დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-785-2025 24 აპრილი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.თ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით საკასაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ნ.თ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. ნ.თ–ძე უვადოდ იყო დასაქმებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის სპეციალისტის თანამდებობაზე. მისი ხელფასი შეადგენდა 931 ლარს (გადასახადების ჩათვლით). ის კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
2.2. სააგენტოს დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის თ.გ–ძის 2024 წლის 31 მაისის ბრძანებით (SSA 1 24 00000174), მოსარჩელე ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო, უკანონოდ გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხის წარმომადგენელმა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3.2. შესაგებლის თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება კანონიერად შეწყდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ნ.თ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 31 მაისის N SSA 1 24 00000174 ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ნ.თ–ძე აღდგენილ იქნა პირვანდელ სამუშაო ადგილზე. ამავე გადაწყვეტილებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისრა ნ.თ–ძისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 931 ლარის (დარიცხული ხელფასი) ოდენობით, 2024 წლის 3 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
4.2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი.
5.2. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ.თ–ძის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული ფაქტები არ წარმოადგენდა საკმარის საფუძველს ისეთი სახის დისციპლინური სახდელის დადებისათვის, როგორიცაა სამუშაოდან გათავისუფლება.
5.3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება მასზედ, რომ მოსარჩელის მხრიდან „უხეში დარღვევა“, გამოიხატა იმაში, რომ ნ.თ–ძემ დედასთან დაბრუნების შემდეგ, დროულად არ აცნობა სააგენტოს ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების შესახებ. ამ მიმართებით პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, საქმეზე უდავო გარემოებას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ნ.თ–ძემ დედის მისამართზე საცხოვრებლად დაბრუნების შემდეგ, დროულად არ აცნობა სააგენტოს ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების შესახებ, რაც გახდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, თუმცა, იცის უდავო იყო, რომ არც ნ.თ–ძე და არც მისი ოჯახი საარსებო შემწეობას არ იღებდა. შესაბამისად, დასაქმებულის ამ ქმედებით მას ან მისი ოჯახის წევრს რაიმე სარგებელი (მატერიალური ან სხვაგვარი) არ მიუღია, რაც ვერ იქნებოდა განხილული საჯარო მოხელის არაკეთილსინდისიერ ქმედებად.
5.4. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2008 წლიდან გათავისუფლების დღემდე, ნ.თ–ძე კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, განვლილი მრავალწლიანი შრომითი საქმიანობის პერიოდში, მას არ დაჰკისრებია არცერთი დისციპლინური სახდელი. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ გამოვლენილი ფაქტი, მისი სიმძიმის გათვალისწინებით, საკმარის პირობას არ წარმოადგენდა, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ისეთი დისციპლინური სახდელის დასადებად, როგორიცაა სამუშაოდან გათავისუფლება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის მიერ ჩადენილი აღნიშნული გადაცდომა არასწორად იქნა შეფასებული უხეშ დარღვევად.
5.5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორის მტკიცებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნას ცნობილი, რათა შეიცვალოს ამგვარი ტიპის საქმეებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა, ამავდროულად კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება უკვე დადგენილ სასამართლო პრაქტიკასაც (ას-416-399-2016). მოხმობილ საქმეში უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დასაქმებულის მხრიდან უხეში გადაცდომის ჩადენა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით, რაც არ მომხდარა გასაჩივრებული განჩინებით.
6.2. კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეზე არ არსებობს მტკიცებულებები, რაც სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოვლენილ ნებას დაუსაბუთებლად აქცევდა. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასამართლოს მსჯელობა დასაქმებულის სამსახურში აღდგენის ნაწილში, სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, რადგან არცერთ ეტაპზე ყოფილა დასაბუთებული თუ მოსარჩელის რომელ ინტერესს ადგებოდა განსაკუთრებული საფრთხე ან რა სახის ზიანი ადგებოდა მას.
6.3. კასატორი აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქე ნ.თ–ძის ოჯახის მხრიდან არასწორი ინფორმაციის საფუძველზე 2021 წლის 8 მარტის „ოჯახის დეკლარაციის“ შევსებისას ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შეფასდა ხარვეზით და აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელემ არ გაატარა პრევენციული ზომები.
6.4. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელემ დაარღვია სოციალური მომსახურების სააგენტოს შინაგანაწესი და საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ, დაირღვა დამსაქმებლების მიერ სამუშაოსადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრებისა და დასაქმებულის მხრიდან საზოგადოებაში სააგენტოს მიმართ არსებული ნდობის ამაღლების პრინციპი. კასატორი ამტკიცებს, რომ შინაგანაწესის დარღვევა გამოიხატა დასაქმებულის მიერ საკუთარი ოჯახის შესახებ სააგენტოსთვის არასწორი ცნობების მიწოდებაში, რადგან ეს დოკუმენტი ავალდებულებს ყველას თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედების განხორციელებისგან, რომელიც ზიანს მიაყენებს სააგენტოს რეპუტაციას.
6.5. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის არაკეთილსინდისიერების ფაქტი ასევე, კარგად ვლინდება მის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების განსხვავებულობიდანაც. პირველად მან წერილობითი ახსნა-განმარტებით სააგენტოს აცნობა, რომ მისი ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ არასრული ინფორმაციის მიწოდება განაპირობა მისი ძმისთვის ხელშეწყობის სურვილმა, რადგან მას სურდა გერმანიაში სამუშაოდ წასვლა და ეს უფრო მარტივად შეიძლებოდა განხორციელებულიყო სოციალურად დაუცველი ოჯახების სიაში დარეგისტრირების შემთხვევაში. ხოლო, მოგვიანებით, მან განაცხადა, რომ მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო, იგი განცხადების შეტანის დროს აღარ ცხოვრობდა დედასთან და ძმასთან ერთად, ხოლო უკან დაბრუნების შემდგომ, ვინაიდან მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ იყო საკმარისი, რათა ოჯახს მიეღო შემწეობა, მოსარჩელემ აღარ ჩათვალა საჭიროდ დამატებით მიემართა სააგენტოსთვის. კასატორის მტკიცებით, მოხმობილი განმარტებების შინაარსიდან აშკარად იკვეთება მოსარჩელის არაკეთილსინდისიერების ფაქტი.
6.6. კასატორი დასძენს, რომ დასაქმებულს სოციალური მომსახურების სააგენტოში ევალებოდა საპასუხისმგებლო საქმიანობის განხორციელება, რის გამოც ვალდებული იყო დაეცვა სააგენტოს შინაგანაწესით განმტკიცებული შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, ასევე დაეცვა ეთიკისა და პროფესიული საქმიანობის ზოგადი სტანდარტები, რაც არ განუხორციელებია. კასატორი ამტკიცებს, რომ მოსარჩელეს უხეშად დაარღვია მასზე დაკისრებული ვალდებულებები, რითიც ხელი შეუწყო სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესების შელახვას, რაც თავისთავად გამორიცხავდა მის მიმართ უფრო მსუბუქი ზომის გამოყენების შესაძლებლობას.
6.7. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის განჩინებით, მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საქმეზე უდავოდაა დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა მიმართ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ შედავებას:
- ნ.თ–ძე 2008 წლის 1 ნოემბრიდან უვადოდ იყო დასაქმებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის სპეციალისტის თანამდებობაზე. მისი ხელფასი შეადგენდა 931 ლარს (გადასახადების ჩათვლით) (იხ. ს.ფ. 17-22, 151);
- სააგენტოს დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის თ.გ–ძის 2024 წლის 31 მაისის ბრძანებით (SSA 1 24 00000174), ნ.თ–ძე გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან. მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა (შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება) 2024 წლის 03 ივნისიდან, სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დიზაინის, მონიტორინგისა და შეფასების სამმართველოს მიერ 2024 წლის 30 აპრილის N334 დასკვნით გამოვლენილი ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის საფუძველზე, საქართველოს შრომის კოდექსის 47.1 „ზ“ მუხლით (იხ. ს.ფ. 23-24);
- 2024 წლის 14 ივნისს, მოსარჩელემ წერილობით მიმართა სააგენტოს და მოითხოვა კანონით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთება. აღნიშნული დასაბუთება ნ.თ–ძეს ჩაბარდა 2024 წლის 21 ივნისს (იხ. ს.ფ. 25);
- დამსაქმებლის წერილობითი დასაბუთებისა და დასკვნის თანახმად, ნ.თ–ძის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძველი გახდა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა შემდეგში: „2021 წლის 4 მარტს, მოსარჩელე ნ.თ–ძის დედამ - ლ.თ–ძემ პირველადი განაცხადით მიმართა სამტრედიის სერვის ცენტრს. შედეგად, 2021 წლის 8 მარტს, სააგენტოში დასაქმებული სოციალური აგენტის მიერ შევსებული იქნა „ოჯახის დეკლარაცია 2 წევრზე (ლ.თ–ძე, ნ.თ–ძე). მინიჭებული სარეიტინგო ქულის ოდენობიდან (90530) გამომდინარე, ოჯახს არ უსარგებლია ფულადი სოციალური დახმარებით. 2021 წლის 8 მარტს, მოქალაქე ლ.თ–ძის ოჯახის დეკლარაციაში არ ფიქსირდება ოჯახის წევრი ნ.თ–ძე, რომელიც მანამდე მუდმივად ცხოვრობდა აღნიშნულ ოჯახში. 2023 წლის 20 დეკემბერს, ლ.თ–ძემ განცხადებით მიმართა სამტრედიის სერვის ცენტრს და უარი განაცხადა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე. შედეგად, ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში და მომდევნო წლის განმავლობაში აეკრძალა ხელახალი რეგისტრაციის უფლება. აღნიშნულის გამო, ადგილი ჰქონდა ნ.თ–ძის ოჯახის მხრიდან „ქვეყანაში სიღატაკის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევას“ (იხ. ს.ფ. 25, 73-78);
- თავად ნ.თ–ძის წერილობითი ახსნა-განმარტების თანახმად, ძმასთან ნ.თ–ძესთან ოჯახური კონფლიქტის გამო, 2021 წლის თებერვლის თვიდან, საცხოვრებლად გადავიდა იმავე კორპუსში მცხოვრებ მეგობრის ლ.გ–ძის საცხოვრებელ ბინაში. ძმის საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ (2021 წლის ნოემბერი), ნ.თ–ძე კვლავ დაბრუნდა დედასთან საცხოვრებლად, მაგრამ რადგანაც მისი ოჯახი არ იყო ფულადი საარსებო შემწეობის მიმღები, ჩათვალა, რომ არ იყო სავალდებულო განმეორებითი განაცხადის შევსება, ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების გამო (იხ. ს.ფ. 141-142).
12. საკასაციო საჩივარი ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ სასამართლოს, მხარეთა შორის არსებული დავა უნდა გადაეწყვიტა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და გადაცდომის ინდივიდუალური შეფასების გზით, რაც არ განუხორციელებია. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემდეგია: წარმატებულია თუ არა, სამუშაოდან მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნები. სარჩელის დასახელებული მოთხოვნები საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის (გასაჩივრებული ბრძანების მიღების პერიოდისთვის მოქმედი რედაქცია) (სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), 48-ე მუხლის მე-9 ნაწილის (დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია), 58-ე მუხლის (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408-ე მუხლის პირველი ნაწილისა და (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე მუხლის (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) დანაწესებიდან გამომდინარეობს.
13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი საკითხების სწორად გადასაწყვეტად, პირველ რიგში, დამსაქმებლის სადავო გადაწყვეტილების კანონიერებაა გასაანალიზებელი, ე.ი. გამოსარკვევია, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას. დადგენილი სასამართლო პრაქტიკით, აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია, მხოლოდ უშუალოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად, რაზეც ასევე მიუთითებს თავად კასატორიც (შდრ. იხ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016). საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ბუნებრივია, რადგან, მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ გადაწყვეტილებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ასაბუთებს ან ვერ ასაბუთებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი დამსაქმებლის სწორედ ამ გადაწყვეტილების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია.
14. მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ გასაჩივრებული ბრძანების კანონიერების შემოწმებისას, სასამართლო რამდენიმე გარემოებას კუმულატიურად აქცევს ყურადღებას სახელდობრ: 1) არსებობს დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპი, რომლის თანახმად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმისა და დარღვევით გამოწვეული შედეგის თვალსაზრისით. ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტურ შრომის მოტივაციას შეუქმნის. ამდენად, იმისთვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად ჩაითვალოს, აუცილებელია, ვლინდებოდეს ისეთი დარღვევა, როდესაც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენება მიზანშეუწონელია (შდრ. იხ. სუსგ: საქმე №ას-1431-2025, 28 იანვარი, 2026 წელი; №ას-267-2021, 11.06.2021; №ას-997-2020, 10.02.2021; №ას-658-2020, 4.12.2020). 2). შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკიდურესი ღონისძიებაა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. იხ. სუსგ: №ას-941-891-2015, 29.01.2016; №ას-1421-2020, 5.03.2021; №ას-512-2020, 18.02.2021). 3). შრომის კოდექსის 47.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის (დავის განხილვის დროს მოქმედი რედაქცია) მიხედვით, დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში. მუშაკის სამუშაოდან განთავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეშად დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. იხ. სუსგ: Nას-416-399-16, 29.11.2016; Nას-812-779-2016,19.10.2016; Nას-1276-1216-2014, 18.03.2015; Nას-483-457-2015, 7.10.2015). 4). სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). შრომითსამართლებრივ დავებში კი, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად განთავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. იხ. სუსგ: №ას-151-147-2016, 19.04.2016; №ას-483-457-2015, 7.10.2015; №ას-1276-1216-2014, 18.03.2015).
15. რაც შეეხება განსახილველ შემთხვევას, დამსაქმებლის სადავო ბრძანების ფორმალური სამართლებრივი საფუძველი შრომის კოდექსის 47.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტშია წარმოდგენილი, რომლის შინაარსი შემდეგია: შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. გასაჩივრებული ბრძანების ფაქტობრივ საფუძვლად.
16. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის მითითებას დასაქმებულის მიერ ჩადენილ გადაცდომასთან მიმართებით, რაც დავის განხილვის არცერთ ეტაპზე არ გამხდარა სადავო, კერძოდ, დადგენილია, რომ ნ.თ–ძემ დედის მისამართზე საცხოვრებლად დაბრუნების შემდეგ, დროულად არ აცნობა სააგენტოს ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების შესახებ, რაც გახდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. თუმცა პალატა კასატორს აქვე განუმარტავს, რომ სწორედ იმ პრინციპების გათვალისწინებით, რაც საკასაციო საჩივარშია ასახული და რომლებიც შეეხება დასაქმებულის გადაცდომის ინდივიდუალურ კვლევას, მისი სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ სადავო ქმედება არ ქმნიდა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. სახელდობრ, საქმის მასალებით დგინდება, რომ არც ნ.თ–ძე და არც მისი ოჯახი საარსებო შემწეობას არ იღებდა, მისი ამ ქმედებით მას ან მისი ოჯახის წევრს რაიმე სარგებელი (მატერიალური ან სხვაგვარი) არ მიუღია. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის ახსნა-განმარტებასთან ერთად ქმნის იმ მოსაზრების გაზიარების საფუძველს, რომ განცხადების წარდგენის დროს მოსარჩელე არ ცხოვრობდა დედასთან და ძმასთან ერთად და ოჯახში მხოლოდ ძმის საზღვარგარეთ წასვლის შემდგომ დაბრუნდა. ამასთან, უდავოა, რომ 2008 წლიდან გათავისუფლების დღემდე, ნ.თ–ძე კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, განვლილი მრავალწლიანი შრომითი საქმიანობის პერიოდში, მას არ დაჰკისრებია არცერთი დისციპლინური სახდელი.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოქმედების არადამაზიანებელი შინაარსობრივი მხარის, მისი ერთჯერადი ხასიათის (მოსარჩელის მხრიდან სხვა მსგავსი გადაცდომის ფაქტი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ არაა დადგენილი), მოსარჩელის როგორც კვალიფიციური, კეთილსინდისიერი მუშაკის ინდივიდუალური მახასიათებლების (დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს სხვა დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმა დაკისრებული არ აქვს) და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ზემომოყვანილი გარემოებების ერთობლივი ანალიზის გათვალისწინებით კასატორის პირველივე სამსახურებრივი გადაცდომის „უხეშ დარღვევად“ კვალიფიკაცია არასამართლიანი დასკვნაა და სარჩელი სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში კანონშესაბამისად დაკმაყოფილდა.
18. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
19. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე და 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 23/06/2025 წელს №11693 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 558,60 ლარის 70% – 391,02 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი