დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 18.12.2025
საქმის ნომერი
ას-338-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-338-2025

18 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - თ.მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ე.მ–ი (მოსარჩელე)

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა, უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ე.მ–მა (შემდეგში: მოსარჩელე) სიღნაღის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა თ.მ–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ და მოითხოვა: ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 18.06.2021 წლის სამკვიდრო მოწმობა და მოპასუხე ცნობილი იქნეს მამკვიდრებლის რ.მ–ის დანაშთ ქონებაზე ½ წილის მემკვიდრედ, შესაბამისად, ცვლილება შევიდეს 18.06.2021 წლის N210618566 სამკვიდრო მოწმობაში, რომელშიც მოპასუხესთან ერთად სამკვიდრო მიღებულად ექნება მოსარჩელეს, თანაბარწილად ორივე მემკვიდრეს.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო.

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

3.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 18.06.2021 წლის სამკვიდრო მოწმობა და მოსარჩელე ცნობილ იქნა მამკვიდრებლის რ.მ–ის დანაშთ ქონებაზე ½ წილის მემკვიდრედ, შესაბამისად, ცვლილება შევიდა 18.06.2021 წლის N210618566 სამკვიდრო მოწმობაში, რომელშიც მოპასუხესთან ერთად სამკვიდრო მიღებულად ექნება მოსარჩელეს, თანაბარწილად ორივე მემკვიდრეს.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4.2. მოსარჩელე და მოპასუხე არიან აწ გარდაცვლილი რ.მ–ისა და ლ.მ–ის შვილები. რ.მ–ი გარდაიცვალა 2014 წლის 20 იანვარს, ხოლო ლ.მ–ი - 2018 წლის 26 სექტემბერს.

4.3. აწ გარდაცვლილ რ.მ–ს შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე მიღებული ჰქონდა მიწის ნაკვეთები, რომლის დარეგისტრირებაც სიცოცხლეში ვერ მოასწრო. რაც შეეხება უძრავ ქონებას, მდებარეს - საგარეჯოს რაიონში, სოფელ ......., ს/კ. ........, რომლის მესაკუთრედაც საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე აღრიცხულია რ.მ–ი, აღნიშნული უძრავი ქონება არ არსებობს, რაც საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ორივე მხარემ.

4.4. 2021 წლის 18 ივნისს მოპასუხეზე გაიცა N210618566 სამკვიდრო მოწმობა, რომლის შესაბამისადაც მოპასუხე არის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე - შვილი - ორი ათას თოთხმეტი წლის ოც იანვარს გარდაცვლილი რ.მ–ისა, რომელიც გარდაცვალების მომენტში ცხოვრობდა მისამართზე - საგარეჯო, ს. ........ მოპასუხემ სამკვიდრო მიიღო სრულად, მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით.

4.5. 2022 წლის 17 თებერვლის N220158936 სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ დადგენილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე.

4.6. მოპასუხე აწ გარდაცვლილი რ.მ–ის დანაშთ ქონებას დაეუფლა ფაქტობრივი ფლობით, რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.

4.7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1306-ე მუხლის შინაარსზე და განმარტა, რომ გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. სსკ-ის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან. სსკ-ის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. სსკ-ის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე. სსკ-ის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები.

4.8. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ი ადგენს კანონით მემკვიდრეობის რიგითობას, თუ როგორ უნდა მოხდეს სამკვიდროს განაწილება კანონისმიერი მემკვიდრეობისას. სსკ-ის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. შვილიშვილები კანონით მემკვიდრედ ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. მეორე რიგში - გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

4.9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამკვიდროს გახსნის მომენტში წარმოშობილი სამემკვიდრეო-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსში შედის მემკვიდრის უფლება, მიიღოს სამკვიდრო ან უარი თქვას მის მიღებაზე. იმისათვის, რომ მემკვიდრე გახდეს მამკვიდრებლის უფლებამონაცვლე, მან უნდა მიიღოს სამკვიდრო. სამკვიდროს მიღება ნიშნავს მემკვიდრის ნების გამოხატვას სამემკვიდრეო-სამართლებრივ ურთიერთობებში შესვლის შესახებ (იხ. დამატებით: შენგელია რ., შენგელია ე., საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი, თბ., 2015, გვ: 409). სამკვიდროს მიღების უფლების განხორციელება შეიძლება მოხდეს როგორც ნების პირდაპირი გამოვლენის საფუძველზე, როდესაც მემკვიდრე სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ, ისე კონკლუდენტური (ფაქტობრივი) მოქმედებებით, კერძოდ, როცა მემკვიდრე შეუდგა სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, რაც ადასტურებს მემკვიდრის სურვილს სამკვიდროს მიღების თაობაზე. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მართვა, მოვლა და სხვა (შეადრ. სუსგ #ას-773-740-2016, 08.05.2017 წ., პ. 44-45; #ას-1172-1127-2016, 31.03.2017 წ.). სამკვიდროს მიღება ფაქტობრივი ფლობით, რომელიც ამტკიცებს სამკვიდროს მიღების ფაქტს, გულისხმობს მემკვიდრის მიერ ნებისმიერ მოქმედებას ამ ქონების მართვის, განკარგვისა და სარგებლობის შესახებ, მის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნებას ან გადასახადების გადახდას, ბინის ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე სამემკვიდრეო სახლში მცხოვრები დამქირავებლისაგან ქირის ამოღებას, სამემკვიდრეო ქონების ხარჯზე სამკვიდრო ქონების დაცვისა და მართვისათვის საჭირო ხარჯების გადახდას ან მამკვიდრებლის ვალების დაფარვას და ა.შ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მითითებული მოქმედებები შეიძლება შეასრულს როგორც მემკვიდრემ, ასევე, მისი დავალებით, სხვა პირმა, სამკვიდროს მიღების კანონით განსაზღვრულ ვადაში. სამკვიდრო ქონების მართვა შეიძლება ასევე გამოიხატოს ამ ქონებასთან დაკავშირებით მემკვიდრის მიერ ფაქტობრივი და იურიდიული ხასიათის მოქმედებების განხორციელებაში, რომლებიც უზრუნველყოფენ ცალკეული ობიექტების (სახლის, აგარაკის თუ საბაღე ნაკვეთის, სამშენებლო ობიექტების და სხვა) ნორმალურ ფუნქციონირებას და ეკონომიკურ მდგომარეობას, ასევე მოქმედებებში, რომლებიც მიმართულია მთლიანი სამკვიდროს მდგომარეობის მოწესრიგებისთვის (მამკვიდრებლის კუთვნილი ქონებრივი ფასეულობების გამოკვლევა, მოვალეების დადგენა და მათ მიერ ვალების დაფარვის პირობები და ა.შ.). სამკვიდრო ქონების მართვა თავისი შინაარსით, საკუთრების უფლების განხორციელების მოქმედებების ანალოგიურად განიხილება.

4.10. პალატამ მიუთითა, რომ სსკ-ის 1421-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი. სსკ-ის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი.

4.11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ. ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურდება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში და ა.შ. დასახელებული ნორმების განსაზღვრების თანახმად, კანონით მემკვიდრეობა და ანდერძით მემკვიდრეობა, თავისი სპეციფიკურობით ხასიათდებიან. სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნას ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სამკვიდროს მიღების წესი ერთნაირია როგორც კანონით, ისე ანდერძით მემკვიდრეობის დროს. იგი შეიძლება მიღებულ იქნას სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით და სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობითა და მართვით. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრის მიერ დანაშთი სამკვიდროს მართვა, თუნდაც სხვა პირის საშუალებით, განიხილება სამკვიდროს მიღებად (თუ ცხადია, მემკვიდრე უარს არ აცხადებს მის მიღებაზე).

4.12. პალატამ დამატებით განმარტა, რომ სამკვიდროს მიღების აქტის უნივერსალური ხასიათი ვლიდება მის ერთიანობაშიც, რადგან იგი ვრცელდება მთელ სამკვიდრო ქონებაზე, რაშიც არ უნდა იყოს გამოხატული და სადაც არ უნდა იყოს. სამკვიდროს მიღებისას მემკვიდრეს შეიძლება სრული წარმოდგენა არ ჰქონდეს სამკვიდრო ქონების ზუსტ შემადგენლობაზე. ამიტომ, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო ქონება. სამკვიდროს მიღება შეიძლება განხორციელდეს წარმომადგენლის მეშვეობითაც, თუ მინდობილობაში არის სპეციალური დათქმა წარმომადგენლის მიერ სამკვიდროს მიღების შესაძლებლობაზე. ამასთან, სამკვიდროს მიღება მემკვიდრის ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე ხდება. იგი მიმართულია მემკვიდრეობის მისაღებად, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ. უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და უნდა დგინდებოდეს სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღება უპირობო ხასიათისაა ანუ არ დაიშვება სამკვიდროს მიღება რაიმე პირობით ან დათქმით. სამკვიდროს მიღება წარმოადგენს მემკვიდრის ქმედების გააზრებულ ნებაყოფლობით, მოფიქრებულ გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც მემკვიდრე ჩაენაცვლება მამკვიდრებელის ქონებრივ უფლებებსა და მოვალეობებს, სხვა ქონებრივ მდგომარეობას მთლიანობაში, რომელთა მონაწილეც სიცოცხლეში იყო მამკვიდრებელი.

4.13. აპელანტის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი არ ყოფილა სადავოდ გამხდარი და იგი პალატის მიერ აღარ შეფასდება. რაც შეეხება მოსარჩელისა და მოწინაააღმდეგე მხარის მიერ სამკვიდრო აქტივის მიღების ფაქტს იგი სადავოდ არის გამხდარი აპელანტის მიერ. მომჩივანის განმარტებით, საქმის მასალების კვლევით არ დასტურდება არც თავად სამკვიდრო ქონების არსებობის და არც მისი მოსარჩელის მიერ მიღების შესახებ ფაქტები. აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ხსენებულ ნაწილში ფაქტები დადგინდა უმართებულოდ.

4.14. პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოსარჩელის პოზიცია, მასზე წარდგენილი მოპასუხის შედავება და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი შედავების ნაწილი ქვემდგომი ინსტანციიდან არსებული მოპასუხის პოზიციისგან განსხვავებულია. აპელანტმა სასამართლოს ახალი ფაქტები შესთავაზა.

4.15. სარჩელის რიგით მეოთხე ფაქტობრივი გარემოებებიდან მეშვიდეს ჩათვლით მოსარჩელე / მოწინააღმდეგე მხარე მიუთითებდა სამკვიდრო მასის არსებობაზე (ტ. 1, ს.ფ. გვ. 4). მის საპასუხოდ და გამოსარიცხად წარდგენილ შესაგებელში მოპასუხე შემოიფარგლა სიტყვათა შეთანხმებით - „არ ვეთანხმები“, რაც არ წარმოადგენს ფაქტის უარმყოფელ კვალიფიციურ შედავებას.

4.16. სააპელაციო სასამართლო საქართველოში სასამართლო სისტემის მნიშვნელოვანი რგოლია, რომელიც განიხილავს მხარეთა მიერ სადავოდ მიჩნეული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (შემდეგში: სსსკ) განსაზღვრავს სააპელაციო წარმოების წესსა და ფარგლებს, ამავე დროს, იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივრის დასაბუთება შეამოწმოს მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით და იმ მტკიცებულებებით, რომლებიც წარდგენილი იყო და შემოწმდა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები (არასრული (შეზღუდული) აპელაცია) (შდრ: სუსგ #ას-121-117-2016, 17.03.2016 წ.). სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა 2004 წლის 24 ნოემბერს, სტრასბურგში, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) მიერ შემუშავებული N6 დასკვნის 98-ე და 135-ე პარაგრაფებზე, რომლის თანახმად, „უნდა არსებობდეს გარკვეული შეზღუდვები ყოველი მხარისათვის წარმოადგინოს ახალი მტკიცებულება ან ახალი ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას. აპელაცია არ უნდა იყოს და განიხილებოდეს, როგორც შეუზღუდავი შესაძლებლობა შესწორებების შეტანისა ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებში, რომელთა წარდგენაც მხარეს შეეძლო და უნდა წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში. შეუზღუდავი აპელაცია აკნინებს პირველი ინსტანციის მოსამართლის როლს და ამ ფაქტმა შეიძლება პოტენციურად გამოიწვიოს პირველი ინსტანციის მოსამართლის მიერ საქმის მართვის მიზანშეწონილობის დღის წესრიგში დაყენება. მხარეები უფლებამოსილნი არიან მათი მოთხოვნისა თუ დაცვის „სამართლიან სასამართლო მოსმენაზე, რომელიც უნდა დასრულდეს გონივრულ მისაღებ ვადაში“ და არა განუსაზღვრელ შესაძლებლობებზე. ეს განსაკუთრებით ეხება მეორე ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვას“. ამდენად, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ მხარეთა აქტიურობა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად უზრუნველყოფილი და ეფექტურია საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მხარეთა აქტიურობა შეზღუდულია თვით სააპელაციო სამართალწარმოების შეზღუდვის გამო.

4.17. სსსკ-ის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილი იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილი იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამრთლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული (№ას-1288-2019, 4.03.2021 წ.).

4.18. მიუხედავად შედავების პროცესუალური თვალსაზრისით დაუშვებლობისა საწინააღმდეგოს დაშვების შემთხვევაშიც სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი წესრიგის გაუქმების ან აპელანტის მსჯელობის სრულად გაზიარების წინაპირობები. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის დოკუმენტური/წერილობითი მტკიცებულება, რაც სამკვიდრო ქონებრივი აქტივის ჩამონათვალს მოგვცემდა (გარდა მოწმეთა ჩვენებებისა) არ იცვლება დღის წესრიგი. ქონების ცნებას ადგენს სსკ-ის 147-ე მუხლის დისპოზიცია, რომლის თანახმადაც - ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. პალატის შეფასებით, შესაძლებელია დოკუმენტურად და უფლების დამდგენი საბუთების წარმოდგენით ვერ დგინდებოდეს კონკრეტული სამკვიდრო აქტივის არსებობა, თუმცა ეს ვერ გამორიცხავს სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესაძლებლობას. აღურიცხავი და დაურეგისტრირებელი შესაძლებელია იყოს გარდაცვლილი მამკვიდრებლის სამომავლო ქონება ან სულაც მოთხოვნები, რომლებზე დაყრდნობითაც საკუთრების უფლების წარმოშობაა შესაძლებელი.

4.19. პალატამ აპელანტ მხარეს საგანგებოდ დაუსვა დამაზუსტებელი შეკითხვები: თუ კი გარდაცვლილ მამკვიდრებელს არ გააჩნდა სამკვიდრო, რატომ მიმართა მოპასუხემ/აპელანტმა ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის გასაცემად (იხ. 26.11.2024წ. სხდომის ოქმი 14:26:07: სთ-დან და 14:26:32: სთ-მდე). აპელანტს და მის წარმომადგენელს შეკითხვაზე ლოგიკური პასუხი არ გაუციათ. რომც დავუშვათ, არანაირი სამკვიდრო არ დარჩენია მამკვიდრებელს და ამგვარ ქონებაზე გაიცა ზოგადი სამკვიდრო მოწმობა და მოსარჩელე ჩაითვალა ½ წილის მესაკუთრედ - აპელანტის თეორიული უფლებებიც კი არ ირღვევა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოწინააღმდეგე მხარეს მიუთითა მიმდინარე 2 უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურებზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რის შესახებაც ფაქტი არ უარყოფილა აპელანტის წარმომადგენლის მხრიდან (იხ. 26.11.2024წ. სხდომის ოქმი). პალატის შეფასებით მამკვიდრებელს ნამდვილად გააჩნდა სამკვიდრო ქონება, რაც ასევე დასტურდება მოწმეთა ჩვებებებით.

4.20. აპელანტის შედავების სხვა ნაწილის მიხედვით, არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების გზით სამკვიდროს მიღების ფაქტი, რასაც პალატა ვერ დაეთანხმება.

4.21. საქმის მასალებში წარმოდგენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 22.11.2022წ. გაცემული ცნობა, რაც ადასტურებს მოსარჩელის მიერ, მისამართზე საგარეჯო, სოფელი ....... მამის რ.მ–ის სიცოცხლეში და მის შემდეგაც ცხოვრების ფაქტს. აპელანტი უარყოფს ხსენებულ დოკუმენტს, და მიუთითებს, რომ 2000 წლის შემდეგ მოწინააღმდეგე მხარეს ხსენებულ მისამართზე არ უცხოვრია. ხსენებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ წარმოდგენილია 10.11.2022 წ. ამავე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ჩატარებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების სხდომის ოქმი. სხდომას ესწრებოდნენ განმცხადებლები, მისი მოწმეები და მერიის წარმომადგენლები. ხსენებულ მტკიცებულებათა წინააღმდეგ არანაირი ხელშესახები კონტრმტკიცებულება არ წარდგენილა.

4.22. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკითხულ იქნა მოწმეები საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად. აპელანტი სააპელაციო საჩივარში აკრიტიკებს მოწმეთა მიერ მის საწინააღმდეგოდ გაკეთებულ განმარტებებს და მიუთითებს ჩვენებების სინამდვილესთან შეუსაბამობაზე. გარდა ამისა, აპელანტს მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებით სამკვიდროს ფაქტობრივად მიღების ფაქტი არ შეიძლება დადასტურდეს.

4.23. აპელანტის ზეპირი მოსაზრების გაზიარება შეუძლებელია, რადგან მოწმეთა ჩვენებების შესწავლა სხვა რამეს ცხადყოფს. ასე მაგალითად, მოწმე ი.ჯ–მა განმარტა, რომ მართალია ზუსტი თარიღი არ ახსოვს, თუმცა, მამის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელე ნახა ვენახში, როდესაც იგი კრეფდა ვაშლს, ზოგადად კი მოპასუხე ამუშავებს ვენახს. თ.ლ–მა (ნათესავი), განმარტა, რომ რ–ის გარდაცვალების შემდეგ, ზაფხულის პერიოდში, ორივე ძმამ ერთად გაარემონტა ღობე. ასევე, ღობის გარემონტებამდე კიდევ უფრო ადრე პერიოდში, მოსარჩელემ ელექტროობის შეკეთებასთან დაკავშირებით დახმარება სთხოვა მოწმეს. მ–ების ბიძაშვილმა, მ.ხ–მა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ მოსარჩელე მამის პანაშვიდებზე და ორმოცზე რ–ის სახლში ნახა. ვინაიდან მოწმე რ–ის გარდაცვალების შემდეგ ხშირად დადიოდა ლ.მ–ის სანახავად, მისგან იცის, რომ ერთი-ორჯერ იყო მოსარჩელე მისული სახლში, რაზედაც წუხილს გამოთქვამდა ლ.მ–ი. მოწმემ ერთხელ სუფრაზე ნახა მ–ების სახლში სტუმრად მისული ე–რი (მოსარჩელე), რომელმაც მოწმეზე ადრე დატოვა სახლი.

4.24. მოწმე მ.ხ–მა განმარტა, რომ მას სახლში ხშირად უნახავს თ. (მოპასუხე) და მისი მეუღლე, ისინი უვლიდნენ ბაღ-ვენახს, თუმცა, მას ე. (მოსარჩელე) ვენახში, ან ბაღში არ უნახავს. მოწმე ე.ნ–ძემ, ოჯახის ახლობელმა განმარტა, რომ ე–ი მამის გარდაცვალების შემდეგ უვლიდა ეზოს. ასევე, უვლიდა მამის ვენახს და მოწმეს სთხოვდა ვენახში სამუშაო იარაღებს, ბარსა და ვაზის მაკრატელს. მამის გარდაცვალების შემდეგ, გაზაფხულზე, ე–მა ხელოსანს გააკეთებინა სახლში ელექტროობა. ხსენებული მოწმის ჩვენებით დგინდება, არამხოლოდ მოსარჩელის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად მიღების ფაქტი, არამედ გვთავაზობს კიდეც სამკვიდრო ქონების ჩამონათვალს. ხსენებული მტკიცებულება თავის მხრივ გამორიცხავს აპელანტის მითითებას სამკვიდრო მასის არარსებობაზე.

4.25. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო თანმიმდევრული იყო მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ხელწერილის შინაარსის შეფასების დროსაც. აპელანტი მიუთითებდა, რომ ყველანაირ სამკვიდრო ქონებრივ უფლებაზე უარი თქვა მოსარჩელემ საკუთარი ხელით დაწერილ ხელწერილში.

4.26. 20.10.2000 წ. შედგენილი ხელწერილის კვლევით დგინდება, რომ მამკვიდრებელსა და მოსარჩელეს შორის მოხდა შეთანხმება, რომლის ძალითაც იგი საცხოვრებლად გადადის ქ. თბილისში ნაყიდ საცხოვრებელ ბინაში, ხოლო პრეტენზია აღარ გააჩნია ......ი მდებარე უძრავ ქონებაზე. პრეტენზიას არ გამოთქვამს განმცხადებელი მისი ძმის მიმართაც (იხ. ტ.1, ს.ფ. 79).

4.27. ხელწერილში გადმოცემული ინფორმაცია პირის ცალმხრივი ნების გამოვლენას და ფაქტის აღიარებას ნამდვილად ჰგავს, თუმცა იგი მიემართება აწ გარდაცვლილი მამისაგან ქონების მიღების ფაქტს და არ ადასტურებს სამკვიდრო ქონებაზე დადებულ გარიგებას ან მასზე უარის თქმას.

4.28. სსკ-ის 1470.1-ე მუხლის თანახმად, თითოეულ თანამემკვიდრეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი სამკვიდროში. ხელშეკრულება, რომლითაც ერთ-ერთი თანამემკვიდრე განკარგავს თავის წილს, უნდა დადასტურდეს ნოტარიუსის მიერ. 2000 წელს მოსარჩელე ვერ განკარგავდა მისაღები სამკვიდროს წილს, რადგან მამამისი გარდაიცვალა მხოლოდ 14 წლის შემდეგ 20.01.2014წ..

4.29. თუ კი აპელანტს მიაჩნია, რომ ხელწერილი დადებულია მომავალ მემკვიდრეებს შორის, იგი არ წარმოშობს არანაირ სამართლებრივ შედეგებს, რადგან "პირის სიცოცხლეში მისი სამკვიდროს თაობაზე სხვა პირების მიერ დადებული ხელშეკრულება ბათილია. იგივე წესი გამოიყენება პირის სიცოცხლეში მისი სამკვიდროდან გამომდინარე სავალდებულო წილის ან/და საანდერძო დანაკისრის შესახებ ხელშეკრულებათა მიმართ“ (იხ. სსკ-ის 322.1-ე მუხლი). ხელწერილის შინაარსიდან ვერც ის დგინდება ძმებს შორის სავალდებულო წილის შესახებ არის თუ არა შეთანხმება დადებული (ამ მუხლის პირველი ნაწილის წესი არ გამოიყენება იმ ხელშეკრულების მიმართ, რომელიც იდება მომავალ კანონით მემკვიდრეებს შორის ერთ-ერთი მათგანის კანონით სამემკვიდრეო წილისა და სავალდებულო წილის თაობაზე - სსკ-ის 322.2-ე მუხლი). საწინააღმდეგოს დაშვების შემთხვევაში ტექსტში სავალდებულო წილის განკარგვაზე უნდა იყოს მითითება გაკეთებული. ასეთ შემთხვევაში გარიგებას როგორც მინიმუმ აპელანტის ხელმოწერაც უნდა ერთვოდეს, რომ არაფერი ვთქვათ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებაზე.

4.30. პალატამ შეაფასა ქვემდგომი სასამართლოს მიერ ჩატარებული კვლევა დადგენილ ვადაში სამკვიდროს მიღების შესახებ და გაიზიარა იგი. ხსენებული გამორიცხავს რაიმე სახის ხანდაზმულობაზე მითითებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ მოტივებს.

5. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

5.1. მოპასუხემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

5.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ ისე მიიჩნია მოსარჩელის მიერ ფაქტობრივი ფლობა კანონით განსაზღვრულ ვადაში, რომ არ დაუდგენია თუ რა ქონება ეკუთვნოდა მამკვიდრებელს, რა წარმოადგენდა სამკვიდრო მასას.

5.3. კასატორის განმარტებით, მამკვიდრებელს ქონება არ გააჩნდა, ამიტომ გაუგებარია თუ რას დაეუფლა მოსარჩელე. საცხოვრებელი სახლი, რომელსაც კასატორი ფლობს მისი აშენებულია თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

8. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მოპასუხის საკასაციო პრეტენზია იმ გარემოებას შეეხება, რომ დასადგენია არსებობდა თუ არა სამკვიდრო, რომლის მისაღებადაც გაიცა სამკვიდრო მოწმობა. კასატორის განმარტებით სახლი, რომელშიც ის ცხოვრობს თვითნებურად და უკანონოდაა აშენებული და ის სამკვიდრო მასაში არ შედიოდა.

11. საკასაციო სასამართლო, წინამდებარე საქმეზე, გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ, დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე მიუთითებს:

11.1. მოსარჩელე და მოპასუხე არიან აწ გარდაცვლილი რ.მ–ისა და ლ.მ–ის შვილები. რ.მ–ი გარდაიცვალა 2014 წლის 20 იანვარს, ხოლო ლ.მ–ი - 2018 წლის 26 სექტემბერს.

11.2. აწ გარდაცვლილ რ.მ–ს შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე მიღებული ჰქონდა მიწის ნაკვეთები, რომლის დარეგისტრირებაც სიცოცხლეში ვერ მოასწრო. რაც შეეხება უძრავ ქონებას, მდებარეს - საგარეჯოს რაიონში, სოფელ ........, ს/კ. .........., რომლის მესაკუთრედაც საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე აღრიცხულია რ.მ–ი, აღნიშნული უძრავი ქონება არ არსებობს, რაც საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ორივე მხარემ.

11.3. 2021 წლის 18 ივნისს, მოპასუხეზე გაიცა N210618566 სამკვიდრო მოწმობა, რომლის შესაბამისადაც მოპასუხე არის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე - შვილი - ორი ათას თოთხმეტი წლის ოც იანვარს გარდაცვლილი რ.მ–ისა, რომელიც გარდაცვალების მომენტში ცხოვრობდა მისამართზე - საგარეჯო, ს. ....... მოპასუხემ სამკვიდრო მიიღო სრულად, მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით.

11.4. 2022 წლის 17 თებერვლის N220158936 სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ დადგენილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნაა სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა და უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა.

13. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების წინაპირობას წარმოადგენს, დადგინდეს, მოსარჩელეს მიღებული აქვს თუ არა მამის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში სამკვიდრო ფაქტობრივი დაუფლებით.

14. სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1306.1-ე (გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით), 1336.1-ე (კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან), 1421-ე (სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი), 1424-ე (სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან) და 1433-ე (მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან) მუხლები.

15. საკასაციო სასამართლო მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაუფლებასთან დაკავშირებით არაერთ გადაწყვეტილებაში (განჩინებაში) უთითებს, რომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვაც, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (სუსგ-ებები: №ას-595-822-08, 04.11.2008წ; №ას-186-175-2017, 02.06.2017წ.; №ას-167-2021, 28.02.2023წ.).

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამემკვიდრეო-სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს (სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღეს, სსკ-ის 1319-1320-ე მუხლები), არამედ მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედების შესრულებას. მართალია, კანონის თანახმად სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრება ხდება მისი გახსნის მომენტიდან (სსკ-ის 1433-ე მუხლი), მაგრამ როდესაც სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა რიცხვი ერთზე მეტია, მაშინ აუცილებელია თითოეულმა მემკვიდრემ კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში (სსკ-ის 1424-ე მუხლი) შეასრულოს სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედება. სამკვიდროს მიღების წესი დადგენილია სსკ-ის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლის მიხედვითაც მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი (შეად. სუსგ-ებს: N ას-670-637-2014, 04.05.2015 წ; N ას-18-15-2015, 26.10. 2015წ; N ას-283-268-2017, 07.07.2017წ;მ N ას-263-263-2018, 15.05.2018წ.).

17. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის გზით დაუფლებისათვის მემკვიდრის ნებელობითი მოქმედება უნდა იყოს იმგვარი, რომ ცალსახად დგინდებოდეს მისი გადაწყვეტილება, თავისად მიიჩნიოს მამკვიდრებლის დანაშთი ქონება და დაეპატრონოს მას, როგორც საკუთარს. სამკვიდროს უფლების განხორციელება შეიძლება მოხდეს როგორც ნების პირდაპირი გამოვლენის საფუძველზე, როდესაც მემკვიდრე სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ, ისე კონკლუდენტური მოქმედებით, რაც ადასტურებს მემკვიდრის სურვილს სამკვიდროს მიღების თაობაზე. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მართვა, მოვლა და სხვა (შეად. სუსგ-ები N ას-773-740-2016, 08.05.2017 წ; პ.44-45; N ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ.).

18. სამკვიდროს მიღება ფაქტობრივი ფლობით, რომელიც ამტკიცებს სამკვიდროს მიღების ფაქტს, გულისხმობს მემკვიდრის მიერ ნებისმიერ მოქმედებებს ამ ქონების მართვის, განკარგვისა და სარგებლობის შესახებ, მის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნებას ან გადასახადების გადახდას, ბინის ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე სამემკვიდრეო სახლში მცხოვრები დამქირავებლისაგან ქირის ამოღებას, სამემკვიდრეო ქონების ხარჯზე სამკვიდრო ქონების დაცვისა და მართვისათვის საჭირო ხარჯების გადახდას ან მამკვიდრებლის ვალების დაფარვას და ა.შ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მითითებული მოქმედებები შეიძლება შეასრულოს როგორც მემკვიდრემ, ასევე, მისი დავალებით, სხვა პირმა, სამკვიდროს მიღების კანონით განსაზღვრულ ვადაში. სამკვიდრო ქონების მართვა შეიძლება ასევე გამოიხატოს ამ ქონებასთან დაკავშირებით მემკვიდრის მიერ ფაქტობრივი და იურიდიული ხასიათის მოქმედებების განხორციელებაში, რომლებიც უზრუნველყოფენ ცალკეული ობიექტების (სახლის, აგარაკის თუ საბაღე ნაკვეთის, სამშენებლო ობიექტების და სხვ.) ნორმალურ ფუნქციონირებას და ეკონომიკურ მდგომარეობას, ასევე მოქმედებებში, რომლებიც მიმართულია მთლიანი სამკვიდროს მდგომარეობის მოწესრიგებისთვის (მამკვიდრებლის კუთვნილი ქონებრივი ფასეულობების გამოკვლევა, მოვალეების დადგენა და მათ მიერ ვალების დაფარვის პირობები და ა.შ.). სამკვიდრო ქონების მართვა თავისი შინაარსით, საკუთრების უფლების განხორციელების მოქმედებების ანალოგიურად განიხილება. სამკვიდროს მიღების აქტი უნივერსალურ ხასიათს ატარებს. იგი ვრცელდება მთელ სამკვიდრო ქონებაზე, რაშიც არ უნდა იყოს გამოხატული და სადაც არ უნდა იყოს. სამკვიდროს მიღებისას მემკვიდრეს შეიძლება სრული წარმოდგენა არც კი ჰქონდეს სამკვიდრო ქონების ზუსტ შემადგენლობაზე. ამიტომ, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო ქონება. სამკვიდროს მიღება შეიძლება განხორციელდეს წარმომადგენლის მეშვეობითაც, თუ მინდობილობაში არის სპეციალური დათქმა წარმომადგენლის მიერ სამკვიდროს მიღების შესაძლებლობაზე (იხ. რომან შენგელია, ეკატერინე შენგელია, საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, 2015, გვ.410; ასევე- სუსგ N ას-292-2021, 27.05.2021წ; პ. 64-65).

19. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე არიან აწ გარდაცვლილი რ.მ–ისა და ლ.მ–ის შვილები. რ.მ–ი გარდაიცვალა 2014 წლის 20 იანვარს, ხოლო ლ.მ–ი - 2018 წლის 26 სექტემბერს.

20. 2021 წლის 18 ივნისს მოპასუხეზე გაიცა N210618566 სამკვიდრო მოწმობა, რომლის შესაბამისადაც მოპასუხე არის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე - შვილი - ორი ათას თოთხმეტი წლის ოც იანვარს გარდაცვლილი რ.მ–ისა, რომელიც გარდაცვალების მომენტში ცხოვრობდა მისამართზე - საგარეჯო, ს. ....... მოპასუხემ სამკვიდრო მიიღო სრულად, მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით.

21. 2022 წლის 17 თებერვლის N220158936 სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ დადგენილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე.

22. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების შემთხვევაში, მემკვიდრეს ეკისრება აღნიშნული ფაქტის მტკიცების ტვირთი სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს).

23. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, მიიჩნევა, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი (სსკ-ის 1421 (3) მუხლი). სსკ-ის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად მიიჩნევა მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

24. გარდაცვლილი მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების - საცხოვრებელი სახლისა და მამკვიდრებლის ქონებით სარგებლობის ფაქტობრივი ფლობით მიღების დასადასტურებლად მოსარჩელემ განმარტა, იგი მამის - რ.მ–ის გარდაცვალების შემდეგ, ჩადიოდა სოფელ ...... მისი მამის საცხოვრებელ სახლში, უვლიდა ბაღს, ვენახს, სახლ-კარს, ეწეოდა სოფლის მეურნეობას, კერძოდ, წურავდა ღვინოს, ბარავდა და თოხნიდა. მართალია მოსარჩელე მუდმივად არ ცხოვრობდა მამის სახლში, სოფელ ......, თუმცა, იგი ყოველივე ზემოაღნიშნული ქმედებებით, მამის გარდაცვალებიდან 6 თვეში ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა ამ უკანასკნელის დანაშთ ქონებას. მოსარჩელის განმარტებით, რ.მ–ის სახლში, ასევე, არ ცხოვრობდა მუდმივად მოპასუხეც, თუმცა, ძმები მამის გარდაცვალების შემდეგ ერთად ჩადიოდნენ სოფელ ...... და უვლიდნენ მამის დანატოვარ ქონებას.

25. აღნიშნული გარემოება სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმედ დაკითხულმა პირებმაც. კერძოდ: მ–ების მეზობელმა, სოფელ ......, ი.ჯ–მა განმარტა, რომ მართალია ზუსტი თარიღი არ ახსოვს, თუმცა, მამის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელე ნახა ვენახში, როდესაც იგი კრეფდა ვაშლს, ზოგადად კი მოპასუხე ამუშავებს ვენახს. მოსარჩელე მოწმემ, ასევე, ნახა მამის გასვენებაშიც. მოწმე თ.ლ–მა, მ–ების ნათესავმა, განმარტა, რომ რ–ის გარდაცვალების შემდეგ, ზაფხულის პერიოდში, ორივე ძმამ ერთად გაარემონტა ღობე. ასევე, ღობის გარემონტებამდე კიდევ უფრო ადრე პერიოდში, მოსარჩელემ ელექტროობის შეკეთებასთან დაკავშირებით დახმარება სთხოვა მოწმეს. მ–ების ბიძაშვილმა, მ.ხ–მა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ მოსარჩელე მამის პანაშვიდებზე და ორმოცზე რ–ის სახლში ნახა. ვინაიდან მოწმე რ–ის გარდაცვალების შემდეგ ხშირად დადიოდა ლ.მ–ის სანახავად, მისგან იცის, რომ ერთი-ორჯერ იყო მოსარჩელე მისული სახლში, რაზედაც წუხილს გამოთქვამდა ლ.მ–ი. მოწმემ ერთხელ სუფრაზე ნახა მ–ების სახლში სტუმრად მისული მოსარჩელე, რომელმაც მოწმეზე ადრე დატოვა სახლი. მოწმის განმარტებით, მას სახლში ხშირად უნახავს მოპასუხე და მისი მეუღლე, ისინი უვლიდნენ ბაღ-ვენახს, თუმცა, მას მოსარჩელე ვენახში, ან ბაღში არ უნახავს. მოწმე ე.ნ–ძემ, ოჯახის ახლობელმა განმარტა, რომ მოსარჩელე მამის გარდაცვალების შემდეგ უვლიდა ეზოს. ასევე, უვლიდა მამის ვენახს და მოწმეს სთხოვდა ვენახში სამუშაო იარაღებს, ბარსა და ვაზის მაკრატელს. გარდა ამისა, მამის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელე არემონტებდა მამის სახლს, დაახლოებით მარტი-აპრილის თვეში და თბილისიდან ჰყავდა ჩამოყვანილი ხელოსანი. მოწმემ, ასევე, აღნიშნა, რომ ძმები ერთად აკეთებდნენ ღობეს, ხოლო, როგორც მოსარჩელის მეუღლისგან გახდა მისთვის ცნობილი, ხელოსანს თანხა მოსარჩელემ გადაუხადა. ამასთან, მამის გარდაცვალების შემდეგ, გაზაფხულზე, მოსარჩელემ ხელოსანს გააკეთებინა სახლში ელექტროობა. სასამართლო სხდომაზე მოწმე უ. მ–მა, მოსარჩელისა და მოპასუხის ბიძაშვილმა აღნიშნა, რომ მართალია მამის გარდაცვალების დროს ნახა მოსარჩელე, თუმცა, შემდეგ ნახა თუ არა ძმები და თუ ნახა, კონკრეტულად როდის, ვერ გაიხსენა. რაც შეეხება მოწმეს, მ.მ–ს, რომელსაც მ–ებთან აკავშირებს 30 წლიანი ურთიერთობა და ნაცნობობა, განმარტა, რომ რ–ის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, გაზაფხულზე, აპრილი-მაისის თვეში, სახლში გაყვანილობას შეექმნა პრობლემა და ორივე ძმა აკეთებდა, ხელოსანიც ჰყავდათ მიყვანილი. ვინაიდან მოწმის სახლიდან მ–ების სახლი ფეხით შვიდი წუთის სავალ გზაზე, იგი გადასული იყო მათ სახლში და თავად ნახა ორივე ძმა. შემდეგ, მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში ღობეს შეექმნა პრობლემა და ორივე ძმა ერთად აკეთებდა ღობეს, თუმცა, ღობის შეკეთების ინიციატორი, მისი ინფორმაციით, იყო მოსარჩელე.

26. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმატებით გაართვა თავი მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურებას, კერძოდ, ფაქტობრივი ფლობით მამის - რ.მ–ის დანაშთი ქონების დაუფლების ფაქტს, მამის გარდაცვალებიდან, 2014 წლის 20 იანვრიდან - 6 თვის განმავლობაში. ზემოაღნიშნული გარემოება დადასტურდა ისევე, როგორც სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით, რომელიც იყო თანმიმდევრული და ლოგიკური, ასევე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით (ტ. 1, ს.ფ. 170), რომლის თანახმადაც მამკვიდრებლის სახლში მამის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობს მოსარჩელე. მართალია, მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ცნობა შეიცავს გარკვეულ უზუსტობას, კერძოდ, მოსარჩელე ისევე, როგორც მოპასუხე, მამკვიდრებლის სახლში მუდმივად არ ცხოვრობენ, თუმცა, ნიშანდობლივია, რომ მოპასუხეზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა მოხდა სწორედ იდენტური ცნობის საფუძველზე (ტ. 1, ს.ფ. 124). ამდენად, მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა იდენტური მტკიცებულება, რაც წარდგენილი იქნა მოპასუხის მიერ ნოტარიუსისათვის სამკვიდროს მისაღებად.

27. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინა პუნქტში დასახელებულ გარემოებათა და მტკიცებულებათა ერთობლიობა ქმნის პრეზუმფციას, რომ კანონისმიერმა მემკვიდრემ (მოსარჩელემ) სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღო და მამის დანაშთი უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრე გახდა.

28. აღსანიშნავია, რომ მამკვიდრებლის შვილი (მოპასუხე) თავისი ძმის (მოსარჩელე) თანხმობის გარეშე, მთლიანი სამკვიდროს მესაკუთრედ დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. დასახელებულ შემთხვევაში, სწორედ მოპასუხეს უნდა შეეტყობინებინა ნოტარიუსისთვის გარდაცვლილის იმავე რიგის მემკვიდრის არსებობის თაობაზე, ამასთან მასვე ევალებოდა მიეღო ზომები თავისი ძმის სამკვიდრო მისაღებად მოწვევისათვის (იხ. სსკ-ის 1478-ე მუხლი).

29. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მის მამკვიდრებელს სამკვიდრო ქონება არ დარჩენია, რადგან თავად მოპასუხემ მოითხოვა და მიიღო სამკვიდრო მოწმობა - 2021 წლის 18 ივნისს მოპასუხეზე გაიცა N210618566 სამკვიდრო მოწმობა, რომლის შესაბამისადაც მოპასუხე არის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე - შვილი - ორი ათას თოთხმეტი წლის ოც იანვარს გარდაცვლილი რ.მ–ისა, რომელიც გარდაცვალების მომენტში ცხოვრობდა მისამართზე - საგარეჯო, ს. ......ი. მოპასუხემ სამკვიდრო მიიღო სრულად, მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული. სამკვიდრო მოწმობაში მითითებულია - მემკვიდრის განცხადებით სამკვიდროს ღირებულებაა სამოცი ათასი ლარი.

30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ არ მიუთითებია, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა. ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას (იხ. წინამდებარე განჩინების 4.16-4.19 ქვეპუნქტები) და განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის საპასუხოდ და გამოსარიცხად მოპასუხეს ფაქტის უარმყოფელი კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია.

31. საკასაციო სასამართლო, ასევე აღნიშნავს, რომ კასატორს (მოპასუხეს) მის მიერ შესაგებელზე დართულ 20.10.2000 წლის ხელწერილთან დაკავშირებით, გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობის საწინააღმდეგო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად, მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. საქმის მომზადების დასრულების შემდეგ, საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე მხარეები შეზღუდულნი არიან, ახსნა-განმარტებების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული. იგივე წესი მოქმედებს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, სადაც ახალი ფაქტების მითითება და ახალი მტკიცებულებების დაშვება მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრული საპატიო გარემოებების არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი (სსსკ-ის 380-ე მუხლი).

33. საქმეზე მტკიცებულებების დართვის ზემოაღნიშნული წესი დაკავშირებულია სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედ შეჯიბრებითობის პრინციპთან (სსსკ-ის მე-4 მუხლი) და გულისხმობს იმას, რომ სასამართლო საქმის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობს მხოლოდ იმ მტკიცებულებებით, რომელიც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით დაერთვება საქმეს. სხვა მტკიცებულებები მხედველობაში არ მიიღება, თუნდაც მას საქმის მართებულად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს.

34. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებს (წარმოებაში მყოფ მონაცემებთან ზედდება, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განცხადების მიღების ბარათები, ტ. 2, ს/ფ 151-153), რომლებიც საკასაციო შესაგებელს ერთვის, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 407.1-ე მუხლზე (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები) და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება.

35. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად, რის საფუძველზეც, საკასაციო პალატამ უპასუხა, კასატორის მხოლოდ ძირითად არგუმენტებს (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

36. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

37. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებაზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

38. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.მ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი