დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 25.02.2026
საქმის ნომერი
ას-1483-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-1483-2025

25 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ფ–ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, უძრავ ნივთზე მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „ფ–ამ“ მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, უძრავ ნივთზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

2. მოსარჩელემ მოითხოვა:

2.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 17 ნოემბერს მიღებული ბრძანება N1/1-4820, სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით შპს „ჭ-....-ის'' საწესდებო კაპიტალიდან, ს/კ .......-დან 4 744 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის: ლიტერ „ა“ ძვ. სათაო შენობა საერთო ფართით 37.6 კვ.მ, ლიტერი „ვ“ საერთო ფართით - 47 კვ.მ. ლიტერი „ს“ ფარდული საერთო ფართით - 368.6 კვ.მ. ლიტერი „ფ“ ფარდული საერთო ფართით - 440 კვ.მ; ლიტერი „გ“ ფარდული საერთო ფართით - 176 კვ.მ; ლიტერი „ნ“ ძვ. სათავო შენობა საერთო ფართით - 92.1 კვ.მ; ლიტერი „კ“ ავტოფარეხი საერთო ფართით - 270 კვ.მ ამოღების ნაწილში.

2.2. შპს „ფ–ა“, 2004 წლის 9 დეკემბერს გაცემული N6 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, ცნობილი იქნეს უძრავი ქონების, მდებარე: ბოლნისი, სოფელი ..... ს/კ ...... არსებული 7 981 კვ.მ-დან 4 744 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების NN 01/1-ის; 02/1-ის; 03/1-ის; 04/1-ის; 05/1-ის; 06/1-ის და 07/1-ის მესაკუთრედ. ი/მ ა.ე–ის (პ/ნ ........) მიერ 12.11.2024 წელს შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად (იხ. მოთხოვნის დაზუსტების განცხადება ტ., II, ს.ფ. 230-232).

სარჩელის თანახმად, 2003 წლის 28 იანვარს სახელმწიფო ქონების მართვის ბოლნისის რაიონულ განყოფილებასა და შპს „ფ–ას“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებითა და მიღება-ჩაბარების აქტით შპს „ფ–ას“ გადაეცა შპს „ჭ-....-ის'' სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი. შპს „ჭ-....“, რეორგანიზაციის წარმოების შედეგად, შერწყმული იყო შპს „გ. ჯ.ს.ხ.ს–თან“. ამჟამად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით გაკოტრებულად გამოცხადდა და გაუქმდა შპს „გ. ჯ.ს.ხ.ს–ი“, რომლის 100% წილის მესაკუთრეს სახელმწიფო წარმოადგენდა. უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, N80.02.50.097 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 7 981 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მითითებული იყო შპს „ჭ-....“. 2022 წლის 19 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელდა სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია. რეგისტრაციისათვის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ბრძანება N1/1-4820, დამოწმების თარიღი 17.11.2015, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. მოპასუხემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა N80.02.50.097 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის 7 981 კვ.მ მოპასუხის სახელზე რეგისტრაცია, ვინაიდან ბრძანების N1/1-4820 თანახმად, მიწის ნაკვეთი ამოღებულია შპს „ჭ-....-ის'' კაპიტალიდან. თანხის გადახდის შემდეგ, გაიცა საკუთრების მოწმობა N6, რითაც დგინდება, რომ შპს „ფ–ას“ გადაეცა შპს „ჭ-....-ის'' სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი. 28.01.2003 წელს მოსარჩელემ შეიძინა შპს „ჭ-....-ის'' 100% წილი და საზოგადოებაზე დამაგრებული 4 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ეს მიწის ნაკვეთი არ შედიოდა საზოგადოების 100%-იან წილში და იყო მასზე დამაგრებული. სწორედ ამის გამო გახდა საჭირო მისი ცალკე მითითება. რომელი მიწის ნაკვეთები შედიოდა ამ 100% წილში ამის დამადასატურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილია სარჩელზე. მათ შორის მნიშვნელოვანია ბრძანება N 1/1-4820, დამოწმების თარიღი 17.11.2015წ, რომლითაც შპს „ჭ ....“-ის კაპიტალიდან ამოღებულია: 1500 კვ.მ N ........; 21000 კვ.მ N........; 8 500 კვ.მ N........; 7 981 კვ.მ N.........; 444 კვ.მ N .......და 2 700 კვ.მ N....... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები. ამ მიწის ნაკვეთებში საერთოდ არ არის მითითებული 4 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რადგან იგი არ შედიოდა შპს „ჭ-....-ის'' 100%-იან წილში და იყო დამაგრებული, ხოლო 7 981 კვ.მ მიწის ნაკვეთი შესულია ს/კ .........-ის 100%-იან წილში, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების მოწმობის საფუძველზე ეკუთვნის მოსარჩელეს.

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

შესაგებელის თანახმად, არქივში დაცული დოკუმენტაციით დგინდება, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ბოლნისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების 2004 წლის 9 დეკემბრის N2 ბრძანებით, შპს „ფ–ას“ დაუდასტურდა საკუთრების უფლება შპს „ჭ ....-ის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 100%-იან წილზე და კომპანიის მიერ დაკავებულ 4 744 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. საკუთრების მოწმობით 41 681 კვ.მ მიწის ნაკვეთი არ გამხდარა პრივატიზების საგანი და მისი გაცემა უნდა განხორციელებულიყო იჯარის უფლებით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ........ მდებარე - 7 981 კვ.მ ს/კ .......... მიწის ნაკვეთზე ხსენებული დოკუმენტით შპს „ფ–ას“ საკუთრების უფლება არ წარმოშობილა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ფ–ამ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს „ფ–ას“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „ფ–ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 17 ნოემბერს მიღებული ბრძანება N1/1-4820, სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით შპს „ჭ–ს“ საწესდებო კაპიტალიდან, ს.კ. .........-იდან 4 744 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის: ლიტერ „ა“ ძვ. სათავო შენობა საერთო ფართით 37.6 კვ.მ; ლიტერი „ვ“ საერთო ფართით 47 კვ.მ. ლიტერი „ს“ ფარდული საერთო ფართით 368.6 კვ.მ. ლიტერი „ფ“ ფარდული საერთო ფართით 440 კვ.მ. ლიტერი „გ“ ფარდული საერთო ფართით 176 კვ.მ. ლიტერი „ნ“ ძვ. სათავო შენობა საერთო ფართით 92.1 კვ.მ. ლიტერი „კ“ ავტოფარეხი საერთო ფართით 270 კვ.მ ამოღების ნაწილში; შპს „ფ–ა“ (ს/ნ .........) 2004 წლის 9 დეკემბერს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N6-ის საფუძველზე ცნობილი იქნა უძრავი ქონების მდებარე: ბოლნისი, სოფელი .......... ს.კ. ....... არსებული 7 981 კვ.მ-დან 4 744 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების N 01/1-ის; 02/1-ის; 03/1-ის; 04/1- ის; 05/1-ის; 06/1-ის და 07/1-ის მესაკუთრედ. ი/მ ა.ე–ის (პ.ნ. .........) მიერ 12.11.2024 წელს შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად; მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის სასარგებლოდ დაეკისრა პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1 609,65 ლარისა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1780,5 ლარის ლარის ანაზღაურება.

7. პალატამ მიუთითა სსსკ-ის 180-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სასარჩელო მოთხოვნის მიმართ იყო დასაბუთებული. ვინაიდან, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებაში მდგომარეობდა და მოსარჩელეს შესაბამისი მიკუთვნებითი მოთხოვნაც ჰქონდა წარმოდგენილი.

8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებზე:

8.1. 2003 წლის 28 იანვარს სახელმწიფო ქონების მართვის ბოლნისის რაიონულ განყოფილებასა და შპს „ფ–ას“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებითა და მიღება-ჩაბარების აქტით შპს „ფ–ას“ გადაეცა შპს „ჭ-....-ის'' სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი;

8.2. შპს „ჭ-....“, რეორგანიზაციის შედეგად, შერწყმული იყო შპს „გ. ჯ.ს.ხ.ს–თან“. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით გაკოტრებულად გამოცხადდა და გაუქმდა შპს „გ. ჯ.ს.ხ.ს–ი“, რომლის 100% წილის მესაკუთრეს სახელმწიფო წარმოადგენდა;

8.3. დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის 7 981 კვ.მ მესაკუთრედ მითითებული იყო შპს „ჭ-....“. 2022 წლის 19 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელდა სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია. რეგისტრაციისათვის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ბრძანება N1/1-4820, დამოწმების თარიღი - 17.11.2015, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. მოპასუხემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა N....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის 7 981 კვ.მ მოპასუხის სახელზე რეგისტრაცია, ვინაიდან, N1/1-4820 ბრძანების თანახმად, მიწის ნაკვეთი ამოღებულია შპს „ჭ-....-ის“ კაპიტალიდან.

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უდავო გარემოება იყო, რომ შპს „ჭ ....-ის'' 100%-იან წილის მესაკუთრეს წარმოადგენდა სახელმწიფო მანამდე, სანამ 2003 წლის 28 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით წილის მესაკუთრე შპს „ფ–ა“ გახდებოდა. პალატამ აღნიშნა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის კაპიტალი დაყოფილია წილებად, ხოლო წილი მიმოქცევადი უფლებაა, რომლის გასხვისებაც შესაძლებელია. სახელმწიფომ მის საკუთრებაში არსებული წილი განკარგა და შპს „ფ–ას“ გადასცა საკუთრებაში. თანხის გადახდის შემდეგ გაიცა საკუთრების მოწმობა N6, რითაც დგინდება, რომ შპს „ფ–ას“ გადაეცა შპს „ჭ ....-ის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი.

10. პალატამ აღნიშნა, რომ წილზე საკუთრება უზრუნველყოფს პარტნიორის მონაწილეობას საწარმოს საქმიანობაში. იგი თავის მფლობელს კომპანიის მიმართ გარკვეულ უფლებებს განუსაზღვრავს. ამასთან, წილის გასხვისების შემთხვევაში პარტნიორი კარგავს წილთან დაკავშირებულ უფლებებს, ასევე - ყველა უფლებას საწარმოს მიმართ, რაც სწორედ წილის ფლობიდან გამომდინარეობდა.

11. უდავოდ დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის 7 981 კვ.მ-ის მესაკუთრედ მითითებული იყო შპს „ჭ-....“. 2022 წლის 19 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელდა სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია. რეგისტრაციისათვის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ბრძანება N1/1-4820 (დამოწმების თარიღი 17.11.2015, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო), რომლითაც მიწის ნაკვეთი ამოღებულია შპს „ჭ ....-ის'' კაპიტალიდან. პალატის განმარტებით, აღნიშნული ბრძანება მიღებულია იმ პირობებში, როდესაც 2004 წლის 9 დეკემბერს შპს „ფ–აზე“ გაცემულია N6 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და წილის მესაკუთრეს შპს „ფ–ა“ წარმოადგენს.

12. პალატამ აღნიშნა, რომ წილის გასხვისების შემდგომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღარ წარმოადგენდა კომპანიის კაპიტალის ფორმირებაში ჩარევაზე უფლებამოსილ პირს და მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 17.11.2015 წლის ბრძანება N1/1-4820, როგორც კანონსაწინააღმდეგო ნების გამოვლენა, სსკ-54-ე საფუძველზე, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

13. შპს „ფ–ას“ მოთხოვნაზე - 2004 წლის 9 დეკემბერს გაცემული N6-ის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, ცნობილ იქნეს უძრავი ქონების (მდებარე: ბოლნისი, სოფელი .........., ს/კ .......... არსებული 7 981 კვ.მ-დან 4 744 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების N 01/1-ის; 02/1-ის; 03/1-ის; 04/1-ის; 05/1-ის; 06/1-ის და 07/1-ის) მესაკუთრედ, ი/მ ა.ე–ის მიერ 12.11.2024 წელს შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიუთითა 2003 წლის 28 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რომლის 1.1 მუხლით გამყიდველმა მყიდველს, პირობადებულ საკუთრებაში, გადასცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჭ - ....-ის'' სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი და საზოგადოებაზე დამაგრებული 4 300 კვ.მ მიწის ფართი. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N6-ის მიხედვით კი, შპს „ფ–ას“ საკუთრებაში გადაეცა შპს „ჭ - ....-ის'' სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი და მიწის ფართობი 4 744 კვ.მ.

14. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობას და სიმყარეს (იხ.სუსგ 18.11.2015წ. საქმეზე №ას-549-521-2015).

15. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 17 ნოემბერს მიღებული ბრძანებით N1/1-4820 სახელმწიფოს საკუთრებაში დარეგისტრირდა ის უძრავი ქონება, რომელიც მის საკუთრებას აღარ წარმოადგენდა, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ფ–ას“ უნდა გადასცემოდა.

16. პალატამ ყურადღება გაამახვილა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N006301924 ექსპერტიზის დასკვნაზე. ექსპერტიზა დაინიშნა სასამართლოს 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, ქონების ადგილმდებარეობისა და იდენტურობის დასადასტურებლად. ექსპერტს დაესვა შემდეგი კითხვები:

- გთხოვთ, განსაზღვროთ სასარჩელო მოთხოვნით მოთხოვნილი 4744 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთისა და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობების და ს/კოდზე ........ მდებარე უძრავი ქონების იდენტურობა, ასევე განისაზღვროს მათი იდენტიფიკაცია ტექბიუროს არქივში არსებულ შპს „ჭ–ს" საკუთრებასთან, ადგილმდებარეობის დადასტურებით.

- გთხოვთ განსაზღვროთ სასარჩელო მოთხოვნით მოთხოვნილი 4744 კვ.მ მიწის ნაკვეთის იდენტურობა, საკუთრების მოწმობა N6-ში მითითებული 4744 კვ.მ მიწის ნაკვეთთან, რომელიც გადაცემული იქნა შპს ,,ფ"-სთვის. 2004 წლის 02 დეკემბრის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N6-ში და 2004 წლის 09 დეკემბრის N2 ბრძანებაში მითითებული 4744 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარეობს თუ არა N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

17. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N006301924 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2019 წლის 6 თებერვალს ი/მ კ.ფ–ის მიერ მომზადებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არსებული 4744 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები წარმოადგენენ 2023 წლის 23 იანვარს მომზადებულ საკადასტრო რუკაზე არსებულ 7981 კვ.მ მიწის ნაკვეთის ძირითად ნაწილს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს, რომელიც თავის მხრივ, წარმოადგენს 2024 წლის 9 დეკემბერს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N6-ის საფუძველზე შპს „ფ–ასთვის“ საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონების ნაწილს.

18. აღნიშნულ დასკვნაზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს შპს „ფ–ასთვის“ სახელმწიფოს მიერ გადაცემულ უძრავ ქონებას, რომელზეც გაცემულია საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა N6 და რომ აღნიშნული საკუთრების მოწმობა, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს.

19. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 17 ნოემბერს მიღებული ბრძანება N1/1-4820 და შპს „ფ–ა“ 2004 წლის 9 დეკემბერს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N6-ის საფუძველზე ცნობილ უნდა იქნეს უძრავი ქონების მდებარე: ბოლნისი, სოფელი ჭ..... ს.კ. .......... არსებული 7 981 კვ.მ-დან 4 744 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების NN 01/1-ის; 02/1-ის; 03/1-ის; 04/1-ის; 05/1-ის; 06/1-ის და 07/1-ის მესაკუთრედ. ი.მ. ა.ე–ის (პ.ნ. ........) მიერ 12.11.2024 წელს შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად.

20. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

21. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

21.1. კასატორის განმარტებით, მოსარჩელის მიერ სადავოდ არის გამხდარი მხოლოდ ის ბრძანება, რომლითაც შპს ,,ჭ - ....-ის'' კაპიტალიდან ამოღებულ იქნა ბოლნისის რაიონის სოფელ ჭ–ში მდებარე უძრავი ქონება, თუმცა მხარე არ ასაჩივრებს იმ ბრძანებებს, რომლითაც შპს „გ. ჯ.ს.ხ.ს–ის’’ კაპიტალში შეტანილ იქნა შპს ,,ჭ-....’’-ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი და ბრძანებას, რომლის თანახმად, „გ. ჯ.ს.ხ.ს–ი’’ გახდა შპს ,,ჭ - ....-ის'' უფლებამონაცვლე. არსებითი მნიშვნელობისაა ის გარემოება, რომ შპს ,,ჭ - ....-ის'' მესაკუთრეს წარმოადგენდა სახელმწიფო, ხოლო სააგენტოს მიერ მითითებული ბრძანების მიღების შემდეგ, იურიდიული პირის 100%-იანი წილი, რომლის საკუთრებაშიც იყო სადავო ქონება, შეტანილ იქნა „გ. ჯ.ს.ხ.ს–ის’’ კაპიტალში, თავის მხრივ კი, „გ. ჯ.ს.ხ.ს–ი’’ ლიკვიდირებულია და მისი რეგისტრაცია გაუქმებულია.

21.2. 2003 წლის 28 იანვრის ხელშეკრულების თანახმად, ქონების შემძენი საკუთრებას იძენს საჯარო რეესტრში შემძენის რეგისტრაციით, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად, შპს ,,ჭ - ....-ის'' 100%-იანი წილის მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო სახელმწიფო და შპს ,,ფ–ას’’ საკუთრება შპს ,,ჭ - ....’’-ის 100%-იან წილზე არასდროს დარეგისტრირებულა. N.......... საკადასატრო კოდით არსებულ უძრავ ქონებაზე, ისევე როგორც დანარჩენ უძრავ ნივთებზე, არ განხორციელებულა შპს ,,ფ–ას’’ საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

21.3. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია 7981 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამონაწერის თანახმად, მიწა არის სასოფლო-სამეურნეო და მასზე შენობა-ნაგებობების არსებობა არ ვლინდება. N6 საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ბოლნისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების 2004 წლის 9 დეკემბრის N2 ბრძანებაში 4744 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის საკუთრების უფლების აღიარებაც აქვს მოთხოვნილი მოსარჩელე მხარეს, წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე შენობა-ნაგებობის არსებობა არ დასტურდება.

21.4. ექსპერტიზის დასკვნით ვერ დადასტურდა 2004 წლის 2 დეკემბრის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N6-ში და 2004 წლის 9 დეკემბრის N2 ბრძანებაში მითითებული 4744 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის N........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში მდებარეობის ფაქტი. ვინაიდან, სწორედ N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილზე საკუთრების უფლების აღიარება წარმოადგენს დავის საგანს, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა N6 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით გადაცემული მიწის ნაკვეთის და N.......საკადასტრო კოდით არსებული უძრავი ნივთის იდენტურობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

26. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო: 27. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. 28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ: 29. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

30. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის საფძველზე.

33. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

34. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამრთლოს უფლება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მხარისათვის განჭვრეტადი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21; ).

35. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ:

- 2003 წლის 28 იანვარს სახელმწიფო ქონების მართვის ბოლნისის რაიონულ განყოფილებასა და შპს „ფ–ას“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებითა და მიღება-ჩაბარების აქტით შპს „ფ–ას“ გადაეცა შპს „ჭ ....-ის'' სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი.

- შპს „ჭ-....“, რეორგანიზაციის შედეგად, შერწყმული იყო შპს „გ. ჯ.ს.ხ.ს–თან“. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით გაკოტრებულად გამოცხადდა და გაუქმდა შპს „გ. ჯ.ს.ხ.ს–ი“, რომლის 100% წილის მესაკუთრეს სახელმწიფო წარმოადგენდა.

- დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის 7 981 კვ.მ მესაკუთრედ მითითებული იყო შპს „ჭ-....“. 2022 წლის 19 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელდა სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია. რეგისტრაციისათვის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ბრძანება N1/1-4820 (დამოწმების თარიღი 17.11.2015, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო). მოპასუხემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის 7 981 კვ.მ მოპასუხის სახელზე რეგისტრაცია, ვინაიდან, N1/1-4820 ბრძანების თანახმად, მიწის ნაკვეთი ამოღებულია შპს „ჭ- ....-ის“ კაპიტალიდან.

36. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის სადავოა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 17 ნოემბერს მიღებული N1/1-4820 ბრძანების კანონიერება, სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით შპს „ჭ-....-ის'' საწესდებო კაპიტალიდან, ს/კ 80.02.50.097-იდან 4 744 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის: ლიტერ „ა“ ძვ. სათაო შენობა საერთო ფართით 37.6 კვ.მ; ლიტერი „ვ“ საერთო ფართით 47 კვ.მ; ლიტერი „ს“ ფარდული საერთო ფართით 368.6 კვ.მ; ლიტერი „ფ“ ფარდული საერთო ფართით 440 კვ.მ; ლიტერი „გ“ ფარდული საერთო ფართით 176 კვ.მ; ლიტერი „ნ“ ძვ. სათაო შენობა საერთო ფართით 92.1 კვ.მ; ლიტერი „კ“ ავტოფარეხი საერთო ფართით 270 კვ.მ ამოღების ნაწილში.

37. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

38. საკასაციო პალატის განმარტებით, სსკ-ის 54-ე მუხლში კანონის ცნება გაგებული უნდა იქნეს ფართოდ და მასში მოიაზრება კანონი როგორც ფორმალური, ისე მატერიალური გაგები (შდრ. ლადო ჭანტურია, სამოქალქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხლი 54, ველი13.). გარიგების ბათილობა კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგია.

39. საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, აღინიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების (საქმე №ას-664-635-2016) თანახმად, სსკ-ის 54-ე მუხლი დამოუკიდებლად მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად ვერ იქნება მიჩნეული, რადგან „ამ ნორმას ავტონომიური ფუნქცია არ გააჩნია, ის დეფინიციურია და კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ ითვალისწინებს“. შესაბამისად, სადავო ბრძანების გასაჩივრებული პუნქტების ბათილობის თაობაზე, შესამოწმებელია მისი გამოცემის დროს მოქმედი კანონის მოთხოვნა. (სსკ-ის 170 1 მუხლი), (იხ. ას-698-2023 24 ივლისი, 2023 წელი).

40. სსკ-ის 170. 1 მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

41. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის დანაწესზე, რომლითაც განსაზღვრულია საკუთრების უფლების შინაარსი. ფასეულობათა კონსტიტუციური სისტემა დაფუძნებულია ძირითადი უფლებების პრიორიტეტსა და პატივისცემაზე“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/423.). „საქართველოს კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ საკუთრება, არამედ მისი შეძენაც და გასხვისებაც. საკუთრების შინაარსა და ფარგლებს განსაზღვრავს არა კანონი, არამედ სამართლებრივი წესრიგი“. (იხ. ბ.ზოიძე, ,,საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში'', თბილისი, 2007, გვ.97).

42. „საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება არა მარტო ინდივიდის არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას“. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/384). ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალქო ბრუნვას“. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №3/1/512). „უნდა ითქვას, რომ მეწარმეობის თავისუფლება არ არსებობს თავისუფალი და გარანტირებული საკუთრების უფლების გარეშე. იმდენად მჭიდროა მათი კავშირურთიერთობა, რომ ერთი სამართლებრივი სიკეთის ყოფიერებას განსაზღვრავს მეორე სიკეთე, საკუთრების თავისუფლებაში ასოცირდება მეწარმეობის თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუცით დაცვის სუბიექტია კერძო პირთა საკუთრება, როგორი ფუნქციური დატვირთვაც არ უნდა ჰქონდეს მას, სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად იქნება გამოყენებული თუ არასამეწარმეო მიზნებისათვის. საკუთრება უპირობოდ დაცული ფასეულობაა, იმის მიუხედავად, თუ რა ღირებულების მფლობელობაა სახეზე და რა სოციალური ტვირთის მატარებელია იგი.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/411). სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა.

43. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, უპირველესად ნიშნავს მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევისაგან მის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაში, კერძოდ, მიმართოს სასამართლოს. „თუმცა, ამ უფლების გარანტირებულობა მხოლოდ სახელმწიფოს წინაშე დაცვის უფლებით არ ამოიწურება, ის ამავდროულად ავალდებულებს სახელმწიფოს დაიცვას ეს უფლება“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/384). „საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას. ამავე დროს სახელმწიფო პოზიტიურადაა ვალდებული, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის. სახელმწიფოს გააჩნია დაცვის ვალდებულება, რომელიც მას გარკვეული ქმედების შესრულებას ავალდებულებს“. (იხ. ფირცხალაიშვილი ა., სახელმწიფოს დაცვის ვალდებულება, მისი ასახვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში, ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“, №1/12 თბ., 2012,49). ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი - ყოველ ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება- ასევე მოიცავს მატერიალური ინტერესის არსებობას, როგორც საკუთრების უფლებით დაცვის ობიექტს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის მიერ 1983 წელს საქმეში: Bramelid and Malmström v. Sweden (განაცხადის N. 8588/79, 8589/79; 1983); იხ.აგრეთვე; შპს „J.A.Pye (Oxford) და შპს “J.A. Pye ( Oxford) Land” გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, განაცხადის N. 44302/02, §61, 30 აგვისტო, 2007). „იურიდიული პირის ქონება, იურიდიული პირის, როგორც სამართლის სუბიექტის საკუთრებაა და არა მისი დამფუძნებლების ან მასში მონაწილე პირების“ (იხ. ბ.ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბილისი, 2007, გვ.115). „მესაკუთრესა და ნივთს შორის არსებული ურთიერთობა ვერ განხორციელდება, თუ არ არსებობს ამ ურთიერთობისადმი ყველას პატივისცემა. საკუთრების სანივთო უფლების რეალიზაცია შესაძლებელია სუბიექტისა და ობიექტის ურთიერთობის დონეზე. პატივისცემას ექვემდებარება საკუთრების როგორც სუბსტანცია, ისე მისი შინაარსი (იხ. ბ.ზოიძე, სამართლის პრაქტიკული ყოფიერების შემეცნების ცდა უპირატესად ადამიანის უფლებათა ჭრილში, თბილისი, 2013, გვ.224).

44. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი). სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედვით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინაამდეგ, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII; პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

45. განსახილველ შემთხვევაში სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია, რომ 2003 წლის 28 იანვარს, სახელმწიფო ქონების მართვის ბოლნისის რაიონულ განყოფილებასთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, შპს „ფ–ას“ გადაეცა შპს „ჭ-....-ის'' სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი. 2022 წლის 19 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელდა უძრავი ქონების (ს/კ ........) სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია. რეგისტრაციისათვის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ბრძანება N1/1-4820 (დამოწმების თარიღი - 17.11.2015, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო). მოპასუხემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა N......... კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის 7 981 კვ.მ მოპასუხის სახელზე რეგისტრაცია, ვინაიდან N1/1-4820 ბრძანების თანახმად მიწის ნაკვეთი ამოღებულია შპს „ჭ ....-ის“ კაპიტალიდან.

46. საკასაციო პალატა, პირველ რიგში განმარტავს, რომ ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ-სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს (იხ. სუსგ საქმე №ას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015წ.).

47. სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლის მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. მითითებული მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც უფლება-მოვალეოებების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნორმა მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია და საშუალებას იძლევა, ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. გარდა აღნიშნულისა, კერძო-სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სსკ-ის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არამარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი.

48. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ხელშეკრულების ყოველ მხარეს ვალდებულების შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ავალდებულებს გამოიჩინოს მეორე მხარის ქონებისა და უფლებებისადმი გულისხმიერება. გულისხმიერების ვალდებულება მხარეებისათვის დამატებითი ვალდებულების დაკისრებას არ გულისხმობს, ყოველთვის ვალდებულების შინაარსშივე მოიაზრება და ერთგვარ მორალურ კატეგორიას განეკუთვნება. იგი შეიძლება გულისხმობდეს ასევე წინასახელშეკრულებო პერიოდში მხარის მიერ განხორცილებული ქმედებებისადმი პატივისცემას, აგრეთვე მისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებასაც. მოცემულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მართლზომიერი ქცევის განმსაზღვრელი იყო სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილის კეთილსინდისიერებისა და მეორე მონაწილის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების ვალდებულება.

49. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის კაპიტალი დაყოფილია წილებად, ხოლო წილი არის მიმოქცევადი უფლება, რომლის გასხვისებაც შესაძლებელია.

50. უდავოდ დადგენილია, რომ 2004 წლის 9 დეკემბერს შპს „ფ–აზე“ გაცემულია N6 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და შპს „ჭ-....-ის'' 100%-იანი წილის მესაკუთრეს შპს „ფ–ა“ წარმოადგენს. საფუძველი არის 2003 წლის 28 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხსენებული გარიგება არ არის გაუქმებული და ძალაშია.

51. სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად, წილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წარმოადგენს ქონებას. წილზე საკუთრების უფლება, საკუთრების სხვა ობიექტების მსგავსად, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით.

52. 2022 წლის 19 მაისს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განახორციელა სადავო უძრავი ქონების (ს/კ ......) სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია, რეგისტრაციის საფუძველი კი გახდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 17.11.2015 წლის N1/1-4820 ბრძანება, რომლითაც მიწის ნაკვეთი ამოღებულ იქნა შპს „ჭ-....-ის'' კაპიტალიდან.

53. დადგენილი გარემოებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ 2015 წლის 17 ნოემბრის N1/1-4820 ბრძანების მიღების დროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღარ წარმოადგენდა კომპანიის კაპიტალის ფორმირებაში ჩარევაზე უფლებამოსილ პირს, ვინაიდან 2003 წლის 28 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით მის მიერ გასხვისებულ იქნა შპს „ჭ- ....-ის'' 100%-იან წილი.

54. საკასაციო პალატოს განსჯით, ამ ქმედებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უგულებელყო შემძენის ლეგიტიმური მოლოდინი, რომ შეძენილი უფლება იქნებოდა დაცული, იმოქმედა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და ნდობის პრინციპის საწინააღმდეგოდ, სააგენტოს ქმედება წარმოადგენს კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევას და შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 17.11.2015 წლის N1/1-4820 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.

55. კასატორის პრეტენზიაზე, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ იყო გამხდარი მხოლოდ ის ბრძანება, რომლითაც შპს ,,ჭ - ....-ის'' კაპიტალიდან ამოღებული იქნა ბოლნისის რაიონის სოფელ ჭ–ში მდებარე უძრავი ქონება, თუმცა მოსარჩელე მხარე არ ასაჩივრებდა იმ ბრძანებებს, რომლითაც შპს „გ. ჯ.ს.ხ.ს–ის’’ კაპიტალში შეტანილი იქნა შპს ,,ჭ-....-ის'' სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი და ბრძანებას, რომლის თანახმად, „გ. ჯ.ს.ხ.ს–ი’’ გახდა შპს ,,ჭ - ....-ის'' უფლებამონაცვლე. თავის მხრივ კი, „გ. ჯ.ს.ხ.ს–ი’’ ლიკვიდირებულია და მისი რეგისტრაცია გაუქმებულია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სადავო ბრძანება მიღებული იქნა 2015 წლის 17 ნოემბერს, აღნიშნული ბრძანებით შპს „ჭ-....-ის'' საწესდებო კაპიტალიდან ამოღებულ იქნა 7 981 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ .......... და მასზე არსებული შენობა-ნაგებობი: ლიტერ „ა“ ძვ. სათაო შენობა საერთო ფართით 37.6 კვ.მ. ლიტერი „ვ“ საერთო ფართით 47 კვ.მ. ლიტერი „ს“ ფარდული საერთო ფართით 368.6 კვ.მ. ლიტერი „ფ“ ფარდული საერთო ფართით 440 კვ.მ. ლიტერი „გ“ ფარდული საერთო ფართით 176 კვ.მ. ლიტერი „ნ“ ძვ. სათაო შენობა საერთო ფართით 92.1 კვ.მ. ლიტერი „კ“ ავტოფარეხი საერთო ფართით 270 კვ.მ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 დეკემბრის N1/1-5333 ბრძანებით შპს „გ. ჯ.ს.ხ.ს–ის’’ კაპიტალში შეტანილი იქნა შპს „ჭ-....-ის'' სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი, ხოლო შპს „ჭ-....-ის'' შერწყმა შპს „გ. ჯ.ს.ხ.ს–თან’’ მოხდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 5 იანვრის N1/1-16 ბრძანებით. საკასაციო პალატის მითითებით, შპს „გ. ჯ.ს.ხ.ს–ის’’ კაპიტალში შპს „ჭ-....-ის'' სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის შეტანა და ასევე შპს „ჭ-....-ის'' და შპს „გ. ჯ.ს.ხ.ს–ის’’ შერწყმა განხორციელდა სადავო ქონების გარეშე, შესაბამისად, კასატორის აღნიშნული შედავება დაუსაბუთებელია.

56. მესაკუთრედ ცნობის თაობაზე მოთხოვნასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სასამართლოს მიერ დანიშნულ ექსპერტიზის დასკვნაზე (ექსპერტს გამოსაკვლევად დაესვა შემდეგი შეკითხვები: - გთხოვთ განსაზღვროთ სასარჩელო მოთხოვნით მოთხოვნილი 4744 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთისა და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობების და ს/კოდზე .......... მდებარე უძრავი ქონების იდენტურობა, ასევე განისაზღვროს მათი იდენტიფიკაცია ტექბიუროს არქივში არსებულ შპს „ჭ–ს" საკუთრებასთან, ადგილმდებარეობის დადასტურებით. - გთხოვთ განსაზღვროთ სასარჩელო მოთხოვნით მოთხოვნილი 4744 კვ.მ მიწის ნაკვეთის იდენტურობა, საკუთრების მოწმობა N6-ში მითითებული 4744 კვ.მ მიწის ნაკვეთთან, რომელიც გადაცემული იქნა შპს ,,ფ–ა"-სთვის. 2004 წლის 02 დეკემბრის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N6-ში და 2004 წლის 09 დეკემბრის N2 ბრძანებაში მითითებული 4744 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარეობს თუ არა N..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში.) აღნიშნული დასკვნის თანახმად, 2019 წლის 06 თებერვალს ი/მ კ.ფ–ის მიერ მომზადებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არსებული 4744 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები წარმოადგენენ 2023 წლის 23 იანვარს მომზადებულ საკადასტრო რუკაზე არსებულ 7981 კვ.მ მიწის ნაკვეთის ძირითად ნაწილს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს, რომელიც თავის მხრივ, წარმოადგენს 2024 წლის 9 დეკემბერს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N6-ის საფუძველზე შპს „ფ–ასთვის“ საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონების ნაწილს.

57. საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი არის - ..........., რომლიც თავდაპირველად იყო შპს „ჭ-....-ის'' საკუთრებაში, უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა ცნობა-დახასიათება N15, აღნიშნულ ცნობა-დახასიათებაში მითითებულია იმ ობიექტების სახელწოდება, რომლებიც მდებარეობს მიწის ნაკვეთზე: ძველი სათავო შენობა (სასარგებლო ფართი 37.6) ავტოფარეხი (სასარგებლო ფართი 270.0), ავტომანქანების ფარდული (სასარგებლო ფართი 1111.2), დარაჯის შენობა (სასარგებლო ფართი 47.0). 2003 წლის 28 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტით შპს ,,ფ–ას’’, ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, გადაეცა შპს „ჭ-....-ის'' 100%-იანი სახელმწიფო წილი, ხოლო ამავე მიღება-ჩაბარების აქტში ჩამოთვლილი არის შპს „ჭ-....-ის'' საკუთრებაში არსებული ქონება, მათ შორის - ავტომანქანების ფარდული, ავტოფარეხი, ძველი სათავო შენობა, დარაჯის შენობა.

58. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნის სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის საფუძველს.

59 საკასაციო სასამართლოს დასკვნით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

60. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

61. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

62. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

63. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

63. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ბადრი შონია

ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე