დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-479-2026
15 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ხ.გ–ძე, ნ.კ–ძე, კ.ზ–ძე, (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ი–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ნოემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების მესაკუთრედ ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ.ი–ის სარჩელი მოპასუხეების - ამხანაგობა ,,კ–ძე ..’’-ის და მისი დამფუძნებელი წევრების: ზ.თ–ის, ე.გ–ძის, ხ.გ–ძის, ნ.კ–ძის, მ.რ–ძის, ი.ნ–ის, კ.ზ–ძის და შპს ,,ჯ.....’’-ის მიმართ დაკმაყოფილდა:
1. მ.ი–ი (პასპორტის №........., პირადი №.........) ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ........... (ყოფილი .........) მიწის ნაკვეთზე ს/კ .......... მდებარე შენობა №1-ში, პირველ სართულზე, 150 კვ.მ. აზომვით ნახაზზე მითითებული კომერციული ფართის მესაკუთრედ და აღნიშნული ფართი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მოსარჩელის საკუთრებაში;
2. ამხანაგობა ,,კ–ძე ..’’-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მ.ი–ის (პასპორტის №.........., პირადი №..........) საკუთრებაში რიცხული აზომვით ნახაზზე მითითებული კომერციული ფართი, მდებარე მისამართზე: თბილისი, ............ (ყოფილი ..........), ს/კ ........., პირველი სართული, ფართი 150 კვ.მ. და აღნიშნული ფართი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს;
3. მოსარჩელე მ.ი–ის შუამდგომლობა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განჩინებით ამხანაგობა ,,კ–ძე ..’’-ის და მისი დამფუძნებელი წევრების: ზ.თ–ის, ე.გ–ძის, ნ.კ–ძის, ხ.გ–ძის, მ.რ–ძის, ი.ნ–ის, კ.ზ–ძის და შპს ,,ჯ....’’-ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო დატოვებული იქნა განუხილველად. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განჩინებით მოპასუხეთა კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც კ.ზ–ძის, ხ.გ–ძისა და ნ.კ–ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს კ.ზ–ძის, ხ.გ–ძისა და ნ.კ–ძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ნოემბრის განჩინებით კ.ზ–ძის, ხ.გ–ძისა და ნ.კ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს იმა ,,კ–ძე ...-მა’’ და მისმა დამფუძნებელმა წევრებმა: ზ.თ–მა, ე.გ–ძემ, ხ.გ–ძემ, ნ.კ–ძემ, მ.რ–ძემ, ი.ნ–მა, კ.ზ–ძემ და შპს ,,ჯ….-მა’’, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 აპრილის განჩინებით იმა ,,კ–ძე ..-ის’’ და მისი დამფუძნებელი წევრების: ზ.თ–ის, ე.გ–ძის, ხ.გ–ძის, ნ.კ–ძის, მ.რ–ძის, ი.ნ–ის, კ.ზ–ძის და შპს ,,ჯ...-ის’’ საკასაციო საჩივარი იმა ,,კ–ძე ..-ის’’ და მისი დამფუძნებელი წევრების: ზ.თ–ის, ე.გ–ძის, მ.რ–ძის, ი.ნ–ს და შპს ,,ჯ...-ის’’ ნაწილში დარჩა განუხილველი; კასატორების მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ხ.გ–ძეს, ნ.კ–ძეს და კ.ზ–ძეს დაევალათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შუამდგომლობაზე მსჯელობის მიზნით გადახდისუუნარობის თაობაზე შესაბამისი მტკიცებულებები ან გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6 000 ლარის ქვითრის დედანი. აღნიშნული განჩინება კასატორ კ.ზ–ძეს ჩაბარდა 2026 წლის 13 მაისს, კასატორ ხ.გ–ძეს ჩაბარდა 2026 წლის 14 მაისს და კასატორ ნ.კ–ძის წარმომადგენელს ჩაბარდა 2026 წლის 12 ივნისს. კასატორებს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტათ, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ხ.გ–ძის, ნ.კ–ძის და კ.ზ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება და უზრუნველყონ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება – უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, თუმცა სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია შეიზღუდოს. ამდენად, სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 აპრილის განჩინებით ხ.გ–ძეს, ნ.კ–ძეს და კ.ზ–ძეს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო ბარათით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, გაეგზავნა კასატორ კ.ზ–ძეს პ/ნ ......... საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა პირადად მას 2026 წლის 13 მაისს. ხარვეზის განჩინება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე გაეგზავნა კასატორ ნ.კ–ძის წარმომადგენელს ი.ხ–ძეს პ/ნ ......... და გზავნილი ჩაბარდა პირადად ადვოკატს 2026 წლის 12 ივნისს. (იხ.: საფოსტო ბარათები - ტ. II, ს.ფ. 437, 444; მინდობილობა ტ. II, ს.ფ 316-318).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილით თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორ ხ.გ–ძეს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაეგზავნა ორჯერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. თუმცა გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა. საკასაციო პალატა ხ.გ–ძისათვის ხარვეზის განჩინებას ჩაბარებულად მიიჩნევს განმეორებით გაგზავნილი უწყების ჩაუბარებლობის დამადასტურებელ აქტში კურიერის მიერ მითითებულ დროს - 2026 წლის 14 მაისს (იხ.: აქტი - ტ. II, ს.ფ. 440-441).
სსსკ–ის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორ კ.ზ–ძისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2026 წლის 14 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 20 მაისს, რომელიც იყო სამუშაო დღე - ოთხშაბათი, კასატორ ხ.გ–ძისათვის 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2026 წლის 15 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 21 მაისს, რომელიც იყო სამუშაო დღე - ხუთშაბათი, ხოლო კასატორ ნ.კ–ძისათვის 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2026 წლის 13 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 19 ივნისს, რომელიც იყო სამუშაო დღე - პარასკევი. ამდენად, კასატორი კ.ზ–ძე ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2026 წლის 20 მაისის ჩათვლით, ხ.გ–ძე ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2026 წლის 21 მაისის ჩათვლით, ხოლო ნ.კ–ძე - 2026 წლის 19 ივნისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
სსსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხ.გ–ძის, ნ.კ–ძის და კ.ზ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ–ის 396–ე მუხლის თანახმად, ვინაიდან, კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო მისთვის დადგენილი ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399–ე, 372–ე, 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით, 401–ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხ.გ–ძის, ნ.კ–ძის და კ.ზ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლევან ნემსაძე