დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 08.05.2026
საქმის ნომერი
ას-236-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-236-2026 8 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ჯ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ–ის“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – იპოთეკის ხელშეკრულების ხანდაზმულად (შეწყვეტილად) აღიარება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მ.ჯ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ–ისის“ მიმართ იპოთეკის ხელშეკრულების ხანდაზმულად (შეწყვეტილად) აღიარების თაობაზე.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 2013 წლის 25 ოქტომბერს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების პირობების თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ........, სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი. ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, მესაკუთრე მ.ჯ–ძე (პ/ნ ........), მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო კოდი: 29.10.......

2.2. მოსარჩელე რამდენიმე თვის განმავლობაში იხდიდა თანხას, თუმცა, 2014 წლიდან მას თანხა აღარ გადაუხდია და არც მოპასუხე მხარეს მოუთხოვია მისთვის გადახდა. მიუხედავად ამისა, მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე კვლავ ისახებოდა იპოთეკის უფლება.

2.3. მოსარჩელემ იპოთეკის მოხსნის თაობაზე განცხადებით მოპასუხეს მიმართა 2025 წლის 03 თებერვალს, თუმცა აღნიშნულზე პასუხი არ მიუღია.

2.4. სარჩელის თანახმად, მოთხოვნა ხანდაზმულია ვინაიდან ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო იმ დროიდან, როდესაც მოსარჩელემ ვეღარ შეძლო ვალდებულების შესრულება და მოპასუხეს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება (2013 წელი).

3.მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იპოთეკის ხანდაზმულად აღიარება არის უსაფუძვლო და უკანონო.

3.2. მოპასუხის განმარტებით, იპოთეკის ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული იმ მოთხოვნის დადგომის ვადაზე, რომელიც იპოთეკარს წარმოუშობდა შესრულების მოთხოვნის უფლებას იპოთეკით დატვირთულ ნივთზე.

3.3. შესაგებლის თანახმად, მოპასუხესა და შპს „გ.ჯ–ს“ შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „გ.ჯ–ის“ შპს „ბ–ისის“ მიმართ გააჩნდა დავალიანება 35479.45 ლარის ოდენობით. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, შპს „ბ–ისის“ სასარგებლოდ 2012 წლის 17 ივლისს დაიტვირთა ა.ს–ეს უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი, ........., საკადასტრო კოდი: ........ 2023 წლის 24 ოქტომბერს შპს „ბ–ისის“ წარმომადგენელსა და ა.ს–ეს წარმომადგენელს კ.დ–ეს შორის შედგა შეთანხმება, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, კ.დ–ემ აიღო ვალდებულება, რომ შპს „გ.ჯ–ისთვის“ გადაეხადა სრული დავალიანების (35479.45 ლარი) ნაწილი - 11000 ლარი, ხოლო შპს „ბ–ისმა“ ივალდებულა ა.ს–ეს ქონებაზე დადებული იპოთეკის მოხსნა.

3.4. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, იპოთეკისაგან გათავისუფლდა ა.ს–ეს დატვირთული ქონება და შპს „გ.ჯ–ის“ დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 25 ოქტომბერს, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის უძრავი ნივთი. მოსარჩელეს თანხა შპს „ბ–ისის“ სასარგებლოდ არასდროს გადაუხდია. ვინაიდან მესაკუთრემ 2025 წლის 03 თებერვალს წერილობით მიმართა იპოთეკარს იპოთეკის მოხსნის მოთხოვნით, სარჩელის ხანდაზმულობის ვადა სწორედ ამ დროიდან უნდა ათვლილიყო, რაც სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას გამორიცხავდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. 2013 წლის 25 ოქტომბერს მ.ჯ–ძესა და შპს „ბ–ისს“ შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი № 1311248..) აღიარებული იქნა ხანდაზმულად (შეწყვეტილად).

4.2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე შპს „ბ–ისის“ წარმომადგენელმა, რომლითაც მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ბ–ისის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქმეზე №2/85-25 ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მ.ჯ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით, მ.ჯ–ძეს შპს „ბ–ისის“ სასარგებლოდ დაეკისრა აპელანტის მიერ, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი, სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის ვალდებულება.

5.2. სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილი გარემოებების საფუძველზე მიზანშეწონილად მიიჩნია ემსჯელა იპოთეკაზე, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის აქცესორულ საშუალებაზე. პალატის აზრით, იპოთეკის უპირატესობა არა მხოლოდ იმაშია, რომ იპოთეკარს (კრედიტორს) კონკრეტული უძრავი ნივთიდან შეუძლია დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა, არამედ იმაშიც, რომ მას სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში შეუძლია მიიღოს დაკმაყოფილება. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრეს, თუკი იგი იმავდროულად არ არის იპოთეკარის პირადი მოვალე, მას დატვირთული ნივთის რეალიზაციის თმენის ან იპოთეკარისათვის საკუთრების გადაცემის ვალდებულება ეკისრება მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ამის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრეს აძლევს თავდაცვის შესაძლებლობას და მას ანიჭებს იპოთეკარის მიმართ ყველა იმ შესაგებლის გამოყენების უფლებას, რომლებიც პირად მოვალეს აქვს. მესაკუთრის შესაგებლები შეიძლება მრავალი სახის იყოს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს, თუ რომელ სამართლებრივ საფუძველს ეყრდნობა მესაკუთრის შესაგებელი. მართალია, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრეს აქვს მატერიალურ-სამართლებრივი შესაგებლები, თუმცა ამისათვის საჭიროა შესაბამისი მტკიცებულებების არსებობაც.

5.3. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, იპოთეკის, როგორც აქცესორული უფლების ხანდაზმულად ცნობის მიზნებისთვის, სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო მესამე პირის მიერ მოვალის ნაცვლად ვალდებულების შესრულების სამართალურთიერთობის თავისებურებებს და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს გააჩნდა ძირითადი მოვალის ნაცვლად ვალდებულების შესრულების მიმართ ინტერესი, რათა უფლებრივი შეზღუდვისაგან გათავისუფლებულიყო მისი დატვირთული უძრავი ქონება. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების უსწორობის შესახებ, ყურადღება მიაპყრო სამოქალაქო პროცესში შესაგებლის ტიპებს და მათ დანიშნულებას, რის შესაბამისადაც მივიდა დასკვნამდე, რომ საქმის მასალებში არ არსებობდა მტკიცებულება, მასზედ, რომ მოსარჩელემ მოპასუხე კომპანიის სასარგებლოდ თანხა ბოლოს 2013 წლის დეკემბერში გადაიხადა და 2014 წლიდან აღარ გადაუხდია. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ თუკი მოსარჩელეს 2013 წელს მოპასუხის სასარგებლოდ გადახდილი ჰქონდა თანხა, მაშინ, ამის დასტურად, მას უნდა წარმოედგინა თანხის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი, რითაც უტყუარად დადასტურდებოდა ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ მოპასუხის ანგარიშზე, „ბანკის“ მეშვეობით, ნამდვილად გადარიცხა გარკვეული თანხა. ამასთან, თუკი გადახდა მოხდა არა ბანკის მეშვეობით, არამედ, ნაღდი ანგარიშსწორებით - თანხის შპს „ბ–ისის“ სალაროში შეტანით, მაშინ მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა სალაროს შემოსავლის ქვითარი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არც საბანკო ქვითარი და არც სალაროს შემოსავლის ქვითარი არ წარუდგენია.

5.4. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ მითითება და განმარტა, რომ უფლების დაკარგვა და მოთხოვნის განხორციელების შეფერხება არსებითად განსხვავებულია, როგორც შინაარსობრივი, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. უფლების დაკარგვა წარმოადგენს არა მოთხოვნის განხორციელების საპირისპირო მნიშვნელობის ტერმინს, არამედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს უფლების დაკარგვის სპეციალურ შემთხვევას. უფლების დაკარგვის სამართლებრივი შედეგია უფლების საბოლოოდ შეწყვეტა. ის განიხილება კრედიტორის მიერ კონკლუდენტური უარის განცხადებად, რომელიც არ საჭიროებს მიღებას.

5.5. სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ ასევე მოიხმო საკასაციო პალატის პრაქტიკა ერთ-ერთ საქმეზე, სადაც სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მოითხოვდა ხანდაზმულობის საფუძვლით სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარებას. ასეთ ვითარებაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობა მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა, ხოლო მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა ფაქტი, მასზედ, რომ მოთხოვნა ხანდაზმული არ იყო. ამავე განჩნებით, აღინიშნა, რომ მართალია ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოთხოვნის უფლებას არ აუქმებს, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც მოთხოვნის უფლების ხანდაზმულად გამოცხადება მოთხოვნის ადრესატის სარჩელის საფუძველზე ხდება, აღნიშნული მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მოთხოვნის ადრესატს ვალდებულების შესრულების ნება-სურვილი არათუ გააჩნია, პირიქით, ამ ვალდებულების შესრულების გათავისუფლების საფუძველს ქმნის. ამდენად, მოთხოვნის ადრესატის სარჩელის საფუძველზე იმ მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარება, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებულია იპოთეკა, ამ უფლების ხანდაზმულად აღიარების და მისი გაუქმების საკმარისი საფუძველია, რადგან ძირითადი მოთხოვნის განუხორციელებლობის გათვალისწინებით, აღარ არსებობს იპოთეკის შენარჩუნების საფუძველი. იპოთეკა აქცესორული ხასიათის სანივთო რეალიზაციის უფლებაა და მისი დადგენისათვის აუცილებელია უზრუნველყოფილი მოთხოვნის არსებობა, რომელიც ე.წ წამყვანი მოთხოვნაა და რომლის განუყოფელი ნაწილია იპოთეკა. იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთოსამართლებრივი საშუალება, არსებითადაა დაკავშირებული უზრუნველყოფილ მოთხოვნასთან, რაც მის აქცესორულობაზე მიუთითებს, შესაბამისად, იპოთეკის ნამდვილობისათვის სავალდებულოა, არსებობდეს მოთხოვნა (სამოქალაქო კოდექსი 153-ე მუხლი) (იხ., სუსგ №ას-1345-2018, 15 მარტი, 2019 წელი, პპ.21, 22.) (შდრ: სუსგ №ას-1101-2019, 04 დეკემბერი, 2019 წ.). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ქმნიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის, ასევე 394-ე მუხლის „ე“ პუნქტით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

5.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება, საკასაციო წესით, გაასაჩივრა მ.ჯ–ძემ, რომლითაც მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

6. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევისა და მატერიალური ნორმების არასწორი განმარტების შედეგად. კასატორი მოიხმობს უზენაესი სასამართლოს მიერ სასარჩელო ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ ვრცელ პრაქტიკას და ამტკიცებს, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან სესხთან დაკავშირებული ბოლო მოთხოვნა განხორციელდა 2013 წელს, რის შემდეგაც არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების სამწლიანი ხანდაზმულობის, არამედ საერთო ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადაც გასულია.

6.2. კასატორი აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ მოტივად არასწორად მიუთითა საქმეში გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების არარსებობის შესახებ. კასატორი ამტკიცებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი მოპასუხემ დამალა, ხოლო პროცესზე ცრუობდა, რომ გადახდა საერთოდ არ მომხდარა, რაც არასწორია.

6.3. საკასაციო საჩივრის საფუძვლების მართებულობის დასადასტურებლად კასატორი შუამდგომლობს საქმეზე მტკიცებულების სახით გადახდის ქვითრების დართვის თაობაზე. იგი ამტკიცებს, რომ ამ მტკიცებულებათა მოძიება სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, რადგან გადახდა მოხდა პროკრედიტ ბანკში, რომელიც მოგვიანებით გაუქმდა. რამდენჯერმე მიმართა ეროვნულ ბანკს, თუმცა უშედეგოდ.

6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 6 მარტის განჩინებით, მ.ჯ–ძის საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

- შპს „ბ–ისსა“ და შპს „გ.ჯ–ს“ შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „გ.ჯ–ს“ შპს „ბ–ისის“ მიმართ გააჩნდა დავალიანება 35479,45 ლარის ოდენობით. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, შპს „ბ–ისის“ სასარგებლოდ 2012 წლის 17 ივლისს, იპოთეკით დაიტვირთა ა.ს–ეს უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ....., საკადასტრო კოდი: ............... 2013 წლის 24 ოქტომბერს, შპს „ბ–ისის“ წარმომადგენელსა და ა.ს–ეს წარმომადგენელს კ.დ–ძეს შორის შედგა შეთანხმება, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, კ.დ–ძე იღებდა ვალდებულებას რომ შპს „გ.ჯ–ის“ დავალიანების (35479,45 ლარი) ნაწილობრივ (11000 ლარის ოდენობით) გადახდის სანაცვლოდ მის ქონებაზე შპს „ბ–ისი“ გააუქმებდა რეგისტრირებულ იპოთეკის უფლებას. მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ, რომ შპს „გ.ჯ–ის“ მიერ დავალიანების 35479,45 ლარის სრულად დაფარვის შემდეგ, შპს „ბ–ისს“ უკან დაუბრუნებდა ა.ს–ეს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილ 11000 ლარს;

- აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, გათავისუფლდა ა.ს–ეს იპოთეკით დატვირთული ქონება და შპს „გ.ჯ–ის“ დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 25 ოქტომბერს იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის უძრავი ნივთი, მდებარე: წყალტუბოს რაიონის სოფელ ........, სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, მესაკუთრე მ.ჯ–ძე (პ/ნ ...........), მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო კოდი: ..........;

- მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარების თაობაზე მოსარჩელემ 2025 წლის 03 თებერვალს, განცხადებით მიმართა მოპასუხეს.

12. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, კერძოდ სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მესამე პირის (მოსარჩელე) ქონებაზე დარეგისტრირებული იპოთეკის ხანდაზმულად აღიარების საკითხი.

13. ვინაიდან მოსარჩელე არ წარმოადგენს იპოთეკარის პირად მოვალეს, იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევა, რომელიც მხარეს სურს, სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის (აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს), 291-ე მუხლის პირველი ნაწილისა (თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, მას მაინც შეუძლია იპოთეკარს წაუყენოს ის შესაგებელი, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს) და ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის (ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე) დანაწესებიდან გამომდინარეობს.

14. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე, რომელიც არ წარმოადგენდა იპოთეკარი შპს „ბ–ისის“ პირად მოვალეს მოითხოვდა იპოთეკის ხელშეკრულების ხანდაზმულად აღიარებას, რის უფლებაც მას სამოქალაქო კოდექსის 291-ე მუხლის პირველი ნაწილი (თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, მას მაინც შეუძლია იპოთეკარს წაუყენოს ის შესაგებელი, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს, მათ შორის, შესაგებლები ფულად ვალდებულებათა გაქვითვისა და მოთხოვნის გასაჩივრების გამო) აძლევდა. მიუხედავად კანონის მიერ მინიჭებული უფლების რეალიზაციისთვის, მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ იპოთეკა, როგორც სანივთო სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც არსებობს იპოთეკარსა და იპოთეკის საგნის მესაკუთრეს შორის, ემსახურება ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის შესრულებას, რომლის მონაწილეებიც არიან კრედიტორი (მოთხოვნის მფლობელი) და მოვალე. ამდენად, იპოთეკა აქცესორული უფლებაა და, სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის გათვალისწინებით, იგი არ შეიძლება არსებობდეს იმ უფლების გარეშე, რომელთანაც დაკავშირებულია. იპოთეკის ხელშეკრულების მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმები არ შეიცავს პირდაპირ მითითებას, ხანდაზმულობის მოტივით, იპოთეკის მოქმედების შეწყვეტის შესაძლებლობაზე და ეს განპირობებულია იმით, რომ იპოთეკის, როგორც სამართლებრივი ურთიერთობის, ხანდაზმულობა არ შეიძლება შეფასდეს იმ ვალდებულებითი ურთიერთობიდან განყენებულად, რომლის უზრუნველსაყოფადაც იქნა გამოყენებული. შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ იმ მსჯელობას, რომ იპოთეკის ხელშეკრულების ხანდაზმულობაზე მითითება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხანდაზმული აღმოჩნდებოდა იპოთეკით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება.

15. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2013 წლის 25 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე, მოვალემ კრედიტორის წინაშე აღებული საკრედიტო ვალდებულებები უზრუნველყო შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულებების ხანდაზმულობის საკითხის შესაფასებლად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ უნდა დადგენილიყო, ხანდაზმული იყო თუ არა ძირითადი ვალდებულება კრედიტორის მიმართ, რომელიც ზემოხსენებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა.

16. ამ უკანასკნელის დასადგენად, საკასაციო პალატის განსჯით, მართებულად მიექცა ყურადღება სამოქალაქო პროცესში მოქმედ შეჯიბრებითობის პრინციპს, მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესსა და შესაგებლის დანიშნულებას/ფუნქციას. სახელდობრ, გასაზიარებელია მოსაზრება, მასზედ რომ სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის) დასაბუთება–გამართლების მიზნით. (იხ. სუსგ №ას-1453-2023, 17 აპრილი, 2025 წ., პ.18.) ვინაიდან მოსარჩელე უთითებდა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, ხოლო მოპასუხე ეწინააღმდეგებოდა ძირითადი მოთხოვნის ხანდაზმულობის ფაქტს, შესაბამისად მოსარჩელეს, უნდა დაემტკიცებინა ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენდა მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხეს კი ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენდა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64). საკასაციო პალატა აქვე დასძენს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკის თანახმად, ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესაჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ, შეწყვეტის მიზნით, ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს. მართალია, ფულადი ვალდებულებების მარეგულირებელი ნორმები არ უთითებს გადახდის სავალდებულო ფორმაზე, თუმცა, იგი განმარტებულ უნდა იქნას სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლში მოცემულ კონტექსტში. დასახელებული მუხლი, რომელიც სისტემურად მოთავსებულია სამოქალაქო კოდექსის მეექვსე კარში არეგულირებს ფულადი ვალდებულების შესრულების წესს. შესაბამისად, მოვალემ უნდა წარადგინოს, უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების გზით, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. (შდრ. იხ. სუსგ. საქმეებზე №ას-1233-2024, 08 ივლისი, 2025 წ., პ.15.; №ას-1650-2023, 30 აპრილი, 2025 წ., პ.69-71.;№ას-1496-2024, 04 აპრილი, 2025 წ., პ.12.; №ას-277-2024, 28 მარტი, 2025 წ., პ.55-56.; №ას-141-2024, 28 თებერვალი, 2025 წ., პ.18-20; №ას-1228-2024, 24 თებერვალი, 2025 წ., პ.28; სუსგ №ას-1054-2024, 21 თებერვალი, 2025 წ., პ.39.; №ას 1176-2024, 13 თებერვალი, 2025 წ., პ.28.; №ას-643-2024, 06 თებერვალი, 2025 წ., პ.9-11.; №ას-891-2023, 27 დეკემბერი, 2024 წ).

17. საკასაციო პალატა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შინაარსობრივი კვლევის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ ნამდვილად ვერ დაძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი, ვინაიდან თავად კასატორი, საკასაციო წარმოების ეტაპზე შუამდგომლობს გადახდის ქვითრების საქმეზე მტკიცებულების სახით დართვასთან დაკავშირებით (ამ არგუმენტს შუამდგომლობის დასაბუთებულობის ეტაპზე გაეცემა შინაარსობრივი პასუხი). ხსენებული მტკიცებულებების დართვის მხარე მიზნად ისახავს დაადასტუროს, რომ მას, როგორც იპოთეკის საგნის მესაკუთრეს კრედიტორის წინაშე ძირითადი სესხის დაფარვის პრიორიტეტული ინტერესი გააჩნდა, რათა ქონება გაეთავისუფლებინა უზრუნველყოფის ღონისძიებისგან, თუმცა პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მან აღნიშნული მტკიცებულებების წარმოდგენა საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას ვერ შეძლო, ძირითადი სესხის ხელშეკრულებით კი, რომლის უზრუნველსაყოფადაც მოხდა სადავო იპოთეკის ხელშეკრულების მოსარჩელესთან გაფორმება გადახდის ფორმა და დრო განსაზღვრული არ იყო, რაც საკასაციო პალატას აძლევს იმგვარი დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მისი შესრულება მხარეს შეიძლება მოეთხოვოს ნებისმიერ დროს, ხოლო კრედიტორს ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ მხოლოდ მოსარჩელის წერილის მიღების შემდგომ (2025 წელს) შეიძლებოდა შეეტყო, რაც სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლების (სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა- ექვს წელს (129.1 მუხლი); ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (130-ე მუხლი); მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა (145-ე მუხლი) მიხედვით გამორიცხავს იპოთეკის აქცესორული უფლების ხანდაზმულობას.

18. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის შუამდგომლობას საქმეზე მტკიცებულების სახით გადახდის ქვითრების დართვის თაობაზე შუამდგომლობას და განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარდგენილი მტკიცებულებები საქმეს დაერთვება და მათ განიხილავს და შეამოწმებს სასამართლო ამ კოდექსის 225-ე მუხლით დადგენილი წესით. საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, ზეპირი მოსმენით. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარს ერთვის გადახდის ქვითრები, თუმცა კასატორი არ უთითებს, რამ განაპირობა მისი საკასაციო ინსტანციის და პირველი ინსტანციის სასამართლოში (უკიდურეს შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში) წარდგენა. მართალია იგი ბუნდოვნად ახსენებს მტკიცებულებათა მოპოვების გაძნელების ფაქტს, მაგრამ აღნიშნულს ვერ ადასტურებს. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ახალი მტკიცებულებების წარმდგენ მხარეს ევალება დაამტკიცოს ახალი მტკიცებულებების პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენის შეუძლებლობა ან მათი წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, რაც მოცემულ შემთხვევაში მხარეს არ განუხორციელებია. სახელდობრ იგი არათუ ვერ ამტკიცებს, არც კი მიუთითებს, თუ რატომ ვერ შეძლო გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვება, და რომელი გარემოების შეცვლამ განაპირობა ამგვარი მტკიცებულებების საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მოპოვების შესაძლებლობა. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ.ჯ–ძის შუამდგომლობა არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ჯ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ.ჯ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მ. ჯ–ძის მიერ 11/02/2026წ №5714 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი