დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 09.03.2026
საქმის ნომერი
ას-199-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-199-2025

09 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მიხეილ ჯინჯოლია, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ს.პ., შპს „ს.ე.“ (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „....“, გ.მ–ვი, ჯ.მ–ვი, ფ.მ–ვა, ზ.მ–ვა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ს.პ–მა (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“ ან „კასატორი“) და შპს „ს.ე–მა“ (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „....“-ის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“), გ.მ–ვის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“), ჯ.მ–ვის (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“), ფ.მ–ვასა (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე“) და ზ.მ–ვას (შემდგომში - „მეხუთე მოპასუხე“) მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით: - პირველ მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის გადაუხდელი ნაწილის - 88 000 ლარის გადახდა;

- მეორე და მესამე მოპასუხეებს პირველი მოპასუხის სასარგებლოდ, საწარმოსთვის მიყენებული ზიანის სახით, დაეკისროთ სესხის გადაუხდელი ნაწილის - 88 000 ლარის გადახდა;

- პირველ მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 12 204 ლარის (11 965 ლარი - საიჯარო ქირა, 239 ლარი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაწეული ხარჯი) გადახდა;

- მეორე და მესამე მოპასუხეებს პირველი მოპასუხის სასარგებლოდ, საწარმოსთვის მიყენებული ზიანის სახით, დაეკისროთ 12 204 ლარის (11 965 ლარი - საიჯარო ქირა, 239 ლარი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაწეული ხარჯი) გადახდა;

- ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი მესამე და მეხუთე მოპასუხეებს შორის 2017 წლის 20 აპრილს, უძრავ ქონებაზე: ს.კ. ............, გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, კერძოდ, ½ წილის ნაწილში;

- ბათილად იქნეს ცნობილი მესამე და მეოთხე მოპასუხეებს შორის 2021 წლის 17 მარტს, უძრავ ქონებაზე: ს.კ. .........., გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება;

- უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ..........., ს.კ. .........., ½ - ½ წილი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხოს მეორე და მესამე მოპასუხეების სახელზე.

მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის გადაუხდელი თანხის - 88 000 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს; მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს მტკიცებულებების გამოთხოვაზე უარის თქმის თაობაზე საქალაქო სასამართლოს 23.02.2024წ. საოქმო განჩინებისა და მესამე პირის ჩართვაზე უარის თქმის შესახებ იმავე სასამართლოს 05.04.2024წ. საოქმო განჩინების გაუქმება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ასევე, საქალაქო სასამართლოს 23.02.2024წ. და 05.04.2024წ. საოქმო განჩინებები დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 6.1. პირველი მოპასუხე კომპანია დაფუძნდა 2022 წლის 09 მარტს. იმავე წლის 24 ივნისს საწარმოს დირექტორმა - მეორე მოპასუხემ უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით, კომპანიის 49% წილი გადასცა პირველ მოსარჩელეს. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საწარმოს 49% წილის მესაკუთრედ ეს უკანასკნელი დარეგისტრიდა 2022 წლის 30 ივნისს;

6.2. პირველმა მოსარჩელემ 2022 წლის 07 დ 08 ივნისს პირველი მოპასუხის ანგარიშზე სესხის დანიშნულებით შეიტანა 110 000 ლარი, საიდანაც ანაზღაურდა 22 000 ლარი;

6.3. მეორე მოსარჩელე კომპანიის დირექტორს - პირველ მოსარჩელესა და პირველი მოპასუხე კომპანიის დირექტორს - მეორე მოპასუხეს შორის 2022 წლის 24 ოქტომბერს გაფორმებული 01-24/10 ხელშეკრულების თანახმად, ქვემეიჯარემ (მეორე მოსარჩელე) ქვემოიჯარეს (პირველი მოპასუხე) გადასცა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ………. ქუჩა N24ა-ს მოპირდაპირედ, ……… ქუჩაზე, შენობის საერთო ფართი 107,70 კვ.მ;

6.4. 24.10.2024წ. N2-24-10 შეთანხმების თანახმად, ყოველთვიური ქვესაიჯარო ქირის ოდენობა განისაღვრა შემდეგი ოდენობით: ა) ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან პირველი 30 დღის განმავლობაში 2 300 აშშ დოლარი დღგ-ის გარეშე; ბ) მეორე და მესამე თვეების განმავლობაში 2 500 აშშ დოლარი დღგ-ის გარეშე; გ) მეოთხე თვის განმავლობაში 2 800 აშშ დოლარი დღგ-ის გარეშე; დ) მეხუთე თვიდან საიჯარო ურთიერთობის მთელ პერიოდზე 3 000 აშშ დოლარი დღგ-ის გარეშე;

6.5. მეორე მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს ქვეიჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინების თაობაზე. აღსრულების ეროვნული ბიუროს 01.08.2023წ. SP230670536/1132073 გადაწყვეტილებით აპლიკანტს უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების ბრძანების გაცემაზე;

6.6. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ………, 08.07.1992წ. პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 14 თებერვალს საჯარო რეესტში აღირიცხა მეხუთე მოპასუხის სახელზე;

6.7. აღნიშნული ქონება, 20.04.2017წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძინა მესამე მოპასუხემ, რომელმაც 2021 წლის 17 მარტს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ქონება გადასცა დედას - მეოთხე მოპასუხეს.

7. სააპელაციო პალატის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა და პირველ მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა სესხის გადაუხდელი თანხის - 88 000 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება მოპასუხე მხარეს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სესხის ფაქტი უდავოა. მოსარჩელე ასევე ითხოვს, რომ მეორე და მესამე მოპასუხეებს პირველი მოპასუხის (კომპანია) სასარგებლოდ, საწარმოსთვის მიყენებული ზიანის სახით, დაეკისროს სესხის გადაუხდელი ნაწილის - 88 000 ლარის გადახდა. შესაბამისად, სადავოა დირექტორის მიერ საწარმოს წინაშე ფიდუციური მოვალეობების დარღვევა.

8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე/აპელანტი მხარე მიუთითებს, რომ კომპანიის დირექტორმა და მინდობილმა პირმა - მესამე მოპასუხემ სესხის სახით მიღებული თანხა არ მოახმარეს კომპანიის მიზნებს, არამედ, თანხა გახარჯეს მხოლოდ პირადი საჭიროებისათვის. ისინი ვერ გაუძღვნენ კომპანიას სათანადოდ, რითაც ზიანი მიაყენეს არა მხოლოდ კომპანიას, არამედ კომპანიის კრედიტორებს, მათ შორის, პირველ მოსარჩელეს. მოსარჩელის ინფორმაციით, სესხად აღებული თანხა უნდა მოხმარებოდა საწარმოს განვითარებას, რასაც ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელე მხარისათვის უცნობია თუ რას მოხმარდა სესხის სახით მიღებული 110 000 ლარი. შესაბამისად, ნათელია, რომ თანხა დირექტორმა და მისმა მინდობილმა პირმა, რომელიც ფაქტობრივად მართავს კომპანიას, გამოიყენეს პირადი საჭიროებებისათვის. მეორე მოპასუხემ, როგორც ორგანიზაციის დირექტორმა, ბოროტად ისარგებლა საკუთარი უპირატესი მდგომარეობით, შესაბამისად, მის მიერ დაირღვა დირექტორის ფიდუციური მოვალეობა.

9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 50.1, 50.2, 52.1 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით და განმარტა, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე/აპელანტი უთითებს დირექტორის მიერ ფიდუციური მოვალეობების დარღვევის ფაქტზე, სწორედ ის იყო ვალდებული, წარედგინა მტკიცებულებები, რომლებიც დირექტორის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევას დაადასტურებდა.

10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ მოპასუხის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ პირველი მოპასუხე - კომპანია, რომელიც ეწეოდა სარესტორნო საქმიანობას, აღნიშნული საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, სადავო პერიოდში ახდენდა რესტორნის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ინვენტარის შეძენას, იხდიდა საიჯარო ქირას, ასევე, თანხას მიმართავდა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის მიზნით. პირველმა მოსარჩელემ 2022 წლის 07 და 08 ივნისს სესხის სახით საწარმოს ანგარიშზე გადარიცხა 110 000 ლარი. სწორედ აღნიშნულის შემდგომ, 2022 წლის 09 ივნისს კომპანიამ, შპს „ჯ“-სთან გაფორმებული ნასყიდობისა და მიწოდების ხელშეკრულების თანახმად, შეიძინა სხვადასხვა სახის ინვენტარი, რომელთა საბაზრო ღირებულება შეადგენს 185 000 ლარს. თანხა გადახდილ იქნა 2022 წლის ივნისის თვის ბოლომდე. ასევე, საქმეში არსებული საგადახდო დავალებებით დასტურდება, რომ საწარმო სხვადასხვა კომპანიის მიმართ იხდიდა საიჯარო ქირის თანხას და ახდენდა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების დაფარვას. ნიშანდობლივია, რომ სესხის სახით 110 000 ლარის შეტანისას განსაზღვრული არ ყოფილა შეტანილი თანხის საწარმოს მიერ გამოყენების მიზნობრიობა. ამასთან, საჯარო რეესტრის 01.11.2023წ. მიმართვებით დასტურდება, რომ მეორე და მესამე მოპასუხეების საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საწარმოს დირექტორის მიერ საწარმოსთვის ზიანის მიყენებისა და თანხის პირადი საჭიროებებისთვის განკარგვის ფაქტი მოსარჩელემ ვერ დაადასტურა.

11. რაც შეეხება მინდობილი პირის პასუხისმგებლობას, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე, 713.3 მუხლებზე და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ვინაიდან არ დგინდება დირექტორის მიერ საწარმოსთვის ზიანის მიყენების ფაქტი, არ არსებობს დირექტორის მინდობილი პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველიც.

12. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე/აპელანტი ითხოვს 2022 წლის 24 ოქტომბერს მეორე მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული ქვეიჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირველი მოპასუხისათვის საიჯარო დავალიანების - 11 965 ლარისა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაწეული ხარჯის - 239 ლარის დაკისრებას. მოსარჩელე განმარტავს, რომ 2022 წლის 24 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმებული ქვეიჯარის ხელშეკრულებით ქვემეიჯარემ ქვემოიჯარეს გადასცა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ………. ქუჩა N24ა-ს მოპირდაპირედ, …… ქუჩაზე, შენობის საერთო ფართი 107,7 კვ.მ. აღნიშნულ უძრავ ნივთზე ქვეიჯარის კანონიერი სარგებლობის უფლება დასტურდება საჯარო რეესტრის 13.10.2022წ. ამონაწერით. მხარეებმა ქვეიჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრეს 05 წლით. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, საიჯარო ქირის ოდენობა მხარეთა შორის შეთანხმებულია წერილობით, ცალკე დოკუმენტით, კონფიდენციალურია და საჯარო რეესტრში არ რეგისტრირდება. 2022 წლის 24 ოქტომბრის N 2-24-10 შეთანხმებით განისაზღვრა ყოველთვიური ქვესაიჯარო ქირის ოდენობა. პირველმა მოპასუხემ დაარღვია ქვეიჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ვინაიდან არ გადახდილა შეთანხმებული საიჯარო ქირა, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს 11 965 ლარს. მოსარჩელემ მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და გამარტივებული წესით მოითხოვა მოპასუხისთვის თანხის დაკისრება, თუმცა, საწარმოს დირექტორის - მეორე მოპასუხის პროტესტის საფუძველზე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოსარჩელეს უარი უთხრა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გაცემაზე. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ გარემოებაშიც ვლინდება დირექტორის მხრიდან სამეწარმეო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა, ვინაიდან იგი არ იხდის საიჯარო თანხას და ამით კომპანიას ადგება ზიანი.

13. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ უძრავ ქონებაზე საიჯარო უფლება გაუქმებულია, სწორედ აღნიშნულ გარემოებაზე დაყრდნობით აღნიშნავს მოპასუხე, რომ მეორე მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის საიჯარო ურთიერთობა შეწყდა 2022 წლის იანვარში, შესაბამისად, მოპასუხე მხარეს აღარ ჰქონდა საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება, თუმცა ქირა გადახდილია 2023 წლის მარტის ჩათვლით.

14. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581.1, 587-ე მუხლებით და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ იჯარის ხელშეკრულების ნამდვილობისთვის მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო არ არის, ვინაიდან იგი შეიძლება დაიდოს, როგორც ზეპირად, ისე წერილობითი ფორმით. ამის გათვალისწინებით, საიჯარო ურთიერთობის 2022 წლის იანვრიდან შეწყვეტილად ცნობისა და მოიჯარის ქირის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლებისთვის საკმარისი არ არის უფლების საჯარო რეესტრში გაუქმება. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საიჯარო ფართის ფაქტობრივი ფლობის შეწყვეტის თარიღის განსაზღვრას. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ ვერ წარადგინა მტკიცებულება, რომელიც საჯარო რეესტრში საიჯარო უფლების გაუქმების შემდგომ პირველი მოპასუხის მიერ საიჯარო ფართით სარგებლობასა და საქმიანობის გაგრძელებაზე მიუთითებდა. მხოლოდ მოპასუხის მიერ წარდგენილ - 2023 წლის მარტის თვის ჩათვლით საიჯარო ქირის გადახდის დამადასტურებელ საგადახდო დავალებებზე დაყრდნობით იმსჯელა სასამართლომ, რომ საიჯარო ურთიერთობა მხარეთა შორის შეწყდა არა 2022 წლის იანვარში, არამედ, 2023 წლის მარტში.

15. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ყოველთვიური ქვესაიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრა შემდეგი ოდენობით: ა) ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან პირველი 30 დღის განმავლობაში 2 300 აშშ დოლარი დღგ-ის გარეშე; ბ) მეორე და მესამე თვეების განმავლობაში 2 500 აშშ დოლარი დღგ-ის გარეშე; გ) მეოთხე თვის განმავლობაში 2 800 აშშ დოლარი დღგ-ის გარეშე; დ) მეხუთე თვიდან საიჯარო ურთიერთობის მთელ პერიოდზე 3 000 აშშ დოლარი დღგ-ის გარეშე. შესაბამისად, მარტის თვის ჩათვლით პირველ მოპასუხეს საიჯარო ქირის სახით უნდა გადაეხადა 13 100 აშშ დოლარი. საქმეში არსებული საგადახდო დავალებებით დასტურდება, რომ საიჯარო ურთიერთობის დაწყებიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით პირველი მოპასუხე ყოველთვიურად იხდიდა საიჯარო თანხას. კერძოდ, ნოემბერში გადაიხადა 9 301,43 ლარი, დეკემბერში - 2 200,8 ლარი, იანვარში - 14 507,3 ლარი, თებერვალში 8 697,7 ლარი, ხოლო მარტში - 9 111,19 ლარი. ჯამში საიჯარო ქირის სახით მეორე მოსარჩელის ანგარიშზე ჩაირიცხა დაახლოებით 15 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. მოსარჩელე გადაუხდელი საიჯარო ქირის სახით მოპასუხისგან ითხოვს 11 965 ლარს, თუმცა არ ირკვევა რომელი თვის საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება დაარღვია პირველმა მოპასუხემ და რა პრინციპით იქნა დაანგარიშებული გადაუხდელი საიჯარო ქირის ოდენობა. მით უფრო, როცა მოთხოვნილი თანხა მხარეთა შორის შეთანხმებული არცერთი თვის საიჯარო ქირის ეკვივალენტურ ოდენობას არ წარმოადგენს ლარში.

16. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ/აპელანტმა ვერ დაადასტურა პირველი მოპასუხისათვის საიჯარო ქირისა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაწეული ხარჯის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობა, შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად ეთქვა უარი მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. რაც შეეხება მოთხოვნას საწარმოსთვის მიყენებული ზიანის სახით პირველი მოპასუხის სასარგებლოდ მეორე და მესამე მოპასუხეებისათვის 12 409 ლარის დაკისრების თაობაზე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან არ დასტურდება პირველი მოპასუხის მიერ საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების არსებობა, არ არსებობს დირექტორისა და მისი მინდობილი პირის მიერ საწარმოსთვის მიყენებული ზიანის ნაწილში არსებულ პასუხისმგებლობაზე მსჯელობის სამართლებრივი საფუძველი.

17. ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის/აპელანტის განმარტებით, საწარმოს იურიდიულ მისამართს და, ასევე, მოპასუხეთა რეგისტრირებულ მისამართს წარმოადგენს: საქართველო, ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, ……….. აღნიშნული ბინა 2017 წლის 14 თებერვალს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მეხუთე მოპასუხის (მეორე მოპასუხის დედა) სახელზე, რომელმაც რამდენიმე დღის შემდეგ, 2017 წლის 20 აპრილს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქონება გადასცა შვილიშვილს - მესამე მოპასუხეს, ხოლო, 2021 წლის 17 მარტს ამ უკანასკნელმა უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა დედას - მეოთხე მოპასუხეს. მოსარჩელის მტკიცებით, ზემოთ ხსენებული გარიგებები წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებებს. მოპასუხეთა მიერ მოხდა ქონების „გადამალვა“, რათა თავიდან აერიდებინათ სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა. აპელანტების განმარტებით, აღნიშნული ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და მეორე და მესამე მოპასუხეების საკუთრებად აღრიცხვის მოთხოვნა განპირობებულია იმით, რომ პირველი და მეორე სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებისას, მისი ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყოს გადაწყვეტილების აღსრულება.

18. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56.1 მუხლზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მოპასუხეთა შორის გაფორმებული სადავო ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებები გაფორმებულია პირველი მოპასუხის სასესხო და საიჯარო ურთიერთობაში შესვლამდე რამდენიმე წლით ადრე, 2017 და 2021 წელს. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია მოთხოვნა - თვალთმაქცურად იქნეს მიჩნეული ვალდებულების აღებამდე რამდენიმე წლით ადრე გაფორმებული ხელშეკრულებები, რადგან მათი გაფორმების დროს შეუძლებელი იყო ჯერ კიდევ არარსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან მომდინარე პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, ხელშემკვრელ მხარეებს მოჩვენებითად ემოქმედათ. ამასთან, ვინაიდან არ არსებობს მეორე და მესამე მოპასუხეებისათვის თანხის დაკისრების საფუძველი, ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნამდვილი იურიდიული ინტერესიც არ არსებობს.

19. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე შუამდგომლობდა სს „თიბისი ბანკიდან“ და სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული საოქმო განჩინება საფუძვლიანია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან შუამდგომლობა არ არის დასაბუთებული. არ დგინდება კომპანიის ფინანსების სრულ ინფორმაციაზე წვდომის საჭიროება, ვინაიდან მოსარჩელე ვერ ასაბუთებს დირექტორისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლებს.

20. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელე ითხოვდა საქმეში მესამე პირად დმიტრიი მიშინის ჩართვას, რომელიც წარმოადგენს პირველი მოპასუხე კომპანიის პარტნიორს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შუამდგომლობა უსაფუძვლოა, ვინაიდან არ დგინდება რა გავლენა შეიძლება მოახდინოს გადაწყვეტილებამ მის უფლებებსა და მოვალეობებზე რომელიმე მხარის მიმართ. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად უთხრა მოსარჩელეს უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

21. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

22. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

22.1. სასამართლომ არ გამოიკვლია მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები; სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული დოკუმენტები - კომპანიის მიერ ინვენტარის შეძენის, საიჯარო ქირისა და საგადასახადო ვალდებულებების გადახდის ქვითრები, ასევე, კომპანიის კრების ოქმები, მათი შინაარსობრივი მხარე და კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები. ამასთან, სასამართლომ მტკიცებულებების გამოთხოვაზე მოსარჩელეებს უთხრა უარი, რამაც გამოიწვია მეორე და მესამე მოპასუხეებისათვის პირველი მოპასუხის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების სახით, 88 000 ლარის დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. თუკი სასამართლო მოსარჩელეებს მისცემდა შესაძლებლობას, მიეღოთ საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და მათ საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთად სამართლიანად შეაფასებდა, მაშინ სასამართლოს მიერ ასეთი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული;

22.2. სასამართლომ არ გამოიკვლია მესამე მოპასუხის ურთიერთობა საწარმოსთან, მის მიმართ რეგისტრირებული დირექტორის (მამის) მიერ გაცემული მინდობილობა. არ შეფასდა მესამე მოპასუხის უშუალო მონაწილეობა კომპანიის მართვისა და გაძღოლის პროცესში, ასევე, მოპასუხის აღიარება, რომ შეუძლებელი იყო კომპანიის განვითარება, რადგან ეს რთული პროცესი ყოფილა და ა.შ.;

22.3. არამართებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ საიჯარო ურთიერთობა შეწყდა მარტში და მხარეს არ ევალებოდა საიჯარო ქირის გადახდა. ასევე, არამართებულია მსჯელობა ქირის გამოთვლისა და დაანგარიშების თაობაზე. მოპასუხეები მათ მიერ წარდგენილი შესაგებლითა და მტკიცებულებებით ადასტურებდნენ მოთხოვნილი საიჯარო ქირის სარჩელში მითითებული ოდენობით გადახდის ვალდებულებას. ამასთან, მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა იმ გარემოების მტკიცება, რომ ქირის გადახდის ვალდებულება შეწყდა მარტში და არა მოსარჩელის მიერ სარჩელის შეტანის დროისათვის;

22.4. იმ შემთხვევაში, თუკი საკასაციო პალატა დაეთანხმება კასატორს და დააკმაყოფილებს სარჩელს 12 204 ლარის პირველი მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, იგივე იჯარის თანხა, ზემოაღნიშნული დასაბუთების საფუძველზე, ასევე უნდა დაეკისროს მეორე და მესამე მოპასუხეებს;

22.5. სარჩელში მითითებული იყო მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და წარდგენილი იყო წერილობითი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება სადავო გარიგებების ბათილად ცნობის საფუძვლები. ის გარემოება, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები ოჯახის წევრებს შორის იყო დადებული და ყველა მათგანი აგრძელებს ცხოვრებას უძრავი ნივთის მისამართზე, მნიშვნელოვანი იყო მათი მოჩვენებითობისა და თვალთამაქცურობის დასადგენად. მეორე მოპასუხეს, როგორც ქონების მესაკუთრეს, ეკუთვნის წილი აღნიშნული ქონებიდან, ხოლო მოსარჩელის იურიდიული ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ მის მიმართ თანხის დაკისრებისას უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება;

22.6. საქალაქო სასამართლოს 23.02.2024წ. საოქმო განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ კასატორებმა აღნიშნეს, რომ სასამართლომ არ მისცა მოსარჩელე მხარეს შესაძლებლობა, მიეღო საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები ბანკიდან და შემოსავლების სამსახურიდან. მიუხედავად დასაბუთებული მოთხოვნისა, მას უარი ეთქვა მტკიცებულებების მიღებაზე. კასატორებმა მოითხოვეს ახალი განჩინებით მათი შუამდგომლობის დაკმაყოფილება;

22.7. საქალაქო სასამართლოს 05.04.2024წ. საოქმო განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ კასატორებმა აღნიშნეს, რომ შუამდგომლობა დმიტრიი მიშინის მესამე პირად ჩართვაზე იყო დასაბუთებული, თუმცა მოსარჩელე მხრეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. კასატორებმა მოითხოვეს ახალი განჩინებით მათი შუამდგომლობის დაკმაყოფილება.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენიათ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ვალდებულებებისთვის საზოგადოების პარტნიორები და დირექტორი პირადი ქონებით პასუხს არ აგებენ [„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 123-ე მუხლი: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის სამეწარმეო საზოგადოება, რომლის კაპიტალი დაყოფილია წილებად, ხოლო ამ საზოგადოების ვალდებულებებისთვის პარტნიორების პასუხისმგებლობა შეზღუდულია; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება კრედიტორის წინაშე მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება პარტნიორთა ვალდებულებებისთვის პასუხს არ აგებს]. თუმცა, საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანისათვის დირექტორის პირადი პასუხისმგებლობა დადგენილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლით, რომლის თანახმად, ხელმძღვანელი პირი ვალდებულია სამეწარმეო საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს მართლზომიერად და კეთილსინდისიერი ხელმძღვანელის გულისხმიერებით, კერძოდ, მასზე ისე ზრუნავდეს, როგორც ანალოგიურ პირობებში უნდა ეზრუნა/ემოქმედა ჩვეულებრივ, საღად მოაზროვნე პირს, იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება სამეწარმეო საზოგადოებისთვის ეკონომიკურად ყველაზე ხელსაყრელია; ხელმძღვანელი პირი სამეწარმეო საზოგადოების წინაშე პასუხს აგებს კეთილსინდისიერების მოვალეობის ბრალეული შეუსრულებლობით მიყენებული ზიანისთვის. დაუშვებელია, წესდებით ან პარტნიორთა გადაწყვეტილებით შეიზღუდოს ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობა ამ მოვალეობის განზრახ შეუსრულებლობისთვის (იხ. სუსგ საქმე Nა-5832-შ-148-2022, 29 ნოემბერი, 2023 წელი). „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 50.1 მუხლით განსაზღვრული მოვალეობები არის ხელმძღვანელი პირის (დირექტორის) „ფიდუციური მოვალეობები“, რომელთა დარღვევის გამოც კომპანიის დირექტორი პასუხს აგებს კომპანიის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სამართლებრივი ნორმა შესაბამის გამიჯვნას არ აკეთებს, მისი დანაწესი „ზრუნვის მოვალეობასთან” ერთად (რომელსაც სხვაგვარად ასევე „გულისხმიერების მოვალეობას“ ან „გულმოდგინების მოვალებასაც“ უწოდებენ) თავის თავში მოიცავს დირექტორის ფიდუციური მოვალეობების კიდევ ერთ სახეს - „ერთგულების მოვალეობას”. ერთგულების მოვალეობა დირექტორს ავალდებულებს კორპორაციის ინტერესების უპირატესად დაცვას ნებისმიერ პირად ინტერესთან შედარებით, რაც სხვასთან ერთად გულისხმობს პირადი გამორჩენის მიზნით თანამდებობის გამოყენების დაუშვებლობას და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დირექტორი რაიმე მიზეზით პირადად დაინტერესებულია კომპანიის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებით ან გარიგების დადებით (იხ. სუსგ საქმე Nას-766-766-2018, 10 ივნისი, 2019 წელი). „ფიდუციური მოვალეობები“, კერძოდ, ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობა, დირექტორს გააჩნია საზოგადოების წინაშე, შესაბამისად, ამ მოვალეობების დარღვევისათვის მისი პასუხისმგებლობა დგება საზოგადოების, და არა საზოგადოების პარტნიორების ან რომელიმე პარტნიორის მიმართ (შედ. იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-457-436-2015, 06 ივნისი, 2016 წელი; Nას-370-344-2017, 18 აპრილი, 2019 წელი). შესაბამისად, თუ ხელმძღვანელი პირის (დირექტორის) მიერ მისი მოვალეობების (ზრუნვის ან ერთგულების მოვალეობის) დარღვევის გამო კომპანიას ზიანი მიადგა, მის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნულ კომპანიას („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 50.2 მუხლი). იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ამ უფლებას არ გამოიყენებს, მაშინ კომპანიის სახელით და მის სასარგებლოდ სარჩელი შესაძლებელია აღძრას კომპანიის პარტნიორმაც, მათ შორის, უმცირესობაში მყოფმა პარტნიორმა („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 147-ე, 222.1 მუხლები). თუმცა, ასეთი სარჩელის აღძვრისას მან უნდა მიუთითოს დირექტორის ქმედებით კომპანიისათვის და არა პირდად მისთვის მიყენებულ ზიანზე. სამართლის მეცნიერებაში აქციონერის/პარტიორის მიერ ინიციირებულ მოთხოვნას უწოდებენ დერივაციულ (არაპირდაპირ) სარჩელს, რომელსაც იგი წარადგენს კორპორაციის სასარგებლოდ და კორპორაციის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. კორპორაციული მართვის პრინციპებით სარჩელის წარდგენის შესაძლებლობის აღიარება წარმოადგენს ინვესტორთა რწმენის გაზრდის საფუძველს და აღიქმება აქციონერთა უფლებების დაცვის რეალურ მექანიზმად, რაც, ზოგადად, კორპორაციულ მართვაში მცირე აქციონერთა/მინორიტარ პარტნიორთა ჩართულობას უზრუნველყოფს და ეფექტური კორპორაციული მართვის მოდელის ჩამოყალიბებაზეც აისახება (იხ. ს. მაჭავარიანი სადისერტაციო ნაშრომი: „კორპორაციული ჯგუფების მართვა გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და მართვის პრინციპების ინტეგრაცია ქართულ კერძო სამართალში”, თბილისი, 2015, გვ. 145). ანალოგიური მსჯელობაა განვითარებული სამოსამართლო სამართალშიც. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ დერივაციული სარჩელი წარმოადგენს დირექტორთა კორპორაციული ანგარიშვალდებულების მექანიზმს. დერივაციული სარჩელი უზრუნველყოფს, რომ დირექტორის არამართლზომიერი ქმედებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურებული იქნება კომპანიისათვის კომპანიის სახელით მოქმედი აქციონერის (პარტნიორის) მიერ სასამართლოსათვის მიმართვის გზით. ასეთი სარჩელი, ერთი მხრივ, ერთგვარი პრევენციაა დირექტორის მხრიდან გადაცდომის საწინააღმდეგოდ, როდესაც მას გააზრებული აქვს, რომ აქციონერი (პარტნიორი) უფლებამოსილია დირექტორატის გვერდის ავლით დამოუკიდებლად აღძრას სარჩელი კომპანიის სახელით და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. დერივაციული სარჩელის აღძვრა უნდა მოხდეს ყოველი კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით (case-by-case). ამდენად, დერივაციული სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე გამოდის საწარმოს წარმომადგენლად(შედ. იხ. მაგ., სუსგ Nას-687-658-2016, 06 ნოემბერი, 2018 წელი). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დერივაციული სარჩელის განხილვისას, მტკიცების თვალსაზრისით, მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს ზიანის არსებობის ფაქტის დამტკიცება, მან უნდა მიუთითოს და წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს საწარმოს მატერიალური დანაკლისის ფაქტს, რომელიც დირექტორის ბრალეული ქმედების შედეგია, ხოლო საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია, გააქარწყლოს ეს გარემოება იმგვარად, რომ იგი კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს და თუნდაც მატერიალური დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეს მდგომარეობა არ არის დირექტორის ბრალეული ქმედების შედეგი (შედ. იხ. სუსგ საქმე Nას-727-695-2016, 23 იანვარი, 2019 წელი). განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად დაასკვნა, რომ მოსაჩელემ მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში სასამართლოს ვერ წარუდგინა იმგვარი მტკიცებულებები, რაც კომპანიის (პირველი მოპასუხის) დირექტორის - მეორე მოპასუხის მიერ კომპანიის კუთვნილი თანხის პირადი ინტერესებისათვის გამოყენებისა და აღნიშნული ქმედების შედეგად კომპანიისათვის ზიანის მიყენების ფაქტს დაადასტურებდა (დეტ. იხ. წინამდებარე განჩინების მე-9-10 პუნქტები). კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია. მისი საკასაციო საჩივარი არის ზოგადი, დაუსაბუთებელი და არ შეიცავს კონკრეტულ გარემოებებზე მითითებას. საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ვინაიდან განსახილველ საქმეში არ დადგინდა დირექტორის ბრალეული ქმედების შედეგად კომპანიისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, არ არსებობს მისი მინდობილი პირის - მესამე მოპასუხისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები. საიჯარო ქირის დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იჯარა ორმხრივმავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსენსუალური ტიპის ხელშეკრულებაა. მეიჯარის ვალდებულებაა, დროებით სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი (ქონება) ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისგან სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით ნაყოფის მიღება, ხოლო მოიჯარის ვალდებულება კი შეთანხმებული საზღაურის გადახდაა. შესაბამისად, საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მიზანი არის არა მხოლოდ იჯარის საგნით სარგებლობა, არამედ იჯარის საგნით სარგებლობის გამო მიღებული შემოსავალი. იჯარა ქირავნობის სამართლებრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა (საიჯარო ურთიერთობების დარეგულირებისთვის ქირავნობის ნორმები ბლანკეტურია), მაგრამ ქირავნობისგან მას სწორედ იჯარის საგნის სარგებლობით შემოსავლის მიღების აუცილებლობა მიჯნავს. შემოსავლის მიღების შესაძლებლობის აუცილებლობის უზრუნველყოფა კი მეიჯარის ვალდებულების ჯეროვნად შესრულების გამოკვეთილი პასუხისმგებლობაა, რასაც ეფუძნება მოიჯარის ვალდებულება საიჯარო ქირის გადახდის შესახებ (იხ. სუსგ საქმე Nას-294-294-2018, 08 მაისი, 2018 წელი). საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი „affirmanti, non negati, incumbit probatio“ - „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატამ განმარტა, რომ იჯარის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ მოიჯარის მიერ საიჯარო ქონების ფლობისა და მისი დაბრუნების დაყოვნების ფაქტზე (მოთხოვნის წარმომშობ ფაქტზე) მითითება (სსკ-ის 591-ე მუხლი) ევალება მოსარჩელეს (მეიჯარეს), ხოლო მითითებული ფაქტის გაქარწყლების ვალდებულება კი, მოიჯარის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს (სსკ-ის 602-ე მუხლი) (შედ. იხ. სუსგ საქმე Nას-2-2-2016, 14 ივნისი, 2016 წელი). წინამდებარე საქმეში მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მეორე მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2022 წლის 24 ოქტომბერს დადებული ქვეიჯარის ხელშეკრულება შეწყდა 2023 წლის მარტში; ხოლო, საიჯარო ქირის დავალიანებასთან დაკავშირებით, მიიჩნია, რომ მოსარჩელემ/აპელანტმა ვერ დაადასტურა პირველი მოპასუხისათვის საიჯარო ქირის, ასევე, აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაწეული ხარჯის დაკისრების საფუძვლიანობა (დეტ. იხ. წინამდებარე განჩინების მე-14-15 პუნქტები). კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებისა და მსჯელობის საწინააღმდეგო კვალიფიციური შედავება არც ამ შემთხვევაში წარმოუდგენია. მის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არის ზოგადი და არ შეიცავს კონკრეტულ ფაქტებზე მითითებას, ასევე, სადავოდ გამხდარი გარემოებების საწინააღმდეგო დასაბუთებას. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ დადასტურა ქვეიჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქირის დავალიანების არსებობა, სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული, კომპანიისათვის (პირველი მოპასუხე) მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით, საიჯარო ქირის გადახდაზე კომპანიის დირექტორის - მეორე მოპასუხისა და მესამე მოპასუხის პასუხისმგებლობაზე მსჯელობა. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დადგინდა მეორე და მესამე მოპასუხეების მიერ კომპანიისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, არ არსებობს სადავო ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელეთა ნამდვილი იურიდიული ინტერესი (სსკ-ის 180-ე მუხლი). საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა არათუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველსაც კი წარმოადგენს. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე Nას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი). საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამასთან, როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება (იხ. სუსგ საქმე Nას-862-812-2015, 11 ნოემბერი, 2015 წელი). ამრიგად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებები გაფორმებულია პირველ მოპასუხესა და პირველ მოსარჩელეს შორის სესხის ხელშეკრულებისა (2022 წლის 07 და 08 ივნისი) და მეორე მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის ქვეიჯარის ხელშეკრულების (2022 წლის 24 ოქტომბერი) გაფორმებამდე რამდენიმე წლით ადრე - 2017 და 2021 წლებში, არ არსებობს იმგვარი ვარაუდის დაშვების საფუძველი, რომ მოპასუხეები სადავო გარიგებების დადების დროს მოქმედებდნენ იმ განზრახვით, რომ თავიდან აერიდებინათ პირველი მოპასუხის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულება. 45. საკასაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მტკიცებულებების გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს 23.02.2024წ. საოქმო განჩინება, ასევე, მესამე პირის ჩართვაზე უარის თქმის შესახებ იმავე სასამართლოს 05.04.2024წ. საოქმო განჩინება, ხოლო კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საწინააღმდეგო სამართლებრივად ვარგისი პრეტენზიები არ წარმოუდგენიათ.

მტკიცებულებების გამოთხოვისა და საქმეში მესამე პირის ჩაბმის თაობაზე კასატორების შუამდგომლობებთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლზე [დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია], იმავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები], 411-ე მუხლზე [საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები] და განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს, კანონი კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებას და ახალი მტკიცებულებების წარდგენას. კანონმდებელი ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს, საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, რამდენადაც აღნიშნული შეუთავსებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, რომელიც არ წარმოადგენს საქმის არსებითად განმხილველ სასამართლოს, მოკლებულია შესაძლებლობას, თავად გამოითხოვოს მტკიცებულებები ან/და საქმეში მესამე პირი ჩააბას. აღნიშნული არ გამომდინარეობს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობიდან (იხ. სუსგ საქმე Nას95-760-2014, 10 მარტი, 2015 წელი). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები, რომლებიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5025,20 ლარის 70% – 3517,64 ლარი. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ს.პ–ისა და შპს „ს.ე–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ს.პ–სა (პ.ნ. ..........) და შპს „ს.ე–ს“ (ს.ნ. .........) დაუბრუნდეთ მ.ე–ის (პ.ნ. ........) მიერ 2025 წლის 22 აპრილს №26933904727 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5025,20 ლარის 70% – 3517,64 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლევან ნემსაძე

მოსამართლეები: მიხეილ ჯინჯოლია

ლევან მიქაბერიძე