დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1103-2024
24 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ.გ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური (მოპასუხე)
მოპასუხეები - ა.შ–ი, დ.ფ–ნი, თ.გ–ძე, ლ.მ–ი, ნ.მ–ძე, ნ.მ–ი, ს.გ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ვ.გ–ის სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – შინაგანაწესში ცვლილების შეტანის შესახებ ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ვ.გ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“), გ.შ–მა, ი.ნ–მა, ა.ლ–ძემ, ა.შ–მა, ა.ც–ამ, გ.რ–მა, დ.ფ–ნმა, თ.გ–ძემ, ი.ჯ–ამ, ლ.მ–მა, ი.ჯ–ამ, მ.ბ–მა, მ.კ–ამ, ნ.მ–ძემ, ნ.მ–მა, რ.გ–ამ, ი.მ–მა, ი.ქ–ძემ, ს.გ–ძემ, ზ.დ––მა და ნ.ტ–ძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „სამსახური“) მიმართ და მოითხოვეს: სამსახურის შინაგანაწესში ცვლილების შეტანის შესახებ 07.09.2020წ. LA 3 20 00000965 ბრძანების მე-9 პუნქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კერძოდ, 6.3.3.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 6.3.4.2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების, 6.3.5.1 პუნქტისა და 6.3.12.1 პუნქტების ნაწილში. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის საოქმო განჩინებით სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო აპელანტების - გ.შ–ის, ი.ნ–ის, ა.ც–ას, ი.ჯ–ას, ი.ჯ–ას, მ.ბ–ის, მ.კ–ას, რ.გ–ას, ი.მ–ის, ზ.დ––ისა და ნ.ტ–ძის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის საოქმო განჩინებით ა.ლ–ძის სარჩელი დარჩა განუხილველი მის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო და ნაწილობრივ გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის საოქმო განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გ.რ–ისა და ი.ქ–ძის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 9.1. მოსარჩელეები დასაქმებულნი არიან სამსახურში საზოგადოებრივი ადვოკატის პოზიციებზე;
9.2. სამსახურის დირექტორმა 2020 წლის 07 სექტემბერს გამოსცა N LA 3 20 00000965 ბრძანება, რომლითაც ცვლილება შევიდა „იურიდიული დახმარების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” სამსახურის დირექტორის 11.07.2014წ. N01-03-520 ბრძანებით დამტკიცებულ სამსახურის შინაგანაწესში;
9.3. დასახელებული ბრძანების 6.3.1 პუნქტის თანახმად, დისციპლინური წარმოების მიზანია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის დროულად და სრულყოფილად გამოვლენა და დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა;
9.4. ბრძანების 6.3.2 პუნქტით განსაზღვრულია დისციპლინური წარმოების საფუძვლები და პრინციპები. კერძოდ, დისციპლინური პასუხისმგებლობა თანამშრომელს შეიძლება დაეკისროს შინაგანაწესით დადგენილი საფუძვლებითა და წესით (6.3.2.1 პუნქტი); დაუშვებელია თანამშრომელს ერთი და იმავე დისციპლინური გადაცდომისათვის ორჯერ ან მეტჯერ დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა (6.3.2.2 პუნქტი);
9.5. დისციპლინური გადაცდომის სახეებად (6.3.3.1 პუნქტი) განისაზღვრა შემდეგი გადაცდომები:
ა) სამსახურებრივი მოვალეობების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანი შესრულება;
ბ) სამსახურის შინაგანაწესის, სამსახურის დებულების, იურიდიული დახმარების საბჭოს გადაწყვეტილებების, დირექტორის ბრძანებებისა და სამსახურის სხვა აქტების დარღვევა, მათი შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ) არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა ან/და სისტემატური დაგვიანება ან/და სამუშაო საათების დასრულებამდე სამუშაო ადგილის სისტემატურად არასაპატიო მიზეზით დატოვება;
დ) სამსახურისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა;
ე) ეთიკის ნორმების ან/და ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, ასევე, ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც მიმართულია თანამშრომლის ან/და სამსახურის დისკრედიტაციისაკენ ან/და ლახავს სამსახურის რეპუტაციას, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ;
ვ) იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირისთვის ან მისი ოჯახის წევრისათვის ან მასთან დაკავშირებული პირისათვის ნებისმიერი სახის მატერიალური ან/და არამატერიალური სარგებლის მოთხოვნა ან ამ პირებისაგან ნებისმიერი სახის მატერიალური ან/და არამატერიალური სარგებლის მიღება სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით;
9.6. ბრძანების 6.3.4.1 პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი;
9.7. ბრძანების 6.3.4.2 პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ:
ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას ან/და სამსახურს აკარგვინებს ნდობას დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ;
ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა სამსახურის რეპუტაციას;
გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა სამსახურს;
დ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის ინტერესებს, სამსახურში მომუშავე სხვა თანამშრომელს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს;
ე) თანამშრომელმა არ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა იურიდიული დახმარების საბჭოს გადაწყვეტილებები ან/და ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე სამსახურის დირექტორის მიერ გამოცემული აქტები;
ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა;
ზ) თანამშრომელმა იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირს ან მისი ოჯახის წევრს ან მასთან დაკავშირებულ პირს მოსთხოვა ნებისმიერი სახის მატერიალური ან/და არამატერიალური სარგებელი ან ამ პირებისაგან მიიღო ნებისმიერი სახის მატერიალური ან/და არამატერიალური სარგებელი სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით;
9.8. ბრძანების 6.3.5.1 პუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია:
ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან - 6- თვემდე ვადით;
დ) სამსახურიდან გათავისუფლება;
9.9. თანამშრომლის მიერ ერთდროულად რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მას დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება უფრო მძიმე დისციპლინური გადაცდომისათვის ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებით (6.3.5.2 პუნქტი);
9.10. დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, თანამშრომლის უშუალო უფროსი ვალდებულია სამსახურის დირექტორს მიმართოს წარდგინებით, რომელშიც აღწერილი იქნება თუ რა ტიპის გადაცდომა ჩაიდინა თანამშრომელმა, მისი ჩადენის დრო და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები (6.3.6 პუნქტი);
9.11. თანამშრომელს დისციპლინური გადაცდომისათვის შეეფარდება დისციპლინური პასუხისმგებლობის თანაზომიერი სახდელი (6.3.7.1 პუნქტი);
9.12. ბრძანების 6.3.7.2 პუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას სამსახური ითვალისწინებს:
ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით;
ბ) დისციპლინური გადაცდომის სახეს ან/და მნიშვნელობას ან/და გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმეს;
გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა;
დ) სამსახურებრივ მოვალეობათა ან სამსახურის აქტებით დადგენილ ვალდებულებათა დარღვევის, შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულების მიზეზს;
ე) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობას;
ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობას, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი;
ზ) სხვა გარემოებას, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე;
9.13. ბრძანების 6.3.8 პუნქტის თანახმად, თანამშრომლის სამსახურიდან განთავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში;
9.14. ბრძანების 6.3.12.1 პუნქტის მიხედვით, დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველია სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე საჩივრის ან განცხადების ან სხვა დოკუმენტის ან ინფორმაციის არსებობა;
9.15. ბრძანების 6.3.12.2 პუნქტის მიხედვით, ამ პუნქტის პირველი ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას სამსახურის დირექტორი საჩივრის/განცხადების/დოკუმენტის/ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 05 დღის ვადაში გამოსცემს დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ბრძანებას, რომელშიც აღინიშნება დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა (მისი არსებობის შემთხვევაში), დისციპლინური წარმოების ვადა და დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი. დისციპლინური წარმოება იწყება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან არ არის გასული 03 წელი (6.3.12.3 პუნქტი);
9.16. ბრძანების 6.3.13.1 - 6.3.13.2 პუნქტების შესაბამისად, დისციპლინური წარმოების საფუძველზე დისციპლინური სახდელის შეფარდებას ახორციელებს სამსახურის დირექტორი; დისციპლინური წარმოების დაწყების შემდეგ საკითხი შესასწავლად გადაეცემა იურიდიული დახმარების სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სამმართველოს დისციპლინური გადაცდომის არსებობა/არარსებობის შესახებ დასკვნის მოსამზადებლად;
9.17. დისციპლინური წარმოების ფარგლებში შესაბამისი სამმართველოს თანამშრომელი უფლებამოსილია:
ა) გამოითხოვოს, შეაგროვოს და შეისწავლოს სავარაუდო დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებული ფაქტების შესახებ ინფორმაცია;
ბ) მიიღოს და გააანალიზოს წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტებები;
გ) საჭიროების შემთხვევაში შეხვდეს საჩივრის, განცხადების, ინფორმაციის ავტორსა ან/და სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს და მიიღოს მისგან დამატებითი ახსნა-განმარტება ან წერილობითი დოკუმენტაცია;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები (6.3.13.3 პუნქტი);
9.18. დისციპლინური წარმოების დროს მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად შესაბამისი სამმართველო ადგენს დასაბუთებულ დასკვნას დისციპლინური გადაცდომის არსებობის/არარსებობის შესახებ და წარუდგენს სამსახურის დირექტორს; სამმართველოს დასკვნაში უნდა აღინიშნოს: ა) დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი თანამშრომლის სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო მონაცემები და დაკავებული თანამდებობა/პოზიცია; ბ) საჩივრის, განცხადების, ინფორმაციის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები; გ) დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით სამმართველოს მიერ განხორციელებული ქმედებები და მოპოვებული ინფორმაცია; დ) საკითხის შესწავლის შედეგად დადგენილი გარემოებები; ე) დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ან არდაკისრების დასაბუთება; 3) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანია შესაბამისი დასკვნის ჩამოყალიბებისათვის (6.3.13.4 - 6.3.13.5 პუნქტები);
9.19. დასკვნის სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს: ა) დისციპლინური გადაცდომის არსებობის დადასტურებას და თანამშრომლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის კონკრეტული ზომის შეფარდების რეკომენდაციას; ბ) დისციპლინური წარმოების შეწყვეტის შესახებ რეკომენდაციას; გ) დისციპლინური გადაცდომის არარსებობის დადასტურებას და თანამშრომლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებაზე უარის თქმის რეკომენდაციას (6.3.13.6 პუნქტი);
9.20. სამსახურის დირექტორი სამმართველოს დასკვნის მიღების შემდეგ განიხილავს დასკვნას, საქმის მასალებს და იღებს ბრძანებას დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური ზომის შეფარდების შესახებ ან ბრძანებას დისციპლინური წარმოების შეწყვეტის შესახებ ან გადაწყვეტილებას დისციპლინური სახდელის არგამოყენების შესახებ (6.3.13.7 პუნქტი);
9.21. ბრძანების 6.3.14.2 პუნქტის თანახმად, თანამშრომელს, რომლის მიმართაც დაწყებულია დისციპლინური წარმოება უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. საჭიროებიდან გამომდინარე, მას შესაძლოა დაევალოს ცალკეული დოკუმენტების წარდგენაც. წერილობითი ახსნა-განმარტება შესაძლოა დამატებით ჩამოერთვას ყველა იმ პირს, ვისთვისაც შესაძლოა ცნობილი იყოს ინფორმაცია და გარემოებები დისციპლინური გადაცდომის არსებობის ან არარსებობის შესახებ. კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, შესაძლოა, სათანადო პირებიდან ან/და უწყებებიდან დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებული დოკუმენტების/ინფორმაციის გამოთხოვა;
9.22. ბრძანების 6.3.14.4 პუნქტის შესაბამისად, თუ დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მიერ წარდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტება არასრულია ან დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა აუცილებელი, მას განესაზღვრება დამატებით 05 სამუშაო დღის ვადა ახსნა-განმარტებისა და დოკუმენტაციის წარსადგენად;
9.23. ბრძანების 6.3.15 პუნქტით განისაზღვრა დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის უფლებები, რომლის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს უფლება აქვს: ა) ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით; ბ) მოითხოვოს დისციპლინური წარმოების საქმის მასალების გაცნობა; გ) წარადგინოს წერილობითი ახსნა-განმარტება; დ) წარადგინოს მტკიცებულება; ე) გაასაჩივროს დირექტორის ბრძანება/გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით (6.3.15.1 პუნქტი);
9.24. სააპელაციო საჩივარში ასახული ინფორმაციის შესაბამისად, დღეის მდგომარეობით სადავო ბრძანება გაუქმებულია. ამასთან, საქმეში წარდგენილი მოქმედი შინაგანაწესი შეიცავს იმავე დებულებებს.
10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული ბრძანებით ცვლილებები შევიდა სამსახურის დირექტორის 11.07.2014წ. N01-03-520 ბრძანებით დამტკიცებულ სამსახურის შინაგანაწესში და სხვა საკითხებთან ერთად, მოწესრიგდა და დეტალურად გაიწერა დისციპლინური წარმოების საკითხები; წინამდებარე საქმეზე დადგენილია, რომ იურიდიული დახმარების საბჭოს 04.07.2020წ. N75 გადაწყვეტილებით დამტკიცდა მოპასუხის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესი და კრიტერიუმები. აღნიშნული კრიტერიუმებით მოპასუხის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების პრინციპებია: ადვოკატის დამოუკიდებლობა; პროფესიული საიდუმლოების დაცვა (კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების დაუშვებლობა); პირადი ცხოვრების (პერსონალური მონაცემების) დაცვა.
11. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტების მოსაზრებით, სწორედ წარდგენილ დებულებებში არსებული კონკრეტული ჩანაწერები და რეგულაციები წარმოადგენს შემზღუდველ ჩარევას ადვოკატის, როგორც თავისუფალი პროფესიის მქონე პირის, საქმიანობაში, სათანადოდ არ იცავს ადვოკატის დამოუკიდებლობას და შეუვალობას, არ ქმნის საკმარისს საფუძვლებს საზოგადოებრივი ადვოკატის საქმიანობა შეფასდეს თანაბარი და სამართლიანი მიდგომებით, შეფასების დროს არ ხდება საზოგადოებრივი ადვოკატის დღევანდელი დატვირთულობის და საქმეთა ნაკადის მართვის გათვალისწინება, საფრთხის წინაშე დგება კლიენტთან ურთიერთობის დროს მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია, ჩნდება პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების საფუძვლები, სახელმწიფოს ჩარევა საზოგადოებრივი ადვოკატის საქმიანობაში არ ქმნის ასეთი ჩარევის ლეგიტიმურ მიზანს იმ ამოცანების გადაჭრის უზრუნველსაყოფად, რასაც მომსახურების ხარისხის ამაღლების კეთილშობილური მიზანი და ამ კუთხით საზოგადოებრივი ადვოკატის ინსტიტუტის გაძლიერება ჰქვია; მოპასუხემ მოსარჩელეების აღნიშნული ქმედების შემდეგ მიიღო ბრძანება და დაჩქარებული წესით მიზნად დაისახა შინაგანაწესში ისეთი ცვლილებების უზრუნველყოფა, რომელთა მიზანსაც წარმოადგენდა საზოგადოებრივი ადვოკატების იმ ნაწილის დასჯა, ვისაც შეთავაზებული ცვლილებების მიმართ განსხვავებული შეხედულებები და სამართლებრივი ხედვა გააჩნდათ. ამდენად, აპელანტთა მტკიცებით, დადგენილი რეგულირების პირობებში, არსებობს რეალური საფრთხე სამსახურის დირექტორის მხრიდან, ბუნდოვან დებულებებზე დაყრდნობით, თვითნებურად განხორციელდეს არასასურველი კადრების სამსახურიდან გათავისუფლება, რაც აფერხებს ადვოკატთა დამოუკიდებლობას და, შესაბამისად, სადავო დებულებები, როგორც კანონსაწინააღმდეგო დანაწესები, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებული პოზიციის საპირისპიროდ, მოპასუხემ განმარტა, რომ სადავო ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის ცვლილებები განპირობებული იყო წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის წესის მოსაწესრიგებლად. გასაჩივრებულ ბრძანებაში დეტალურად გაიწერა დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები, ზომები, განხილვის წესი და ა.შ. გასაჩივრებული ბრძანება არ აუარესებს დასაქმებულთა მდგომარეობას, პირიქით, ბრძანება დეტალურად აწესრიგებს დისციპლინური წარმოების წესს, ძველი რეგულაციებისგან განსხვავებით და შეიცავს დისციპლინური სახდელის შეფარდებისას საკითხის დეტალურად გამოკვლევისა და შესწავლის წესს, რაც შეესაბამება დასაქმებულთა ინტერესებს.
13. სააპელაციო პალატა გაეცნო გასაჩივრებული ბრძანების შესაბამისს მუხლებს და არ გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიცია მასში ასახული დებულებების კანონშეუსაბამობასთან მიმართებით. სააპელაციო პალატის განმარტებით, სადავო დებულებები უნდა შეფასდეს შინაგანაწესის სრულად განხილვის პირობებში, რის შემდგომაც გაკეთდეს შესაბამისი დასკვნები ჩანაწერის კანონშეუსაბამობასთან მიმართებით.
14. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო შინაგანაწესის 6.3.8, 6.3.12.1, 6.3.13.1, 6.3.13.2, 6.3.13.4, 6.3.13.6, 6.3.13.7 პუნქტები და განმარტა, რომ წარდგენილი შინაგანაწესით სამსახურის დირექტორი მხოლოდ დისციპლინური მოკვლევის - დასკვნისა და საქმის მასალების გაანალიზების შედეგად ახორციელებს დისციპლინური სახდელების შეფარდებას, რაც გამორიცხავს სამსახურის დირექტორის თვითნებობას და მის სუბიექტურ დამოკიდებულებას კონკრეტულ შემთხვევასა და კონკრეტული პიროვნების მიმართ.
15. სააპელაციო სასამართლომ „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 14.2 და 14.3 მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ იურიდიული დახმარების ბიუროს დირექტორს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა შეუძლია არა ერთპიროვნულად, მისი სურვილის შესაბამისად, არამედ, მხოლოდ საბჭოს თანხმობის შემთხვევაში. სასამართლომ, ასევე, მოიხმო იმავე კანონის 10.1, 10.2 მუხლები და აღნიშნა, რომ იურიდიული დახმარების საბჭო დაკომპლექტებულია სამართლისა და მართლმსაჯულების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისაგან, რაც უზრუნველყოფს სამსახურის დამოუკიდებლობას და გამჭვირვალობას. შესაბამისად, მოსარჩელის აპელირება, რომ ადვოკატი შინაგანაწესის საფუძველზე შეიძლება დათხოვნილ იქნეს ყოველგვარი კონტროლის გარეშე, თვითნებურად, დაუსაბუთებელია.
16. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო შინაგანაწესის 6.3.1, 6.3.2, 6.3.2.1, 6.3.2.2, 6.3.7.1, 6.3.7.2, 6.3.14.2, 6.3.14.4 სადავო პუნქტები და განმარტა, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას სამსახური ითვალისწინებს ყველა გარემოებას, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომაზე. ხოლო, დასაქმებულებს ახსნა-განმარტების და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით აქვთ მათი უფლებების/პოზიციის დაცვის შესაძლებლობა. ამასთან, შინაგანაწესის 6.3.15 პუნქტით განისაზღვრა დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის უფლებები, რომლის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს უფლება აქვს: ა) ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით; ბ) მოითხოვოს დისციპლინური წარმოების საქმის მასალების გაცნობა; გ) წარადგინოს წერილობითი ახსნა-განმარტება; დ) წარადგინოს მტკიცებულება; ე) გაასაჩივროს დირექტორის ბრძანება/გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით (6.3.15.1 პუნქტი).
17. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს შრომის კოდექსის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამსაქმებელს უფლება აქვს დაადგინოს შრომის შინაგანაწესი. იგი ვალდებულია შრომის შინაგანაწესი დასაქმებულს გააცნოს; იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შრომის შინაგანაწესი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაო დღეს სამუშაოს დაწყების დრო და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას - ცვლის ხანგრძლივობა; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურებისგარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისების სახე, პასუხისმგებლობის სახე და მათი გამოყენების წესები; თ) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, დამსაქმებელმა შრომის შინაგანაწესით შეიძლება განსაზღვროს სპეციალური წესები; ხოლო მე-6 პუნქტის შესაბამისად, ბათილია შრომის შინაგანაწესის ის დებულება, რომელიც ამ კანონს, ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებას ან კოლექტიურ ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება.
18. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, შინაგანაწესით განსაზღვრა პასუხისმგებლობის სახეები და მათი გამოყენების წესები. აქედან გამომდინარე, სადავო ბრძანების მე-9 პუნქტის 6.3.3.1 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი და 6.3.5.1 პუნქტი არ ეწინააღმდეგება შრომით კანონმდებლობას, რაც გამორიცხავს აღნიშნული მუხლების ბათილობის შესაძლებლობას.
19. სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომები და ამ გადაცდომებისათვის განსაზღვრული დისციპლინური ზომები, რომლის შეფარდებაც დამსაქმებლის უფლებამოსილებას წარმოადგენს, სამსახური ახორციელებს სათანადო მოკვლევის შედეგად. შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტისას კი სავალდებულო წინაპირობას საბჭოს თანხმობა წარმოადგენს. შესაბამისად, ორგანიზაციის ხელმძღვანელი აბსოლუტური ავტონომიით არ სარგებლობს, რაც მისი სურვილისა და შეხედულების საფუძველზე დასაქმებულების სამსახურიდან გათავისუფლებას გამორიცხავს. მოცემულ პირობებში კი, სასამართლოსთვის ბუნდოვანია თუ რა საფუძველს ემყარება მოსარჩელეთა მოთხოვნა შინაგანაწესის 6.3.12.1 პუნქტის ბათილობის შესახებ, რომლის თანახმად, დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე საჩივრის ან განცხადების ან სხვა დოკუმენტის ან ინფორმაციის არსებობაა. აღნიშნული პუნქტის ჩანაწერით დასაქმებულების მდგომარეობის გაუარესება არ იკვეთება. დისციპლინური წარმოების მიზანი სწორედ დისციპლინური გადაცდომის ფაქტის დროულად და სრულყოფილად გამოვლენა და დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაა (6.3.1 პუნქტი). ამასთან, დისციპლინური პასუხისმგებლობა თანამშრომელს შეიძლება დაეკისროს წინამდებარე შინაგანაწესით დადგენილი საფუძვლებითა და წესით (6.3.2.1 პუნქტი). შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შინაგანაწესის 6.3.12.1 პუნქტი არ ეწინააღმდეგება შრომით კანონმდებლობას, რაც ასევე გამორიცხავს აღნიშნული მუხლის ბათილობის შესაძლებლობას.
20. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო სადავო ბრძანების 6.3.4.1, 6.3.8, 6.3.4.2 პუნქტები და განმარტა, რომ შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილებებით დამსაქმებელმა დეტალურად გაწერა დისციპლინური გადაცდომის სახეები, ასევე, მიუთითა რა შეიძლებოდა მიჩნეულიყო მძიმე გადაცდომად, რასაც შეიძლება თანამშრომლის სამსახურიდან განთავისუფლება გამოეწვია.
21. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სადავო ნორმები არის ნათელი და განჭვრეტადი, რაც დასაქმებულებს აძლევს შესაძლებლობას განსაზღვრონ მათი დარღვევის უარყოფითი შედეგები და რაც დისციპლინური გადაცდომის საწინააღმდეგოდ პრევენციული დანიშნულებითაც ხასიათდება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურმა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სახდელის შეფარდებისას უნდა დაადგინოს და დაასაბუთოს, რომ გადაცდომა არის მძიმე, შემდგომ ჩადენილი გადაცდომა შეაფასოს 6.3.7.2 პუნქტის ჭრილში და მხოლოდ ამის შემდეგ შეუსაბამოს მას თანაზომიერი სახდელი, ანუ დაასაბუთოს გადაცდომისა და სახდელის პროპორციულობა. შესაბამისად, ისეთ პირობებში, როდესაც შინაგანაწესის დებულებები ავალდებულებს დირექტორს დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის გამოყენების დროს დეტალურად გამოიკვლიოს და შეაფასოს ყველა გარემოება, გამოირიცხება დამსაქმებლის თვითნებობა. ამასთან, მხოლოდ მძიმე გადაცდომის ჩადენის ფაქტის დადგენა, თავის მხრივ, არ იწვევს ავტომატურად სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დისციპლინური სახდელის შეფარდებას.
22. სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი და განმარტა, რომ შრომის კანონმდებლობით, მოვალეობების დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულების დაუყოვნებლივ შეწყვეტა. აღნიშნულს შინაგანაწესის სადავო ნორმების ჩანაწერიც ითვალისწინებს, რაც იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები შრომითი კანონმდებლობის შესაბამისია. ეს გარემოება კი, უსაფუძვლოს ხდის მოსარჩელეთა აპელირებას, რომ სამსახურის შინაგანაწესის, სამსახურის დებულების, იურიდიული დახმარების საბჭოს გადაწყვეტილებების, დირექტორის ბრძანებებისა და სამსახურის სხვა აქტების დარღვევის, მათი შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევები, ქმედებების ხარისხი თავიდანვე მძიმე გადაცდომის კატეგორიას დაექვემდებაროს.
23. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტთა მტკიცება, რომ სადავო ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილება დამსაქმებელს აძლევს შესაძლებლობას, მოსარჩელეებს მძიმე დისციპლინურ გადაცდომად ჩაუთვალოს ზემოთ დასახელებული აქტების სადავოდ გახდომა იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრების ფაქტი ან/და სადავო აქტზე საზოგადოებრივი დისკუსიის უზრუნველყოფა მოპასუხის მიერ აღქმულ იქნეს სამსახურის რეპუტაციის შელახვად და ნდობის დაკარგვის მცდელობად მომავალ ბენეფიციარებთან ან/და მთლიან საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესში. შესაბამისად, მოპასუხეს ეძლევა საშუალება, საკითხზე სასამართლოს კონტროლის განხორციელებამდე ასეთი პირები სამსახურიდან დაითხოვოს.
24. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლით, „იურიდიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 1.1, 1.2, 1.3, 1.4 მუხლებით და განმარტა, რომ იურიდიული დახმარების ბიუროს ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის მაღალი რეპუტაცია უაღრესად მნიშვნელოვანია. მოცემულ პირობებში კი, დისციპლინურ გადაცდომად სამსახურის რეპუტაციის შელახვა და ზიანის მიყენება ვერ მიიჩნევა შრომითი კანონმდებლობის საწინააღმდეგო დათქმად. ამასთან, დისციპლინურ წარმოებაზე დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლო ყოველ ცალკეულ შემთხვევაში შეამოწმებს დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერებას შრომის კოდექსისა და შრომის სამართალში მოქმედი კონვენციის ნორმების შესაბამისად. ამდენად, შრომის შინაგანაწესში მითითებული დებულებები ავტომატურად ვერ ჩაითვლება საკმარისად ამა თუ იმ ქმედების უხეშ დარღვევად კვალიფიკაციისათვის.
25. სააპელაციო პალატის განმარტებით, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის თანახმად, საზოგადოებრივი ადვოკატი საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად. დაუშვებელია საზოგადოებრივი ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა, აგრეთვე, მის მიმართ სანქციის გამოყენება ან სანქციის გამოყენების მუქარა იმ საქმიანობის გამო, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და ადვოკატთა ეთიკის კოდექსს. მოცემულ შემთხვევაში დამსაქმებელმა შრომის კოდექსის 23.2. მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შინაგანაწესში განსაზღვრა დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე და მათი გამოყენების წესები, შესაბამისად, ბრძანების 6.3.4.2 პუნქტის „ა”, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები არ ეწინააღმდეგება შრომის კანონმდებლობას, რაც გამორიცხავს მისი ბათილობის შესაძლებლობას. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა პრეტენზია, რომ დებულებებში არსებული კონკრეტული ჩანაწერები და რეგულაციები წარმოადგენს შემზღუდველ ჩარევას ადვოკატის, როგორც თავისუფალი პროფესიის მქონე პირის საქმიანობაში და სათანადოდ არ იცავს ადვოკატის დამოუკიდებლობას, შეუვალობას და საზოგადოებრივი ადვოკატის ინსტიტუტის გაძლიერებას. სასამართლოს მითითებით, აღნიშნული ჩანაწერი გაგებული ვერ იქნება იმგვარად, რომ დაუშვებელია საზოგადოებრივი ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა, აგრეთვე, მის მიმართ სანქციის გამოყენება ან სანქციის გამოყენება ყველა შემთხვევაში. აღნიშნული დაშვებულია მხოლოდ იმ პირობით, თუ მისი ქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და ადვოკატთა ეთიკის კოდექსს, ხოლო თუ დასაქმებულები არ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს და მათი მოქმედება არ შეესაბამება „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული კანონის მიზანს, დასაქმებულები ვერ გათავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან საზოგადოებრივი ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობაზე მითითებით.
26. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ შინაგანაწესის ცვლილებები, რომელიც სამსახურის დირექტორის ან/და საბჭოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებების შეუსრულებლობას შეეხება, ტოვებს სხვადასხვა კუთხით შეფასებისა და ინტერპრეტაციის საფუძვლებს, რაც ავტომატურად გულისხმობს მძიმე დისციპლინურ დარღვევას, წარმოადგენს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს და კანონსაწინააღმდეგოა.
27. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შრომის კოდექსის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს უარი განაცხადოს იმ სამუშაოს, დავალების ან მითითების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს. მხარე მიუთითებს, რომ მოპასუხეს წარმოდგენილი ცვლილებით აქვს სრული უფლება, მისთვის სასურველი აქტის გასაჩივრების ფაქტიც კი ჩათვალოს მძიმე დისციპლინურ გადაცდომად და გამოიყენოს უკიდურესი ღონისძიება - გათავისუფლება. ასეთ ვითარებაში კანონი იცავს მოსარჩელეებს, რომლის თანახმადაც, ბათილია შრომის შინაგანაწესის ის დებულება, რომელიც ეწინააღმდეგება ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებას ან კოლექტიურ ხელშეკრულებას ან ამ კანონს, საქართველოს შრომის კოდექსი კი, აქტების შეუსრულებლობის ფაქტზე, დისციპლინურ სახდელებს არ აწესებს, მით უფრო, მუშაკის თანამდებობიდან დათხოვნის შესაძლებლობას. შესაბამისად, სამსახურის დირექტორის ან/და საბჭოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის სხვადასხვა კუთხით შეფასება და ინტერპრეტაცია ავტომატურად არ გულისხმობს მძიმე დისციპლინურ დარღვევას. მოცემულ პირობებში კი არ არსებობს სადავო ბრძანების 6.3.4.2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.
28. ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა სადავო ჩანაწერების კანონშესაბამისობასთან მიმართებით. სასამართლოს მითითებით, საგულისხმოა, რომ არსებული დანაწესები, თავისი შინაარსით, არც კანონისგან განსხვავებულ და არც დამამძიმებელ ჩანაწერს შეიცავს, რაც შესაძლოა განხილულიყო დებულებების ბათილობის საფუძვლად. იმავდროულად, სადავო ნორმები შეესაბამება, როგორც ზნეობის ნორმებს, ასევე, საჯარო წესრიგს, რაც აღნიშნული საფუძვლითაც გამორიცხავს მოსარჩელეთა მოთხოვნას მათ ბათილობასთან მიმართებით (სსკ-ს 54-ე მუხლი).
29. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით და ზემოაღნიშნულის გარდა, განმარტა, რომ აპელანტებმა სააპელაციო ეტაპზე ვერ დაასაბუთეს ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა სადავო ბრძანების იმ ნაწილის ბათილად ცნობასთან მიმართებით, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე გაუქმებულია. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ასევე აღსანიშნავია, რომ ბრძანების მოქმედების პირობებში სადავო დებულებებს არცერთი მოსარჩელისათვის უარყოფითი სამართლებრივი შედეგი არ გამოუწვევია, რაც ამ მხრივაც დაუსაბუთებელს ხდის მოსარჩელეთა აღიარებით მოთხოვნას იმ ბრძანების ბათილად ცნობასთან მიმართებით, რომელიც დღეის მდგომარეობით გაუქმებულია. აპელანტთა ზოგადი მითითება, რომ მათთვის მნიშვნელოვანია სასამართლოს აქტით სადავო დებულებათა ბათილობის აღირება, სსსკ-ს 180-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ვერ განიხილება იმგვარ იურიდიულ ინტერესად, რაც გაამართლებდა წარდგენილი სახით სააპელაციო საჩივრის განხილვასა და გადაწყვეტას.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე აპელანტმა წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს: 31.1. „იურიდიული დახმარების საბჭოს“ 04.07.2020წ. N75 გადაწყვეტილებით დამტკიცდა მოპასუხის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესი და კრიტერიუმები. აღნიშნული შეფასების წესი და კრიტერიუმები გასაჩივრდა სასამართლოში 22 საზოგადოებრივი ადვოკატის, მათ შორის, კასატორის მიერ. მოპასუხემ მოსარჩელეთა აღნიშნული ქმედების შემდეგ მიიღო ბრძანება დაჩქარებული წესით შინაგანაწესში იმგვარი ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ადვოკატების იმ ნაწილის სამსახურიდან გათავისუფლებით დაშინებასა და დასჯას, ვისაც შეთავაზებული ცვლილებების მიმართ განსხვავებული შეხედულებები და სამართლებრივი ხედვა გააჩნდათ;
31.2. მოსარჩელეთა პოზიცია შინაგანაწესში შესული ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით გამართლა და 2023 წლის 18 ივლისს სამსახურის დირექტორმა გამოსცა ბრძანება კასატორის გათავისუფლების თაობაზე. გათავისუფლების ბრძანება სწორედ შინაგანაწესში შესულ ცვლილებებსა და იმ პუნქტებს ეყრდნობა, რომელიც გასაჩივრებულია სასამართლოში და რომლის კანონიერებაც განიხილება წინამდებარე საქმეში;
31.3. გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია, რომ სამსახურის დირექტორს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა შეუძლია არა ერთპიროვნულად, მისი სურვილის შესაბამისად, არამედ მხოლოდ საბჭოს თანხმობის შემთხვევაში, თუმცა, იურიდიული დახმარების საბჭო, როგორც ზემდგომი ორგანო, ასეთად გაწერილია მხოლოდ სამსახურის შიდა სამართლებრივ დოკუმენტებში, სინამდვილეში კი, საბჭო მხოლოდ ფორმალურად არის სამსახურის ზემდგომი ორგანო და ემორჩილება დირექტორის გადაწყვეტილებებს. აღნიშნულს ის გარემოებაც ადასტურებს, რომ კასატორის გათავისუფლების თაობაზე დირექტორმა ჯერ ბრძანება გამოსცა და შემდეგ, მეორე დღეს მიიღო საბჭოსგან თანხმობა გათავისუფლების თაობაზე;
31.4. დაუსაბუთებელია განჩინებაში არსებული დასაბუთება, რომლის თანახმად: „განსახილველ შემთხვევაში შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომები და ამ გადაცდომებისათვის განსაზღვრული დისციპლინური ზომები, რომლის შეფარდებაც დამსაქმებლის უფლებამოსილებას წარმოადგენს, სამსახური ახორციელებს სათანადო მოკვლევის შედეგად. შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტისას კი, სავალდებულო წინაპირობას საბჭოს თანხმობა წარმოადგენს. შესაბამისად, ორგანიზაციის ხელმძღვანელი აბსოლუტური ავტონომიით არ სარგებლობს, რაც მისი სურვილისა და შეხედულების საფუძველზე დასაქმებულების სამსხურიდან გათავისუფლებას გამორიცხავს; დაუსაბუთებელია, ასევე, შემდეგი განმარტება: „ისეთ პირობებში, როდესაც შინაგანაწესის დებულებები ავალდებულებს დირექტორს დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის გამოყენების დროს დეტალურად გამოიკვლიოს და შეაფასოს ყველა გარემოება, გამორიცხავს თვითნებობას“. მოპასუხემ ისე გაათავისუფლა კასატორი სამსახურიდან, რომ ყველა გარემოება დეტალურად არ გამოიკვლია. კასატორის გათავისუფლებაში მოპასუხეს ხელი შეუწყო შინაგანაწესში შესულმა ცვლილებებმა. მოპასუხემ გასაჩივრებულ მუხლებზე დაყრდნობით კასატორის ქმედება შეაფასა მძიმედ და გამოიყენა ყველაზე მკაცრი დისციპლინური სახდელი - შეწყვიტა მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულება;
31.5. დაუსაბუთებელია განჩინებაში არსებული შემდეგი განმარტება: „ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ დისციპლინურ წარმოებაზე დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლო ყოველ ცალკეულ შემთხვევაში შეამოწმებს დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერებას შრომის კოდექსისა და შრომის სამართალში მოქმედი კონვენციის ნორმების შესაბამისად. ამდენად, შრომის შინაგანაწესში მითითებული დებულებები ავტომატურად ვერ ჩაითვლება საკმარისად ამა თუ იმ ქმედების უხეშ დარღვევად კვალიფიკაციისათვის“. ფაქტია, რომ დირექტორის მიერ შინაგანაწესში განხორციელებულმა უკანონო ცვლილებებმა გამოიწვია კასატორის ქმედების მძიმე გადაცდომად მიჩნევა და აღნიშნულ უკანონო ცვლილებებს დაეყრდნო მისი გათავისუფლების ბრძანებაც;
31.6. მოპასუხემ მიიღო ახალი შინაგანაწესი, რომელმაც შეცვალა ძველი შინაგანაწესი. ახალი შინაგანაწესის მიღება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ უკანონო ცვლილებების გასაჩივრებით მიხვდა სამსახური, რომ შინაგანაწესიდან ამოსაღები იყო გასაჩივრებული მუხლები. თუმცა, მხოლოდ აღნიშნული მუხლების ამოღებით ისინი აშკარად დაადასტურებდნენ ცვლილების უკანონობას და ამიტომ ამის გადაფარვის მიზნით, მათ მთლიანად ახალი შინაგანაწესი მიიღეს. ზემოაღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ სამსახურის წარმომადგენლებს სააპელაციო სასამართლოში არ წარუდგენიათ ახალი შინაგანაწესი;
31.7. სამსახურის შინაგანაწესის, სამსახურის დებულების, იურიდიული დახმარების საბჭოს გადაწყვეტილებების, დირექტორის ბრძანებებისა და სამსახურის სხვა აქტების დარღვევის, მათი შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევები, ქმედების ხარისხი თავიდანვე არ უნდა დაექვემდებაროს მძიმე გადაცდომის კატეგორიას. დამსაქმებელს უსამართლობა და უკანონობა არ უნდა ჰქონდეს დაკანონებული შიდასამართლებრივი აქტებით და ამით არ უნდა ჰქონდეს დასაქმებულების უფლებების დარღვევის შესაძლებლობა;
31.8. არამართებულია გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობა მოსარჩელის მოთხოვნის იურიდიულ ინტერესთან დაკავშირებით. იურიდიული ინტერესის არსებობა-არარსებობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა კასატორის მდგომარეობა, კერძოდ, იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს შინაგანაწესის გასაჩივრებულ ნორმებზე დაყრდნობით. არამართებულია ასევე სასამართლოს მითითება, რომ ბრძანების მოქმედების პირობებში სადავო დებულებებს არცერთი მოსარჩელისათვის უარყოფითი სამართლებრივი შედეგი არ გამოუწვევია. სადავო დებულებებს ამაზე მეტი უარყოფითი შედეგი რა უნდა გამოეწვია.
32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
33. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
35. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სამსახურის შინაგანაწესში ცვლილებების შეტანის თაობაზე ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობაზე უარის თქმის მართლზომიერება, თუმცა, ვინაიდან წინამდებარე საქმის განხილვის პროცესში დღის წესრიგში დადგა სასარჩელო მოთხოვნის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა, საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, სწორედ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა არათუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველსაც კი წარმოადგენს. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე Nას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი). აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე Nას-664-635-2016, 02 მარტი, 2017 წელი). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა მიიღებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე Nას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი). ამასთან, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ უკვე შესაძლებელია სარჩელის აღძვრა ვალდებულების შესრულების თაობაზე, ე.ი. თუ შესაძლებელია აღიძრას მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელი. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ეს უკანასკნელი კრიტერიუმი განპირობებულია საპროცესო ეკონომიისა და სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერთი დავის ფარგლებში რამდენიმე სარჩელის აღძვრა (იხ. სუსგ საქმე Nას-148-138-2015, 27 ნოემბერი, 2015 წელი). განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს: სამსახურის 11.07.2014წ. ბრძანებით დამტკიცებულ შინაგანაწესში ცვლილების შეტანის შესახებ სამსახურის დირექტორის 07.09.2020წ. LA 3 20 00000965 ბრძანების მე-9 პუნქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კერძოდ, 6.3.3.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 6.3.4.2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების, 6.3.5.1 პუნქტისა და 6.3.12.1 პუნქტების ნაწილში. დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით აღნიშნული სადავო ბრძანება გაუქმებულია. კერძოდ, საქმეში წარდგენილი სამსახურის 18.03.2024წ. ბრძანების თანახმად, დამტკიცდა სამსახურის შინაგანაწესი დანართი N1-ის შესაბამისად და ძალადაკარგულად იქნა ცნობილი სამსახურის დირექტორის 11.07.2014წ. N01-03-520 ბრძანებით დამტკიცებული სამსახურის შინაგანაწესი. 18.03.2024წ. ბრძანების თანახმად, ახალი შინაგანაწესი ამოქმედდა 2024 წლის 25 მარტიდან (იხ. ტ. 3, ს.ფ. 200). სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტებმა სააპელაციო ეტაპზე ვერ დაასაბუთეს ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა იმ ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობასთან მიმართებით, რომელიც ამჟამად უკვე გაუქმებულია. აღნიშნულს კასატორი არ ეთანხმება და განმარტავს, რომ გაუქმებული ბრძანების მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ იგი მოპასუხემ სამსახურიდან გაათავისუფლა სწორედ შინაგანაწესის გასაჩივრებულ ნორმებზე დაყრდნობით. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სასარჩელო მოთხოვნის მიმართ მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი. კერძოდ, როგორც აღინიშნა, წინამდებარე საქმეში დავის საგანს წარმოადგენს სამსახურის 07.09.2020წ. LA 3 20 00000965 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომელიც სადავო არ არის, რომ გაუქმებულია და იურიდიული ძალა აღარ გააჩნია, ხოლო კასატორი ვერ ასაბუთებს, ერთი მხრივ, რა იურიდიული შედეგის მიღწევა სურს მას უკვე გაუქმებული ბრძანების ბათილობის აღიარებით, ხოლო, მეორე მხრივ, იმ გარემოებას, რომ ამგვარი შედეგის მიღწევა მხოლოდ განსახილველი აღიარებითი სარჩელის აღძვრით/დაკმაყოფილებით არის შესაძლებელი. კასატორის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე გაუქმებული შინაგანაწესის ნორმებზე დაყრდნობით გათავისუფლდა სამსახურში დაკავებული თანამდებობიდან (თუნდაც ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში) მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობას ვერ ასაბუთებს. აღნიშნული კი, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საკასაციო სასამართლო, იურიდიული ინტერესის თვალსაზრისით, მიუთითებს კასატორის განმარტებაზე, რომ 2023 წლის 18 ივლისს სამსახურის დირექტორმა გამოსცა ბრძანება მისი გათავისუფლების თაობაზე და დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ 23.02.2026წ. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი განცხადების შინაარსიდან ირკვევა, რომ კასატორმა მისი გათავისუფლების საკითხი გაასაჩივრა სასამართლოში, თუმცა მისი მოთხოვნა არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ. 4, ს.ფ. 5-14), რაც ასევე საფუძველს აცლის წინამდებარე დავის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობას. საკასაციო სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს მოსარჩელეს ამგვარი აღიარებით. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოვლენაა. ასეთი ინტერესის არსებობა ყოველთვის გულისხმობს, რომ მხარე გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს ინტერესის ობიექტს, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ, აუცილებელია მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით, ინტერესი მოიცავს შედეგებს, რომელიც კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად ობიექტურად მიღწევადი უნდა იყოს (იხ. სუსგ საქმე Nას-202-191-2017, 27 სექტემბერი, 2017 წელი). ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობა, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევს გასაჩივრებული ბრძანების სადავო პუნქტების მართლზომიერებაზე მსჯელობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ვ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ვ.გ–ს (პ.ნ. .........) დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 30 სექტემბერს №23960509304 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლევან ნემსაძე
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
მიხეილ ჯინჯოლია