დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 30.06.2026
საქმის ნომერი
ას-610-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-610-2026 30 ივნისი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.ა–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ა–ი

მხარდაჭერის მიმღები პირის ადვოკატი - გ.მ–ძე

დაინტერესებული პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

დაინტერესებული პირი - ე.ზ–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

შუამდგომლობის არსი - მხარდაჭერის სფეროების გაზრდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. განმცხადებელმა - ე.ა–იმ თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა და მოითხოვა:

1.1. გაიზარდოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 02 მაისის (საქმე №2/24386-24) გადაწყვეტილებით დადგენილი მხარდაჭერის სფეროები და მხარდაჭერის მიმღები პირი ს.ა–ი, ასევე, ცნობილი იქნეს მხარდამჭერის მიმღებად:

1.1.1. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, მისი არასრულწლოვანი შვილის ე.ზ–ის (დაბადებული 2008 წლის 08 ნოემბერს, პ/ნ:........) პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის მისაღებად თანხმობის გამოხატვის სფეროში;

1.1.2. საქართველოს ნებისმიერ საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის სფეროში, მისი არასრულწლოვანი შვილის ე.ზ–ის საბანკო ბარათის, დამზადება/განახლება/მიღების, პინ.კოდის მიღება/აღდგენის მიზნით.

1.1.3. ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებებთან და ნებისმიერ ნოტარიუსთან წარმომადგენლობა, მისი არასრულწლოვანი შვილის ე.ზ–ის საქართველოს საზღვრის გარეთ გასვლასთან დაკავშირებით თანხმობის გამოხატვის სფეროში. მითითებულ სფეროებში ე.ა–ი დაინიშნოს ს.ა–ის მხარდამჭერად და მიენიჭოს უფლებამოსილება თვითონ დამოუკიდებლად განახორციელოს ზემოაღნიშნული უფლებები მხარდაჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად.

2. მხარდამჭერის მიმღები პირის ადვოკატის პოზიცია მხარდამჭერის მიმღები პირის ს.ა–ის ადვოკატი არ დაეთანხმა განცხადების მოთხოვნას და განმარტა, რომ განცხადებაში მითითებული სფეროების დადგენა არ შედის მხარდაჭერის მიმღები პირის ინტერესებში და გააუარესებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

3. დაინტერესებული პირი სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 02 მაისის (საქმე №2/24386-24) გადაწყვეტილებით დადგენილი მხარდაჭერის სფეროების გაზრდა არ შეესაბამება მხარდამჭერის მიმღების ინტერესებს. ს.ა–ის არ აქვს შეზღუდული მშობლის უფლებები და ბებია ცდილობს მშობლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გააშვილოს შვილიშვილი საზღვარგარეთ პირზე, რომელთანაც ნათესაური კავშირის არსებობა სათანადო წესით არ დგინდება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით, (1). ე.ა–ის განცხადება დაკმაყოფილდა, გაიზარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 02 მაისის (საქმე №2/24386-23) გადაწყვეტილებით დადგენილი მხარდაჭერის სფეროები და მხარდაჭერის მიმღები პირი ს.ა–ი ასევე ცნობილი იქნა მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: (1.1). სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, მისი არასრულწლოვანი შვილის ე.ზ–ის (დაბადებული 2008 წლის 08 ნოემბერს, პ/ნ:.........) პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის მისაღებად თანხმობის გამოხატვის სფეროში; (1.2). საქართველოს ნებისმიერ საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის სფეროში, მისი არასრულწლოვანი შვილის ე.ზ–ის საბანკო ბარათის, დამზადების, განახლების, მიღების, პინ.კოდის მიღების, აღდგენის მიზნით. (1.3). ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებებთან და ნებისმიერ ნოტარიუსთან წარმომადგენლობა, მისი არასრულწლოვანი შვილის ე.ზ–ის საქართველოს საზღვრის გარეთ გასვლასთან დაკავშირებით თანხმობის გამოხატვის სფეროში. (2). მითითებულ სფეროებში ე.ა–ი დაინიშნა ს.ა–ის მხარდამჭერად და მიენიჭოს უფლებამოსილება თვითონ დამოუკიდებლად განახორციელოს ზემოაღნიშნული უფლებები მხარდაჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად. (3). ს.ა–ის მხარდაჭერის ვადა (მისი გადასინჯვის პერიოდულობა) განისაზღვრა 3 წლით;

5. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს.ა–ის წარმომადგენელმა/ადვოკატმა - გ.მ–ძემ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით: ს.ა–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე.ა–ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა განმცხადებელმა და გასაჩივრებული განჩინების სრულად მოითხოვა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 14 მაისის განჩინებით ე.ა–ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული, ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი დედნის სახით.

9. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ქ. კ–ას გაეგზავნა და ჩაჰბარდა 2026 წლის 12 ივნისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

12. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ: ე.ა–ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული, ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი დედნის სახით.

13. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ქ. კ–ას გაეგზავნა 2026 წლის 8 ივნისს, მის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაჰბარდა 2026 წლის 12 ივნისს.

14. მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2026 წლის 13 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 22 ივნისს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2026 წლის 22 ივნისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

15. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

16. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

17. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ა–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ამირან ძაბუნიძე