დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 14.03.2025
საქმის ნომერი
ას-97-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.03.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-97-2025

14 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „ს.კ.უ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ზ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ს.კ.უ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

1. ნ.ზ–ს სს „ს.კ.უ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2737.72 ლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინებით სს „ს.კ.უ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 თებერვლის განჩინებით სს „ს.კ.უ–ს“ დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) საკასაციო საჩივარი დაზუსტებული საკასაციო მოთხოვნის (კასაციის განაცხადის) და გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით; ბ) ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი (დედანი ხელმოწერით); ბ) სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 5%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. აღნიშნული განჩინება კასატორის თანამშრომელს ჩაბარდა 2025 წლის 12 თებერვალს. კასატორს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს.კ.უ–ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება და უზრუნველყონ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება – უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, თუმცა სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია შეიზღუდოს. ამდენად, სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 თებერვლის განჩინებით სს „ს.კ.უ–ს“ დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო ბარათით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება, რომელიც კასატორს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მითითებულ მისამართზე, 2025 წლის 12 თებერვალს ჩაბარდა კასატორის თანამშრომელ - ბ.ვ–ძეს პ/ნ ...... (იხ.: გზავნილი, საფოსტო ბარათი - ტ. I, ს.ფ 332, 333, 334).

სსსკ–ის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2025 წლის 13 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 17 თებერვალს, რომელიც იყო სამუშაო დღე - ორშაბათი. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2025 წლის 17 თებერვლის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

სსსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ–ის 396–ე მუხლის თანახმად, ვინაიდან, კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო მისთვის დადგენილი ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით, 401–ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.კ.უ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე რევაზ ნადარაია