დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
24 თებერვალი, 2023 წელი
№ას-1065-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ რ.გ–ი
მოწინააღმდეგე მხარეები _ გ.ბ–ი, ხ.მ–ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ სესხის თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. რ.გ–მა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ გ.ბ–ისა და ხ.მ–ის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“, „მოწინააღმდეგე მხარეები“) მიმართ, სესხად აღებული თანხების დაბრუნების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. რ.გ–ის საბანკო ანგარიშიდან GE10TB7716445068100002/GEL 2020 წლის 22 ნოემბრიდან, 2020 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, ხ.მ–ის ანგარიშზე გადარიცხულია ჯამში - 615.00 ლარი, ხოლო 2020 წლის 17 ივლისიდან - 2021 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით, გ.ბ–თან გადარიცხულია ჯამში - 5 424.00 ლარი. ორივე მოპასუხის შემთხვევაში, მოსარჩელემ თანხის ჩარიცხვა მოახდინა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე სესხის სახით, რომლის დაბრუნებაც უნდა მომხდარიყო მოსარჩელის მოთხოვნისთანავე. მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეები ნებაყოფლობით არ აბრუნებენ სესხის თანხებს.
მოპასუხეების პოზიცია:
3.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი ერთობლივი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და სადავოდ გახადეს მოსარჩელესთან სასესხო ურთიერთობის არსებობა. მოპასუხეები განმარტავენ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დგინდება სესხის სახით თანხის გაცემა მოპასუხეებზე და არც ის გარემოება, რომ მოსარჩელემ სასამართლოსათვის მიმართვამდე მოითხოვა ამ სესხის თანხის უკან დაბრუნება. ყოველი შესრულება ადასტურებს ვალდებულების არსებობას, რაც, თავის მხრივ, დასტურდება შესაგებელზე დართული დოკუმენტებით, კერძოდ, მოსარჩელისა და მოპასუხეების ელექტრონული მიმოწერით და ასევე, შ.პ.ს.-ს ბუღალტრის მიერ გ.ბ–ისათვის გადმოგზავნილი ბუღალტრული აღრიცხვების პროგრამა „ორისში“ დაფიქსირებული მონაცემებით.
3.2. მოპასუხეები არიან მეუღლეები, ხოლო ხ.მ–ი რ.გ–თან ერთად არის შ.პ.ს. „ბ.ე.ლ“-ს დამფუძნებელი, შესაბამისად, 34% და 66%-იანი წილებით, ასევე რ.გ–ი, წარმოადგენს ამ საწარმოს დირექტორს. გ.ბ–ი 2020 წლიდან (შ.პ.ს.-ს დაფუძნებიდან) 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით, ფაქტობრივად დასაქმებული იყო ამავე ორგანიზაციაში, როგორც მომარაგების, ისე - დისტრიბუტორის თანამდებობებზე და ასრულებდა ამ თანამდებობების შესაბამის უფლება-მოვალეობებს, თუმცა წარმოდგენილ საბუღალტრო ფაილებში მითითებულია მხოლოდ დისტრიბუტორის თანამდებობაზე გ.ბ–ისათვის დარიცხული და გადასახდელი ხელფასი. გ.ბ–ი დისტრიბუტორისა და მომმარაგებლის საქმიანობას ახორციელებდა ისე, რომ არასდროს აუღია ხელფასი. ერთადერთი, რასაც გ.ბ–ი იღებდა, იყო ის თანხა, რაც საჭირო იყო წარმოებისათვის ფქვილის, შესაფუთი ქაღალდის, ზეთის, სხვადასხვა პროდუქტის/ნივთის შესაძენად და წარმოებული პროდუქციის სარეალიზაციოდ გატანისათვის ავტომანქანის საწვავის მარაგის შესავსებად და მისი ფუნქციების განსახორციელებლად. ამასთან, დარიცხული თანხებიდან იხდიდა აუცილებელი პროდუქტებით საწარმოს მომარაგების თანხებსაც.
3.3. წარმოდგენილ მიმოწერებში დაფიქსირებულია გ.ბ–ის მოთხოვნა რ.გ–ის მიმართ: „დამაფინანსე“, „რამზეს, ულიმიტო აღარ მაქვს“, „ჩამირიცხე“; „ფქვილის ვალი 629.5“ ასევე დაფიქსირებულია საწარმოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პროდუქტების/ნივთების სია: „...საცხობი ქაღალდი, ძაბრი, წასასმელი ფუნჯი სილოკონის, რძის ფხვნილი, დამაგრძელებელი, მარილი, სეზამი“; გაცემული თანხის შესახებ მოსარჩელისთვის მოწოდებულია ინფორმაცია, მიწერილია „დათოს მივეცი 151“ და ამავე თანხაზე ამობეჭდილია ჩეკი, ასევე ელექტრონულად გაგზავნილია ფოტოსურათები. მიწოდებულია ინფორმაცია ობიექტებზე სარეალიზაციოდ შეტანილი ვადაგასული პურის უკან დაბრუნებული ოდენობების შესახებ და ამ პურების ფოტოსურათები; საყურადღებოა ბაშარულის ერთ-ერთი შეტყობინება, კერძოდ: „გამარჯობა რამზო, მაინტერესებს ჩემ ხელფასს როდის მაძლევ და რატომ არის მარტო დისტრიბუტორის ხელფასი დაფიქსირებული, ისიც მიზერული და მომმარაგებლის არა? მე მარტო დისტრიბუციას არ ვაკეთებდი, მომარაგებასაც ვაკეთებდი“...ამავე მიმოწერებშია ასევე რ.გ–ის მიერ გ.ბ–ისათვის გაგზავნილი შეტყობინებები: „დაგირიცხე გელა 15 ლარია“, „საწვავიც დარიცხულია“, „ხვალ ფქვილი წამოიღე“, „გელა, დროჟი არ დაგრჩეს“, „დროჟიც გვინდა“; „15 დაგირიცხე“, „15 ჩაგირიცხე“ და სხვა, საიდანაც დასტურდება, რომ მხარეთა შორის იყო შრომითი საქმიანი ურთიერთობა და დარიცხული სადავო თანხები არ წარმოადგენს უვადოდ გაცემულ სესხის თანხას.
3.4. ვინაიდან გ.ბ–ს რამდენიმე ხნის განმავლობაში დაკარგული ჰქონდა საბანკო ბარათი, ის საქმიანობისათის იყენებდა ხ.მ–ის საბანკო ბარათს, რის გამოც გარკვეული თანხა მის ანგარიშზეც იქნა გადარიცხული.
3.5. მხარეთა შორის გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიძაბა ურთიერთობა და მოსარჩელემ ამ ფორმით სცადა მოპასუხეებისათვის ფინანსური პრობლემების შექმნა. მან მას შემდეგ შეიტანა სარჩელი სასამართლოში, რაც მოპასუხეებმა დაიწყეს საწარმოს ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა და გარკვევა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. რ.გ–ის კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან GE10TB7716445068100002/GEL 2020 წლის 22 ნოემბრიდან, 2020 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, ხ.მ–ის ანგარიშზე გადარიცხულია ჯამში - 615.00 ლარი. გადარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია პირადი გადარიცხვა.
7.2. რ.გ–ის კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან GE10TB7716445068100002/GEL 2020 წლის 17 ივლისიდან, 2021 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით, გ.ბ–თან გადარიცხულია ჯამში - 5424.00 ლარი. გადარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია პირადი გადარიცხვა.
7.3. რ.გ–ის კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან GE10TB7716445068100002/GEL ხ.მ–ისა და გ.ბ–ისთვის გადარიცხული თანხები მოპასუხეებს უკან არ დაუბრუნებიათ.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა შემდეგი შეფასება:
8.1. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეები თანხის სარჩელში მითითებული ოდენობით მიღების ფაქტს ადასტურებენ და სადავოდ მხოლოდ თანხის გადაცემის მიზნობრიობას ხდიან. მართალია, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სადავო თანხის გადარიცხვის გზით მოპასუხეებისათვის თანხის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება (გადარიცხვის ამსახველი ამონაწერი) წარმოადგინა, თუმცა მასში რაიმე მინიშნება/მითითება მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობაზე არ არის. პირიქით, გადახდის დანიშნულებად პირადი გადარიცხვაა მითითებული.
8.2. სესხის ურთიერთობაში გამსესხებელი კისრულობს სამართლებრივ რისკს, რომელიც თანხის დაუბრუნებლობას შეეხება. შესაბამისად, მტკიცება მასზედ, რომ თანხა ყოველგვარი წერილობითი გარანტიების გარეშე, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, სხვა პირს გადაეცა ისე, რომ თანხის გადარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტში პირადი დანიშნულება იქნა არჩეული, მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების წარმოშობის თაობაზე სერიოზულ ეჭვებს აჩენს. ხსენებულთან მიმართებით, მტკიცებულებათა ერთობლივი და სრულყოფილი შეფასების მიზნებისთვის, სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო იმ შეუდავებელ გარემოებას, რომ მოპასუხეები მოსარჩელის დაქვემდებარებულ პირებს წარმოადგენდნენ. ხსენებული ფაქტი მოსარჩელეს საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია.
8.3. სესხის ხელშეკრულების კვალიფიკაციისთვის საჭირო მეორე კუმულაციური პირობა მსესხებლის მიერ მიღებული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულების აღებაა, რაც საქმის მასალებში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, ამდენად, მოთხოვნა არ წარმოშობილა სესხის ხელშეკრულების ფარგლებში.
8.4. სააპელაციო პალატამ მოთხოვნის პერსპექტივა შეაფასა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებთან მიმართებითაც და მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი აწესრიგებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემსრულებელი ასრულებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას იწვევს. იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხის მიერ სადავო თანხის მიღება უარყოფილი არ არის, იმის მტკიცების ვალდებულება და რომ მიღებულ თანხაზე მოპასუხეს წარმოეშვა საკუთრების უფლება, მისივე მტკიცებისა და მითითების ტვირთია.
8.5. მოპასუხეების მიერ შესაგებელში მითითებული ფაქტები კონკრეტული პროდუქციის შესყიდვის შესახებ შეუდავებელი დარჩა. არც სატელეფონო საუბრისათვის განკუთვნილი პაკეტების შესაძენად გადარიცხული თანხების შესახებ ფაქტის უარყოფა განხორციელებულა, რის გამოც მოპასუხეების მტკიცებულებებით გამაგრებული ახსნა-განმარტება ჩარიცხული თანხების მიზნობრიობაზე სასამართლომ დამაჯერებლად მიიჩნია. მეტი სარწმუნოობისთვის, მიმოწერის ამსახველ ფოტოასლებში, აგრეთვე, ასახულია პურის ყიდვაზე მითითება და მისი ყიდვის დამადასტურებლად მოსარჩელისთვის გაგზავნილია ფოტოებიც. ასეთ პირობებში, გადახდების სანაცვლო შესრულებებით, ფოტოასლებით, გადახდის ქვითრებით, დასტურდება ჩარიცხული თანხების მიზნობრიობა, რაც გამორიცხავს მოპასუხეთა უსაფუძვლო გამდიდრებას.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ.გ–ის წარმომადგენელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
9.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელისგან სადავო თანხები მიიღეს და არ დაუბრუნებიათ, თუმცა სასამართლო მიდის ალოგიკურ დასკვნამდე, რომ მოპასუხეებს თანხის დაბრუნება არ ევალებათ. დაუსაბუთებელია სადავო თანხების დაკავშირება შ.პ.ს. „ბ&ლ“-ს საქმიანობასთან, რადგან კომპანია საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე ხარჯებს კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან ან სალაროდან იხდის გადასახდელებს, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ გაიგივდა რ.გ–ის საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხები კომპანიის თანხებთან. გაურკვეველია, რას გულისხმობს სააპელაციო სასამართლო, როდესაც მოპასუხეებს მოსარჩელის დაქვემდებარებულ პირებად განიხილავს, მაგრამ თუნდაც ყოფილიყო რაიმე სახის დაქვემდებარება დავის მხარეებს შორის, აღნიშნული მოპასუხეებს არ ათავისუფლებს მათ ანგარიშებზე ჩარიცხული იმ თანხების დაბრუნებისგან, რომელიც ეკუთვნოდა კასატორს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მტკიცებულებათა დასაშვებობის, განკუთვნადობის, მტკიცებულებათა შეფასებისა და მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი (სსსკ 102-ე, 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლების დარღვევა), რამაც განაპირობა დავისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა არასწორად დადგენა.
15.1. პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
15.2. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ სარჩელში, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში მოცემული სამართლებრივი შეფასებები მბოჭავი არ არის სასამართლოსთვის და მას ყოველთვის შეუძლია, განსხვავებული შეფასება მისცეს სადავო სამართალურთიერთობას.
15.3. წარმოდგენილი სარჩელით, მოსარჩელე საკუთარ ფულად მოთხოვნას აყრდნობდა იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის არსებული ზეპირი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მას მოპასუხეებისათვის გადაცემული ჰქონდა თანხები სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ოდენობით.
15.4. სესხის ხელშეკრულების ცნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლშია მოცემული, რომლის თახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. „სესხის დაბრუნების მოთხოვნის რეალიზაციისათვის გამსესხებელმა უნდა დაამტკიცოს სესხის ხელშეკრულების დადება - როგორც შეთანხმება, ისე სესხის საგნის გადაცემა მსესხებლისათვის“ (იხ. ზამბახიძე თ., „სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“, მუხლი 623, www.gccc.tsu.ge)
15.5. ამდენად, სესხის ხელშეკრულების წარმოშობისათვის შემდეგი წინაპირობების ერთდროულად არსებობაა საჭირო: 1. გამსესხებელს მსესხებლის საკუთრებაში განსაზღვრული თანხა უნდა ჰქონდეს გადაცემული; 2. დათქმულ ვადაში მსესხებელი გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას უნდა კისრულობდეს. მოცემული წინაპირობების კუმულატიურად დამტკიცება მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს.
15.6. სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას, ანუ იგი დადებულად მიიჩნევა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. სასესხო ურთიერთობის წარმოშობის წინაპირობების მტკიცების თვალსაზრისით საკასაციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ სადავოობისას სესხის ხელშეკრულების დადების - თანხის გადაცემის ფაქტის დამტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება (იხ. სუსგ. №ას-1067-1026-2016, 23.06.2017წ; სუსგ №ას-127-119-2015, 22.07.2015წ.; №ას-183-170-2015, 30.04.2015წ). მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე პრეზუმფცია. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) კი, მსესხებელს ეკისრება (იხ. სუსგ. №ას-929-891-2014, 22.04.2015წ).
15.7. განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულია ხ.მ–ის ანგარიშზე 615 ლარის, ხოლო გ.ბ–ის ანგარიშზე 5424 ლარის გადარიცხვა რ.გ–ის კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან, თუმცა აღნიშნული გარემოება სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის მხოლოდ ერთი წინაპირობის არსებობას ადასტურებს. სესხის სამართალურთიერთობის ფარგლებში მოთხოვნის წარმოსაშობად კი აუცილებელია, თანხის მიღებასთან ერთად, მოპასუხეებს ნაკისრი ჰქონდეთ მოსარჩელისგან მიღებული თანხების დაბრუნების ვალდებულება. ამგვარი ნების არც აქტიური და არც კონკლუდენტური მოქმედებით გამოვლენის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის, რაც გამორიცხავს სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოთხოვნის არსებობას.
15.8. ვინაიდან სამართლებრივი შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება სასამართლოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს, ხოლო მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესია, დაიბრუნოს მოპასუხეებისთვის გადაცემული თანხები, რაც მიღწევადი არ არის მოსარჩელის მიერ დასახელებული სამართლებრივი ნორმებით, სასამართლომ თავად უნდა განსაზღვროს, არსებობს თუ არა მატერიალურსამართლებრივი ნორმა, რომელიც მოსარჩელის ინტერესს აქცევს განხორციელებადად. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სარჩელო მოთხოვნა უნდა შემოწმდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კონდიქციური ვალდებულებების მომწესრიგებელი ნორმითაც, კერძოდ, 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
15.9. პალატა მიუთითებს, რომ კონდიქციური ვალდებულებების არსებობის მიზანი უსაფუძვლოდ წანაცვლებული ქონებრივი სიკეთის უკუქცევაა. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი ან ამგვარი საფუძველი, ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა, ან შემდგომ შეწყდა. შესრულების უკან მოთხოვნისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: 1) ერთი პირის მიერ მეორისათვის სამართლებრივი სიკეთის შესრულების საფუძველზე გადაცემა; 2) მეორე პირის მიერ შესრულების საფუძველზე სამართლებრივი სიკეთის შეძენა; 3) შესრულებისათვის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა. შესაბამისად, კონდიქციური ვალდებულების მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებია: მოპასუხის გამდიდრება; ამის შესაბამისად, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; სამართლებრივ სიკეთეთა ამ გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა. სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შესრულება სსკ-ის 102.1. მუხლიდან გამომდინარე მოსარჩელის მტკიცების ტვირთია, უფრო ზუსტად კი, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს გადაცემით სსკ-ის 976-ე მუხლით გათვალისწინებული რომელი ვალდებულება უნდა შესრულებულიყო და რომ ეს ვალდებულება, ფაქტობრივად არ არსებობს. ვალდებულების არარსებობა კი, ნიშნავს შესრულების სამართლებრივი საფუძვლის არარსებობას. ამასთან, მოპასუხემ, პოზიტიურად უნდა დაასაბუთოს საწინააღმდეგო, კერძოდ, რა არის შესრულების სამართლებრივი საფუძველი, მისი აზრით, რისთვის მიიღო შესრულება (იხ. სუსგ. №ას-494-474-2016). საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთი განაწილდა ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად.
15.10. საკასაციო პალატა უწინარესად მიუთითებს, რომ მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად, მოსამართლე ასე უწყვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1288-2019, 04.03.2021წ).
15.11. შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“ (იხ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.). კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.
15.12. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი მიუთითებდა სადავო თანხებთან მიმართებით ზეპირი სესხის ხელშეკრულების არსებობას, ხოლო მასზე დართული მტკიცებულება ადასტურებდა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის ანგარიშიდან მოპასუხეების ანგარიშზე სარჩელში მითითებული ოდენობით თანხები ნამდვილად გადაირიცხა პირადი დანიშნულებით. აღნიშნულის საპასუხოდ, მოპასუხეებმა დაადასტურეს სადავო თანხების მიღების ფაქტი, თუმცა ჩარიცხვების მიზნობრიობა დაუკავშირეს მოსარჩელესა და მოპასუხე ხ.მ–ის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოში მოპასუხე გ.ბ–ის საქმიანობას მომმარაგებლისა და დისტრიბუტორის ფუნქციით, მოსარჩელის მითითებების შესაბამისად, რის შესასრულებლადაც ამავე მოპასუხეს წარმოეშვებოდა ყოველდღიური ხარჯები, რომლის ანაზღაურებასაც ისახავდა მიზნად მოსარჩელე სარჩელზე თანდართული ამონაწერით განსაზღვრული ოდენობით თანხების გადარიცხვისას. აღნიშნულის დასტურად, მოპასუხეებმა სასამართლოს წარუდგინეს რ.გ–სა და გ.ბ–ს შორის არსებული მიმოწერა, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელე რ.გ–ის მითითებით, გ.ბ–ი ცალკეული დაწესებულებებიდან იძენდა პროდუქტს, რის ასანაზღაურებლადაც თანხას პირად ანგარიშზე ურიცხავდა გ.ბ–ს (იხ. ტ.1, ს.ფ. 58-86; 126-147). მაგალითისათვის, 2021 წლის 29 აპრილს რ.გ–ი გ.ბ–ს უგზავნის შეტყობინებას „რომპეტროლში ჩაასხი“, ამავე თარიღში იგი მოპასუხეს ურიცხავს 50 ლარს, ეს უკანასკნელი კი პირად მიმოწერაში უგზავნის მოსარჩელეს 48 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ფოტოსურათს (იხ. ტ.1, ს.ფ. 20, 139, 76); 2021 წლის 04 მაისს ჩარიცხულია 25 ლარი, ხოლო ამავე დღესვე 25.90 ლარის ოდენობის საწვავის შეძენის დამადასტურებელი ქვითარი გაგზავნილია რ.გ–თან მიმოწერაში (იხ. ტ.1, ს.ფ. 20, 76); 2020 წლის 23 დეკემბერს რ.გ–ი გ.ბ–ს სწერს, რომ „საწვავიც დარიცხულია“, ამავე რიცხვით არის ჩარიცხული მოსარჩელის მიერ ხ.მ–ის ანგარიშზე ჩარიცხული 10 ლარი (ტ.1, ს.ფ. 15, 61); 2021 წლის 29 იანვარს გ.ბ–ის მიერ მიწერილია „დამაფინანსე“, ხოლო მოსარჩელე ურიცხავს მას 15 ლარს (ტ.1, ს.ფ. 19, 64). ამრიგად, მიმოწერების საერთო შინაარსით დასტურდება, რომ ჩარიცხული თანხები, მხარეთა საერთო ნებისა და მიზნის შესაბამისად, მიემართებოდა საცხობის ფუნქციონირებისას წარმოშობილი ხარჯების დაფარვას, ანუ ფულადი თანხის წანაცვლებას მოსარჩელის ქონებრივი სფეროდან მოპასუხეთა მიმართულებით უსაფუძვლო გამდიდრების მნიშვნელობა არ გააჩნდა.
15.13. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხეებმა კვალიფიციური მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით, ერთი მხრივ, გააქარწყლეს მოსარჩელის მითითება სესხზე, ხოლო მეორე მხრივ, მიუთითეს, რომ ანგარიშსწორებას გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, ამრიგად, მოპასუხეებმა დაძლიეს რა მოპასუხის სტადია და მიუთითეს არსებითად ახალ, სასარჩელო მოთხოვნისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე, ჯერი კვლავ მიდგა მოსარჩელის სტადიაზე, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, რომ შესაგებელზე დართული მტკიცებულებები არ იყო ავთენტური ან მოპოვებული იყო კანონის მოთხოვნათა დარღვევით ან მასში ასახულ მიმოწერას სასარჩელო მოთხოვნასთან კავშირი არ ჰქონდა (მაგალითად, წარმოედგინა მტკიცებულებები შ.პ.ს „ბ&ლ“-ს საბანკო ანგარიშიდან/სალაროდან, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მიმოწერაში ასახულ თანხებს საქმიანი დავალებების შესასრულებლად მოპასუხე იღებდა არა მოსარჩელის პირადი ანგარიშიდან, არამედ საწარმოსგან). რაც მთავარია, მოსარჩელეს შესაგებელში მითითებულ ახალ, არსებით გარემოებებზე შედავება უნდა განეხორციელებინა საამისოდ სწორ დროს _ მოსამზადებელი სტადიის დასულებამდე, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილი ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობას შემოფარგლავს საპროცესო ეტაპით (მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული).
15.14. აღნიშნულის ნაცვლად, ისე განვლო დრომ შესაგებლის წარდგენიდან მოსამზადებელი სხდომის მთავარ სხდომაში გადაზრდამდე, რომ მოსარჩელეს შესაგებელში მითითებული გარემოებების გასაქარწყლებლად არავითარი საპროცესო მოქმედება არ შეუსრულებია. უპასუხოდ დარჩენილი შესაგებელი, რომელიც განსხვავებულად ინტერპრეტირებს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტებს, პროცესუალური მნიშვნელობით ნიშნავს იმას, რომ შესაგებელში მითითებულ ფაქტებს მოსარჩელე არ ედავება, შესაბამისად, ხსენებული ფაქტები, რამდენადაც მათ არსებობას ადასტურებს შესაგებელზე დართული მტკიცებულებებიც, მიიჩნევა დამტკიცებულად. ამდენად, მტკიცებულებათა დასაშვებობასთან, განკუთვნადობასა და მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებულ პრეტენზიას არ გააჩნია ვარგისი საპროცესო საფუძველი და ექვემდებარება უარყოფას.
15.15. დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების შედეგად, საკასაციო პალატას მართებულად მიაჩნია სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შესრულების კონდიქციის ინსტიტუტის ფარგლებშიც. კასატორმა ვერ დაასაბუთა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა-გადაწყვეტა მატერიალური ან საპროცესო ნორმების დარღვევით, შესაბამისად, საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა არ გააჩნია.
16. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, რ.გ–ს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 301.95 ლარის 70%, რაც შეადგენს 211.36 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. რ.გ–ს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს გ.ჟ–ის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 301 ლარის და 95 თეთრის (საგადახდო დავალება № 0, გადახდის თარიღი: 27.09.2022წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 211 ლარი და 36 თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი