დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-791-2026
24 ივნისი, 2026 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.თ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
თავდაპირველი სარჩელის დავის საგანი – საიჯარო ქირის დაკისრება
შეგებებული სარჩელის დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში გ.თ–ძის მიმართ საიჯარო ქირის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხე გ.თ–ძემ სარჩელი არ ცნო.
3. გ.თ–ძემ შეგებებული სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
4. მოპასუხე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ შეგებებული სარჩელი არ ცნო.
5. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დაზუსტებული სარჩელი მოპასუხე გ.თ–ძის მიმართ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე გ.თ–ძეს, მოსარჩელე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ, დაეკისრა გადაუხდელი საიჯარო ქირის 110 267 ლარის და ასევე დარიცხული პირგასამტეხლოს 9904 ლარის გადახდა; მოსარჩელე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას სასარჩელო მოთხოვნის დანარჩენი ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ხანდაზმულობის გამო; შეგებებული სარჩელით მოსარჩელე გ.თ–ძეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის გამო.
6. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა გ.თ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.თ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტი, ასევე მე-3 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ.თ–ძეს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა გადაუხდელი საიჯარო ქირა, ჯამში 67 040 (14520+52520) ლარის ოდენობით, მას ასევე დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 6704 (1452+5252) ლარის ოდენობით;
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა გ.თ–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის სსსკ-ის 396-ე მუხლთან შესაბამისობა წყდება ერთპიროვნულად მომხსენებელი მოსამართლის მიერ.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამ ნორმის თანახმად, შესაძლებელია, საჭირო საპროცესო დოკუმენტები სასამართლომ გაუგზავნოს უშუალოდ მხარეს ან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მის წარმომადგენელს. სასამართლო უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს, ჩამოთვლილ პირთაგან კონკრეტულად რომელს ჩააბაროს გზავნილი. საპროცესო დოკუმენტების მხარის წარმომადგენლისათვის ჩაბარება მათი უშუალოდ მხარისათვის გადაცემას უთანაბრდება.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ, საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხე გ.თ–ძეს დ.ა–ისათვის საქმის წარმოების უფლებამოსილება, გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით მინიჭებული ჰქონდა 2025 წლის 08 ნოემბრის მინდობილობით, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა ხუთი წლის ვადით (იხ. ტ. 4, ს.ფ. 41-43).
17. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების ვადადარღვევით მომზადების გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი მოპასუხის წარმომადგენელს დ.ა–ს გაეგზავნა საქმეში არსებულ მისამართზე (N251527386 სანოტარო აქტში მითითებულ მისამართზე) 2026 წლის 26 თებერვალს (ტ.4, ს.ფ. 115) და პირადად ჩაჰბარდა დ.ა–ს 2026 წლის 28 თებერვალს (ტ.4, ს.ფ.117). ამდენად, დადგენილია, რომ გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულს უფლებამოსილ პირს - წარმომადგენელს და შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების 21-დღიანი ვადა უნდა აითვალოს სწორედ ამ თარიღიდან. შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა 2026 წლის 01 მარტს დაიწყო და ამავე წლის 23 მარტს ამოიწურა (ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე - 21 მარტი დაემთხვა დასვენების დღეს - შაბათს, შესაბამისად ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე 23 მარტი).
18. რაც შეეხება მარწმუნებლის მიერ წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტას, საქმის მასალების თანახმად, მოგვიანებით - 2026 წლის 15 აპრილს (ფოსტაში წარდგენილია 07.04.2026 წელს) მოპასუხე გ.თ–ძემ განცხადებით მიმართა (იხ. ტ.4, ს.ფ. 119) თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატ დ.ა–თან შეწყვიტა წარმომადგენლობითი ურთიერთობა და მოითხოვა გადაწყვეტილების პირადად ჩაბარება. ასევე მოითხოვა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის დაწყება მომხდარიყო მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან.
19. 2026 წლის 27 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გ.თ–ძეს, მისი მოთხოვნის საფუძველზე გაუგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი, რომელიც ადრესატს პირადად ჩაბარდა 2026 წლის 29 აპრილს.
20. ადვოკატმა დ.ა–მა ასევე მოგვიანებით - 2026 წლის 01 მაისს განცხადებით მიმართა (იხ. ტ.4, ს.ფ. 123) თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ სხდომის დასრულების შემდეგ მარწმუნებელმა მასთან შეწყვიტა წარმომადგენლობა. 2026 წლის 03 აპრილს მისთვის ცნობილი გახდა, რომ გადაწყვეტილება გაგზავნილი იქნა მისი რეგისტრაციის მისამართზე. გადაწყვეტილება მას არ ჩაბარებია და მოითხოვა გადაწყვეტილების პირადად მხარისთვის გაგზავნა და გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის დაწყება მომხდარიყო მხარისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან.
21. საქმეზე დართული საფოსტო გზავნილით (შპს ,,ს.კ.ს–ის'' გზავნილის N214190683) დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი მოპასუხის წარმომადგენელს დ.ა–ს პირადად ჩაჰბარდა 2026 წლის 28 თებერვალს (ტ.4, ს.ფ.117).
22. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ 2025 წლის 08 ნოემბრის სანოტარო წესით დამოწმებულ N251527386 რწმუნებულებაზე (იხ. ტ.4, ს.ფ. 41-43), რომლის თანახმად, გ.თ–ძემ დ.ა–ს ხუთი წლის ვადით მიანიჭა უფლებამოსილება საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში დაიცვას მისი ინტერესები, ასევე მას მიანიჭა სსსკ-ის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სპეციალური უფლებამოსილებები, როგორიცაა - ნაწილობრივ ან მთლიანად უარის თქმა სარჩელზე, მორიგება, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება და ა.შ.
23. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების ვადადარღვევით მომზადების გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი მოპასუხის წარმომადგენელს დ.ა–ს გაეგზავნა 2026 წლის 26 თებერვალს და ჩაბარდა პირადად 2026 წლის 28 თებერვალს. კასატორმა კი მოგვიანებით - 2026 წლის 15 აპრილს (ფოსტაში წარდგენილია 07.04.2026 წელს) სასამართლოს აცნობა ადვოკატთან წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
24. საქმის მასალებში არ მოიპოვება და არც საკასაციო საჩივარს ერთვის, მტკიცებულება, რაც მოპასუხესა და მის წარმომადგენელს შორის ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტას და აღნიშნულის შესახებ სასამართლოს დროულად ინფორმირების ფაქტს დაადასტურებდა. ამასთან, საქმის მასალებიდან არ ირკვევა გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღიდან - 2025 წლის 15 დეკემბრიდან 2026 წლის 07 აპრილამდე პერიოდში ადვოკატთან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ სასამართლოსთვის მტკიცებულების (მინდობილობის გაუქმების დოკუმენტის) მიუწოდებლობის მიზეზები.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. უფლებამოსილებაშეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონის შესაბამისად შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას. დადგენილია, რომ მოპასუხეს რწმუნებულების გაუქმების თაობაზე სასამართლოსათვის ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი წესით არ უცნობებია. აღნიშნულის თაობაზე მოპასუხემ მიუთითა მხოლოდ 2026 წლის 15 აპრილის (ფოსტაში წარდგენილია 07.04.2026 წელს) განცხადებაში, ხოლო წარმომადგენელმა 2026 წლის 01 მაისის განცხადებაში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რწმუნებულების გაუქმების დამადასტურებელი მტკიცებულება არც ამ ეტაპზე არ ყოფილა სასამართლოსთვის წარდგენილი.
26. ამდენად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2025 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნისა და ჩაბარების ეტაპზე დ.ა–ი იყო მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენელი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 2026 წლის 28 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების წარმომადგენლისათვის ჩაბარება კასატორისთვის ჩაბარებად უნდა მივიჩნიოთ (შდრ. სუსგ Nბს-125(2კ-20), 17.02.2020წ.; სუსგ Nას-331-2021, 15.02.2022წ., პუნ. 19, სუსგ Nას-183-2023, 31.05.2023 წ. პუნ. 61).
27. საპროცესო ვადის ათვლის მიზნით სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია ჩაბარების თარიღი. ვადის ათვლა იწყება აქტის იმ ჩაბარებიდან (მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის), რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრეა დაფიქსირებული (შდრ. სუსგ №ბს-454 (კს-19), 16.01.2020წ; №ბს-1068(კს-23), 01.02.2024წ.).
28. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება 2026 წლის 28 თებერვალს ჩაჰბარდა უფლებამოსილ წარმომადგენელს, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს სწორედ ამ თარიღიდან და ვადის ათვლა ვერ დაუკავშირდება უკვე მოგვიანებით - 2026 წლის 29 აპრილს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, პირადად კასატორისთვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების თარიღს.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
30. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2026 წლის 01 მარტს და ამავე წლის 23 მარტს ამოიწურა (ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე - 21 მარტი დაემთხვა დასვენების დღეს - შაბათს, შესაბამისად ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე 23 მარტი; იხ. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლები). საქმის მასალებით დასტურდება, რომ საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში წარდგენილი იქნა მხოლოდ 2026 წლის 21 მაისს (ფოსტაში წარდგენილია 2026 წლის 20 მაისს, იხ. ტ.4 ს.ფ.139) ანუ სსსკ-ის 397-ე მუხლით გათვალისწინებული 21-დღიანი ვადის დარღვევით.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას. ვინაიდან საკასაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 374-ე, 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.თ–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მიხეილ ჯინჯოლია