დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 01.06.2026
საქმის ნომერი
ას-1037-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1 ივნისი, 2026 წელი,საქმე №ას-1037-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ფ.ა–ვა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ვ.ა–ვი, ფ.ა–ვა (მოპასუხეები)

მესამე პირები - გ.ო–ვა, გ.მ–ვა, გ.გ–ვა

მოპასუხე - ა.ა–ვი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, თანამესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ფ.ა–ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ვ.ა–ვისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე ან აპელანტი) და ფ.ა–ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე ან აპელანტი) საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი უარყოფილ იქნა, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებანი და კანონშეუსაბამოდ არ ცნო დადასტურებულად მოწმეების მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებების საფუძველზე გამოკვეთილი ფაქტები; სასამართლომ არ გამოიყენა მეუღლეთა ქორწინების პერიოდში შეძენილი საკუთრების გაყოფის მომწესრიგებელი ნორმები და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მოსარჩელე და ს.ა–ვი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის მეუღლე ან მჩუქებელი) 1956 წლის 3 აპრილს დაქორწინდნენ.

4.4. 1965 წელს მეუღლეებმა, უძრავი ქონება შეიძინეს, ამჟამინდელი ს/კ-ით N.......... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება ან სადავო ქონება), რომელიც ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში მოსარჩელის მეუღლის სახელზე აღირიცხა.

4.5. 2008 წლის 23 დეკემბერს მოსარჩელის მეუღლემ სანოტარო წესით დამოწმებული ჩუქების (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო გარიგება) ხელშეკრულების საფუძველზე სადავო ქონება შვილს, ა.ა–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც დასაჩუქრებული ან მოპასუხეების მამა) აჩუქა.

4.6. სადავო გარიგება მჩუქებელმა მეუღლის/მოსარჩელის თანხმობით გააფორმა და დასაჩუქრებულმა უძრავ ქონებაზე საკუთრება შეიძინა, სახელდობრ:

4.6.1. მოსარჩელე სადავო გარიგებას, არა მარტო, ეთანხმებოდა, არამედ მისი დადების ინიციატორიც იყო, კერძოდ: საჯარო სანოტარო აქტით დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულებაში აღნიშნულია - „ორიათას რვა წლის ოცდასამი დეკემბერი. მე, ნ.ჩ–ს, ნოტარიუსს მარნეულის რაიონში, ჩემს სანოტარო ბიუროში, რომელიც მდებარეობს მისამართზე ქ. მარნეული ..........N 89 მომმართა მჩუქებლის - ს.ა–ვის მეუღლემ ფ.ა–ვამ, რომელმაც განაცხადა, რომ მის მეუღლეს ს.ა–ვს, რომელიც არის უსინათლო და წევს, სურს შვილის ა.ა–ისთვის ჩუქების ხელშეკრულების შედგენა და მისი სანოტარო წესით დამოწმება. მან მოითხოვა მივსულიყავი ს.ა–ვთან სახლში, მდებარე ქ. მარნეული, ...........“.

აღნიშნული დაადასტურა ნოტარიუსმა სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.

4.7. მოსარჩელის მეუღლე 2009 წლის 18 სექტემბერს გარდაიცვალა.

4.8. 2020 წლის 30 ნოემბერს გარგაიცვალა დასაჩუქრებული, რომლის სამკვიდრო მოსარჩელემ, მოპასუხეებმა და ა.ა–ვმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც თავდაპირველი მოპასუხე) მიიღეს და ეს უკანასკნელები აღირიცხნენ უძრავი ქონების 1/4-1/4 ნაწილის მესაკუთრეებად.

4.9. 2022 წლის 22 აგვისტოს მოსარჩელემ სადავო ქონებაში არსებული წილი გ.მ–ვას, გ.გ–ვას და გ.ო–ვას (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მესამე პირები) აჩუქა. ამჟამად, სადავო ქონების 1/4-1/4 წილი ეკუთვნით მესამე პირებს და მოპასუხეებს.

5. წინამდებარე დავის საგანს უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მისი ½ ნაწილის (როგორც ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების საგნის) მოსარჩელისათვის მიკუთვნება წარმოადგენდა. სარჩელის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა იმ ფატებზე, რომ მხარეებმა თანაცხოვრების პერიოდში შეიძინეს უძრავი ნივთი, რომელიც რეგისტრირებული იყო ერთ-ერთი მეუღლის საკუთრებად, ხოლო ამ უკანასკნელმა (რეგისტრირებულმა მესაკუთრემ) ერთპიროვნულად, მისი თანხმობის გარეშე, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გააჩუქა ქონება საკუთარ შვილზე.

6. თავის მხრივ, მოპასუხეები ამტკიცებდნენ, რომ მოსარჩელე ინფორმირებული იყო გარიგების შესახებ და იგი ეთანხმებოდა მას.

7. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიზანს წარმოადგენდა იმ ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობა, რომელიც მოსარჩელის განმარტებითვე, მისი და მისი მეუღლის თანასაკუთრებას წარმოადგენდა და რომელიც ამ უკანასკნელმა, მისი თანხმობის გარეშე, მესამე პირზე/საკუთარ შვილზე გაასხვისა.

8. მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც მოსარჩელე მისი საკუთრების უფლების ხელყოფაზე აპელირებდა, სარჩელის წარმატებულობისათვის მოსარჩელეს ევალებოდა, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, ემტკიცებინა, რომ ა) სადავო ქონება იყო მეუღლეთა თანასაკუთრება; ბ) რეგისტრირებულმა მესაკუთრე მეუღლემ თანასაკუთრებაში არსებული ქონება მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე გაასხვისა, რამაც მოსარჩელის საკუთრების უფლების დაკარგვა განაპირობა; გ) სადავო გარიგებები დაიდო მოსაჩვენებლად, ანუ იმ მიზნით, რომ მოსარჩელეს დაეკარგა ნივთზე თანასაკუთრების უფლება (სუსგ №ას-876-834-2013, 25 თებერვალი, 2016 წელი).

9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მეუღლეთა საერთო საკუთრების წარმოშობის საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს მათ მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

10. საოჯახო კანონმდებლობით, მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ და საერთო თანაზიარ საკუთრებად. ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. აღნიშნული დანაწესი რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე (თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით) და 1162-ე (ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ძვირფასეულობის გარდა, თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო თანხებით, ჩაითვლება იმ მეუღლის საკუთრებად, რომელიც სარგებლობს ამ ნივთებით) მუხლებით. თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. საპატიო მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ პირის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზის გამო, დამოუკიდებელი შემოსავლის მიუღებლობას. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს იმას, ქონება შეძენილია ერთ-ერთი მათგანისა, თუ ორივე მეუღლის მიერ.

11. უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით. მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას (მეუღლეების საერთო ქონებას) მიეკუთვნება, როგორც შრომის საქმიანობით მიღებული ორივე მეუღლის შემოსავალი, ასევე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სხვა სახის შემოსავალი, რომლებსაც სპეციალური მიზნობრივი დანიშნულება არ აქვთ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეების მიერ ქორწინების განმავლობაში მიუხედავად იმისა, ვის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა.

12. ამდენად, მეუღლეთა საერთო საკუთრების დასადასტურებლად, მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა წრე შემდეგია: ა) მეუღლეები რეგისტრირებულ ქორწინებაში უნდა იმყოფებოდნენ ერთმანეთთან; ბ) უნდა არსებობდეს მეუღლეთა საერთო ქონება.

13. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე და მჩუქებელი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1956 წლის 3 აპრილიდან. ასევე დადგენილია, რომ 1965 წელს მეუღლეებმა, სადავო უძრავი ქონება შეიძინეს, რომელიც ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში მჩუქებლის სახელზე აღირიცხა. რამდენადაც სადავო ქონება მეუღლეთა რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის დროს არის შეძენილი და იგი არ განეკუთვნება მეუღლეთა ინდივიდუალურ, ანუ განცალკევებულ ქონებათა (სსკ-ის 1161-ე-1162-ე მუხლები) კატეგორიას, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიერ დადგენილი კანონისმიერი პრეზუმფციის თანახმად, იგი მართებულად იქნა მიჩნეული მეუღლეთა თანაზიარ ქონებად და შესაბამისად, მოსარჩელეს აქვს სადავო ქონების 1/2 ნაწილზე კანონისმიერი საკუთრების უფლება. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტობრივი გარემოების მიმართ, მოპასუხეებს პრეტენზია არ წარმოუდგენიათ და ნივთზე მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი სადავო არ არის. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული მეუღლის მიერ ქონების განკარგვის უფლებამოსილება.

14. სადავო საკითხთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160.1-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა მხოლოდ მეუღლეთა შეთანხმებითაა შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. ამდენად, მეუღლეთა თანასაკუთრების განკარგვა თანხმობასავალდებულო გარიგებაა, რადგან მეორე მეუღლის თანხმობა გარიგების ნამდვილობის სავალდებულო წინაპირობაა.

15. წინამდებარე საქმეზე, მოპასუხეებმა სარჩელის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინეს და მიუთითეს, რომ სადავო ქონება გასხვისდა მოსარჩელის ნებითა და ურთიერთშეთანხმებით. აქედან გამომდინარე, მოპასუხეების მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა არ უსაფუძვლოა, რამდენადაც ამ უკანასკნელის თანხმობამ, მესაკუთრედ რეგისტრირებული მეუღლის ქმედება - მეუღლეთა საერთო საკუთრების განკარგვა, მართლზომიერად და კანონშესაბამისად აქცია.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 102-ე მუხლის (საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია, თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით. განკარგვა ხდება ნამდვილი, თუ უფლებამოსილი პირი მას მოიწონებს) მიხედვით, არაუფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული საგნის განკარგვა ნადვილია, თუკი ეს განკარგვა უფლებამოსილი პირის ნებართვით ხდება, ანდა - ეს უკანასკნელი მოიწონებს მას.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე უარყოფს როგორც თანხმობის გაცემის, ისე სადავო გარიგებების შემდგომში მოწონების ფაქტს, შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, სსსკ-ის 102.1-ე მუხლის დანაწესით, მოპასუხეს აწევს.

17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებები - სანოტარო წესით დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულება, მხარეთა ახსნა-განმარტებები და მოწმეთა ჩვენებები, ერთობლიობაში ქმნიდა საკმარის უტყუარ საფუძველს იმგვარი დასკვნისათვის, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მისი მეუღლის მიერ, სადავო ქონების ჩუქების ხელშეკრულების დადების შესახებ და სადავო გარიგება მოსარჩელის თანხმობით დაიდო. კერძოდ:

18. მოსარჩელე სადავო გარიგებას, არა მარტო, ეთანხმებოდა, არამედ მისი დადების ინიციატორიც იყო, სახელდობრ: საჯარო სანოტარო აქტით დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულებაში აღნიშნულია - „ორიათას რვა წლის ოცდასამი დეკემბერი. მე, ნ.ჩ–ს, ნოტარიუსს მარნეულის რაიონში, ჩემს სანოტარო ბიუროში, რომელიც მდებარეობს მისამართზე ქ. მარნეული ........... მომმართა მჩუქებლის - ს.ა–ვის მეუღლემ ფ.ა–ვამ, რომელმაც განაცხადა, რომ მის მეუღლეს ს.ა–ვს, რომელიც არის უსინათლო და წევს, სურს შვილის ა.ა–ისთვის ჩუქების ხელშეკრულების შედგენა და მისი სანოტარო წესით დამოწმება. მან მოითხოვა მივსულიყავი ს.ა–ვთან სახლში, მდებარე ქ. მარნეული, ..........“.

აღნიშნული გარემოება დაადასტურა ნოტარიუსმაც სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.

19. საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმეებმა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს რომ სადავო ხელშეკრულება გამჩუქებელმა მოსარჩელის თანხმობით დადო. განსხვავებით მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეებისა რომლებმაც სანოტარო ბიუროში მისვლის ფაქტი უარყვეს, თუმცა დადგენილია, რომ რეალურად, სადავო ხელშეკრულება არა სანოტარო ბიუროში, არამედ გამჩუქებლის სახლში დაიდო და დამოწმდა.

20. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულ პირთა ჩვენებებით დადასტურებული გარემოებები, პირველი ინსტანციის სასამართლოსაგან განსხვავებით, სააპელაციო სასამართლომ კანონიერად შეაფასა; მათი ერთობლივად შეფასებით ცხადად ირკვევა, რომ სადავო გარიგების შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო და იგი ეთანხმებოდა ქონების განკარგვას, რაც მოსარჩელის/კასატორის მითითებას მეუღლეთა საერთო საკუთრების არამართლზომიერი, კანონშეუსაბამო განკარგვის თაობაზე უსაფუძვლოს ხდის.

21. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას და მიუთითებს, რომ განმკარგავს ნებართვას ანიჭებს უფლებამოსილი პირი. ნებართვა არის უფლებამოსილი პირის მიერ გამოთქმული წინასწარი თანხმობა თანხმობასავალდებულო გარიგებასთან დაკავშირებით. კონკრეტულ შემთხვევაში, ნებართვას საფუძვლად უდევს მეუღლეთა საოჯახოსამართლებრივი ურთიერთობა. თანხმობა, სსკ-ის 99.2 (თანხმობას არ სჭირდება გარიგებისათვის დადგენილი ფორმის დაცვა) მუხლის შესაბამისად, არ საჭიროებს თანხმობა სავალდებულო გარიგების ფორმას. შესაბამისად, არც უძრავი ნივთის გასხვისებასთან დაკავშირებული თანხმობის ნამდვილობისათვის არაა საჭირო სსკ-ის 323-ე მუხლით გათვალისწინებული ფორმა. იგივე უნდა ითქვას უფლებამოსილი პირის შემდგომ თანხმობაზეც (მოწონებაზე) (შდრ. სუსგ საქმეზე ას-506-480-2015, 29.07.2016 წ.).

22. სსკ-ის 1306-ე მუხლის მიხედვით, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა -გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე- მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. სამოქალაქო კოდექსი ადგენს კანონით მემკვიდრეების რიგითობას, თუ როგორ უნდა განაწილდეს სამკვიდრო ქონება მემკვიდრეებს შორის - კერძოდ, 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).სსკ-ის 1433-ე მუხლით, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად მიიჩნევა მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

23. დადგენილია, რომ მხარეები დასაჩუქრებულის 1-ლი რიგის მემკვიდრეები არიან და სამკვიდრო, თანაბარწილად, მიიღეს. რაც ნიშნავს, რომ თითოეულ მათგანს სადავო ქონების 1/4-1/4 წილი ეკუთვნოდა, რაც როგორც სამკვიდრო მოწმობების, ისე საჯარო რეესტრის მონაცემებთან თანხვედრაშია.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად, ამდენად, საკასაციო პალატა მიმოიხილავს კასატორის მხოლოდ ძირითად არგუმენტებს (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

25. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლა გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

29. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს ო.მ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 750 ლარის (საგადასახადო დავალება #28865536490, გადახდის თარიღი 18.08.2025წ), 70% - 525 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფ.ა–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ფ.ა–ვას (პ/ნ ........) დაუბრუნდეს ო.მ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 750 ლარის (საგადასახადო დავალება #28865536490, გადახდის თარიღი 18.08.2025წ), 70% - 525 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია