დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #ა-5092-შ-154-2023
26 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მირანდა ერემაძე, არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ღია სააქციო საზოგადოება „ბ.ს.ბ.გ–ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.ჯ–ია“ (მოპასუხე)
განხილვის საგანი – ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ბელტპპ-ის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ბელტპპ-ის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება):
1.1. ღია სააქციო საზოგადოების „ბ.ს.ბ.გ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, გამყიდველი ან შუამდგომლობის ავტორი) სარჩელი დაკმაყოფილდა;
1.2. შპს „ბ.ჯ–იას“ (შემდეგში: მოპასუხე, მყიდველი ან მოწინააღმდეგე მხარე) მოსარჩელის სასარგებლოდ ძირითადი დავალიანების 10 243.9 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟო მოსაკრებლის - 981.14 ევროს გადახდა დაეკისრა.
2. უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ:
2.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2017 წლის 7 დეკემბერს, დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება;
2.2. ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელემ მოპასუხეს საქონელი გაუგზავნა;
2.3. მოპასუხემ მისთვის მიწოდებული საქონლის თანხა ნაწილობრივ გადაიხადა, ჯამში - 7 500 აშშ დოლარი;
2.4. მოსარჩელის გაანგარიშებით მოპასუხის დავალიანებამ 10 243.9 (17 743,9-5000-2500) აშშ დოლარი შეადგინა;
2.5. 2023 წლის 28 თებერვლით დათარიღებული სარჩელის საპასუხოდ, მოპასუხემ აღნიშნა, რომ მხარეთა საქმიანი თანამშრომლობა დაიწყო 2014 წლის აპრილში და ამ მომენტიდან მოპასუხე იყო მოსარჩელის მიერ წარმოებული პროდუქციის ერთადერთი მიმწოდებელი საქართველოში და ყველა ღონე იხმარა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომხმარებლებს სცოდნოდათ მის შესახებ;
2.6. მოპასუხემ დაადასტურა, რომ 2019 წლის 10 დეკემბერს მოსარჩელემ გამოაგზავნა - 4 254.82 აშშ დოლარის, ხოლო 2020 წლის 18 თებერვალს 8 489.08 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია;
2.7. მოპასუხემ განმარტა, რომ შავი ზღვის სანაპიროზე ტურისტული სეზონისთვის მომზადების პერიოდზე ჰქონდა გათვლა, მაგრამ 2020 წელს კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და სასტუმროებისა და მაღაზიების (გარდა სასურსათე მაღაზიებისა) საქმიანობის შეჩერების შესახებ. მოპასუხეს საქმიანობა 2020 წლის 22 მაისამდე ჰქონდა შეჩერებული. თუმცა, მაღაზიის გახსნის შემდეგაც კი, მოპასუხის მცდელობამ, გაეყიდა მოსარჩელის მიერ მიწოდებული საქონელი, შედეგი ვერ გამოიღო ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაურესების და, კერძოდ, სასტუმრო ბიზნესის სფეროში, სასტუმროების მხრიდან მოსარჩელის პროდუქციით დაინტერესების არარსებობის გამო;
2.8. მოპასუხემ შესთავაზა მოსარჩელეს, დაებრუნებინა პროდუქცია მოსარჩელის ხარჯზე და შეატყობინა, რომ მოპასუხეს არ გააჩნდა ფულადი თანხები ან რაიმე სხვა საშუალება დავალიანების დასაფარად;
2.9. უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო სასამართლომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.1 მუხლის საფუძველზე კომპეტენცია დაიდგინა - „დავები, რომლებიც არ წყდება საჩივრების პროცედურაში, განიხილება ბელორუსული სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში. სასამართლოში დავის განხილვისას გამოიყენება ბელარუსის რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი სამართალი. სამართლებრივი წარმოების ენა რუსულია“;
2.10. ბელტტპ-ის საერთაშორისო სასამართლოს კომპეტენციაზე ამ დავის განხილვისას მხარეებს არ უდავიათ;
2.11. 2022 წლის 19 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე ვინაიდან მოპასუხე არ იყო ინფორმირებული ამ სხდომის შესახებ, მოსარჩელის წარმომადგენელმა შეიტანა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ მოპასუხის ადგილმდებარეობის დასაზუსტებლად და, ასევე, მოითხოვა შემდეგი სასამართლოს სხდომის ჩატარება ვიდეოკონფერენციის რეჟიმში;
2.12. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სხდომა ჩაინიშნა 2023 წლის 15 თებერვალს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში;
2.13. ორივე მხარემ მონაწილეობა მიიღო 2023 წლის 15 თებერვლის სასამართლო სხდომაში, რომელიც გაიმართა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში. მოსარჩელის ინტერესებს წარმოადგენდა იურისკონსულტი ა.ა. ძე შ–ი, ხოლო მოპასუხის ინტერესებს - კომპანიის დირექტორი დ.ს–ი;
2.14. საარბიტრაჟო სასამართლომ მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარებისა და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის თაობაზე, დააკმაყოფილა და საქმის განხილვა 2023 წლის 6 მარტს, ვიდეოკონფერენციის მეშვეობით, დანიშნა;
2.15. 2023 წლის 6 მარტის სასამართლო სხდომაზე, რომელიც გაიმართა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში, მოსარჩელის ინტერესებს წარმოადგენდა იურისკონსულტი ა.ა. ძე შ–ი, ხოლო მოპასუხის ინტერესებს - კომპანიის დირექტორი დ.ს–ი და ადვოკატი ი.ც–ძე;
2.16. მხარეებს მორიგების შეთანხმებაზე მოლაპარაკების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად და მოსარჩელეს მოპასუხის სარჩელზე პასუხის მოსამზადებლად განესაზღვრათ ვადა, საქმის განხილვა 2023 წლის 17 მარტამდე გადაიდო;
2.17. 2023 წლის 17 მარტის სასამართლო სხდომაზე, რომელიც გაიმართა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში, მოსარჩელის ინტერესებს წარმოადგენდა იურისკონსულტი ა.ა. ძე შ–ი, ხოლო მოპასუხის ინტერესებს - კომპანიის დირექტორი დ.ს–ი და ადვოკატი ი.ც–ძე (მინდობილობების ასლები განთავსებულია საქმეში);
2.18. მხარეთა წარმომადგენლებმა აცნობეს სასამართლოს შემადგენლობას, რომ ვერ შეთანხმდნენ მორიგების ხელშეკრულების დადების პირობებზე და განმარტეს თავიანთი პოზიციები დავის არსებითად განხილვის მიზნით;
2.19. მოსარჩელე ითხოვდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, მოპასუხემ დაადასტურა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10 243.9 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანების არსებობა და განმარტა მისი წარმოშობის მიზეზები, რომლებიც ადრე იყო მითითებული სარჩელის პასუხად;
2.20. მოცემულ სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. სასამართლომ დაადგინა:
2.20.1. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული საქონლის საერთო ღირებულებამ 17 743.9 აშშ დოლარი შეადგინა;
2.20.2. მოპასუხემ გადაიხადა მისთვის მიწოდებული საქონლის ღირებულება ნაწილობრივ, მხოლოდ - 7 500 აშშ დოლარი;
2.20.3. მოპასუხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულმა დავალიანებამ ჯამში 10 243.9 აშშ დოლარი შეადგინა;
2.20.4. მოპასუხემ დავალიანების აღნიშნული ოდენობით არსებობა დაადასტურა;
2.20.5. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს;
2.20.6. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა მოპასუხეს მოსარჩელის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 981.14 ევროს ანაზღაურება დაეკისრა.
3. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსარჩელის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა და უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
5. მოსარჩელის შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება შუამდგომლობასა და თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გაეგზავნა მოპასუხეს. მოპასუხეს განემარტა, რომ მას განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში აქვს აზრის გამოთქმისა და შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვის მოთხოვნის უფლება.
6. ამ განჩინების მე-5 პუნქტში ასახული გზავნილი მოპასუხე კომპანიის დირექტორს - დ.ს–ს პირადად ჩაჰბარდა, 2025 წლის 11 ნოემბერს.
7. საკასაციო სასამართლოს, 2025 წლის 17 ნოემბერს, მოპასუხე კომპანიის დირექტორმა მოსაზრებით მომართა და განმარტა, რომ მოპასუხე კომპანიამ 2014 წელს აიღო სესხი და მოსარჩელე კომპანიისაგან საქონლის შეძენა დაიწყო. შეძენილი საქონლისგან (თეთრეულის ქსოვილი) მოპასუხე კომპანია კერავდა საწოლის თეთრეულს და შემდეგ ჰყიდდა. მოპასუხე კომპანიას არ ჰყოფნიდა ფინანსები, რეკლამა გაეკეთებინა თავისი ნაწარმისათვის, მას უწევდა, რომ ნაწარმი ფასდაკლებით გაეყიდა. ასევე, არ შეეძლო მუშახელის დაქირავება, რადგან ხელფასებს ვერ გადაიხდიდა, ყველა სამუშაოს კომპანიის დირექტორის ოჯახის წევრები ასრულებდნენ. 2016 წელს კომპანიამ რამდენიმე შეკვეთა მიიღო, თუმცა მოგება ძალიან მცირე იყო.
8. მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, იგი პოპულარიზაციას უწევდა მოსარჩელე კომპანიის პროდუქციას. საქმიანობის წარმოებისას აუცილებელი გახდა მაღაზიის გახსნა, იქ პროდუქციის განთავსება, რადგან კლიენტებს სურდათ ნაწარმი ადგილზე დაეთვალიერებინათ. ამისათვის მოპასუხე კომპანიამ დამატებით აიღო სესხი, რითაც მისი ფინანსური ვალდებულებები ძალიან დამძიმდა.
9. მყიდველმა (მოპასუხემ) 2017 წელს გამყიდველისაგან (მოსარჩელე) საქონელი შეიძინა, რომლის ღირებულებაც 60-დღიან ვადაში უნდა დაეფარა. მყიდველი ძირითადად სრულად იხდიდა საქონლის ღირებულებას პროდუქციის ტრანსპორტირებამდე. მიღებული პროდუქცია არ აღმოჩნდა იმ ხარისხის, რაც მყიდველს სურდა, ამასთან პროდუქცია იყო ძველი, რამაც პროდუქციის შემდგომი რეალიზაცია შეაფერხა.
10. მყიდველმა 2019 წლის 10 დეკემბერს 9 254.82 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა შემდგომი რეალიზაციის მიზნით. 2020 წლის მარტში კორონავირუსის პანდემიამ იფეთქა, რის გამოც მაღაზიამ 2020 წლის 22 მაისამდე ფუნქციონირება შეაჩერა. ამ ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით გაიხსნა მაღაზია, თუმცა ეპიდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო პროდუქცია არ გაიყიდა. 2020 წლის შემოდგომაზე საქართველოს მთავრობამ კვლავ შემოიღო მკაცრი რეგულაციები, მაღაზიის მუშაობა ისევ შეჩერდა. მყიდველი კომპანია გამყიდველ კომპანიას წერილებს სწერდა და შექმნილ ვითარებას უხსნიდა, თუმცა გამყიდველი დავალიანების დაფარვას ითხოვდა. მყიდველმა გამყიდველს პროდუქციის დაბრუნება შესთავაზა, თუმცა გამყიდველმა უარი განაცხადა და თანხის ჩარიცხვა მოითხოვა.
11. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მან შეტყობინება მიიღო უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო სასამართლოსაგან, მან მონაწილეობა მიიღო საქმის განხილვაში, თუმცა მხარეთა შორის მორიგება ვერ შედგა, რის შემდეგაც მოპასუხეს დავალიანების სრულად დაფარვა დაევალა.
12. მოპასუხე ითხოვს გამყიდველი კომპანიის შუამდგომლობა განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენით, რომ მან უკეთ განმარტოს თუ რის გამო ვერ ახერხებს დავალიანების დაფარვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
13. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვისას ხელმძღვანელობს ნიუ-იორკის კონვენციის (საქართველოში ძალაშია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 3 თებერვლის დადგენილებით) პირველი მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, მე-3, მე-4 მუხლებითა და მე-5 მუხლის პირველი ნაწილით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 35622 მუხლით.
14. ნიუ-იორკის კონვენციის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობისა და საერთაშორისო დავების არბიტრაჟის გზით მოგვარების განვითარება. იგი მიზნად ისახავს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების და საარბიტრაჟო შეთანხმების აღსრულების გამარტივებას („კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭო“ (ICCA) სახელმძღვანელო 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის განმარტებაზე, 2013, გვ.19,20).
15. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ნიუ-იორკის კონვენცია გამოიყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებიც მიღებულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (იხ. პირველი მუხლი). განსახილველი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არის სამი არბიტრის მიერ მიღებული, არბიტრები შერჩეულია ხელშეკრულებით დადგენილი შეთანხმების საფუძველზე, მოპასუხეს არბიტრებთან დაკავშირებით პრეტენზია არ წარუდგენია. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით წარმოდგენილ შუამდგომლობაზე მსჯელობისას, საკასაციო სასამართლო, რომელიც, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, იხილავს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს, იყენებს კონვენციისეულ მიდგომას, რომ დაუშვებელია უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულებისათვის დაწესებული იქნეს არსებითად უფრო რთული პირობები, ვიდრე დადგენილია ადგილობრივი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულებისათვის (იხ. კონვენციის მე-3 მუხლი). ასევე, ნიუ-იორკის კონვენციის შესაბამისად, საქმის საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვა ეფუძნება კონვენციის ერთ-ერთი ფუნდამენტურ პრინციპს - „აღსრულების მომხრე განწყობას“ (შეად. სუსგ Nა-887-შ-21-2016, 26.08.2016წ.).
16. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და მტკიცებულებები, შეესაბამება, უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების მომთხოვნი მხარისათვის, კონვენციის მე-4 მუხლით დადგენილ წინაპირობებს. გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების ფართოდ განმარტება დაუშვებელია, რადგან თუკი არსებობს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის კონვენციით გათვალისწინებული საფუძველი, გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს დისკრეცია შეზღუდულია.
17. ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლი, ისევე როგორც არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტი, ამომწურავად განსაზღვრავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს. შუამდგომლობის ავტორს უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარი შეიძლება ეთქვას იმ მხარის მოთხოვნით, რომლის წინააღმდეგაც არის იგი მიმართული. შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრება მტკიცების ტვირთი და მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა, თუ მოწინააღმდეგე მხარე დაადასტურებს, რომ არსებობს ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტითა და არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი და არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს, რომლებიც სასამართლომ საკუთარი ინიციატივით (ex officio) უნდა შეაფასოს, კერძოდ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შეიძლება უარის თქმა, თუ იმ ქვეყნის კომპეტენტური ხელისუფლება, სადაც მოითხოვება ცნობა და აღსრულება ჩათვლის, რომ: ა) ამ ქვეყნის კანონით, დავის ობიექტი არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო გარჩევის საგანი, ან ბ) ამ გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის საჯარო წესრიგს.
18. ნიუ-იორკის კონვენციის დებულებებიდან, კერძოდ მისი მე-5 მუხლიდან, გამომდინარეობს არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები. აღნიშნული ნორმის თანახმად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მხარეს შეიძლება უარი ეთქვას ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ: ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს განცხადებით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ: ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო არაუფლებამოსილი ან მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მხარდამჭერი ჰყავდა დანიშნული, მაგრამ შესაბამისი მხარდაჭერა არ მიუღია, ან იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია; ა.ბ) იგი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები; ა.გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს, ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება. თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში ექცევა, შეიძლება გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება ცნობილ და აღსრულებულ იქნეს ნაწილობრივ, მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში მოქცეულ საკითხებზე გადაწყვეტილებას შეიცავს; ა.დ) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონის მოთხოვნებს, სადაც ჩატარდა საარბიტრაჟო განხილვა; ა.ე) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ანდა იგი გააუქმა ან შეაჩერა იმ ქვეყნის სასამართლომ, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი; ბ) სასამართლო დაადგენს, რომ: ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი; ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხემ საარბიტრაჟო განაცხადი მიიღო, შეეპასუხა მას და მონაწილეობა მიიღო საქმის განხილვაში ვიდეოკონფერენციის მეშვეობით, მოსარჩელე და მოპასუხე შეთანხმებულნი იყვნენ მათ შორის წარმოშობილი დავის შემთხვევაში არბიტრაჟის მიერ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის თაობაზე, მათ ასევე, შეთანხმებული ჰქონდათ გამოსაყენებელი სამართალი (იხ. ამ განჩინების 2.9-2.19 ქვეპუნქტები).
21. არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ამ კანონის რომელიმე მოთხოვნა, რომლისგანაც მხარეებს შეუძლიათ გადაუხვიონ, ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე მოთხოვნა არ იქნა დაცული და მხარე აგრძელებს საარბიტრაჟო წარმოებაში მონაწილეობას ისე, რომ ამგვარი დარღვევის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ ან/და, თუ ამ კანონით, მხარეთა შეთანხმებით ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულია რაიმე ვადა, ამ ვადის განმავლობაში წერილობით არ წარადგენს თავის შესაგებელს, მაშინ ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა შეპასუხების უფლებაზე.
22. „საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს. საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ან უცხოური საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოვებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები“ (იხ. სუსგ Nა-2135-შ-46-2015, 26.10.2015წ.).
23. სსსკ-ის 35621 მუხლის 21 ნაწილის თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე მხარის შუამდგომლობა ეგზავნება იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგადაც გამოტანილია აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
24. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოწინააღმდეგე მხარეს შუამდგომლობის ასლი და თანდართული მასალები კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა, მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წერილობითი პოზიცია წარმოადგინა და შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვა მოითხოვა (იხ. ამ განჩინების 6-12 პუნქტები).
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე კომპანიის დირექტორის პრეტენზიები უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებით მოიცავს არა იმ დამაბრკოლებელ გარემოებებზე მითითებას და შესატყვის მტკიცებულებებს, რომლებიც შესაძლოა საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებას გამორიცხავდეს, არამედ წარმოადგენს უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ უკვე განხილული და გადაწყვეტილი დავის წინააღმდეგ არსებით შედავებას დადგენილი გადასახდელი თანხის ოდენობასთან და ამ თანხის გადახდის შეუძლებლობასთან დაკავშირებით.
26. უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
27. revision au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილი პრინციპი კატეგორიულად უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს თუ არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (სუსგ №ა-952-შ-23-2016, 06.07.2015წ.). ცნობისა და აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს/არბიტრაჟის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (სუსგ №ა-2761-შ-69-2016, 07.07.2017 წ.).
28. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან დაუშვებელია საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების ხელმეორედ არსებითი განხილვა, მოპასუხე კომპანიის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოწინააღმდეგე მხარეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებში შესამოწმებელი საკითხების მიმართ პრეტენზია არ წარმოუდგენია (შეადრ. სუსგ #ა-2777-შ-69-2024, 05.07.2024 წ.).
30. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობის და საქმის მასალების მიხედვით მიიჩნევს, რომ არსებობს უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების სამართლებრივი საფუძველი, რადგან ნიუ-იორკის კონვენცია გამოიყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებიც მიღებულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დავა წარმოადგენდა საარბიტრაჟო განხილვის საგანს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს (შეად. სუსგ-ებს: N ა-2498-შ-72-2022, 22.11.2022წ; N ა-5322-შ-127-2020, 20.01.2022წ; N ა-3188-შ-82-2021, 15.12.2021წ; N ა-1536-შ-32-2021, 13.10.2021წ; N ა-1741-შ-42-2020, 21.07.2020; N ა-1493-შ-39, 2020, 21.07.2020წ. #ა-3663-შ-102-2022, 27.06.2023 წ.).
31. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადახდილი არ არის, რადგან შუამდგომლობის ავტორის მიერ გადმორიცხული სახელმწიფო ბაჟი, ტექნიკური მიზეზით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არ ჩაირიცხა. წინამდებარე განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, სსსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე, მოწინააღმდეგე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე, 731 მუხლებით, ნიუ-იორკის კონვენციის მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, სსსკ-ის 35613 მუხლით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ბ.ჯ–იას" განცხადება, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. ღია სააქციო საზოგადოების „ბ.ს.ბ.გ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
3. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ბელტპპ-ის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც:
3.1. ღია სააქციო საზოგადოების „ბ.ს.ბ.გ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა;
3.2. შპს „ბ.ჯ–იას“ ღია სააქციო საზოგადოების „ბ.ს.ბ.გ–ის“ სასარგებლოდ ძირითადი დავალიანების 10 243.9 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟო მოსაკრებლის - 981.14 ევროს გადახდა დაეკისრა;
4. შპს „ბ.ჯ–იას“ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა დაეკისროს;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი