დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
19 მარტი 2025 წელი №ას-1340-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
I კასატორი _ ნ.ბ–ი, მ.ა–ძე, გ.ა–ძე, რ.ა–ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. "გ–ი"
II კასატორი _ შ.პ.ს. "გ–ი"
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ.ბ–ი, მ.ა–ძე, გ.ა–ძე, რ.ა–ძე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ივლისის განჩინება
I კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ მორალური ზიანის ანაზღაურება, ყოველთვიური სარჩოს დანიშვნა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ.ბ–მა, მ.ა–ძემ, გ.ა–ძემ და რ.ა–ძემ (შემდგომში მოხსენიებულნი, როგორც „მოსარჩელეები“, „I აპელანტი“, „I კასატორი“, „პაციენტის ოჯახის წევრები“) სარჩელით მიმართეს გორის რაიონულ სასამართლოს შ.პ.ს. „გ–ი“-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „II აპელანტი“, „II კასატორი“, „კლინიკა“) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1. მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხეს ყველა მოსარჩელის სასარგებლოდ ერთობლიობაში დაეკისროს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის გადახდა;
1.2. არასრულწლოვან მ.ა–ძის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისროს სარჩოს გადახდა ყოველთვიური 600 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), 2020 წლის 05 დეკემბრიდან მ.ა–ძის სრულწლოვანების მიღწევამდე - 2027 წლის 02 ივნისამდე;
1.3. რ.ა–ძის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისროს სარჩოს გადახდა ყოველთვიური 600 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), 2020 წლის 05 დეკემბრიდან რ.ა–ძის სიცოცხლის ბოლომდე.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2020 წლის 04 დეკემბერს სასწრაფო სამედიცინო დახმარება 112-ის ბრიგადამ მიიღო გადაწყვეტილება პაციენტ ლ.ა–ძის შ.პ.ს. „გ"-ში ჰოსპიტალიზაციის შესახებ, მისი, როგორც პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის შეფასების საფუძველზე, რომელიც უჩიოდა ძლიერ წვას და ტკივილს გულმკერდის არესა და მარცხენა ხელში. მორიგე პერსონალის მიერ (ექიმი მ.ფ–ძე) პაციენტს არ ჩაუტარდა განმეორებითი ელექტროკარდიოგრაფია და დინამიკაში არ მოხდა ტროპონინის განმეორებითი განსაზღვრა. ასევე, არ ჩაუტარდა განმეორებითი კარდიოექოსკოპია და არ იქნა უზრუნველყოფილი კარდიოლოგის ჩართულობა. პაციენტს ჩაუტარდა გადასხმები, გაუკეთეს ანალგინი, დიკლოფენაკი და დიმედროლი. გადასხმის დასრულების შემდეგ პაციენტს ექიმმა მ.ფ–ძემ გამოუწერა მკლავზე წასასმელი კრემი. 00:30 საათისთვის პაციენტმა დატოვა კლინიკა მის მეუღლესთან - ნ.ბ–თან ერთად. კლინიკის დატოვებიდან 10 წუთში, სახლიდან მიმავალ გზაზე, პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა, დაიწყო მძიმედ სუნთქვა, დაეცა ძირს და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით, გონზე მოუსვლელად, ადგილზე გარდაიცვალა 2020 წლის 05 დეკემბერს.
2.2. ს.ს.ი.პ. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შეისწავლა შ.პ.ს. „გ“-ში პაციენტ ლ.ა–ძისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი. შესწავლის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევა - ნაკლოვანებები, რომელთა გამოც, „საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 74–ე მუხლის შესაბამისად, შ.პ.ს. „გ“-ს ექიმ მ.ფ–ძეს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატი 6 თვის ვადით, სპეციალობაში „გადაუდებელი მედიცინა“ და დაევალა შესაბამისი ხანგრძლივობის პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა.
2.3. ლ.ა–ძის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქმე №011051220001) და ლ.ა–ძის მეუღლე ნ.ბ–ი ცნობილია დაზარალებულის უფლებამონაცვლედ. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მომზადებული ჰისტოლოგიური და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლ.ა–ძის სიკვდილის მიზეზია გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, განვითარებული კარდიომიოციტების მწვავე იშემიური დაზიანების შედეგად.
2.4. მეუღლის გარდაცვალებამ მძიმე ემოციურ და გაუსაძლის ეკონომიურ მდგომარეობაში ჩააყენა ნ.ბ–ი და მისი ოჯახი. 2019 წლის 01 ივნისიდან მოსარჩელე ნ.ბ–ი მუშაობდა შ.პ.ს. „რ.ჯ–ში" კონტროლისა და უსაფრთხოების სამსახურში ვიდეო მონიტორინგად (ხელფასი 600 ლარი), თუმცა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ხშირად უწევდა სამსახურის გაცდენა და ხელფასიც გამომუშავებული დღეების შესაბამისად ერიცხებოდა. იყო ემოციურად მძიმე მდგომარეობაში, ხშირად ხდებოდა სამსახურში ცუდად, მისდიოდა გული, ნერვიულობის ფონზე აწუხებდა პერიოდულ შეტევითი ხასიათის თავის ტკივილი (რაც გამოწვეული იყო მარცხენა თვალის ნერვის ანთებითი პროცესით) და ჩატარებული MRT კვლევით ვლინდებოდა მარცხენა მხედველობის ნერვის ინტრაორბიტალური ნაწილის გარსის გასქელება და ინტენსიური კონტრასტირება. მოსარჩელეს მხედველობა გაუუარესდა განვითარებული ნერვიულობის ფონზე და თავდაპირველად დაესვა დიაგნოზი მხედველობს ნერვის ნევრიტი H47.3. OS (ანთება), (დღემდე ნევროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ), თუმცა მოგვიანებით ჩატარებულმა მაგნიტორეზონანსულმა კვლევებმა შესაძლებელი გახადა მოსარჩელის საბოლოო დიაგნოზის დასმა ნერვოპათოლოგის მიერ - G36.0. ოპტიკური ნეირომიელიტი (დევიკის ავადმყოფობა). ხშირი გაცდენების ფონზე არსებული მწირი შემოსავლის პირობებში, ნ.ბ–მა შეძლო ობლად დარჩენილი შვილების (არასრულწლოვანი და სტუდენტი) და პენსიონერი მამამთილის რჩენა და იძულებული გახდა, გაუარესებული ჯანმრთელობის მიუხედავად, წასულიყო საზღვარგარეთ სამუშაოდ.
2.5. მოსარჩელე ნ.ბ–ს და გარდაცვლილ ლ.ა–ძეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2000 წლის 06 ივლისს დაბადებული გ.ა–ძე და 2009 წლის 02 ივნისს დაბადებული მ.ა–ძე, რომელთაც მამის გარდაცვალებით დაკარგეს მარჩენალი. ლ.ა–ძე პროფესიით იყო იურისტი, გარდაცვალებამდე მუშაობდა და თავისი ხელფასით ზრუნავდა თავის ოჯახზე. დამატებით, მეგობრებთან ერთად დაკავებული იყო საზღვარგარეთიდან მანქანების ჩამოყვანით და გაყიდვით. მამის გარდაცვალებამ შვილებზე იმოქმედა უარყოფითად, ორივე მათგანი მოწყდა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს. ჯერ კიდევ მამის გარდაცვალებამდე, მ–ს გულმკერდის არედან ამოკვეთილი აქვს კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნი (დერმატოფიბრომა). დაავადების სპეციფიკის გათვალისწინებით, მარიმი საჭიროებს ონკოლოგის პერიოდულ კონსულტაციას და ჰისტოლოგიურ საკონტროლო კვლევებს. მამის, ლ.ა–ძის გარდაცვალების შემდეგ, მ–მა შეწყვიტა ცეკვაზე სიარული. მ–ის ცეკვის მასწავლებლის გადმოცემით, მამის გარდაცვალებისთანავე დაეწყო დანაკარგის ტრამვით გამოწვეული ხასიათის ცვლილებები. ყოველი მოკითხვისას ძირითადად იყო გაღიზიანებული, შესაბამისად შეწყვიტა ცეკვაზე სიარული, სკოლის გაცდენაც უწევდა ხშირად და ვეღარ ამზადებდა სათანადოდ გაკვეთილებსა და სასკოლო დავალებებს. მ–ს გახანგრძლივებული გლოვის გამო დაუდგინდა დიაგნოზი - დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი. აქვს საერთო ფსიქო-ემოციური ლაბილობა, ძილის დარღვევა, უჭირს ჩაძინება. გლოვის პროცესმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მასზე და გახდა ეკრანდამოკიდებული. მ–ს გარდაცვლილი მამისგან დარჩა მხოლოდ სახელმწიფოსგან დანიშნული სოციალური დახმარება - მარჩენალის გარდაცვალების გამო - 100 ლარის ოდენობით, რაც საკმარისი არ არის მ–ის გაურესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული კონტროლისთვისაც კი, მით უმეტეს, სათანადო მკურნალობის ხარჯებისათვის.
2.6. მძიმე ემოციური გავლენა იქონია მამის ლ.ა–ძის გარდაცვალებამ მოსარჩელე გ.ა–ძეზე, რასაც თან დაერთო მძიმე ეკონომიური ფონი, რის გამოც, სესხის აღებაც კი მოუწია. საბოლოოდ, გიორგიმ ვეღარ შეძლო სწავლის გაგარძელება როგორც ემოციური, ისე ეკონომიური პრობლემების გამო. მოსარჩელე გ.ა–ძე იძულებული გახდა, შეეჩერებინა სტუდენტის სტატუსი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვინაიდან მთელი ოჯახი დამოკიდებული იყო ლ.ა–ძის ხელფასზე და სხვა შემოსავალზე, რომელიც მას ავტომანქანების (მეგობრებთან ერთად) ჩამოყვანით და გაყიდვით გააჩნდა. სწავლის გაგრძელება მოგვიანებით, დედის საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის შემდეგ შეძლო.
2.7. მძიმედ განიცადა შვილის გარდაცვალება საპენსიო ასაკში მყოფმა რ.ა–ძემ. მას სახელმწიფოს მიერ დანიშნული ასაკობრივი პენსია ხშირად თავის წამლებშიც არ ყოფნის. ასაკიდან გამომდინარე, ხშირად უჩივის ჯანმრთელობას, რაც კიდევ უფრო გააუარესა შვილის გარდაცვალებამ. სამედიცინო დოკუმენტებით დგინდება, რომ მას ხშირად ემართება შარდის შეკავება/გაუვალობა, ხშირად უჩივის ტკივილს შარდის ბუშტის საპროექციო არეში. საჭიროებს უროლოგის კონსულტაციას და მეთვალყურეობას დინამიკაში, დანიშნული აქვს შესაბამისი მკურნალობა. სამედიცინო ცენტრ შ.პ.ს. „გ"-ში ჩატარებული შარდ-სასქესო სისტემების ორგანოების ულტრასონოგრაფიის შედეგები ცხადყოფს, რომ რ.ა–ძის გაძნელებულ შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები გამოწვეულია პროსტატის ადენომით, აქვს ასევე ცისტისტის ნიშნები.
2.8. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშგების პორტალზე განთავსებული ინფორმაციით მოპასუხის ფინანსური მდგომარეობის შესახებ დგინდება, რომ მოპასუხე კომპანიის ამონაგებმა 2021 წელს 33 287 945 ლარი შეადგინა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2020 წელს 21 360 223 ლარით განისაზღვრა (35%-ანი მატება), ხოლო 2021 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, გაერთიანებული მოგება საანგარიშგებო წლისთვის 11 099 799 ლარით (წინა წელთან შედარებით 45%-ანი მოგების სხვაობით) განისაზღვრა, მაშინ, როცა 2020 საანგარიშო წლის მოგებამ 6 116 474 ლარი შეადგინა. შ.პ.ს. „გ"-ს საბანკო ანგარიშებზე, ბანკსა და სალაროში განთავსებული ნაღდი ფულის ოდენობა, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 13 124 214 ლარს შეადგენს, მაშინ როცა „ფული და ფულის ექვივალენტები" პერიოდის დასაწყისში, ანუ 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 10 335 444 ლარს შეადგენდა.
2.9. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვრის პერიოდისთვის დადგენილი საარსებო მინიმუმი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის შეადგენს 249.80 ლარს (აგვისტო - 253.50 ლარი), ხოლო საშუალო მომხმარებლის სარსებო მინიმუმად განსაზღვრულია 221.30 ლარი.
მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ექიმი მ.ფ–ძე კლინიკის ადმინისტრაციის მიერ გათავისუფლებული იქნა დაკავებული პოზიციიდან. დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და აპარატურული აღჭურვილობა იძლეოდა როგორც სრულყოფილი კვლევის, ასევე ადეკვატური სამედიცინო მომსახურების ჩატარების შესაძლებლობას, თუკი მორიგე ექიმის მიერ სწორად იქნებოდა შეფასებული პაციენტის მდგომარეობა. სამედიცინო დაწესებულების მხრიდან მორიგე პერსონალს ჰქონდა ყოველმხრივი ხელშეწყობა, როგორც მატერიალურ-ტექნიკური, ისე ადამიანური რესურსით - 24 საათიან მორიგეობებს ასრულებდნენ როგორც კარდიოლოგი, ისე რადიოლოგი და სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები. მოპასუხის მოსაზრებით, იკვეთება არა იურიდიული პირი შ.პ.ს. „გ–ი“-ს, არამედ, როგორც ოქმშია მითითებული, ექიმ მ.ფ–ძის სამედიცინო შეცდომა, რის გამოც, პაციენტის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელ სუბიექტად მოპასუხეს უშუალოდ მკურნალი ექიმი მიაჩნია.
3.2. შესაგებლის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციით კონკრეტულად არ დგინდება ნ.ბ–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და მისი მიზეზობრივი კავშირი მეუღლის გარდაცვალების ფაქტთან. სამედიცინო დოკუმენტაციით კონკრეტულად არ დგინდება მ.ა–ძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და მისი მიზეზობრივი კავშირი მამის გარდაცვალების ფაქტთან. წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება, თუ როდის და რის გამო შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი გ.ა–ძეს, ან რა მიზნობრიობით იქნა სესხი აღებული. მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მითითებულ ფაქტს, რომ რ.ა–ძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება განპირობებულია შვილის გარდაცვალებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
4. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
4.1. მოპასუხე შ.პ.ს. „გ“-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება, თითოეულისთვის 50 000 ლარის ოდენობით (ჯამში - 200 000 ლარი);
4.2. შ.პ.ს. „გ–ს“ არასრულწლოვანი მოსარჩელის - მ.ა–ძის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩოს გადახდა თვეში 400 ლარის (კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინების გარეშე) ოდენობით, 06.12.2020 წლიდან - ამ უკანასკნელის სრულწლოვანებამდე, ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე;
4.3. მოპასუხე შ.პ.ს. „გ–ს“, რ.ა–ძის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩოს გადახდა თვეში 150 ლარის (კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინების გარეშე) ოდენობით, 06.12.2020 წლიდან - ამ უკანასკნელის სიცოცხლის ბოლომდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელეებმა, ისე მოპასუხემ. მოსარჩელეების სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. სასწრაფო სამედიცინო დახმარების 112-ის ბრიგადამ, 2020 წლის 04 დეკემბერს, მიიღო გადაწყვეტილება პაციენტ ლ.ა–ძის შ.პ.ს. „გ“-ში ჰოსპიტალიზაციის შესახებ. პაციენტი უჩიოდა ძლიერ წვას და ტკივილს გულმკერდის არესა და მარცხენა ხელში. პაციენტი შ.პ.ს. „გ“-ში 22:40 საათზე მოთავსდა და 00:30 საათისთვის კლინიკა დატოვა. კლინიკის დატოვებიდან 10 წუთში ლ.ა–ძის მდგომარეობა გაუარესდა, დაიწყო მძიმედ სუნთქვა, დაეცა ძირს და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით, გონზე მოუსვლელად, 2020 წლის 05 დეკემბერს, ადგილზე გარდაიცვალა.
7.2. ს.ს.ი.პ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შეისწავლა შ.პ.ს. „გ“-ში პაციენტ ლ.ა–ძისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი. კარდიოლოგიური პროფილის სარეცენზიო დასკვნის მიხედვით, „პაციენტის მართვისას დაშვებულია შეცდომები, რამაც საბოლოოდ ფატალური შედეგი გამოიწვია, კერძოდ: (1) კლინიკურად ვერ შეფასდა პაციენტის ჩივილები და ტიპური იშემიური სტატუსის ფონზე აქცენტი ნერვ- კუნთოვან, ან სხვა სახის ექსტრაკარდიულ ტკივილზე იქნა გადატანილი. აღნიშნულის ფონზე არ ჩაითვალა საჭიროდ კარდიოლოგის კონსულტაცია, მით უმეტეს, რომ პაციენტს ანამნეზში ჰიპერტონული დაავადება ჰქონდა. (არ ფიგურირებს ისტორიაში); (2) ვერ შეფასდა ეკგ მონაცემები, რაც შესაბამისი კლინიკური სურათის ფონზე, მარცხენა კორონარული არტერიის ღეროს ოკლუზიის ეკგ ნიშნად უნდა შეფასებულიყო. ამ შემთხვევაში სულ მცირე ტროპონინის განმეორებითი ანალიზი და განმეორებითი ეკგ მონაცემების დაფიქსირება, ასევე, ლოგინში (bedside) ჩატარებული ექოკარდიოგრაფია იქნებოდა სასურველი; (3) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიუთითებს, რომ მორიგე პერსონალი (ექიმი მ.ფ–ძე) ზედაპირულად მიუდგა პაციენტის მდგომარეობას და ადეკვატურად ვერ შეაფასა იგი“.
გადაუდებელი მედიცინის პროფილის სარეცენზიო დასკვნის შესაბამისად: „1. პაციენტ ლ.ა–ძის გარდაცვალების მიზეზი (ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით) იყო გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, განვითარებული კარდიომიოციტების მწვავე იშემიური დაზიანების შედეგად; 2. პაციენტს მიმღებ-გადაუდებელი დეპარტამენტის განყოფილებაში დაესვა დიაგნოზი - ტკივილი გულმკერდის არეში დაუზუსტებელი; ყურადღებას იმსახურებს ეკგ-ზე არსებული ცვლილებები: ST დეპრესიები II, III, av,V4, V5, V6 განხრებში, ST ელევაცია aVL. პაციენტი საჭიროებდა კარდიოლოგის ჩართულობას და შემდგომ კვლევების (მაგ. განმეორებითი ეკგ და დინამიკაში ტროპონინის განსაზღვრა, კარდიოექოსკოპია) ჩატარებას; 3. სამედიცინო ჩანაწერებში ტკივილის დაწყების დრო, ტკივილის სიძლიერე, მაპროვოცირებელი ფაქტორები არ არის აღწერილი, რაც ართულებს ტკივილის ხასიათის შესახებ არსებული ჩანაწერების საფუძველზე, გულმკერდის ტკივილის დიფერენციალური დიაგნოზის შესაძლებლობას“.
7.3. პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე, გამოვლენილი დარღვევა- ნაკლოვანებების გამო, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74–ე მუხლის შესაბამისად, შ.პ.ს. „გ“-ს ექიმ მ.ფ–ძის (სახ. სერტ. „გადაუდებელი მედიცინა“) პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე დაისვა საკითხი. ს.ს.ი.პ. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს (05.05.2023წ. სხდომის ოქმი №12) გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. „გ–ი“-ს ექიმ მ.ფ–ძეს, სპეციალობაში „გადაუდებელი მედიცინა“, სახელმწიფო სერტიფიკატი 6 თვის ვადით შეუჩერდა და შესაბამისი ხანგრძლივობის პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა დაევალა (სარეზიდენტო პროგრამის ,,გადაუდებელი მედიცინა“ შემადგენელი მოდულები: მოდული 2. - გულ-სისხლძარღვთა დაავადებები - 3 თვე და მოდული 12. - კრიტიკული მედიცინის უნარ-ჩვევები - 3 თვე).
ს.ს.ი.პ. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე წევრმა ვ.აგლაძემ განმარტა, რომ ექიმს პაციენტისთვის ეკგ უნდა გადაეღო დინამიკაში: „სავარაუდოდ ექიმმა, მ.ფ–ძემ, ვერ ამოიცნო დაზიანება, მაგრამ უმთავრესი შეცდომა დაშვებულია, რომ არ გამოიძახა კარდიოლოგი. ამასთან, მწვავე პაციენტებთან მომუშავე ექიმმა უნდა იცოდეს ეკგ-ს გაშიფვრა. პროტოკოლის თანახმად, ასეთი ანამნეზის პაციენტი (პაციენტს ანამნეზში ჰქონდა ჰიპერტონული დაავადება), უნდა ნახოს კარდიოლოგმა და ასევე ტროპონინი უნდა გაკეთდეს 3 საათის შემდეგ.“ საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრმა გ.ჯ–მა განმარტა, რომ „ის სურათი, რაც სხდომაზე იქნა აღწერილი, ახასიათებს არასტაბილურ სტენოკარდიას, რომელიც არის მიოკარდიუმის ინფარქტის წინაპირობა. შეიძლება სტენოკარდიისას ტროპონინი მომატებული არ იყოს, თუმცა, პაციენტის ანამნეზის (არტერიული ჰიპერტენზია და მკურნალობა კარდიოლოგთან) გათვალისწინებით და კლინიკაში ჩატარებული ეკგ-ს კვლევის შედეგების მხედველობაში მიღებით, ნათელია მიოკარდიუმის ინფარქტის ტიპიური სურათი. ამ დროს შეიძლება ინფარქტი ბოლომდე არ იყო ჩამოყალიბებული, მაგრამ ხშირად იშემიის ფონზე ეცემა წნევა, ადამიანი კარგავს გონებას. ამ დროს თუ დროულად არ ჩატარდა დეფიბრილაცია, ის მოკვდება. ამ დროს მიოკარდიუმის ინფარქტმა შეიძლება ბოლომდე ვერც მოასწრო ჩამოყალიბება. ამიტომ არის სასამართლო-სამედიცინო ექპსერტიზის დასკვნაში მითითებული „გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, კარდიომიოციტების მწვავე იშემიური დაზიანება, კორონალური არტერიების კედლების რამდენადმე გასქელება ათეროსკლეროზული ცვლილებების გამო. პაციენტ ლ.ა–ძისთვის უნდა ჩატარებულიყო განმეორებითი ტროპონინის ტესტი, სადაც უკვე დიდი ალბათობით გვექნებოდა ცვლილებები. არასტაბილური სტენოკარდიის დროს პროტოკოლის თანახმად, ევალებოდა პაციენტის კლინიკაში დატოვება.“
ს.ს.ი.პ. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს 2023 წლის 05 მაისის სხდომას ესწრებოდა შ.პ.ს. „გ“-ს ექიმი მ.ფ–ძე, რომელმაც სხდომაზე აღნიშნა, რომ, ალბათ, უმჯობესი იქნებოდა, პაციენტი კლინიკაში დაეყოვნებინა გარკვეული პერიოდი. მანვე განმარტა, რომ მისი მხრიდან არასწორი იყო კარდიოლოგის ფუნქციისა და მოვალეობის საკუთარ თავზე აღება.
7.4. ლ.ა–ძის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (№011051220001 საქმე) და ლ.ა–ძის მეუღლე ნ.ბ–ი ცნობილია დაზარალებულის უფლებამონაცვლედ.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა ჰისტოლოგიური და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, შედეგად მომზადდა ექსპერტიზის დასკვნა №007410320. ჰისტოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლ.ა–ძის სიკვდილის მიზეზია გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, განვითარებული კარდიომიოციტების მწვავე იშემიური დაზიანების შედეგად. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ, ლავრენტ ალექსიძის გვამიდან აღებულ სისხლში მეთილის, ეთილის და იზოპროპილის სპირტები არ აღმოჩნდა.
7.5. მოსარჩელე ნ.ბ–ი გარდაცვლილი ლ.ა–ძის მეუღლეა, გ. და მ.ა–ძეები (მ.ა–ძე არასრულწოვანია) ლ.ა–ძის შვილები არიან, ხოლო რ.ა–ძე ლ.ა–ძის მამაა.
7.6. 2023 წლის 11 მაისის №84008 სამედიცინო ბარათის თანახმად, ნ.ბ–ს აქვს მხედველობის ნერვის ნერვიტი და ოპტიკური ნეირომიელიტი. 2019 წლის 19 ნოემბრის სამედიცინო კვლევის თანახმად, მ.ა–ძის კლინიკური დიაგნოზია დერმატოფიბროზი (კეთილთვისებიანი სიმსივნე). საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიერ 2022 წლის 15 ივნისის ფორმა №100-ის თანახმად, რ.ა–ძის დიაგნოზია შარდის შეკავება. სამედიცინო ცენტრ შ.პ.ს. „გ“-ში ჩატარებული შარდ-სასქესო სისტემების ორგანოების ულტრასონოგრაფიის დასკვნის თანახმად, რ.ა–ძეს აქვს პროსტატის ადენომა, ნეფროლითიაზი და ცისტისტის ნიშნები.
7.7. ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 15 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებით, ლ.ა–ძის სიკვდილის უშუალო მიზეზი რესპირაციული პათოლოგია არ ყოფილა და ფილტვებში აღწერილი ცვლილებები შეიძლება არსებითად განვითარებული იყოს გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის ფონზე, აგრეთვე უკავშირდებოდეს სისხლის მიმოქცევის მოშლის შემდგომ და მეორადად განვითარებული ქრონიკული ანთებითი პროცესის შედეგებს. ექსპერტის მოსაზრებით, ავადმყოფი ჩივილით გულმკერდში ისეთ ტკივილზე, რომელიც ტკივილის მოხსნისათვის საჭიროებდა ორ სხვადასხვა მედიკამენტს, მეტი ხნით უნდა დაყოვნებულიყო საავადმყოფოში, ჩატარებულიყო სერიული ელექტროკარდიოგრაფია, გადამოწმებულიყო ტროპონინის მაჩვენებელი, შესწავლილიყო გულმკერდის არეში სხვა ეტიოლოგიის ტკივილის შესაძლებლობა, გახანგრძლივებულიყო დაკვირვება, რაც შესაძლებლობას იძლეოდა ტკივილის გამომწვევი მიზეზის უკეთ დიფერენცირებისათვის, უკეთ შეფასდებოდა მდგომარეობის მიმდინარეობა, მედიკამენტების ეფექტი და გვერდითი მოვლენები. დამატებითი გამოკვლევების ჩატარების და დაკვირვების მიზნით კლინიკაში დიდი ხნით დაყოვნების შემთხვევაში გაიზრდებოდა ლ.ა–ძის გადარჩენის შანსი.
7.8. მოწმე ირინა საურის (მ.ა–ძის კლასის დამრიგებელი) ჩვენების თანახმად, მ–ს და მის ოჯახს იცნობს 2020 წლიდან. მამის დაღუპვის შემდეგ მ–მა დაკარგა თანატოლებთან თამაშის სურვილი, გახდა ჩაკეტილი, აგრესიული, ხშირად ისტერიულად ტიროდა. ხშირად აცდენდა გაკვეთილებს და ხშირად მისდიოდა გული, რის გამოც ურეკავდნენ ოჯახს და მიჰყავდათ სკოლიდან ხან დედას და ხან ძმას.
7.9. მოწმე ბ.ჯ–ძის ჩვენების მიხედვით (მ.ა–ძის ცეკვის მასწავლებელი), მ–ი მამის დაღუპვის შემდეგ ხშირად აცდენდა გაკვეთილს. ამ ტრაგედიამდე იყო აქტიური, შემდეგ კი, გახდა დათრგუნული, ხშირად თვალებზე ცრემლი შემოაწვებოდა, რასაც ისიც ამჩნევდა და მისი კლასელებიც.
7.10. მოწმე ნონა მირუაშვილის (ნ.ბ–ის ყოფილი თანამშრომელი მარკეტების ქსელში) განმარტებით, ნ.ბ–მა მეუღლის გარდაცვალებიდან კიდევ 5 თვე იმუშავა მასთან ერთად, ისინი ყოველ მესამე დღეს მორიგეობდნენ ერთად. ნ.ბ–ი სამსახურში თითქმის არ დადიოდა, თუ მოვიდოდა, ხდებოდა ცუდად, ამბობდა, რომ გული უხდებოდა ცუდად და უბუჟდებოდა სხეული, ზოგჯერ სკამიდანაც ვერ დგებოდა, რამდენჯერმე სასწრაფო გამოიძახეს.
8. სააპელაციო პალატამ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
8.1. მორალური ზიანის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 1007-ე და 413-ე, მუხლები. სამედიცინო შეცდომით მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობის პირობები იგივეა, როგორც ყველა დელიქტურ ვალდებულებებში: ზიანი, მართლწინააღმდეგობა, ბრალი და მიზეზობრივი კავშირი [სსკ-ის 992-ე მუხლი]. ამასთან, სამედიცინო პერსონალის ქმედებით ან უმოქმედობით გამოწვეული პაციენტის ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესების ან სიკვდილის შემთხვევაში, პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია მოითხოვოს როგორც მორალური, ასევე, მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
8.2. დადგენილია, რომ ს.ს.ი.პ. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შ.პ.ს. „გ“-ში პაციენტ ლ.ა–ძისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი შეისწავლა. კარდიოლოგიური პროფილის სარეცენზიო დასკვნის მიხედვით, მორიგე პერსონალი (ექიმი მ.ფ–ძე) ზედაპირულად მიუდგა პაციენტის მდგომარეობას და ადეკვატურად ვერ შეაფასა იგი. ს.ს.ი.პ. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე წევრმა ვ. აგლაძემ განმარტა, რომ მკურნალ ექიმს პაციენტისთვის ეკგ უნდა გადაეღო დინამიკაში; საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრმა გ.ჯ–მა განმარტა, რომ პაციენტ ლ.ა–ძისთვის უნდა ჩატარებულიყო განმეორებითი ტროპონინის ტესტი, სადაც, უკვე დიდი ალბათობით, ცვლილებები იქნებოდა. არასტაბილური სტენოკარდიის დროს, პროტოკოლის თანახმად, ექიმს პაციენტის კლინიკაში დატოვება ევალებოდა. დადგენილია, რომ პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების გამო, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74–ე მუხლის შესაბამისად, შ.პ.ს. „გ“-ს ექიმ მ.ფ–ძეს (სერტ. „გადაუდებელი მედიცინა“), სპეციალობაში „გადაუდებელი მედიცინა“, სახელმწიფო სერტიფიკატი 6 თვის ვადით შეუჩერდა და შესაბამისი ხანგრძლივობის პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა დაევალა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ რომელიმე დოკუმენტი, რომლითაც ექიმ მ.ფ–ძის სამედიცინო შეცდომა დადასტურდა, გასაჩივრებულია.
8.3. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა უზრუნველყვეს თავიანთი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ გარემოების დადასტურდება, რომ ლ.ა–ძის გარდაცვალება სამედიცინო პერსონალის ქმედებამ გამოიწვია. მოპასუხეს აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
8.4. აპელანტ შ.პ.ს. „გ–ი“-ს იმ არგუმენტის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც, ლ.ა–ძის გარდაცვალებაში მოპასუხე კლინიკის ბრალეულობა არ დგინდებოდა, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში დაცულ შ.პ.ს. „გ“-სა და პაციენტ ლ.ა–ძეს შორის 2020 წლის 4 დეკემბერს დადებულ ხელშეკრულებაზე სამედიცინო მომსახურების შესახებ, რაც პირდაპირ ადასტურებდა, რომ პაციენტისათვის სათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევაზე პასუხისმგებელი იყო მოპასუხე კლინიკა და არა კონკრეტულად ამ სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე რომელიმე ექიმი. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ შ.პ.ს. „გ“-ს პასუხისმგებლობა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობდა. ასეც რომ არ ყოფილიყო, კლინიკის პასუხისმგებლობის კანონისმიერ საფუძველს იძლეოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის როგორც 997-ე მუხლი ისე ამავე კოდექსის 1007-ე მუხლი.
8.5. პალატის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაციის ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვ.) პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის საერთო საფუძვლებზე ანაზღაურება არ ნიშნავს სამკურნალო დაწესებულების პასუხისმგებლობის დაწესებას მარტოოდენ იმ შემთხვევაში, როდესაც უშუალოდ სამკურნალო დაწესებულებას მიუძღვის ბრალი პაციენტისათვის ზიანის მიყენებაში, არამედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლი, 997-ე მუხლთან ერთად კორელაციაში, აწესებს სამკურნალო დაწესებულების ბრალის გარეშე პასუხისმგებლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პაციენტს ამავე სამკურნალო დაწესებულებაში დასაქმებული ექიმის არასწორი მკურნალობის, ანდა მისი მდგომარეობისადმი ზედაპირული, გულგრილი დამოკიდებულების გამო მიადგა ზიანი, სამკურნალო დაწესებულება ვალდებულია აანაზღაუროს აღნიშნული ზიანი. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი (დაწესებულება, ორგანიზაცია, მათ შორის, კლინიკა, როგორც სამედიცინო მომსახურების განმახორციელებელი დაწესებულება) დაამტკიცებს, რომ მასთან დასაქმებული პირის ქმედება იყო მართლზომიერი, ანდა სრულად გამორიცხავს მისი დასაქმებულის ბრალს ზიანის დადგომაში, სწორედ ასეთ შემთხვევაში თავისუფლდება იგი პასუხისმგებლობისაგან. შესაბამისად, როდესაც საქმე ეხება კლინიკასა და პაციენტს შორის დავას, სასამართლო არ იკვლევს, კლინიკამ ორგანიზაციულად მასზე დაკისრებული ვალდებულებები შეასრულა თუ არა, ვინაიდან, თუ სახეზეა საექიმო შეცდომა, კლინიკის პასუხისმგებლობა პაციენტის წინაშე კლინიკის მხრიდან აღნიშნული ინფრასტრუქტურული (ორგანიზაციული) ვალდებულებების შესრულების პირობებშიც დგება. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შ.პ.ს. „გ–ი“ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი იყო.
8.6. სააპელაციო პალატამ არაქონებრივი ზიანის ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებით ყურადღება გაამახვილა შემდეგზე: პროფესიული განვითარების საბჭოს 2023 წლის 5 მაისის №12 სხდომის ოქმში მითითებულია, რომ ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-დან გამოთხოვილი ინფორმაციით, პაციენტის გაწერიდან 10 წუთში, პაციენტისათვის დახმარების თაობაზე ქალაქ გორის ..... ქუჩიდან ზარი დაირეკა 05.12.2020, 00:40 საათზე (შენიშვნა: „დეტალებს არ აზუსტებს, პანიკაა, ყვირილი ესმის“). შეტყობინების რეგისტრაციის №2825788-ის მიხედვით, ადგილზე მივიდნენ გორის პოლიციის თანამშრომლები. პაციენტ ლ.ა–ძის მეუღლის, ნ.ბ–ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, სახლისკენ მიმავალ გზაზე, ....... ქუჩაზე სუპერმარკეტ „მაგნიტთან“, მისი მეუღლის მდგომარეობა გაუარესდა, დაიწყო მძიმედ სუნთქვა და ძირს დაეცა. ოქმის თანახმად, „იმის მიუხედავად, რომ მე მისთვის ხელი არ გამიშვია, ვერ მოვახერხე მისი შემაგრება... თავდაპირველდ ჩემს მეუღლეს რამდენჯერმე შემოვარტყი სახეში ხელი, მეგონა გაკეთებული წამლებისაგან ხომ არ გაითიშა, მაგრამ უშედეგოდ“... მალევე ადგილზე მოვიდა პოლიციის ავტომანქანა, რომლითაც მისი მეუღლე გადაიყვანეს შ.პ.ს. „გ“-ში. ექიმ მ.ფ–ძის ახსნა-განმარტებით, 2022 წლის 5 დეკემბერს მორიგეობდა კლინიკა „გ“-ში, რა დროსაც „პოლიციამ შემოიტანა კლინიკაში გვამი, ლ.ა–ძე“. აღნიშნულ გარემოებებზე ყურადღების გამახვილებით სააპელაციო პალატამ ხაზი გაუსვა გარემოების სიმძიმეს, რომელშიც ლ.ა–ძე გარდაიცვალა. პალატის შეფასებით, მოვლენას ბევრად მტკივნეულს ხდიდა ის ფაქტი, რომ ლ.ა–ძე თავისი მეუღლის, ნ.ბ–ის თვალწინ გარდაიცვალა. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც პაციენტი კლინიკიდან გაწერეს და მოვლენების ამგვარად განვითარება, როგორც წესი, მოსალოდნელი არ უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, მეუღლის მოულოდნელი გარდაცვალებით ნ.ბ–ის მიერ განცდილი ემოციები, სულიერი ტანჯვა, განსაკუთრებით მძიმე იქნებოდა და მას შეეძლო გამოეწვია უდიდესი ტკივილი, ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელსაც როგორც მყისიერი, ასევე განგრძობადი ეფექტი ექნებოდა მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. პალატის რწმენით, პაციენტის ასაკის (41 წელი) გათვალისწინებით, მისი გარდაცვალება კიდევ უფრო მოულოდნელი და, შესაბამისად, მტკივნეული იქნებოდა მისი მეუღლის, შვილებისა თუ მამისათვის.
8.7. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა ლ.ა–ძის გარდაცვალების შედეგად მის ოჯახში განვითარებულ მოვლენებზე: 2023 წლის 11 მაისის №84008 სამედიცინო ბარათის თანახმად, ნ.ბ–ს აქვს მხედველობის ნერვის ნერვიტი და ოპტიკური ნეირომიელიტი. 2019 წლის 19 ნოემბრის სამედიცინო კვლევის თანახმად, მ.ა–ძის კლინიკური დიაგნოზია დერმატოფიბროზია (კეთილთვისებიანი სიმსივნე). საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიერ 2022 წლის 15 ივნისის ფორმა №100-ის თანახმად, რ.ა–ძის დიაგნოზია შარდის შეკავება. სამედიცინო ცენტრ შ.პ.ს. „გ-ში ჩატარებული შარდ-სასქესო სისტემების ორგანოების ულტრასონოგრაფიის დასკვნის თანახმად, რ.ა–ძეს აქვს პროსტატის ადენომა, ნეფროლითიაზი და ცისტისტის ნიშნები. მოსარჩელეების წარმომადგენლის განმარტებით, ნ.ბ–ს, მატერიალური მდგომარეობის გამო, მოუწია საზღვარგარეთ წასვლა, რის გამოც დაირღვა ოჯახური მთლიანობა, არასრულწლოვანი მ.ა–ძე იზრდება მშობლების გარეშე, გ.ა–ძემ ვეღარ შეძლო სწავლის გაგრძელება და შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი. რ.ა–ძეზე, რომელსაც მეუღლეც გარდაცვლილი ჰყავს, განსაკუთრებულად ზრუნავდა ლ.ა–ძე. ყოველივე აღნიშნულმა ლ.ა–ძის ოჯახის ჩვეული ცხოვრების წესის არსებითად შეცვლა გამოიწვია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ლ.ა–ძის, როგორც ოჯახის წევრის, გარდაცვალების ფაქტთან შეგუებასთან ერთად, მის ოჯახის წევრებს - მეუღლეს, შვილებს (რომელთაგან ერთ-ერთი შვილი არასრულწლოვანია), მამას, ახალ ცხოვრებისეულ სირთულეებთან ადაპტაციაც უწევთ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, ყოფითი ეკონომიკური პრობლემებით, ოჯახური გარემოს არსებითად ცვლილებით, ოჯახური ერთიანობის დარღვევით არის განპირობებული, რაც მორალურად რთულად გადასატანი ადამიანური სირთულეებია. დასახელებულ გარემოებათა ერთობლიობაში შეფასებით, მოსარჩელეებისათვის მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, მოპასუხისათვის მოსარჩელეების სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება, თითოეულის სასარგებლოდ 50 000 ლარის ოდენობით (ჯამში - 200 000 ლარი), სააპელაციო სასამართლომ ზიანის ანაზღაურების ადეკვატურ ოდენობად მიიჩნია, იმ დათქმით, რომ ვერც დაკისრებული 200 000 ლარი და ვერც მოთხოვნილი 500 000 ლარი ოჯახის წევრებისათვის ლ.ა–ძის გარდაცვალებით გამოწვეული მორალური ტრავმის სრულად მაკომპენსირებელი ფულადი ეკვივალენტი მაინც ვერ იქნებოდა.
8.8. არასრულწლოვან მ.ა–ძისა და გარდაცვლილის მამის - რ.ა–ძის - სასარგებლოდ მოპასუხეზე სარჩოს დაკისრებასთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ შენიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1212-ე მუხლი და 1218-ე მუხლის პირველი ნაწილი. პალატამ გაიზიარა გორის რაიონული სასამართლოს დასკვნა, რომ ვინაიდან სარჩენმა - არასრულწლოვანმა მ.ა–ძემ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დაკარგა მარჩენალი, მოპასუხე ვალდებულია, სარჩოს დაწესებით აუნაზღაუროს სარჩენს ის ზიანი, რაც სამედიცინო დაწესებულების ქმედების შედეგად მიადგა.
8.9. საქმეში არსებული მტკიცებულებისა და გარემოებების გათვალისწინებით, აგრეთვე იმ მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელე რ.ა–ძე არის პენსიონერი და არ გააჩნია სხვა მატერიალური შემოსავალი, გარდა პენსიისა და, ვინაიდან იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დამატებით ფინანსურ სახსრებს საჭიროებს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მის სასარგებლოდ სარჩოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნა საფუძვლიანი იყო.
8.10. რაც შეეხება სარჩოს ოდენობას, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობისა და მ. და რ.ა–ძეების საჭიროებების გათვალისწინების შედეგად, სარჩოს ოდენობა გონივრული ოდენობით განსაზღვრა მ.ა–ძის სასარგებლოდ თვეში 400 ლარის, ხოლო რ.ა–ძის სასარგებლოდ - თვეში 150 ლარის ოდენობით.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელეებმა, ისე მოპასუხემ. მოსარჩელეების საკასაციო მოთხოვნაა სააპელაციო სასამართლოს განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დაუკმაყოფილებელ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხის საკასაციო მოთხოვნაა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
10. შ.პ.ს. „გ“-ს საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ პრეტენზიებს: მოპასუხე კლინიკის ბრალეულობის ხარისხი როგორც მორალური ზიანის ანაზღაურების, ისე სარჩოს მოცულობასთან მიმართებით, არაპროპორციულია და ემსახურება მოპასუხის დასჯას, რომლის ბრალეულობა დამდგარ შედეგთან დადგენილი არ არის. ასევე, არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. არამართლზომიერია რ.ა–ძის სასარგებლოდ სარჩოს დანიშვნაც, ვინაიდან, მართალია, იგი პენსიონერია, თუმცა არის შრომისუნარიანი.
11. ნ.ბ–ის, მ.ა–ძის, გ.ა–ძისა რ.ა–ძის საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ პრეტენზიებს:
11.1. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია გამართლებულად მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხისთვის თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 50000 ლარის დაკისრება. მოპასუხისთვის დაკისრებული თანხის ოდენობა არ შეესაბამება, ერთი მხრივ, არასრულწლოვან მ.ა–ძის საუკეთესო ინტერესს და, მეორე მხრივ, კლინიკის სამედიცინო პერსონალის ბრალეულობისა და მოსარჩელეთა მორალური ზიანის ხარისხს.
11.2. მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ პაცინეტი ლ.ა–ძე პროფესიით იყო სამართალმცოდნე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი და მისი თანმდებობრივი სარგო, გარდაცვალების დღის მდგომარეობით, შეადგენდა 1400 ლარს, რაც მოგვიანებით გაიზარდა 1800 ლარამდე. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ლ.ა–ძეს გააჩნდა სხვა შემოსავალიც (მეგობრებთან ერთად ჩამოჰყავდა ავტომობილები საზღვარგარეთიდან), რითიც არჩენდა თავის მეუღლეს, ორ შვილსა და მამას. მისი გარდაცვალების შემდეგ ოჯახს შეექმნა ფინანსური პრობლემები და უმძიმესად განვითარდა მოვლენები. მოსარჩელე გ.ა–ძეს მოუწია სწავლის პროცესის შეჩერება, მ.ა–ძეს კი, დანაკარგით გამოწვეული მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო მოუწია ცხოვრების წესის შეცვლა (აღარ დადიოდა ცეკვაზე, სწავლის ხარისხი შეამცირა, გაუუარესდა ნევროლოგიური მდგომარეობა), ოჯახს მოუწია მნიშნელოვანი ფინანსური (დარჩენილი საბანკო ვალის გასტუმრება და ახალი სესხის აღება) და ადამიანური რესურსის გაღება. ლ.ა–ძის პენსიონერ მამას კი, იმდენად გაუუარესდა ჯანმრთელობა, რომ წამლების საყიდლად პენსია არ ჰყოფნის. სასამართლოს მიერ რ.ა–ძის სასარგებლოდ დაკისრებული სარჩოს ოდენობა არ არის გონივრული და სამართლიანი, რამეთუ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით დადგენილ შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმზეც კი ნაკლებია.
11.3. კლინიკის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მისთვის თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 50 000 ლარის დაკისრება, ისევე როგორც მ.ა–ძის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს სახით 400 ლარისა და რ.ა–ძის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს სახით 150 ლარის დაკისრება, არ არის გამართლებული.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივრები მიღებული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნენ მიჩნეულნი, შემდეგ გარემოებათა გამო:
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
16.1. არასწორი მკურნალობის შედეგად ოჯახის წევრის გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 1007-ე (სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაციის ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვ.) პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით. ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის) და 413.2 (სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში, დაზარალებულს შეუძლია, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც) მუხლები.
16.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამედიცინო შეცდომით მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობის პირობები იგივეა, რაც, ზოგადად, ყველა დელიქტურ ვალდებულებაში: (1) ზიანი, (2) მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, (3) მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და (4) ზიანის მიმყენებლის ბრალი.
16.3. დასახელებული კომპონენტების თავისებურება სამედიცინო საქმიანობის ხასიათით განისაზღვრება. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ექიმის ან სამედიცინო დაწესებულების მიმართ პაციენტს შეიძლება წარმოეშვას როგორც ხელშეკრულებიდან, ისე დელიქტური ნორმებიდან. შეიძლება ექიმს იმ შემთხვევაშიც დაეკისროს პასუხისმგებლობა, თუ მას რაიმე ხელშეკრულება არ გაუფორმებია პაციენტთან, გამომდინარე იქიდან, რომ მკურნალობის დაწყებით ექიმისათვის და არასამედიცინო (დამხმარე) პერსონალისათვისაც წარმოიშობა ვალდებულება, კანონით დადგენილ ფარგლებში დაიცვან და შეინარჩუნონ პაციენტის ჯანმრთელობა. ექიმის მიერ ჩატარებული მცდარი მკურნალობა, როგორც წესი, ხელშეკრულების დარღვევაც არის და დელიქტიც. მოთხოვნის ორივე საფუძველი თანაბარია და, შესაბამისად, მოთხოვნის დაფუძნება ორივე საფუძველზე ერთდროულად არის შესაძლებელი.
16.4. სამედიცინო ზიანის მიზნებისათვის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევა სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რამაც გამოიწვია ზიანი (იხ. სუსგ. №ას-1124-1044-2017, 30.07.2018წ.; Nას-№ას-260-244-2014, 28.05.2014წ.). სამედიცინო მუშაკის ქცევის, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქცევის, კვალიფიკაციისას, აუცილებელია არასათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ფაქტის დადგენა.
16.5. თავის მხრივ, „მცდარი საექიმო ქმედების“ განმარტება მოცემულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტში და გულისხმობს ექიმის მიერ უნებლიედ პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებებს, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა. საექიმო შეცდომად მიიჩნევა ექიმის მიერ საზოგადოდ აღიარებული სამედიცინო და ეთიკური სტანდარტების, კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევა, რამაც განაპირობა პაციენტის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებები, რაც, თავის მხრივ, პაციენტისათვის ზიანის მიყენების უშუალო მიზეზი გახდა. ექიმს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ პაციენტს მართლზომიერად და უშეცდომოდ უმკურნალეს, იგი პასუხს აგებს არასწორ მკურნალობაზე და მხოლოდ ასეთი მკურნალობის თანმდევ უარყოფით შედეგზე.
16.6. რაც შეეხება მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, მკურნალობის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუკი პირისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია უშუალოდ მცდარი სამედიცინო მოქმედებით, ანუ გამოკვეთილია მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ის გარემოება, რომ ზიანი გამოიწვია სამედიცინო პერსონალის ქმედებამ, უტყუარად უნდა დადგინდეს. უშედეგო მკურნალობა ან მკურნალობის უარყოფითი შედეგი თავისთავად (უალტერნატივოდ) არ იწვევს სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობას. ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მკურნალობისას დაშვებული შეცდომებით. თუ მკურნალობა სწორადაა წარმართული, მას თუნდაც უარყოფითი შედეგი მოჰყვეს, არ გამოიწვევს ექიმის პასუხისმგებლობას (იხ. სუსგ. №ას-600-2021, 22.06.2022წ.; №ას-1046-966-2017, 20.07.2018წ.; №260-244-11, 27.06.2011წ.; №ას-1800-2019, 20.02.2020წ.).
16.7. სსსკ-ის 992-ე მუხლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ბრალი, რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა უშუალოდ ზიანის მიმყენებელს უნდა დაეკისროს. დელიქტურ სამართალში აღიარებულია ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპი. პაციენტისათვის მიყენებული ზიანისას, როგორც წესი, ექიმის განზრახი ბრალი არ არსებობს. ასეთ შემთხვევებში, საკმარისია, დადგინდეს ექიმის გაუფრთხილებლობა, რაც გულისხმობს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების აუცილებელი გულისხმიერებისა და ყურადღების გარეშე განხორციელებას (გულისხმიერებასა და ყურადღებიანობაში იგულისხმება ექიმის მიერ საჭირო სამედიცინო მოქმედებების ზედმიწევნით ხარისხიანად, აღიარებული სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად შესრულება).
16.8. არასწორი მკურნალობით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ინიცირებულ დავებში მოსარჩელეს ეკისრება ფაქტების სრულყოფილად და დამაჯერებლად წარდგენისა და გაცხადების ვალდებულება. სამედიცინო დელიქტის, როგორც ზიანის დადგომის აუცილებელი წინაპირობის არსებობის მტკიცების ტვირთის შესახებ სპეციალურ მოწესრიგებას შეიცავს სსკ-ის 1007-ე მუხლი. ნორმის მეორე წინადადების შინაარსი პირდაპირ მიემართება მტკიცების პროცესს და განსაზღვრავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს. ნორმის პირდაპირი მითითებით „ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის“, სამართლებრივ ურთიერთობაში ამოქმედებულია სამედიცინო მომსახურების გამწევის (ექიმის, ექთნის, სამედიცინო დაწესებულების და ა.შ.) მოქმედების ბრალეულობის პრეზუმფცია.
16.9. პრეზუმფციის დანიშნულება სამართალში იმის წინასწარ განსაზღვრას ემსახურება, თუ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელი მხარისათვის უფრო ადვილი იქნება ობიქტურად დაამტკიცოს ესა თუ ის ფაქტი. პრეზუმფციის დაშვებით კანონმდებელი სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეს იცავს მტკიცების გადაულახავი ტვირთის დაკისრებისაგან და ამ მიზნით, აწესებს მტკიცების სტანდარტს. შესაბამისად, პრეზუმირდება, რომ პაციენტის ჯანმრთელობას ზიანი სამედიცინო დაწესებულების ბრალით მიადგა და საწინააღმდეგოს დადასტურება სამედიცინო დაწესებულების მტკიცების ტვირთია. ამრიგად, მოპასუხის ბრალი ივარაუდება მანამ, სანამ მოპასუხე საწინააღმდეგოს არ დაამტკიცებს. ექიმს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ პაციენტის მიმართ ჩატარდა მართლზომიერი და უშეცდომო მკურნალობა. თუ ექიმი სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს, მაშინ ის არ არღვევს არცერთ ვალდებულებას და ბრალი არ მიუძღვის. ექიმი პასუხს აგებს არასწორ მკურნალობაზე და მხოლოდ ასეთი მკურნალობის თანამდევ უარყოფით შედეგზე. ამით გარკვეულია მკურნალობის დროს დაშვებულ შეცდომასა და პაციენტისათვის მიყენებულ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის აუცილებლობა. სამედიცინო ხასიათის შეცდომის შედეგად მიყენებული ზიანის კვლევისას, დაზარალებულის მტკიცების ტვირთია ზიანის დადგომა. მან, აგრეთვე, უნდა ამტკიცოს დამდგარი ზიანისა და მიზეზობრივი კავშირის არსებობა. მოპასუხე (ზიანის პრეზუმირებული მიმყენებელი) ამტკიცებს მართლწინააღმდეგობის და ბრალის არარსებობას (იხ., გაგუა ი. „მტკიცების ტვირთი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებისას“, ჟურ: „მართლმსაჯულება და კანონი“, 2021წ. №49(72) 21, გვ. 75-78).
17. პაციენტს აქვს უფლება, მიიღოს ხარისხიანი მომსახურება და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომსახურება მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს (უფლება ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების სტანდარტების დაცვაზე). „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
18. რაც შეეხება პაციენტის უფლებას უსაფრთხოებაზე, იგი პრაქტიკულად მოიცავს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების სტანდარტების დაცვასა და პრევენციულ ღონისძიებებზე უფლებებს. ყველას აქვს უფლება, განთავისუფლდეს იმ საფრთხეებისაგან, რომლებიც განპირობებულია ჯანდაცვის სამსახურების ცუდი ფუნქციონირებით, საექიმო გულგრილობით, სამედიცინო შეცდომებით და ხელი მიუწვდებოდეს სამედიცინო მომსახურებასა და მკურნალობაზე, რომელიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს (კვანტალიანი ნ., „პაციენტის უფლებები და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები“, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია, თბილისი, 2012 წ., გვ.94-96).
19. „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს: კომპენსაცია ქონებრივი და არაქონებრივი ზიანისა, რომლებიც გამოწვეულია: პაციენტის უფლებების დარღვევით; მცდარი სამედიცინო ქმედებით.
20. სასამართლოს ვალდებულებაა, სწორად წარმართოს მტკიცებითი საქმიანობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მან საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების განსაზღვრის შემდეგ სადავო და უდავო ფაქტები უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან. სადავო ფაქტები მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენს და მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესიც სწორედ აქ ვლინდება. სასამართლომ, როგორც საპროცესო საქმიანობის წარმმართველმა სუბიექტმა, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა გაანაწილოს, რომ საფრთხე არ შეექმნას მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სსსკ-ის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მითითებული ნორმა საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლთან კავშირით იმ დასკვნის საფუძველს ქმნის, რომ მხარეს, რომელიც სასამართლოს მიმართავს კონკრეტული მოთხოვნით, აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ისე მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. როგორც წესი, ფაქტის მითითებისა და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურსამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს - საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი.
21. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხე კლინიკის მიერ დაშვებული სამედიცინო შეცდომა ვლინდება იმაში, რომ მასთან დასაქმებულმა ექიმმა კლინიკურად ვერ შეაფასა პაციენტის ჩივილები და ტიპური იშემიური სტატუსის ფონზე აქცენტი ნერვ-კუნთოვან, ან სხვა სახის ექსტრაკარდიულ ტკივილზე გადაიტანა; აღნიშნულის ფონზე, არ ჩათვალა საჭიროდ კარდიოლოგის კონსულტაცია, მით უმეტეს, რომ პაციენტს ანამნეზში ჰქონდა ჰიპერტონული დაავადება. ვერ შეფასდა ელექტროკარდიოგრაფიული მონაცემები, რაც შესაბამისი კლინიკური სურათის ფონზე, მარცხენა კორონარული არტერიის ღეროს ოკლუზიის ნიშნად უნდა შეფასებულიყო. ამ შემთხვევაში, სულ მცირე, ტროპონინის განმეორებითი ანალიზი და განმეორებითი ეკექტროკარდიოგრაფიიული მონაცემების დაფიქსირება, ასევე, ლოგინში (bedside) ჩატარებული ექოკარდიოგრაფია იქნებოდა სასურველი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიუთითებს, რომ მორიგე ექიმი მ. ფ–ძე ზედაპირულად მიუდგა პაციენტის მდგომარეობას და ადეკვატურად ვერ შეაფასა იგი, რამაც გამოიწვია პაციენტის გარდაცვალება.
22. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სახელდობრ, ს.ს.ი.პ. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს 2023 წლის 05 მაისის №12 სხდომის ოქმითა და კარდიოლოგიური პროფილის სარეცენზიო დასკვნით დადგენილია შ.პ.ს. „გ“-ს ექიმ მ.ფ–ძის მხრიდან დაშვებული სადიაგნოსტიკო სამედიცინო შეცდომა (მართლსაწინააღმდეგო ქმედება). საგულისხმოა, რომ საქმის მასალებით არ დგინდება ხსენებული აქტების გასაჩივრების ფაქტი, მაშასადამე, საკასაციო სასამართლოს ხსენებულ მტკიცებულებებში ასახული ფაქტების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი არ გააჩნია. საქმეში დაცული ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია პაციენტის გარდაცვალებასა (ზიანი) და მკურნალი ექიმის მხრიდან სადიაგნოსტიკო კვლევევების ჩაუტარებლობის, ისე ჩატარებული კვლევების არასათანადო ინტერპრეტირების ფაქტს შორის უშუალო მიზეზობრიობა (მიზეზობრივი კავშირი). ს.ს.ი.პ. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს 2023 წლის 05 მაისის №12 სხდომაზე უშუალოდ მკურნალი ექიმის მიერ გაკეთებული განმარტების მიხედვით (უმჯობესი იქნებოდა, პაციენტი კლინიკაში დაეყოვნებინა გარკვეული პერიოდი; მისი მხრიდან არასწორი იყო კარდიოლოგის ფუნქციის და მოვალეობის საკუთარ თავზე აღება), საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ზიანის ბრალეულად - უხეში გაუფრთხილებლობით - დადგომას. მაშასადამე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სამედიცინო დელიქტის ოთხივე წინაპირობა მოცემულ საქმეში კუმულატიურად დადასტურებულია.
23. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს მასზედ, რომ წარმოდგენილ სარჩელზე პასუხი უნდა აგოს არა მან, არამედ უშუალოდ მკურნალმა ექიმმა, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებებს სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობის საფუძვლებთან მიმართებით და დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი სწორედ ეს დაწესებულებაა. ნორმის შინაარსიდან თავისთავად გამომდინარეობს დებულება იმის თაობაზე, რომ სამედიცინო დაწესებულების მუშაკის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის შემთხვევაში დგება პასუხისმგებლობის საკითხი და იგი ეკისრება სამედიცინო დაწესებულებას. საგულისხმოა, რომ სამედიცინო დაწესებულება, როგორც იურიდიული პირი, სამედიცინო მომსახურებას სწევს სწორედ მისი მუშაკების მეშვეობით, შესაბამისად, მუშაკის მოქმედება შეფასებული უნდა იქნას, როგორც თვით სამუშაოს მიმცემის მოქმედება. მუშაკის მიერ შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას მესამე პირისათვის ზიანის მიყენებისათვის სამუშაოს მიმცემი (სამედიცინო დაწესებულება) პასუხს აგებს თავისი, და არა სხვისი ბრალისათვის. ამრიგად, სამედიცინო დაწესებულება მისი პერსონალის მიერ მიყენებულ ზიანზე პასუხს აგებს ისე, როგორც საკუთარი ქმედებითა და საკუთარი ბრალით დამდგარი ზიანისათვის. აღნიშნულ შემთხვევაში, სამუშაოს მიმცემის პასუხისმგებლობა გამოირიცხება მხოლოდ მაშინ, თუკი დამტკიცდება, რომ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე. სამედიცინო დაწესებულებას შეუძლია რეგრესის წესით მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება პირს, ვისი ბრალითაც მიადგა ზიანი ამა თუ იმ პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას (იხ. სამოქალაქო კოდექსის 997-ე და 1007-ე მუხლების კომენტარი, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2001, წიგნი IV, ტომი II, გვ. 400-403; 427-429). ამრიგად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სამედიცინო დელიქტის გამო სარჩელზე სამედიცინო დაწესებულების სათანადო მოპასუხეობის შესახებ.
24. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. საექიმო შეცდომით პირისათვის მიყენებული ზიანი, შესაძლოა, იყოს როგორც ქონებრივი, ისე - არაქონებრივი. მატერიალური (ქონებრივი) ზიანი შესაძლოა, გამოიხატოს ჯანმრთელობის დაზიანებით, დამატებითი ხარჯების გაწევით და სხვა, ხოლო მორალური (არაქონებრივი) ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებსა და სულიერ ტკივილში, რომელსაც იგი განიცდის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე შეაფასა შვილის გარდაცვალებით მშობლისათვის მიყენებული მორალური ზიანი და განმარტა: უდავოა, რომ ახალგაზრდა შვილის გარდაცვალებით მშობელი განიცდის მნიშვნელოვან მორალურ ტკივილს, რაც დაკავშირებულია განგრძობად ნეგატიურ განცდებსა და სტრესულ მდგომრეობასთან... მორალური ტანჯვით მიყენებული ზიანის (არაქონებრივი ზიანის) ანაზღაურება ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, მისი მიზანია არამატერიალური სიკეთის ხელყოფით გამოწვეული ტანჯვის შემსუბუქება, ნეგატიური განცდების სიმძიმისა და ინტენსივობის შემცირება (იხ. სუსგ. №ბს-327-309 (2კ-07), 16.05.2019წ.).
25. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ“ სამედიცინო შეცდომის გამო გარდაცვლილი პირის ცოცხლად დარჩენილი ახლო ნათესავის მიერ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მიიჩნია სამართლებრივი დაცვის ერთ-ერთ ფორმად, მისი განხორციელების მექანიზმის არარსებობა კი, შეაფასა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევად სამოქალაქოსამართლებრივ დაცვის საშუალებებთან მიმართებით. მისი განმარტებით, კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევის შედეგად არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება, პრინციპში, შესაძლებელი უნდა იყოს, როგორც სამართლიანი დაცვის საშუალებების ერთ-ერთი ფორმა (იხ. ,,პოლ და ოდრი ედვარდსები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ ((Paul and Audrey Edwards v. the United Kingdom), №46477/99, §§ 97 და 101, ECHR 2002-II; ბაბინსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Bubbins v. the United Kingdom), №50196/99, § 171, ECHR 2005-II (ამონარიდები); რეინოლდსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Reynolds v. the United Kingdom), №2694/08, §§ 65-68, 13.03.2012 და მოვსესიანი სომხეთის წინააღმდეგ (Movsesyan v. Armenia), №27524/09, § 73, 16.11.2017). შედეგად, უზენაესი სასამართლოს მიერ იმის დადასტურების ფონზე, რომ მომჩივანმა „უდავოდ“ განიცადა ფსიქოლოგიური სტრესი ახალგაზრდა შვილის გარდაცვალების გამო, უპირობო საკანონმდებლო შეზღუდვით მომჩივანს გაუმართლებლად წაერთვა შესაძლებლობა, სასამართლოს გზით მოეთხოვა კომპენსაციის მიღება არაქონებრივი ზიანის სანაცვლოდ, როგორც მისთვის ხელმისაწვდომი სამოქალაქოსამართლებრივი დაცვის საშუალება (საქმე სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ/CASE OF SARISHVILI-BOLKVADZE v. GEORGIA, საჩივარი N 58240/08, 19.07.2018წ. გადაწყვეტილება, 96-98; იხ.: http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/sarishvili-bolkvadze-saqartvelos-winaagmdeg.pdf).
26. მოცემულ დავაში მოსარჩელეები გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის უახლოეს წევრებს - მამას, მეუღლესა და შვილებს წარმოადგენენ, მაშასადამე, მათ აქვთ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
27. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის საკითხთან მიმართებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იგი უნდა დადგინდეს უფლების დარღვევის ინტენსივობის, დარღვევის შედეგებისა და ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების ხარისხის შეფასების შედეგად. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს განსაზღვრავს სსკ-ის 413-ე მუხლი (რომელიც ადგენს ზოგად წესს). აღნიშნული მუხლის შესაბამისად, სასამართლო ადამიანის პიროვნული ღირებულებების ხელყოფის ფაქტის შემთხვევაში მორალური ზიანის შინაარსსა და მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ეს საკითხი სასამართლოს შეფასებითი მსჯელობის საგანია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად შემთხვევის ინდივიდუალობისა და თავისებურების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს (იხ. სუსგ. №ას-645-2019, 26.07.2019 წ.).
28. მორალური ზიანის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: პირველი - დააკმაყოფილოს დაზარალებული; მეორე - ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე; მესამე - თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მიზნად არ ისახავს მიყენებული ზიანის სრულ რესტიტუციას, რადგან ამგვარ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობა უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი. მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრა ხდება ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის, დაზარალებულის ბრალის ხარისხისა და სხვა კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით. მორალური ზიანისათვის ფულადი კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უზომოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას, მისი მიზანი არ უნდა იყოს მოპასუხის დასჯა. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელყოფის ხასიათი, მისი გავლენა პირის არამატერიალურ სიკეთეზე (იხ. სუსგ. №ას-660-660-2018, 20.07.2018წ.; №ას-1040-2018, 26.07.2019წ.).
29. შვილის, მეუღლისა და მამის გარდაცვალებით მოსარჩელეებმა განიცადეს მნიშვნელოვანი მორალური ტკივილი, რაც დაკავშირებულია განგრძობად ნეგატიურ განცდებსა და სტრესთან. შემთხვევის ტრაგიკულობის, პაციენტის ასაკის, ზიანის სიმძიმის, მოსარჩელეთა მიერ მოვლენის აღქმის სუბიექტური დამოკიდებულებითა და განცდების ინტენსივობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით დაკისრებული თანხის ოდენობა, თოთოეული მოსარჩელისათვის 50 000 ათასი ლარი, არის თანხის ის ოდენობა, რაც მინიმალური სტანდარტით დააკომპენსირებს მოსარჩელეების მორალურ ზიანს, შესაძლებლობას მისცემს მათ, იზრუნონ გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შეძლებისდაგვარ აღდგენასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში რეინტეგრაციაზე, ამდენად, საკასაციო პალატის განსჯით, არ ვლინდება დაკისრებული მორალური ზიანის არც გაზრდის და არც შემცირების საფუძველი, რამდენადაც, დაკისრებული ოდენობა, თითოეული მოსარჩელის შემთხვევაში, არის გონივრული და სამართლიანი, შეესატყვისება მოპასუხის ქონებრივ შესაძლებლობებს, ემსახურება დარღვეული უფლების რეპარაციას და არ არის იმდენად გადაჭარბებული ოდენობის, რომ იქცეს მოსარჩელეთა გამდიდრების საშუალებად.
30. მოპასუხის საკასაციო პრეტენზიის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს გარდაცვლილი პაციენტის მამის სასარგებლოდ სამედიცინო დაწესებულებისათვის სარჩოს დაკისრების მართებულობა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში, სსკ-ის 1006.1 მუხლის (დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში, ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა) საფუძველზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებმაც, დაზარალებულის გარდაცვალებით, დაკარგეს მარჩენალი. აღნიშნულ პირთა ჩამონათვალი მოცემულია სამოქალაქო კოდექსის სხვადასხვა ნორმებში (1182-ე, 1212-ე, 1218-ე, 1223-ე, 1225-ე, 1226-ე, 1227-ე, 1229-ე) და ასეთებად მიიჩნევიან: დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილები, რომლებიც გარდაცვალების მომენტისათვის იმყოფებოდნენ გარდაცვლილი პირის კმაყოფაზე, ანდა ჰქონდათ მისგან სარჩოს მიღების უფლება; ბავშვი, რომელიც დაიბადა დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ; შრომისუუნარო მშობელი, ფაქტობრივი აღმზრდელი, მეუღლე; გარდაცვლილის შვილიშვილები, და-ძმები, რომლებსაც არ მიუღწევიათ სრულწლოვანებისათვის, ანდა მიაღწიეს აღნიშნულ ასაკს, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო საჭიროებენ მოვლას. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა, ეხადა სარჩო.
31. დადგენილია, რომ მოსარჩელე რ.ა–ძე პენსიონერია და არ მუშაობს; საქმის მასალებში დაცული სამედიცინო დოკუმენტებით დიაგნოსტირებულია არაერთი დაავადება, რომელიც, როგორც დამოუკიდებლად, ისე ასაკის ფაქტორთან ერთობლიობაში, არსებითად ართულებს მის შესაძლებლობას, დასაქმდეს და თავად გამოიმუშავოს თავის სარჩენად აუცილებელი ფულადი სახსრები. ხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, პალატის განსჯით, სსკ 1218-ე მუხლიდან გამომდინარე, ლ.ა–ძე, ვალდებული იქნებოდა, მონაწილეობა მიეღო საკუთარი მშობლის მატერიალურ უზრუნველყოფაში. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩენმა მოპასუხე საწარმოს მუშაკის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დაკარგა მარჩენალი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორი ვალდებულია, სარჩოს დაწესებით აუნაზღაუროს მარჩენლის მამას ის ზიანი, რაც მოპასუხესთან დასაქმებულის ქმედების შედეგად წარმოიშვა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად იხელმძღვანელეს სსკ-ის 1006-ე მუხლით და სწორად დააკისრეს მოპასუხეს სარჩო გარდაცვლილი პაციენტის მამის სასარგებლოდ.
32. რაც შეეხება დაკისრებული სარჩოს ოდენობას, პალატა მხედველობაში იღებს სიცოცხლის განმავლობაში ლ.ა–ძის დადასტურებული შემოსავლის (1400 ლარი) ოდენობას, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ რ.ა–ძე ასაკის გამო პენსიის მიღებაზე უფლებამოსილი პირია. საგულისხმოა, რომ საქმის მასალებში დაცული მტკიცებულებებით არ დგინდება, კონკრეტულად რა მოცულობის თანხა ესაჭიროება ყოველთვიურად მოსარჩელე რ.ა–ძეს სამედიცინო საჭიროებებისათვის. დასახელებული ფაქტორების ერთობლივი შეფასებით პალატა ასკვნის, რომ მისთვის ყოველთვიურად განსაზღვრული სარჩო - 150 ლარი - გონივრულ და სამართლიან ოდენობას წარმოადგენს და მისი გაზრდის ან შემცირების საფუძვლები საკასაციო სასამართლოს წინაშე დასაბუთებული არ არის.
33. არასრულწლოვან მ.ა–ძისთვის დანიშნული სარჩოს ოდენობასთან მიმართებით მოსარჩელის საკასაციო პრეტენზიის საპასუხოდ პალატა შენიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ გათვალისწინებულია როგორც ბავშვის ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისე მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი, მინიმალური მოთხოვნილებები. სწორედ ამიტომ დაეკისრა მოპასუხეს არასრულწლოვნის მიმართ სარჩოს სახით ყოველთვიურად 400 ლარი და არა სარჩოს მოთხოვნის უფლების მქონე მეორე მოსარჩელის მსგავსად, ყოველთვიურად 150 ლარი. არასრულწლოვნისთვის განსაზღვრული სარჩოს ოდენობა შეესაბამება ბავშვის საბაზისო საჭიროებებს, ამასთან, გასათვალისწინებელია მარჩენალის დაკარგვის გამო სრულწლოვანების მიღწევამდე სახელმწიფო კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაც, აგრეთვე ის ფაქტი, რომ ბავშვს ჰყავს რჩენა-აღზრდაზე ვალდებული მეორე მშობელიც. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასაც (იხ. სუსგ. №ას-1058-2023, 30.04.2024წ.), ამდენად, სარჩოს გაზრდის მიზნით საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი პრეტენზია, საკასაციო სასამართლოს განსჯით, დასაბუთებული არ არის.
33.1. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სამართლებრივ შეფასებებთან მიმართებით წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები კი, არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის არცერთ კრიტერიუმს.
33.2. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
საპროცესო ხარჯები:
34.1. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე მოსარჩელეები შუამდგომლობენ, მოპასუხე კასატორს დაეკისროს მოსარჩელეების მიერ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 3 000 ლარის ანაზღაურება.
34.2. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურების ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაღებული ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება (იხ. სუსგ. №ას-1054-2019, 30.09.2019წ.; №ას-316-316-2018, 07.05.2018წ.; №ას-1289-2023, 07.02.2024წ.).
34.3. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ითვალისწინებს წარმოდგენილი დავის სირთულეს; დავის საგნის ფასს; მოსარჩელეთა სიმრავლესა და თითოეულ მათგანთან მიმართებით სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივ საფუძველთა არაერთგვაროვნებას; საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე ადვოკატის მიერ შესრულებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებების მნიშვნელობას იმ მოცემულობაში, როდესაც სააპელაციო სასამართლოს განჩინება ორივე მხარის მიერ არის გასაჩივრებული; დახარჯულ ადამიანურ რესურსს და ასკვნის, რომ მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო ინსტანციაში წარმომადგენლის დახმარების ხარჯი 3000 ლარის ოდენობით.
35. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის მოტივით განუხილველად დატოვების გამო კასატორ შ.პ.ს. „გ–ი“-ს უკან დაუბრუნდება საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70%, რაც შეადგენს 5600 ლარს. რაც შეეხება მოსარჩელეებს, ისინი სსსკ 46.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულნი არიან სასამართლო ხარჯების გადახდისგან, შესაბამისად, მათთვის სახელმწიფო ბაჟის უკან დაბრუნებაზე მსჯელობის საპროცესო საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ბ–ის, მ.ა–ძის, გ.ა–ძის, რ.ა–ძისა და შ.პ.ს. „გ–ი"-ს საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შ.პ.ს. „გ"-ს (ს/ნ ........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 8000 ლარის (საგადახდო დავალება: №24526506335, გადახდის თარიღი: 08.11.2024, გადამხდელის ბანკი: ს.ს. ,,საქართველოს ბანკი") 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.
3. შ.პ.ს. „გ"-ს (ს/ნ ........) ნ.ბ–ის, მ.ა–ძის, გ.ა–ძისა და რ.ა–ძის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის, 3000 ლარის გადახდა.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი