დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-57-2025 05 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.კ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.კ.ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ წერილობით გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ხელფასიდან დაქვითული თანხების გადასახდელად დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ე.კ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დასაქმებული“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2013 წლის 1 ივლისიდან მოსარჩელე დასაქმებული იყო შპს „ს.კ.ა“-ში (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მოპასუხე კომპანია“). კერძოდ, მოპასუხე კომპანიის 2013 წლის 25 ივნისის N01/106-12 ბრძანებით, მოსარჩელე დაინიშნა მაღაზია „ბ...“-ის მენეჯერად და მისი ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება განისაზღვრა დარიცხული 1000 ლარის ოდენობით;
2.2. 2014 წლის 13 აპრილს დასაქმებული გაეცნო მაღაზიის მენეჯერის თანამდებობრივ ინსტრუქციას (რაც დადასტურებულია ხელმოწერით), რომელიც არის მოსარჩელესთან დადებული შრომის ხელშეკრულების ნაწილი და თავისი შინაარსით წარმოადგენს შრომის შინაგანაწესს;
2.3. აღნიშნული ინსტრუქციის თანახმად, მაღაზიის მენეჯერის მიერ შესასრულებელი ამოცანებია: მაღაზიის სასაქონლო მარაგის დადგენილი წესის შესაბამისად მართვა; საწყობში მარაგების ოპტიმალური განლაგების უზრუნველყოფა; პერსონალის მიერ პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის ცოდნის უზრუნველყოფა; პროექტის მენეჯერისაგან პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღება და შემდგომ პერსონალისათვის გაცნობა; საქონლის მიღება; ამისათვის საჭირო ყველა პროცედურის ზედმიწევნით განხორციელება; საქონლის ინვენტარიზაცია; ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა, საჭიროებისამებრ ინვენტარიზაციის განხორციელება; მაღაზიაში არსებული კომპანიის მატერიალური რესურსის დაცვა და დაზიანების პრევენცია; მაღაზიის სასაქონლო მარაგების დაცვა და შესაძლო საფრთხეების პრევენცია; შინაგანაწესის დაცვა და დაცვის მონიტორინგი; შინაგანაწესის დაცვა და მაღაზიის პერსონალის მიერ კომპანიის შინაგანაწესის ზედმიწევნით დაცვის მონიტორინგი;
2.4. ინსტრუქციის თანახმად, მაღაზიის მენეჯერი პასუხისმგებელია: კორპორაციის მატერიალურ აქტივზე - სრული მატერიალური პასუხისმგებლობა; ვალდებულია გაუფრთხილდეს მისთვის მინდობილ დამსაქმებლის მატერიალურ აქტივს და მიიღოს ზარალის/ზიანის პრევენციისათვის ყველა შესაძლო ზომა; ვალდებულია ოპერატიულად შეატყობინოს ხელმძღვანელობას მისთვის მინდობილი დამსაქმებლის მატერიალური აქტივის შენახვის/ექსპლუატაციის პირობებში მოსალოდნელი რისკ-ფაქტორების თაობაზე; ვალდებულია დაიცვას კორპორაციის მატერიალური აქტივის შენახვის/ექსპლუატაციის დადგენილი წესები; პასუხისმგებელია მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში დამსაქმებლის მატერიალურ აქტივებთან მიმართებით საკუთარ ქმედებაზე (მოქმედება, შეგუება, თავის შეკავება) და ამასთან, დამსაქმებლისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში დასაქმებული იღებს პასუხისმგებლობას ზიანის ადეკვატურ ანაზღაურებაზე;
2.5. მოპასუხე კომპანიის დირექტორის 30.03.2015 წლის 1/56-47 ბრძანებით მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა უვადოდ;
2.6. 2015 წლის 15 აპრილს შეიქმნა სასაქონლო მარაგების აღწერის კომისია (07.04.2015 წლის ბრძანებით) ხუთი წევრის შემადგენლობით, მათ შორის იყო მოსარჩელე. მარაგების აღწერის დღედ განისაზღვრა 15.04.2015 წელი. აღწერის შედეგად მაღაზია „ბატა 9“-ში გამოვლინდა 8 წყვილი ფეხსაცმლის დანაკლისი და ორი ფეხსაცმლის მეტობა. დოკუმენტი, სადაც დაფიქსირებულია ეს ფაქტი - აღწერის შედეგები, ხელმოწერილია და დადასტურებულია მოსარჩელის მიერ;
2.7. აღნიშნულის გამო მოსარჩელეს გამოეცხადა საყვედური, რომელიც არ გაუპროტესტებია და, ამავე დროს, დანაკლისის თანხა ხელფასიდან ჩამოეჭრათ თანამშრომლებს, რომელიც მოგვიანებით მოსარჩელემ აუნაზღაურა;
2.8. მოპასუხე კომპანიის 25.06.2015 წლის 01/111-33 ბრძანებით მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომში - „სშკ“) 37.1. მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით 26.06.2015 წლიდან მოპასუხე კომპანიის დირექტორის 19.06.2015 წლის N02/64-1 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის საფუძველზე;
2.9. მოპასუხე კომპანიის დირექტორის 26.06.2015 წლის ბრძანებით მოსარჩელეს 2015 წლის ივნისის თვის ხელფასი დაექვითა სრულად;
2.10. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, მოსარჩელე აღარ გამოცხადებულა სამსახურში, მას ჩამოართვეს გასაღები, აღარ ერიცხებოდა ხელფასი. 22.04.2024 წლის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ აღიარა, რომ მისთვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ცნობილი იყო 2015 წლის აგვისტოს თვეში, ხოლო ნოემბერში უკვე სხვაგან დაიწყო მუშაობა;
2.11. 09.09.2015 წელს მოსარჩელეს სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. წარდგენილი ბრალდების თანახმად, 01.07.2013 წლიდან 16.06.2015 წლამდე პერიოდში მოპასუხის კუთვნილი მაღაზია „ბ...“-ის მენეჯერმა - მოსარჩელემ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ამავე საზოგადოების კუთვნილი 11200 ლარის ღირებულების საქონელი, რითაც კორპორაციას მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი;
2.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 22.11.2018 წლის განაჩენით მოსარჩელე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
2.13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 21.05.2019 წლის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 22.11.2018 წლის განაჩენი დარჩა უცვლელი;
2.14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.02.2020 წლის განჩინებით ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და გამამართლებელი განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში;
2.15. სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოსარჩელემ წარადგინა ადმინისტრაციული სარჩელი სასამართლოში საქმის მწარმოებელი სამართალდამცავი ორგანო(ებ)ის მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურების დაკისრება, სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა 10000 ლარის ოდენობით. აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
2.16. 09.09.2015 წლის და 22.10.2015 წლის ინფორმაციის გაცვლის ოქმებით სისხლის სამართლის საქმეზე დგინდება, რომ ჯერ მოსარჩელეს, ხოლო შემდეგ მის ადვოკატს ჩაბარდათ მოპასუხის მიერ მიღებული ბრძანებები, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გასაჩივრებული ბრძანება;
2.17. წინამდებარე სარჩელით მოსარჩელემ სასამართლოს მომართა 06.06.2023 წელს;
2.18. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, მოპასუხეს შესაგებელზე დამატებითი მტკიცებულებების წარსადგენად გაუგრძელდა ვადა 21 დღემდე.
3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წარდგენილი სააპელაციო საჩივრით მოსარჩელე სადავოდ ხდიდა მოპასუხის მხრიდან შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობას, რის გამოც გაუმართლებლად მიიჩნევდა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი ხანდაზმულად ცნობის საფუძვლით. მოსარჩელის მოსაზრებით, რამდენადაც ხანდაზმულობის საკითხი შესაძლებელია შეფასდეს მხოლოდ სათანადო შესაგებლის არსებობის პირობებში, გაუმართლებელი იყო სასამართლოს მხრიდან ხანდაზმულობაზე მსჯელობა, მაშინ როდესაც შესაგებლის წარდგენა განხორციელდა ვადის დარღვევით. მოპასუხე მხარის შედავების თანახმად კი, შესაგებლის წარდგენა განხორციელდა კანონით დადგენილ ვადაში, თუმცა სასამართლოს კანცელარიამ არ ჩაიბარა წარდგენილი შესაგებელი, მოსარჩელე მხარისათვის მისი ასლის გაუგზავნებლობის საფუძვლით.
4. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული საკითხი შეფასებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, რომლითაც მოპასუხე მხარეს გაუგრძელდა შესაგებელზე დამატებით მტკიცებულებების წარმოსადგენად ვადა 21 დღემდე პერიოდით. საქმეზე წარდგენილი ჩაბარების ხელწერილით დგინდება, რომ მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები ჩაბარდა 2023 წლის 9 აგვისტოს. ასევე დადგენილია, რომ შესაგებლის წარსადგენად მოპასუხე მხარეს განსაზღვრული ჰქონდა 10-დღიანი ვადა. საქმეზე წარმოდგენილია ამონაწერი ელ.ფოსტიდან, რომლითაც დგინდება, რომ მოპასუხე მხარემ მოსარჩელეს შესაგებელი ელექტრონულად გადაუგზავნა 2023 წლის 18 აგვისტოს. ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინება, რომლითაც მოპასუხე მხარეს გაუგრძელდა შესაგებელზე დამატებითი მტკიცებულებების წარსადგენად ვადა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო ეტაპზე დამატებით საკითხის კვლევა სასამართლოში შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზებთან მიმართებით პროცესუალურად გაუმართლებლად მიიჩნია. ამავდროულად, აღნიშნული საკითხი სათანადო წესით არც პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას გამხდარა სადავოდ.
5. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ცალსახა იყო მოპასუხის ნება შესაგებლის დროულ წარდგენასთან მიმართებით, თუმცა აღნიშნული გარკვეული დაბრკოლების გამო ვერ განხორციელდა, მოცემულ საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება, მათ შორის, სარჩელში დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მისი სასარჩელო მოთხოვნასთან იურიდიული მართებულობის თვალსაზრისით, გაუმართლებელი იქნებოდა. მხარეს ჰქონდა გამოხატული ინტერესი დავის საგნის მიმართ და ჰქონდა მზაობა შესაგებლის წარდგენასთან მიმართებით, რომელიც წარდგენილი იქნა კიდეც და სასამართლოს მხრიდან - მიღებული და შეფასებული. ასევე, მოპასუხე მხარე მონაწილეობას იღებდა საქმის ზეპირ განხილვაში, სადაც ასევე აფიქსირებდა პოზიციას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით. გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს მხრიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე შესაფასებელი იქნებოდა, სარჩელში მითითებული გარემოებები რამდენად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და ამ მხრივაც, პალატის მოსაზრებით, გაუმართლებელი იყო შედავება გასაჩივრებული გადაწყვეტილების უმართებულობასთან მიმართებით.
6. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელე მხარეს დამოუკიდებლად არ გაუსაჩივრებია 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინება, შესაბამისად, აღნიშნული განჩინებით დამდგარი შედეგი ძალაშია და მისი კანონშესაბამისობა დამატებით ვერ შეფასდებოდა სააპელაციო პალატის მხრიდან შესაბამისი საჩივრის არარსებობის გამო.
7. სააპელაციო პალატამ იმსჯელა ასევე სარჩელის ხანდაზმულობის საკითხზე, იხელმძღვანელა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროს მოქმედი სშკ-ის 38-ე მუხლის მე-4-მე-7 ნაწილებით და დაასკვნა, რომ სასამართლოს თუნდაც რომ გაეთვალისწინებინა მოსარჩელის პოზიცია სისხლის სამართლის საქმის დასრულებამდე შრომითი ურთიერთობის შეჩერების შესახებ, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 22.11.2018წ.-ის განაჩენით, დასაქმებული ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. განაჩენი კი კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 05 თებერვალს. დადგენილია, რომ 06.06.2023 წელს დასაქმებულმა სარჩელით მიმართა სასამართლოს სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის (თანმდევი შედეგებით), ასევე უკანანოდ დაქვითული 1 თვის ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით. მაშასადამე, განსახილველ შემთხვევაში თუნდაც სადავო ბრძანების გასაჩივრების 30-დღიანი ვადა, ხოლო სახელფასო დავალიანებაზე 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა აითვალოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან, სარჩელი ხანდაზმულია. ამასთან, სისხლის სამართლის საქმის წარმოების და სასამართლო განხილვის დროისათვის მოსარჩელეს შეფარდებული ჰქონდა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება, რომლითაც გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული არ ჰქონია. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაადასტურა, რომ 2015 წლის აგვისტოში მისთვის უკვე ცნობილი იყო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, თუმცა მას 2023 წლამდე სარჩელით სასამართლოსათვის არ მიუმართავს. შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლითაც სარჩელი ხანდაზმული იყო. პალატამ ასევე მიუთითა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების გაცვლის დროს მოსარჩელეს გადაცემული აქვს მოპასუხის მიერ გამოცემული ბრძანებები, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება, თუმცა არც ამ პერიოდიდან 30-დღიან და 3-წლიან ვადაში არ მომხდარა სარჩელის აღძვრა და არც – განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 3-წლიან ვადაში.
8. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია ასევე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ გამამართლებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მიმართა სასამართლოს და ადმინისტრაციული წარმოების გზით მოითხოვა ზიანის ანაზღაურება, რაც დაკმაყოფილდა 10000 ლარის ფარგლებში. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ სარჩელი ხანდაზმული რომც არ ყოფილიყო, სასამართლოს მიერ მიკუთვნებულ ზიანის ანაზღაურებაში მოიაზრება ყველა სავარაუდო ზიანი/მოთხოვნა, რომელიც შეიძლებოდა ჰქონოდა მოსარჩელეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გამო, მათ შორის, იძულებით განაცდურიც.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
9.1. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხემ შესაგებელი წარადგინა დაგვიანებით. მოსამართლემ კი ყოველგვარი საპატიო მიზეზის გარეშე გაუგრძელა მოპასუხეს შესაგებლის წარდგენის ვადა. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის შედეგია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა;
9.2. სარჩელის ხანდაზმულობა კი ფაქტია და არა - სამართლებრივი შეფასება;
9.3. სასამართლომ დაარღვია სამართლიანი სასამართლოს უფლება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას [სსსკ-ის 410-ე მუხლი].
14. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი].
15. მოცემულ შემთხვევაში კასატორის ძირითადი პრეტენზია არის ის, რომ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებელი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარუდგენია და მოსამართლემ ყოველგვარი საპატიო მიზეზის გარეშე გაუგრძელა მოპასუხეს შესაგებლის წარდგენის ვადა.
16. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის მიერ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი მოწესრიგებულია სსსკ-ის 2321 მუხლით, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების გამოხატულებას წარმოადგენს. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რომლის მიღებაც მოსამართლეს სურს, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).
18. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არასაპატიო მიზეზით მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი უნდა არსებობდეს ერთი დამატებითი პირობაც, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა (იხ. სუსგ საქმე №ას-317-302-2015, 17 ივნისი, 2015 წელი).
19. აღსანიშნავია ისიც, რომ სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის დროსაც სასამართლო თვითონ წყვეტს საკითხს ამგვარი გადაწყვეტილების გამოტანაზე მიზანშეწონილობის საფუძველზე, არამედ კანონით იმგვარი იმპერატიული პირობაა დადგენილი, რომ სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მოსარჩელის შუამდგომლობაც არ სჭირდება (იხ. სუს-ს დიდი პალატის განჩინება, საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).
20. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქმეზე წარდგენილი ჩაბარების ხელწერილის თანახმად, მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები ჩაბარდა 2023 წლის 9 აგვისტოს; შესაგებლის წარსადგენად მოპასუხე მხარეს განსაზღვრული ჰქონდა 10-დღიანი ვადა; საქმეზე წარმოდგენილი ამონაწერით ელ.ფოსტიდან დგინდება, რომ მოპასუხე მხარემ მოსარჩელეს შესაგებელი ელექტრონულად გადაუგზავნა 2023 წლის 18 აგვისტოს; საქმეში წარმოდგენილია მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლის 2023 წლის 12 სექტემბრის განცხადება, რომელშიც მან მიუთითა სასამართლოსთვის შესაგებლის ჩაუბარებლობის მიზეზებზე, განცხადებას თან დაურთო, მისივე განმარტებით, მოპასუხისათვის საპროცესო ვადის დაცვით გაგზავნილი შესაგებლის მეორე ეგზემპლარი და მოითხოვა წარმოდგენილი შესაგებლის ვადაში წარმოდგენილად ცნობა ან/და საპროცესო ვადის აღდგენა (იხ. ტ. 1. ს.ფ. 70-90). შესაგებლის გრაფაში „მტკიცებითი შუამდგომლობები“ მოპასუხე აღნიშნავდა, რომ დასაბარებელ მოწმეთა წრის მოძიება ვერ მოხერხდა შესაგებლის წარდგენის დროში, რის გამოც დამატებით წარმოადგენდა დაზუსტებული შესაგებლით.
21. სსსკ-ის 201.1 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.
22. სსსკ-ის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება [63-ე მუხლი]. სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით [64-ე მუხლი]. ხოლო, ამავე კოდექსის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები [65-ე მუხლი].
23. ციტირებული ნორმებიდან გამომდინარე, საპროცესო ვადის უგულებელყოფით დოკუმენტის წარდგენა უთანაბრდება დოკუმენტის წარუდგენლობას და სასამართლოს ევალება მისი განუხილველად დატოვება, ხოლო, თუ მისი ვადაში წარუდგენლობის მიზეზი საპატიოდ მიაჩნია, სსსკ-ის 65-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოს შესაძლებლობა, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა აღადგინოს (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-124-2025, 19 მარტი, 2025 წელი).
24. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დაგვიანებით წარდგენილი შესაგებელი არ დაუტოვებია განუხილველად, არამედ, პირიქით, იმსჯელა რა შესაგებელში დაყენებულ შუამდგომლობაზე, 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინებით დააკმაყოფილა იგი და მოპასუხეს გაუგრძელა შესაგებელზე დამატებითი მტკიცებულებების წარმოსადგენად [ვადა] 21 დღემდე. ამავე განჩინებით განმცხადებელს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
25. ზემოაღნიშნული საპროცესო მოქმედებებიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ფაქტობრივად ვადის დარღვევით წარდგენილი შესაგებელი მიიღო, იმსჯელა რა მასში დაყენებულ შუამდგომლობაზე, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მოპასუხის 2023 წლის 12 სექტემბრის განცხადებაში აღწერილი გარემოებებიც შესაგებლის ვადაში წარუდგენლობის მიზეზებთან დაკავშირებით საპატიოდ მიიჩნია.
26. დადგენილია, რომ მოსარჩელეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინება.
27. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საერთო წესის მიხედვით, სასამართლოს ნებისმიერი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს. თავისებურება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებისაგან დამოუკიდებლად (ცალკე) - კერძო საჩივრით (საჩივრით), ხოლო ზოგიერთი - მხოლოდ გადაწყვეტილებასთან ერთად (იხ. სუსგ საქმე №ას-217-209-2013, 20 სექტემბერი, 2013 წელი; საქმე №ას-555-526-2015, 23 ოქტომბერი, 2015 წელი). სასამართლოს მხრიდან საჩივრის ფარგლებში შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად მისი წინმსწრები განჩინების კანონიერების შემოწმების შესაძლებლობას ადგენს სსსკ-ის 377.3. [სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა] და 404.2 მუხლები [საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა].
28. საბოლოო გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინებების ამ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრების მიზანი შეიძლება იყოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დაუსაბუთებლობის, მისი კანონის დარღვევით მიღების დადასტურება. შესაბამისად, თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრებული წინმსწრები განჩინებები კანონის დარღვევითაა მიღებული, რამაც შემაჯამებელი გადაწყვეტილების იურიდიული დაუსაბუთებლობა განაპირობა, საკასაციო სასამართლო გააუქმებს როგორც შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, ისე კანონის დარღვევით მიღებულ განჩინებებსაც (იხ. სუსგ საქმე №ას-217-209-2013, 20 სექტემბერი, 2013 წელი; საქმე №ას-555-526-2015, 23 ოქტომბერი, 2015 წელი).
29. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინება, რომლითაც სასამართლომ ფაქტობრივად მიიღო დაგვიანებით წარდგენილი შესაგებელი და მოპასუხე მხარეს გაუგრძელა შესაგებელზე დამატებითი მტკიცებულებების წარსადგენად ვადა, შესაბამისად, გასაზიარებელია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ სასამართლოს კვლევის საგანი ვერ გახდება სასამართლოში შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიოობის საკითხი. აღნიშნული განჩინებით დამდგარი შედეგი ძალაშია და გამომდინარე აქედან, არ არსებობს ამ საფუძვლით შემაჯამებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობაც. ხოლო, სარჩელის ხანდაზმულობასთან მიმართებით საკასაციო საჩივარი არ შეიცავს შესაბამის შედავებას.
30. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, რაც აღნიშნული განჩინების ძალაში დატოვებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
31. ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს კასატორის მიერ გაღებული ხარჯის მხარეთა შორის განაწილების სსსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები და აღნიშნული ხარჯი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე.კ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე