნია თავისივე ხელჯოხი, რომელიც მოხვდა ბავშვს შუბლში, რაც დააფიქსირა ტელეფონით და აღნიშნულის საფუძველზე გამოიწერა შემაკავებელი ორდერი; მოპასუხე იძულებული იყო მიემართა პოლიციისთვის, რადგან მოსარჩელე მასზე გამუდმებით ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას. მოპასუხე მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ადამიანი, რომელიც გადაადგილდება ორი ხელჯოხის მეშვეობით და 12%-იანი ინვალიდობა აქვს მინიჭებული არასრულწლოვანი დედის გარეშერამდენიმე კვირით წაიყვანოს. მოსარჩელე 2017 წლის ივლისშიც ახორციელებდა მოპასუხეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რის გამოც, შემაკავებელი ორდერიკვლავ გამოიცა.
11. მოპასუხემ უარყო, რომ არასრულწლოვანი სათანადოდ არ იკვებება და აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანის რაციონი სრულფასოვანია და იგი იზრდება იდეალურ გარემოში.
12. მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელის სურვილია არასრულწლოვანის შვედეთში წაყვანა, რათა ბავშვის სრულწლოვანებამდე მოსარჩელემ სახელმწიფოსაგან მიიღოს 150 ევრო.
13. მოპასუხე ყოველთვის უკავშირდება და ბავშვს ალაპარაკებს მოსარჩელეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დროში, მაგრამ მოსარჩელე მოითხოვს ბავშვმა ერთი საათი ესაუბროს ვაიბერში, რაც ბავშვისთვის დამღლელი და მოსაწყენია; ბავშვი პატარაა და ერთ ადგილზე შეუძლებელია მისი გაჩერება. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე წელიწადის განმავლობაში 2-3-ჯერ ჩამოდის საქართველოში ბავშვი მასთან გაუცხოებულია. მოსარჩელე ბავშვს უყვირის და აძულებს დედას, რაც მცირეწლოვანზე მძიმედ მოქმედებს. მოპასუხე თავს ვერ აკონტროლებს, აქვს არაადეკვატური ქცევები, მოქმედებს ინსტიქტებით.
14. მოპასუხე ყურადღებიანი დედაა. განსაკუთრებით ყურადღებას აქცევს ბავშვის აღზრდა-განვითარების პროცესს, ზრუნავს მის ფსიქიკაზე, ყოველთვის დაჰყავს თანატოლებთან ერთად გასართობ ცენტრში. ასევე, ბავშვის გასეირნებასა და მოვლაში მონაწილეობას იღებენ მოპასუხის შობლები.
15. რაც შეეხება არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იგი დაიბადა საკეისრო კვეთით, პლაცენტის აცლამ გამოიწვია მეორე ხარისხის სისხლჩაქცევა თავის ტვინში, წოვის რეფლექსის დაქვეითება, საკვების გადაცდენა, რაც უღიტინებდა ბრონქებს და იწვევდა ბრონქიტს, ყოველივეს გათვალისწინებით მიმართა კვალიფიციურ ექიმ - პედიატრს და უტარებდა ყველა საჭირო მკურნალობას.
16. არასრულწლოვანი დადის საბავშვო ბაღში, სადაც კარგად გრძნობს თავს.
17. ბავშვი აღრიცხულია და რეგისტრირებულია სამედიცინო დაწესებულება ,,ევექსში“, მას ჩატარებული აქვს აცრები. ბავშვი სარგებლობს სახელმწიფო დაზღვევით.
18. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა არასრულწლოვანთან მოსარჩელის ურთიერთობის წესის განსაზღვრა შემდეგი გრაფიკით:
19. მოსარჩელის საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში მოპასუხე კისრულობს ვალდებულებას მამა-შვილის ურთიერთობა მოხდეს სკაიპის, ვაიბერის, სატელეფონო საშუალებით, ყოველი კვირის ორშაბათს და ოთხშაბათს საღამოს 22.00 საათიდან - 22.20 საათამდე, სახლის ინტერნეტის ხარჯი - 30 ლარი დაეკისროს მამას - გ.დ–ს.
20. მოპასუხის საქართველოში ყოფნის პერიოდში განესაზღვროს არასრულწლოვანთან 6 წლის ასაკის ჩათვლით ურთიერთობის შემდეგი წესი:
21. - მოსარჩელემ აიყვანოს ხელშეკრულებით კვალიფიციური ძიძა და არასრულწლოვანი შვილი წაიყვანოს შაბათს 09.00 საათზე და დააბრუნოს დედასთან შაბათს 18.00 საათზე, კვირას წაიყვანოს 09:00 საათზე და დააბრუნოს დედასთან კვირას 16:00 საათზე; აღნიშნული წესი მოქმედებს მოსარჩელის საქართველოში ყოფნის პერიოდში არაუმეტეს ერთი თვის განმავლობაში. ბავშვის მამასთან ყოფნის პერიოდში დედას მიეცეს სატელეფონო ურთიერთიობის უფლება ვაიბერის, სკაიპის საშუალებით დღის განმავლობაში 30 წუთი.
22. - მოსარჩელეს საქართველოში ყოფნის პერიოდში მიეცეს უფლება, არასრულწლოვანი 6 წლის ასაკის შემდეგ წაიყვანოს ყოველი კვირის ოთხშაბთს სასწავლო პროცესის დასრულების შემდგომ და დააბრუნოს დედასთან 21:00 საათზე; ასევე წაიყვანოს სასაწავლო პროცესის დასრულების შემდგომ ღამე დატოვების უფლებით და დააბრუნოს დედასთან შაბათს საღამოს 18:00 საათზე. თუ წაყვანის დრო დაემთხვა არდადეგების პერიოდს, წაიყვანოს ოთხშაბათს დილის 08:00 საათზე და დააბრუნოს საღამოს 18:00 საათზე, პარასკევს წაიყვანოს 08:00 საათზე ღამე დატოვების უფლებით და დააბრუნოს დედასთან შაბათს საღამოს 18:00 საათზე, აღნიშნული ურთიერთობის წესები მოქმედებს მოსარჩელის საქართველოში ყოფნის პერიოდში არაუმეტეს ერთი თვის განმავლობაში, ბავშვის მამასთან ყოფნის პერიოდში დედას მიეცეს სატელეფონო ურთიერთობის უფლება ვაიბერის, სკაიპის საშუალებით დღის განმავლობაში 30 წუთი.
23. -მოსარჩელეს საქართველოში ყოფნის პერიოდში მიეცეს უფლება არასრულწლოვანის 6 წლის ასაკიდან წაიყვანოს ზამთრის არდადეგებზე 8 იანვრიდან 13 იანვრის ჩათვლით, აღდგომის მესამე დღეს წაიყვანოს ხუთი დღის ვადით, ხოლო ზაფხულის პერიოდში ერთი კვირის ვადით 22 ივნისამდე დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის მამასთან ყოფნის პერიოდში დედას მიეცეს სატელეფონო ურთიერთობის უფლება ვაიბერის, სკაიპის საშუალებით დღის განმავლობაში 30 წუთი.
24. -მოპასუხის ოჯახის წევრების დაბადების დღეებზე ყოველი წლის 22 ივნისს, 3 ივლისს, 21 აპრილს, 24 მარტს არასრულწლოვანი იქნება დედასთან, ხოლო არასრულწლოვანის დაბადების დღეზე 14 სექტემბერს დღის პირველ ნახევარში იყოს მამასთან, 15:00 საათიდან დედასთან.
25. - თუ არასრულწლოვანი მამასთან ყოფნის პერიოდში გახდება ავად, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მოსარჩელემ ბავშვის ჯანმრთელობის და ადგილმდებარეობის შესახებ დედას, ასევე არასრულწლოვანმა ავადმყოფობის პერიოდში ავადმყოფიობის დღეები გაატაროს დედასთან.
26. შეგებებული სარჩელის საფუძვლად მითითებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის საოქმო განჩინებით, მოსარჩელეს (მამა) განესაზღვრა არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესი, ვინაიდან, მოპასუხე ცხოვრობს საზღვარგარეთ და საქართველოში ჩამოდის სამჯერ, ბავშვს აქვს გაუცხოების გრძობა და უჭირს დედასთან დაშორება, რაც გამოიხატება ისტერიულ ტირილში. მოპასუხის მხრიდან არაერთხელ ჰქონდა ადგილი ძალადობას, რა დროსაც, გამოძახებული იქნა პოლიციის ეკიპჟი. 2018 წლის 12 იანვარს სოციალური მომსახურების სათაო ოფისში მოხდა შეხვედრა ფსიქოლოგის აქტიური ჩარევით, სადაც წამოიჭრა საკითხი შეცვლილიყო ბავშვის წაყვანის და ნახვის პირობები სასამართლოს მეშვეობით, ვინაიდან ბავშვს ადგება ფსიქოლოგიური ტრავმა.
27. თავდაპირველმა მოსარჩელემ შეგებებული სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით:
28. 2017 წლის 27 ივნისის საოქმო განჩინებით დადგენილ მორიგების პირობებს მოსარჩელემ ხელი მოაწერა. სასამართლო სხდომებს ესწრებოდა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი, რომელმაც მიიჩნია, რომ სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული ურთიერთობის წესი ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგო არ იყო. ამ განჩინების საფუძველზე არასრულწლოვანს საშუალება ჰქონდა 10 დღით დაესვენა სურამში. დედა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში იქნა გაფრთხილებული, რომ თუ ბავშვის თანდასწრებით გამოიძახებდა პოლიციას და გააგრძელებდა ასეთ ქმედებებს, მის მიმართ გამოიცემოდა შემაკავებელი ორდერი. უარყოფილია შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია, რომ ძნელია ახალგაღვიძებული ბავშვისთვის დილის 07:30 საათზე მამასთან საუბარი, რადგან მან თავად აირჩია ეს დრო და სხვა ალტერნატივა მამას არ ჰქონდა. დედა, ყოველ დილით შვედეთის დროით 04:00-05:00 საათზე ფორმალურად რეკავს, როდესაც იცის, რომ ამ დროს უფლება არ აქვს მამას ტელეფონზე ისაუბროს.
29. განსახილველ დავაზე მეურვეობსა და მზრუნველობის ორგანომ, ასევე ფსიქოლოგმა წარმოადგინეს მოსაზრებები.
30. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია:
31. მხარეებმა ურთიერთშეთანხმებით უნდა მოაგვარონ მცირეწლოვან ბავშვთან ურთიერთობის საკითხი. მათ უნდა გაიარონ ფსიქოკონსულტირება და შეცვალონ ერთმანეთთან ურთიერთობა, უნდა ჩამოაყალიბონ ერთმანეთთან ჯანსაღი, კეთილგანწყობილი ურთიერთობა, რითაც ნაკლებად შეილახება არასრულწლოვანის ინტერესი. გამოსავალი რაც შეიძლება ამჟამად იყოს, ეს არის ბავშთან ურთიერთობის მიზნით დღეების იმგვარად განაწილება, რომ ორივე მხარს მიეცეს შესაძლებლობა აქტიურად იყვნენ ჩართული არასრუწლოვანის აღზრდა-განვითარებაში, უზრუნველყონ არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა და ექიმთან მიყვანა. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნას ფსიქოლოგის რეკომენდაცია. თითოეული დეტალი უნდა იყოს გაწერილი და ბავშვის გადაცემა მხარეების ურთიერთობიდან გამომდინარე საბავშვო ბაღის ან მეურვეობის ორგანოს დახმარებით, სწორედ ამ მეთოდმა გამოუწვია მამასთან არასრულწლოვანის მიჯაჭვულობა. არასრულწლოვანს აქვს ასევე ჯანსაღი მიჯაჭვულობა ბებია-ბაბუასთან, დედასთან და უნდა შენარჩუნდეს მათთან კონტაქტი.
32. ფსიქოლოგის პოზიცია:
33. 2018 წლის 13 ოქტომბრის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგის თანახმად, არასრულწლოვანს არ აღენიშნება მნიშვნელოვანი ემოციური თუ ქცევითი სირთულეები, რომელებიც მისი ყოველდღიური ფუნქციონირების დარღვევას გამოიწვევდა. ბავშვი გამოხატავს ორივე მშობელთან და ასევე, ბებია-ბაბუასთან ურთიერთობის სურვილს, მას განსაკუთრებული სიახლოვე აქვს დედის მშობლებთან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ბავშვის აღზრდის პროცესში. ბავშვი არ ავლენს გამოკვეთილ მიკერძოებულობას ან გაუცხოებას რომელიმე მშობლის მიმართ. ბავშვის პირველი რეაქცია მამასთან პირველი დანახვისა (ცრემლების წამოსვლა, გვერდზე გახედვა) შეიძლება მიუთითებდეს იმ ფსიქოლოგიურ წნეხზე, რომელსაც იგი განიცდის დედის და მისი ოჯახის მხრიდან მამასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით ან ზოგადად იმაზე, რომ მშობლებს შორის კონფლიქტური დამოკიდებულებაა. ბავშვის შემდგომი რეაქციები და ქმედებები მამის გარემოცვაში არ იძლევა იმის ვარაუდს, რომ ბავშვის აღნიშნული რეაქცია მამისადმი არსებული შიშით ან სხვა რაიმე ნეგატიური განცდებით იყოს განპირობებული. შეფასების განმავლობაში, დედა აქცენტს აკეთებდა მოპასუხის (მამა) მხოლოდ უარყოფით მხარეებზე და აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერება ხდებოდა ბავშვის თანდასწრებით, ასეთი ტიპის ინფორმაცია პოტენციურად სტრესულია ბავშვისთვის. შეფასების პროცესში მამის მხრიდან არ მომხდარა ბავშვისათვის დედის ან მისი ოჯახის წევრების შესახებ უარყოფითი ინფორმაციის მიწოდება. შეფასების პერიოდში არ იკვეთება რეალური რისკი ბავშვის მამასთან ღამე დარჩენასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში თუ, დედასთან განშორება არ იქნება ხანგრძლივი და ბავშვს ექნება მასთან კომუნიკაციის საშუალება. ამასთან, მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს ორივე მშობელთან ურთიერთობის განსაზღვრული, პროგნოზირებადი განრიგი, რაც შეამცირებს რომელიმე მათგანთან განშორებით გამოწვეულ დისტრესს.
34. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით:
35. გ.დ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
36. გ.დ–ს უარი ეთქვა არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნაზე.
37. ე.ხ–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
38. გ.დ–ს საქართველოში ყოფნის პერიოდში, არასრულწლოვან შვილთან, ურთიერთობისთვის განესაზღვრა: ყოველი კვირის სამშაბათს, 16:30 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, სასწავლო დაწესებულებიდან გამოყვანის, არასრულწლოვანი შვილის თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის და ოთხშაბათს დილით არასრულწლოვანი შვილის სასწავლო დაწესებულებაში მიყვანის ვალდებულებით ყოველი კვირის პარასკევს, 16:30 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ ბავშვის სასწავლო დაწესებულებიდან გამოყვანის, არასრულწლოვანი შვილის თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის და კვირას დილით 10:30 საათზე არასრულწლოვანი შვილის დედის საცხოვრებელ ადგილას მიყვანის ვალდებულებით; ზამთრის არდადეგების პერიოდში არასრულწლოვანმა დ.დ–მა გაატაროს მონაცვლეობით, ლუწი წლის პირველი ნახევარი დედასთან, მეორე ნახევარი მამასთან, კენტი წლის პირველი ნახევარი მამასთან, მეორე ნახევარი დედასთან; აღდგომის დღესასწაული ლუწი წელი დედასთან, კენტი წელი მამასთან, 3 დღის ვადით; ზაფხულის არდადეგების მიმდინარეობისას ლუწი წლის, ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვის პირველ ნახევარს არასრულწლოვანი დ.დ–ი გაატარებს მამასთან, მეორე ნახევარს დედასთან, კენტ წლებში ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვის პირველ ნახევარს არასრულწლოვანი დ.დ–ი გაატარებს დედასთან, მეორე ნახევარს მამასთან; 2015 წლის 14 სექტემბერს დაბადებული არასრულწლოვანი დ.დ–ის მამასთან ყოფნის პერიოდში, დედას ე.ხ–ს მიეცეს უფლება ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდეს არასრულწლოვან შვილს და მასთან კონტაქტი იქონიოს 10 (ათი) წუთის მანძილზე; 2015 წლის 14 სექტემბერს დაბადებული არასრულწლოვანი დ.დ–ის დედასთან ყოფნის პერიოდში, მამას გ.დ–ს მიეცეს უფლება ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდეს არასრულწლოვან შვილს და მასთან კონტაქტი იქონიოს 10 (ათი) წუთის მანძილზე; გ.დ–ი სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით (ტელეფონის ნომრით 59.....) უზრუნველყოფს ე.ხ–ის ინფორმირებას (ნომერზე 599 ....) არასრულწლოვანი შვილის სასწავლო დაწესებულებიდან გამოყვანისა და უკან დაბრუნების თაობაზე; გ.დ–ს (დაბადებული 1977 წლის 08 ნოემბერს, შვედეთის მოქალაქის პასპორტის №890741..) საქართველოში არ ყოფნის პერიოდში, თავის არასრულწლოვან შვილთან, 2015 წლის 14 სექტემბერს დაბადებულ დ.დ–თან ურთიერთობისთვის განესაზღვრა: სოციალური ქსელის (სკაიპი, ვაიბერის, მესენჯერის) საშუალებით ყოველი კვირის ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს, საღამოს 20.30 საათიდან - 21.00 საათამდე;
39. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
40. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შედეგად შეიცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი შემდეგი სახით: გ.დ–ს საქართველოში ყოფნის პერიოდში, თავის არასრულწლოვან შვილთან, ურთიერთობისთვის განესაზღვროს: ყოველი კვირის, ოთხშაბათს 19:00 საათიდან სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, არასრულწლოვანი შვილის თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის და შაბათს 19:00 საათზე არასრულწლოვანი შვილის დედის საცხოვრებელ ადგილას მიყვანის ვალდებულებით; ზამთრის არდადეგების პერიოდში არასრულწლოვანმა დ.დ–მა გაატაროს მონაცვლეობით, ლუწი წლის პირველი ნახევარი დედასთან, მეორე ნახევარი მამასთან, კენტი წლის პირველი ნახევარი მამასთან, მეორე ნახევარი დედასთან; აღდგომის დღესასწაული ლუწი წელი დედასთან, კენტი წელი მამასთან, 3 დღის ვადით; ზაფხულის არდადეგების მიმდინარეობისას ლუწი წლის, ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვის პირველ ნახევარს არასრულწლოვანი დ.დ–ი გაატარებს მამასთან, მეორე ნახევარს დედასთან, კენტ წლებში ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვის პირველ ნახევარს არასრულწლოვანი დ.დ–ი გაატარებს დედასთან, მეორე ნახევარს მამასთან; 2015 წლის 14 სექტემბერს დაბადებული არასრულწლოვანი დ.დ–ის მამასთან ყოფნის პერიოდში, დედას ე.ხ–ს მიეცეს უფლება ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდეს არასრულწლოვან შვილს და მასთან კონტაქტი იქონიოს 10 (ათი) წუთის მანძილზე; 2015 წლის 14 სექტემბერს დაბადებული არასრულწლოვანი დ.დ–ის დედასთან ყოფნის პერიოდში, მამას გ.დ–ს მიეცეს უფლება ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდეს არასრულწლოვან შვილს და მასთან კონტაქტი იქონიოს 10 (ათი) წუთის მანძილზე; გ.დ–ი სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით (ტელეფონის ნომრით 59.....) უზრუნველყოფს ე.ხ–ის ინფორმირებას (ნომერზე 599 ....) არასრულწლოვანი შვილის სასწავლო დაწესებულებიდან გამოყვანისა და უკან დაბრუნების თაობაზე; სხვა ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება.
41. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
42. მხარეები არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2015 წლის 25 იანვრიდან და თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2015 წლის 14 სექტემბერს დაბადებული დ.დ–ი.
43. მხარეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია; 2015 წლის 01 მარტს მოსარჩელე (მამა) გაემგზავრა საზღვარგარეთ - შვედეთში, მოაპსუხე (დედა) ცხოვრობს მშობლების ოჯახში და არასრულწლოვან შვილთან ერთად.
44. მხარეთა შორის გამწვავებული, კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულებაა.
45. დადგენილია, რომ მოსარჩელის (მამა) საწარმოო ტრამვამ გამოიწვია 12%-იანი სამედიცინო ინვალიდობა 01.08.2013 წლიდან, რაც გულისხმობს ფიზიკური და ფსიქიკური ფუნქციის გაუარესებას.
46. 2017 წლის 22 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოს, მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებით დამტკიცდა წარმოდგენილი მორიგების აქტი მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:
47. - გ.დ–ს განესაზღვრა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის შემდეგი წესი: გ.დ–ის საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში ე.ხ–ი კისრულობს ვალდებულებას მამა-შვილის ურთიერთობა მოხდეს სკაიპის, ვაიბერის, სატელეფონო საშუალებით ყოველი კვირის სამშაბათს და ხუთშაბათს დილის 9:00 საათიდან 10:00 საათამდე და ამავე დღეებში საღამოს 22:30 საათიდან 23:00 საათამდე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ბავშვი იქნება საბავშვო-სასწავლოდაწესებულებაში, ყოველი კვირის სამშაბათს და ხუთშაბათს დილის 8:00 საათიდან 8:30 საათის ჩათვლით. ასევე, ყოველი კვირის შაბათი და კვირა დღეების 07:30 საათიდან 08:30 საათის ჩათვლით და ამავე დღეებში საღამოს 21:00 საათიდან 22:00 საათამდე. ზემოაღნიშნული კომუნიკაციისათვის ინტერნეტის ხარჯებს თვეში 10 (ათი) ლარის ოდენობით უზრუნველყოფს გ.დ–ი.
48. - გ.დ–ს განესაზღვრა არასრულწლოვან შვილთან - 2015 წლის 14 სექტემბერს დაბადებულ დ.დ–თან ურთიერთობის შემდეგი წესი: გ.დ–ის საქართველოში ყოფნის პერიოდში გ.დ–ს მიეცეს უფლება წაიყვანოს არასრულწლოვანი შვილი - 2015 წლის 14 სექტემბერს დაბადებული დ.დ–ი ყოველ დღე დილის - 07:45 საათიდან და დააბრუნოს დედასთან - ე.ხ–თან იმავე დღეებში საღამოს 18:00 საათზე. ხოლო, თუ აღნიშნული დღეები დაემთხვევა ბავშვის სასწავლო პერიოდს, წაიყვანს სასწავლო პროცესების დასრულების შემდეგ და დააბრუნებს დედასთან იმავე დღეებში საღამოს 21:00 საათზე. (აღნიშნული ურთიერთობის წესი მოქმედებს გ.დ–ის საქართველოში ყოფნის პერიოდში არაუმეტეს ერთი თვის განმავლობაში);
49. - გ.დ–ის საქართველოში ყოფნის პერიოდში გ.დ–ს მიეცა უფლება წაიყვანოს არასრულწლოვანი შვილი - 2015 წლის 14 სექტემბერს დაბადებული დ.დ–ი 2017 წლის 4 ივლისს 10 (ათი) დღის განმავლობაში და დააბრუნოს დედასთან - ე.ხ–თან.
50. - 2018 წლის ზაფხულის, ზამთრის და ბრწყინვალე ქრისტეშობის-აღდგომის პერიოდში ურთიერთობის წესი განისაზღვროს შემდეგნაირად: გ.დ–ს მიეცეს უფლება არასრულწლოვანი შვილი - 2015 წლის 14 სექტემბერს დაბადებული დ.დ–ი წაიყვანოს ზამთრის არდადეგებზე 8 იანვარს და დააბრუნოს დედათან - ე.ხ–თან 15 იანვრამდე. ზაფხულის პერიოდში წაიყვანოს ივნისის თვეში ორი კვირის განმავლობაში - 22 ივნისამდე, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით. ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე ბავშვს წაიყვანს აღდგომის მეორე დღეს და დააბრუნებს ერთი კვირის შემდეგ დედასთან.
51. - მხარეები თანხმდებიან, რომ ე.ხ–ის ოჯახის წევრების დაბადების დღეებში, კერძოდ: ყოველი წლის 22 ივნისს, 3 ივლისს, 21 აპრილს, 24 მარტს დ.დ–ი იქნება დედასთან. დ.დ–ი დაბადების დღეს - 14 სექტემბერს, დღის პირველი ნახევარი იქნება მამასთან - გ.დ–თან, ხოლო შუადღის 15:00 საათიდან დედასთან - ეკატერინე ხატიშვილთან.
52. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი ჩაირიცხა და სწავლობს სსიპ ქალაქ თბილისის №174 საჯარო სკოლაში.
53. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 1198-ე მუხლის მე-5 ნაწილით (მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან); ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება- მოვალეობები) და განმარტა, რომ მოსარჩელეს შვილთან ურთიერთობის, არა მარტო, უფლება, არამედ ვალდებულებაც გააჩნია. სასამართლომ აღნიშნა, რომ ბავშვის უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელმა ყველა პირმა უნდა მიიღოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლო ზომა შვილისა და მშობლის სრულფასოვანი ურთიერთობის შესანარჩუნებლად.
54. ორივე მშობელთან ბავშვის ურთიერთობის შენარჩუნების ან აღდგენის აუცილებლობის საკითხზე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლსა და ბავშვის უფლებათა კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე.
55. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება დედის (მოპასუხე) მხრიდან ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვის ვალდებულების უგულვებელყოფა. არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მიერ გაცემული ცნობებით, კვლევებით, ჩატარებული გეგმიური აცრებით, ნათლად იკვეთება დედის (მოპასუხე) ყურადღება და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვა. მკურნალი ექიმის დ.რ–ის მიერ, არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების მიხედვით მცირეწლოვანი არის ჯანმრთელი, რაც მოწმობს დედის (მოპასუხე) მხრიდან სწორი მიმართულებით მკურნალობა. პალატა აღნიშნა, რომ აღნიშნული გარემოების გამაქარწყლებელი რაიმე სახის მტკიცებულება აპელანტს არც სააპელაციო სასამართლოში წარუდგენია.
56. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ არასრულწლოვანის მიმართ არ გამოკვეთილა რაიმე ნეგატიური შინაარსის ფსიქოლოგიური ზეგავლენის ღრმა კვალი რომელიმე მშობლის მხრიდან.
57. გამოყენებითი ფსიქოლოგიის და კვლევის ცენტრის მიერ 2018 წლის 13 მარტს მომზადებული ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნის თანახმად, შეფასების პროცესში განხორციელდა დაკვირვება ბავშვისა და მამის ინტერაქციაზე. თავად ბავშვმა ფსიქოლოგთან პირველივე შეხვედრაზე, გამოხატა მამასთან შეხვედრის სურვილი. ასევე, ფსიქოლოგის კითხვაზე, თუ რას აკეთებს ხოლმე მამასთან ერთად, ბავშვს არ უხსენებია რაიმე ნეგატიური. შეფასების ფარგლებში პირველი შეხვედრა მამასთან განხორციელდა დედის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე სკვერში, სადაც ბავშვი ბებიამ - მ.ლ–მა ჩაუყვანა მამას. დ–ი სკვერში მისვლისას ათვალიერებდა გარემოს და კითხულობდა, თუ სად იყო მამა. ბავშვს სიტყვიერად არ გამოუთქვამს მისი არნახვის სურვილი, თუმცა, რამდენიმე წუთში, როდესაც ბებიამ საქანელაზე დასვა დ–ი და მამაც მიუახლოვდა ტერიტორიას, ბავშვმა თავი გაატრიალა გვერდით, აღელდა და წამოუვიდა ცრემლები. მამამ სცადა ბავშვთან დალაპარაკება, შემდეგ კი, ავტომობილიდან გადმოიტანა დ–ის სათამაშო მანქანა და შესთავაზა ბავშვს გასეირნება, რაზეც ბავშვი დასთანხმდა, თუმცა, სკვერში მანქანით სეირნობისას, ბავშვი პერიოდულად იყურებოდა უკან და ამოწმებდა მიჰყვებოდა, თუ არა მას ბებია. ასევე, ითხოვდა ბებიის სიახლოვეს მასთან. ამ დროს, ბებია ფსიქოლოგთან ერთად რამდენიმე მეტრის მოშორებით, უკან მიჰყვებოდა ბავშვს. როდესაც მამამ შეიყვანა ბავშვი იქვე მდებარე სუპერმარკეტში, ბებია გარეთ დარჩა. ფსიქოლოგმა შეიხედა მაღაზიაში და ბავშვი მშვიდად ესაუბრებოდა მამას და მასთან ერთად არჩევდა, თუ რა უნდა შეეძინათ. მაღაზიიდან გარეთ გამოსვლისას, მამამ შესთავაზა ბავშვს მის სახლში წაყვანა, რაზეც ბავშვი დასთანხმდა, თუმცა თავდაპირველად იგი ითხოვდა რომ ბებიაც წამოსულიყო მათთან ერთად. ფსიქოლოგმა მ.ლ–ის გასაგონად გადაამოწმა ბავშვთან, რომ მას კარგად ესმოდა, რომ ბებია რჩებოდა ადგილზე და თავად კი მიდიოდა მამის საცხოვრებელ გარემოში. მამის მანქანაში ჩაჯდომისთანავე, ბავშვის ქცევა მნიშვნელოვნად შეიცვალა. იგი თავისუფლად გამოხატავდა აზრებს და ხალისით ესაუბრებოდა მამას, მათ შორის, სურამის შესახებ, სადაც ბავშვი მამასთან ერთად ისვენებდა. შეფასების მიმდინარეობის პერიოდში, მამას ჰქონდა ბავშვთან კიდევ სამი შეხვედრა, აქედან ორს ესწრებოდა ფსიქოლოგი, მესამეს კი სოციალური მუშაკი მ.ა–ნი და შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო შეხვედრები მამის დანახვაზე პირველი რეაქციის თვალსაზრისით, იყო განსხვავებული. კერძოდ, ბავშვი მამის დანახვისთანავე გამოხატავდა სიხარულს და მიდიოდა მასთან ყოველგვარი სირთულის გარეშე. ფსიქოლოქის მიმართ დასმულ კითხვაზე, ხომ არ არის არასრულწლოვანი დ.დ–ი რომელიმე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის მხრიდან რაიმე სახის ზეგავლენის ქვეშ, ფსიქოლოგი იძლევა პასუხს: „ბავშვის პირველადი რეაქცია მამის დანახვისას (ცრემლების წამოსვლა, გვერდზე გახედვა) შეიძლება მიუთითებდეს იმ ფსიქოლოგიურ წნეხზე, რომელსაც ის განიცდის დედის და მისი ოჯახის მხრიდან მამასთან ურთიერთობასთან, დაკავშირებით ან ზოგადად იმაზე, რომ მშობლებს შორის კონფლიქტური სიტუაცია სტრესულია მისთვის. ბავშვის შემდგომი რეაქციები და ქმედებები მამის გარემოცვაში არ გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ბავშვის თავდაპირველი რეაქცია მამის დანახვაზე, მის მიმართ არსებული შიშით ან სხვა რაიმე ნეგატიური განცდებით იყოს განპირობებული“.
58. გამოყენებითი ფსიქოლოგიის და კვლევის ცენტრის მიერ 2022 წლის 9 თებერვალს მომზადებული ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნის თანახმად, შეფასების პროცესში განხორციელდა დაკვირვება დ.დ–ის და გ.დ–ის ინტერაქციაზე (3.12.2021, 17.12.2021, 24.12.2021, N174 საჯარო სკოლა და მიმდებარე ტერიტორია). ფსიქოლოგის განმარტებით, დაკვირვების ფარგლებში გამოიკვეთა შეუსაბამობა ბავშვის მიერ მამისადმი გამოვლენილ ქცევებსა და ემოციურ მდგომარეობას შორის - იგი ერთი მხრივ უარს აცხადებდა მასთან წასვლაზე, რიგ შემთხვევაში ფიზიკურად მიახლოებაზეც კი, თუმცა მეორე მხრივ გამოხატავდა დადებით ემოციებს მასთან ინტერაქციისას. აღნიშნულის საფუძველზე, ფსიქოლოგი ასკვნის: „ასეთი მოულოდნელი ცვლილება მამისადმი დამოკიდებულებაში და ქცევის შემდგომი არათანმიმდევრული პატერნი აჩენს საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ დ–ი ავლენს ე.წ. მოკავშირე ბავშვის მახასიათებლებს, რაც თავის მხრივ გულისხმობს ერთ-ერთი მშობლის მიმართ ამბივალენტური (ერთდროულად როგორც დადებითი, ისე უარყოფითი) დამოკიდებულებების გამოხატვას, რაც პროპორციულად არ შეესაბამება ბავშვის რეალურ გამოცდილებას და შეიძლება აიხსნას მეორე მშობლის როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ზეგავლენით“. დასკვნაში აღნიშნულია, რომ: „როგორც ფაქტობრივი გარემოებებით, ასევე თავად მხარეების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იკვეთება, მხარეთა (მშობლები) შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობაა და მათ შორის მიმდინარეობს სამართლებრივი დავა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, პრაქტიკულად არ არსებობს კომუნიკაცია, რითიც ხდება არასრულწლოვნისთვის არაჯანსაღი ურთიერთობის მოდელირება, აღნიშნული თავის მხრივ წარმოადგენს რისკ ფაქტორს მისი ნორმალური ფსიქოსოციალური განვითარებისთვის და შეიძლება ნეგატიურად აისახოს ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებაზეც ორივე საცხოვრებელ გარემოში“. ფსიქოლიგიური შეფასების მიხედვით: „დ.დ–ი შეფასების პერიოდისთვის ავლენს ე.წ. მშობლისადმი მოკავშირე ბავშვის ქცევებს, რაც აზიანებს არა მხოლოდ მისი და მამის ურთიერთობას, არამედ გააჩნია, როგორც მოკლევადიანი, ისე, გრძელვადიანი უარყოფითი შედეგები თავად არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური კეთილდღეობისა და სოციალური ურთიერთობებისთვის. ემპირიული მონაცემების თანახმად, ასეთი გამოცდილების მქონე ბავშვები დგანან დეპრესიის, დაბალი თვითშეფასების, მოზრდილობის ასაკში პარტნიორულ ურთიერთობებში არსებული სირთულეების ჩამოყალიბების გაზრდილი რისკის ქვეშ“.
59. მოცემული ექსპერტიზის დასკვნის შესახებ განმარტების მიცემის მიზნით სასამართლოში დაბარებული იქნა ექსპერტი - თ. ს–ი, რომელმაც აღნიშნა, რომ დედის მხრიდან ხდება მამასთან ურთიერთობის შეზღუდვა. ექსპერტის განმარტებით, იმისდა მიუხედავად, რომ ბავშვი უარს აცხადებს მამასთან წასვლაზე ეს ქცევა არ არის ბუნებრივი. მამასთან ურთიერთობის სურვილის არათანმიმდევრულობა, ექსპერტის ჩვენებით, მიანიშნებს, რომ ბავშვი არ არის გულწრფელი. მისივე მითითებით, დედის მხრიდან განმეორებითად ხორციელდება მამასთან ურთიერთობის შეზღუდვა რაც არის ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი ფორმა (იხ. 2022 წლის 24 მარტის სასამართლოს სხდომის ოქმი).
60. 2021 წლის 24 ივნისს, სასამართლოში დ.დ–ის გასაუბრებას დაესწრო ექსპერტი ხ.ნ–ი. ბავშვთან გასაუბრების შემდგომ მან განმარტა, რომ დედასთან ძლიერია მიჯაჭვულობა. ამასთან, ბავშვი, როცა დედასთან ერთად არის, მამის მიმართ სრულად იცვლება ქცევა. ექსპერტმა განმარტა, რომ ბავშვის ქცევაზე გავლენას ახდენს დედის ფაქტორი, მან ასევე აღნიშნა, რომ ბავშვს აქვს დედასთან განშორების შიში.
61. განსახილველ საკითხთან მიმართებაში, ასევე, საყურადღებოა მხარდაჭერის, სასამართლო/სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების მხარდაჭერის, სასამართლო/სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების უფროსი სოციალური მუშაკის/განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2021 წლის 9 ივლისს მომზადებული სიტუაციური ანალიზი დ. დ–აშვილის სააღსრულებო საქმის წარმოების შესახებ. მითითებული ანალიზის მიხედვით, მასში ასახული ფაქტები „იძლევა საფუძველს, რომ ვივარაუდოთ ბავშვზე განხორციელებულ გარკვეულ ფსიქოლოგიურ გავლენებზე, რომელიც საჭიროებს ფსიქოლოგის მიერ ჩაღრმავებულ კვლევას. გამოსაკვლევია, თუ რატომ არის დ–ი დაძაბული, გამოხატავს შიშს და არ მიდის მამასთან როცა ის დედას მოჰყავს და რატომ მიდის სიხარულით როცა გარეშე პირის (სოციალური მუშაკი, საბავშვო ბაღის პედაგოგი) მიერ ხდება ბავშვის მამისათვის გადაცემა“.
62. ამდენად, მითითებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხის (დედა) მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ხორციელდებოდა ნეგატიური ფსიქოლოგიური ზემოქმედება მამასთან ურთიერთობის მხრივ, აღნიშნულმა, თავის მხრივ, ბავშვისთვის შესაძლოა გამოიწვიოს გამოუსწორებელი ფსიქოლოგიური სტრესი. ამასთან, ირღვევა ბავშვის უფლება, რეგულარული პირადი ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან.
63. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კოდექსის 81-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმად, ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას სასამართლომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭების (მათი უპირატესი გათვალისწინების) მიზნით... სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს შემდეგი საბაზისო კრიტერიუმების მიხედვით: ა) ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაცვა და უსაფრთხოება; ბ) ბავშვისთვის განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფსიქოსოციალური მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა; გ) ბავშვის მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის, მისი შეურაცხყოფისა და საფრთხის თავიდან აცილება; დ) ბავშვის ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა, მისი პიროვნების, ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და ინტერესების პატივისცემა; ე) ბავშვის მოსაზრებები; ვ) ბავშვსა და მის მშობელს ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელ სხვა პირს შორის ურთიერთობა; ზ) ორივე მშობელთან ბავშვის ურთიერთობის შენარჩუნების ან აღდგენის შესაძლებლობა; თ) ბავშვის მოსაზრების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მისი აღსრულების ეტაპზე ბავშვისთვის შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების კონკრეტული ღონისძიებები; ი) სხვა საკითხები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად გავლენას ახდენს ბავშვის უფლებებზე და საქმის სამართლიანი პროცესის პრინციპების დაცვით გადაწყვეტაზე.
64. ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორცილებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „სასამართლოები“ გულისხმობს ნებისმიერ სასამართლო სამართალწარმოებას ყველა ინსტანციაში, მიუხედავად იმისა, ვინ ახორციელებს მას - პროფესიონალი მოსამართლეები თუ არაპროფესიონალი პირები, და ბავშვებთან დაკავშირებულ ყველა შესაბამის პროცედურას, შეზღუდვის გარეშე, ასევე მორიგების, მედიაციისა და არბიტრაჟის პროცესებს. სამოქალაქო საქმეებში, როგორიც არის მამობის დადგენის, ბავშვზე ძალადობის ან მისი უგულებელყოფის, ოჯახის გაერთიანების, განსახლების და სხვა საქმეები, ბავშვი შესაძლოა იცავდეს თავის ინტერესებს დამოუკიდებლად ან წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო პროცესმა, მაგალითად, შვილად აყვანის, განქორწინების, მეურვეობის, საცხოვრისის, მონახულების ან სხვა ისეთ საკითხებთან დაკავშირებული სამართალწარმოებისას, რომლებსაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვთ ბავშვის სიცოცხლესა და განვითარებაზე, ასევე ბავშვის მიმართ ძალადობასთან ან მის უგულებელყოფასთან დაკავშირებული სამართალწარმოებისას შესაძლოა ბავშვზე ზეგავლენა მოახდინოს. სასამართლოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები გათვალისწინებული იყოს ყველა ამგვარ სიტუაციასა და გადაწყვეტილებაში, მიუხედავად მათი საპროცესო თუ მატერიალური ხასიათისა, და უნდა წარმოაჩინონ, რომ მათ ეს ეფექტიანად განახორციელდეს.
65. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კი, ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისას გაითვალისწინება მისი ოჯახურ გარემოში პიროვნული განვითარების უფლება, ბავშვის სოციალური და კულტურული მახასიათებლები, მის მიერ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დამოუკიდებლად რეალიზების შესაძლებლობა და ბავშვის მოსაზრებები.
66. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 1197-ე (შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში), 1201-ე (თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს) მუხლებით; ასევე, ბავშვის უფლებათა კოდექსის 24.1 (ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის), 78.1 (ბავშვთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებაში ბავშვს გარანტირებული აქვს შესაძლებლობა, საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისა და განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ბავშვის მოსაზრებები) მუხლებით.
67. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არ ითვალისწინებს ბავშვის მოსაზრებებს ან არ ანიჭებს მის მოსაზრებებს სათანადო მნიშვნელობას ბავშვის ასაკისა და სიმწიფის ხარისხის მიხედვით, არ სცემს პატივს ბავშვის ან ბავშვების შესაძლებლობას, ზეგავლენა მოახდინონ თავიანთი საუკეთესო ინტერესების განსაზღვრაზე. ის ფაქტი, რომ ბავშვი ძალზე მცირეწლოვანია ან მოწყვლად მდგომარეობაშია (მაგ. შეზღუდული შესაძლებლობები, უმცირესობის ჯგუფისადმი კუთვნილება, მიგრანტობა და სხვ.), არ ართმევს მას უფლებას, გამოხატოს თავისი მოსაზრებები და არ ამცირებს იმ მნიშვნელობას, რომელიც უნდა მიენიჭოს ბავშვის მოსაზრებებს მისი საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისას. კონკრეტული ღონისძიებების მიღება ამგვარ სიტუაციებში ბავშვებისათვის თანასწორი უფლებების უზრუნველყოფის მიზნით უნდა დაექვემდებაროს ინდივიდუალურ შეფასებას, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვების როლს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და საჭიროებისამებრ გონივრული ხელშეწყობისა და მხარდაჭერის გაწევას მათი საუკეთესო ინტერესების შეფასებაში მათი სრული მონაწილეობის უზრუნველსაყოფად (იხ. სუსგ N ა-3658-შ-95-2019, 08.10.2019 წ.). ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება მოიცავს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას (იხ. გაეროს ბავშვთა კომიტეტის №12 ზოგადი სახელმძღვანელო კომენტარი).ამავდროულად, როდესაც საკითხი უკავშირდება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უფლებას მოუსმინონ, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის განვითარებადი უნარები. ბავშვის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, რაც უფრო მეტი იცის ბავშვმა და მეტი გამოცდილება აქვს და მეტი ესმის, მით უფრო უნდა შეცვალონ მშობლებმა, მეურვეებმა ან ბავშვზე პასუხისმგებელმა სხვა პირებმა მითითებები და დარიგებები - შეხსენებითა და რჩევებით, მოგვიანებით, დამოკიდებულება დამყარდეს აზრთა ურთიერთგაცვლით, თანასწორ საფუძვლებზე. შესაბამისად, ბავშვის მომწიფებასთან ერთად მის მოსაზრებებს მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მისი საუკეთესო ინტერესების შეფასებისას. სიმწიფე არის გაგებისა და კონკრეტული საკითხის შეფასების უნარი და ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად დგინდება. სიმწიფის განსაზღვრა ძნელია; ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის მე–12–ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ეს არის ბავშვის შესაძლებლობები გამოხატოს მოსაზრებები საკითხთან დაკავშირებით გონივრულად და დამოუკიდებლად. ამასთან, ბავშვს აქვს უფლება „თავისუფლად გამოთქვას შეხედულებები“. „თავისუფლად“ ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია აზრის გამოხატვა ზეწოლის გარეშე და ასევე ნიშნავს, რომ დაუშვებელია ბავშვით მანიპულირება ან მასზე უსაფუძვლო გავლენა ან ზეწოლა. „თავისუფლად“ შინაგანად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ მოსაზრებასთან: ბავშვს აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები და არა სხვების აზრები. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ჰააგის კონვენცია კონკრეტულად არ განსაზღვრავს, თუ რა მიიჩნევა ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილად. სტანდარტულად, ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობს რეალურად ბავშვი ანუ ძირითადი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მთლიანად დამოკიდებულია ბავშვზე, მის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, კონკრეტულ ადგილას ცხოვრების ხანგრძლივობაზე, მის ფსიქოემოციურ კავშირზე ამ ადგილთან, გარემოში მის ინტეგრირებაზე (იხ. სუსგ Nას-70-2022, 16.02.2022 წ.; № ას-70-2022, 16 თებერვალი 2022 წელი).
68. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, გათვალისწინებული უნდა იქნას ბავშვის შეხედულებები და მის მიერ გამოთქმული აზრი, ასევე, ყოველდღიური რეჟიმი და რაც მთავარია, ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, დაცული უნდა იქნეს ბავშვის უფლება სტაბილურ გარემოზე, უფლება, არ შეეცვალოს ემოციური, სოციალური მდგომარეობა, საცხოვრებელი გარემო. საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მთლიანად ფოკუსირებულია ბავშვზე, მის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, კონკრეტულ ადგილას ცხოვრების ხანგრძლივობაზე, მის ემოციურ და სულიერ კავშირზე ამ ადგილთან, გარემოში მის ინტეგრირებაზე. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, თუ სად გრძნობს ბავშვი თავს მშობლიურ ვითარებაში, გრძნობს, ობიექტურად სად განიცდის კეთილგანწყობას ადამიანებისა და საცხოვრებელი პირობებისადმი.
69. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით დასტურდება, რომ არასრულწლოვანი ბავშვის დ.დ–ის საცხოვრებელი ადგილი არის ე.ხ–ის საცხოვრებელი ადგილი, სადაც ეს უკანასკნელი ცხოვრობ მშობლებთან (დ.დ–ის პაპა, ბებია) ერთად.
70. ამასთან, დ.დ–ს ძლიერი ემოციური კავშირი აქვს როგორც დედასთან, ასევე, დედის მშობლებთან. საცხოვრებელ გარემოში ის თავს კარგად გრძნობს. არასრულწლოვანთან გასაუბრებისას, ასევე, საქმის მასალებით დგინდება, ასევე, უდავოდ იკვეთება ბავშვის მათთან ყოფნის სურვილი. მოცემული გარემოებები, დგინდება, როგორც გამოყენებითი ფსიქოლოგიის და კვლევის ცენტრის მიერ მომზადებული ფსიქოლოგიური შეფასების, ასევე, სოციალური მუშაკის დასკვნებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ მისი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ე.ი. აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლოა იყოს არასრულწლოვანისათვის ფსიქიკისთვის მატრავმირებელი, რაც შესაძლებელია მნიშვნელოვნად უარყოფითად აისახოს ბავშვის პიროვნულ ფორმირებაზე და რაც ეწინააღმდეგება მის ინტერესს. მოცემული, კი, უდავოდ წარმოადგენს, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
71. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხის (დედა) მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ხორციელდებოდა ნეგატიური ფსიქოლოგიური ზემოქმედება მამასთან - მოსარჩელესთან ურთიერთობის მხრივ, რამაც, ასევე, შესაძლოა ბავშვისთვის გამოიწვიოს გამოუსწორებელი ფსიქოლოგიური სტრესი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნა, რომ მსგავსი უარყოფითი ზეგავლენის, ასევე, გაუცხოების რისკის თავიდან აცილების მიზნით უნდა შეიცვალოს მამასა და შვილს შორის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ურთიერთობის წესი, კერძოდ, მამასა და შვილს შორის უნდა დადგინდეს უფრო ხშირი და ხანგრძლივი ურთიერთობის წესი.
72. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის (აპელანტი) მიერ, რომელმაც მოთხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
73. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მე-9 მუხლი, თუმცა არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ბავშვის მიმართ არ გამოკვეთილა რაიმე ნეგატიური შინაარსის ფსიქოლოგიური ზეგავლენის ღრმა კვალი და გაიზიარა ექსპერტ-ფსიქოლოგ თ.ს–ის დასკვნა, რომ „დედის მხრიდან განმეორებითად ხორციელდება მამასთან ურთიერთობის შეზღუდვა, რაც არის ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი ფორმა" (გადაწყვეტილების 32-34 გვ.). ამავდროულად, თავად სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულმა, თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი ფსიქოლოგიური სტრესი (გადაწყვეტილების 34 გვ. ბოლო აბზაცი). ამის მიუხედავად, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მე-9 მუხლი და არ შეაფასა, დედის მხრიდან ბავშვზე განხორციელებული ძალადობით, შესაბამისად, სასტიკი მოპყრობით განპირობებული გამოუსწორებელი ფსიქოლოგიური სტრესის მიღების გამო, რატომ არ იყო ბავშვისათვის საუკეთესო ინტერესი ამ პრობლემის მოგვარების იმგვარი გზა, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრულიყო მამასთან; რატომ არ გაიზიარა სასამართლომ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია და ფსიქოლოგის პოზიცია, რომ ვინაიდან ბავშვზე დედა ძალადობას ახორციელებს იმგვარად, რომ არ მოხდეს მისი მამასთან წასვლა, რის გამოც, ბავშვს უწევს მუდმივად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში ყოფნა და აღსრულების პროცედურების გავლა (იხ. მმო-ს 2021 წლის 9 ივლისის სიტუაციური ანალიზის აქტი, სადაც საუბარია დედის გავლენებზე, ბავშვის სტრესულ მდგომარეობაზე აღსრულების პროცედურების გამო, აღწერილია, თუ როგორ ურტყავდა ბავშვი დედას და სოციალურ მუშაკს, გამოხატავდა ნივთების დამტვრევის სურვილს. აქტში ხაზგასმით არის აღნიშნული ის ფაქტიც, რომ როდესაც ბავშვი მიჰყავს მამას სოც. მუშაკიდან, საბავშვო ბაღიდან, ბავშვი სიხარულით მიჰყვება, კოცნის და ეფერება მამას, ხოლო დედის გვერდიდან ბავშვი დაძაბულია, იტანჯება მამასთან მისვლის სურვილით, მაგრამ ვერ მიდის დედის გვერდიდან). ამ სტრესის თავიდან ასაცილებლად აუცილებელი იყო, განსაზღვრულიყო ბავშვის საცხოვრებელი ადგილი მამასთან. კასატორი აღნიშნავს, რომ როგორც ეს ექსპერტმა და ბავშვის წარმომადგენელმა ორგანომ აღნიშნა მამისაგან ბავშვი დედასთან უპრობლემოდ ბრუნდება, არ განიცდის მამისაგან ზეწოლას, მამა არ ესაუბრება დედაზე უარყოფითად.
74. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მე-19 მუხლი და აღნიშნავს, რომ არსებობს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს დედის მხრიდან შვილზე მავნე ზეგავლენას, არასწორი აღზრდას პირობებში, კანონდაუმორჩილებელ ატმოსფეროში აღზრდას, სადაც ბავშვს აჩვევს სიცრუეს, შანტაჟს. ასეთი გარემო ზოგადად შეფასდება ბავშვისთვის არაჯასაღ გარემოდ. 2018 წლის 13 მარტის დასკვნაში ჩანს ის, რომ დედა ბავშვის ღირსებას ლახავს თავისი აღზრდის მეთოდებით, სტრესავს და უგულვებელყოფს ბავშვის სურვილებს, რაც სასამართლომ არ შეაფასა და მხოლოდ ციტირებებით შემოიფარგლა. 2018 წლის 13 მარტის დასკვნაში მითითებულია, რომ დედის გარემოში ბავშვი როგორც სუბიექტი ისე არ აღიქმება, იგი მიჩნეულია ობიექტად და უგულებელყოფილია მისი სურვილები. მონატრებული მამის დანახვაზე ბავშვის ცრემლები; დედის მხრიდან ჩასველებული ბავშვისათვის ვიდეოს გადაღება; მამის ნაჩუქარი ნივთების გადაყრა;..ბავშვის სურამში წასვლის სურვილის უგულებელყოფა; ეს უკანასკნელი კი ე.ხ–მა ახსნა იმით, რომ „რელევანტური აღარ იქნებოდა, რადგან გ.დ–ის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მალე ციხეში აღმოჩნდებაო".
75. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ უგულებელყო უშუალოდ სააპელაციო სასამართლოში საქმის მიმდინარეობისას დედის მხრიდან გაკეთებული კომენტარი და დამოკიდებულება, რაც არასრულწლოვანის ღირსებას ლახავს, როგორიცაა: „მამას ბავშვი არ უყვარს", „მამა არ არის საჭირო".
76. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა სოციალური მუშაკის 2020 წლის 24 დეკემბრის დასკვნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ მოპასუხის (დედა) მითითებით ბავშვმა სოციალურ მუშაკს უჩვენა ტელეფონში შენახული სექსუალური ხასიათის ფოტოები. სოც.მუშაკი ცალსახად უთითებს, რომ დედა ვერ იაზრებს რაოდენ მატრამვირებელია ბავშვისათვის სექსუალური ხასიათის ფოტოების შენახვა იმ ტელეფონში, რაზედაც მიუწვდება ბავშვს ხელი რეგულარულად. ბავშვის უფლებათა კოდექსის პ) პუნქტით „ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია" განიმარტება შემდეგნაირად − „ძალადობის ან დანაშაულის წახალისებისკენ მიმართული ინფორმაცია, სექსუალური შინაარსის ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც ეწევა ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალების ან აზარტული თამაშობის პროპაგანდას ან რომელშიც ძალადობის, მკვლელობის ან სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოდგენილი". კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხე ცდილობდა მამისათვის დაებრალებინა, რომ სექსუალური შინაარსის ფოტოების გადმოწერა ბავშვს მამამ ასწავლა, რის გამოც, მანამდე სანამ გადამოწმდებოდა ეს ფაქტი (რაც არ დადასტურდა და პირიქით, პროკურატურამ სასამართლოს განჩინებით დედის წინააღმდეგ აღძრა საქმე და ჩამოართვა ტელეფონი და კომპიუტერი), მამას არ მიეცა შვილის წაყვანის უფლება და დედამ დრო მოიგო, მოითხოვა აღსრულების შეჩერება, შეცდომაში შეიყვანა მმო და შვიდი თვე ბავშვი მამას არ ანახა. დედის ფანტაზია შორს წავიდა და ბავშვს დააბრალა სექსუალური ხასიათის ისეთი ქცევა, რაც მას არ ჩაუდენია, რითაც კიდევ ერთხელ მიაყენა ბავშვს შეურაცხყოფა და ჩააგდო ღირსების შემლახავ სიტუაციაში, როგორც თანატოლის მიმართ, ისე საჯაროდ, ვინაიდან ყველასთან ყვებოდა და წერილობით განცხადებებს წერდა (იხ. ეკ. ხ–ის 2021 წ. განცხადება, სადაც დედა ბავშვს აბრალებს თანატოლი გოგოს მიმართ სექსუალური ხასიათის ქცევის ჩადენას და თან აღნიშნავს, რომ თვითონ ამ ყველაფერს უყურებდა, თუ როგორ აკეთებდა ამას შვილი. აღნიშნული კი მოიგონა იმ მიზნით, რომ ბავშვის ეს ქცევა დაებრალებინა მამისათვის, თითქოს მან ასწავლა შვილს, რათა მას ბავშვი არ წაეყვანა დასასვენებლად).
77. კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული მიუხედავად, საპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ის კანონები, რომლის გამოყენება, განმარტება და შეფასება, გადამწყვეტია ბავშვის საუკეთესო ინტერესის დადგენის მიზნით. მით უმეტეს, რომ არასრულწლოვანი სრულად ადაპტირებულია მამის გარემოში და მამის სახლს უწოდებს მხოლოდ „ჩემ სახლს".
78. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის 27.1 მუხლი და არ გაითვალისწინა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისათვის ეს მნიშვნელოვანი ასპექტები, რომ მამის გარემო არის ამ დავაში სწორედ ბავშვის განვითარებისათვის, მისი კეთილდღეობისათვის, სოციალური ურთიერთობის, ზნეობრივი, ფიზიკური, გონებრივი და სულიერი განვითარებისათვის შესაბამისი, რასაც ვერ ვიტყვით დედის გარემოზე. კასატორი აღნიშნავს, რომ ყველა დოკუმენტშია ასახული, თუ რამდენად ღირებულია მამა-შვილის ერთად ყოფნის ყოველი წუთი, ვინაიდან მამა აქტიურად არის ჩართული შვილის აღზრდაში და მისი განვითარებისათვის ყველაფერს აკეთებს, შვილის გვერდით არის და მისი მხარდამჭერია, ერთად თამაშობენ და ხალისობენ, ერთად გეგმავენ და ერთად არიან ჩართული ყველა აქტივობაში. რაც შეეხება დედა-შვილის ურთიერთობას, სამწუხაროდ, ვერცერთ დოკუმენტში ვერ ნახავთ იმის დამადასტურებელს, რომ დედა შვილის აღზრდით არის დაკავებული, დოკუმენტებში ჩანს მხოლოდ ის, რომ იგი ზრდის შვილს, მაგრამ აღსაზრდელად არაფერს აკეთებს, პირიქით, ვნებს თავისი ძალადობრივი, უზნეო, ამორალური და კანონდაუმორჩილებელი, შანტაჟური საქციელებით. თავად სოც.მუშაკი ყვება ფაქტებს, რომ მიუხედავად დედის ძალადობის და ხელშეშლისო, თუ დედამ მისცა ბავშვს ნება წასვლის, ბავშვი მაშინვე მიყვებაო და იმდენად დიდია ეს მიჯაჭვულობა მამა-შვილის, მონატრება და სიყვარული და იმდენად ბედნიერია ბავშვი მამასთან, რომ დედის მხრიდან ამდენი ძალადობის მიუხედავად, ბავშვს არ სჭირდება შეჩვევა.
79. პალატამ მართალია გაიზიარა ფსიქოლოგის დასკვნები, რომელშიც საუბარია, რომ დედის აღზრდა ბავშვზე იწვევს მავნე ზეგავლენებს, „ბავშვის ფსიქოლოგიური კეთილდღეობისა და სოციალური ურთიერთობისათვის უარყოფით შედეგებს. ემპირიული მონაცემების თანახმად, ასეთი გამოცდილების მქონე ბავშვები დგანან დეპრესიის, დაბალი თვითშეფასების, მოზრდილობის ასაკში პარტნიორულ ურთიერთობებში არსებული სირთულეების ჩამოყალიბების გაზრდილი რისკის ქვეშ" (იხ. 2022 წლის 09.02. ფსიქოლოგის დასკვნის გვ.18), თუმცა, არ განმარტა, არ შეაფასა და არ გამოიყენა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები, რაც საქმის სხვაგვარ გადაწყვეტას გამოიწვევდა.
80. მანამდე სანამ მამა შვიდთვიანი წყვეტის შემდეგ შვილთან ურთიერთობას აღადგენდა, ამ შვიდი თვის მანძილზე დედის აღზრდის არასწორმა, მავნე, ძალადობრივმა გარემომ, ბავშვი მიიყვანა კრიტიკულად მძიმე მდგომარეობამდე, ბავშვმა სკოლაში ჩაისველა. 09.02.2022წ. დასკვნაში დეტალურად არის აღწერილი ფაქტები, თუ როგორ იქცეოდა ბავშვი სკოლაში. დასკვნაში აღწერილია, რომ ბავშვს სირთულეები ჰქონდა გაკვეთილზე, არ უსმენდა მასწავლებელს, ვერ ახდენდა კონცენტრაციას. ფსიქოლოგს პროფესიონალურად და ძალიან სწორად აქვს დასმული ის აქცენტები, თუ რატომ აქვს ბავშვს ასეთი ქცევები და თავად ქცევა, საუბრის მანერაც აღწერილია. მაგალითად, ფსიქოლოგი, მათ შორის, სოც.მუშაკის საუბრების მოშველიებით აღწერს, რომ ბავშვი სიტყვიერ შეურაცხყოფებს აყენებდა დედას, „შე ნაგავო", „არ გაგტყიპო შუაზე", „შენ ზედმეტი", „ადრე რომ ვიყავი რა ჩემი ფეხები მემახსოვრება" (აღნიშნულზე სოც. მუშაკის მოსაზრება: ბავშვი დაისწავლის დედის ქცევებს). ასევე აღწერილია, რომ ამ შვიდი თვის მანძილზე, როდესაც მამას რაიმე კავშირი არ ჰქონდა შვილთან და მხოლოდ დედის გარემოში იზრდებოდა, გამოირჩეოდა ფიზიკური აგრესიით დედის მიმართ, თმას აგლეჯდა, ამტვრევდა ნივთებს და წიხლებს ურტყავდა, როგორც სოც.მუშაკს, ასევე დედას. აღნიშნული გარემოებების მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა შესაბამისი ნორმები.
81. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ ბავშვის მეურვეები არიან დედა და მამა. როდესაც ბავშვი დედასთან ყოფნის პერიოდში ძირითადად პაპასთან არის, დედის დაკავებული გრაფიკის გამო, სააპელაციო სასამართლომ მამასთან საცხოვრებლად გადასვლა არ მიიჩნია პრიორიტეტულად და არასრულწლოვანი დატოვა ფაქტიურად პაპასთან. სწორედ ამ მიზეზით და ბავშვის საუბრით („პაპა რომ სვავს მე მეზობელთან მიშვებს და არ მინდა, რატომ არ მოდიხარ მამიკო ჩემს წასაყვანად?") შეიძლება აიხსნას ის, რომ ბავშვი არის უყურადღებოდ, დაისწავლის უზრდელურ ქცევას და სიტყვებს.
82. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის 37-ე მუხლი, როდესაც აპელანტი (მოსარჩელე) პალატას მიუთითებდა დედის მხრიდან ჩასველებული ბავშვისათვის ვიდეოს გადაღებაზე, ბავშვის დასჯის მიზნით ჩარტყმაზე და ეს ყველაფერი რელევანტური მტკიცებულებებით, სპეციალისტის დასკვნით დასტურდება, უნდა გამოეყენებინა მითითებული ნორმა და დაეცვა ბავშვი. ნებისმიერმა ადამიანმა რომ წარმოვიდგინოთ საკუთარ შვილზე, რომ ვინმე აიძულებდეს ბავშვს მამაზე, რომელიც უყვარს, ცუდად ისაუბროს, დააბრალოს რომ მამა სცემს მას, ან როდესაც ბავშვი განერვიულებული ტირის და არის ჩასველებული, ვიდეოს უღებენ მტკიცებულებისათვის, ასევე აიძულებენ, რომ ნახოს ასაკისათვის შეუფერებელი სექსუალური შინაარსის ფოტოები, აშინებდნენ, რომ მამას და მის ოჯახს მისი მოკვლა უნდათ და ა.შ. აღარ ჩამოვთვლით იმ მოქმედებებს რასაც მოპასუხე შვილის მიმართ იყენებდა და იყენებს - არ არის ეს წამება?!- უმძიმესი წლები გაიარეს მამა-შვილმა და ორივე არის მოპასუხის მსხვერპლი, განიცადეს ტანჯვა, რის დასადასტურებლადაც საქმეში არსებობს სამხარაულის დასკვნაც.
83. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის 39-ე მუხლი, რადგან როდესაც არასრულწლოვანს სჭირდება ასეთი დაცვა და აღდგენა დარღვეული უფლებების, პალატამ დღეები მისცა მამას შვილთან ურთიერთობისათვის, თუმცა, ასეთი გადაწყვეტილება ვერ ხსნის პრობლემას, რომელიც დგას. თუ ისევ საცხოვრებელ ადგილად დარჩება დედის საცხოვრებელი ადგილი, ვინაიდან დედა ვერ აცნობიერებს ბავშვის ცხოვრებაში მამის აუცილებლობას (იხ. ფსიქოლოგის დასკვნები), ძალადობს შვილზე, რომ თავის მოკავშირედ აქციოს და აღსრულების პრობლემა არსებობს მუდმივად (ხან რა ტყუილს იგონებს დედა მამაზე, ხან რას, რომ არ მოხდეს აღსრულება), მამისათვის დღეების გაზრდა, როგორც ეს მიიჩნია პალატამ, ცვლის ბავშვის მდგომარეობას უკეთესობისაკენ?! - რა თქმა უნდა, არა. პირიქით, ეს აუარესებს ბავშვის მდგომარეობას.
84. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 1202-ე მუხლი. სააპელაციო პალატამ თანაბარი უფლება არ მისცა მამას საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე. დედას, რომელსაც იმის უფლება აქვს, სადაც სურს იქ წაიყვანოს ბავშვი, თუნდაც მთელი დღეები ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ მყოფი პაპის ზრუნვის ქვეშ დატოვოს მხოლოდ, მამას რატომ არ მისცა უფლება, რომ ტელეფონზე მაინც დალაპარაკებოდა შვილს? რატომ არ აქვს მამას საზღვარგარეთ ბავშვის არდადეგებზე დასვენების მიზნით გაყვანის უფლება? ან რატომ არ მისცა სასამართლომ მამას უფლება, რომ გამოეხატა მამასაც საკუთარი აზრი, ბავშვის სასამართლოში დაკითხვის თაობაზე? რატომ მისცა ორივე ინსტანციის სასამართლომ მხოლოდ დედას ის პრიორიტეტი, რომ ბავშვის ორივეჯერ გასაუბრება მომხდარიყო ისე, რომ მას მოეყვანა უშუალოდ სასამართლოში და არა მამას? მამა, რომელიც მუდმივად ითხოვს, მიეცეს საშუალება, ატაროს ბავშვი დამატებით წრეებზე, ჩართოს დამატებით აქტივობებში, რატომ არ ერევა სასამართლო და რატომ ტოვებს ბავშვს ამ ყველაფრის გარეშე?! არაერთი განცხადება, შუამდგომლობა არის შეტანილი სასამართლოში მამის მოთხოვნით, რომ ბავშვი წაიყვანოს არდადეგებზე შვედეთში, ატაროს კარგ კერძო სკოლაში, ცურვაზე, საზაფხულო ბაღში კი არ იაროს ბავშვმა, ქალაქგარეთ წაიყვანოს მამამ დასასვენებლად, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობების უმეტესი ნაწილი სასამართლომ საერთოდ უპასუხოდ დატოვა, რითაც მამას წაართვა მშობლის თანაბარი უფლება. და ბოლო კითხვა ამ ნორმასთან მიმართებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია: მამას, რომელსაც ურთიერთობის წესი შეუჩერეს, მანამდე სანამ დედის მიერ მიწოდებულ ცრუ ინფორმაციაში დარწმუნდებოდნენ, რატომ არ უჩერებენ დედას შვილთან ყოფნის უფლებას, თუ ის ძალადობს შვილზე ფსიქოლოგიურად?! - არის კი ეს თანაბარი უფლებების მიცემა?! კასატორი თვლის, რომ ის არის შერჩევითი სამართლის მსხვერპლი და ამით ყველაზე მეტად მისი შვილი იჩაგრება!!!
85. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოყენა სსკ-ის 1198.1, 1199-ე, 1200-ე მუხლები; ბავშვის უფლებათა კოდექსის პირველი მუხლი, მე-3 მუხლის თ) პუნქტი, მე-4, მე-6, მე-18, 25-ე, მე-60 მუხლები.
86. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ იმსჯელა თუ რა არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები მოქმედი კანონმდებლობით. ბავშვის დედასთან ყოფნით ყველა ის უფლება, რაც ამ ბავშვის საუკეთესო ინტერესად ფასდება, დარღვეულია. ბავშვის კეთილდღეობა, უსაფრთხოება, ჯანმრთელობა რომ არ არის დაცული ძალადობრივი აღზრდის მეთოდების გამოყენების პირობებში.
87. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, ბავშვის უფლებათა კოდექსის 24-ე მუხლი. სასამართლომ არ იმსჯელა რატომ არ გაიზიარა ბავშვის წარმომადგენლის და ფსიქოლოგის პოზიციები, რომ ე.ხ–ი არ ამყოფებს ბავშვს მისი კეთილდღეობისათვის, განვითარებისათვის ჯანსაღ გარემოში.
88. სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ ფორმალურად ჩართო ბავშვის ადვოკატი, რომელიც დედას ხვდებოდა და ისე იღებდა გადაწყვეტილებებს, მოქმედებდა დედის მითითებებით, ბავშვს არ განიხილავდა საკუთარი უფლებების მქონე ინდივიდად. ბავშვის ადვოკატმა გამოტოვა პირველი ინსტანციის საქმის განხილვა, ის არ ყოფილა ჩართული საქალაქო სასამართლოში. ორივე ინსტანციის სასამართლომ დაარღვია ნორმები ასევე ბავშვთან გასაუბრებისას. პირველმა ინსტანციამ ყველას თანდასწრებით მოაწყო ეს გასაუბრება და ბავშვი მტრულ გარემოში აღმოჩნდა, ღია სასამართლო სხდომაზე, სადაც მანტიაში გამოწყობილი მოსამართლის გარდა იყვნენ ადვოკატები, მხარეები, მმო-ს წარმომადგენელი, თუმცა, არ ყოფილა ფსიქოლოგი.
89. სააპელაციო სასამართლომ მართალია მოიწვია ფსიქოლოგი და ბავშვსაც მისი თანდასწრებით გაესაუბრა, თუმცა, გარემო კვლავ მტრული იყო ბავშვისათვის.
90. ბავშვი, რომელზეც ფსიქოლოგი ამბობს, რომ დედის გარემოში ძალადობის ქვეშ არის, სხდომაზე მოიყვანეს პაპამ და დედამ, რომლებიც ვერ იტანენ გ.დ–ს და მის წინააღმდეგ უარყოფითად განაწყობენ (პაპა სასამართლო შენობაშიც კი ვერ იკავებდა თავს და აგინებდა ბავშვის მამას), როგორ წარმოგიდგენიათ, ასეთ გასაუბრებას რა შედეგი მოაქვს ან საქმეზე დავის გადაწყვეტის მიმართულებით, ან ბავშვზე ზოგადად ფსიქო-ემოციური სტრესის კუთხით? ბავშვს სასამართლომ არ მოუსმინა რეალურად!!! არ მოისურვა გაეგო რეალურად მისი ნება. არ მიაქცია ყურადღება იმ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, სადაც წერია, რომ ბავშვი მხოლოდ მამის სახლზე ამბობს : „ჩემი სახლი აქ არის", „ჩემი ძაღლი".....ბავშვისთვის სწორედ მამის გარემოა აღქმული მისად, მხოლოდ მამის გარემოა მისთვის დაცულობის, კეთილდღეობის, მხარდაჭერის ადგილი, სადაც თავისუფალი და ჰარმონიული გარემო აქვს.
91. სასამართლოს რომ მოესმინა სპეციალისტების და ბავშვის წარმომადგენლებისათვის, შესაბამისად, ბავშვისათვის, დავის გადაწყვეტის საუკეთესო გზა იყო ის, რომ ბავშვის ძირითად საცხოვრებელ ადგილად გადაეწყვიტა მამის საცხოვრებელი ადგილი. ამ შემთხვევაში, ბავშვი აღიდგენდა იმ უფლებას, რაც ირღვევა აღსრულების პროცედურების დროს და თავიდან იქნებოდა აცილებული ბავშვის ტანჯვა, ყოველი აღსრულების დროს მმო-ში ბავშვის მიყვანა. მამისაგან დედასთან ბავშვი უპრობლემოდ წავიდოდა და აღარ გახდებოდა საჭირო აღსრულების პროცედურების განხორციელება. მამა, რომელიც უფრო აქტიურად არის ჩართული შვილის აღზრდაში და უფრო აქტიურად ზრუნავს მის მომავალზე, უფრთხილდება შვილის ფსიქიკას, არ ძალადობს მასზე და ზრდის თავისუფალ, ჯანსაღ გარემოში, მთლიანად მასზე იქნებოდა ეს პასუხისმგებლობა და დედას, იმ დროს, რა დროსაც, ის არ მუშაობს და შეძლებდა ბავშვთან უფრო მეტი დროის გატარებას, მისცემდა შვილთან ურთიერთობისათვის თავისუფალ საშუალებას. დავის ასეთი გადაწყვეტის შემთხვევაში არის მხოლოდ შესაძლებელი დავიცვათ ბავშვის საუკეთესო ინტერესები და თავიდან ავიცილოთ გამოუსწორებელი ზიანი.
92. პირველი ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხის მხრიდან ბავშვზე ხორციელდებოდა ნეგატიური ფსიქოლოგიური ზემოქმედება მამასთან - გ.დ–თან ურთიერთობის მხრივ, აღნიშნულმა კი თავის მხრივ ბავშვისათვის შესაძლოა გამოიწვიოსო გამოუსწორებელი ფსიქოლოგიური სტრესი (გადაწყვეტილების 34 გვ.). ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ არ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანხმად ბავშვზე არ გამოკვეთილა რაიმე ნეგატიური შირაარსის ფსიქოლოგიური ზეგავლენის ღრმა კვალი რომელიმე მშობლის მხრიდან (32გვ. პირველი აბზაცი). კასატორის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ პალატამ მართალია დაადგინა დედის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეგავლენის უარყოფითი გავლენის არსებობა და ისიც თქვა, რომ ამან შესაძლოა გამოიწვიოსო გამოუსწორებელი სტრესი, თუმცა ძალიან ბუნდოვნად არის პალატის მიერ აღნიშნული ჩანაწერები გადაწყვეტილებაში. მაგალითად, პალატა სრულად იზიარებს მის მიერ ჩართული ექსპერტის დასკვნას და ხელმძღვანელობს ამით, ამბობს, რომ ექსპერტის განმარტებით, დედის მხრიდან ბავშვზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ძალადობა, თუმცა, საკუთარ შეფასებაში ასე პირდაპირ არ უწოდებს ამ ფაქტს ძალადობას. მართალია გადაწყვეტილების ზოგადი განმარტებით დგინდება, რომ პალატა დედის მხრიდან ძალადობის შემთხვევების არსებობას იზიარებს, თუმცა, კატეგორიულ შეფასებას არ იძლევა და არბილებს ამ ფაქტს. რითაც კიდევ ერთხელ აძლევს შანსს მოძალადეს, რომ იძალადოს შვილზე. სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოს ამგვარმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ის, რომ დედის მესაკუთრული, ძალადობრივი ტენდენციები შვილის მიმართ კიდევ უფრო გაღრმავდა და შვილის მოკავშირეობაში გადაზარდა, რაც ნიშნავს, რომ ბავშვისათვის ზიანი დამძიმდა. ახლა კი უკვე პალატამ მისცა დედას ამის საშუალება და მაშინ, როდესაც უამრავი მტკიცებულება არსებობს საქმეში, ექსპერტმა პირდაპირ უთხრა სასამართლოს, რომ თუ ასე გაგრძელდა დედის მხრიდან ძალადობა, სიტყვას ვიძლევი, ბავშვი საერთოდ დაკარგავს მამას და ამ ბავშვის მომავალი იქნება განწირულიო. მისი პოზიცია გაიზიარა მმო-ს წარმომადგენელმაც და მიუხედავად ამ ყველაფრისა, პალატამ არათუ ძალადობის ფაქტი შეარბილა, არამედ ეს ფაქტი ისე დაადგინა, თითქოს წარსულში ხორციელდებოდა ასეთი ზეგავლენები. მაშინ, როდესაც არცერთი მტკიცებულება, არცერთი სპეციალისტი, მათ შორის, ექსპერტი, ამაზე წარსულში არ საუბრობს, პირიქით, ისინი ამბობდნენ და ყველა მტკიცებულებაში ისე არის დასაბუთებული, რომ დედის მხრიდან ძალადობა პერმანეტულად ხორციელდება, იყო წარსულშიც და დღესაც გრძელდება. ცალსახად თქვეს სპეციალისტებმა, რომ დედა ვერ აცნობიერებს შვილის ცხოვრებაში მამის საჭიროებას და იმედს იტოვებს, რომ მამა ციხეში წავა და ბავშვი დროთა განმავლობაში დაივიწყებს მამას.
93. კასატორი მიუთითებს 2018 წლის 05 მარტის სოც. მუშაკის დასკვნაზე, 2018 წლის 08 იანვრის სოც. მუშაკის დასკვნაზე, საპატრულო ოქმებზე. ასევე, ე.ხ–ის განცხადებაზე, სარჩელზე დანართი 10, სადაც უწერია: „როდესაც მას ღამით ჰყავდა წაყვანილი დიღმის სახლში, ბავშვს ეძინა არაჰიგიენურ პირობებში, თეთრეულის გარეშე, ამიტომ საბანი, რომელიც თეთრეულის გარეშე ეფარა, ვთხოვე გაერეცხა სარეცხის მანქანაში და სურათი გამოეგზავნა, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ სასამართლო შეიყვანა შეცდომაში იმის თაობაზე, რომ მას სახლში სარეცხის მანქანა არ ჰქონდა“. აღნიშნულით დასტურდება, რომ დედა ბავშვს მანიპულატორად აქცევს და მამის წინააღმდეგ მტკიცებულების მოპოვების მიზნით იყენებს. კასატორი მიუთითებს ე.ხ–ის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მედიკამენტების ჩამონათვალზე. კასატორი აღნიშნავს, რომ აღნიშნული მასალით ირკვევა, რომ ბავშვს ძალიან მცირე ასაკში მიღებული აქვს ისეთი საფრთხისშემცველი მედიკამენტები, როგორიცაა პარაცეტამოლის ტაბლეტი, პანანგინი, პრედლიზოლონის ტაბლეტი, ნოოფენის ტაბლეტი, ნოლაქსენის ტაბლეტი, ატარაქსის ტაბლეტი და ა.შ. ამასთან, ხაზგასასმელია ისიც, რომ მცირე ასაკის ბავშვზე ძირითადად მიცემული აქვს მედიკამენტები ტაბლეტის ფორმით, ეს მაშინ, როდესაც არ არსებობს მედიკამენტებზე თანხის დაზოგვის მიზეზები, - გ.დ–ი ყოველ თვე 300 ლარს ურიცხავდა ე.ხ–ს და თავად ე.ხ–ი დასაქმებულია და აქვს საკუთარი შემოსავალი.
94. კასატორი მიუთითებს ამბ. ნევროლოგის კონსულტაციის ცნობაზე, 26.12.17წ. და აღნიშნავს, რომ აღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება, რომ დედის გარემოში ბავშვი ჯერ კიდევ მცირეწლოვნობისას იყო „ჯიუტი, აგრესიული, უჭირს ჩაძინება, ხშირად იღვიძებს, ტირის, იხდის ტანსაცმელს, იცის უცხოობა"...ნევროლოგის დიაგნოზი: ემოციური აშლილობა მოპასუხის წინააღმდეგ, რომ ის სათანადოდ ვერ ზრუნავდა და ვერ ზრუნავს შვილის ჯანმრთელობაზე, არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლის კონკრეტულად ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს ექიმი-პედიატრის, თ.მ–ძის მითითება (რომელიც აღწერილი აქვს სოც. მუშაკს), რომლითაც ირკვევა, რომ ე.ხ–ი შეეცადა ექიმის შეცდომაში შეყვანას და ბავშვისათვის მძიმე დიაგნოზის დასმას, რაზედაც ექიმი აღნიშნავს რომ მთელი მისი პრაქტიკის განმავლობაში ასეთი რამე არ ახსოვს, როგორ მოახერხა დედამ, რომ ბავშვისათვის, მაშინ, როდესაც ამ ბავშვს საამისო არაფერი სჭირდა, ამდენი ანალიზი დაენიშნინებინა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ სპასტიური ჰემიპლეგიის დიაგნოზი დაასმევინა დედამ ექიმ ხ. დ–ს (31.10.2017წ.). სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება ასეთ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს და ფაქტებს, მათ შორის სოც. მუშაკის დასკვნებს, სადაც საუბარია, რომ კრიტიკული სიტუაცია შეუქმნა დედამ ბავშვს არაერთხელ და ავადმყოფი, ფილტვების ანთებიანი ბავშვი გაატანა მამას, ისე რომ ამის შესახებ არ უთხრა სოც. მუშაკს. შემდეგ კი შეეცადა ეს დაებრალებინა მამისა და სოც. მუშაკისათვის. დედა, რომელიც საკუთარ უფლებებს ასე იყენებს რომ შვილს ჯანმრთელობას განზრახ უმძიმებს, ზოგჯერ იმ მიზნით, რომ ალიმენტი მოითხოვოს (ცნობებით ირკვევა ისიც, რომ გამგეობისგანაც ითხოვდა თანხებს), ზოგჯერ კი იმ მიზნით, რომ მამას დააბრალოს, რომ მან დაავადა, უფრო ხშირად კი იმ მიზეზით ხდებოდა ეს, რომ მამას არ წაეყვანა, სასამართლომ როგორ ჩათვალა, რომ ბავშვის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება არის დაცული დედასთან?! რა გარანტია არსებობს იმისათვის, რომ ასეთი მძიმე გამოცდილების შემდეგ დედა ისეთ რამეს არ დამართებს შვილს, რომ საბოლოოდ მის სიცოცხლეს არ შეუქმნის საფრთხეს?! პალატამ არასწორად დაადგინა, რომ ბავშვი დედის ოჯახში იზრდება ბებიასთან, პაპასთან და დედასთან ერთად. სინამდვილეში ბავშვი დედის გარემოში იზრდება პაპასთან და მთელ დღეებს მასთან ერთად ატარებს, ბებია კი ჰყავს გარდაცვლილი. ბავშვის აღზრდის მშობლების მიერ უპირატესობის საკითხზე ყურადღება გამახვილდა ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს მმო-ს წარმომადგენლის მხრიდანაც ფსიქოლოგის დაკითხვის პროცესის დროს. აღნიშნულ საკითხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისითაც, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ე.ხ–ი გამოუჯანმრთელებელ ბავშვს უშვებდა ბაღში, საზაფხულო ბაღში შეჰყავდა, ძიძის აყვანას ითხოვდა, მაშინ, როდესაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ მამის გარემოში, ბავშვი სულ მამასთან არის: მამა-შვილი აქტიურად ატარებს ერთად დროს, ერთად გეგმავენ დღეს, ვარჯიშობენ, თამაშობენ, სწავლობენ და დადიან კინოში, თეატრში, ჩართული არიან სხვადასხვა აქტივობებში. მამა განსაკუთრებით ზრუნავს ნუტრიციულ საკვებზე და აღნიშნულზე საუბარია, როგორც სოც. მუშაკის დასკვნებში, ასევე ფსიქოლოგის დასკვნებში. ამ უკანასკნელზე დაწვრილებით არ შევჩერდებით, ვინაიდან ეს არც გამხდარა ფაქტიურად სადაო. შესაბამისად, პალატამაც გაიზიარა პირველი ინსტანციის შეფასება, რომ მამასთან ბავშვის ყველა უფლება არის დაცული. თუმცა პრეტენზია გვაქვს იმაზე, რომ დედის გარემოში ბავშვის უფლებების დარღვევა შერბილებული აქვს პალატას და იმაზე უფრო აკეთებს აქცენტს, რომ ბებია-პაპის გარემოში ბავშვი თავს კარგად გრძნობსო, ვიდრე იმ ფაქტებზე, რას აკეთებს ბავშვი დედასთან მთელი დღე. თუმცა ვერც ვერაფერს დაწერდა ამ საკითხზე პალატა, ვინაიდან, როგორც ბავშვი აცხადებს, დედას მისთვის არ სცალია. არ არსებობს საქმეში მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, ბავშვი როგორ ატარებს მთელ დღეებს დედასთან ერთად. პალატამ არ მიიჩნია დადგენილად ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რაზედაც ექსპერტმა და მმო-მ მიუთითა, რომ დედა არ ასრულებს სასამართლოს განჩინებებს, რომლის თანახმად ის ვალდებულია მამას გაატანოს ბავშვი, იგონებს ათასგვარ მიზეზს, უმიზეზოდ აჩერებს აღსრულების პროცესს, სტრესავს ბავშვს აღსრულების პროცედურებით, რის გამოც, ბავშვისათვის დედისაგან მამასთან წასვლის პროცესი დედის ძალადობის გამო არის მტკივნეული. ხოლო მამიდან ბავშვის დედასთან დაბრუნება არის უმტკივნეულო, ბუნებრივი, ვინაიდან მამა არ ელაპარაკება ბავშვს დედაზე უარყოფითად.იხ. სხდომის ოქმები. სოც. მუშაკის და ფსიქოლოგის დასკვნები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ეს პერმანენტულად გრძელდება და დედა ამას აკეთებს ისე, როგორც და როდესაც აწყობს. მაგალითად, როდესაც დასჭირდა, პალატის მიერ საქმის დასრულების დროისათვის და აღმასრულებლის გაფრთხილების შემდეგ, ბავშვი გაატანა მამას. ფსიქოლოგთან თანამშომლობაზეც, მანამდე სანამ მოსამართლემ არ უთხრა, რომ განჩინების შეუსრულებლობა დანაშაულია, მანამდე არ ითანამშრომლა და კიდევ წელიწადნახევრით გააჭიანურა საქმე. ე.ხ–ი, რომელიც კანონს არღვევს ასე უხეშად და არ ემორჩილება მას, როგორი შვილი უნდა აღზარდოს?! ამის პარალელურად, მამა მაშინვე შვედეთიდან ჩამოვიდა საქართველოში, როგორცკი მას შვედეთის შესაბამისმა ფსიქოლოგ-ექსპერტებმა აუხსნეს, თუ რა სავალალო შედეგი შეიძლება დადგეს იმ პირობების გამო, როგორშიც და როგორც, დედა ზრდის შვილს. საქმეში არ ფიქსირდება არცერთი შემთხვევა, რომ რაიმე გადაცდომა ჰქონდეს გ.დ–ს და არ შეესრულებინოს კანონი, სასამართლოს განჩინება. დედა კი ახლაც, როდესაც სასამართლო დასრულდა, კიდევ ცდილობს მამასთან ბავშვის ყოფნის დროს, სატელეფონო კონტაქტით ბავშვის უარყოფითად განწყობას მამის მიმართ, მანიპულირებს და შეფარულად ძალადობს ბავშვის ფსიქიკაზე, სასამართლოს დროებითი განკარგულებაც კი შეაცვლევინა მოგონილი ფაქტების საფუძველზე და კვლავ აგრძელებს ძალადობრივ მოქმედებებს.
95. გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს იძლევა, ის, რომ სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 248-ე მუხლი, რომლის თანახმად, „სამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა".
96. თბილისის საააპელაციო სასამართლო იხილავდა მხოლოდ გ.დ–ის სააპელაციო საჩივარს, რომლის მოთხოვნა იყო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომელიც შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მამასთან განსაზღვრის საკითხს. სასამართლომ კი, თავისი გადაწყვეტილებით გ.დ–ს მიაკუთვნა ის, რაც მას არ მოუთხოვია და რის შესახებაც აპელაციაში საქმის მიმდინარეობის განმავლობაში საერთოდ არ ყოფილა მსჯელობა. მთელი პროცესის განმავლობაში მსჯელობა, პოზიციების მოსმენა და მტკიცებულებების განხილვა მიმდინარეობდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხზე, თუ რომელ მშობელთან უნდა მომხდარიყო დ.დ–ის ძირითადი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. სასამართლომ კი ბოლო სხდომაზე, მოისმინა რა მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს პოზიცია რომ მხარს უჭერენ ბავშვის მამასთან საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნას, მხოლოდ ამის შემდეგ დასვა კითხვა თუ, რა აზრის იყო მოსარჩელე, რომ დღეები თანაბრად განაწილებულიყო ბავშვის მშობლებს შორის. ცხადია, ასეთი დამოკიდებულება არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებასაც, ვინაიდან მხარეს არ მოუთხოვია სასამართლოსგან დღეების განსაზღვრა, მხარე ითხოვდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მასთან განსაზღვრას და ამ მოთხოვნით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (იხ. სააპელაციო საჩივარი). უფრო მეტიც, პალატამ უფრო მეტად დაურღვია მამას უფლება, გაუუარესა მდგომარეობა. უფრო კონკრეტულად რომ მოგახსენოთ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი დღეები ე.ხ–ის მოთხოვნის საფუძველზე, განისაზღვრა იმგვარად, რომ ბავშვი სკოლისაგან თავისუფალ სრულ ერთ დღესა და ღამეს, პარასკევი საღამოდან კვირას დილამდე მამასთან გაატარებს, ხოლო პალატამ გააუარესა ბავშვისა და მამის ერთად ყოფნის უფლება და პალატის გადაწყვეტილებით, ბავშვი სკოლისაგან თავისუფალ დროს მხოლოდ შაბათს შვიდ საათამდე გაატარებს მამასთან. პალატამ კანონის დარღვევით მიიჩნია, რომ საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა ამგვარი გადაწყვეტით ნიშნავს ნაწილობრივ დაკმაყოფილებას. მოქმედი კანონმდებლობით, მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ შვილთან ურთიერთობისათვის, თუმცა, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის დავის დროს, ხდება მისი ორგვარად გადაწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ, ან დედასთან, ან მამასთან, მისი ნაწილობრივი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
97. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ აშკარაა საქმეზე მიღებული უკანონო, უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც უხეშად ლახავს ბავშვის უფლებას, მის საუკეთესო ინტერესებს, ღირსეულ, თავისუფალ ცხოვრებას და მომავალს უსპობს.
სამოტივაციო ნაწილი:
98. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. მოცემულ საქმეზე 2022 წლის 1 ნოემბერს და 6 დეკემბერს ჩატარდა ზეპირი მოსმენა, მხარეთა შორის მორიგების მიღწევის მიზნით, თუმცა, მხარეებს შორის მორიგება ვერ შედგა.
99. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი, დაუშვებლობის გამო:
100. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავებების საფუძვლიანობა, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება კანონდარღვევას, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი მატერიალური და პროცესუალური ნორმების დარღვევით; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
101. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამრთლოს უფლება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მხარისათვის განჭვრეტადი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21; ).
102. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მცირეწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის კანონიერება წარმოადგენს. სსკ-ის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. სსკ-ის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს; ბავშვის უფლებათა კოდექსის 24.1 მუხლის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის, ასევე აღნიშნული კოდექსის 78.1 მუხლის თანახმად, ბავშვთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებაში ბავშვს გარანტირებული აქვს შესაძლებლობა, საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისა და განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ბავშვის მოსაზრებები.
103. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
104. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებებსა და დასკვნებს იმის შესახებ, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, არასრულწლოვანი დ.დ–ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი და პრეტენზიას აცხადებს სააპელაციო სასამართლოს მიერ, როგორც მატერიალური სამართლის ნორმების არასწორ განმარტებაზე, ისე საპროცესო წესების დარღვევაზე. ამ განჩინების პპ:72-93-ში მითითებული საკასაციო საჩივრის პრეტენზიების გათვალისწინებით საკასაციო პალატის კვლევის საგანს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დადგენა წარმოადგენს. ამ მიზნიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულ მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპზე შვილების მიმართ და ბავშვის უფლებაზე, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში(იხ.,სუსგ №ას-716-2021, 23 ივნისი, 2022წ.).
105. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება მოიცავს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას (იხ. გაეროს ბავშვთა კომიტეტის №12 ზოგადი სახელმძღვანელო კომენტარი).
106. ამავდროულად, როდესაც საკითხი უკავშირდება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უფლებას მოუსმინონ, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის განვითარებადი უნარები. ბავშვის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, რაც უფრო მეტი იცის ბავშვმა და მეტი გამოცდილება აქვს და მეტი ესმის, მით უფრო უნდა შეცვალონ მშობლებმა, მეურვეებმა ან ბავშვზე პასუხისმგებელმა სხვა პირებმა მითითებები და დარიგებები - შეხსენებითა და რჩევებით, მოგვიანებით, დამოკიდებულება დამყარდეს აზრთა ურთიერთგაცვლით, თანასწორ საფუძვლებზე. შესაბამისად, ბავშვის მომწიფებასთან ერთად მის მოსაზრებებს მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მისი საუკეთესო ინტერესების შეფასებისას. სიმწიფე არის გაგებისა და კონკრეტული საკითხის შეფასების უნარი და ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად დგინდება. სიმწიფის განსაზღვრა ძნელია; ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის მე–12–ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ეს არის ბავშვის შესაძლებლობები გამოხატოს მოსაზრებები საკითხთან დაკავშირებით გონივრულად და დამოუკიდებლად. ამასთან, ბავშვს აქვს უფლება „თავისუფლად გამოთქვას შეხედულებები“. „თავისუფლად“ ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია აზრის გამოხატვა ზეწოლის გარეშე და ასევე ნიშნავს, რომ დაუშვებელია ბავშვით მანიპულირება ან მასზე უსაფუძვლო გავლენა ან ზეწოლა. „თავისუფლად“ შინაგანად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ მოსაზრებასთან: ბავშვს აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები და არა სხვების აზრები. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ჰააგის კონვენცია კონკრეტულად არ განსაზღვრავს, თუ რა მიიჩნევა ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილად. სტანდარტულად, ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობს რეალურად ბავშვი ანუ ძირითადი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მთლიანად დამოკიდებულია ბავშვზე, მის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, კონკრეტულ ადგილას ცხოვრების ხანგრძლივობაზე, მის ფსიქოემოციურ კავშირზე ამ ადგილთან, გარემოში მის ინტეგრირებაზე. (იხ. სუსგ Nას-70-2022, 16.02.2022 წ.).
107. საკასაციო პრეტენზიების დასაბუთებულების შემოწმებამდე, პალატა ყურადღებას გაამახვილებს განსახილველი კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოსათვის სახელმძღვანელო რამდენიმე საკითხზე:
108. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით. ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმის უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ., სუსგ №ას-53-51-2016, 6 ივლისი, 2016 წელი).
109. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საპროცესო რეალიზაციის წესზეც. საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცალკე თავის სახით არის გამოყოფილი, რადგან მას ახასიათებს გარკვეული თავისებურებები. ამ თავისებურებას განაპირობებს საოჯახო ურთიერთობების სპეციფიკა, რომელიც უპირატესად ატარებს პირადულ და განგრძობად ხასიათს. ერთ-ერთ ფუნდამენტურ თავისებურებას საოჯახო-სამართლებრივი დავების განხილვისას, სხვა კატეგორიის საქმეთა განხილვისაგან განსხვავებით, წარმოადგენს ინკვიზიციურობის პრინციპის უფრო ფართოდ გამოყენება. მართალია, საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობები განეკუთვნება კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების სფეროს, მაგრამ ამ ურთიერთობების განვითარებითა და სიმტკიცით დაინტერესებულია მთელი საზოგადოება. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ სასამართლო ინარჩუნებს უფლებას, დაადგინოს ის გარემოებანი, რომელთა აუცილებლობა განაპირობებს არასრულწლოვანის ინტერესებისათვის ყველაზე კეთილსაიმედო გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს, რომელიც იხილავს კონკრეტულ საოჯახო-სამართლებრივ დავას, მინიჭებული აქვს უფლება, საქართელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილისა და 354-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ დასჯერდეს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და თავისი ინიციატივით განსაზღვროს იმ გარემოებათა წრე, რომელთა დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმის სწორად გადაწყვეტა (მტკიცების საგანი). მაშასადამე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დებულება არის სპეციალური ნორმა და მას უპირატესობა ენიჭება ამავე კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებულ ზოგად ნორმასთან შედარებით (იხ., სუსგ №ას-173-2022, 8 ივლისი, 2022წ.).ამ კატეგორიის საქმეთა განხილვისას სასამართლოს შეუძლია: ა) თავად განსაზღვროს მტკიცების საგანი, ე.ი. იმ გარემოებათა წრე, რომელთა დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმის სწორად გადაწყვეტა; ბ) თავისი ინიციატივით გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზეც მხარეებს არ მიუთითებიათ, მაგრამ აქვთ მნიშვნელობა მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დასადგენად.
110. საოჯახო საქმეთა განხილვისას პროცესის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სასამართლოს აძლევს უფლებას, „წარმართოს საქმის წარმოება“, რაც ნიშნავს იმას, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის პარალელურად, სასამართლოს გადაცემული აქვს პროცესის მატერიალური ხელმძღვანელობის უფლებამოსილება. თუმცა აქ დგება ამ ორი პრინციპის, მხარეთა შეჯიბრებითობისა და სასამართლოს აქტიურობის პრინციპების პროპორციის საკითხი. ამიტომაც, შეჯიბრებითობის პრინციპი არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც სასამართლოს უკიდურესი პასიურობა. საპროცესო კანონმდებლობით სასამართლოს არ ერთმევა უფლება, შესთავაზოს მხარეებს, წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები, ასე მაგალითად, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დავა შეეხება არასრულწლოვანის კანონიერ ინტერესებს, აქ უპირატესია ბავშვის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელი წინაპირობების გათვალისწინება. შესაბამისად, არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლოს ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები.
111. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბერის კონვენციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე,ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
112. 1989 წლის 20 ნოემბრის ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.
113. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. მაშასადამე, სამოქალაქო სამართალწარმოებით განსახილველ სხვა კატეგორიის საქმეთაგან განსხვავებით, საოჯახო-სამართლებრივი დავების განხილვა ინკვიზიციური ელემენტებითაა გაჯერებული, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის საფუძველზე კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს საქმის გარემოების დადგენას სასამართლოს ინიციატივითაც. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. მითითებული საპროცესო წესის გამოყენება სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე მით უფრო გამართლებულია, რამდენადაც სააპელაციო სასამართლო, როგორც სამართალწარმოების მეორე ინსტანცია, დავის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლოა და ამავე კოდექსის 380-ე მუხლით, მას ახალ მტკიცებულებათა მიღების შესაძლებლობაც გააჩნია.
114. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, როდესაც საკითხი სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასამართლოს პოზიტიურ ვალდებულებას შეეხება, სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვის უფლებათა კონვენციის 3.1 მუხლი). ბავშვი არ უნდა განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ამავე კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).
115. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
116. მხარეები არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2015 წლის 25 იანვრიდან. მხარეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია და მათ ერთმანეთთან გამწვავებული, კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულება აქვთ.
117. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში - 2015 წლის 14 სექტემბერს შეეძინათ შვილი - დ.დ–ი.
118. 2015 წლის 01 მარტს მოსარჩელე (კასატორი) გაემგზავრა საზღვარგარეთ - შვედეთში, მოპასუხე (მოწინააღმდეგე მხარე) ცხოვრობს მშობლების ოჯახში არასრულწლოვან შვილთან ერთად.
119. მოსარჩელის (კასატორი) საწარმოო ტრავმამ გამოიწვია მისი 12%-იანი სამედიცინო ინვალიდობა 01.08.2013 წლიდან, რაც გულისხმობს ფიზიკური და ფსიქიკური ფუნქციის გაუარესებას.
120. არასრულწლოვანი სწავლობს სსიპ ქალაქ თბილისის №174 საჯარო სკოლაში.
121. მხარეებს შორის წარმოშობილ დავაზე, 2017 წლის 22 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით საქმის წარმოების შეწყდა და დამტკიცდა მორიგების პირობები, რომლებიც მითითებულია ამ განჩინების პპ: 47-51-ში.
122. განსახილველი დავის ფარგლებში მხარეებს შორის დავის საგანია არასრულწოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.
123. კასატორის მოსაზრებით, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არასწორია, მეტიც, საზიანოა არასრულწლოვანის ჯანმრთელობისა და სწორად აღზრდის მიზნებისათვის (იხ., ამ განჩინების პპ: 92, 93). კასატორი აღნიშნავს, რომ ბავშვს, მცირე ასაკში, მიღებული აქვს ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა პარაცეტამოლი, პანანგინი, პრედნიზოლონი, ნოოფენი, ნოლაქსენი, ატარაქსი და სხვ. თანაც, ტაბლეტის ფორმით, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა მედიკამენტების ტაბლეტის ფორმით ყიდვის აუცილებლობა. კასატორი, ამბ. ნევროლოგის კონსულტაციის ცნობაზე (26.12.17წ.) მითითებით აღნიშნავს, რომ დედის გარემოში ბავშვი, ჯერ კიდევ, მცირეწლოვნობისას იყო ჯიუტი, აგრესიული, უჭირდა ჩაძინება, ხშირად იღვიძებდა, ტიროდა და ა.შ. ერთ-ერთი ექიმი-პედიატრის განმარტებით, ბავშვის დედა (მოპასუხე) შეეცადა ექიმის შეცდომაში შეყვანას და ბავშვისათვის მძიმე დიაგნოზის დასმას. გარდა ამისა, დედამ სხვა ექიმს სპასტიური ჰემიპლეგიის დიაგნოზი დაასმევინა (31.10.2017წ.). სოც. მუშაკის დასკვნებში საუბარია, რომ დედამ შეუქმნა ბავშვს კრიტიკული სიტუაცია, როდესაც ავადმყოფი ბავშვი, ფილტვების ანთებით გაატანა მამას, ისე რომ ამის შესახებ არ უთხრა სოც. მუშაკს. შემდეგ კი შეეცადა ეს დაებრალებინა მამისა და სოც. მუშაკისათვის. სასამართლომ მაინც ჩათვალა, რომ ბავშვის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება დედასთან უზრუნველყოფილია.
124. კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიებთან მიმართებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია საკითხი შეფასდეს არა ცალმხრივად, არამედ ყოველმხრივ, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დადგენის მიზნით. განსახილველ შემთხვევაში კი, არ დადასტურდა დედის (მოპასუხე/მოწინააღმდეგე მხარე) მხრიდან ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვის ვალდებულების უგულვებელყოფის გარემოება.
125. საქმეში წარმოდგენილი არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მიერ გაცემული ცნობებით, ჩატარებული კვლევებითა და გეგმიური აცრებით, დასტურდება, დედა (მოპასუხე/მოწინააღმდეგე მხარე) ყურადღებაა აქცევს ბავშვს და ზრუნავს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მკურნალი ექიმის დ.რ–ის მიერ, არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების მიხედვით მცირეწლოვანი არის ჯანმრთელი, რაც მოწმობს დედის (მოპასუხე) მხრიდან სწორი მიმართულებით მკურნალობაზე (იხ., ამ განჩინების პ.55). მითითებული გარემოებების გასაქარწყლებლად კასატორს დასაშვები საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
126. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ ბავშვი დედის ოჯახში მთელ დღეებს პაპასთან ერთად ატარებს, ბებია - გარდაცვლილია; მამის გარემოში კი, ბავშვი სულ მამასთან არის და აქტიურად ატარებს მამასთან ერთად დროს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადად, არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილებთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილებთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. კასატორს, ცხადია უნარჩუნდება ბავშვთან ურთიერთობის უფლება და თავის მხრივ, მოწინააღმდეგე მხარე (ბავშვის დედა) მოვალეა ასევე არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე ხელი შეუწყოს მამას ამ უფლების განხორციელებაში (სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1202-ე მუხლები).
127. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე №41615/07 Neulinder and Shuruk v. Switzerland (აბზაცი 136) განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთი მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველადი უთიერთობების შესანარჩუნებლად და, როცა ეს შესაძლებლია, უნდა „აღსდგეს“ ოჯახი. მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებათა განსახორციელებლად, რაც ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას“. თავის მხრივ, არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესის“ (“main interest“) დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის – სამოქალაქო კოდექსის არა ერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა. აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც – განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი.
128. საკასაციო პალატის მოსაზრებით, როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები. ამ კონტექსტში საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხე, ბავშვის დედა) შესაბამისი უნარების არქონა, ფსიქოლოგიური გაუწონასწორობა, არამდგრადობა, მისი მხრიდან ბავშვის რომელიმე საჭიროების უგულებელყოფა (იხ., ტ.9. ს.ფ. 753 - სასამართლოს გადაწყვეტილება).
129. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 ივნისს გაცემული №5003791118 დასკვნის მიხედვით ე.ხ–ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის, მას შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განაგოს იგი.
130. ამასთან, საკასაციო პალატა იმსჯელებს კასატორის იმ პრეტენზიებზე, რომლებიც წარმოდგენილია ბავშვზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების კუთხით, კერძოდ, ამ განჩინების პ.72-78-ში კასატორი აღნიშნავს, სასამართლომ არ შეაფასა, დედის მხრიდან ბავშვზე განხორციელებული ძალადობით, შესაბამისად, სასტიკი მოპყრობით განპირობებული გამოუსწორებელი ფსიქოლოგიური სტრესის მიღების გამო, რატომ არ იყო ბავშვისათვის საუკეთესო ინტერესი ამ პრობლემის მოგვარების იმგვარი გზა, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრულიყო მამასთან; სასამართლომ არ გაიზიარა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსა და ფსიქოლოგის პოზიცია, რომ ვინაიდან ბავშვზე დედა ძალადობას ახორციელებს იმგვარად, რომ არ მოხდეს მისი მამასთან წასვლა, მას უწევს მუდმივად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში ყოფნა და აღსრულების პროცედურების გავლა. გარდა ამისა, კასატორი უთითებს, 2018 წლის 13 მარტის დასკვნაში მითითებულია, რომ დედის გარემოში ბავშვი როგორც სუბიექტი ისე არ აღიქმება, იგი მიჩნეულია ობიექტად და უგულებელყოფილია მისი სურვილები.
131. საკასაციო პალატა მიუთითებს ამ განჩინების პპ:57-62-ში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გამოყენებითი ფსიქოლოგიის და კვლევის ცენტრის მიერ 2018 წლის 13 მარტს მომზადებული ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნის თანახმად, შეფასების პროცესში განხორციელდა დაკვირვება ბავშვისა და მამის ინტერაქციაზე. თავად ბავშვმა ფსიქოლოგთან პირველივე შეხვედრაზე, გამოხატა მამასთან შეხვედრის სურვილი. ასევე, ფსიქოლოგის კითხვაზე, თუ რას აკეთებს ხოლმე მამასთან ერთად, ბავშვს არ უხსენებია რაიმე ნეგატიური. შეფასების ფარგლებში პირველი შეხვედრა მამასთან განხორციელდა დედის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე სკვერში, სადაც ბავშვი ბებიამ - მ.ლ–მა ჩაუყვანა მამას. დ–ი სკვერში მისვლისას ათვალიერებდა გარემოს და კითხულობდა, თუ სად იყო მამა. ბავშვს სიტყვიერად არ გამოუთქვამს მისი არნახვის სურვილი, თუმცა, რამდენიმე წუთში, როდესაც ბებიამ საქანელაზე დასვა დ–ი და მამაც მიუახლოვდა ტერიტორიას, ბავშვმა თავი გაატრიალა გვერდით, აღელდა და წამოუვიდა ცრემლები. მამამ სცადა ბავშვთან დალაპარაკება, შემდეგ კი, ავტომობილიდან გადმოიტანა დ–ის სათამაშო მანქანა და შესთავაზა ბავშვს გასეირნება, რაზეც ბავშვი დასთანხმდა, თუმცა, სკვერში მანქანით სეირნობისას, ბავშვი პერიოდულად იყურებოდა უკან და ამოწმებდა მიჰყვებოდა, თუ არა მას ბებია. ასევე, ითხოვდა ბებიის სიახლოვეს მასთან. ამ დროს, ბებია ფსიქოლოგთან ერთად რამდენიმე მეტრის მოშორებით, უკან მიჰყვებოდა ბავშვს. როდესაც მამამ შეიყვანა ბავშვი იქვე მდებარე სუპერმარკეტში, ბებია გარეთ დარჩა. ფსიქოლოგმა შეიხედა მაღაზიაში და ბავშვი მშვიდად ესაუბრებოდა მამას და მასთან ერთად არჩევდა თუ რა უნდა შეეძინათ. მაღაზიიდან გარეთ გამოსვლისას, მამამ შესთავაზა ბავშვს მის სახლში წაყვანა, რაზეც ბავშვი დასთანხმდა, თუმცა, თავდაპირველად იგი ითხოვდა რომ ბებიაც წამოსულიყო მათთან ერთად. ფსიქოლოგმა მ.ლ–ის გასაგონად გადაამოწმა ბავშვთან, რომ მას კარგად ესმოდა, რომ ბებია რჩებოდა ადგილზე და თავად კი მიდიოდა მამის საცხოვრებელ გარემოში. მამის მანქანაში ჩაჯდომისთანავე, ბავშვის ქცევა მნიშვნელოვნად შეიცვალა. იგი თავისუფლად გამოხატავდა აზრებს და ხალისით ესაუბრებოდა მამას, მათ შორის, სურამის შესახებ, სადაც ბავშვი მამასთან ერთად ისვენებდა. შეფასების მიმდინარეობის პერიოდში, მამას ჰქონდა ბავშვთან კიდევ სამი შეხვედრა, აქედან ორს ესწრებოდა ფსიქოლოგი, მესამეს კი სოციალური მუშაკი მ.ა–ნი და შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო შეხვედრები მამის დანახვაზე პირველი რეაქციის თვალსაზრისით, იყო განსხვავებული. კერძოდ, ბავშვი მამის დანახვისთანავე გამოხატავდა სიხარულს და მიდიოდა მასთან ყოველგვარი სირთულის გარეშე. ფსიქოლოქის მიმართ დასმულ კითხვაზე ხომ არ არის არასრულწლოვანი დ.დ–ი რომელიმე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის მხრიდან რაიმე სახის ზეგავლენის ქვეშ, ფსიქოლოგი იძლევა პასუხს: „ბავშვის პირველადი რეაქცია მამის დანახვისას (ცრემლების წამოსვლა, გვერდზე გახედვა) შეიძლება მიუთითებდეს იმ ფსიქოლოგიურ წნეხზე, რომელსაც ის განიცდის დედის და მისი ოჯახის მხრიდან მამასთან ურთიერთობასთან, დაკავშირებით ან ზოგადად იმაზე, რომ მშობლებს შორის კონფლიქტური სიტუაცია სტრესულია მისთვის. ბავშვის შემდგომი რეაქციები და ქმედებები მამის გარემოცვაში არ გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ბავშვის თავდაპირველი რეაქცია მამის დანახვაზე, მის მიმართ არსებული შიშით ან სხვა რაიმე ნეგატიური განცდებით იყოს განპირობებული“.
132. გამოყენებითი ფსიქოლოგიის და კვლევის ცენტრის მიერ 2022 წლის 9 თებერვალს მომზადებული ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნის თანახმად, შეფასების პროცესში განხორციელდა დაკვირვება დ.დ–ის და გ.დ–ის ინტერაქციაზე (3.12.2021, 17.12.2021, 24.12.2021, N174 საჯარო სკოლა და მიმდებარე ტერიტორია). ფსიქოლოგის განმარტებით, დაკვირვების ფარგლებში გამოიკვეთა შეუსაბამობა ბავშვის მიერ მამისადმი გამოვლენილ ქცევებსა და ემოციურ მდგომარეობას შორის - იგი ერთი მხრივ უარს აცხადებდა მასთან წასვლაზე, რიგ შემთხვევაში ფიზიკურად მიახლოებაზეც კი, თუმცა მეორე მხრივ გამოხატავდა დადებით ემოციებს მასთან ინტერაქციისას. აღნიშნულის საფუძველზე, ფსიქოლოგი ასკვნის: „ასეთი მოულოდნელი ცვლილება მამისადმი დამოკიდებულებაში და ქცევის შემდგომი არათანმიმდევრული პატერნი აჩენს საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ დ–ი ავლენს ე.წ. მოკავშირე ბავშვის მახასიათებლებს, რაც თავის მხრივ გულისხმობს ერთ-ერთი მშობლის მიმართ ამბივალენტური (ერთდროულად როგორც დადებითი, ისე უარყოფითი) დამოკიდებულებების გამოხატვას, რაც პროპორციულად არ შეესაბამება ბავშვის რეალურ გამოცდილებას და შეიძლება აიხსნას მეორე მშობლის როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ზეგავლენით“. დასკვნაში აღნიშნულია, რომ: „როგორც ფაქტობრივი გარემოებებით, ასევე, თავად მხარეების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იკვეთება, მხარეთა (მშობლები) შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობაა და მათ შორის, მიმდინარეობს სამართლებრივი დავა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, პრაქტიკულად არ არსებობს კომუნიკაცია, რითიც ხდება არასრულწლოვნისთვის არაჯანსაღი ურთიერთობის მოდელირება, აღნიშნული თავის მხრივ წარმოადგენს რისკ ფაქტორს მისი ნორმალური ფსიქოსოციალური განვითარებისთვის და შეიძლება ნეგატიურად აისახოს ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებაზეც ორივე საცხოვრებელ გარემოში“. ფსიქოლიგიური შეფასების მიხედვით: „დ.დ–ი შეფასების პერიოდისთვის ავლენს ე.წ. მშობლისადმი მოკავშირე ბავშვის ქცევებს, რაც აზიანებს არა მხოლოდ მისი და მამის ურთიერთობას, არამედ გააჩნია, როგორც მოკლევადიანი, ისე, გრძელვადიანი უარყოფითი შედეგები თავად არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური კეთილდღეობისა და სოციალური ურთიერთობებისთვის. ემპირიული მონაცემების თანახმად, ასეთი გამოცდილების მქონე ბავშვები დგანან დეპრესიის, დაბალი თვითშეფასების, მოზრდილობის ასაკში პარტნიორულ ურთიერთობებში არსებული სირთულეების ჩამოყალიბების გაზრდილი რისკის ქვეშ“.
133. 2021 წლის 24 ივნისს, სასამართლოში დ.დ–ის გასაუბრებას დაესწრო ექსპერტი ხ.ნ–ი. ბავშვთან გასაუბრების შემდგომ მან განმარტა, რომ დედასთან ძლიერია მიჯაჭვულობა. ამასთან, ბავშვი, როცა დედასთან ერთად არის, მამის მიმართ სრულად იცვლება ქცევა. ექსპერტმა განმარტა, რომ ბავშვის ქცევაზე გავლენას ახდენს დედის ფაქტორი, მან ასევე აღნიშნა, რომ ბავშვს აქვს დედასთან განშორების შიში (იხ., ს.ფ. 767- სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება).
134. განსახილველ საკითხთან მიმართებაში, ასევე, საყურადღებოა მხარდაჭერის, სასამართლო/სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების უფროსი სოციალური მუშაკის/განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2021 წლის 9 ივლისს მომზადებული სიტუაციური ანალიზი დ. დ–აშვილის სააღსრულებო საქმის წარმოების შესახებ. მითითებული ანალიზის მიხედვით, მასში ასახული ფაქტები „იძლევა საფუძველს, რომ ვივარაუდოთ ბავშვზე განხორციელებულ გარკვეულ ფსიქოლოგიურ გავლენებზე, რომელიც საჭიროებს ფსიქოლოგის მიერ ჩაღრმავებულ კვლევას. გამოსაკვლევია, თუ რატომ არის დ–ი დაძაბული, გამოხატავს შიშს და არ მიდის მამასთან როცა ის დედას მოჰყავს და რატომ მიდის სიხარულით როცა გარეშე პირის (სოციალური მუშაკი, საბავშვო ბაღის პედაგოგი) მიერ ხდება ბავშვის მამისათვის გადაცემა“.
135. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ბავშვთან ურთიერთობის წესის დადგენისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბავშვის შეხედულებები და მის მიერ გამოთქმული აზრი, ასევე, ყოველდღიური რეჟიმი და რაც მთავარია, ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, დაცული უნდა იქნეს ბავშვის უფლება სტაბილურ გარემოზე, უფლება, არ შეეცვალოს ემოციური, სოციალური მდგომარეობა, საცხოვრებელი გარემო. საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მთლიანად ფოკუსირებულია ბავშვზე, კონკრეტულ ადგილას ცხოვრების ხანგრძლივობაზე, მის ემოციურ და სულიერ კავშირზე ამ ადგილთან, გარემოში მის ინტეგრირებაზე. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, თუ სად გრძნობს ბავშვი თავს მშობლიურ ვითარებაში, გრძნობს, ობიექტურად სად განიცდის კეთილგანწყობას ადამიანებისა და საცხოვრებელი პირობებისადმი.
136. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესის დაცვისას დაუშვებელია სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები, არამედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება – განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის. სახელმწიფოს სახელით გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება გამოხატვას ჰპოვებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საპროცესო რეალიზაციის წესშიც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღიარებს, რომ ბავშვის სურვილები და გრძნობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მშობელთან ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტისას (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 73, ECHR 2003-VIII). „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად. გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში №12 (2009), რომელიც ეხება ბავშვის უფლებას, იქნეს მოსმენილი, მითითებულია, რომ ბავშვის მიერ საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვა ნიშნავს იმას, რომ არ უნდა მოხდეს ბავშვის მანიპულირება ან ბავშვი არ უნდა დაექვემდებაროს ზემოქმედებას ან ზეწოლას. ამასთან ერთად, „თავისუფლად“ თავისთავად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ შეხედულებებთან: ბავშვს გააჩნია უფლება გამოხატოს თავისი შეხედულებები და არა - სხვების შეხედულებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული დავის განხილვისას, კასატორის პრეტენზიის საფუძვლიანობის შესასწავლად, მნიშვნელოვანია შეფასდეს არასრულწლოვანის დამოკიდებულება დედის მიმართ.
137. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს აგრეთვე არასრულწლოვან დ.დ–თან 19 წლის 28 სექტემბრის გასაუბრების (რომელსაც ესწრებოდა ფსიქოლოგი და არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი - სსიპ სოციალური მომსახურების სსააგენტოს მუშაკი) ოქმზე, სადაც არასრულწლოვანი პასუხობს, რომ განსაკუთრებით უყვარს დედა - ე.ხ–ი და რომ სურს მასთან ყოფნა (იხ. ტ.8, ს.ფ.396-397). საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე საქმეში განთავსებულ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2020 წლის 23 სექტემბრის დასკვნაზე, კერძოდ, საექსპერტო კვლევის შედეგებით არასრულწლოვანი დ.დ–ი დედის - ე.ხ–ის, ასევე მამის - გ.დ–ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით არ განიცდის ფსიქოლოგიურ ტანჯვას (იხ. ტ.8.ს.ფ.532).
138. საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით დადასტურებულია, რომ ბავშვი დაბადებიდან ცხოვრობს დედასთან. დადგენილია, ისიც, რომ ბავშვს ძლიერი ემოციური კავშირი აქვს როგორც დედასთან, ასევე, დედის ოჯახში მცხოვრებ ოჯახის დანარჩენ წევრებთან. დედის საცხოვრებელ გარემოში ის თავს კარგად გრძნობს (შდრ: სუსგ №ას-1139-1095-2016, 25 სექტემბერი, 2017 წელი. პ.81). შესაბამისად, გასაზიარებელია ქვემდგომი ინსტანციის სამართლოთა დასკვნა, რომ არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური ფონის მდგრადობის შენარჩუნების თვალსაზრისით, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესად იქნეს მიჩნეული დარჩეს იგი დედასთან ერთად ჩვეულ გარემოში, ხოლო მამას მიეცეს შვილთან ურთიერთობის გაგრძელებისა და განვითარების შესაძლებლობა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია.
139. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, სადაც განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებები, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. Elsholz v. Germany, N25735/94, 31.07.2000, პარ. 52; TK and KM v. UK, N 28945/95, 10.05.2001, პარ. 72. შდრ. ასევე, სუსგ Nას-967-916-2015, 25.02.2016წ).
140. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს. იმავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდის, განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.
141. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების მიზანია, უზრუნველყოს როგორც კონვენციით აღიარებული ყველა უფლებით სრული და ეფექტიანი სარგებლობა, ისე ბავშვის ყოვლისმომცველი განვითარება. ზრდასრული ადამიანის მიერ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების აღქმა არ შეიძლება იყოს უპირატესი კონვენციით გათვალისწინებული ბავშვის ყველა უფლების პატივისცემის ვალდებულებასთან შედარებით. კონვენციაში უფლებათა იერარქია არ არსებობს; მასში უზრუნველყოფილი ყველა უფლება შეესაბამება „ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს“ და დაუშვებელია რომელიმე უფლების შელახვა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების ნეგატიური განმარტებით. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების სრული გამოყენება მოითხოვს უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვას, რომელშიც ჩაერთვება ყველა მონაწილე მხარე, ბავშვის ყოვლისმომცველი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ფსიქიკური და სულიერი ერთიანობის უზრუნველსაყოფად და მისი ადამიანური ღირსების პატივსაცემად.
142. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციას, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება არის სამგანზომილებიანი: (ა) მატერიალური უფლება: ბავშვის უფლება, მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და დაეთმოს უპირველესი ყურადღება, როდესაც ხდება სხვადასხვა ინტერესის განხილვა კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, და გარანატია, რომ ეს უფლება განხორციელდება ყოველთვის, როდესაც გადაწყვეტილებაა მისაღები ბავშვთან, ბავშვთა დადგენილ თუ დაუდგენელ ჯგუფთან, ან ზოგადად ბავშვებთან დაკავშირებით. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი აწესებს სახელმწიფოთა არსებით ვალდებულებას, რომელიც პირდაპირ მოქმედებს (თვითაღსრულებადია) და შეიძლება მოხმობილი იქნეს სასამართლოს წინაშე. (ბ) ძირითადი, სამართლებრივი პრინციპი: თუ სამართლებრივი ნორმა იძლევა ერთზე მეტი განმარტების შესაძლებლობას, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი განმარტება, რომელიც ყველაზე ეფექტიანად ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. კონვენციასა და მის ფაკულტატურ ოქმებში ასახული უფლებები ქმნიან ჩარჩოს განმარტებისათვის. (გ) საპროცესო ნორმა: როდესაც ხდება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეეხება კონკრეტულ ბავშვს, ბავშვთა დადგენილ თუ დაუდგენელჯგუფს ან ზოგადად ბავშვებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა მოიცავდეს ამ გადაწყვეტილების შესაბამის ბავშვზე ან ბავშვებზე შესაძლო ზეგავლენის (დადებითი თუ უარყოფითი) შეფასებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს. ამასთან, გადაწყვეტილების დასაბუთებაში უნდა ჩანდეს, რომ ეს უფლება ცალსახად იქნა გათვალისწინებული. ამ თვალსაზრისით, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განმარტონ, თუ როგორ იქნა გათვალისწინებული ეს უფლება გადაწყვეტილებაში, ე.ი. რა იქნა მიჩნეული ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებად, რა კრიტერიუმებს დაეფუძნა იგი და როგორ შეფასდა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები სხვა მოსაზრებებთან შედარებით, იქნება ეს პოლიტიკის ზოგადი საკითხები თუ ცალკეული შემთხვევები (შდრ: №ა-3658-შ-95-2019, 8 ოქტომბერი, 2019).
143. ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა გავრცელდეს ყველა საკითხზე, რომელიც შეეხება ბავშვებს, და უნდა იქნეს გათვალისწინებული კონვენციასა თუ ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებს შორის ნებისმიერი შესაძლო წინააღმდეგობის გადასაწყვეტად. ყურადღება უნდა მიექცეს გადაწყვეტის ისეთი შესაძლო გზების განსაზღვრას, რომლებიც შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტრესებს. ეს გულისხმობს იმას, რომ განხორციელების ღონისძიებების შემუშავებისას სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, დაადგინონ ყველა ბავშვის, მათ შორის მოწყვლადი ბავშვების, საუკეთესო ინტერესები.
144. ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნების მოქნილობა შესაძლებლობას იძლევა, მოხდეს რეაგირება ყოველი ცალკეული ბავშვის მდგომარეობაზე და განვითარდეს ცოდნა ბავშვის განვითარების შესახებ. თუმცა ამან შესაძლოა დატოვოს მანიპულირების შესაძლებლობაც; მაგალითად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება ბოროტად იქნა გამოყენებული მთავრობებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ რასისტული პოლიტიკის გასამართლებლად; მშობლების მიერ თავიანთი ინტერესების დასაცავად მეურვეობის შესახებ დავებში; პროფესიონალების მიერ, რომლებსაც თავის შეწუხება არ სურდათ და ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უგულებელყვეს როგორც შეუსაბამო და უმნიშვნელო.
145. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ (ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ N.71776/12 2 თებერვალი 2016 წელი) მიუთითა, რომ ბავშვის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაში მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესები. (პ-19).
146. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ გამოიკვეთა ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის აუცილებლობა და საცხოვრებელ ადგილად მამის- კასატორის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მიზანშეწონილობა.
147. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბავშვების ერთ-ერთ მშობელთან ყოფნის ხანგრძლივობის საკითხს, მათ უფრო მეტ მიჯაჭვულობას იმ მშობელთან, სადაც ის ცხოვრობს. სასამართლო აფასებს იმ რისკებს, რომლებიც ეხება მცირეწლოვანი ასაკის მქონე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლით მიღებულ და დედასთან დაშორებით გამოწვეულ სტრესს (სუსგ №ას-173-2022, 8 ივლისი, 2022 წელი).
148. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი(Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII).
149. უსაფუძვლობის გამო ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნები (იხ., საკასაციო პრეტენზია ამ განჩინების პპ: 94, 95-ში). საგულისხმოა, რომ წინამდებარე დავა საოჯახო კატეგორიის დავას განეკუთვნება და მისი განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონმდებელი შეჯიბრებითი სამოქალაქო პროცესის პრინციპებიდან გადახვევის ლეგიტიმურ საფუძვლებს ამავე კოდექსის XLIII თავით ადგენს(შდრ. სუსგ №ას-707-705-2018, 23 დეკემბერი, 2019 წელი, პ.1.3.7). ამ თვალსაზრისით, გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობის შემოწმებისას, საკასაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობა სრულად შეესაბამება საპროცესო ნორმათა მოთხოვნებს (სსსკ 352-ე-354-ე მუხლებს), თავის მხრივ, სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით აღიარებულ ოჯახის კეთილდღეობის ხელშეწყობის პრინციპზე (შდრ: სუსგ №ას-803-768-2014,19 ივნისი, 2015წ.).
150. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას დროებითი განკარგულების გამოცემის თაობაზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული შუამდგომლობის განხილვის მიმართ კასატორის იურდიული ინტერესი.
151. სსსკ-ის 355-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განკარგულების გამოცემის მიზანი შვილებთან მშობლების ურთიერთობის მოწესრიგებაა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე (იხ., სუსგ №ას-1122-1078-2016, 1 მარტი, 2017). რადგან საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველად, ამიტომაც კასატორს შუამდგომლობის განხილვის მიმართ იურიდული ინტერესი აღარ გააჩნია (შდრ: სუსგ №ა-3658-შ-95-2019, 8 ოქტომბერი, 2019).
152. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არც სსსკ-ის 393.3 ნაწილით გათვალისწინებულ საპროცესო დარღვევებთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.
153. კასატორის მოწინააღმდეგე მხარის მიერ 2022 წლის 05 დეკემბრის წერილობითი შუამდგომლობა საქმეზე 2022 წლის 05 დეკემბრის ფსიქოლოგის შეფასება/დასკვნის საქმეზე დართვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს და კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს უკან დაუბრუნდეს. (სულ 2 ფურცელი).
154. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
155. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება.
156. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
157. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257- I, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. გ.დ–ის შუამდგომლობა დროებითი განკარგულების გამოცემის თაობაზე დარჩეს განუხილველად;
3. კასატორს გ.დ–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს 2022 წლის 12 სექტემბერს №14456879492 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი