დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
16 მაისი 2025 წელი
№ას-147-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ.ნ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ო.ნ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1-ელი ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ო.ნ–მა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „I აპელანტი“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს გ.ნ–ის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „II აპელანტი“, „კასატორი“) მიმართ, თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თელავი, ........, ს/კ ........., აუქციონზე რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმებისა და ამონაგები თანხის წილთა პროპორციულად მხარეებს შორის გაყოფის, აგრეთვე მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 600 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, 2021 წლის 09 მაისიდან თანასაკუთრების საგნის ½ წილის გამოთავისუფლებამდე.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. მხარეები არიან ძმები. ო.ნ–ი ოჯახის სხვა წევრებთან - მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს აშშ-ში. 2020 წლის 01 ნოემბერს გარდაიცვალა მხარეთა ბიძაშვილი ლ.ყ–ი, რომელსაც არ დარჩენია წინა I-IV რიგის მემკვიდრე. ლ.ყ–ს დარჩა სამკვიდრო მასაში შემავალი ორი უძრავი ნივთი, მდებარე: 1) ქ. თბილისი, ..........., ს/კ ........., ფართით 16 კვ.მ. და 2) ქ. თელავი, .........., ს/კ ........, მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 741.00 კვ.მ. მასზე განთავსებულ გაშენების ფართით 212.32 კვ.მ. შენობა-ნაგებობასთან ერთად.
2.2. ისე, რომ უცხოეთში მყოფი ძმისთვის გ.ნ–ს ბიძაშვილის გარდაცვალება არც კი შეუტყობინებია, სანოტარო ბიუროში სამკვიდროს მისაღებად განცხადების შეტანამდე თვითნებურად დაეუფლა ქ. თელავში, .......... ქუჩაზე არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას ოჯახის სხვა წევრებთან (მეუღლესთან, შვილებთან, შვილიშვილებთან და სიძეებთან ერთად) და დღემდე აგრძელებს ცხოვრებას ო.ნ–ის კუთვნილ წილში.
2.3. მოსარჩელე და მოპასუხე, სამკვიდრო მოწმობების საფუძველზე, აღრიცხულნი არიან სადავო ქონების მესაკუთრეებად თანაბარ ½- ½ წილებში. ძმებს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობაა. გ.ნ–ის თვლის, რომ რადგან მოსარჩელე აშშ-ში ცხოვრობს, მას უკეთესი მატერიალური მდგომარეობა აქვს და როგორც თბილისში, ისე თელავში არსებული სამკვიდრო ქონებით მხოლოდ მან უნდა მიიღოს სარგებელი. მას შემდეგ, რაც გ.ნ–ი ო.ნ–თან ერთად აღირიცხა ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის მესაკუთრედ, მოსარჩელე ითხოვს უძრავი ნივთის ნებისმიერი ½ ნაწილის გამოთავისუფლებას, რათა ო.ნ–მა ისარგებლოს კუთვნილი წილით, კერძოდ, გააქირაოს და მიიღოს შემოსავალი. გ.ნ–ი ხსენებულ მოთხოვნას ნებაყოფლობით არ აკმაყოფილებს და განაგრძობს მთელ საცხოვრებელ სახლში ცხოვრებას ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, რის გამოც მოსარჩელეს ადგება მატერიალური ზიანი.
2.4. მხარეები ვერ შეთანხმდნენ საზიარო უფლების გაუქმების პირობებზე. მეტიც, მოპასუხის ოჯახის წევრები უარს ამბობენ გამოათავისუფლონ ო.ნ–ის კუთვნილი ½ წილი. მართალია ს.ს.ი.პ ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროს დასკვნით შესაძლებელია უძრავი ნივთის ორ თანაბარ ნაწილად გაყოფა, მაგრამ ამით საზიარო უფლება ვერ უქმდება, ამასთან, საჭიროა შეუსაბამოდ დიდი ხარჯები, რის გამოც საზიარო უფლება სადავო უძრავ ნივთზე უნდა გაუქმდეს ქონების აუქციონზე გაყიდვით და ამონაგების განაწილებით.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შესაძლებელია სადავო ქონების ნატურით გაყოფა, რაც გამორიცხავს მის აუქციონზე რეალიზაციას. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით მოპასუხემ განმარტა, რომ უძრავი ქონება იმყოფება მხარეთა თანასაკუთრებაში. სადავო ქონება არ არის გამიჯნული, თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში მოპასუხე ცხოვრობს ოჯახთან ერთად, შესაბამისად, მისი გაქირავება შეუძლებელია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ო.ნ–ის და გ.ნ–ის საზიარო უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თელავი, ....., ს/კ .......... მისი აუქციონზე გაყიდვით და თანამესაკუთრეებს - ო.ნ–სა და გ.ნ–ს შორის ამონაგების განაწილებით; არ დაკმაყოფილდა ო.ნ–ის მოთხოვნა გ.ნ–ის მიმართ ზიანის ანაზღურების თაობაზე.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხემ. მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით ზიანის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხე მოითხოვდა საზიარო ქონების აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის უარყოფას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თელავში, ........, ს/კ ..........., დაზუსტებული ფართობი 741 კვ.მ. გაშენების ფართი 212.32 კვ.მ. თანასაკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელე ო.ნ–ის (1/2 წილი) და მოპასუხე გ.ნ–ის (1/2 წილი) სახელზე.
7.2. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 11 მაისის №003121021 საინჟინრო-ტექნიკური დასკვნის თანახმად, ქ. თელავი, .......... მდებარე, ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გამიჯვნა ორ ტოლ თანაბარ ნაწილად (½ და ½ წილების შესაბამისად) ტექნიკური თვალსაზრისით, სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ფუნქციური ღირებულების შემცირების გარეშე შესაძლებელია ისე, როგორც დანართ №2-ზე და დანართ №3-ზეა ნაჩვენები. ასეთი გაყოფის შემთხვევაში, 741 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან, შენობა №1-ის განაშენიანების 213 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართი დარჩება საერთო საკუთრებაში, ხოლო, - განაშენიანებისგან თავისუფალი 528 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან ½ წილის მფლობელს შესაძლებელია გამოეყოს მისი კუთვნილი წილის შესაბამისი 264 კვ.მ. მიწის ფართი (დანართ №3-ზე ლურჯი ფერით ნაჩვენები). შენობა-ნაგებობის 269.2 კვ.მ. ფართიდან ½ წილის მფლობელს შესაძლებელია გამოეყოს მისი წილის შესაბამისი 134.6 კვ.მ. ფართი (დანართ №2-ზე ყვითელი ფერით აღნიშნული), ხოლო მეორე ½ წილის მფლობელს შესაძლებელია გამოეყოს მისი წილის შესაბამისი 134.6 კვმ.. ფართი (დანართ №2-ზე ლურჯი ფერით აღნიშნული). ასეთი გაყოფის შემთხვევაში საჭირო იქნება ტიხრის, კარისა და ფანჯრის ღიობების ამოშენება - მოწყობა, როგორც ეს დანართ №2-ზე არის ნაჩვენები. საჭირო იქნება შენობა №1-ში ყვითელი ფერით გამიჯნულ ფართებთან დამაკავშირებელი კიბის მოწყობა და ასევე ლურჯი ფერით გამიჯნულ ფართებში სამზარეულოს მოწყობა.
დასკვნის თანახმად, შენობა №1 ფაქტობრივად წარმოადგენს ორსართულიან საცხოვრებელ სახლს, რომლის პირველი სართული წარმოადგენს ნახევარსარდაფის ტიპის სართულს. №.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს მხოლოდ სამხრეთ ნაწილში ესაზღვრება საჯარო გზა (მ......... ქუჩა).
7.3. ს.ს.ი.პ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 10 ივნისის წერილით №5003728921 განმარტებული იქნა შემდეგი: „მხარეებს შორის არ დარჩენილა საერთო სარგებლობაში არსებული ფართები: კერძოდ, არც კიბე, არც სამზარეულო და არც საპირფარეშო-აბაზანა. მხოლოდ საჭიროა ლურჯი ფერით გამიჯნულ ფართებში დამოუკიდებელი სამზარეულოს მოწყობა. ასევე დასკვნაში მითითებული იქნა, რომ გამიჯვნის შემთხვევაში საჭირო იქნებოდა ტიხრის, კარისა და ფანჯრის ღიობების ამოშენება-მოწყობა, როგორც ეს დანართ №2-ზეა ნაჩვენები. ამასთან ყვითელი ფერით გამიჯნულ ფართებთან საჭიროა დამოუკიდებელი დამაკავშირებელი კიბის მოწყობა, რომლის ადგილმდებარეობა დასკვნის დანართებზე ნაჩვენები არ იქნა, ვინაიდან ხსენებული კიბის მოწყობა წარმოადგენს პროექტირების საგანს და მისი მოწყობა შესაძლებელია როგორც შენობის გარეთ, ისე შიგნით (სხვადასხვა ადგილას). შესაბამისად, აღნიშნული საკითხი გადაწყვეტილ უნდა იქნეს მხარეების მიერ, შესაბამისი პროექტის მიხედვით. აღნიშნული სამუშაოების საჭირო იქნება სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება, რომელიც დაკავშირებული იქნება გარკვეულ დანახარჯებთან, ხოლო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს იმის შესახებ, აღნიშნული ხარჯები მხარეებისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან დანახარჯებს თუ უმნიშვნელოს. .......... ს/კოდით რეგისტრირებული განაშენიანებისგან თავისუფალი მიწის ნაკვეთის გამიჯვნაც მომხდა ორ ტოლ თანაბარ ნაწილად. ორივე მიწის ნაკვეთს სამხრეთის ნაწილიდან გააჩნიათ დამოუკიდებელი კავშირი საჯარო (საავტომობილო) გზასთან (მოსაშვილის ქუჩასთან), რაც თვალნათლივ არის ნაჩვენები დასკვნის დანართ №3-ზე, ხოლო საჯარო გზიდან შენობა-ნაგებობის იმ ნაწილში მოხვედრა, რომელიც გამოყოფილია ყვითელი ფერით, ხდება კარის ღიობით, რომლის მოწყობაც უნდა მოხდეს გამიჯვნის შემთხვევაში, რაც ასევე ნაჩვენებია დასკვნის დანართ №2-ზე, ხოლო ხსენებული კარი რა კონსტრუქციით უნდა დაუკავშირდეს მიწის ნაკვეთს (კიბით, პანდუსით და ა. შ.) ანდა საჯარო გზას აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ასევე უნდა მოხდეს მხარეების მიერ, შესაბამისი პროექტის მიხედვით. რაც შეეხება ლურჯი ფერით გამოყოფილ ფართებს, მათ არსებული მდგომარეობით უკვე გააჩნიათ ეზოდან შესასვლელი კარებები და შესაბამისად დამატებით კარის მოწყობის აუცილებლობა არ არსებობს.
7.4. ს.ს.ი.პ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნებით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოების ღირებულება მოცემულია შ.პ.ს. „ტ.ე“-ს მიერ მომზადებულ წინასწარ ხარჯთაღრიცხვაში, რომლის მიხედვით, სამუშაოების ღირებულება შეადგენს 50 589 ლარს.
8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ შემდეგი სამართლებრივი შეფასება მისცა:
8.1. პალატის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი უშვებს საზიარო საგნის ნატურით გაყოფას ნივთის ტექნიკურად ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფის შესაძლებლობის შემთხვევაში, თუმცა არ შეიცავს არავითარ დათქმას საზიარო საგნის სათანადო გადაკეთების შედეგად მიღებულ შესაძლებლობებზე. სასამართლოს განმარტებით, საზიარო უფლების მონაწილეთა წილობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგნის (საგნების) ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფა შესაძლებელია ღირებულების შემცირებისა და ფუნქციური დანიშნულების გარეშე.
8.2. პალატამ შენიშნა, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდა მხარეთა შორის საზიარო უფლების გაუქმების შესაძლებლობაზე იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდება მხარეთა მიერ დამატებითი სამშენებლო მოქმედებები და შესაბამისად მხარეთა მიერ გაწეული იქნება დამატებითი ხარჯიც. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად, შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 50 589 ლარს, რაც, პალატის განსჯით, მეტყველებდა სწორედ საზიარო უფლების ნატურით გაუქმების დაუშვებლობაზე.
8.3. სასამართლოს შეფასებით, რომ სადავო უძრავი ქონების ერთგვაროვან ნაწილებად ნატურით გაყოფისათვის აუცილებელი იქნება სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. აღნიშნული, სააპელაციო პალატის დასკვნით, ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდა საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შეუძლებლობაზე, რაც განაპირობებდა საზიარო უფლება ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით გააუქმებისა და ამონაგები თანხის მხარეთა შორის წილების შესაბამისად განაწილების სამართლებრივ შედეგს.
8.4. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უარყოფის დასასაბუთებლად სააპელაციო პალატამ შენიშნა, რომ მოსარჩელემ ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობება - არამართლზომიერი ქმედება - ვერ დაადასტურა. პალატის შეფასებით, იმ მოცემულობაში, როდესაც სადავო ქონება არ არის გამიჯნული, თანამესაკუთრის მიერ ქონებით სარგებლობა მართლსაწინააღმდეგო ქმედებად ვერ დაკვალიფიცირდებოდა. ამასთან, მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა, როგორ გააქირვებდა გაუმიჯნავ ფართს. მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სავარაუდო დამქირავებელი თანხმობას აცხადებდა სხვა თანამესაკუთრესთან ერთად გაუმიჯნავ სახლში ცხოვრებაზე, საქმის მასალებში მოსარჩელის მხრიდან არ წარდგენილა.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც სააპელაციო პალატამ ძალაში დატოვა ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის უარყოფა, შემდეგი საფუძვლებით:
9.1. სამოქალაქო კოდექსის 963-ე და 964.1 მუხლების გათვალისწინებით, კანონი მკაცრად მოითხოვს, საზიარო უფლების გაუქმება ქონების რეალიზაციით მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ტექნიკურად შეუძლებელია მისი ნატურით გაყოფა. საზიარო უფლების გაუქმება უნდა მოხდეს ნატურით გაყოფის გზით იმ შემთხვევაშიც, თუ საჭიროა გასაყოფი ქონების გარკვეული მოდიფიცირება. შესაბამისად, მოდიფიცირების აუცილებლობა არ შეიძლება ჩაითვალოს ნატურით გაყოფის დამაბრკოლებელ ფაქტორად. ასევე, აუცილებელი არ არის, რომ გაყოფილი ფართები იყოს ერთმანეთის იდენტური, მთავარ პირობას წარმაოდგენს ფუნქციური ღირებულების შენარჩუნება და არა ფართების სივრცეების იდენტური განაწილება. ამ თვალსაზრისით, კასატორი მიუთითებს საკაასაციო სასამართლოს №ას-108-2024 გადაწყვეტილებაზე.
9.2. საქმეში არსებული საინჟინრო-ტექნიკური დასკვნებით დგინდება, რომ შესაძლებელია უძრავი ქონების ორ ტოლ თანაბარ ნაწილად გამიჯვნა ისე, რომ მოხდეს საზიარო საგნის ღირებულების (ფუნქციური დანიშნულების) შენარჩუნება. ექსპერტიზის ორივე დასკვნა იძლევა გამიჯვნის შესაძლო იმ ვარიანტებს, რომლითაც შესაძლებელია მოხდეს საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის ნატურით გამიჯვნით და არა სადავო ქონების აუქციონზე რეალიზაციით.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14.1. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმ სამართლებრივი მიზნის გათვალისწინებით, რომლის მიღწევაც სურს მოსარჩელეს, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის ნაწილი, 963-ე მუხლი და 964-ე მუხლის პირველი ნაწილი.
14.2. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თელავი, .........., ს/კ ..........., ეკუთვნით თანაბარი ½ - ½ წილებით.
14.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
14.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ.
14.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლი ადგენს, რომ თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. სსკ 961-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.
14.6. ამავე კოდექსის 963-ე მუხლის შესაბამისად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით.
14.7. სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. თუ დაუშვებელია საზიარო საგნის გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მოწილეებს შორის.
15.1. თანასაკუთრების რეჟიმში არსებული ნივთის მესაკუთრე, ერთპიროვნულ მესაკუთრესთან შედარებით, ნივთის ფლობის, სარგებლობისა თუ განკარგვის უფლებით სარგებლობისას, ყოველთვის შეზღუდულია სხვა თანამესაკუთრის ნებითა და ინტერესებით, შესაბამისად, იგი ვერ ახორციელებს ნივთზე იმ მასშტაბის ფაქტობრივ თუ სამართლებრივ ბატონობას, როგორც ეს საკუთრების ბუნებითი შინაარსიდან გამომდინარეობს. სწორედ ამიტომ, თითოეულ თანამესაკუთრეს ნებისმიერ დროს შეუძლია საზიარო უფლების გაუქმების გზით მიაღწიოს თანამესაკუთრის სამართლებრივი ბოჭვიდან გასვლას. გასათვალისწინებელია, რომ თანამესაკუთრის პირად კავშირს ნივთთან კანონმდებელი იმგვარ ანგარიშგასაწევ ფაქტორად განიხილავს, რომელიც საზიარო უფლების გაუქმების მექანიზმებს შორის გარკვეულ იერარქიულ მიმართებას აწესებს, კერძოდ, პირველ რიგში, მოწმდება ნივთის ნატურით გაყოფის შესაძლებლობა, ხოლო თუ აღნიშნული ვერ მიიღწევა ღირებულების შეუმცირებლად, მხოლოდ ამის შემდეგ დგება დღის წესრიგში საზიარო საგნის გაყიდვისა და ამონაგების გაყოფის შესაძლებლობა. ამრიგად, საზიარო უფლების გაუქმება წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნას, რომლის დისპოზიციური უფლებამოსილება – შეარჩიოს საზიარო უფლების გაუქმების კონკრეტული საშუალება, შეზღუდულია მატერიალური კანონმდებლობით (იხ. სუსგ. №ას-1148-1094-2014 19.03.2015წ.).
15.2. საკასაციო პალატას არაერთხელ განუმარტავს, რომ სსკ 963-ე მუხლი მიუთითებს ორ აუცილებელ პირობაზე, კერძოდ, საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა (მრავალთა შორის იხ. სუსგ. №ას-67-65-2014, 31.07.2014წ.; №ას-1653-1550-2012, 15.04.2013წ.; №ას-1089-1020-2012, 08.10.2012წ.; №ას-932-875-2012, 17.09.2012წ.; №ას-1665-1562-2012, 04.02.2013წ.).
15.3. ამდენად, დაუშვებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, თუ შეუძლებელია ყველა თანამესაკუთრის საკუთრების უფლების ღირებულების შენარჩუნება საკუთარი იდეალური წილის შესაბამისად. მხოლოდ ერთი თანამესაკუთრის იდეალური წილის იმგვარი გამოყოფა, რომლითაც დაცულია ამ უკანასკნელის საზიარო საგნის გაყოფამდე არსებული მდგომარეობა (ღირებულება), საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის კონტექსტში ლეგიტიმურს არ ხდის, თუ დაცული და შენარჩუნებული არ არის სხვა თანამესაკუთრეთა იდეალური წილის მდგომარეობა (ღირებულება) (იხ. სუსგ. №ას-1977-2018, 22.03.2019წ.; №ას-1080-1000-2017, 27.10.2017წ.).
15.4. საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 11 მაისის №003121021 საინჟინრო-ტექნიკური დასკვნა ექსპერტიზის დასკვნა ქ. თელავში, ........ (ს/კ .........) მდებარე უძრავ ნივთთან მიმართებით ნატურით გაყოფის პერსპექტივას უშვებს შემდეგ ღონისძიებათა გატარების შემთხვევაში: 1. კარისა და ფანჯრის ღიობების ამოშენება - მოწყობა, როგორც ეს დანართ №2-ზე არის ნაჩვენები. 2. შენობა №1-ში ყვითელი ფერით გამიჯნულ ფართებთან დამაკავშირებელი კიბის მოწყობა 3. ლურჯი ფერით გამიჯნულ ფართებში სამზარეულოს მოწყობა.
15.5. აღნიშნული დასკვნა ერთმნიშვნელოვნად მოწმობს, რომ მარტოოდენ ნატურით გაყოფით ორი დამოუკიდებელი, ერთგვაროვანი, საცხოვრებლად ვარგისი სივრცის მიღება ხსენებული საზიარო უფლების საგნიდან შეუძლებელია მასში კარის ღიობის მოწყობის, ფანჯრის ღიობების ამოშენების, კიბის უჯრედისა და სამზარეულოს მოწყობის გარეშე. აღნიშნული სამუშაოების უწარმოებლად კი, მიიღება ორი არათანაბარი ფუნქციური დანიშნულების ფართობი, რომელთაგან ერთს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კიბე და კარი არ ექნება, მეორეს კი - სამზარეულო. ესე იგი, როგორც ერთი, ისე მეორე ფართი დაკარგავს ფუნქციურ დანიშნულებას. დანიშნულების შენარჩუნება კი, მოითხოვს დამატებითი სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების შესრულებას.
15.6. შენობის ინტერიერის, მზიდ კონსტრუქციაში ღიობის (მათ შორის, კარისა და ფანჯრის ღიობის) გაჭრა, თანახმად „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მესამე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს მშენებელობის სახეს და საჭიროებს შესაბამის ნებართვას.
15.7. ამრიგად, კონსტრუქციაში კარისა და ფანჯრის ღიობების ამოჭრა-ამოშენება, თუნდაც მის საწარმოებლად გასაწევი ხარჯი იყოს უმნიშვნელო, ამავდროულად საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს ნების გამოვლენას (ნებართვას) და ამ მიზნით, მესაკუთრის მხრიდან რიგი სამართლებრივი პროცედურების წარმართვას, ამდენად, ამ ნაწილშიც გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ღირებულების შემცირების გარეშე ნივთის ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფის შეუძლებლობის შესახებ.
15.8. საკასაციო პალატა გარკვეულწილად იზიარებს კასატორის მითითებას მასზედ, რომ საზიარო ქონების ყოველგვარი მოდიფიკაციის აუცილებლობა, თავისთავად არ აფუძნებს დასკვნას ქონების ნატურით გამიჯვნის შეუძლებლობის შესახებ. აღნიშნული თვალსაზრისით, პალატა შენიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაფასებელია განსახორციელებელი მოდიფიკაციის მასშტაბები. მოცემულ კონრეტულ შემთხვევაში, ნათელია, რომ თანასაკუთრების საგნის ნატურით გამიჯვნა დაკავშირებულია სამშენებლო საქმიანობასთან და სანებართვო დოკუმენტაციის მოპოვებასთან; გარდაუვლად საჭიროა სველი წერილის (სამზარეულოს) მოწყობის, მზიდ კონსტრუქციებში ღიობების ამოჭრა-ამოშენებისა და კიბის უჯრედის მოწყობის სამუშაოების წარმოება; ხაზგასასმელია სამუშაოთა საწარმოებლად გასაწევი ხარჯის სოლიდურობაც - საქმეში დაცული ხარჯთაღრიცხვის თანახმად, იგი აჭარბებს 50 000 ლარს. დასახელებული ფაქტორები კი, ერთიანობაში, სწორედ იმ გარემოებაზე მეტყველებს, რომ საზიარო უფლების საგნის მარტოოდენ ორ ნაწილად გაყოფით არ მიიღწევა ორი დამოუკიდებელი, ჯეროვანი ფუნქციური დანიშნულების ობიექტის მიღების ინტერესი, არამედ, საამისოდ გასაწევია ფართომასშტაბიანი, მაღალი ღირებულების სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოები. ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი სამუშაოების ჩატარების გარეშე გაყოფის შედეგად წარმოქმნილ არცერთ ფართს დღეის მდგომარეობით არსებული ფუნქციური სარგებლიანობა არ შეუნარჩუნდება. აღნიშნული კი, პალატის განსჯით, უტოლდება ნივთის ნატურით გაყოფის შეუძლებლობას.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შედეგის გათვალისწინებით, კასატორს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70%, რაც შეადგენს 105 ლარს, უკან დაუბრუნდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ნ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. გ.ნ–ს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის (საგადახდო დავალება № 26433837134, გადახდის თარიღი: 20.03.2025წ, გადამხდელი: მ–ლი რ.(პ/ნ ..........) გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი