დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-420-2026 25 ივნისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები - გ.ხ–ი, ბ.ხ–ი (აპელანტები, მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარეები - მ.ჭ–ია, ს.კ.რ..“ (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 დეკემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მორალური ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2022 წლის 14 აგვისტოს მ.ჭ–იამ განცხადებით მიმართა შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს, გ.ხ–ის მიერ მასზე განხორციელებული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების გამო გამოძიების დაწყების მოთხოვნით.
2. გ.ხ–ს 2022 წლის 22 აგვისტოს წარედგინა ბრალდება, ვინაიდან არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 363-ე მუხლის პირველი ნაწილით და 139-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულ პირად ცნობილი იქნა მ.ჭ–ია.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით გ.ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. საბოლოოდ გ.ხ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. გ.ხ–ს 2 წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები. გ.ხ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 20 აგვისტოს 18:10 საათიდან.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით გ.ხ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
5. ს.კ.რ..“-ის სატელევიზიო ეთერში 2022 წლის 23 აგვისტოს გავიდა სიუჟეტი, გ.ხ–ის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით.
6. სასარჩელო მოთხოვნა
6.1. მ.ჭ–იას გ.ხ–ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 100 000 ლარის ოდენობით. მ.ჭ–იას ბ.ხ–ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 100 000 ლარის ოდენობით. შპს „ს.კ.რ..“-ს გ.ხ–ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 100 000 ლარის ოდენობით.
6.2. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ პირველმა მოპასუხემ წინასწარი შეცნობით ცილისმწამებლური განცხადებით მიმართა საგამოძიებო სამსახურს, სადაც მას სხვა დანაშაულებთან ერთად ბრალი დასდო სისხლის სამართლის კოდექსის 139.1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მოხმობილი მუხლის თანახმად ინკრიმინირებულია შემდეგი ქმედებაა - „პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება, ჩადენილი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით და სამსახურებრივი დამოკიდებულების გამოყენებით, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით“.
6.3. საგამოძიებო ორგანოში საქმის წარმოების შესახებ ცნობილი გახდა მეორე მოპასუხისათვის, რის შესახებაც ს.კ.რ..“-ის სატელევიზიო ეთერში 2022 წლის 23 აგვისტოს გავიდა სიუჟეტი, გ.ხ–ის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით. მართალია, სხვა ეპიზოდებში მოსარჩელე ცნობილია დამნაშავედ, თუმცა მისი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია შელახულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცრუ ბრალდების (ცილისწამების) გამო. ამ ნაწილში იგი გამართლებულია, რის გამოც მოითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებას ორივე მოპასუხისაგან.
6.4. რაც შეეხება მეორე მოსარჩელეს იგი პირველი მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილია, რომელიც გახდა საჯაროდ გავრცელებული მეორე მოპასუხის სიუჟეტის მსხვერპლი, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჟურნალისტები სწორედ იმ ბინის კართან გამოცხადდნენ, სადაც მოსარჩელის მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობდა. მომხდარი შემთხვევის შესახებ შეიტყვეს არასრულწლოვნის თანატოლებმა, მეგობრებმა და ფართო მასებმა, რამაც მას მორალური ზიანი მიაყენა.
7. მოპასუხის შესაგებელი
7.1. მოპასუხე მ.ჭ–იამ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გ.ხ–ს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა არა მხოლოდ სსკ-ის 139-ე მუხლით, არამედ სხვა მუხლებითაც, რომელზეც დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. მისი მხრიდან მოსარჩელის მიმართ ცრუ ბრალდებას ადგილი არ ჰქონია. გამამართლებელი განაჩენი გამომდინარეობდა პროკურატურის მიერ საქმის არასრულყოფილად გამოძიების გამო. მოპასუხის განმარტებით, მისი მხრიდან მოსარჩელე მხარის მიმართ ადგილი არ ჰქონია მორალური ზიანის მიყენებას, პირიქით სისხლის სამართლის საქმეში თავად იყო დაზარალებული.
7.2. მოპასუხე „ს.კ.რ..“-ის წარმომადგენელმა სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გ.ხ–ი სასამართლოს მიერ გამართლდა მხოლოს სსკ-ის 139-ე მუხლის ფარგლებში, ხოლო დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით. „ს.კ.რ..“-ს მიერ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის შესაბამისად, წყაროზე დაყრდნობით არის გავრცელებული ინფორმაცია. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ „დედა იძულებული გახდა დაეცვა შეშინებული არასრულწლოვანი შვილი ჟურნალისტის ძალადობისაგან“, არ შეესაბამება რეალობას.
7.3. „ს.კ.რ..“-ის მიერ გაკეთებულ სიუჟეტში მოსარჩელე მხარის ადვოკატს მიეცა საშუალება, რომ დაეფიქსირებინა საკუთარი კლიენტის აზრი, თუმცა კლიენტის მითითებით, არ მოინდომა სიუჟეტში საკუთარი აზრის დაფიქსირება. მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარი სიუჟეტი დამზადებულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის შესაბამისად და იგი არ წარმოადგენს მორალური ზიანის მოთხოვნის საფუძველს.
8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით: გ.ხ–ის და ბ.ხ–ის სარჩელი მ.ჭ–იას მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. გ.ხ–ის და ბ.ხ–ის სარჩელი ს.კ."რ..."-ის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
9. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 დეკემბრის განჩინებით გ.ხ–ისა და ბ.ხ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება.
11. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
11.1. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოითხოვა.
11.2. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, ასევე არ გამოიყენა შესაბამისი სამართლებრივი ნორმები.
11.3. მ.ჭ–იამ გ.ხ–ს ცილი დასწამა სსკ-ის 139-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, თითქოსდა ადგილი ჰქონდა მის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით. აღნიშნული ბრალდების სიცრუე აღიარა მ.ჭ–იამ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეზე მისი მოწმის სახით დაკითხვის დროს, რის გამოც დაიწყო გამოძიება და გ.ხ–ს შეეფარდა აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა. იგი 2022 წლის 20 აგვისტოდან მოთავსდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ფაქტობრივად ჩამოშორდა გარესამყაროს. ამის მიუხედავად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენით გ.ხ–ი ამ ნაწილში გამართლდა. თუმცა, მოპასუხე მ.ჭ–იას ცრუ ჩვენებამ უკვე შეურაცხყო მისი ღირსება, დააზიანა რეპუტაცია და გამოიწვია როგორც გ.ხ–ის, ასევე ბ.ხ–ის მძიმე მორალური ტკივილი.
11.4. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ გამოძიების ორგანოს მიმართვა შეიძლება შეიცავდეს ცილისწამების ელემენტებს, თუ ის შეიცავს ცრუ ბრალდებას, რომელიც ზიანის გამომწვევია. ასევე, შეფასების მიღმა დარჩა ის საკითხი, იყო თუ არა მ.ჭ–იას განცხადება კეთილსინდისიერი, ანუ კეთდებოდა თუ არა კეთილსინდისიერი მორალური/სამართლებრივი მიზნისათვის, თუ ეს იყო მიზანმიმართული ზიანის მიყენება.
11.5. დაკითხვისას მ.ჭ–იამ აღნიშნა, რომ იგი არ გეგმავდა ამ ტიპის საჩივარის შეტანას გ.ხ–ის წინააღმდეგ, მას სურდა მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოწერა, მაგრამ როდესაც პოლიციაში დაინახა გ.ხ–ის მეუღლე, შეეშინდა და ასეთი (ცილისმწამებლური) განცხადება შეიტანა იმისათვის, რომ დაეცვა თავისი თავი გამოკვლეული მტკიცებულებიდან, გ.ხ–ის და მ.ჭ–იას მოკლე ტექსტური შეტყობინებიდან თვალსაჩინო გახდა, რომ გ.ხ–ი აპირებდა მ.ჭ–იასთან დაშორებას და მას გაუგზავნა კიდეც ასეთი ტიპის შეტყობინებები, ხოლო კასატორის აზრით მ.ჭ–იას ცრუ ჩვენებას ქონდა ორი მიზეზი, შიში, რომელზედაც თავადვე აპელირებს და შურისძიება, ვინაიდან გ.ხ–ი აპირებდა მასთან დაშორებას. მეორე ვერსიას აძლიერებს ამავე შეტყობინებებში მ.ჭ–იას მიერ გაგზავნილი შეტყობინება გ.ხ–ის დაკავებისა და პენიტენციალურ დაწესებულებაში განთავსების შემდეგ, რომ მას ძალიან უყვარს და ენატრება გ.ხ–ი.
11.6. სასამართლომ არასწორად განმარტა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ცილისწამებას როგორც კერძო სამართლებრივ დარღვევას. ცილისწამება არ მოითხოვს საჯარო გავრცელებას მხოლოდ მედიის მეშვეობით საკმარისია მესამე პირისათვის მიწოდება, რაც გამოძიების ორგანოს მიმართვასაც მოიცავს. შესაბამისად, სასამართლოს პოზიცია, რომ გამოძიების ორგანოს მიმართვა არ შეიძლება ჩაითვალოს ცილისწამებად, არის არასწორი სამართლებრივი ინტერპრეტაცია. სასამართლომ არ შეაფასა მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლომ გადაწყვიტა საქმე მხოლოდ ერთ მხარეზე დაყრდნობით გამოძიების მასალებზე და უგულებელყო მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდნენ მოპასუხის განცხადების ცრუ ხასიათზე.
11.7. გ.ხ–ის მიმართ წამოწყებულ ცრუ ბრალდების საქმეზე დიდი ინტერესი გამოიწვია არა იმ ბრალდებებმა, რის საფუძველზეც გ.ხ–ის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, არამედ საქართველოს სსკ 139-ე მუხლით წარდგენილმა ცრუ ბრალდებამ, რაც დაეფუძნა მ.ჭანტურიას ცილისმწამებლურ განცხადებებსა და გამოკითხვის ოქმებს ჩაერთო სხვადასხვა მედია, განსაკუთრებით კი ტელეკომპანია „რ...“, რომელმაც გაავრცელა არაერთი სიუჟეტი, მათ შორის სათაურით: „ფიზიკური ძალადობა, ინტიმური კადრების გავრცელების მუქარით სექსუალური კავშირის იძულება, დაკავებულ ბიზნესმენს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს“. მოპასუხე რუსთავი-2-ის მიერ გაშუქებული და შემდგომ ინტერნეტ სივრცეში განთავსებული სიუჟეტები შეიცავდა ინსცენირებულ ინტიმურ სცენებს, რამაც საზოგადოებაში შეექმნა განცდა, რომ გ.ხ–ი დამნაშავე იყო საქართველოს სსკ 139-ე მუხლით ინკრიმინირებულ ქმედებაში და ეს ინტიმური კადრი, რაც განზრახ იყო ინსცენირებული ტელეკომპანია რ..-ის მიერ, იყო სწორედ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულება გ.ხ–ისათვის ბრალად წარდგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლისა, რა შემთხვევაშიც, ბრალის მიხედვით, გ.ხ–ს თითქოს და ქონდა მაშანტაჟებელი ვიდეო კადრები მასსა და მ.ჭ–იას ინტიმური ურთიერთობის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები, რაც მ.ჭ–იას ცრუ ბრალდების დასადასტურებლად შექმნა მოპასუხე ტელევიზიამ. საზოგადოებას შეუქმნა რწმენა, რომ გ.ხ–ი დანამდვილებით ახდენდა ინტიმური ურთიერთობების ვიდეოჩაწერას შემდგომი შანტაჟის მიზნით. სიუჟეტი „ფეისბუქზე“ განათავსეს საჯაროდ 345,000 ნახვით, 595 კომენტარით და ასობით შეურაცხმყოფელი გამოხმაურებით, სადაც გ.ხ–ს ეწოდებოდა „პედოფილი“, „მანიაკი“ და სხვა მძიმე ეპითეტები. სიუჟეტში გაშუქდა გ.ხ–ის ვინაობა, სახელი და გვარი, რაც წარმოადგენს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. გარდა ამისა, ჟურნალისტები მივიდნენ მოსარჩელეთა საცხოვრებელ სახლში, სადაც ცდილობდნენ ოჯახის წევრებთან ინტერვიუს აღების მიუხედავად ბ.ხ–ის დედის განმარტებისა, რომ არასრულწლოვანი იყო შეშინებული და არ სურდა კომუნიკაცია. დაირღვა ოჯახის მშვიდობიანი გარემო, რამაც გამოიწვია არასრულწლოვანის შიში და საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება.
11.8. სასამართლომ არასწორად გაათავისუფლა ტელეკომპანია „რ..“ პასუხისმგებლობისაგან მიიჩნია რა, რომ ტელეკომპანია მოქმედებდა მხოლოდ როგორც ინფორმაციის გადამცემი. თუმცა, ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ცალსახაა: ჟურნალისტური საქმიანობისას ინფორმაციის გადამოწმება და სიფრთხილე წარმოადგენს პასუხისმგებლობის გადამწყვეტ კრიტერიუმს. სასამართლომ არ შეაფასა, გადამოწმდა თუ არა ინფორმაცია მოსარჩელეთა მონაწილეობით, რაც „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონის 18-ე მუხლით მოთხოვნილია.
11.9. სასამართლომ არ დააბალანსა სიტყვის თავისუფლება და რეპუტაციის უფლება. ასეთ ვითარებაში, სასამართლომ ვალდებულება ჰქონდა განეხილა ორივე უფლების თანაბარი წონა და დაედგინა მათი პროპორციული ბალანსი, რაც არ გაკეთებულა. ტელეკომპანია „რ...“-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, რადგან მან გაავრცელა ოფიციალური წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
11.10. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და არ გამოიყენა მოქმედი სამართლებრივი ნორმები. რუსთავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას დადასტურდა, რომ შპს „ს.კ.რ..“-ის ჟურნალისტები მივიდნენ გ.ხ–ის საცხოვრებელ ბინასთან, სადაც იმყოფებოდა მისი მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები, მათ შორის არასრულწლოვანი ბ.ხ–ი. ჟურნალისტები აბრახუნებდნენ ბინის კარებზე, რამაც გამოიწვია არასრულწლოვანთა აშკარა შიში და ემოციური სტრესი. აღნიშნული ქმედებების გამო გ.ხ–ის მეუღლეს მოუწია საპატრულო პოლიციის გამოძახება. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევას. მიუხედავად ამ გარემოებებისა, რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ბავშვთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ზემოქმედების ფაქტი და მოპასუხეთა ქმედება მიიჩნია კანონიერ ჟურნალისტურ საქმიანობად, რითაც დაარღვია მოსარჩელეთა უფლებები და არ შეაფასა მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად.
11.11. არასრულწლოვანი ბ.ხ–ის მორალური ზიანის თაობაზე საერთოდ არ უმსჯელია სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით. ბ.ხ–მა, როგორც არასრულწლოვანმა, განიცადა განსაკუთრებული სტრესული გავლენა: სკოლასა და სოციალურ გარემოში გახდა დაცინვისა და უხერხული შეკითხვების ობიექტი, მეგობრები საუბრობდნენ მამაზე და ახმოვანებდნენ სატელევიზიო სიუჟეტში ნაჩვენებ ფაქტებს, სოციალურ ქსელში ნახა შეურაცხმყოფელი კომენტარები, სადაც მის მამას ეძახდნენ სექსუალურ დამნაშავეს. ტელეკომპანია „რ..“-ის მიერ გამოქვეყნებულ სიუჟეტში ნაჩვენები ინტიმური კადრი აღიქვა როგორც მამის დისკრედიტაციის მტკიცებულება. ამ გარემოებებმა არასრულწლოვან ბ.ხ–ზე მოახდინა მძიმე ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რაც დადასტურებულია მისი დედის განმარტებებით და გამოძახებული პოლიციის ჩანაწერებით.
11.12. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიუთითებს, რომ თითქოს მოპასუხის ქმედება დაცული იყო „პოლიციისთვის მიმართვის პრივილეგიით“. რეალურად, როდესაც უფლების ბოროტად გამოყენებასა და წინასწარი შეცნობით მცდარი ფაქტის პოლიციისთვის მიწოდებას აქვს ადგილი, ეს არ უნდა ჩაითვალოს აღნიშნული პრივილეგიის ფარგლებში პასუხისმგებლობის გამომრიცხველ შემთხვევად, მაშინ, როდესაც მოსარჩელეებმა გამოუსწორებელი ზიანი მიიღეს აღნიშნულით.
11.13. არასრულწლოვნის ნაწილში სააპელაციო პალატა საერთოდ არ მსჯელობს, მაშინ, როდესაც არასრულწლოვანმა მიიღო მძიმე ფსიქოლოგიური ზიანი როდესაც ჟურნალისტები საცხოვრებელი სახლის კარგზე აბრახუნებდნენ და ლახავდნენ მისი პირად სივრცეს. ბ.ხ–ის ნაწილში მორალური ზიანის მოთხოვნა არ გამომდინარეობს მხოლოდ ცილისწამებიდან, არამედ პირად ცხოვრებაში შეჭრიდან. ასევე, უგულებელყოფილია სამხარაულის ბიუროს მიერ დადასტურებული ზიანი, რომლითაც დადასტურდა არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური ტრავმა და მიზეზობრივობა მოპასუხეების ქმედებასთან.
11.14. სასამართლომ უგულებელყო ევროკონვენციის მე-8 მუხლი, რამდენადაც ტელეკომპანია გასცდა ინფორმაციის მიწოდების ფარგლებს, შეიჭრა პირად სივრცეში და ფალსიციფირებულად გაავრცელა ინფორმაცია. არასრულწლოვნის დევნა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევაა.
11.15. კასატორის შეფასებით, დარიღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, რამდენადაც, საქმე განიხილა მოსამართლეთა იმ შემადგენლობამ, რომელსაც პარალელურად წარმოებაში ჰქონდა გ.ხ–ის სააპელაციო საჩივარი მ.ჭ–იას წინააღმდეგ, სადაც სააპელაციო პალატამ გ.ხ–ის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება. შესაბამისად, მოსამართლეებს ჰქონდათ კასატორის მიმართ ნეგატიური წინასწარგანწყობა.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 29 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
18. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (იხ.: სუსგ საქმეებზე: Nას-1163-2018, 08.02.2019 წ.; Nას-495-2020, 23.10.2020 წ).
20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას პალატა სწორედ კასატორების პრეტენზიის ფარგლებში შეამოწმებს.
21. სსკ-ის 992-ე მუხლის (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1. მუხლის (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
22. დელიქტიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში („გენერალური დელიქტი“): 1) სახეზე უნდა იყოს ზიანი, 2) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი( გამონაკლის შემთხვევების გარდა). მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში ბრალის არარსებობა (შდრ: სუსგ №ას-352-2022, 20 აპრილი, 2022; №ას-1243-2021, 26 იანვარი, 2022 წ; №ას-1129-2013, 26 დეკემბერი, 2023 წ; №ას-934-2023, 03 ოქტომბერი, 2023 წ.).
23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს. სსკ-ის 408-ე მუხლის თანახმად, ,,პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება”. ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც პირს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალურად განვითარების შემთხვევაში (შდრ. გიორგი რუსიაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 408-ე, ველი 10, თბილისი, 2019).
24. ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. „გენერალური დელიქტის“ ერთ-ერთი მთავარი პირობა მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. თუკი ასეთი ქმედება არ არსებობს, მაშინ დელიქტის შემადგენლობის სხვა წინაპირობების შემოწმება ზედმეტია. მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. არის თუ არა მოთხოვნა მართლსაწინააღმდეგო, ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეამოწმოს სასამართლომ. მოქმედება შეიძლება, ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ, თუ: ა. იგი ობიექტურად მიმართულია რომელიმე კანონისმიერი ამკრძალავი ნორმის წინააღმდეგ; ბ. თუ მოქმედება არღვევს სხვა ვალდებულებებს, მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს; გ. თუ მოქმედება არღვევს საგანგებოდ დაცულ უფლებებს (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, პირად უფლებებს), (იხ. სუსგ №ას-332-317-2016, 2016 წლის 9 დეკემბერი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. (სსკ-ის 412-ე მუხლი). პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს ზიანისათვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან/ზიანთან (causa principalis sine qua non).
25. სსკ-ის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა: დამდგარი ზიანის სიმძიმე, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, შელახული უფლების მნიშვნელობა, ბრალის ხარისხი, დაზარალებულის ცხოვრებისეული პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ქონებრივი მდგომარეობა, მკურნალობის ხანგრძლივობა, შრომის უნარის დაკარგვა, ზიანის მიყენების შედეგად მოთხოვნილებების და როგორც შედეგი - ხარჯების გაზრდა და სხვ.. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, მისი მიზანია არამატერიალური სიკეთის ხელყოფით გამოწვეული ტანჯვის შემსუბუქება, ნეგატიური განცდების სიმძიმისა და ინტენსივობის შემცირება. ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. ამასთან, ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს.
26. რამდენადაც საქმეზე მორალური ზიანის საკითხია განსახილველი, რომელიც სავარაუდო ცილისწამებასაა დაფუძნებული, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველ რიგში გამოხატვის თავისუფლების ფარგლებზე და მისი შეზღუდვის სტანდარტზე უნდა იმსჯელოს, რამდენადაც სწორედ გამოხატვის თავისუფლების ფარგლები განსაზღვრავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მართლზომიერებას.
27. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, ამ უფლებების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
28. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის თანახმად, ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.
29. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (შემდეგში - „კონვენციის“) მე-10 მუხლით, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
30. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი მუხლის მიხედვით, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ყველასათვის თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყოფენ ამ კონვენციის I კარში განსაზღვრულ უფლებებსა და ვალდებულებებს. სიტყვაში - „უზრუნველყოფენ“, პრეცედენტული სამართლის მიხედვით განიმარტება არა მხოლოდ სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებანი, არ ხელყოს კონვენციური უფლებანი, არამედ ასევე, პოზიტიური ვალდებულებანი, დაიცვას უფლებანი და თავისუფლებანი, მათ შორის მესამე პირების მიერ დარღვევის შემთხვევაში. დაცვაში იგულისხმება რეალური, ეფექტური დაცვა შესაბამისი ინსტიტუტებისა და პროცედურების საშუალებით. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ერთ-ერთი ასპექტია, უზრუნველყოს საკანონმდებლო და ადმინისტრაციული საფუძველი მე-8 მუხლით დაცული უფლების რეალიზაციისათვის.
31. პრეცედენტული სამართლის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს და ერთ-ერთ ძირითად პირობას მისი პროგრესისა და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციისათვის. მე-10 მუხლის შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლება ექვემდებარება გამონაკლისებს, რომლებიც უნდა განიმარტოს მკაცრად, თუმცა რაიმე სახის შეზღუდვის საჭიროება დამაჯერებლად უნდა დასაბუთდეს. ზედსართავი სახელი „აუცილებელი“, 10.2 მუხლის მნიშვნელობით, გულისხმობს „გადაუდებელი სოციალური საჭიროების“ არსებობას. ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გააჩნიათ დისკრეციული უფლებამოსილების გარკვეული ფარგლები ამგვარი საჭიროების არსებობის შესაფასებლად, თუმცა ეს მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპულ ზედამხედველობასთან, რომელიც ეხება როგორც კანონმდებლობას, ისე კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუნდაც ისინი დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ იყოს გამოტანილი. სასამართლომ უნდა განიხილოს სადავო ჩარევა მთლიანი საქმის კონტექსტის ჭრილში და დაადგინოს, იყო თუ არა ის „ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი“ და რამდენად „სათანადო და საკმარისია“ ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ აღნიშნული ჩარევის დასაბუთებისათვის მოყვანილი მიზეზები. სასამართლომ უნდა გადაამოწმოს და დარწმუნდეს, რომ ეროვნული ხელისუფლების ორგანოებმა გამოიყენეს სტანდარტები, რომლებიც შეესაბამებოდა მე-10 მუხლით განსაზღვრულ პრინციპებს და დაეყრდნენ შესაბამისი ფაქტების მისაღებ შეფასებას („ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (1976 წლის 7 დეკემბერი, სერია A, N24), „სტოლი შვეიცარიის წინააღმდეგ“ ([დიდი პალატა] N 69698/01, § 101, ECHR 2007-V), „ცხოველთა უფლებების დამცველები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ [დიდი პალატა] N 48876/08, §100, ECHR 2013).
32. იმისათვის, რომ გამოყენებული იქნეს კონვენციის მე-8 მუხლი, პირის რეპუტაციაზე თავდასხმა უნდა ატარებდეს სიმძიმის გარკვეულ ხარისხს და განხორციელებული უნდა იყოს პირის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაზე წინასწარ შექმნილი განწყობით გავლენის მოხდენის მიზნით (იხ. „Delfi AS v. Estonia“ [GC], no. 64569/09, § 137, ECHR 2015 და „Medžlis Islamske Zajednice Brčko and Others v. Bosnia and Herzegovina“ [დიდი პალატა], N 17224/11, § 76, 27 ივნისი 2017). იმ საშუალების ზომა, რომლის ფარგლებშიც ჩაითვლება დაცულად კონვენციის მე-8 მუხლი, ხელშემკვრელი სახელმწიფოების თავისუფალი შეფასების ფარგლებში ექცევა, პოზიტიურია სახელმწიფოს ეს ვალდებულება თუ ნეგატიური. ასევე კონვენციის მე-10 მუხლის ფარგლებში, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აქვთ გარკვეული თავისუფლება იმის შეფასებისას, თუ რამდენად და რა მოცულობით ჩაითვლება აუცილებლად ჩარევა ამ მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებაში (იხ. „Satakunnan Markkinapörssi Oy and Satamedia Oy v. Finland“ [დიდი პალატა], N 931/13, § 162, 27 ივნისი 2017 და „Couderc and Hachette Filipacchi Associés v. France“ [დიდი პალატა], N 40454/07, § 90, ECHR 2015).
33. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. შესაბამისად, სადავო საკითხის გადასაწყვეტად, პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტობრივი გარემოებების გამოსარკვევად და დასადგენად, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის სამართლებრივი დანაწესიდან გამომდინარე, გამოყენებულ უნდა იქნეს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც წარმოადგენს პატივისა და ღირსების სამოქალაქო რეგულირების შემავსებელ ნორმატიულ აქტს და საბოლოოდ ქმნის საკითხის სამართლებრივად გადაწყვეტის წინაპირობას.
34. სპეციალური კანონის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება.
35. სპეციალური კანონის მე-13 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. მითითებული ნორმა მტკიცების ტვირთს მოსარჩელეს აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას, ვალდებული მოსარჩელეა, ამტკიცოს, რომ შესრულებულია ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, კერძოდ: ა)მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა ან/და საქმიან რეპუტაციას.
36. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, ამ ნორმატიული აქტის მიზნებისათვის, შემდეგნაირად განმარტავს ტერმინებს: „აზრი – შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვაა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს“ (პირველი მუხლის ‘ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო ცილისწამება – არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა“ (პ–ი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად: „ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს“ (2); „ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ“ (5); „აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ“ (6); „სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ“.
37. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, როგორც წესი, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ფაქტის გადამოწმება და დადგენა, რეალურად არსებობდა თუ არა ის, შესაძლებელია. უმეტეს შემთხვევაში აზრები და ფაქტები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და მათი გამიჯვნა არცთუ ისე ადვილია. რეალურად გამოხატვის (გამოთქმის) ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება ე.წ. „სუფთა სახით“. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე - ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან, როგორც ფაქტის გადმოცემის, სამართლებრივი კვალიფიკაციის დროს, შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (სუსგ-ები: №ას-1278-1298-2011, 20.02.2012წ; №ას-790-739-2017, 17.01.2018წ; №ას-928-868-2017, 17.01.2018წ; №ას-989-2019, 28.06.2022წ.). სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ-ები №ას-1477-1489-2011, 3.04.2012წ.; №ას-569-540-2014, 11.03.2016წ.; №ას-1366-2019, 06.04.2020წ.).
38. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა: „ფაქტის მტკიცებას ახასიათებს - მტკიცებულებით დადასტურებადი - ობიექტური კავშირი გამოთქმულსა და სინამდვილეს შორის, მაშინ, როდესაც, აზრის/მოსაზრების მაკვალიფიცირებელია პოზიციის ან რწმენის ელემენტი (იხ. სუსგ საქმეზე №ას-547-2020, 14.12.2021 წ.).
39. ევროსასამართლომ აზრის თავისუფლების დაცვის სტანდარტის ხაზგასასმელად, თავის გადაწყვეტილებებში საქმეებზე: ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ (Lingens v. Austria, 8 July 1986, §46, Series A no. 10) და ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ (Obershlik v. Austria (Application no. 11662/85 (N1), 1991 23.05.1991) გამიჯნა განცხადებები ფაქტებთან დაკავშირებით და შეფასებითი მსჯელობა. ფაქტების არსებობა შეიძლება დადასტურდეს, ხოლო შეფასებითი მსჯელობის ჭეშმარიტების დამტკიცება შეუძლებელია. შეფასებითი მსჯელობის ჭეშმარიტების დამტკიცების შესახებ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და არღვევს თავად გამოხატვის თავისუფლებას, რაც წარმოადგენს მე-10 მუხლით დაცული უფლების ძირითად ნაწილს (იხ. დე ჰაესი და გიჯსელსი ბელგიის წინააღმდეგ, 1997 წლის 24 თებერვალი, §42, ანგარიშები 1997-I- De Haes and Gijsels, §42.), თუმცა, როდესაც განცხადება უტოლდება შეფასებით მსჯელობას, ჩარევის თანაზომიერება შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი“ გასაჩივრებული განცხადებისათვის; თუ არ არსებობს, ასეთი შეფასებითი მსჯელობა შეიძლება დადგინდეს, როგორც გადაჭარბებული (De Haes and Gijsels v. Belgium, §47; ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ (N2), 1997 წლის 1 ივლისი, §33, ანგარიშები 1997-IV (Oberschlick v. Austria (no. 2), 1 July 1997, § 33, Reports 1997-IV); ბრასილიერი საფრანგეთის წინააღმდეგ, N71343/01, § 36, 11/04/2006 (Brasilier v. France, no. 71343/01, § 36, 11 April 2006) და ლინდონი, ოჩაკოვსკი-ლაურენსი და ჟული, §55- Lindon, Otchakovsky-Laurens and July, § 55). ფაქტობრივი ბრალდებისა და შეფასებითი მსჯელობის გასამიჯნად აუცილებელია საქმის გარემოებებისა და გამონათქვამების ზოგადი ტონის გათვალისწინება. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ განცხადებები საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების თაობაზე, შესაძლოა, წარმოადგენდეს შეფასებით მსჯელობას და არა ფაქტის დაფიქსირებას (იხ. Morice v. France [GC], no. 29369/10, §126, ECHR 2015).
40. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ევროსასამართლოს განმარტებით, რამდენადაც სერიოზულია ბრალდება, იმდენად სერიოზული უნდა იყოს ფაქტობრივი საფუძველი (Abeberry v France). განსახილველ შემთხვევაში, ეჭვგარეშეა, რომ მოპასუხეთა მიერ გავრცელებული განცხადებების კონტექსტისა და შინაარსის გათვალისწინებით, ისინი ერთობლიობაში განაპირობებდა მოსარჩელისათვის შერაცხული ქცევის განსაკუთრებულად შეუსაბამოდ მიჩნევას, როგორც მორალური, ისე სოციალური თვალსაზრისით, ე.ი. ბრალდება მეტად სერიოზულს წარმოადგენდა, ვინაიდან განმცხადებლები მოსარჩელეს დანაშაულის ჩადენაში სდებდნენ ბრალს, თუმცა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა, საკმარისია იმ შეფასების გასაკეთებლად, რომ დადასტურებული შეუსაბამობა არსებობს სინამდვილესა და განცხადებაში გადმოცემულ ფაქტებს შორის. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ წარმოადგინა კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მცდარობა. იმ პირობებში კი, როდესაც მოსარჩელემ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელიც უარყოფს მოპასუხის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებების შინაარსს, სამოქალაქო პროცესში არსებული მტკიცების ტვირთი ბრუნდება და სწორედ მოპასუხეს (კასატორს) ეკისრება ვალდებულება, მითითებული ფაქტის სინამდვილის დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულებები წარმოადგინოს. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა რაიმე რელევანტური მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს ფაქტების სისწორეში დაარწმუნებდა.
41. სსკ-ის 413.1 მუხლის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ფიზიკური პირის დაცულ არაქონებრივ უფლებას წარმოადგენს პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რომლის ბრალეული შელახვის გამო, მორალური ზიანის დაკისრება სსკ-ის მე-18.6 მუხლიდან და სპეციალური კანონის მე-13 მუხლიდან (პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა) გამომდინარეობს.
42. საკასაციო პალატა ერთ-ერთ საქმეში (სუსგ.№ას-1373-2022, 30 მარტი, 2023 წელი) განმარტავს, რომ კონვენციის მე-10 მუხლიდან გამომდინარე, აზრის გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის სარგებლობს უპირატესობით სხვა ფუნდამენტურ უფლებებსა ან საზოგადოებრივ ინტერესებთან დაპირისპირებისას. ასეთი მიდგომა გამოხატვის თავისუფლებას აბსოლუტურ უფლებად აქცევდა, თუმცა პიროვნების შეურაცხყოფის საქმეების განხილვის დროს სასამართლოს წინაშეა მთავარი კითხვა: იყო თუ არა აღნიშნული განცხადება „გადაჭარბებული“? ევროსასამართლოს განმარტებით, განცხადების შეფასებისას მნიშვნელოვანი ელემენტია, რამდენად შეიცავს იგი შეურაცხმყოფელ ტერმინებს, ასევე, მათი შინაარსი და გავლენა საზოგადოებაზე (Chauvy and others v. France (საჩივარი №64915/01), 29.06.2004წ.).
43. მძიმე ფაქტობრივი ბრალდება შეუძლებელია მიჩნეულ იქნეს შეფასებით მსჯელობად. აქვე, საკასაციო პალატა მოიშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ „იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო მოსარჩელის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს შეაფასებდა, როგორც შეფასებით მსჯელობას და არა ფაქტს, სასამართლო მხედველობაში მიიღებდა ევროსასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ პრეცედენტულ პრაქტიკას, რომლის მიხედვით, თუნდაც განცხადება წარმოადგენდეს შეფასებით მსჯელობას, უნდა არსებობდეს საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი მის გასამყარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ჩაითვლება არასათანადოდ“ (იხ. ეგილ ეინარსონი ისლანდიის წინააღმდეგ (Egill Einarsson v. Iceland), N 24703/15, §52, 7 ნოემბერი 2017) პფაიფერი ავსტრიის წინააღმდეგ (Pfeifer v. Austria), N 12556/03, §46, 15 ნოემბერი 2007). ევროსასამართლოს დასახელებული განმარტებებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ შეფასებითი მსჯელობაც კი, გარკვეულ ფაქტობრივ საფუძველს უნდა ეყრდნობოდეს, რათა ეს შეფასებითი მსჯელობა სათანადოდ ჩაითვალოს. განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით კი, უტყუარად დადგინდა, რომ მოპასუხეთა მიერ გავრცელებული საკმაოდ სერიოზული ბრალდებები, მოკლებული იყო სათანადო ფაქტობრივ საფუძვლებს.
44. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის არგუმენტი გულისხმობდა იმას, რომ თუ კი მხარე მიმართავს სამართალდამცავ ორგანოს, ხოლო შემდგომ დადგინდება, რომ ბრალდებული უდანაშაულოა, ცილისწამებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების საკმარისი საფუძველია სახეზე. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება რამდენადაც სავარაუდო მსხვერპლის მიერ შესაბამისი ორგანოსთვის მიმართვა, როგორც უფლება აღიარებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, რომლის პირველი მუხლის პირველი ნაწილით, კოდექსი „ადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლისსამართლებრივ ღონისძიებას“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა“. აქედან გამომდინარე, თუნდაც არ დადგინდეს დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მოქალაქეს ყოველთვის და შეუფერხებლად აქვს უფლება მიმართოს შესაბამის სამსახურებს და მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. სხვაგვარად, ყველა ასეთ ვითარებაში, თუ კი სასამართლო ბრალდებას ვერ დაადასტურებს, დაზარალებულს უნდა დაეკისროს გამართლებულის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება, რაც სამართლებრივ რაციონალს სცდება, რამდენადაც ირიბად, დაუსაბუთებლად უზღუდავს პოტენციურ დაზარალებულს უფლების გამოყენების შესაძლებლობას. ამ კუთხით, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის მიხედვით, თუ კი მოსარჩელის ლოგიკა იქნება გაზიარებული და ყველა პირს დაეკისრება მორალური ზიანის ანაზღაურება საგამოძიებო ორგანოებისათვის მიცემული ჩვენებების შინაარსის გამო, სამართალი მივა იმ შედეგებამდე, რომ არასდროს დაზარალებული არ განაცხადებს შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ, რაც ინკრიმინირებულ ქმედებას დაუსჯელს დატოვებს.
45. დამატებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტზე, რომ მ.ჭ–იამ მიმართა სამართალდამცავ ორგანოს, ხოლო მის ამ მიმართვასა და შპს „ს.კ.რ..“-ის მიერ გამოქვეყნებულ სიუჟეტს შორის არ არის რამე სახის კავშირი. კერძოდ, დადგენილია, რომ პირველ მოპასუხეს მეორე მოპასუხისთვის არ გაუმჟღავნებია სისხლისამართლის საქმის განცხადებით ინიცირების, გამოძიების დაწყებისა თუ მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ.ჭ–იას საგამოძიებო ორგანოსადმი მიმართვა საკუთარი უფლების რეალიზების მაგალითია, ამიტომ სახეზე არაა ცილისწამების ფაქტი, რის გამოც, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უსაფუძვლოა.
46. რაც შეეხება კასატორის შედავებას შპს „ს.კ.რ..“-ის ნაწილში, საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს: შედავება გულისხმობდა სამაუწყებლო კომპანიის მიერ სატელევიზიო სივრცეში გ.ხ–ის სახელის გამტეხი ინფორმაციის/სიუჟეტის გაშუქებას, რამაც მას მიაყენა მორალური ზიანი. ასევე, ჟურნალისტებმა გ.ხ–ის ოჯახზე და არასრულწლოვან შვილზე ბ.ხ–ზე განახორციელეს ნეგატიური ზემოქმედება. მისი საცხოვრებელი სახლის კართან მყოფნი დაჟინებით ითხოვდნენ ოჯახის წევრებთან შეხვედრას და კომენტარს, არ ემორჩილებოდნენ ბ.ხ–ის დედის მოთხოვნას სახლის დატოვების შესახებ, რამაც არასრულწლოვანი შეაშინა და მასზე მოახდინა მძიმე ფსიქოლოგიური ზემოქმედება.
47. ევროსასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილების მიხედვით, (Medžlis Islamske Zajednice Brčko and Others v. Bosnia and Herzegovina) [დიდი პალატა] - 17224/11, 27.6.2017), სასამართლომ განმარტა, რომ პრესის საქმიანობა შეიძლება დახასიათდეს, როგორც სოციალური მოდარაჯე. პრესის თავისუფლების სფეროში, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის თანდაყოლილი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების საფუძველზე დაყრდნობით მე-10 მუხლით ჟურნალისტისთვის დადგენილი გარანტიები საზოგადო ინტერესის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებისას, დამოკიდებულია იმაზე, ჟურნალისტი მოქმედებდა თუ არა კეთილსინდისიერად ჟურნალისტის ეთიკის ნორმებთან შესაბამისობაში ზუსტი და სანდო ინფორმაციის მისაწოდებლად. როდესაც ის სოციალური მოდარაჯის ფუნქციას ახორციელებს. კონკურენტული ინტერესების დაბალანსებისას აუცილებელია იმ კრიტერიუმის გათვალისწინება, რომელიც ზოგადად მოქმედებს მედიის მიერ თავისი საზოგადოებრივი მოდარაჯის ფუნქციის განხორციელებისას ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელებაზე: (a) რამდენად ცნობილი იყო სამიზნე პირი და რა წარმოადგენდა ბრალდების საგანს; (b) მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი, ფორმა და შედეგები; (c) გამხელილი ინფორმაციის ავთენტურობა.
48. ჟურნალისტები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან, თუკი დაამტკიცებენ რომ ინფორმაცია ოფიციალური წყაროდან მიიღეს, ჟურნალისტი დარწმუნებული იყო გავრცელებული ინფორმაციის ჭეშმარიტებაში, ჟურნალისტმა გონივრულ ფარგლებში გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაციის ჭეშმარიტება. სხვა შემთხვევაში, ასევე უნდა დაადასტუროს ინფორმაციის გადამოწმება რა დაუძლეველ სირთულეებთან იყო დაკავშირებული (ბლეიდი ტრომსო და სტენსაასი ნორვეგიის წინააღმდეგ). ჟურნალისტების „მოვალეობები და პასუხისმგებლობების“ წარმოშობა გამოწვეულია იმ საფუძვლით, რომ გამოხატვის თავისუფლების საპირწონედ დაცული იყოს კერძო და საჯარო პირების პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. (იხ. Von Hannover v Germany). განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ვერ შეძლეს აღნიშნული გარემოებების დადასტურება, რაც ცალსახად მიუთითებს აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობაზეც. როდესაც საუბარია საკითხისადმი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობაზე, უნდა შეფასდეს გაკეთებულ განცხადებაში გამოვლენილი მტრული დამოკიდებულების გარკვეული ხარისხი (E.K. v. Turkey, no. 28496/95, §§ 79-80, 7 February 2002) და გამოთქმების სერიოზულობაც კი (Thoma v. Luxembourg, no. 38432/97, § 57, ECHR 2001-III) არ ართმევს განმცხადებელს უფლებას დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლებით (Paturel v. France, no. 54968/00, § 42, 22 December 2005).
49. გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის „აუცილებლობის“ ძირითადი პრინციპები ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მრავალ საქმეში. ამ გადაწყვეტილებებში სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ იმ „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობით მიიღება, არაშეურაცხმყოფელად არის მიჩნეული ან ინდიფერენტული დამოკიდებულების საგანია, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელია. ამიტომ გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განსაზღვრული იყოს მკაცრად და მისი გამოყენების საჭიროება სარწმუნოდ უნდა იყოს დადასტურებული. შეზღუდვის გამოყენება უნდა იყოს „აუცილებელი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. „აუცილებელი“ კი, სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (Handyside v. the United Kingdom (7 December 1976, Series A no. 24), Stoll v. Switzerland ([GC] no. 69698/01, § 101, ECHR 2007-V); Animal Defenders International v. the United Kingdom [GC], no. 48876/08, § 100, ECHR 2013; Morice v. France [GC], no. 29369/10, § 124, 23 April 2015). როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირთა რეპუტაციის დაცვის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლებაა. სტრასბურგის სასამართლომ არაერთ საქმეში აღნიშნა, რომ ორივე უფლება - გამოხატვის თავისუფლებაც და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაც - თანაბარ დაცვას იმსახურებს. თუმცა, იმისათვის, რომ მე-8 მუხლით დაცული უფლების დარღვევა დადგინდეს, თავდასხმამ პირის რეპუტაციაზე სერიოზულობის განსაზღვრულ ხარისხს უნდა მიაღწიოს (Ärztekammer Fur Wien And Dorner v. Austria, no. 8895/10, § 62, 16 February 2016) (იხ. სუსგ საქმე №ას-625-593-2014, 20 მაისი, 2016 წელი).
50. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც ამ ორ უფლებას შორის სამართლიანი წონასწორობის უზრუნველყოფის მიზნით ფასდება. აღნიშნული კრიტერიუმებია: (ა) ის წვლილი, რომელიც სადავო განცხადებამ საზოგადოებრივი ინტერესის სფეროში მიმდინარე დებატებში შეიტანა; (ბ) იმ პირის საზოგადოებრივი ცნობადობის ხარისხი, როლი და ფუნქცია, ვისაც სადავო განცხადება ეხებოდა და იმ ქმედებების ბუნება, რომელთა შესახებ ინფორმაციაც სადავო განცხადებაში აისახა; (გ) განცხადებაში ასახულ პირთა ქმედებები განცხადების გამოქვეყნებამდე; (დ) განცხადების გამოქვეყნების ფორმა და მანერა; (ე) რა გზით იქნა მოპოვებული განცხადებაში დაცული ინფორმაცია და რამდენად სარწმუნო იყო ის - აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს ჟურნალისტებთან მიმართებაში ნათქვამი აქვს, რომ ისინი უნდა მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად, სათანადო ფაქტობრივ საფუძველზე და, ჟურნალისტური ეთიკის წესების შესაბამისად, საზოგადოებას აწვდიდნენ სარწმუნო და ზუსტ ინფორმაციას (Axel Springer AG v. Germany [GC], no. 39954/08, § 93, ECHR 2012). განსაკუთრებით პრობლემურია პირის რეპუტაციის დაცვის მიზნით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ განცხადება, რომელიც პირის რეპუტაციას ეხება, პოლიტიკურია ან გაკეთებულია საზოგადოების ინტერესის სფეროში მყოფ საკითხზე მიმდინარე დებატების პროცესში (Sürek v. Turkey (no. 1) [GC], no. 26682/95, § 61, ECHR 1999-IV; Lindon, Otchakovsky-Laurens and July v. France [GC], nos. 21279/02 and 36448/02, § 46, ECHR 2007-IV; and Axel Springer AG v. Germany [GC], no. 39954/08, § 90, ECHR 2012). საკითხისადმი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას გაკეთებულ განცხადებაში გამოვლენილი მტრული დამოკიდებულების გარკვეული ხარისხი (E.K. v. Turkey, no. 28496/95, §§ 79-80, 7 February 2002) და გამოთქმების სერიოზულობაც კი (Thoma v. Luxembourg, no. 38432/97, § 57, ECHR 2001-III) არ ართმევს განმცხადებელს უფლებას დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლებით (Paturel v. France, no. 54968/00, § 42, 22 December 2005) (იხ. სუსგ საქმე №ას-625-593-2014, 20 მაისი, 2016 წელი).
51. სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს: აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას; პოლიტიკური სიტყვისა და დებატების თავისუფლებას; ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას; ცენზურის დაუშვებლობას, მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და პლურალიზმს, ჟურნალისტის უფლებას, დაიცვას ინფორმაციის წყაროს საიდუმლოება და საკუთარი სინდისის შესაბამისად მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილებები [„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი].
52. პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით. ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად (სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-6 ნაწილები).
53. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ევროკონვენციის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების განხორციელება განუყოფელია შესაბამისი „ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისაგან“, რომელიც პრესაზეც ვრცელდება. სწორედ აღნიშნული „ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის“ გამო, მე-10 მუხლის მიხედვით, ჟურნალისტებისათვის მიკუთვნებული დაცვა, როდესაც ისინი აშუქებენ საზოგადო ინტერესის მქონე საკითხებს, ექვემდებარება დათქმას, რომ ისინი მოქმედებენ კეთილსინდისიერად, რათა წარმოადგინონ სწორი და სანდო ინფორმაცია ჟურნალისტური ეთიკის შესაბამისად (Bladet Tromsø and Stensaas v. Norway [GC], no. 21980/93, § 65, ECHR 1999-III; Kasabova v. Bulgaria, no. 22385/03, § 63, 19 April 2011).
54. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ტელემაუწყებლობის მიერ გავრცელდა მოსარჩელის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია. იმისათვის რომ დადგინდეს, ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად ხომ არ ჰქონდა ადგილი ჟურნალისტის მიერ ზემოაღნიშნული სტანდარტის დარღვევას, აუცილებელია შეფასდეს რამდენად ამომწურავად მოიპოვა ინფორმაცია, რამდენად გადაამოწმა და როგორი ფორმით შეძლო მისი საზოგადოდ გაჟღერება მედიაში. ამ კუთხით, მოპასუხის დასაბუთება გულისხმობდა იმას, რომ საინფორმაციო გადაცემისთვის მნიშვნელოვანია ყოველგვარი სიახლე, რაც საზოგადოების ინტერესებს იპყრობს. ამ კუთხით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია ეხებოდა სავარაუდო დანაშაულის გარემოებების გამოძიებასა და სასამართლო განხილვის პროცესს, რაც, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ცალსახაა, რპ, მტკიცებითი ფორმით ინფორმაცია არ გაჟღერებულა, შესაბამისად, ჟურნალისტმა გაავრცელა ვარაუდის და არა ფაქტის შესახებ ინფორმაცია.
55. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ეთიკური იყო ჟურნალისტის ქმედებები, უნდა შეფასდეს შესაბამისი ნორმატიული მასალის მიხედვით, კერძოდ: ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მესამე პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“, „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“, ხოლო „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“-ს მე-14 მუხლის 1-4 პუნქტების შესაბამისად: „1. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს აუდიტორია სანდო და ზუსტი ინფორმაციით და არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. 2. სიზუსტის უზრუნველყოფისათვის მაუწყებელმა უნდა მოახდინოს ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გაშუქების შემთხვევაში, მაუწყებელმა ნათლად უნდა მიუთითოს წყაროს ანონიმურობის შესახებ. 3. მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს ინფორმაციის წყაროს შესაძლო დაინტერესება ან მიუკერძოებლობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას და მიიღოს ყველა გონივრული ზომა გადაცემული ინფორმაციის სისრულისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად. 4. არსებული შესაძლებლობების ფარგლებში მაუწყებელი უნდა დაეყრდნოს პირველწყაროს და საკუთარი ძალისხმევით მოპოვებულ ინფორმაციას. როგორც წესი, მაუწყებელი არ უნდა დაეყრდნოს ინფორმაციის მხოლოდ ერთ წყაროს და სხვა წყაროებიდანაც უნდა მოიძიოს ინფორმაცია“.
56. მხარეთა შორს უდავოა, რომ შპს „ს.კ.რ..“-ის ეთერში 2022 წლის 23 აგვისტოს გასულ სიუჟეტში ასახულია იმ პერიოდისათვის არსებული ფაქტები, აღნიშნული ფაქტები არ წარმოადგენს მცდარ ფაქტებს. დადასტურებულია, რომ მოპასუხე შპს „ს.კ.რ..“-ის ეთერით 2022 წლის 23 აგვისტოს გავიდა სიუჟეტი, რომელიც დაკავშირებული იყო მოსარჩელე გ.ხ–ისათვის წარდგენილ სისხლისსამართლებრივ ბრალდებასთან. სიუჟეტში, ჟურნალისტი ცალსახად მიუთითებს მოსარჩელის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენაზე, რაც ვარაუდის გამოთქმაა და არა ცილისწამება. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს ძალადობაში ედება ბრალი და დასძენს, რომ ინფორმაცია ოფიციალური წყაროდან აქვს მოძიებული. შესაბამისად, ინფორმაციის გაშუქების ჟურნალისტური სტანდარტი მას დაცული აქვს: უთითებს დანაშაულის სავარაუდო და არა დადგენილ ფაქტზე, („სავარაუდო მოძალადე“), უთითებს წარდგენილი ბრალის შინაარსსა და ასევე მოძიებული ინფორმაციის ავტორიტეტულ წყაროზე, დამატებით, ობიექტური გაშუქების მიზნით, ჟურნალისტი შეეცადა დაკავშირებოდა თავად ბრალდებულის მხარეს, რათა მაყურებელს/მსმენელს ჰქონოდა ორივე მხრის ვერსიების მოსმენის შესაძლებლობა, რაც ჟურნალისტურ სტანდარტში სავსებით თავსდება.
57. რაც შეეხება არასრულწლოვნის ფსიქოემოციურ მდგომარეობას, დადგენილია, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დახურული კარის მიღმა კადრში ისმის ჟურნალისტის კითხვა კარს მიღმა მყოფი პირის მისამართით: სჯერა თუ არა ბრალდებულის მხრიდან ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის შესახებ, კარს მიღმა არსებული პირი პასუხობს, რომ არ სჯერა, ყველაფერი ტყუილია. ჟურნალისტი ინფორმაციის წყაროდ მიმდინარე გამოძიებას ასახელებს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება კი არ ქმნის ისეთ მოცემულობას, რომლის საფუძველზეც თითქოს დასტურდებოდეს, რომ ჟურნალისტის სწორედ აღნიშნული ქმედება გახდა არასრულწოვნის მორალური ზიანის დადგომის მაპროვოცირებელი მიზეზობრივი გარემოება, თუნდაც თავად ფსიქოემოციური ცვლილებები ექსპერტიზის დასკვნით ზოგადად დგინდებოდეს. ამავდროულად, ჟურნალისტს არ გაუჟღერებია, არ მიუწოდებია მოსარჩელის ოჯახის წევრისთვის ისეთი ინფორმაცია, რომელიც უნდა ყოფილიყო არასრულწლოვნის მდგომარეობის უარყოფითად მაპროვოცირებელი.
58. რაც შეეხება სააპელაციო პალატის მოსამართლეთა შემადგენლობის აცილების ნაწილში კასატორის პრეტენზიას, საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 33-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ წერილობით განაცხადონ აცილება. განცხადება აცილების შესახებ მოტივირებულ უნდა იქნეს და გაკეთდეს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დროს. აცილების თაობაზე შემდგომი განცხადება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აცილების საფუძველი იმ პირისათვის, რომელიც აცილებას მოითხოვს, ცნობილი გახდა ან წარმოიშვა მთავარი სხდომის დაწყების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში განცხადება აცილების შესახებ დასაშვებია მხარეთა პაექრობამდე.
59. განსახილველ შედავებაზე საკასაციო პალატა არსებითად არ იმსჯელებს, რამდენადაც სააპელაციო ეტაპზე კასატორს (აპელანტს) ჰქონდა პროცესუალური შესაძლებლობა წარედგინა შესაბამისი სახის შუამდგომლობა, რა უფლებაც მან არ გამოიყენა. დამატებით, აღნიშნული დასტურდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 დეკემბრის სხდომის საოქმო ჩანაწერითაც, როდესაც საქმის განმხილველი თავმჯდომარე მოსამართლე ეკითხება მხარეებს აცილების შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობის შესახებ, რაზეც ორივე მხრისგან იღებს უარყოფით პასუხს.
60. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, შემადგენლობის აცილების კასატორისეულ საფუძველზე პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ის მიზეზი, რაც საჩივრის ავტორს აქვს წაყენებული აცილების საფუძვლად (საქმე განიხილა მოსამართლეთა იმ შემადგენლობამ, რომელსაც პარალელურად წარმოებაში ჰქონდა გ.ხ–ის სააპელაციო საჩივარი მ.ჭ–იას წინააღმდეგ, სადაც სააპელაციო პალატამ გ.ხ–ის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება. შესაბამისად, მოსამართლეებს ჰქონდათ კასატორის მიმართ ნეგატიური წინასწარგანწყობა.) დაუსაბუთებელია, რამდენადაც მითითებულ საქმეზე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება თარიღდება 2026 წლის 10 თებერვლით, მაშინ, როდესაც წინამდებარე საქმით გასაჩივრებული სააპელაციო პალატის განჩინების მიღების თარიღი 2025 წლის 10 დეკემბერია, შესაბამისად, აღნიშნული საქმის განხილვა დროში უსწრებს მითითებული გადაწყვეტილების გამოტანის თარიღს, რაც გამორიცხავს მინიმალურ დონეზე მაინც იმის შესაძლებლობას, რომ კასატორს სუბიექტურადაც კი შექმნოდა სასამართლო შემადგენლობის მიმართ უნდობლობის მითითებული საფუძველი. ამასთან, ზოგადი გაგებით, საქმის განხილვა თუნდაც გულისხმობდეს ერთსა და იმავე მხარეებს შორის არსებული სხვადასხვა დავის გადაწყვეტას, მარტოოდენ ეს არ შეიძლება იყოს მოჩნეული აცილების დასაბუთებად, რამდენადაც პროცესუალური გაგებით, არ ქმნის აცილების კანონისმიერ საფუძველს, ხოლო ობიექტური კრიტერიუმის დაკმაყოფილებისთვის (გონიერი დამკვიდრებლის თვალში გადაწყვეტილება უნდა აღიქმებოდეს მიუკერძოებელად მიღებულად) არასაკმარისია მხოლოდ მითითებული არგუმენტით მისი მტკიცება.
61. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სამაუწყებლო კომპანიას არ დაურღვევია ჟურნალისტური ეთიკის წესები, შეეცადა მიწოდებული ინფორმაცია დაყრდნობოდა გამოძიებაში არსებულ მონაცემებს, ამასთან ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმება სცადა თავად მოსარჩელე მხარესთან. გარდა ამისა, ჟურნალისტის ქმედება არაა მართლსაწინააღმდეგო და გასაკიცხი, რის გამოც მას ვერ მოჰყვება მორალური ზიანის ანაზღაურება.
62. საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
63. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
64. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ, სსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
65. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ხ–ისა და ბ.ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. გ.ხ–სა და ბ.ხ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 29 მაისის განჩინებით გადავადებული ბაჟის - 6000 ლარის 30%-ის - 1800 ლარის გადახდა;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი