დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-765-2026
18 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე
ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ჭ.ა–ო“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.კ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 23 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ.კ–ძის სარჩელი შპს ,,ჭ.ა–ოს“ მიმართ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
1. შპს ,,ჭ.ა–ოს“ 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება, გ.კ–ძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, გაბათილდა;
2. შპს ,,ჭ.ა–ოს“ გ.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2024 წლის 26 თებერვლიდან 2025 წლის 01 იანვრამდე, ყოველთვიურად 900 ლარის (დაბეგრილი) ოდენობით;
3. გ.კ–ძის სარჩელი შპს ,,ჭ.ა–ოსთვის“ კომპენსაციის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 23 მარტის განჩინებით შპს „ჭ.ა–ოს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომლითც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ჭ.ა–ოს“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს შეტანილია თუ არა იგი კანონით დადგენილ ვადაში.
სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ დასაბუთებული განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი.
ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში კასატორი არ წარმოადგენს პირს, ვისთანაც სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის გაგზავნის ვალდებულება გააჩნია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ თავის 2014 წლის 30 დეკემბრის Nას-1161-1106-2014 გადაწყვეტილებით განმარტა, რომ სსსკ-ის 2591 თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს აქვს არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
ამდენად, ზემოხსენებულო ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს (სუსგ №ას-923-2018, 20.07.2018წ.).
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2026 წლის 26 თებერვალს გამართულ სხდომას ესწრებოდა აპელანტის (კასატორის) შპს „ჭ.ა–ოს“ წარმომადგენელი - ლ.გ–ძე. აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ განსახილველ საქმეზე განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდებოდა 2026 წლის 23 მარტს (იხ.: სხდომის ოქმი, ხელწერილი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღის შეტყობინების შესახებ და სატელოფონო აქტი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების საათის ცვლილების შესახებ - ტომი II, ს.ფ. 48-58). საქმეში წარმოდგენილია აპელანტის (კასატორის) დირექტორის მიერ ლ.გ–ძის სახელზე გაცემული მინდობილობა, რომელიც განჩინების გამოცხადების თარიღის და გასაჩივრების წესის თაობაზე ინფორმირების მომენტში (მინდობილობა მოქმედია ამ დროისთვისაც) ძალაში იყო (იხ:. მინდობილობა, ტომი 1, ს.ფ. 290-293). შესაბამისად, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღის და გასაჩივრების წესის თაობაზე ინფორმირების მომენტში ლ.გ–ძეს ჰქონდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და შესაბამისად ის წარმოადგენდა მის მარწმუნებელს.
საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2026 წლის 23 მარტის სასამართლო სხდომაზე, რომელზედაც გამოცხადებული იქნა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და განმარტებული იქნა განჩინების გასაჩივრების წესი და ვადა, არ გამოცხადდნენ მხარეები. ამდენად, საკასაციო საჩივრის ავტორის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნები.
შესაბამისად, სსსკ-ის 2591 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მხარეს წარმოეშვა კანონისმიერი ვალდებულება 2026 წლის 12 აპრილიდან 2026 წლის 22 აპრილის (რომელიც იყო სამუშაო დღე - ოთხშაბათი) ჩათვლით გამოცხადებულიყო სასამართლოში/მიემართა სასამართლოსათვის და მოეთხოვა განჩინების ასლი ჩაბარება. აღნიშნული ვალდებულება კასატორს ან მის წარმომადგენელს არ შეუსრულებია. დასახელებული გარემოებიდან გამომდინარე, კასატორისათვის სასამართლო განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლის საწყისი თარიღია მისი გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღე 2026 წლის 23 აპრილი, ხოლო საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21 დღიანი ვადის ამოწურვის თარიღია 2026 წლის 13 მაისი, სამუშაო დღე - ოთხშაბათი.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტის (კასატორის) - წარმომადგენელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული განჩინების ჩაბარების მოთხოვნით მიმართა ვადის დარღვევით - 2026 წლის 24 აპრილს.
ასევე დგინდება, რომ შპს „ჭ.ა–ოს“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა 2026 წლის 28 მაისს, გასაჩივრების 21 დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, რაც წარმოადგენს მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერ საფუძველს.
სსსკ-ის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ. სუსგ Nას-1395-2020, 7.12.2020წ; Nას-963-2024 23.07.2024წ.)
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის გაშვების გამო, შპს „ჭ.ა–ოს“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 450 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 372–ე, 284–ე, 285–ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 399–ე, 401–ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჭ.ა–ოს“ საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 23 მარტის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.
2. შპს „ჭ.ა–ოს“ (ს/კ ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 450 ლარის ოდენობით (საგადასახდო დავალება 1779355572, რეფერენსი 675165918, გადახდის თარიღი 21.05.2026).
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლევან ნემსაძე