დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-74-2026
25 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - დ.ბ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს პარლამენტი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ხელშეკრულების უვადოდ დადებულად მიჩნევა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მოსარჩელე დ.ბ–ძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა საქართველოს პარლამენტის მიმართ და მოითხოვა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პარლამენტის აპარატის 2024 წლის 30 დეკემბრის ბრძანება დ.ბ–ძის გათავისუფლების შესახებ;
1.2. საქართველოს პარლამენტს დაევალოს დ.ბ–ძესთან უვადო შრომითი ხელშეკრულების დადება და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის - მოწვეული სპეციალისტის პოზიციაზე აღდგენა;
1.3. საქართველოს პარლამენტს დ.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 2 660 ლარის ოდენობით (დასაბეგრი), 2025 წლის 1-ელი იანვრიდან სამსახურში აღდგენამდე;
1.4. საქართველოს პარლამენტს დ.ბ–ძის სასარგებლოდ ყოველდღიურად დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურების - 2660 ლარის 0.07%-ის ოდენობით, რაც თითოეული დღისათვის შეადგენს 1.86 ლარს, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან სამსახურში აღდგენამდე.
სარჩელის თანახმად, დ.ბ–ძე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატში დასაქმებული იყო 2019 წლიდან. მხარეთა შორის პირველი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა 2019 წლის 16 მაისს ამავე წლის 31 დეკემბრამდე ვადით. დ.ბ–ძესა და საქართველოს პარლამენტის აპარატს შორის მეორე ხელშეკრულება გაფორმდა 2020 წლის 20 იანვარს და მისი ვადა ამოიწურა იმავე წლის 31 დეკემბერს. მხარეთა შორის ბოლო შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა 2024 წლის 1-ელ ივლისს 2024 წლის 31 დეკემბრამდე ვადით. თუმცა, მანამდე მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, რამდენიმე თვის ვადით, მიმდევრობით გაფორმდა 19 ხელშეკრულება.
- 2022 წლის 02 დეკემბერს დ.ბ–ძემ განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს და მასთან ვადიანის ნაცვლად, უვადო შრომითი ხელშეკრულების გაფორმება მოითხოვა. მართალია, მხარეს ოფიციალური პასუხი არ მიუღია, თუმცა ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამაში აიტვირთა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პროექტი, რაც დამსაქმებლის პოზიციას ცხადყოფდა.
- 2024 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გამოსცა ბრძანება, ვადის გასვლის გამო დ.ბ–ძესთან არსებული შრომითი ხელშეკრულების 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შეწყვეტის შესახებ.
- მოსარჩელის მითითებით, ვინაიდან მხარეთა შორის მიმდევრობით არსებული შრომითი ურთიერთობა ჯამურად 68 თვეს შეადგენდა, მიჩნეული უნდა იქნეს, რომ დ.ბ–ძე საქართველოს პარლამენტში დასაქმებული იყო უვადოდ.
2. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავ შესაგებელთან ერთად წარმოადგინა მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი და მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და განმარტა, რომ თავდაპირველად, დ.ბ–ძე საქართველოს პარლამენტის აპარატში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დაინიშნა 2019 წლის 16 მაისს, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2019 წლის 16 მაისის №2/2138 ბრძანების საფუძველზე. ყოველი მომდევნო დანიშვნის ბრძანება და შესაბამისი ხელშეკრულება ფორმდებოდა განსაზღვრული ვადით, შესაბამისი პროცედურის დაცვით. პროცედურა ითვალისწინებდა/ ითვალისწინებს კომიტეტის თავმჯდომარის დასაბუთებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე ხაზინადართა საბჭოს თანხმობას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას დაფინანსების გამოყოფის თაობაზე, რაც საბოლოო ჯამში სრულდებოდა/სრულდება საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილების მიღებით/დამტკიცებით, რის საფუძველზეც საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის/უფლებამოსილი პირის მიერ ხდება/ხდებოდა დანიშვნის ბრძანებების გამოცემა და შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება. აღნიშნული ბრძანებებითა და შრომითი ხელშეკრულებებით განსაზღვრული იყო დასაქმებულის საქმიანობის ვადა და შრომის ანაზღაურების ოდენობა საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების შესაბამისად, ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო ის კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობები, რაც დასაქმებულს უნდა შეესრულებინა. შესაბამისად, თითოეული დანიშვნის ბრძანებას და შესაბამის შრომით ხელშეკრულებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლები, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მათ დამოუკიდებელ აქტებად ქცევას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებელმა ცალკე ჯგუფად გამოყო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც თავის მხრივ, წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს. კანონით ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული, რომ პირს, რომელიც საჯარო სამსახურს ახორციელებს, შრომითი ხელშეკრულებით მინიჭებული უნდა ჰქონდეს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება, რაც წარმოადგენს ამოსავალ პირობას, რომ მოხდეს პროფესიული საჯარო მოხელის, საჯარო სამსახურში შტატიანი შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მოსამსახურისა და ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების განსხვავება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 83-ე მუხლის თანახმად, პირის შრომითი ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში მიღებისათვის, როგორც წესი, ცხადდება გამარტივებული საჯარო კონკურსი ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. გამარტივებული საჯარო კონკურსის გარეშე გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება კი ეგზავნება ბიუროს. ამასთანავე, საჯარო დაწესებულებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.
დ.ბ–ძე წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს და საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად მინიჭებული ჰქონდა საჯარო დაწესებულების დამხმარე და არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება. საჯარო დაწესებულების დამხმარე ამოცანები, მისი ფუნქციებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს მის ძირითად ფუნქციებს, არამედ ხელს უწყობენ დაწესებულების ძირითადი ფუნქციების განხორციელებას.
შრომითი ხელშეკრულება, როგორც საჯარო სამსახურის განხორციელების ფორმა, გულისხმობს სამსახურში მიღების, სამსახურის გავლის, სამსახურიდან გათავისუფლების და უფლების დაცვის განსხვავებულ წესებს, რაც მას განასხვავებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, როგორც პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმების ფორმისგან. საჯარო დაწესებულების ძირითადი ამოცანები ხორციელდება პროფესიული საჯარო მოხელის მიერ. მათი მხარდამჭერი ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილების მქონე საჯარო მოსამსახურეები, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებენ დამხმარე ფუქნციებს. საჯარო სამსახურის ძირითადი ფუნქციებისთვის დამახასიათებელია მუდმივობა, რომელიც ხორციელდება უვადოდ დანიშნული პროფესიული მოხელის მიერ. სწორედ ამიტომ, კომიტეტებში, ისევე როგორც პარლამენტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებში, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების თუნდაც თანმიმდევრობით დადება, არ შეიძლება, უპირობოდ განიხილებოდეს საქართველოს შრომის კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტში დეკლარირებული ნორმის ფარგლებში.
„საქართველოს პარლამენტის კომიტეტში შტატგარეშე მოსამსახურის - სპეციალისტის მოწვევის წესის“ მე-3 მუხლის თანახმად, ხაზინადართა საბჭო განიხილავს წერილობით მიმართვას და იღებს გადაწყვეტილებას მისი დაკმაყოფილების და ამ მიზნით მოწვეული სპეციალისტების სახელფასო ფონდის განსაზღვრის შესახებ. რის შემდგომაც, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პალამენტის ბიურო განიხილავს ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ საკითხს. ხაზინადართა საბჭოს მიერ ხდება ინდივიდუალური შემთხვევებისა და დამატებითი საკადრო რესურსის საჭიროების შეფასება დროებით, არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად, ამასთანავე, ხდება საბიუჯეტო სახსრებიდან თანხების გამოყოფა ყოველ დასანიშნად წარსადგენ პირთან მიმართებით და ეს პროცესი სხვადასხვა შემთხვევაში კონკრეტულ დამტკიცებას საჭიროებს, დაფინანსების საკითხის ცვლილებამ, შესაძლოა ვადის განსაზღვრაც განაპირობოს. აქედან გამომდინარე, საჯარო დაწესებულება მოკლებულია შესაძლებლობას, წინასწარ განსაზღვროს მისი არამუდმივი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად გამოყოფილი თანხის განაწილების საკითხიც, რაც გამორიცხავს შესაძლებლობას, მოწვეულ სპეციალისტს გაუფორმდეს უვადო ხელშეკრულება.
ვინაიდან, ვადიანი შრომის ხელშეკრულებების დადების შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობების დასასრული კონკრეტული თარიღისა და წინასწარ დადგენილი მიზნის შესრულებას უკავშირდება, საჯარო დაწესებულებებისთვის ასეთი ტიპის ხელშეკრულება პირდაპირ ასოცირდება მეტ მოქნილობასთან. სწორედ ეს ეკონომიკური მოქნილობა განაპირობებს საჯარო დაწესებულებების ინტერესების უპირატესობას, ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების დადებასთან მიმართებით.
ყოველივეს გათვალისწინებით, მოპასუხემ მიუთითა, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილებით, დ.ბ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.ბ–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, დ.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 14 მაისის №259/13 ბრძანებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს - ხაზინადართა საბჭოს თავმჯდომარის 2019 წლის 14 მაისის მიმართვის საფუძველზე, დამტკიცდა ამავე საბჭოს 2019 წლის 13 მაისის №364 გადაწყვეტილება. დადგინდა, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა უზრუნველეყო სათანადო პროცედურის განხორციელება, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ერთი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის განსაზღვრისათვის, 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად 630 ლარის ოდენობით;
6.2. 2019 წლის 16 მაისს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს მიმართა შემდეგი შინაარსის წერილით: „საქართველოს პარლამენტის ბიუროს, 2019 წლის 14 მაისს №259/13 გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მოწვეულ სპეციალისტად დასანიშნად წარმოგიდგენთ დ.ბ–ძის კანდიდატურას. ამასთან, მოგახსენებთ რომ მოწვეულ სპეციალისტს დ.ბ–ძეს ფუნქციებად განესაზღვრება: მოქალაქეთა კორესპოდენციაზე პასუხის პროექტების მომზადება, ეროვნული და საერთაშორისო საკანონმდებლო ბაზის შედარებითი ანალიზი და კომიტეტის 2019 წლის სამოქმედო გეგმით გაწერილი აქტივობებიდან გამომდინარე ანალიტიკური საქმიანობის წარმოება“;
6.3. 2019 წლის 16 მაისს, საქართველოს პარლამენტის აპარატსა და დ.ბ–ძეს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე დაინიშნა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატში;
ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, დ.ბ–ძის სამუშაო მოიაზრებდა შემდეგ ფუნქციებს: ა) საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში შემოსულ მოქალაქეთა წერილებზე პასუხების პროექტების მომზადება; ბ)კანონპროექტებზე დასკვნების პროექტების მომზადება; გ) თავდაცვის სფეროს მარეგულირებელი საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი; დ) საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2019 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებიდან გამომდინარე ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება; ე) საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის კონკრეტული დავალებების შესრულება;
ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, დასაქმებულის შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 630 ლარს;
ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად კი, ხელშეკრულება მოქმედებდა 2019 წლის 16 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით;
6.4. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2019 წლის 16 მაისის ბრძანებით, დ.ბ–ძე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატში დაინიშნა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, 2019 წლის 16 მაისიდან 31 დეკემბრამდე ვადით, შრომის ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობა კი, განესაზღვრა 630 ლარით;
6.5. საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2020 წლის 17 იანვრის №323/11 გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს - ხაზინადართა საბჭოს თავმჯდომარის 2020 წლის 17 იანვრის მიმართვის საფუძველზე, დამტკიცდა ამავე საბჭოს 2020 წლის 16 იანვრის №459 გადაწყვეტილება. დადგინდა, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა უზრუნველეყო სათანადო პროცედურის განხორციელება, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ორი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის განსაზღვრისათვის, 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ერთისთვის ყოველთვიურად 1500 ლარის, ხოლო მეორესთვის - 1000 ლარის ოდენობით;
6.6. 2020 წლის 20 იანვარს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს მიმართა შემდეგი შინაარსის წერილით: „საქართველოს პარლამენტის ბიუროს, 2020 წლის 17 იანვრის №2-967/20 გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მოწვეულ სპეციალისტად დასანიშნად წარმოგიდგენთ ხ.ხ–ისა და დ.ბ–ძის კანდიდატურებს. 2. დ.ბ–ძეს გაუფორმდეს ხელშეკრულება 2020 წლის 20 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და ყოველთვიური ხელფასი განესაზღვროს 1000 ლარის ოდენობით“;
6.7. 2020 წლის 20 იანვარს, საქართველოს პარლამენტის აპარატსა და დ.ბ–ძეს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე დაინიშნა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატში;
ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, დ.ბ–ძის სამუშაო მოიაზრებდა შემდეგ ფუნქციებს: ა) საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში შემოსულ მოქალაქეთა წერილებზე პასუხების პროექტების მომზადება; ბ) კანონპროექტებზე დასკვნების პროექტების მომზადება; გ) თავდაცვის სფეროს მარეგულირებელი საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი; დ) საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2020 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებიდან გამომდინარე ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება; ე) საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის კონკრეტული დავალებების შესრულება;
ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, დასაქმებულის შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 1000 ლარს. 7.1. პუნქტის თანახმად კი, ხელშეკრულება მოქმედებდა 2020 წლის 20 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით;
6.8. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2020 წლის 20 იანვრის ბრძანებით, დ.ბ–ძე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატში დაინიშნა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, 2020 წლის 20 იანვრიდან 31 დეკემბრამდე ვადით, შრომის ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობა კი, განესაზღვრა 1000 ლარით;
6.9. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის წერილებისა და საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებების შესაბამისად, 2024 წლის 1-ელ ივლისამდე, დ.ბ–ძესა და საქართველოს პარლამენტის აპარატს შორის გაფორმდა არაერთი შრომითი ხელშეკრულება, რამდენიმე თვის ვადით და მიღებული იქნა არაერთი ბრძანება, მოსარჩელის ხელშეკრულებით გათვალსწინებულ პოზიციაზე შეთანხმებული ვადით დანიშვნის შესახებ;
6.10. 2022 წლის 02 დეკემბერს, დ.ბ–ძემ განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს და მათ შორის არსებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულების უვადო ხელშეკრულებად ტრანსფორმირება მოითხოვა;
6.11. 2024 წლის 13 ივნისს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს თავმჯდომარეს მიმართა შემდეგი შინაარსის წერილით: „მოგეხსენებათ, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საქმიანობა უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს საჭიროება, კომიტეტის აპარატში დაემატოს ერთი სპეციალისტი, რომელიც იმუშავებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გამოცდილების შესწავლა/ანალიზზე უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროებში. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, გთხოვთ, უზრუნველყოთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატი ერთი მოწვეული სპეციალისტით, 2024 წლის 01 ივლისიდან - 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 6 თვის ვადით, ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურებით 2660 ლარის ოდენობით“;
6.12. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ 2024 წლის 28 ივნისს წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს: „გთხოვთ, გაუგრძელოთ შრომითი ხელშეკრულება საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების აპარატის მოწვეულ სპეციალისტს - დ.ბ–ძეს, 2024 წლის პირველი ივლისიდან 6 თვის ვადით, 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, იგივე სამუშაო ფუნქციებით და ყოველთვიური ხელფასი განისაზღვროს 2660 ლარის ოდენობით“;
6.13. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს - ხაზინადართა საბჭოს 2024 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის 2024 წლის 13 ივნისის წერილის შესაბამისად, ხაზინადართა საბჭო დაეთანხმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატში ერთი მოწვეული სპეციალისტისთვის სახელფასო ფონდის გამოყოფას, მასთან ხელშეკრულების ვადის გასაგრძელებლად 2024 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად 2660 ლარის ოდენობით;
6.14. 2024 წლის 1 ილისს, საქართველოს პარლამენტის აპარატსა და დ.ბ–ძეს შორის გაფორმდა ბოლო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე დაინიშნა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატში;
ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, დ.ბ–ძის სამუშაო მოიაზრებდა შემდეგ ფუნქციებს: ა) უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროებში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გამოცდილებების შესწავლა/ანალიზი; ბ) საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის კონკრეტული დავალებების შესრულება;
ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, დასაქმებულის შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 2660 ლარს. 7.1. პუნქტის თანახმად კი, ხელშეკრულება მოქმედებდა 2024 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით;
6.15. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2024 წლის 1 ივლისის ბრძანებით, დ.ბ–ძე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატში დაინიშნა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, 2024 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრამდე ვადით, შრომის ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობად კი, განესაზღვრა 2660 ლარი;
6.16. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2024 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით, 2025 წლის 1 იანვრიდან, ვადის გასვლის გამო, შეწყდა დ.ბ–ძესთან არსებული შრომითი ურთიერთობა.
7. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა იყო ხანდაზმული.
8. პალატის მითითებით, დ.ბ–ძის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს გათავისუფლების შესახებ საქართველოს პარლამენტის აპარატის 2024 წლის 30 დეკემბრის ბრძანების ბათილად ცნობა. იმის გათვალისწინებით, რომ შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მისი მოქმედების ვადის გასვლის გამო შეწყდა, მხარეთა შორის უვადო სამართალურთიერთობის არსებობის შესახებ საკითხი სადავო გახდა სწორედ 2024 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით მხარის შრომითი უფლებების სავარაუდო შელახვის შემდგომ, ამდენად, წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა უნდა შემოწმდეს სწორედ საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-7 პუნქტის ფარგლებში (რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოსარჩელეს დამსაქმებლისთვის გათავისუფლების ბრძანების დასაბუთების მოთხოვნით არ მიუმართავს).
- დადგენილია, რომ დ.ბ–ძესა და საქართველოს პარლამენტს შორის შრომის ხელშეკრულება 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებდა, 2024 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით კი, მოსარჩელე სამსახურიდან 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდა, საწინააღმდეგოს მიუთითებლობის პირობებში, იქმნება საფუძველი ვარაუდისთვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მხარეს 2024 წლის 30 დეკემბერსვე ეცნობებოდა და ბრძანება, არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა გადაეცემოდა. წინამდებარე სარჩელი წარმოდგენილია 2025 წლის 10 თებერვალს.
9. პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის 2024 წლის 30 დეკემბრის ბრძანების გასაჩივრების ვადა შეადგენდა 30 დღეს, რომლის ათვლაც უნდა დაწყებულიყო არაუგვიანეს 2025 წლის 1-ელი იანვრიდან და დასრულდებოდა 2025 წლის 30 იანვარს. შესაბამისად, ამოწურულად მიიჩნეოდა 2025 წლის 31 იანვრიდან. განსახილველი სარჩელი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2025 წლის 10 თებერვალს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ, რის გამოც მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნევა.
10. სააპელაციო პალატამ იმსჯელა იმ ფაქტზე, რომ სააპელაციო საჩივარზე აპელანტმა დაურთო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 იანვრის განჩინება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელის განსახილველად მიღებაზე და სარჩელი თანდართული მასალებით დაუბრუნდა უკან. პალატამ მიუთითა სსსკ-ის 380-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილზე და დასახელებული ნორმების საფუძველზე განმარტა, რომ ახალ მტკიცებულებას პალატა მხოლოდ მაშინ მიიღებს, თუ მისი წარდგენა პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაძლებელი არ იყო. პალატის მითითებით, აღნიშნული მოცემულობა სახეზე არ იყო. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელე მხარეს არ წარუდგენია საპირისპიროს დამადასტურებელი მტკიცებულება, არც მიუთითებია, რომ სარჩელი ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე, 2025 წლის 31 იანვრამდე იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნა ხანდაზმულია და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
11. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნებს სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული მოთხოვნები გამომდინარეობდა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობიდან და ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა ხანდაზმული იყო, არ არსებობდა მოცემული სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველიც.
12. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე დ.ბ–ძემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
13. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
13.1. კასატორი არ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, სარჩელი ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და უთითებს, რომ დ.ბ–ძეს, კანონით დადგენილ ვადაში, მიმართული აქვს სასამართლოსთვის. ის ფაქტი, რომ 2025 წლის 24 იანვრის სარჩელზე მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე 2025 წლის 28 იანვარს, მოსარჩელის მოთხოვნას ხანდაზმულად არ აქცევს, რადგან მოსარჩელემ ახალი სარჩელით მიმართა სასამართლოს 2025 წლის 10 თებერვალს. სააპელაციო სასამართლო არსებითად დარღვევით მსჯელობს ხანდაზმულობის საკითხზე, რომელზეც ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა არასწორად გადაწყვეტილებაში. მოპასუხე ხანდაზმულობაზე უთითებს იმ მიზეზის გამო, რომ მოსარჩელეს ჯერ კიდევ 2021 წელს უნდა გაესაჩივრებინა მის მიმართ გამოცემული ბრძანებები. მოპასუხე სწორედ ამ საფუძველს მიუთითებდა სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობის გამომრიცხავ გარემოებად. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია კონკრეტულად 2024 წლის 30 დეკემბრის ბრძანების სასამართლოში გასაჩივრების ვადა. მას არ მიუთითებია 2024 წლის 30 დეკემბრის ბრძანების ხანდაზმულობაზე.
13.2. მოსარჩელემ 2023 წელს მიმართა სასამართლოს პარლამენტის აპარატის 2023 წლის 27 თებერვლის N2/906/23 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით, მაგრამ სასამართლო განხილვა, კასატორისთვის უცნობი მიზეზით არ ჩატარებულა და ამ პერიოდის განმავლობაში იგი გათავისუფლებლდა. შესაბამისად, კასატორი იძულებული გახდა შეეწყვიტა აღნიშნული დავა, რადგან გათავისუფლების მომენტისათვის ცალკე იმ დავის გაგრძელება აზრს მოკლებული იყო. სწორედ ამიტომ, მოსარჩელემ სასამართლოს განმეორებით მიმართა 2024 წლის 30 დეკემბრის N2/6688/24 ბრძანების ბათილად ცნობაზე. რადგან მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის აღარ გაგრძელებულა შრომითი ურთიერთობა. მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ ყოველთვის ჰქონდა პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შორის რეალურად უვადო შრომითი ხელშეკრულება არსებობდა. ამას ადასტურებს 2022 წლის 2 დეკემბრის N2/19200/22 წერილი, სადაც ის მოითხოვს მასთან დადებული ვადიანი ხელშეკრულებების, სხვა არსებული სამუშაო პირობების გათვალისწინებით, განუსაზღვრელი ვადით დადებულ ხელშეკრულებებად შეცვლას.
13.3. კასატორი განმარტავს, რომ საქმის მოსამზადებელ და მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მას ყოველთვის ჰქონდა მოსარჩელესთან პრეტენზია, რომ მხარეთა შორის დადებულიყო უვადო შრომის ხელშეკრულება. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტულად 2024 წლის 30 დეკემბრის ბრძანების ხანდაზმულობის საკითხი არ ყოფილა არც შესაგებელში და არც სასამართლო სხდომაზე მითითებული, პირველი ინსტანციის სასამართლოში 2025 წლის 28 იანვრის განჩინება არ წარადგინა. ამასთან, მოცემულ საქმეზე 2025 წლის 28 იანვრის განჩინება, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ, იმავე მოსამართლემ მიიღო, რომელმაც განიხილა საქმე არსებითად. აღნიშნული ფაქტი, რომ დ.ბ–ძემ მიმართა სასამართლოს და სასამართლომ უარი უთხრა მას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, ცნობილი იყო საქართველოს პარლამენტისთვისაც. სწორედ ამიტომ არ შეედავა 2024 წლის 30 დეკემბრის ბრძანების ხანდაზმულობას
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 2 თებერვლის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ: 18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
20. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია დაცული იქნა თუ არა მოსარჩელის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების (ხანდაზმულობის) კანონით დადგენილი ვადა.
21. საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-4-მე-7 ნაწილების შესაბამისად, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს.
22. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა, შესაბამისად, იგი ნამდვილად ადრესატისათვის (დასაქმებულისათვის) მისვლის (ჩაბარების) მომენტიდან მიიჩნევა. დასაქმებულის უფლებაა, ინდივიდუალურად იქნეს გაფრთხილებული დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის შესახებ, რაც კონსტიტუციით გარანტირებულ შრომის უფლებას უკავშირდება. როდესაც შრომითი ხელშეკრულება წინასწარი გაფრთხილების გარეშე წყდება (შრომის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში), მიზანშეწონილია, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დასაქმებულის შეტყობინება წერილობით განხორციელდეს. წერილობითი დოკუმენტის შექმნა, ერთი მხრივ, დასაქმებულის უფლებების დაცვას ემსახურება, ვინაიდან იგი უფლებამოსილია, სრულ ინფორმაციას ფლობდეს მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის, საფუძვლისა და გასაჩივრების წესის თაობაზე, მეორე მხრივ კი, დამსაქმებლისათვის მტკიცების პროცესს აიოლებს, რადგან, თუ დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა დასაქმებულისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციის ჩაბარება, ხელშეკრულება შეწყვეტილად არ მიიჩნევა. დასაქმებული შეზღუდულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების 30-დღიანი ვადით (იხ.Nას-1227-2021, 09.02.2022წ.).
23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ვადა სასამართლოსათვის მიმართვის ვადაა. აღნიშნული ვადის დაუცველად სარჩელის აღძვრა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენს. უფრო მეტიც, ვადის დაცვით, თუ მის დაუცველად, სასამართლოსათვის მიმართვა, შესაბამისი შესაგებლის გარეშე, პირადი ინიციატივით, სასამართლოს კვლევის საგანი არ არის. კანონით გათვალისწინებული ვადის დაცვის გარეშე სასამართლოსათვის მიმართვა ერთ-ერთი ის არგუმენტთაგანია, რომელიც შესაგებლის ფარგლებში, დამსაქმებლის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა. აღნიშნული ვადის სიმცირეს შრომის სამართლის თეორიაში თავისი დატვირთვა აქვს, კერძოდ, სადავო ფაქტები მტკიცებადი უნდა იყოს, ასევე დარღვეული უფლების აღდგენა დროის მცირე მონაკვეთში უნდა მოხდეს, რათა შემდგომ, ვითარების ცვლილებამ, დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის შეუძლებლობა არ განაპირობოს. მითითებული ვადის სიმცირეს თავის დატვირთვა აქვს ასევე დამსაქმებლის უფლებრივი გადასახედიდანაც. დამსაქმებელი მუდმივად თავდაცვის რეჟიმში არ უნდა იყოს. მას თამამი საკადრო გადაწყვეტილებების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, მისი მოლოდინი გათავისუფლებული დასაქმებულისაგან სარჩელის აღძვრის თაობაზე დროის გარკვეული პერიოდით უნდა იყოს შემოსაზღვრული. ამიტომაც, მიიჩნევა, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის გასაჩივრების ვადის ლიმიტით თავის დაცვა, პირველ რიგში, დამსაქმებლის უფლება და მისი შესაგებლის ფარგლებში სამტკიცებელი გარემოებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გვაქვს მოცემულობა, რომ დასაქმებულის მიერ კანონით განსაზღვრული ვადის გაშვების მიუხედავად, დამსაქმებელი გამოხატავს მზადყოფნას, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება ამტკიცოს, რა დროსაც გასაჩივრების ვადის ფარგლებით აღნიშნული მტკიცება სასამართლომ არ უნდა შეზღუდოს. ხელშეკრულების შეწყვეტის გასაჩივრების ვადის დაუცველად სარჩელის აღძვრა მოპასუხის სამტკიცებელია. მითითებული გარემოება ფაქტის საკითხია, შესაბამისად, საპროცესო-სამართლებრივად ფაქტები, რომლითაც მოპასუხე, მოცემულ შემთხვევაში დამსაქმებელი, თავს იცავს, იმთავითვე კანონით დადგენილი წესით წარდგენილ შესაგებელში უნდა მიეთითოს (საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 261-262).
24. საქართველოს შრომის კოდექსის არც 48-ე მუხლი და არც სხვა მუხლები არ შეიცავს იმ მდგომარეობის მომწესრიგებელ ქცევის წესს, თუ რა ვადაში უნდა გასაჩივრდეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუკი დამსაქმებელი თავისი ინიციატივით არ გადასცემს დასაქმებულს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთებას და არც დასაქმებული არ მოითხოვს დამსაქმებლისაგან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების გადაცემას. ასეთ შემთხვევაში, გათავისუფლების შესახებ ბრძანების გასაჩივრების უფლებაზე მაინც ვრცელდება შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული 30 დღიანი ვადა, რომელიც აითვლება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების დასაქმებულისათვის ჩაბარების (შეტყობინების) დღიდან (იხ. ას-1210-2018, 15.02.2018წ; ას-11-11-2018, 4 მარტი, 2019 წ.).
25. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ „ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე“ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144.1 მუხლი).
26. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში.
27. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, 63).
28. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (შდრ. ს.უ.ს.გ №ას-1937-2018, 15 მარტი, 2019 წელი, პ-16; №ას-1343-1263-2017, 20 დეკემბერი, 2017 წელი; №ას-934-899-2016, 14.02.17; №ას-68-68-2018, 03.04.2018წ. და ა.შ.).
29. განსახილველ სარჩელზე, მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი იყო მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი, ხანდაზმულობაზე მითითებით, რაც ამ უკანასკნელის საპროცესო თავდაცვის იმდენად არსებითი სახეა, რომ მისი დამტკიცების შემთხვევაში, სარჩელის წარმატება ფერხდება.
30. ერთ-ერთ საქმეზე, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოვალის პროცესუალური შესაგებელი მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, ე.წ. უფლების შემაფერხებელ შესაგებელს წარმოადგენს, რა შემთხვევაშიც მოვალის შეპასუხება არა თავისთავად უფლების ნამდვილობას, არამედ მისი ხანდაზმულობის მოტივით უკუგდებას ემსახურება (იხ., სუსგ. საქმეზე №ას-498-2020, 25.11.2020წ).
31. ხანდაზმულობის ვადებს სასამართლო ითვალისწინებს არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. ამასთან, რადგან მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტის და არა სამართლის საკითხია, ეს ფაქტი მოპასუხის შესაგებელში ან მოსამზადებელ სხდომაზე უნდა იყოს წამოყენებული, რაც, მოპასუხემ სწორ საპროცესო სტადიაზე განახორციელა (იხ. მოპასუხის შესაგებელი), ამასთან, ხანდაზმულობაზე მოპასუხე უთითებს სააპელაციო და საკასაციო განხილვის ეტაპზეც. შესაბამისად, მოპასუხემ, რომელმაც მიუთითა მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელ ფაქტობრივ გარემოებაზე, ამით სადავო გახადა სასარჩელო მოთხოვნის განხორციელებადობა.
32. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებელი მოპასუხეს სარჩელის ხანდაზმულობის ფაქტზე მითითებას და არა ამ ფაქტის დამტკიცებას ავალდებულებს, ხოლო როდესაც მოპასუხე სარჩელს უარყოფს აღნიშნული საფუძვლით, მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეს გადადის და მას ევალება ამტკიცოს მოთხოვნის ვადაში წარდგენის, ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან შეწყვეტის ფაქტი (იხ. სუსგ №ას-1504-1424-2017, 2018 წლის 9 თებერვალი; საქმე № ას-621-2024, 9 ოქტომბერი, 2024წ ).
33. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს 2019 წლიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე, დ.ბ–ძესთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების თანმდევ პროცედურებზე. დ.ბ–ძე თავდაპირველად, საქართველოს პარლამენტის აპარატში, შრომის ხელშეკრულების საფუძველზე, დაინიშნა 2019 წლის 16 მაისს, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2019 წლის 16 მაისის N2/2138 ბრძანების საფუძველზე. როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან დგინდება, ყოველი მომდევნო დანიშვნის ბრძანება და შესაბამისი ხელშეკრულება დ.ბ–ძესთან ფორმდებოდა განსაზღვრული ვადით, შესაბამისი პროცედურის დაცვით. კერძოდ, თითოულ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე წერილით მიმართავდა პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს თავმჯდომარეს, განუმარტავდა სპეციალისტის დანიშვნის საჭიროებას და სთხოვდა შესაბამისი შრომის ანაზღაურების გაცემის უზრუნველყოფას, რასაც განიხილავდა ხაზინადართა საბჭო და იღებდა შესაბამის გადაწყვეტილებას წერილში დასმულ საკითხთან დაკავშირებით. თავისმხრივ, ეს გადაწყვეტილება მტკიცდებოდა საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ. პარლამენტის აპარატის უფროსის/უფლებამოსილი პირის მიერ ხდებოდა დანიშვნის ბრძანებების გამოცემა და შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება. აღნიშნული ბრძანებებით და შრომითი ხელშეკრულებებით განსაზღვრული იყო დასაქმებულის საქმიანობის ვადა და შრომის ანაზღაურების ოდენობა საქართველოს პარლამენტიის ბიუროს გადაწყვეტილების შესაბამისად. ასევე, შრომითი ხელშეკრულებებით განსაზღვრული იყო ის კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობები, რაც უნდა განეხორციელებინა დასაქმებულს. აღნიშნული პროცესი გათვალისწინებული იყო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულების მოთხოვნათა შესაბამისად. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს მოპასუხის საქართველოს პარლამენტის მითითებას, რომ თითოეული დანიშვნის ბრძანებას და შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლები, რაც განაპირობებს მათ სამართლებრივად დამოუკიდებელ აქტებად ქცევას. შესაბამისად, საკასაციო პალატის განსჯით, მხარის მიერ რომელიმე მათგანის სადავოდ მიჩნევის პირობებში, უნდა მომხდარიყო სადავო აქტის (ინდივიდუალური ბრძანების) გასაჩივრება კანონით დადგენილ ვადაში.
34. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, მხარეთა შორის გაფორმებული ბოლო შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადად მითითებული იყო პერიოდი 2024 წლის 1-ელი ივლისიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე. როგორც საქმეზე დართული მტკიცებულებებიდან დგინდება დ.ბ–ძის მიერ სადავოდ არ გამხდარა 2024 წლის 1-ელი ივლისის ბრძანება და ხელშეკრულება, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, კონკრეტული ვადით, მისი დანიშვნის შესახებ. დ.ბ–ძის მიერ სადავოდ არის გამხდარი 2024 წლის 30 დეკემბრის ბრძანება, რომლითაც შეწყდა 2024 წლის 1-ელი ივლისის შრომითი ხელშეკრულება, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, მისი მოქმედების ვადის გასვლის გამო. ანუ, საკითხი მხარეთა შორის უვადო სამართალურთიერთობის არსებობის შესახებ სადავო გახდა 2024 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით, მხარის შრომითი უფლებების სავარაუდო შელახვის შემდგომ, შესაბამისად, წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა უნდა შემოწმდეს სწორედ საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-7 პუნქტის ფარგლებში.
35. დადგენილია, რომ დ.ბ–ძესა და საქართველოს პარლამენტს შორის შრომის ხელშეკრულება 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებდა, მოსარჩელე 2024 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით გათავისუფლდა სამსახურიდან 2025 წლის 1-ელი იანვრიდან.
36. დავის არცერთ ეტაპზე სადავო არ გამხადარა გარემოება დ.ბ–ძის მიერ 2024 წლის 30 დეკემბრის ბრძანების ჩაბარების შესახებ. შესაბამისად, იქმნება საფუძველი ვარაუდისთვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მხარეს 2024 წლის 30 დეკემბერს ეცნობა და ბრძანება, არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა, გადაეცა. საქართველოს პარლამენტის აპარატის 2024 წლის 30 დეკემბრის ბრძანების გასაჩივრების ვადა შეადგენდა 30 დღეს. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის წარდგენის 30-დღიანი ვადის ათვლა მოსარჩელისთვის დაიწყო 2025 წლის 1-ელ იანვარს და დასრულდა 2025 წლის 30 იანვარს. განსახილველი სარჩელი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2025 წლის 10 თებერვალს.
37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იმსჯელა ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით და მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად მიიღო დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, რაც გულისხმობს ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ დამამტკიცებელ ან გამაქარწყლებელ მტკიცებულებებზე მითითებას სწორედ მხარეთა მიერ. სასამართლოში საქმის წარმოებისას მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, წარადგინონ მოწინააღმდეგის პოზიციის გამაბათილებელი მტკიცებულებები და გაამყარონ საკუთარი მტკიცება. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ წარმოდგენილი მოთხოვნის გამომრიცხავი და შემაფერხებელი შესაგებლით მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. მოსარჩელეს, თავის მხრივ, უფლება ჰქონდა, დაეცვა თავი და მიეთითებინა მისი მოთხოვნის განხორციელების ხანდაზმულობის გამომრიცხავ მტკიცებულებებზე, რაც მას არ გაუკეთებია. მოსარჩელე მხარეს საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე ყურადღება არ გაუმახვილებია მოპასუხის მითითებაზე, სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და არ უსარგებლია შესაძლებლობით, წარედგინა საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება. მხოლოდ 2025 წლის 29 ივლისის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ სარჩელი ხანდაზმული არ არის, რადგან მან მოთხოვნით თავდაპირველად საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციას, შემდეგ კი სასამართლოს მიმართა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი მითითება სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გაკეთებულა. მოსარჩელემ (აპელანტმა) სააპელაციო საჩივარზე დაურთო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 იანვრის განჩინება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელის განსახილველად მიღებაზე და სარჩელი თანდართული მასალებით დაუბრუნდა უკან.
38. სსსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
39. სსსკ-ის 219-ე მუხლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული.
40. სსსკ-ის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოხმობილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილი იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ საპატიო მიზეზით არ წარადგინა.
41. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ამასთან, ეს მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უნდა იქნეს სასამართლოსათვის წარდგენილი. სასამართლო არ გაითვალისწინებს ახალ გარემოებებს, არ მიიღებს არავითარ მტკიცებულებებს, ანგარიშს არ გაუწევს ახალ მოსაზრებებს, თუ საპატიო მიზეზის გარეშე არ იყო წარდგენილი თავის დროზე, ესე იგი ამ საქმის მომზადების სტადიაზე. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპატიო მიზეზით მხარემ ვერ წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას.
43. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელე მხარეს არ წარუდგენია საპირისპიროს დამადასტურებელი მტკიცებულება და არ მიუთითებია, რომ სარჩელი ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე, 2025 წლის 31 იანვრამდე იყო წარმოდგენილი. მხარეს არ მიუთითებია სსსკ-ის 215.3-ე მუხლით გათვალისწინებულ რაიმე საპატიო მიზეზზე. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ დაკარგა უფლება, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ახალ გარემოებებზე გაემახვილებინა ყურადღება.
44. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ 2025 წლის 28 იანვარს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება მიღებულია იმავე მოსამართლის მიერ, რომელმაც წინამდებარე საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მათ შორის, სარჩელის ხანდაზმულობის საფუძვლით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლომ იცოდა სარჩელის განმეორებით წარდგენის შესახებ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორის აღნიშნული პრეტენზია, საპროცესო სამართალში მოქმედი მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ვერ იქნება მხედველობაში მიღებული, ვინაიდან ფაქტზე მითითება არის მხარის ვალდებულება, მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება და სასამართლოს არ აქვს უფლება საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს მტკიცებულებები, მოპასუხის მიერ შედავებულ ფაქტობრივ გარემოებას „გამოესარჩლოს“ მოსარჩელის ნაცვლად და „გააბათილოს“ იგი.
45. ამრიგად, საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და წინამდებარე განჩინებაში მოხმობილი სამართლებრივი განმარტებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი, მისი განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოების - სასამართლოსთვის მიმართვის (ხანდაზმულობის) ვადის გასვლის გამო, მართებულად იქნა უარყოფილი.
46. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
47. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
48. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
49. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
51. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. დ.ბ–ძეს (პ/ნ .............) დაუბრუნდეს გ.კ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150 (საგადასახადო დავალება №1766985859, გადახდის თარიღი 29/12/2025);
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ბადრი შონია
ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე