კერძო საჩივარი

სამოქალაქო 28.04.2026
საქმის ნომერი
ას-1618-2025
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1618-2025 28 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე

ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ა–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.ლ–სი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 2 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოსამზადებელი ეტაპიდან

დავის საგანი - სასაქონლო ნიშანზე უფლების ხელყოფის აღკვეთა და ფულადი კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს ,,გ.ლ‘‘-ს სარჩელი მოპასუხე შპს ,,ა’’-ს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს „ა“-ს აეკრძალა კომბინირებული სასაქონლო ნიშნის „სანტავიკი“ (რეგ. N20682) ან მისი აღრევამდე მსგავსი ნიშნების (მათ შორის ლათინური Santavik) გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ასეთი ნიშნებით მარკირებული ლეიკოპლასტირის რეალიზაცია. მოპასუხე შპს „ა“-ს მოსარჩელე შპს „გ.ლ“-ს სასარგებლოდ დაეკისრა ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის სახით 5 000 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ფულადი კომპენსაციისა და ბაჟის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 05 თებერვლის განჩინებით შპს „ა–ის“ სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

2025 წლის 02 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გამართულ სასამართლო სხდომაზე აპელანტმა შპს „ა–მა“ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ იშუამდგომლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 დეკემბრის განჩინებით აპელანტის შპს „ა–ის“ შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდა. შეწყდა შპს „ა–ის“ სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება შპს „გ.ლ–სის“ მიმართ.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხე შპს „ა–მა“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის წარმოების განახლება მოსამზადებელი ეტაპიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 8 იანვრის განჩინებით კერძო საცივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს გაეგზავნა კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2026 წლის 24 იანვარს ჩაბარდა პირადად (იხ. საფოსტო უკუგზავნილი). კერძო საჩივრის ავტორს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი კერძო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება და უზრუნველყონ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება – უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, თუმცა სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია შეიზღუდოს. ამდენად, სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი საჩივარზე. ხარვეზის შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე – ქ. თბილისი, .......... და გზავნილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, 2026 წლის 24 იანვარს ჩაბარდა პირადად (იხ. საფოსტო უკუგზავნილი).

სსსკ–ის 60–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის ავტორისთვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2026 წლის 25 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 3 თებერვალს, რომელიც იყო სამუშაო დღე – სამშაბათი. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2026 წლის 3 თებერვლის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

სსსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ–ის 396–ე მუხლის თანახმად, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო მისთვის დადგენილი ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399–ე, 372–ე, 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით, 401–ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა–ის“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ბადრი შონია