დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-663-2026 25 ივნისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – გ.ტ–ი, თ.გ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ქ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ი.ქ–ძემ, 2022 წლის 29 ივნისს, გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა გ.ტ–ისა და თ.გ–ძის წინააღმდეგ და მოითხოვა:1.1. გ.ტ–სა და თ.გ–ძეს შორის 2020 წლის 16 ივნისს უძრავ ნივთზე, ს.კ. ........ დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ნივთის პირვანდელ აღრიცხვაში დაბრუნება (ბათილობის ნაწილში დაზუსტებული მოთხოვნის თაობაზე იხ. 14/09/2023 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:44:35); გ.ტ–სა და თ.გ–ძეს შორის 2020 წლის 21 ივნისს უძრავ ნივთებზე: ს.კ. .......... და ს.კ. .......... დადებული ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და უძრავი ნივთების პირვანდელ აღრიცხვაში დაბრუნება (ბათილობის ნაწილში დაზუსტებული მოთხოვნის თაობაზე იხ. 14/09/2023 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:44:35); 1.3. უძრავი ნივთების: ს.კ. ........., ს.კ. ........ და ს.კ. ........, ½ წილის მესაკუთრედ ი.ქ–ძის ცნობა; 1.4. სატრანსპორტო საშუალების - BMW X5, ½ წილის მესაკუთრედ ი.ქ–ძის ცნობა (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა - 14/09/2023 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:29:45, 20/03/2023 წლის შუამდგომლობა - ს/ფ 84).
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი.ქ–ძის სარჩელი, მოპასუხე გ.ტ–ის და თ.გ–ძის მიმართ, არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილებით: ი.ქ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ი.ქ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. 1/4 ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი გ.ტ–სა და თ.გ–ძეს შორის 2020 წლის 16 ივნისს უძრავ ნივთზე, ს.კ. .......... დადებული ჩუქების ხელშეკრულება, ასევე, ¼ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი გ.ტ–სა და თ.გ–ძეს შორის 2020 წლის 21 ივნისს უძრავ ნივთებზე: ს.კ. ........... და ს.კ. .......... დადებული ჩუქების ხელშეკრულებები; ი.ქ–ძე ცნობილი იქნა უძრავი ნივთების: ს.კ. .........., ს.კ. .......... და ს.კ. .........., 1/4 ნაწილის მესაკუთრედ (თითოეული ქონებიდან ¼ ნაწილი); ი.ქ–ძე ცნობილი იქნა სატრანსპორტო საშუალების - BMW X5 1/4 წილის მესაკუთრედ;
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 29 მაისის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი. ამავე განჩინებით, მათ განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაჰბარდა 2026 წლის 11 ივნისს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ: გ.ტ–სა და თ.გ–ძეს დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: სახელმწიფო ბაჟის - 1169.66 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელს გაეგზავნა 2026 წლის 5 ივნისს, მის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაჰბარდა 2026 წლის 11 ივნისს.
13. მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2026 წლის 12 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 22 ივნისს (21 ივნისი იყო კვირა, დასვენების დღე). ამდენად, კასატორები ვალდებულნი იყვნენ ხარვეზი შეევსოთ 2026 წლის 22 ივნისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსთვის.
14. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
15. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ტ–ისა და თ.გ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე