დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
21 მაისი, 2026 წელი,საქმე №ას-509-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნიკოლოზ მარსაგიშვილი,ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ე.ჩ–ია, ე.კ–ია, გ.კ–ია (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - რ.ს–ნი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ.თბილისში, .......... მე-4 სართულზე მდებარე №10 ბინა (შემდეგში - სადავო ბინა, უძრავი ნივთი ან უძრავი ქონება) როლანდი სიმონიანის (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) საკუთრებადაა დარეგისტრირებული, რომელმაც უძრავი ნივთი აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებულ აუქციონზე შეიძინა.
2. ე.ჩ–ია (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან პირველი კასატორი), ე.კ–ია (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან მეორე კასატორი) და გ.კ–ია (შემდეგში - მესამე მოპასუხე ან მესამე კასატორი) სადავო ბინას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ.
3. უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისთვის გადაცემის მოთხოვნით მოპასუხეთა წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო ბინა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოპასუხეს გადაეცა.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 მარტის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხეებს უძრავი ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდათ, ხოლო მითითებული ქონების მესაკუთრე მოსარჩელე იყო, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 172.1-168-ე მუხლების საფუძველზე ამ უკანასკნელის სარჩელი წარმატებული იყო.
7. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოპასუხეებმა შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინეს:
- უძრავი ქონების აუქციონზე შეძენის კანონიერების საკითხზე სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, თუმცა ამ საკითხზე სააპელაციო საჩივარში მოპასუხეები მიუთითებდნენ. სადავო ბინაზე აუქციონის ჩატარების კანონიერებასა და მიღებული განკარგულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით ამ დრომდე სასამართლოში დავა მიმდინარეობს. დასახელებული დავის პირველი მოპასუხის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, აუქციონის შედეგები ბათილად იქნება ცნობილი, რაც უძრავ ნივთზე მესამე პირის საკუთრების უფლებას გამორიცხავს.
- სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა საერთაშორისო და ეროვნული სასამართლოების გამოცდილება, რომელიც ცხადყოფს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ერთადერთი საცხოვრებელი სახლიდან მხოლოდ ერთი პირის კი არა, მთლიანად ოჯახის იძულებით გამოსახლებას გამოიწვევს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
9. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.
11. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ნივთის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172.1 მუხლი. ამ ნორმის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
მოსარჩელე სადავო ქონების მესაკუთრეა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
ამავდროულად, დადგენილია, რომ მოპასუხეები უძრავი ნივთის მფლობელები არიან.
სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეებმა ვერ შეძლეს საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ქონებაზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
ეს გარემოებები ადასტურებს, რომ არსებობს უკანონო მფლობელობიდან მესაკუთრის მიერ ნივთის გამოთხოვისთვის კანონით დადგენილი წინაპირობები, კერძოდ: სადავო ქონების მესაკუთრე მოსარჩელეა, ხოლო მოპასუხეებს არ აქვთ მისი ფლობის უფლება.
12. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, ვინაიდან არსებობს სსკ-ის 172.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.
13. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ გამოდგება კასატორების მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ სადავოდაა გამხდარი, მოსარჩელის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის კანონიერება.
ზემოაღნიშნული საკითხის გაანალიზებისას, საყურადღებოა, სსკ-ის 312.1 მუხლის შინაარსი. ამ ნორმის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. სანამ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება კანონიერად ითვლება, მანამდე უფლებამოსილ პირს შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება. ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს (იხ. სუსგ. Nას-320-2020, 18.02.2021წ.; Nას-1542-1462-2017, 30.01.2018წ.).
გარდა ამისა, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ მარტოოდენ გასაჩივრების ფაქტი არ აქარწყლებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მოქმედებას, თუ არ დადასტურდა უფლების ნამდვილობის ხარვეზი თავად გარიგების მხარეთა მიერ ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მანამდე ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (იხ. სუსგ. Nას-1542-1462-2017, 30.01.2018წ.; Nას-1719-2019, 22.01.2020წ.).
კანონის ზემომითითებული ნორმის შინაარსი, ასევე, დასახელებულ განჩინებებში ასახული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსჯელობა, საფუძველს ქმნის დასკვნისათვის, რომ მოცემულ შემთხვევაში, უნდა დავეყრდნოთ საჯარო რეესტრის არსებული ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას. ეს პრეზუმფცია კი, იმაში მდგომარეობს, რომ სადავო ქონების მესაკუთრე მოსარჩელეა, რაც სათანადო წესით, ამ ფაქტის უსწორობის დამტკიცებამდე, პრეზუმირებულია.
აქედან გამომდინარე, უძრავ ქონებაზე, კასატორთა მიერ მოსარჩელის საკუთრების უფლების არაკვალიფიციური ხასიათის შედავება, მესაკუთრის განსახილველი სარჩელის უარყოფას ვერ გამოიწვევს. როგორც ზემოთ განიმარტა, მოსარჩელეს, რომელიც ამჟამად უძრავი ქონების მესაკუთრეა, აღნიშნული ქონების მოპასუხისგან გამოთხოვის სრული უფლება აქვს, რაც კანონიერად დაკმაყოფილდა.
14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-577-2019, 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება; №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; №ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება).
15. სადავო საკითხის ამგვარად გადაწყვეტა სრულ შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან (მაგალითისათვის იხ.: მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი; იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII; პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ, დიდი პალატა, N42527/98, §83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).).
16. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
17. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას საფუძვლად ვერ დაედება კასატორთა მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ გასაჩივრებული განჩინების აღსრულება ერთადერთი საცხოვრისიდან მხარისა და მისი ოჯახის გამოსახლებას გამოიწვევს. აღნიშნული ვერ მიიჩნევა ისეთ შედავებად, რაც სადავო ქონებაზე კასატორთა მფლობელობას გაამართლებდა და ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავდა. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა იმითაა დასაბუთებული, რომ მესაკუთრის ინტერესი, არ დაუშვას სხვა პირის მიერ ქონების უკანონოდ სარგებლობა, აღემატება მფლობელის ინტერესს, რომელიც ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის საფუძვლიანობას ვერ ადასტურებს (შდრ. სუსგ: №ას-1315-2018, 2019 წლის 31 იანვრის განჩინება).
აღნიშნული საკითხის სხვაგვარად შეფასება წინააღმდეგობაში მოვიდოდა „საკუთრების მშვიდობიანი სარგებლობის უფლების“ პრინციპთანაც, რაც ევროკონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლით მესაკუთრის მიერ ქონების საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის უფლებას გარანტირებულს ხდის.
გარდა ამისა, საწინააღმდეგო შემთხვევაში, შეუსაბამობა გამოიკვეთებოდა მოქმედ ეროვნულ კანონმდებლობასთან, რომლითაც საკუთრებით სარგებლობის თაობაზე მესაკუთრის უფლება აღიარებულია და მფლობელს მესაკუთრის პირისპირ უპირატესობა მხოლოდ მაშინ შეიძლება მიენიჭოს, თუკი მისი მფლობელობა მართლზომიერად იქნება მიჩნეული (სსკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები).
ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ სადავო ბინის მესაკუთრე მოსარჩელეა და უძრავ ნივთს მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ. ეს გარემოება მესაკუთრეს იმ უფლებით აღჭურავს, რომ თავის საკუთრებაში არსებული ქონების მოპასუხეებისგან, როგორც არამართლზომიერი მფლობელებისგან გამოთხოვა მოითხოვოს.
18. უძრავი ქონების ღირებულების გადახდის კუთხით მფლობელების მზაობაზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მითითებული საკითხის განხილვა მორიგების ჭრილშია შესაძლებელი, თუმცა, აღნიშნული, მხარეთა დისპოზიციური უფლებაა, რაც პროცესის ყველა ეტაპზეა დასაშვები. უფრო მეტიც, მხარეთა მორიგება, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც შესაძლებელია. ამასთან, მორიგება, მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას გულისხმობს, რის გამოც, სასამართლო მხარეებს მათი ნების საწინააღმდეგოდ ვერ მოარიგებს.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ჩ–იას, ე.კ–იასა და გ.კ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ე.ჩ–იას (პ/ნ ...........), ე.კ–იასა (............_ და გ.კ–იას (პ/ნ ...........) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გ.კ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამურად 150 ლარის (მათ შორის: 2025 წლის 31 მარტს #1743410157 საგადასახადო დავალებით გადახდილი 100 ლარი და 2025 წლის 11 ივნისს #1749629513 საგადახადო დავალებით გადახდილი 50 ლარი) 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ნიკოლოზ მარსაგიშვილი
ლევან მიქაბერიძე