დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-970-2025
18 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.ხ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ხ–ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - ლ.მ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ გარიგებების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ლ.ხ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.ხ–ისა (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“) და ლ.მ–ის მიმართ უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ გარიგებების ბათილად ცნობის თაობაზე.
2. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო. ლ.მ–ს შესაგებელი არ წარუდგენია და არც სასამართლო პროცესზე გამოცხადებულა.
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 7 მარტს მოპასუხესა და თ.მ–ს შორის დადებული უძრავი ნივთის ს/კ-ით ....... (კუთვნილი წილის) ნასყიდობის ხელშეკრულება. ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 8 აგვისტოს თ.მ–სა და მოპასუხეს შორის დადებული უძრავი ნივთის ს/კ-ით ........ (კუთვნილი წილის) ნასყიდობის ხელშეკრულება.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. მოპასუხესა და თ.მ–ს შორის 2016 წლის 7 მარტს წერილობით დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. ახმეტა, ........ საკადასტრო კოდი: ....... (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“) 1/3 ნაწილზე დარეგისტრირდა თ.მ–ის საკუთრების უფლება;
6.2. თ.მ–სა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 8 აგვისტოს წერილობით დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სადავო უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე კვლავ დარეგისტრირდა მოპასუხის საკუთრების უფლება;
6.3.თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N3/111-17) მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 იანვრის №882013019865-03 გადაწყვეტილება. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
6.4. კანონიერ ძალაში შესული თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N3/111-17) დგინდება, რომ მოსარჩელე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 იანვრის №882013019865-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან ერთად ითხოვდა ასევე „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 თებერვლის №882016761012-21 გადაწყვეტილების, „ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 მარტის №78740 გადაწყვეტილების და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის №198639 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის დავალებას, განახორციელოს მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მის მიერ წარდგენილი №TT2016062926 ცნობა-დახასიათების საფუძველზე;
6.5. სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 იანვრის №882013019865-03 გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო უძრავ ნივთზე (1/3) დარეგისტრირდა ე.ხ–ის საკუთრების უფლება. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებაში, სასამართლომ განმარტა მათ შორის შემდეგი: „საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების მიხედვით, მოსარჩელის მამას გააჩნდა უძრავ ნივთზე უფლების დამდგენი დოკუმენტაცია, რომელიც არც გაბათილებულა და არც ძალადაკარგულად ყოფილა ცნობილი. აღნიშნული კი იმას ნიშნავს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლების საფუძველი შესაბამის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ ქონებაზე; განსახილველ შემთხვევაში უფლება არ იყო რეგისტრირებული უშუალოდ ლ.ხ–ზე, თუმცა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. ახმეტა, ....... ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი ფართობით 1 500 კვ.მ და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი ფართობით 261 კვ.მ აღრიცხულია ა. შ. ძე ხ–ის სახელზე. მოსარჩელე ლ.ხ–ი წარმოადგენს ა.ხ–ის პირველი რიგის მემკვიდრეს - შვილს. მესამე პირზე ე.ხ–ზე 2013 წლის 25 იანვრის რეგისტრაციით კი ეს უფლება ფაქტობრივად წაერთვა მოსარჩელეს. (იხ. გადაწყვეტილების 7.1. პუნქტი). სხვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა შემდეგი: „დადგენილია, რომ ე.ხ–სა და თ.მ–ს შორის 2016 წლის 7 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ეს უკანასკნელი აღირიცხა უძრავი ნივთის 1/3-ის (ს/კ .......) მესაკუთრედ საჯარო რეესტრში. აღნიშნული ხელშეკრულება და რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება სასამართლოში სადავოდ არ არის გამხდარი. ასევე დადგენილია, რომ თ.მ–სა და ე.ხ–ს შორის (დამოწმების თარიღი 08.08.2018 წელი) დადებული უძრავი ნივთი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ეს უკანასკნელი კვლავ აღირიცხა უძრავი ნივთის 1/3-ის (ს/კ .......) მესაკუთრედ საჯარო რეესტრში. აღნიშნული ხელშეკრულება და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოში სადავოდ არ არის გამხდარი. ამდენად, მართალია, სადავო უძრავი ნივთი სასამართლოში დავის განხილვის დროს კვლავ ე.ხ–ის საკუთრებას წარმოადგენს, მაგრამ მას საფუძვლად უდევს თ.მ–სა და ე.ხ–ს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (დამოწმების თარიღი 08.08.2018). შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აღნიშნულის საფუძველზე 2018 წლის 13 აგვისტოს მიღებული აქვს შესაბამისი გადაწყვეტილება (№892018695078-03), რომელიც ასევე არ გასაჩივრებულა სასამართლოში. ამდენად, დღევანდელი მდგომარეობით კვლავ ძალაშია უძრავი ნივთის (ს/კ ....... მისამართ: ქ. ახმეტა, ........, ქუჩა, №24) რეგისტრაცია (გადაწყვეტილების 7.2 პუნქტი)“;
6.6. მხარეებს შორის უდავო გარემოებაა, რომ თ.მ–ი წარმოადგენდა მოპასუხე ე.ხ–ის ნათესავს - დის შვილს. საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ თ.მ–ი გარდაიცვალა 2021 წლის 15 ივნისს, მისი დანაშთი სამკვიდრო ქონება სრულად მიღებული აქვს მის შვილს - ლ.მ–ს (მეორე მოპასუხე).
7. სააპელაციო სასამართლომ უპირველესად იმსჯელა აპელანტის მიერ 2025 წლის 8 მაისს სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ განცხადებაზე, სადაც მიუთითებდა, რომ მოსარჩელეს აღძრული აქვს აღიარებითი სარჩელი, რომლის მიმართაც არ დასტურდება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი.
8. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის მიერ აღძრულია აღიარებითი სარჩელი, კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობას, რაც სხვა პროცესუალურ წინაპირობებთან ერთად, დამატებით მოითხოვს ისეთი წინაპირობის, როგორიცაა იურიდიული ინტერესი, მართლზომიერების არსებობას.
9. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ წარდგენილი სარჩელი იურიდიული ინტერესის ნაწილში აკმაყოფილებს სსსკ-ის 178.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე, რომლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილების იურიდიული ინტერესს წარმოადგენს მისი უფლების რეალიზაციაში ხელშეშლის აღკვეთა, ვინაიდან გასაჩივრებული გარიგებებით რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი სხვა უფლების რეგისტრაციას. მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ, რის გამოც მოსარჩელე, სადავო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვერ დაირეგისტრირებს საკუთრების უფლებას მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე. დადგენილია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით (ადმინისტრაციული საქმე N3/111-17), მოსარჩელე - ლ.ხ–ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 იანვრის N882013019865-03 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ე.ხ–ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე ახმეტა, ........ ქუჩა N24 (საკადასტრო კოდი: .........).
11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თელავის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მოსარჩელე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 იანვრის №882013019865-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან ერთად ითხოვდა ასევე „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 თებერვლის №882016761012-21 გადაწყვეტილების, „ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 მარტის №78740 გადაწყვეტილების დ „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის №198639 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის დავალებას, განახორციელოს მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მის მიერ წარდგენილი №TT2016062926 ცნობა-დახასიათების საფუძველზე. სხვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლო დაეყრდნო იმ გარემოებებს, რომ მოპასუხესა და თ.მ–ს შორის 2016 წლის 7 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ეს უკანასკნელი აღირიცხა უძრავი ნივთის 1/3-ის (ს/კ .........) მესაკუთრედ საჯარო რეესტრში. აღნიშნული ხელშეკრულება და რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება სასამართლოში სადავოდ არ იყო გამხდარი. თ.მ–სა და მოპასუხეს შორის (დამოწმების თარიღი 08.08.2018 წელი) დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ეს უკანასკნელი კვლავ აღირიცხა უძრავი ნივთის 1/3-ის (ს/კ .......) მესაკუთრედ საჯარო რეესტრში. აღნიშნული ხელშეკრულება და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოში სადავოდ არ იყო გამხდარი. ამდენად, მართალია სადავო უძრავი ნივთი სასამართლოში დავის განხილვის დროს კვლავ მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენდა, მაგრამ მას საფუძვლად ედო თ.მ–სა და მოპასუხეს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (დამოწმების თარიღი 08.08.2018) და კვლავ ძალაში იყო უძრავი ნივთის (ს/კ ........ მისამართ: ქ. ახმეტა, .......... ქუჩა, №24) რეგისტრაცია (იხ. გადაწყვეტილების 7.2 პუნქტი).“ შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ თელავის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი, სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების თავდაპირველი რეგისტრაცია, მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას საკუთრებაში დაირეგისტრიროს სადავო უძრავი ქონება, რადგან პირველადი რეგისტრაციის შემდეგ, მოპასუხესა და თ.მ–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო უძრავ ქონებაზე ჯერ აღირიცხა თ.მ–ის საკუთრების უფლება, ხოლო მოგვიანებით ამავე პირებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კვლავ მოპასუხის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. ამასთან, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შედეგად, აღმოფხვრას მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის ხელისშემშლელი გარემოებები და საჯარო რეესტრში მოახდინოს მისი უფლების რეალიზაცია - საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
13. სააპელაციო სასამართლომ დეტალურად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 56-ე მუხლები, ასევე, მიუთითა გარიგების ბათილობის შესახებ არსებულ განმარტებებზე, მიმოიხილა მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებები.
14. სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, მტკიცების ტვირთი მოჩვენებითი გარიგებების შემთხვევაში აწევს იმ პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას. თუნდაც, მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, მოსარჩელეს ევალება. განსახილველ შემთხვევაში, ასეთი სახის მტკიცების ტვირთი სწორედ მოსარჩელეზეა, რომელმაც გარიგების ბათილობის საფუძვლად მხარეთა არაკეთილსინდისიერებასა და მოჩვენებითი გარიგების არსებობაზე მიუთითა იმ მიზეზით, რომ გარიგების მხარეები წარმოადგენდნენ ნათესავებს - დეიდასა და დისშვილს და სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების მიზანი, მოსარჩელისათვის საკუთრების უფლების განხორციელებისათვის ხელშეშლა გახლდათ.
15. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N3/311-17) ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 იანვრის №882013019865-03 გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო უძრავ ნივთზე, მდებარე ახმეტა, ....... ქუჩა N24, საკადასტრო კოდი: ........(1/3) დარეგისტრირდა ე.ხ–ის საკუთრების უფლება. თელავის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში, სასამართლომ მათ შორის, განმარტა შემდეგი: „საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების მიხედვით, მოსარჩელის მამას გააჩნდა უძრავ ნივთზე უფლების დამდგენი დოკუმენტაცია, რომელიც არც გაბათილებულა და არც ძალადაკარგულად ყოფილა ცნობილი. აღნიშნული კი იმას ნიშნავს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლების საფუძველი შესაბამის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ ქონებაზე; განსახილველ შემთხვევაში უფლება არ იყო რეგისტრირებული უშუალოდ ლ.ხ–ზე, თუმცა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. ახმეტა, ........ ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი ფართობით 1 500 კვ.მ და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი ფართობით 261 კვ.მ აღრიცხულია ა. შ. ძე ხ–ის სახელზე. მოსარჩელე ლ.ხ–ი წარმოადგენს ა.ხ–ის პირველი რიგის მემკვიდრეს- შვილს. მესამე პირზე ე.ხ–ზე 2013 წლის 25 იანვრის რეგისტრაციით კი ეს უფლება ფაქტიურად წაერთვა მოსარჩელეს.“ (იხ. გადაწყვეტილება, სამართლებრივი შეფასების 7.1. პუნქტი) ამავე სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარჩელეს სხვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ სადავო უძრავ ქონებაზე არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულებები და მათ საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციები, რომელიც სადავოდ არ იყო გამხდარი მოსარჩელის მიერ.
16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო უძრავი ქონება (1/3 წილი) აღირიცხა მოპასუხის საკუთრებად, აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეს კვლავ ე.ხ–ი წარმოადგენს, რაც განპირობებულია იმ მიზეზით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული ქონება დარეგისტრირდა ჯერ თ.მ–ის საკუთრებად და შემდეგ ახალი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, კვლავ ე.ხ–ის საკუთრებად. რეალური შედეგის მიღწევის სურვილი მხარეებს რომ არ ჰქონდათ ადასტურებს სწორედ ის გარემოებაც, რომ სადავო უძრავი ქონება ე.ხ–მა ჯერ მიყიდა ნასყიდობის ხელშეკრულებით თავის დისშვილს და მერე კვლავ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უკან იყიდა. აღნიშნულით კი წარმოიქმნა ახალი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ახალი რეგისტრაციის საფუძვლები და რითაც რეალურად წარმოიქმნა ხელოვნური ბარიერები და შეფერხდა მოსარჩელე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მიეღწია სამართლებრივი მიზნისთვის - ე.ხ–ის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის ბათილად ცნობასთან ერთად თავის საკუთრებად დაერეგისტრირებინა სადავო უძრავი ქონება.
17. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობის პრეზუმფცია ვერ გამოდგება შემძენის დაცვით არგუმენტად, თუ დადგინდება, რომ მან იცოდა უფლების ხარვეზის შესახებ. ამდენად, როდესაც სადავოა უძრავი ნივთის შეძენის ფაქტი და მხარე მიუთითებს შემძენის არაკეთილსინდისიერებაზე, უნდა შემოწმდეს შემძენის სუბიექტური დამოკიდებულება გარკვეული ფაქტებისადმი. ამასთან, შემძენს არ შეიძლება მოეთხოვოს ისეთი გარემოებების ცოდნა, რომელიც აღემატება მისი შესაძლებლობის ფარგლებს (იხ. სუსგ საქმე Nას-1467-2019, 26 თებერვალი, 2021 წელი). უფლების შემძენს ტვირთად აწევს არა ყოველგვარი უზუსტო მონაცემის ცოდნა, არამედ მხოლოდ ისეთის, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს უფლების შეძენის ნამდვილობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩანაწერის უზუსტობის ცოდნა ნიშნავს იმ გარემოებათა ცოდნას, რის გამოც ჩანაწერია უზუსტო (იხ. სუსგ Nას-189-182-2013, 16 იანვარი, 2014 წელი). შემძენის ინტერესების დაცვა უნდა მოხდეს არა მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების გათვალისწინებით, არამედ ქონების მესაკუთრის ვინაობისადმი მისი სუბიექტური დამოკიდებულებით (შდრ. სუსგ. №ას-607-2019, 4 ივლისი, 2019 წელი).
18. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმ უდავოდ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე და თ.მ–ი წარმოადგენენ ნათესავებს, ასევე, მათ შორის დადებული მეორე ხელშეკრულების საფუძველზე სადავო ქონების მესაკუთრე კვლავ მოპასუხე გახდა, ეჭვის ქვეშ აყენებს გარიგებების ორივე მხარის კეთილსინდისიერებას და მტკიცების ტვირთს იმასთან დაკავშირებით, რომ ქონების შემძენი, თითოეულ შემთხვევაში წარმოადგენდა კეთილსინდისიერ შემძენს, სწორედ მათ აკისრებს. აღსანიშნავია, რომ თ.მ–ის უფლებამონაცვლეს (მემკვიდრეს) - ლ.მ–ს შესაგებელი არ წარუდგენია და არც სასამართლო სხდომებზე გამოცხადებულა. მოპასუხე კი წარმოადგენს სწორედ იმ მხარეს, რომელიც მესამე პირად იყო ჩართული ადმინისტრაციულ დავაში და რომლის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია სადავო უძრავ ქონებაზე ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მას არ მიუთითებია და არც წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებებისა, დაადასტურებდა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობას და იმ ფაქტს, რომ იგი წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს.
19. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო უძრავი ქონება (1/3 წილი) აღირიცხა ე.ხ–ის საკუთრებად. სასამართლომ სადავო რეგისტრაცია მიიჩნია უკანონოდ. შესაბამისად, ბათილია მისი სამართლებრივი შედეგებიც. ამასთან, საქმეზე არ დასტურდება კეთილსინდისიერი შემძენის არსებობა, შესაბამისად, არ არსებობს სადავო გარიგებების ბათილად ცნობის დამაბრკოლებელი გარემოება. შესაბამისად, გასაზიარებელია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის სარჩელი ე.ხ–სა და თ.მ–ს შორის 2016 წლის 7 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების და იმავე უძრავ ნივთზე თ.მ–სა და ე.ხ–ს შორის 2018 წლის 08 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
20. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის პრეტენზიებზე, რომლებიც შეეხებოდა იმ გარემოებებს, რომ სასამართლომ მხედველობის მიღმა დატოვა მოპასუხე მხარის მიერ მოსარჩელის მამკვიდრებლის შესახებ წარდგენილი საინფორმაციო ბარათი რეგისტრაციის ადგილის შეცვლის შესახებ და არგუმენტი, რომ სასოფლო-სამეურნეო კომლის წევრის ქალაქში გადასვლის შემთხვევაში, უქმდებოდა კომლი, რომ მოსარჩელის მამკვიდრებელს უდასტურდება ქ. თბილისში საცხოვრებლად გადასვლა და ამდენად, მის მიერ კომლის წევრობიდან გამომდინარე, ახმეტის ტერიტორიაზე საკუთრების დარეგისტრირების საფუძველი აღარ არსებობს, აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის მოთხოვნებს წარმოადგენს ე.ხ–სა და თ.მ–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების, როგორც მოჩვენებითი გარიგებების, ბათილად ცნობა.
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
22. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:
22.1. ნებისმიერი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობა გახლავთ ნამდვილი იურიდიული ინტერესის ქონა. განსახილველი დავის მიმართ მოსარჩელე მხარეს არ აქვს ნამდვილი იურიდიული ინტერესი. იგი ითხოვს მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობას. მარტოოდენ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება მას ვერ აღადგენს თავის უფლებებში, რამდენადაც მას არ მოუთხოვია მესაკუთრედ ცნობა. იმ ფონზე, როდესაც კასატორს აქვს უფლება დამდგენი დოკუმენტი საკომლო ჩანაწერების სახით, რომელიც მას ანიჭებს უფლებას როგორც კომლის წევრს დაირეგისტრიროს მისთვის როგორც კომლისთვის გამოყოფილი უძრავი ნივთი, შესაბამისად, არაფრის მომცემია მარტოოდენ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რადგან ამ ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო აპრიორი ვერ მოახდენს მოსარჩელის საკუთრების უფლების დარეგისტრირებას. შეჯამების სახით საპროცესო დარღვევასთან დაკავშირებით შესაძლებელია ითქვას, რომ საპროცესო ნორმის დარღვევა რამაც არსებითად იმოქმედა გადაწყვეტილების შედეგზე გამოხატულია იმაში, რომ სააპელაციო სასამართლომ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არ მქონე მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რითაც დაირღვა საპროცესო კოდექსის 180 მუხლი;
22.2. განსახილველ საქმეში მტკიცებულებად წარდგენილია ადმინისტრაციულ საქმეზე თელავის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებული განჩინების გამომტან სასამართლოს გაზიარებული აქვს. ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო სასამართლომ საფუძვლად დაუდო თავის განჩინებას არ წარმოადგენს პრეიუდიციული მნიშვნელობის მტკიცებულებას, რადგან არ არის იგივე მხარეებს შორის სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება სავსებით თავისუფლად არის დაძლევადი სხვა მტკიცებულებით;
22.3. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება წინააღმდეგობრივია იმ თვალსაზრისით, რომ ერთი მხრივ სააპელაციო სასამართლო განჩინების 62-ე პუნქტში ასკვნის, რომ მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო მეორე მხრივ, კი მოსარჩელის მიერ მხოლოდ ახსნა-განმარტებით სარჩელის დაკმაყოფილებას შესაძლებლად მიიჩნევს და არ ითვალისწინებს, რომ მოსარჩელის მხრიდან არ და ვერ იქნა უტყუარად დადასტურებული სადავო გარიგებების ბათილი ხასიათი. მარტოოდენ ის ფაქტი, რომ პირველი და მეორე მოპასუხე ერთმანეთის ნათესავები არიან შეუძლებელია განაპირობებდეს მათ შორის დადებული გარიგებების ბათილობას. მეტიც, ის ფაქტი, რომ მოპასუხე წარმოადგენს მარტოხელა პირს, განაპირობებდა მის სურვილს მისი კუთვნილი წილი უძრავი ქონებიდან გაესხვისებინა არა ნებისმიერ უცხო პირზე, არამედ მის ნათესავზე ამით კი მიიღწეოდა როგორც მისი ეკონომიკური მიზანი - მიიღებდა შემოსავალს, ასევე, უცხო პირი არ შევიდოდა საცხოვრებლად მის დედ-მამისეულ სახლში და სადავო უძრავი ქონების წილი გადავიდოდა იმგვარი შემძენის ხელში, რომელსაც გარკვეული ადამიანური და ემოციური კავშირი ექნებოდა შეძენილ ქონებასთან;
22.4. ის ფაქტი, რომ მოგვიანებით მოპასუხემ თ.მ–ისაგან უკან გამოისყიდა წილი აიხსნება იმით, რომ თ.მ–ს დაუდგინდა სიცოცხლისთვის საშიში დაავადება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევდა შეძენილი უძრავი ნივთის განვითარების ან/და მასში ცხოვრების შესაძლებლობას. მას მძიმე ავადმყოფობიდან გამომდინარე ესაჭიროებოდა თანხები და ამგვარ ვითარებაში მასსა და ე.ხ–ს შორის შედგა ნასყიდობის ხელშეკრულება. ე.ხ–ს უძრავი ქონების მოჩვენებითი გარიგების სახით გასხვისების სურვილი, რომ ჰქონოდა იგი ბუნებრივია აღარ დადებდა თ.მ–ისაგან წილის უკან გამოსყიდვის ხელშეკრულებას, რადგან თავისთავად ცხადია, რომ ახალი შემძენის წინააღმდეგ საკუთრების უფლების დაბრუნების მოთხოვნას ნაკლები პერსპექტივა ექნებოდა მოსარჩელის მხრიდან. ამდენად, მოპასუხეს არ ჰქონია თ.მ–თან ბათილი გარიგების დადების მოტივაცია და მოსარჩელე მხარე მარტოოდენ საკუთარ ახსნა-განმარტებას აყრდნობს სასარჩელო მოთხოვნას ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ;
22.5. მოსარჩელე მხარეს არ წარუდგენია რაიმე ობიექტური მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა თ.მ–სა და ე.ხ–ს შორის ოფიციალურად, ფორმის დაცვით და საჯარო რეესტრში ასახული გარიგებებს რომლის მონაცემების მიმართაც მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია და რომლის ყველა არსებითი პირობა შესრულებული იყო დადების მომენტში. მეორე მოპასუხის ლ.მ–ის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა აიხსნება იმით, რომ ეს პირი დავის განხილვის მომენტისათვის არ წარმოადგენს მესაკუთრეს და მას ქონებრივი თვალსაზრისით რაიმე შედეგი არ უდგება მოცემული დავის გამო;
22.6. სასამართლოს მხედველობის მიღმა აქვს დატოვებული მოპასუხე მხარის მიერ მამკვიდრებლის შესახებ წარდგენილი საინფორმაციო ბარათი რეგისტრაციის ადგილის შესახებ და არგუმენტი, რომ სასოფლო-სამეურნეო კომლის წევრის ქალაქში გადასვლის შემთხვევაში, უქმდებოდა კომლი. უდავოა, რომ მოსარჩელის მამკვიდრებელს უდასტურდება ქ. თბილისში საცხოვრებლად გადასვლა და ამდენად მის მიერ კომლის წევრობიდან გამომდინარე, ახმეტის ტერიტორიაზე საკუთრების დარეგისტრირების საფუძველი აღარ არსებობს;
22.7. გასაჩივრებული განჩინების გამომტან სასამართლოს უგულებელყოფილი აქვს, რომ ცნობა-დახასიათება არ წარმოადგენს უფლება-დამდგენ დოკუმენტს, არამედ რეესტრში ასახული დაურეგისტრირებელი ფართის შესახებ ინფორმაციის ერთგვარ კომპილაციას, ცხრილს წარმოადგენს, ხოლო თავად ცნობა-დახასიათება იქმნება, დგება რეესტრში დაცული უფლება-დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე. როდესაც კასატორის შესახებ არსებობს NAA2024011660-04 საარქივო ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ე.ხ–ი მუდმივად იყო კომლის წევრი და ერიცხება როგორც მიწის ნაკვეთი, ისე საცხოვრებელი სახლი მოწინააღმდეგე მხარის ცნობა-დახასიათება ვერ გადაწონის ამ მტკიცებულებას. მით უფრო მაშინ, როდესაც მოპასუხე დაბადებიდან ცხოვრობს იმ ფართში რომელზე დადებული გარიგებების ბათილობასაც მოსარჩელე ითხოვს და მას არ აქვს სხვა სახლი ახმეტის რაიონში და არც მოწინააღმდეგე მხარეს არ მიუთითებია საპირისპირო.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
27. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
28. საქართველოს უზენაესი სასამართლო მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
29. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე, რაც მათი უფლებაა, მაგრამ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; იხ: სუსგ საქმე №ას-1298-2018; 22 მარტი 2019 წელი; №ას-1329-2018, 22 თებერვალი წელი; №ას-1610-2019, 7 თებერვალი 2020 წელი).
30. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაა, კერძოდ, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოპასუხეთა შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება არის თუ არა მოჩვენებითი გარიგება, რაც აღიარებითი სარჩელის სახეა.
31. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში ერთ-ერთი ძირითადი პრეტენზია იყო აღიარებითი სარჩელის მიმართ მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა.
32. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და, შესაბამისად, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე (იხ.: სუსგ №ას-1920-2018, 31 მაისი 2019 წელი).
33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფა (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობისაა და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და, ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს (იხ.: სუსგ №ას-1389-2018, 30 ნოემბერი 2018 წელი; №ას-1920-2018, 31 მაისი 2019 წელი). სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს მოსარჩელეს ამგვარი აღიარებით. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოვლენაა. ასეთი ინტერესის არსებობა ყოველთვის გულისხმობს, რომ მხარე გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს ინტერესის ობიექტს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ - აუცილებელია მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით, ინტერესი მოიცავს შედეგებს, რომელიც კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად ობიექტურად მიღწევადი უნდა იყოს (იხ.: სუსგ №ას-1059-2019, 20 სექტემბერი 2019 წელი).
34. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად, მხარე სრულად გარკვეულ შედეგს უნდა იღებდეს, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. სუსგ №ას-838-802-2014, 19 მარტი 2015 წელი).
35. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს წინამდებარე განჩინების 6.1-6.5 პუნქტებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და იზიარებს, რომ მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი მდგომარეობს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შედეგად, აღმოფხვრას მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის ხელისშემშლელი გარემოებები და საჯარო რეესტრში მოახდინოს მისი უფლების რეალიზაცია - საკუთრების უფლების რეგისტრაცია. კერძოდ, საყურადღებოა, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე N3/111-17) ბათილად იქნა ცნობილი მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 იანვრის №882013019865-03 გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო უძრავ ნივთზე (1/3) დარეგისტრირდა ე.ხ–ის (მოპასუხის) საკუთრების უფლება. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში სასამართლომ განმარტა მათ შორის შემდეგი: „საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების მიხედვით, მოსარჩელის მამას გააჩნდა უძრავ ნივთზე უფლების დამდგენი დოკუმენტაცია, რომელიც არც გაბათილებულა და არც ძალადაკარგულად ყოფილა ცნობილი. აღნიშნული კი იმას ნიშნავს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლების საფუძველი შესაბამის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ ქონებაზე; განსახილველ შემთხვევაში უფლება არ იყო რეგისტრირებული უშუალოდ ლ.ხ–ზე, თუმცა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. ახმეტა, ........ ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი ფართობით 1 500 კვ.მ და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი ფართობით 261 კვ.მ აღრიცხულია ა.შ. ძე ხ–ის სახელზე. მოსარჩელე ლ.ხ–ი წარმოადგენს ა.ხ–ის პირველი რიგის მემკვიდრეს - შვილს. მესამე პირზე ე.ხ–ზე 2013 წლის 25 იანვრის რეგისტრაციით კი ეს უფლება ფაქტობრივად წაერთვა მოსარჩელეს (იხ. გადაწყვეტილების 7.1. პუნქტი)“. სხვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა შემდეგი: „დადგენილია, რომ ე.ხ–სა და თ.მ–ს შორის 2016 წლის 7 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ეს უკანასკნელი აღირიცხა უძრავი ნივთის 1/3-ის (ს/კ ..........) მესაკუთრედ საჯარო რეესტრში. აღნიშნული ხელშეკრულება და რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება სასამართლოში სადავოდ არ არის გამხდარი. ასევე დადგენილია, რომ თ.მ–სა და ე.ხ–ს შორის (დამოწმების თარიღი 08.08.2018 წელი) დადებული უძრავი ნივთი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ეს უკანასკნელი კვლავ აღირიცხა უძრავი ნივთის 1/3-ის (ს/კ .........) მესაკუთრედ საჯარო რეესტრში. აღნიშნული ხელშეკრულება და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოში სადავოდ არ არის გამხდარი. ამდენად, მართალია, სადავო უძრავი ნივთი სასამართლოში დავის განხილვის დროს კვლავ ე.ხ–ის საკუთრებას წარმოადგენს, მაგრამ მას საფუძვლად უდევს თ.მ–სა და ე.ხ–ს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (დამოწმების თარიღი 08.08.2018). შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აღნიშნულის საფუძველზე 2018 წლის 13 აგვისტოს მიღებული აქვს შესაბამისი გადაწყვეტილება (№892018695078-03), რომელიც ასევე არ გასაჩივრებულა სასამართლოში. ამდენად, დღევანდელი მდგომარეობით კვლავ ძალაშია უძრავი ნივთის (ს/კ ........მისამართ: ქ. ახმეტა, ........ა, ქუჩა, №24) რეგისტრაცია (გადაწყვეტილების 7.2 პუნქტი)“.
36. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითობის გამო ბათილად ცნობაა, რაც აღიარებითი სარჩელის სახეა. თუ კი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება, მოსარჩელეს მიეცემა შესაძლებლობა, წარადგინოს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მტკიცებულება და შესაბამისად, სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების მოტივით, მარეგისტრირებელი ორგანომ, ყოველმხრივ, სრულად გამოიკვლიოს სადავო უძრავი ქონების ნამდვილი მესაკუთრის ვინაობის საკითხები. აღნიშნული ცალსახად მეტყველებს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობაზე, აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის შედავება ამ ნაწილში ვერ იქნება გაზიარებული.
37. საქართველოს უზენაესი სასამართლო კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე N3/111-17) წინამდებარე საქმის ფარგლებში გამოყენებას, აღნიშნავს, რომ მართალია დასახელებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა ვერ მიენიჭება, რადგან ვერ აკმაყოფილებს სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ წინაპირობებს, თუმცა, შესაძლოა, გათვალისწინებულ იქნეს როგორც ერთ-ერთი რიგითი მტკიცებულება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასებისას. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორედ როგორც რიგითი მტკიცებულება ისე შეაფასა წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილება.
38. საკასაციო საჩივრის ფარგლებში შედავებულია ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილობის საკითხიც, ისევე როგორც გარიგების მხარეთა კეთილსინდისიერება.
39. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. 55-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
40. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). დასახელებული ნორმის აღწერილობითი ნაწილი იძლევა მოჩვენებითი გარიგების იურიდიულ დეფინიციას და ნორმით გათვალისწინებული შედეგის მიმართ გადამწყვეტია მხოლოდ და მხოლოდ მხარეთა ნამდვილი ნება, ანუ მათ არ უნდა სურდეთ იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევა, რასაც გარიგება ითვალისწინებს, არამედ ამ გარიგების დადება ემსახურება სხვა, მათ შორის, მესამე პირის მიმართ ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდებას. თავის მხრივ, მოჩვენებითი გარიგება, როგორც წესი, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, ყოველთვის შეესაბამება ამ ტიპის გარიგების დადებისათვის კანონით დადგენილ წესსა და პირობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე გვექნებოდა ამავე კოდექსის ზოგადი თუ კერძო ნაწილით განსაზღვრული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლები (იხ. სუსგ №ას-296-283-2015, 2015 წლის 4 ივნისი).
41. მოჩვენებითია გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი გარეგნულად კი გამოხატავენ ნებას, იქცევიან ისე, თითქოს ნამდვილად სურდეთ ამ გარეგნულად გამოხატულის მიღწევა, სინამდვილეში კი არც ფიქრობენ ამ შედეგის დადგომაზე (ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2011, გვ. 361).
42. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ მოჩვენებით გარიგებას ორი ძირითადი ნიშანი ახასიათებს: პირველი, ის დადებულია მოსაჩვენებლად და, მეორე, მხარეებს არა აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს (სუსგ №ას-976-908-2017, 22 იანვარი 2018 წელი; №ას-366-2019, 17 მაისი 2019 წელი; №ას-603-562-2017, 10 ივლისი 2019 წელი; №ას-1483-2020, 19 მარტი 2021 წელი).
43. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთი მოჩვენებითი გარიგებების შემთხვევაში აწევს იმ პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას. თუნდაც, მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, მოსარჩელეს ევალება (იხ. სუსგ №ას-1439-1357-2012, 1 ივლისი 2013 წელი; №ას-862-812-2015, 11 ნოემბერი 2015 წელი).
44. განსახილველ შემთხვევაში, ასეთი სახის მტკიცების ტვირთი სწორედ მოსარჩელეზე იყო, რომელმაც გარიგების ბათილობის საფუძვლად მხარეთა არაკეთილსინდისიერებასა და მოჩვენებითი გარიგების არსებობაზე მიუთითა იმ მიზეზით, რომ გარიგების მხარეები წარმოადგენდნენ ნათესავებს, კერძოდ, უდავო გარემოებაა, რომ თ.მ–ი წარმოადგენდა მოპასუხე ე.ხ–ის ნათესავს - დის შვილს. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების მიზანი მოსარჩელისათვის საკუთრების უფლების განხორციელებისათვის ხელშეშლა გახლდათ.
45. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში, ნების გამოვლენის გარეგანი დათქმა არ არსებობს. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები შეთანხმებით მოქმედებდნენ და ნების ნაკლს ორივე აცნობიერებდეს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები იმ განზრახვის გარეშე მოქმედებენ, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ „გარიგება“. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ძირითადად, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მოჩვენებით გარიგებად მიიჩნიოს, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებს ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქციური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას არ შეესაბამება. შესაბამისად, იმისათვის, რათა დადგინდეს გარიგებების მოჩვენებითი ხასიათი, აუცილებელია, სასამართლომ ერთობლივად შეაფასოს გარიგების მხარეთა ნება, ქონებების გასხვისების დრო, მხარეთა ურთიერთკავშირი, ხელშეკრულების ფასი, მყიდველთა გარიგების გაფორმების შემდგომი ქმედებები და ა.შ.
46. მოჩვენებითი გარიგებების შეფასებისას, მნიშვნელოვანია უძრავი ქონების შემძენის კეთილსინდისიერების საკითხის დადგენაც. თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება ევალება მოსარჩელეს. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების შედეგად, როგორც წესი, გარიგების მოჩვენებითობა და შემძენის არაკეთილსინდისიერება მოსარჩელემ უნდა ადასტუროს, თუმცა მტკიცების ტვირთი ბრუნდება იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს ან სხვა ოჯახის წევრებს შორის. ასეთ ვითარებაში არსებობს პრეზუმფცია, რომ ახლო ნათესავმა (დედამ, შვილმა, დამ, ძმამ, მეუღლემ) იცოდა გარიგების ბათილობის წინაპირობების თაობაზე. შესაბამისად, ახლო ნათესავებს შორის გარიგების დადების პირობებში, შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია არ არსებობს, რაც იმთავითვე მტკიცების ტვირთის შებრუნების საფუძველია.
47. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილი გარემოებაა, რომ სადავო გარიგების მხარეები ნათესავები არიან, კერძოდ, თ.მ–ი წარმოადგენდა მოპასუხის (ე.ხ–ის) დის შვილს.
48. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე [(არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი 185-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, „გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში“, იმ შემთხვევაში, როდესაც რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილია საჩივარი და ეს ფაქტი შემძენისათვის ცნობილია) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება №3/4/550 – ვებგვერდი, 26.10.2017წ.] და 312.2. მუხლზე, რომლის შესაბამისად, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.
49. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის, საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა. საჯაროობის პრინციპი კი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრაციის მომენტიდან იძენს ამგვარი უფლება იურიდიულ ძალას მესამე პირებისათვის. კანონმდებლობა უშვებს საჯარო რეესტრის სისწორის პრეზუმფციას, რაც ნიშნავს იმას, რომ მესამე პირებისათვის რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად საჯარო რეესტრი, ერთი მხრივ, სამოქალაქო ბრუნვის გარანტის ფუნქციას ასრულებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი სრულ კონსენსუსშია სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებულ ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპთან. კონფლიქტი წარმოიშობა მაშინ, როდესაც რეესტრში რეგისტრირებული უფლება არ შეესაბამება ამ უფლების ნამდვილ შინაარსს, ხოლო მესამე პირისათვის ეს ფაქტი უცნობია (იხ. სუსგ საქმე №ას-189-182-2013, 16 იანვარი, 2014 წელი).
50. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საკუთრების უფლების სრულყოფილი რეალიზება შეუძლებელია სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის გარეშე. სტაბილური სამოქალაქო ბრუნვა წარმოადგენს არა მხოლოდ საკუთრების უფლებით სარგებლობის, არამედ, ზოგადად, სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას. სახელმწიფო უფლებამოსილი და ხშირ შემთხვევაში ვალდებულიც არის, მიიღოს ზომები სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, უძრავი ქონების კონტექსტში საჯარო რეესტრის მონაცემების სისწორე და სანდოობა ორგანულ კავშირშია სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობასთან (იხ. „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება №3/4/550, 2017 წლის 17 ოქტომბერი, II-21).
51. სსკ-ის 185-ე მუხლი იცავს კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებს საჯარო რეესტრის მონაცემთა სისწორისა და რეგისტრირებული მესაკუთრის უფლებამოსილების მიმართ. აღნიშნული მუხლი მოიცავს შემთხვევას, როდესაც უძრავი ნივთის გასხვისების ნებას ავლენს რეგისტრირებული მესაკუთრე, მაგრამ მისი საკუთრების უფლება შეცილებულია სხვა, მესამე პირთა მხრიდან ან არ არის სრულყოფილი, რისი არცოდნაც შემძენის მიერ წარმოგვიჩენს მას (შემძენს) კეთილსინდისიერად. აღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ, როდესაც საქმე უკავშირდება უძრავი ქონების შეძენას, შემძენს, თავისი უფლების დასამტკიცებლად, შეუძლია, დაეყრდნოს რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს, თუნდაც, სინამდვილეში, უსწორო იყოს რეესტრის მონაცემები. ამ მდგომარეობას არაარსებითად აქცევს შემძენის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობით გამოიხატება. ერთადერთი, რაც რეესტრის უტყუარობის ფიქციას და, შესაბამისად, ნივთის შეძენას არღვევს, სწორედ შემძენის არაკეთილსინდისიერებაა. სსკ-ის 185-ე და 312-ე მუხლები შეიცავს არაკეთილსინდისიერების იურიდიული შედეგის განმსაზღვრელ კომპონენტს - შემძენმა იცის, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამ საკითხის გამორკვევისას გამოსაკვლევია შემძენის შესაძლებლობანი რეესტრის არასწორი ჩანაწერის ცოდნასთან მიმართებით ან უნდა გაირკვეს, შემძენს გონივრული წინდახედულობის ფარგლებში უნდა სცოდნოდა თუ არა სადავო ფაქტის შესახებ. ამდენად, შემძენის ინტერესების დაცვა უნდა მოხდეს არა მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების გათვალისწინებით, არამედ ქონების მესაკუთრის ვინაობისადმი მისი სუბიექტური დამოკიდებულებით (შდრ. სუსგ. №ას-355-334-2014, 21.07.2014წ; №ას-375-352-2014, 14.07.2014წ.) (იხ.სუსგ საქმე №ას-607-2019, 4 ივლისი, 2019 წელი).
52. საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობის პრეზუმფცია ვერ გამოდგება შემძენის დაცვით არგუმენტად, თუ დადგინდება, რომ მან იცოდა უფლების ხარვეზის შესახებ. ამდენად, როდესაც სადავოა უძრავი ნივთის შეძენის ფაქტი და მხარე მიუთითებს შემძენის არაკეთილსინდისიერებაზე, უნდა შემოწმდეს შემძენის სუბიექტური დამოკიდებულება გარკვეული ფაქტებისადმი. ამასთან, შემძენს არ შეიძლება მოეთხოვოს ისეთი გარემოებების ცოდნა, რომელიც აღემატება მისი შესაძლებლობის ფარგლებს (იხ. სუსგ საქმე №ას-1467-2019, 26 თებერვალი, 2021 წელი). უფლების შემძენს ტვირთად აწევს არა ყოველგვარი უზუსტო მონაცემის ცოდნა, არამედ მხოლოდ ისეთის, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს უფლების შეძენის ნამდვილობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩანაწერის უზუსტობის ცოდნა ნიშნავს იმ გარემოებათა ცოდნას, რის გამოც ჩანაწერია უზუსტო (იხ. სუსგ საქმე №ას-189-182-2013, 16 იანვარი, 2014 წელი; ას-1639-2019, 7 ივლისი 2021 წელი).
53. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების მხარეებზე, გაფორმების თარიღსა და მათ ნათესაურ კავშირზე. წინამდებარე დავის ფარგლებში, დადგენილია, რომ მოპასუხესა და თ.მ–ს შორის 2016 წლის 7 მარტს წერილობით დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. ახმეტა, ........ ქუჩა N24 საკადასტრო კოდი: ........(შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“) 1/3 ნაწილზე დარეგისტრირდა თ.მ–ის საკუთრების უფლება; თ.მ–სა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 8 აგვისტოს წერილობით დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სადავო უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე კვლავ დარეგისტრირდა მოპასუხის საკუთრების უფლება. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომლის თანახმად, რეალური შედეგის მიღწევის სურვილი მხარეებს არ ჰქონდათ, რასაც ადასტურებს სწორედ ის გარემოებაც, რომ სადავო უძრავი ქონება ე.ხ–მა ჯერ მიყიდა ნასყიდობის ხელშეკრულებით თავის დისშვილს და მერე კვლავ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უკან იყიდა. აღნიშნულით კი წარმოიქმნა ახალი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ახალი რეგისტრაციის საფუძვლები, რითაც რეალურად წარმოიქმნა ხელოვნური ბარიერები და შეფერხდა მოსარჩელე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მიეღწია სამართლებრივი მიზნისთვის - ე.ხ–ის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის ბათილად ცნობასთან ერთად თავის საკუთრებად დაერეგისტრირებინა სადავო უძრავი ქონება.
54. საქართველოს უზენაესი სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომლის თანახმად, რამდენადაც მოპასუხე და თ.მ–ი წარმოადგენენ ნათესავებს, ასევე, მათ შორის დადებული მეორე ხელშეკრულების საფუძველზე სადავო ქონების მესაკუთრე კვლავ მოპასუხე გახდა, ეჭვის ქვეშ აყენებს გარიგებების ორივე მხარის კეთილსინდისიერებას. ამასთან, საკასაციო სასამართლო დასაბუთებულად ვარაუდობს, რომ თ.მ–ისთვის, როგორც მოპასუხის დის შვილისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების პრეტენზიაზე, სადავო უძრავი ქონების ნაწილზე ამჟამად რეგისტრირებულია კვლავ მოპასუხის საკუთრება, რომელიც წინამდებარე საქმეში მითითებული ადმინისტრაციული დავის ფარგლებში, სადაც სხვა საკითხებთან ერთად მოთხოვნილი იყო სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მესამე პირს წარმოადგენდა. ყოველივე აღნიშნული კი მტკიცების ტვირთს იმასთან დაკავშირებით, რომ ქონების შემძენი, თითოეულ შემთხვევაში წარმოადგენდა კეთილსინდისიერ შემძენს, სწორედ მოპასუხე მხარეს აკისრებს. აღსანიშნავია, რომ თ.მ–ის უფლებამონაცვლეს (მემკვიდრეს) - ლ.მ–ს შესაგებელი არ წარუდგენია და არც სასამართლო სხდომებზე გამოცხადებულა. რაც შეეხება კასატორის წინამდებარე განჩინების 22.4 პუნქტში მითითებულ პრეტენზიას, აღნიშნული დამოუკიდებლად ვერ არყევს უძრავი ქონების სადავოობის შესახებ მოპასუხის დის შვილის ინფორმირებულობის ფაქტს.
55. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას და მიუთითებს, რომ არსებობდა სადავო გარიგებების მოჩვენებითად მიჩნევის წინაპირობები, განსაკუთრებით ისეთ ვითარებაში, როდესაც მოპასუხე მხარეს არ წარუდგენია სასამართლოში რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარიგების ნამდვილობას.
56. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია სააპელაციო პალატის მსჯელობის საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
57. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე.ხ–ის საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
ლევან ნემსაძე