დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-175-2026 30 აპრილი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სს „ლ–სი“ (აპელანტი,მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ზ.ნ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 დეკემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის
ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის 28 ივნისს ზ.ნ–სა და სს „ლ–სს“ შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 28 აგვისტომდე.
2. 2021 წლის 01 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების დამატებით, შეიცვალა ხელშეკრულების 5.1 პუნქტით განსაზღვრული ანაზღაურების ნაწილი, ასევე გაიზარდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2021 წლის 31 დეკემბრამდე.
3. 2021 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების დამატებით, შეიცვალა ხელშეკრულების 5.1 პუნქტით განსაზღვრული ანაზღაურების ნაწილი, ასევე გაიზარდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2022 წლის 31 დეკემბრამდე.
4. 2023 წლის 01 იანვარს ზ.ნ–სა და სს „ლ–სს“ შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება #LO-NZ/01012023.
5. 2024 წლის 01 იანვრის ხელშეკრულების დამატებით შეიცვალა #LO-NZ/01012023 ხელშეკრულების 3-4 პუნქტები და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: 3. სამუშაოს შესრულების ფასი: საათობრივად 7.86 ლარი დარიცხული ოდენობით; 4. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი გაგრძელდა 01.01.2025-მდე.
6. ზ.ნ–ი სს „ლ–სში“ ასრულებდა მისი ხელმძღვანელის - ლ.ს–ძის მითითებს.
7. ზ.ნ–ს სისტემატურად თვეში ორჯერ (თვის შუა რიცხვებში და თვის ბოლოს) ერიცხებოდა ხელფასის სახით თანხა, (2022 წლის 27 დეკემბერს და 2023 წლის 27 დეკემბერს დაერიცხა მე-13 ხელფასი).
8. ზ.ნ–სა და სს „ლ–სს“ შორის არსებობდა უვადოდ დადებული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. რომლის ფარგლებში, ზ.ნ–ის ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა საშუალოდ 1910 ლარს (ხელზე ასაღები).
9. 01.01.2023 წელს დადებული #LO-NZ/01012023 მომსახურების ხელშეკრულების დანართით, შემსრულებელი კისრულობს ვალდებულებას, შეასრულოს სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შემსრულებელს შეთანხმებული საზღაური.
10. ხელშეკრულების მე-3 მუხლით განისაზღვრა შესასრულებელი სამუშაო და შესრულების ვადა. 3.1. პუნქტის თანახმად, სამუშაოს შესრულების ვადები განისაზღვრება ხელშეკრულების მოქმედების ვადების შესაბამისად. 3.2 პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებულია: 3.2.1. შეასრულოს სამუშაო კეთილსინდისიერად. 3.2.2. შეასრულოს სამუშაო ყოველდღიურად. 3.2.3. შეასრულოს სამუშაო საქართველოს ტერიტორიაზე შემკვეთის მიერ მითითებულ ნებისმიერ ადგილას. 3.2.4. შეასრულოს სამუშაო საქართველოს ტერიტორიაზე შემკვეთის მიერ მითითებულ ნებისმიერ ადგილას, მათ შორის სოფელ .......... „ლუდსახარში ..........“ ტერიტორიაზე ამ/და თბილისში, ..........ში ამ/და ........ 3.2.5. დაიცვას დამკვეთის მიერ შემუშავებული სამუშაო ქცევის წესები, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
11. ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა სამუშაოს შესრულების ფასი და ანგარიშსწორების წესი: ხელშეკრულების 4.1. პუნქტით, სამუშაოს ფასი მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხელშეკრულების
12. 4.1.1. პუნქტის თანახმად, 21:00 საათიდან 09:00 საათამდე პერიოდში შესრულებული სამუშაოს საათობრივი ანაზღაურება გამოითვლება 1.20 კოეფიციენტით. ხელშეკრულების 4.2. პუნქტით, ანგარიშსწორება გაწეული სამუშაოსთვის ხდება უნაღდო ფორმით, შემდეგი წესით: 4.2.1. 100% ამ ხელშეკრულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტის მხარეთა მიერ ხელმოწერიდან 5 საბანკო დღის ვადაში. ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, შემკვეთი, შემსრულებლის სახელით, უზრუნველყოფს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ოდენობის საპენსიო შენატანის შემსრულებლის დასაბეგრი ანაზღაურებიდან დაკავებას და შემსრულებლის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე შეტანას. ხელშეკრულების 4.4. პუნქტის თანახმად, შემკვეთის იმ შემოსავლის ნაწილში, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით განეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს, შემკვეთი იხელმძღვანელებს საკუთარი შიდა რეგულაციის მიხედვით, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან.
13. ხელშეკრულების მე-5 პუნქტით განისაზღვრა შესრულებული სამუშაოს მიღება. ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო, თუ ის შესაბამისობაშია ხელშეკრულების პირობებთან. ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, სამუშაოს დასრულების შემდეგ, შემსრულებელი წარუდგენს შემკვეთს შესრულებული სამუშაოს შესახებ მიღება-ჩაბარების აქტს. ხელშეკრულების 5.2.1. პუნქტით, მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული იქნება: შესრულებული სამუშაოს დასახელება; შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების თანხა.
14. ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, შემსრულებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს შემკვეთს სამუშაოს წარმოებისას მისგან დამოუკიდებლად ხელისშემშლელ პირობებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსრულებელი არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან.
15. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება მეორე მხარისათვის 3 დღით ადრე წერილობითი შეტყობინებით. ხოლო, შემსრულებელს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება მეორე მხარისათვის 2 კვირით ადრე წერილობითი შეტყობინებით.
16. ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი დებულებები, ვინაიდან მხარეებს შორის ფორმდება მომსახურების ტიპის ხელშეკრულება. შესაბამისად, სუბიექტებად წარმოდგენილნი არიან „დამკვეთი“ და „შემსრულებელი“, რაც თავის მხრივ, უპირობოდ გამორიცხავს აღნიშნულ ურთიერთობაზე საქართველოს შრომის კოდექსის დებულებათა გამოყენებას.
17. 2021 წლის 28 ივნისიდან 2024 წლის სექტემბრის პერიოდამდე, დაახლოვებით 3 წლისა და 3 თვის მანძილზე ზ.ნ–ი ასრულებდა გარკვეული ტიპის სამუშაოს მოპასუხე კომპანიისთვის. სამუშაოს შესასრულებლად დადიოდა სოფელ ნატახრატში, „ლუდსახარში ..........“ ტერიტორიაზე. (ხელშეკრულების 3.2.4 პუნქტი), ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰქონდა სამუშაოს დაწყების და დასრულების დრო (ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტი). ევალებოდა დაეცვა დამკვეთის მიერ შემუშავებულის სამუშაო ქცევის წესები (ხელშეკრულების 3.2.5 პუნქტი), ასევე ის გარემოება, რომ დაბეგვრა თანხისა ხდებოდა გამცემთან და მოპასუხე ახდენდა საპენსიო შენატანის გადახდას (ხელშეკრულების 4.3 პუნქტი).
18. ზ.ნ–ი 2021 წლის 28 ივნისიდან - 2024 წლის 13 სექტემბრამდე (უდავო ფაქტობრივი გარემოება 3.1.1) უწყვეტად საქმიანობდა სს „ლ–სში“.
19. მხარეთა შორის 2022 წლის 15 სექტემბრიდან მოყოლებული სისტემატურად, თვეში ორჯერ: თვის შუა რიცხვებში და თვის ბოლოს ზ.ნ–ს ერიცხებოდა თანხა დანიშნულებით „ხელფასი“. (ასევე, საახალწლო პერიოდში მე-13 ხელფასი). ვინაიდან მოსარჩელეს ყოველთვიურად სხვადასხვა ოდენობის ხელფასი ერიცხებოდა, ყოველთვიურად 1910 ლარი (ხელზე ასაღები).
20. 2021 წლის 28 ივნისს ზ.ნ–სა და სს „ლ–სს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც ზ.ნ–მა იკისრა ვალდებულება შეესრულებინა სამუშაო, რის სანაცვლოდაც სს ,,ლ–სს’’ უნდა აენაზღაურებინა შეთანხმებული საზღაური. შესასრულებელ სამუშაოს წარმოადგენდა - ,,დატვირთვის მუშა’’. შემსრულებელს ევალებოდა სამუშაოს ყოველდღიურად შესრულება, შემკვეთის მიერ მითითებულ ნებისმიერ ადგილას, მათ შორის სოფელ .......... ,,ლუდსახარში ..........’’ ტერიტორიაზე ან/და თბილისში, ..........-ში.
21. ხელშეკრულების მე-3 მუხლში, რომლითაც განისაზღვრა ხელშეკრულების საგანი, მიეთითა, რომ მხარეთა შორის მოქმედებდა ე.წ. ,,მომსახურების ხელშეკრულება’’. ამასთანავე, ამავე ხელშეკრულების 4.3.5 პუნქტის თანახმად, ,,შემსრულებელს’’ ევალებოდა დაეცვა ,,დამკვეთის’’ მიერ შემუშავებული სამუშაო ქცევის წესები, რომელიც წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ასევე, ხელშეკრულების 5.1-5.2 პუნქტების თანახმად, სამუშაოს ანაზღაურება საათში შეადგენდა 3.83 ლარს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით. ანგარიშსწორება გაწეული სამუშაოსათვის განხორციელდებოდა უნაღდო ფორმით შესაბამისი თვის ჯამური აღრიცხვის დასრულებიდან 5 საბანკო დღის ვადაში.
22. მხარეთა შორის მოქმედი ხელშეკრულების 5.3-5.4 პუნქტების შესაბამისად, შემკვეთს უნდა უზრუნველეყო ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ოდენობის საპენსიო შენატანის შემსრულებლის დასაბეგრი ანაზღაურებიდან დაკავება და შემსრულებლის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე შეტანა. შემკვეთის იმ შემოსავლის ნაწილში, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით განეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს, შემკვეთი იხელმძღვანელებდა საკუთარი შიდა რეგულაციის მიხედვით, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა მოქმედ კანონმდებლობასთან.
23. ხელშეკრულება დაიდო 2021 წლის 28 აგვისტომდე. ამასთანავე, 9.2-9.3 პუნქტებით მხარეებს მიენიჭათ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესაძლებლობა.
24. 2024 წლის 01 იანვრის ხელშეკრულების დამატებით შეიცვალა #LO-NZ/01012023 ხელშეკრულების 3-4 პუნქტები და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: 3. სამუშაოს შესრულების ფასი: საათობრივად 7.86 ლარი დარიცხული ოდენობით; ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი გაგრძელდა 01.01.2025-მდე.
25. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
25.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2024 წლის 13 სექტემბრის ბრძანება/შეტყობინება სს „ლ–სსა“ და ზ.ნ–ს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე; დაევალოს სს „ლ–სს“ ზ.ნ–ის სამსახურში იმავე - „დატვირთვის მუშის“ პოზიციაზე აღდგენა; დაევალოს სს „ლ–სს“ ზ.ნ–ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან - 13.09.2024 წლიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე - ყოველთვიურად 1910 ლარის ოდენობით.
25.2. 2021 წლის 28 ივნისს ზ.ნ–სა და სს „ლ–სს“ შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება 2021 წლის 28 აგვისტოს ჩათვლით, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე განისაზღვრა პოზიციაზე როგორც - „დატვირთვის მუშა“. მისი საქმიანობა მოიცავდა ქარხნის გარე პერიმეტრის დასუფთავებას, ბოცების გადაადგილება-დასუფთავებას, მეთვალყურეობას, ყველა პოზიციაზე საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი საქმის შესრულებას. სამუშაო გრაფიკი განისაზღვრა 24 საათიანი ცვლილებით. კერძოდ, ყოველ მეორე დღეს 24 საათი მუშაობდა უწყვეტად, ყოველგვარი შესვენების გარეშე.
25.3. მოსარჩელე 2024 წლის პირველ იანვრამდე მუშაობდა იმავე პოზიციაზე ხელშეკრულების გარეშე. 2024 წლის პირველ იანვარს დაიდო დამატებითი ხელშეკრულება ერთი წლის ვადით შეცვლილი გარემოებებით. კერძოდ, საათობრივი ანაზღაურება განისაზღვრა 7.86 ლარით, რომელიც მოიცავდა სახელმწიფო გადასახადებსაც. თუმცა სამუშო გრაფიკი დარჩა უცვლელი. იგი კვლავ, ყოველ მეორე დღეს მუშაობდა 24 საათიან ცვლაში, შესვენების გარეშე.
25.4. 2024 წლის 30 აგვისტოს, ლ.ს–ძემ (საწყობის ზედამხედველი) მოსარჩელეს დასახმარებლად გამოაგზავნა ვინმე ლ., რომელიც უნდა დახმარებოდა როგორც მოსარჩელეს, ასევე გვერდით საწყობში მომუშავე პიროვნებასაც. რეალურად ვინმე ლ. ზ.ნ–ს საერთოდ არ დახმარებია. იგი ღამის 9 საათამდე ეხმარებოდა მხოლოდ გვერდით საწყობში მყოფ პიროვნებას, რომელმაც ლ–ს ღამის 9 საათიდან დილის 4 საათამდე დაძინების საშუალება მისცა, ხოლო 4 საათიდან თვითონ გააგრძელა მუშობა და ლ. სახლში გაუშვა. შექმნილი ვითარების გამო, ზ.ნ–მა გადაწყვიტა დალაპარაკებოდა ლ.ს–ძეს, რათა გარკვეულიყო სიტუაციაში, რაზეც ლ.ს–ძემ აგრესიულად და უხეშად მიმართა: „რაც გავაკეთე ეს შენი საქმე არაა“, გარდა ამისა, ფიზიკური შეურაცხყოფისთვისაც გამოიწია.
25.5. დაპირისპირების შემდეგ, მოსარჩელეს სურდა ადგილზე არსებულ ადმინისტრაციისათვის პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაცია მიეწოდებინა, თუმცა ვინაიდან იქ, იმ დროს, არავინ იმყოფებოდა, იძულებული გახდა სს „ლ–სს“ თბილისის ფილიალში წასულიყო. ადგილზე გაესაუბრა კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების თანამშრომელს, რომელმაც უთხრა, რომ ჩვეულებრივად მისულიყო სამსახურში. შესაბამისად, ასეც მოიქცა.
25.6. მოსარჩელეს სამსახურში გამოცხადებისას, მის სამუშაო ადგილზე დახვდა ლ.ს–ძე, რომელიც მოსარჩელის დანახვისთანავე წამოვიდა აგრესიულად, იწეოდა დასარტყმელად და ცდილობდა იგი მწყობრიდან გამოეყვანა. მიუხედავად შექმნილი სიტუაციის სირთულისა, მოსარჩელემ მოახერხა თავის შეკავება და სიტუაციას განერიდა.
25.7. ინციდენტის შემდგომ, იმავე დღეს, ზ.ნ–ი მივიდა ნატახტრის ადმინისტრაციაში და წერილობით მიაწოდა ინფორმაცია მომხდარის შესახებ. ამის შემდეგ, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების თანამშრომელმა უთხრა, რომ გარკვეული პერიოდი სამსახურში არ გამოცხადებულიყო და საქმის მოკვლევის დასრულებისთანავე თავად დაუკავშირდებოდა.
25.8. შეთანხმებისამებრ, მოსარჩელე სამუშაოზე აღარ მისულა და 2 დღიანი უსაფუძვლო ლოდინის შემდეგ თავად დაუკავშირდა HR-ს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაიბარა კომპანიაში. ადგილზე გამოცხადებისას მოსარჩელეს შესთავაზეს ახალი სამუშაო პოზიცია, რაზეც დასვა შეკითხვა თუ რატომ არ შეეძლო თავის პოზიციაზე დაბრუნება, თუმცა ამის თაობაზე განმარტება არ მიუციათ. ამასთანავე უთხრეს, რომ კამერებში არანაირი დაპირისპირება არ იკვეთებოდა, თუმცა კამერების მასთან ერთად გადახედვის უფლება არ მისცეს.
25.9. მოსარჩელემ ვერ მიღო პასუხი, თუ რატომ არ აღადგინეს ძველ პოზიციაზე, ასევე შესთავაზეს სულ სხვა პოზიცია გარე სივრცეში, უფრო მძიმე პირობებით, რაზეც არ იყო თანახმა. საბოლოოდ უთხრეს, რომ თავად დაეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე, რასაც ასევე არ დაეთანხმა. მას არ სურდა სამსახურიდან წამოსვლა, მხოლოდ საკუთარი საქმის შესრულება სურდა ისევე პირნათლად, როგორც აქამდე. რადგან, არც განცხადება დაწერა სამსახურიდან წამოსვლის თაობაზე, სიტყვიერად უთხრეს, რომ ამის გამო მათი სამართლებრივი ურთიერთობა აღარ გაგრძელდებოდა
25.10. ზ.ნ–ი ყოველთვიურად საშუალოდ იღებდა 1910 ლარს, რომელიც დაანგარიშებულია სახელფასო ამონაწერის ბოლო 8 თვის საშუალო არითმეტიკულის გამოთვლით.
26. მოპასუხის პოზიცია
26.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, მასსა და სს „ლ–სს“ შორის არსებობდა მომსახურების ხელშეკრულება, რის საფუძველზეც შემსრულებლის მიერ შესასრულებელ სამუშაოს წარმოადგენდა - დატვირთვის სამუშაოები (დატვირთვის მუშა), რაც შეეხება სამუშაო გრაფიკს, იგი სამუშაოს ანაზღაურებას იღებდა საათობრივად. შესაბამისად, მის მიერ ნამუშევარი საათების აღრიცხვა ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდებოდა ე.წ ტაბელის საშუალებით, რითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე არ მუშაობდა ყოველ მეორე დღეს 24 საათიანი გრაფიკის შესვენების გარეშე.
26.2. მოპასუხე მხარე არ ეთანხმება აპელირებას იმის თაობაზე, რომ სამუშაო გრაფიკი დარჩა უცვლელი, გამომდინარე იქიდან, რომ მხარეთა შორის არსებობდა მომსახურების ხელშეკრულება, სადაც არ ყოფილა გაწერილი მომსახურების შესრულების საათები/გრაფიკი, აღნიშნული სრულად იყო დამოკიდებული შემსრულებელზე, რომელიც იღებდა გაწეული მომსახურების შედეგად საათობრივ ანაზღაურებას.
26.3. მოსარჩელე წარმოადგენდა მომსახურე პერსონალს, რომელსაც უნდა შეესრულებინა დამკვეთის და მისი წარმომადგენლის (მოცემულ შემთხვევაში ლ.ს–ძის) მითითებები ხელშეკრულების ფარგლებში. გაურკვეველია, თუ რას ემყარება მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოსაზრება, რომელიც არანაირი მტკიცებულებით არ არის გამყარებული.
26.4. არსებობს სიტუაციის ამსახველი ვიდეოკამერის ჩანაწერი, სადაც არ იკვეთება ლ.ს–ძის მიერ „ფიზიკური შეურაცხყოფა“ და როგორც ლ.ს–ძის ახსნა- განმარტებაშია მოცემული, მოსარჩელე თავად ცდილობდა ვითარების დაძაბვას.
26.5. დაძაბული ურთიერთობის განსამუხტად, ასევე გარემოებების გამოკვლევის მიზნით, მოხდა მოლაპარაკება მოსარჩელესთან, რომ რამდენიმე დღე არ მისულიყო ქარხნის ტერიტორიაზე სამუშაოდ. სიტუაციის მოკვლევის შემდეგ, კომპანიის წარმომადგენელმა თავად დაურეკა მოსარჩელეს და დაიბარა კომპანიაში ვითარების მოსაგვარებლად. ვინაიდან, მოსარჩელე ფაქტობრივად არ ემორჩილებოდა ლ.ს–ძის მითითებებს (რაც ჩანს ლ.ს–ძის ახსნა-განმარტების წერილში) და ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა მასთან, ამიტომ სიტუაციის განმუხტვის მიზნით, შესთავაზეს სხვა არეალში გადასვლა, რომელსაც ჰყავდა სხვა ხელმძღვანელი. შესაბამისად, სამუშაო იქნებოდა იდენტური დასახელების (დატვირთვის მუშა) და მოცულობის. აღნიშნულთან დაკავშირებით, ამომწურავი კომუნიკაცია განხორციელდა მოსარჩელესთან. რაც შეეხება კამერების ნაწილს, ვიდეომონიტორინგის წესები წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა კატეგორიას, რომლის დამუშავების პირობებიც განმტკიცებულია საქართველოს კანონითა და კომპანიის შიდარეგულაციებით. იმის გათვალისწინებით, რომ კამერის ჩანაწერებში მოსარჩელის გარდა სხვა პირებიც ჩანდნენ, კომპანია ამ პირების გარეშე ვერ გახდიდა მოსარჩელისათვის აღნიშნულ კადრებს ხელმისაწვდმს.
26.6. სიტუაციის განსამუხტად და მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შესანარჩუნებლად, შესთავაზეს სხვა არეალში გადასვლა, სამუშაოს იმავე მოცულობით, ვინაიდან დატვირთვის მუშა ასრულებს ხელმძღვანელის მიერ დაკისრებულ სხვადასხვა სამუშაოებს, საჭიროების მიხედვით. შესაბამისად, მოსარჩელის აპელირება, რომ მას შესთავაზეს უფრო მძიმე პირობებში მუშაობა, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ნებისმიერ დროს დატვირთვის მუშას შეიძლება დაევალოს სხვადასხვა საქმე. რაიმე სახის კონკრეტიზება ან დათქმა არ არის მოცემული მხარეთა შორის არსებულ ხელშეკრულებაშიც.
26.7. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს მომსახურების ღირებულება ერიცხებოდა საათობრივი ანაზღაურების მიხედვით, ტაბელის საფუძველზე ნამუშევარი დროის დაანგარიშებით. შესაბამისად, არაგონივრულია მოსარჩელის მხრიდან საშუალო ანაზღაურების დაანგარიშება, ვინაიდან იგი დამოკიდებული იყო მოსარჩელის მიერ სამუშაოს შესრულების საათებზე.
26.8. მოპასუხე დამატებით ფაქტობრივ გარემოებებად მიუთითებს, რომ მხარეთა შორის არსებული მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა კონტრაქტის პირობების სრული დაცვით, რაც აგრეთვე განემარტა მოსარჩელეს წერილობით. მოპასუხე შეეცადა შეენარჩუნებინა სახელშეკრულებო ურთიერთობა მოსარჩელესთან, რა მიზნითაც შესთავაზა მას იმავე ტიპის სამუშაოს შესრულება, იმავე ანაზღაურებით, რაზეც მოსარჩელემ ნებაყოფლობით განაცხადა უარი. მოსარჩელემ უარი განაცხადა მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებაზე. მხარეთა შორის გაფორმებულ იქნა 2023 წლის 01 იანვარს ახალი მომსახურების ხელშეკრულება #LO- NZ/01012023, რომელიც 2024 წლის 01 იანვრით დათარიღებული დამატებითი კონტრაქტით გაგრძელებულ იქნა 2025 წლის 01 იანვრამდე.
27. მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ზ.ნ–ის სარჩელი მოპასუხე სს „ლ–სის“ მიმართ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2024 წლის 13 სექტემბრის ბრძანება/შეტყობინება სს „ლ–სსა“ და ზ.ნ–ს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. სს „ლ–სს“ დაევალა ზ.ნ–ის სამსახურში იმავე - „დატვირთვის მუშის“ პოზიციაზე აღდგენა. სს „ლ–სს“ დაევალა ზ.ნ–ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან - 13.09.2024 წლიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე - ყოველთვიურად 1910 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები თანხა). მოპასუხე სს „ლ–სს“ ზ.ნ–ის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარისა და წარმომადგენლის ხარჯის ანაზღაურება 900 ლარის ოდენობით. მოპასუხე სს „ლ–სს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 587.6 ლარის ოდენობით.
28. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
29. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 დეკემბერის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
30. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები
30.1. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
30.2. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ მხარეებს შორის თითქოს არა ნარდობის, არამედ შრომითი ხელშეკრულება იყო. კასატორის მითითებით შრომითი და ნარდობის ხელშეკრულებები ერთმანეთს ემსგავსება იერარქიულობის კონტექსტში, რადგან ნარდობის შემთხვევაშიც, დამკვეთი ეთგვარ ზედამხედველობით უფლებამოსილებას იძენს. წინამდებარე დავის შემთხვევაშიც, მოსარჩელეს შედეგზე ორიენტირებული სამუშაო უნდა შეესრულებინა კონკრეტულ დროში.
30.3. სასამართლომ დისპოზიციურობის პრინციპის დარღვევით, მოსარჩელის მითითების გარეშე, თავისი ინიციატივით განსაზღვრა სადავო ურთიერთობა ნარდობიდან შრომით ურთიერთობად, მაშინ, როდესაც თავად მოსარჩელისთვის არ იყო სადავო ხელშეკრულების სახე. აღნიშნული განმარტება არასწორია იმ ფონზეც, რომ ხელშეკრულების 4.23 პუნქტი ცალსახად მიუთითებს შეკვეთილი სამუშაოს საბოლოო რეზულტატის მიღების ინტერესზე, რაც სასამართლომ არასწორად განმარტა. კასატორის მითითებით, ზ.ნ–ს ჰქონდა კონკრეტული დავალება ლ.ს–ძისგან, რომელიც დღის განმავობაში უნდა შეესრულებინა. მოსარჩელე არ იყო მოკლებული შესაძლებლობას, რომ დაეგეგმა საკუთარი შრომა აღნიშნული დავალება დამოკიდებული იყო კონკრეტულ დროში მიღწეულ შედეგზე. აღნიშნულ საქმეს იურდიული პირიც შეასრულებდა, თუმცა ფინანსური ეკონომიის მიზნით, ფიზიკურ პირთან გაფორმდა შეკვეთა.
30.4. სააპელაციო პალატა არასწორად მიუთითებს, რომ თითქოს მოსარჩელეს ჰქონდა სამუშაოს დაწყების და დასრულების დრო. რეალურად, ხელშეკრულებსის 6.2. პუნქტის მიხედვით, ნამუშევარი საათების აღრიცხვას აწარმოებდა დამკვეთი, რის მიხედვითაც ხდებოდა შესაბამისი ანაზღაურება. აღნიშნულს ამტკიცებს ნამუშევარი საათების აღმრიცხველი შესაბამისი დოკუმენტი, ე.წ. ტაბელი, სადაც ჩანს, რომ სამუშაო დრო არ არის რეგულარული, ასევე, არც ნამუშევარი საათები, რაც უგულებელყოფს მოსაზრებას, რომ კონკრეტული სამუშაოს დაწყებისა და დასრულების დრო მთლიანად დამოკიდებული იყო სამუშაოს მოცულობაზე და დატვირთვაზე.
30.5. სააპელაციო პალატა ასევე არასწორად ადგენს, რომ თითქოს საპენსიო შენატანის გადახდა მიუთითებდა შრომითი ხელშეკრულების არსებობაზე, რაც ასევე არასწორია. საქართველოს საგადასადახო კანონმდებლობის თანახმად, როგორც შრომით, ისე ნარდობის ხელშეკრულების შემთხვევაში, ფიზიკურ პირთან დასაკავებელი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას ახორციელებს დამქირავებელი. შესაბამისად, იურიდიული პირის ვალდებულებას წარმოადგენდა თავად დაეკავებინა ფიზიკური პირის გადასახადი.
30.6. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თითქოს არ არსებობდა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, მაშინ, როდესაც საქმის მასალებში წარდგენილი ვიდეომასალით დგინდებოდა საპირისპირო. სასამართლომ მიუთითა, რომ სშკ-ის 47-ე მუხლით მოსარჩელესთან ხელშეკრულების შეწყვეტა მართლზომიერი არ იყო, მაშინ, როდესაც მოპასუხეს მოსარჩელის ქმედებებიდან და ინციდენტიდან გამომდინარე ჰქონდა შეწყვეტის მართლზომიერი მიზეზი. აღნიშნული ინციდენტის შესახებ კი სასამართლო არ მსჯელობს, მაშინ, როდესაც სწორედ აღნიშნულის შეფასების მიხედვით უნდა შეეფასებინა ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი.
30.7. სააპელაციო პალატა, თუ კი თვლიდა, რომ სახეზე იყო შრომითსამართლებრივი ხელშეკრულების არამართლზომიერი შეწყვეტა, მაშინ უნდა შეეფასებინა რამდენად იყო სშკ-ის 47-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი სახეზე, რაც სასამართლომ არ განახორციელა.
30.8. სასამართლო ასევე არასწორად უთითებს, რომ თითქოს მოსარჩელის სხვა ადგილას გადაყვანით უარესდებოდა მისი მდგომარეობა, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მოსარჩელეს მოპასუხემ შესთავაზა იდენტური პირობები მხოლოდ ზედამხედველი პირის ცვლილებით.
30.9. სააპელაციო სასამართლო ასევე არასწორად უთითებს, რომ თითქოს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საშტატო ნუსხა არ არის დამაბრკოლებელი გარემოება მოსარჩელის სამსახურში აღდგენისთვის, თუმცა, რეალურად, მოპასუხეს არ აქვს გათვალისწინებული შტატში ის პოზიცია, რაზეც მოსარჩელეს სურს აღდგენა. აღნიშნულ ფუნქციებს სხვა თანამშრომლები სრულად ფარავენ, ხოლო აღდგენის შემთხვევაში, კომპანიას მოუწევს სხვა კადრებისთვის ხელფასის შემცირება. ასევე, რადგან მოსარჩელემ უარი თქვა დატვირთვის მუშის საქმის შესრულებაზე, მის საქმეს უკვე სხვა ასრულებს, ამიტომ მისი აღდგენის (თუკი შრომითია ურთიერთობა) საჭიროება არც არსებობს.
30.10. კასატორის მითითებით, მოსარჩელეს მის ხელმძღვანელთან ჰქონდა უთანხმოება, რის გამოც შესთავაზეს ალტერნატიული სამუშაო ადგილი. უთანხმოების არსებობის გამო, კი სასამართლოს არა თუ უნდა აღედგინა მოსარჩელე, არამედ კომპენსაცია უნდა განესაზღვრა სანაცვლოდ. ამავდროულად, მოპასუხე კომპანია მძიმე ფინანსურ პირობებშია, რის გამოც 2025 წელს 50 კადრის გათავისუფლება მოუწია, შესაბამისად, მოსარჩელისთვის შეუძლებელი იქნება აღდგენილი კადრის ხელახლა დასაქმება.
31. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 6 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
32. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით.
33. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხ-ზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
35. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
36. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
37. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
38. წინამდებარე საქმის მთავარი სამართლებრივი საკითხი შეეხება მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის იურიდიული მოწესრიგების დადგენის საკითხს - სახეზეა ნარდობის თუ შრომითი ხელშეკრულება, ამის შემდგომ კი შრომითი ხელშეკრულების (თუ კი ასეთი ურთიერთობა დადასტურდება) შეწყვეტიდან გამომდინარე წარმოშობილი მოთხოვნების: სამსახურში აღდგენის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერების, განაცდურის შესახებ სააპელაციო პალატის მიერ მიღებული განჩინების მართლზომიერების კვლევას.
39. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, იმსჯელებს მხარეთა შორის არსებული სართალურთიერთობის შინაარსისა და მოწესრიგების ტიპის საკითხზე (შრომითი თუ ნარდობის ხელშეკრულებაა სახეზე), რადგან აღნიშნული განსაზღვრავს სხვა მოთხოვნათა განხილვის საფუძვლებს.
40. სსკ-ის 340-ე მუხლის თანახმად, შერეული ხელშეკრულებების განმარტებისას მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან.
41. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
42. ნარდობა შრომის ხელშეკრულების მომიჯნავე კონსტრუქციაა, კერძოდ: ა) ნარდობის საგანს წარმოადგენს მენარდის შრომის შედეგი (რეზულტატი). შრომის ხელშეკრულებით კი მუშაკი ვალდებულია შეასრულოს განსაზღვრული სამუშაო დაკავებული თანამდებობის, პროფესიის თუ კვალიფიკაციის მიხედვით, მაგრამ სამუშაოს შედეგი, როგორც ასეთი, არ წარმოადგენს შრომის ხელშეკრულების საგანს; ბ) ნარდობის ხელშეკრულებაში მენარდე ქონებრივად და ორგანიზაციულად დამოუკიდებელია შემკვეთისაგან და მას არ ექვემდებარება. შრომის ხელშეკრულებით კი, მუშაკი ექვემდებარება ადმინისტრაციას (დამსაქმებელს); გ) ნარდობის ხელშეკრულების მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები, დასაქმებული კი ყოველთვის ფიზიკური პირია (შდრ. ზ. ძლიერიშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი I, თბილისი 2001,238,239; ზ. შველიძე, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული დასაქმებულის სამართლებრივი სტატუსის მახასიათებლები, შრომის სამართალი (სტატიათა კრებული), I, თბილისი, 2011, 91) (შდრ: სუსგ ას-1079-2020, 28 სექტემბერი, 2021 წელი, პ. 11).
43. როგორც ნარდობის, ისე - შრომითი ხელშეკრულების უმთავრესი მსგავსება სამუშაოს შესრულებაა (მომსახურების გაწევა), თუმცა ამ ორ სამართლებრივ ურთიერთობას შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაცაა: შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
44. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის გენერალური პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას განასხვავებს ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან. უპირველესად, ეს არის ურთიერთობის სუბიექტები: დამსაქმებელი და დასაქმებული (სშკ-ის მე-3 მუხლი), გარდა ამისა, დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია სამუშაო პროცესი, რომელიც ორგანიზებულად წარიმართება დამსაქმებლის მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით (შრომითი ხელშეკრულება, შინაგანაწესი, საკანონმდებლო რეგულაცია და სხვა).
45. რაც შეეხება ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობას, აღნიშნული საკითხი სრულად წესრიგდება სამოქალაქო კოდექსის 629-ე-656-ე მუხლებით, ასევე, სახელშეკრულებო სამართლის ყველა იმ ზოგადი დანაწესებით, რომლებიც ზემოხსენებული სპეციალური ნორმებით არ რეგულირდება. ამ ურთიერთობის ნამდვილობისათვის დამახასიათებელი უმთავრესი ნიშანი ისაა, რომ ორმხრივად მავალდებულებელი, სასყიდლიანი ურთიერთობა ხასიათდება კონსესუალური ბუნებით, ანუ წარმოშობილად მიიჩნევა მხარეთა მიერ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან (სკ-ის 327.1 მუხლი) და ნარდობის მთელი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნებულია მისი სუბიექტების თანასწორობა (დამოუკიდებლობა), რომელიც ორიენტირებულია ხელშეკრულების მიზნის მიღწევაზე და არ ახასიათებს ორგანიზაციული დაქვემდებარება; შრომითი ურთიერთობა კი, შრომის კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, წარმოშობილად მიიჩნევა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
46. ვალდებულების დარღვევის თვალსაზრისით, განსხვავებულია კრედიტორისა და მოვალის როგორც პირველადი, ისე - მეორადი მოთხოვნებიც: თუკი შრომით ურთიერთობაში დამსაქმებელი უფლებამოსილია, გამოიყენოს შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული სანქციები ან ცალმხრივად შეწყვიტოს ურთიერთობა (შკ-ის 37-ე მუხლი), ნარდობიდან გამომდინარე ვალდებულებათა დარღვევისას, იმის მიხედვით, თუ რა წარმოადგენს ხელშეკრულების საგანს, გამოიყენება როგორც სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლებით გათვალისწინებული, ისე უშუალოდ ნარდობის სპეციალური რეგულაციები (სკ-ის 636-ე-637-ე; 642-ე-644-ე მუხლები). (იხ. სუსგ. ას-1132-1088-2016, 17.02.2017წ;)
47. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცებით, იგი შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა სს „ლ–სთან’’, ხოლო მოპასუხის მტკიცებით მხარეთა შორის შრომით სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა და შემსრულებელი ნარდობის/მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად ახორციელებდა გარკვეული სამუშაოების შესრულებას, რაც ვერ დაექვემდებარება შრომით-სამართლებრივ ნორმებს. ამდენად, დასადგენია მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება ემსახურებოდა შრომით სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის მიზანს, თუ მათი მიზანი სსკ-ს 629-656-ე მუხლებით რეგულირებული სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობა იყო.
48. საქმეში წარმოდგენილი 01.01.2023 წელს დადებული #LO-NZ/01012023 მომსახურების ხელშეკრულების დანართით დადგინდა, რომ შემსრულებელი კისრულობს ვალდებულებას, შეასრულოს სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შემსრულებელს შეთანხმებული საზღაური. ხელშეკრულების მე-3 მუხლით განისაზღვრა შესასრულებელი სამუშაო და შესრულების ვადა. კერძოდ, 3.1. პუნქტის თანახმად, სამუშაოს შესრულების ვადები განისაზღვრება ხელშეკრულების მოქმედების ვადების შესაბამისად. 3.2 პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებულია: შეასრულოს სამუშაო კეთილსინდისიერად, ყოველდღიურად, საქართველოს ტერიტორიაზე შემკვეთის მიერ მითითებულ ნებისმიერ ადგილას, მათ შორის სოფელ .......... „ლუდსახარში ..........“ ტერიტორიაზე ამ/და თბილისში, .......... ში ამ/და .......... -ში; შემსრულებელს ასევე ევალებოდა დაეცვა დამკვეთის მიერ შემუშავებული სამუშაო ქცევის წესები, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
49. ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა სამუშაოს შესრულების ფასი და ანგარიშსწორების წესი: ხელშეკრულების 4.1. პუნქტით, სამუშაოს ფასი მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხელშეკრულების
50. 4.1.1. პუნქტის თანახმად, 21:00 საათიდან 09:00 საათამდე პერიოდში შესრულებული სამუშაოს საათობრივი ანაზღაურება გამოითვლება 1.20 კოეფიციენტით. ხელშეკრულების 4.2. პუნქტით, ანგარიშსწორება გაწეული სამუშაოსთვის ხდება უნაღდო ფორმით, შემდეგი წესით: 4.2.1. 100% ამ ხელშეკრულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტის მხარეთა მიერ ხელმოწერიდან 5 საბანკო დღის ვადაში.
51. ხელშეკრულების 4.3.-4.4 პუნქტების თანახმად, შემკვეთი, შემსრულებლის სახელით, უზრუნველყოფს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ოდენობის საპენსიო შენატანის შემსრულებლის დასაბეგრი ანაზღაურებიდან დაკავებას და შემსრულებლის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე შეტანას. შემკვეთის იმ შემოსავლის ნაწილში, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით განეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს, შემკვეთი იხელმძღვანელებს საკუთარი შიდა რეგულაციის მიხედვით, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან.
52. ხელშეკრულების მე-5 პუნქტით განისაზღვრა შესრულებული სამუშაოს მიღება. კერძოდ, შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო, თუ ის შესაბამისობაშია ხელშეკრულების პირობებთან. სამუშაოს დასრულების შემდეგ, შემსრულებელი წარუდგენს შემკვეთს შესრულებული სამუშაოს შესახებ მიღება-ჩაბარების აქტს. მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული იქნება: შესრულებული სამუშაოს დასახელება; შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების თანხა.
53. ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, შემსრულებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს შემკვეთს სამუშაოს წარმოებისას მისგან დამოუკიდებლად ხელისშემშლელ პირობებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსრულებელი არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან.
54. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება მეორე მხარისათვის 3 დღით ადრე წერილობითი შეტყობინებით. ხოლო, შემსრულებელს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება მეორე მხარისათვის 2 კვირით ადრე წერილობითი შეტყობინებით.
55. ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად კი, წინამდებარე ხელშეკრულებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი დებულებები, ვინაიდან მხარეებს შორის ფორმდება მომსახურების ტიპის ხელშეკრულება. შესაბამისად, სუბიექტებად წარმოდგენილნი არიან „დამკვეთი“ და „შემსრულებელი“, რაც თავის მხრივ, უპირობოდ გამორიცხავს აღნიშნულ ურთიერთობაზე საქართველოს შრომის კოდექსის დებულებათა გამოყენებას.
56. საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ 2021 წლის 28 ივნისიდან 2024 წლის სექტემბრის პერიოდამდე, დაახლოებით 3 წლისა და 3 თვის მანძილზე ზ.ნ–ი ასრულებდა გარკვეული ტიპის სამუშაოს მოპასუხე კომპანიისთვის.
57. დადგენილია, რომ მოსარჩელეს არ შეეძლო თავად ემართა საკუთარი შრომითი პირობები, არამედ საქმიანობას ახორციელებდა ორგანიზაციული მოწესრიგების შესაბამისად, ასევე ჰყავდა მუშაობის ზედამხედველი ლ.ს–ძე. ასევე დადენილია, რომ მისთვის „შემოთავაზებულ იქნა ალტერნატიული საწყობის სუპერვაიზერის ხელმძღვანელობის არეალში გადასვლა“, ასევე მოპასუხე მის მიერ წარმოდგენილ შესაგებელშიც არაერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებაზე, რომ ზ.ნ–ი ხელმძღვანელის მითითებებს ასრულებდა. აღნიშნული ფაქტები კი თავისთავად მეტყველებს მოსარჩელისა და მოპასუხის იერარქიული ურთიერთობის ხასიათზე.
58. ასევე გასათვალისწინებელია სამუშაოს შესრულების ადგილისა და დროის განსაზღვრაც. კერძოდ, დადგენილია, რომ მოსარჩელე სამუშაოს შესასრულებლად დადიოდა სოფელ ........., „ლუდსახარში ..........“ ტერიტორიაზე, ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰქონდა (სამუშაოს დაწყების და დასრულების დრო ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტი) და ევალებოდა დაეცვა დამკვეთის მიერ შემუშავებულის სამუშაო ქცევის წესები. ასევე, რომ დაბეგვრა თანხისა ხდებოდა გამცემთან და მოპასუხე ახდენდა საპენსიო შენატანის გადახდას.
59. ზემოაღნიშნული გარემოებები: სახელშეკრულებო ურთიერთობის ხასიათი, შინაარსი, ბუნება, ქვემდებარეობის, ზედამხედველობის, კონტროლის ნიშნები, ანაზღაურების გაცემის დანიშნულება, მათ შორის მე-13 ხელფასის ჩარიცხვა ადასტურებდა მხარეთა შორის სწორედ შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტზე, რასაც იზიარებს საკასაციო პალატა.
60. ზემოაღნიშნულის საპირწონედ, ნარდობის არსებობის დასაბუთებისთვის კასატორმა წარადგინა შემდეგი არგუმენტები: 1) ნარდობას, როგორც შრომითსამართლებრივ ხელშეკრულებასაც, ახასიათებს იერარქიული ხასიათი, რის გამოც, დამკვეთს ერთგვარი ზედამხედველობითი უფლებამოსილება აქვს 2) სასამართლოს არ ჰქონდა უფლება გადაეკვალიფიცირებინა ნარდობის ხელშეკრულება შრომითად ისე, რომ ამის შესახებ მხარეს არ ჰქონოდა მითითება. 3) ზ.ნ–ს ჰქონდა კონკრეტული დავალება ლ.ს–ძისგან, რომელიც დღის განმავობაში უნდა შეესრულებინა. მოსარჩელე არ იყო მოკლებული შესაძლებლობას, რომ დაეგეგმა საკუთარი შრომა აღნიშნული დავალება დამოკიდებული იყო კონკრეტულ დროში მიღწეულ შედეგზე. ასევე, ნამუშევარი საათების აღრიცხვას აწარმოებდა დამკვეთი, რის მიხედვითაც ხდებოდა შესაბამისი ანაზღაურება. 5) საქართველოს საგადასადახო კანონმდებლობის თანახმად, როგორც შრომით, ისე ნარდობის ხელშეკრულების შემთხვევაში, ფიზიკურ პირთან დასაკავებელი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას ახორციელებს დამქირავებელი. შესაბამისად, იურიდიული პირის ვალდებულებას წარმოადგენდა თავად დაეკავებინა ფიზიკური პირის გადასახადი.
61. პირველ არგუმენტს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან იერარქიულ და პირთა თანასწორობაზე დამყარებული ურთიერთობებს შორის განსხვავება სწორედ ის ამოსავალი პრინციპია, რაც განასხვავებს ერთმანეთისგან სახელშეკრულებო ურთიერთობათა სამოქალაქო-სამართლებრივ ბუნებას. სწორედ ამას აღნიშნავს კიდეც სამოქალაქო კოდექსის პირველი მუხლი, რომლის თანახმად, ეს კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს. ხოლო, ამავე კოდექსის 629-656 მუხლები მოიცავს ნარდობის ხელშეკრულებას, შესაბამისად, თუნდაც ღრმა სამართლებრივი დასაბუთების გარეშეც, წმინდა ნორმატიული სისტემატიზაციაც ადასტურებს, რომ ნარდობის ხელშეკრულებაში გამორიცხულია არსებობდეს იერარქიული ხასიათი, რამდენადაც მისი ბუნება დაფუძნებულია პირთა თანასწორობას. ის, რასაც კასატორი ნარდობის კონტექსტში დამკვეთის დაქვემდებარებად აკვალიფიცრებს, რეალურად ურთიერთობის არა სუბორდინირება, არამედ კრედიტორული მოთხოვნის ბუნებრივობა განსაზღვრავს, სხვაგვარად, კასატორისეული მსჯელობის ხაზით განისაზღვრება, რომ თითქოს, არა მხოლოდ ნარდობას, არამედ სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ყველა სხვა სამართლებრივ ურთიერთობას აქვს იერარქიული ხასიათი, რაც სამოქალაქო სამართლის დამაფუძნებელი უზოგადესი პრინციპების უგულებელყოფას წარმოადგენს. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც არის შრომითი ურთიერთობები მოწესრიგებული შრომის კოდექსით და არა სამოქალაქო კოდექსით, სწორედ მათ შორის არსებულ ურთიერთობათა კონცეფციური განსხვავებაა მათ შორისაა სწორედ დასახელებული პრინციპული გამიჯვნის საფუძველიც. აქედან გამომდინარე, კასატორის აღნიშნულ დასაბუთებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.
62. მეორე არგუმენტთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო უთითებს სსსკ-ის მე-3 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.
63. მხარე უფლებამოსილია განკარგოს მხოლოდ საკუთარი უფლება, რომელიც მას გააჩნია კანონის ან/და ხელშეკრულების საფუძველზე. მაგალითად, სარჩელის ცნობა იწვევს სარჩელის დაკმაყოფილებას. რა თქმა უნდა, მოპასუხის ამ უფლების განკარგვაში მოსამართლე არ ერევა, მაგრამ ამისათვის მოსამართლე თავისი ინიციატივით ადგენს სამართლებრივი ურთიერთობის სტრუქტურას (ვინ ვისგან, რას, რა საფუძვლით მოითხოვს). მოსარჩელე უნდა იყოს სათანადო - მას უნდა ჰქონდეს უფლება, რომლის დაცვასაც ის ახორციელებს სარჩელით და მოპასუხე უნდა იყოს სათანადო - მას უნდა ეკისრებოდეს პასუხისმგებლობა მოსარჩელესთან არსებული ურთიერთობის ნორმატიული აღწერილობის თანახმად (იხ. სუსგ საქმე №ას-180-169-2017, 19 ივლისი, 2018 წელი). აღნიშნული სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, უნდა ითქვას, რომ შესაძლოა მხარემ ზუსტად ვერ განსაზღვროს სამართალურთიერთობის რეალური შინაარსი, თუმცა დისპოზიციურობის პრინციპის დარღვევის გარეშე, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს სამართალურთიერთობის სახე, რადგან დავის გადაწყვეტამდე ურთიერთობის დადგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და სასამართლოც უფლებამოსილია იმსჯელოს აღნიშნული ურთიერთობის სამართლებრივ კვალიფიკაციაზე იმის მიუხედავად, მოსარჩელე სწორად მიუთითებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს თუ არა. აქედან გამომდინარე, კასატორის ის არგუმენტი, რომ თითქოს სასამართლოს არ შეეძლო ურთიერთობის მოწესრიგების განსაზღვრა, დაუსაბუთებელია, რადგან დისპოზიციურობის მიუხედავად, სასამართლოს აღნიშნული უფლებამოსილება თავისთავად აქვს, აღნიშნულის დადგენის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა თითოეული საქმის განხილვა.
64. შრომით პირობებთან დაკავშირებით კასატორის მეოთხე არგუმენტზე სასამართლო უთითებს წინამდებარე განჩინების 58-ე პარაგრაფზე, სადაც როგორც დადგენილი ფაქტი განსაზღვრულია, რომ სადავო ხელშეკრულებით მოწესრიგებული იყო სამუშაოს შესრულების დრო და ადგილი, რაც მეტყველებს ხელშეკრულების შრომით ხასიათზე, ამიტომ აღნიშნული არგუმენტი არარელევანტურია.
65. რაც შეეხება საგადასახადო ვალდებულებებზე მითითების მეხუთე არგუმენტს, საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „თ“ პრიმა პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით: ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით.
66. ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც პირს უხდის პენსიას.
67. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საპენსიო შენატანი ესაა მონაწილის სახელითა და ხარჯით, მის სასარგებლოდ, მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ასახვის მიზნით, ამ კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით გადახდილი თანხა.
68. ზემოაღნიშნულ ნორმათა სისტემური ანალიზის, ასევე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე უნდა ითქვას, რომ მოპასუხის მიერ საპენსიო ფონდში მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის დაკავება სწორედაც მიუთითებს შრომითი ურთიერთობის არსებობაზე, რადგან სხვა არც ერთ შემთხვევაში იურიდიული პირი არაა ვალდებული/უფლებამოსილი დაუკავოს მასთან სამართლებრივ ურთიერთობაში არსებულ პირს საპენსიო დანაზოგის თანხა. საპენსიო დანაზოგის გადახდა დამოკიდებულია შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობაზე, აქედან გამომდინარე, კასaტორის მითითება საპენსიო თანხის დაკავებაზე, პირიქით მიუთითებს და ადასტურებს შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობას.
69. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ სწორად იქნა განსაზღვრული მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება როგორც შრომითი ურთიერთობა. რადგან სახელშეკრულებო ურთიერთობის ბუნება უკვე დადასტურებულია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საფუძვლიანია კასაციის შემდგომი არგუმენტების განხილვა, რომლებიც უშუალოდ შრომითი ურთიერთობის კონტექსტიდან გამომდინარეობს.
70. შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ უფლების ბოროტად გამოყენება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა (სუსგ Nას-1350-2019, 27.11.2019წ.).
71. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, არაერთ საქმეში განმარტა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; №ას-539-539-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი). მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია (იხ. სუსგ: №ას-1304-2020, 11.06.2021; №ას-151-147-2016,1 9.04.2016).
72. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებშია (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი სშკ-ს 37-38-ე მუხლები) მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის (იხ. სუსგ საქმე №ას-1404-2022, 15 თებერვალი, 2023 წელი).
73. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების თანახმად, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს ზემოაღნიშნული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების შეფასებისას, არის პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება (იხ. სუსგ საქმე Nას-106-101-2014, 02 ოქტომბერი, 2014 წელი; Nას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი).
74. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას, დამსაქმებელმა უნდა იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულისათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება, ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე, დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა. (იხ. სუსგ-ები: Nას-941-891-2015, 29.01.2016 წ Nას-224-224-2018, 18.05.2018წ; N ას-361-2022, 10.06.2022 წ.) (იხ. სუსგ საქმე №ას-1493-2022, 21 აპრილი, 2023 წელი).
75. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი).
76. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.).
77. შრომითსამართლებრივ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურობა განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით. ამ კატეგორიის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა იმ ძირითადი პრინციპიდან გამომდინარეობს, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შეად. სუსგ-ებს: N ას-922-884-2014, 16.04.2015 წ; Nას-483-457-2015, 07.10.2015 წ; N ას-182-171-2017, 27.12.2019წ; N ას-1429-2020, 18.03.2022წ; N ას-456-2021, 22.03.2022წ; N ას-57-2022, 13.04.2022წ.; Nას-1438-2022, 2.02.2023წ.; №ას-283-2024 26.04.2024წ.).
78. უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მტკიცების ტვირთი სპეციფიურადაა გადანაწილებული შრომითსამართლებრივ დავებში, სადაც თავად შრომითი ხელშეკრულების იერარქიული ბუნებიდან გამომდინარე, აუცილებელია სუსტი და ძლიერი მხარეების პროცესუალური დაბალანსება, რათა შესაძლებელი იყოს არათანაბარ, იერარქიულ დამოკიდებულებაში მყოფი მხარეებისთვის თანაბარი პირობების შექმნა. სწორედ ამიტომ, დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების დადასტურების მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს აწევს, რომელმაც უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ კანონიერია და არ არღვევს დასაქმებულის შრომით უფლებებს. (შდრ სუსგ. №ას-922-884-2014, 16 აპრილი, 2015 წელი; №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-182-171-2017, 27 დეკემბერი, 2019 წელი).
79. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია.
80. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ზ.ნ–ი 2021 წლის 28 ივნისიდან - 2024 წლის 13 სექტემბრამდე უწყვეტად საქმიანობდა სს „ლ–სში“. ამდენად, სახეზეა უვადოდ დადებული შრომითი ხელშეკრულება.
81. დადგენილია, რომ 2024 წლის 13 სექტემბერს სს „ლ–სმა“ ზ.ნ–ს მიწერა შემდეგი შინაარსის წერილი: „გაცნობებთ, რომ ხელშეკრულების 9.2 პუნქტის საფუძველზე ვწყვეტთ ხელშეკრულებას. აქვე გაცნობებთ, რომ სს „ლ–სის“ მხრიდან საფუძვლიანად იქნა გამოკვლეული თქვენს მიერ 2024 წლის 03 სექტემბერს წარდგენილი ახსნა-განმარტებითი წერილი, რის საფუძველზეც ამოღებულ იქნა შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერი და გამოკვლეულ იქნა ინციდენტის მოწმე პირები. ყოველივე ზემოთხსენებულის საფუძველზე დადგინდა, რომ ლ.ს–ძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია თქვენთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენებას ან/და მის მცდელობასაც კი (მათ შორის, როგორც თავად აღნიშნავთ წერილში „დასარტყმელად გამოწევას). ამას გარდა, კომპანიის მხრიდან სიტუაციის განეიტრალების და შემდგომი კონფლიქტური სიტუაციების პრევენციის მიზნით, თქვენთვის შემოთავაზებულ იქნა ალტერნატიული საწყობის სუპერვაიზერის ხელმძღვანელის არეალში გადასვლა, იგივე საქმის შესასრულებლად და იგივე ანაზღაურებით, რაზეც ნებაყოფლობით განაცხადეთ უარი. ვინაიდან არ ცხადდებით სამსახურში და უარი განაცხადეთ შეთავაზებული სამუშაოს შესრულებაზე, იძულებული ვართ შევწყვიტოთ თქვენთან არსებული ხელშეკრულება. შესაბამისად, გატყობინებთ, რომ წინამდებარე შეტყობინების ჩაბარებიდან 3 კალენდარული დღის გასვლისთანავე, სს „ლ–სსა“ და თქვენ შორის გაფორმებული ხელშეკრულება #LO-NA/NZ/280621 იქნება შეწყვეტილი. წინამდებარე დოკუმენტით მხარეთა შორის სრულდება ყოველგვარი სამართლებრივი ურთიერთობა“.
82. საქმეში კასატორის შედავება აგებულია სახელშეკრულებო ურთიერთობის ბუნების დადგენაზე, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა შრომითი ხელშეკრულება, თუმცა შრომის კოდექსით განსაზღვრული ხელშეკრულების შეწყვეტის რომელიმე საფუძველზე ის არ მიუთითებს და ასეთის დადასტურების მიზნით საქმეში რაიმე მტკიცებულებაც წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა 2024 წლის 13 სექტემბერს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერი საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის მიხედვით, სშკ-ს 47-48-ე მუხლების საფუძველზე, დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულისათვის სამუშაოს პირობების შეცვლა/შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, სათანადო სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, ვერ განიხილება გამართლებულად და მიუთითებს მხოლოდ მოპასუხე კომპანიის გადაწყვეტილების თვითნებობაზე.
83. რაც შეეხება სამსახურში აღდგენას, სშკ-ს 48.8 მუხლი ითვალისწინებს როგორც პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენას, ისე კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას თუ კი დადასტურდება, რომ მოსარჩელე უკანონოდ გათავისუფლდა სამსახურიდან.
84. მოცემულ შემთხვევაში, დადასტურდა, რომ მოსარჩელე უკანონოდ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ასევე, სურს იმავე სამსახურში აღდგენა და მუშაობის გაგრძელება. ამ კონტექსტში, გასაზიარებელია სააპელაციო პალატის დასაბუთება, რომ სასამართლოს შეფასებით მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საშტატო ნუსხა არ წარმოადგენს ზ.ნ–ის იმავე პოზიციაზე აღდგენისათვის დამაბრკოლებელ გარემოებას. ამდენად, მართლზომიერია მოსარჩელის სამსახურში აღდგენის ფაქტი.
85. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის, ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაც. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია.
86. სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ასევე, 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
87. განსახილველ შემთხვევაში, უკვე დადგენილია, რომ მხარეები შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, ასევე ქვედა ინსტანციის სასამართლოში დადგინდა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა უკანონოდ. ასევე, სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მისი სამსახურში აღდგენის მართლზომიერება.
88. დადგენილია, რომ დამსაქმებელმა უკანონოდ შეწყვიტა, შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან (მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება), შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პერიოდში მოსარჩელემ ვერ შეძლო სახელფასო ანაზღაურების მიღება (ზიანი), რომ არა დამსაქმებლის უკანონო ბრძანება მოსარჩელე შეძლებდა შემოსავლის მიღებას (მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის ცალსახაა). განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა აღნიშნავს, რომ დამსაქმებლის უკანონო ბრძანების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად, დასაქმებულს მიადგა ზიანი, რაც გამოიხატა მის მიერ შრომითი მოვალეობების შესრულების შეუძლებლობასა და კუთვნილი ანაზღაურების (ხელფასის) მიუღებლობაში.
89. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი მსჯელობა ცხადს ხდის, რომ არამართლზომიერად მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებამ გამოიწვია მისი მოცდენა, შესაბამისად, დასაბუთებულია მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის სახით 2024 წლის 13 სექტემბრიდან სამსახურში აღდგენამდე დროის მონაკვეთში დაეკისროს 1910 (დადგენილია, რომ ბოლო 8 თვის განმავლობაში მიღებული ანაზღაურების საშუალო არითმეტიკულიდან, რომელიც შეადგენს ყოველთვიურად 1910 ლარს) ლარი (ხელზე ასაღები).
90. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განუხილველი.
91. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ლ–სის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. სს „ლ–სს“ (ს.კ. ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით ე. ა–ის (პ.ნ. ..........) მიერ გადახდილი (საგადასახადო დავალება (მოთხოვნა) N6020; გადახდის თარიღი: 29.01.2026) 1528 ლარის 70% - 1069,6 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი