დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 26.06.2026
საქმის ნომერი
ას-565-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

26 ივნისი 2026 წელი

№ას-565-2026 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - გ.უ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ზ.ქ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზ.ქ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე გ.უ–ის მიმართ 90 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 90 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული ზეპირი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, 2023 წლის 30 მარტს მოსარჩელემ მოპასუხეს გადაურიცხა 100 000 აშშ დოლარი.

5.2. დადგენილად იქნა მიჩნეული და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს დაუბრუნა 10 000 აშშ დოლარი, ხოლო გადასახდელი დარჩა 90 000 აშშ დოლარი.

5.3. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 624-ე მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ ამ სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულება რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება და ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების საგნის მოვალისთვის რეალურად გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა. კანონი არ ადგენს გარიგების ფორმის შეზღუდვას და უშვებს სესხის ხელშეკრულების, როგორც წერილობითი, ასევე, ზეპირი ფორმით დადების შესაძლებლობას. სესხის ხელშეკრულების არსებითი პირობაა გამსესხებლის მიერ მსესხებლისთვის თანხის ან სხვა გვაროვნული ნივთის გადაცემა, თუმცა ერთი პირის მიერ მეორე პირისაგან მხოლოდ თანხის ან სხვა გვაროვნული ნივთის მიღების ფაქტი არ არის საკმარისი მათ შორის სასესხო ურთიერთობის დასადგენად, რადგან თანხის ან სხვა გვაროვნული ნივთის მიღების სხვა საფუძველიც შეიძლება არსებობდეს, მნიშვნელოვანია, ასევე, მსესხებლის ნება, იკისროს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთის უკან დაბრუნების ვალდებულება.

5.4. განსახილველ საქმეზე უდავოდ იქნა დადგენილი, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 100 000 აშშ დოლარი. დადგენილი იქნა ისიც, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა სესხის თანხიდან 10 000 აშშ დოლარი და გადასახდელი დარჩა 90 000 აშშ დოლარი. მხარეთა შორის სადავოა ხელშეკრულების ვადა და მისი შეწყვეტის მომენტი, რის გამოც ისინი აღნიშნულ საკითხებს ურთიერთსაწინააღმდეგოდ განმარტავენ.

5.5. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია მოსარჩელის პოზიციას, რომ მხარეთა შორის არსებული შეთანხმებით მოპასუხეს თანხა 2023 წლის ოქტომბრამდე უნდა დაებრუნებინა. მოსარჩელე 2023 წლის ოქტომბერში გეგმავდა თვითმფრინავის შეძენას და სწორედ ამიტომ შეუთანხმდა მოპასუხეს ოქტომბრამდე გასესხებული თანხის უკან დაბრუნებას. შესაბამისად, რომ არა გასესხებული თანხის ოქტომბერში დაბრუნების შესახებ მოპასუხესთან შეთანხმება, მოსარჩელე მოპასუხეს თანხას საერთოდ არ ასესხებდა. აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხემ განმარტა, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა არა 2023 წლის ოქტომბრამდე ვადით, არამედ უვადოდ, დაბრუნების ყოველგვარი კონკრეტული ვადის შეთანხმების გარეშე. ერთადერთი საკითხი ვადასთან დაკავშირებით, რაც მხარეთა შორის შეთანხმდა, იყო ის, რომ თანხის გადაცემა მოხდებოდა არა ერთი წლით, არამედ ხანგრძლივი დროით. თანხა უნდა დაბრუნებულიყო მოპასუხის შესაძლებლობიდან და სურვილიდან გამომდინარე. ეს იყო ერთადერთი და მთავარი გარემოება, რომლის გარეშე მოპასუხე აღნიშულ გარიგებას არ დადებდა. საქმეში წარმოდგენილი მხარეთა შორის არსებული ელექტრონული მიმოწერიდან ირკვეოდა, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტას ადგილი არ ჰქონია.

5.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ მხარეთა შორის არსებული შეთანხმებით მოპასუხეს სესხი 2023 წლის ოქტომბრამდე უნდა დაებრუნებინა, ვინაიდან საქმეში ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ არც ს.ს. „ბაზისბანკთან” 2023 წლის 02 ოქტომბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულება და არც საქმეში არსებული ელექტრონული მიმოწერა ადასტურებდა კონკრეტულ ვადაზე შეთანხმებას. მიმოწერა მხოლოდ მხარეთა შორის სესხის არსებობის დასტური იყო. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ეს დასკვნა და მიიჩნია, რომ მოდავე მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება შეწყვეტილია და ის მოსარჩელის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით შეწყდა. ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდებოდა სესხის ხელშეკრულების ვადაზე მხარეთა შეთანხმების ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სახეზე იყო უვადო სესხის ხელშეკრულება.

5.7. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლზე მიუთითა, რომლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს. პალატამ განმარტა, რომ ვალდებულების შესრულებისათვის შეიძლება განსაზღვრული იყოს დრო ან ვალდებულების შესრულების დრო შეიძლება სხვა გარემოებებიდან ირკვეოდეს. ხშირად კანონისმიერ ვადებს თან ახლავს ალტერნატივა შეთანხმებული ვადების სახით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლი სწორედ ისეთ შემთხვევას აწესრიგებს, როდესაც ვალდებულების შესრულებისათვის დრო განსაზღვრული არაა და მისი შესრულების დრო არც სხვა გარემოებებიდან ირკვევა. ასეთ შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალე ვალდებულია, კრედიტორის მოთხოვნისთანავე შეასრულოს ვალდებულება. კრედიტორის მოთხოვნისთანავე ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულება მოვალის ვალდებულებაა და არა უფლება, შესაბამისად, კრედიტორის მოთხოვნის არარსებობის პირობებში მოვალე უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეასრულოს ვალდებულება.

5.8. მოვალის მოვალეობა, შეასრულოს ვალდებულება, წარმოიშობა მას შემდეგ, რაც კრედიტორის ნება ვალდებულების შესრულების მოთხოვნის თაობაზე მოვალეს მიუვა. ვალდებულების შესრულების დროში იგულისხმება დროის მონაკვეთი, როდესაც ვალდებულება შესასრულებელია. თუ ცალმხრივი გარიგებით, ხელშეკრულებით ან კანონით ვალდებულების შესრულების დრო განსაზღვრულია, ასეთ შემთხვევაში, ვალდებულება განსაზღვრულ დროში უნდა შესრულდეს, ხოლო თუ დრო განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალდებულება კრედიტორის მოთხოვნისთანავე უნდა შესრულდეს. ამდენად, ვალდებულების შესრულება სავალდებულოა განსაზღვრულ დროში ან კრედიტორის მოთხოვნისთანავე.

5.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდებოდა სესხის ხელშეკრულების ვადაზე მხარეთა შეთანხმების ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული იყო უვადო სესხის ხელშეკრულება და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეს ნებისმიერ დროს შეუძლია შესრულების მოთხოვნა, ისევე როგორც მოპასუხეს შეუძლია, ვალდებულების ნებისმიერ დროს შესრულება.

5.10. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლზე მიუთითა, რომლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. პალატის განმარტებით, სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

5.11. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელემ სრულად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეს შეთანხმებული სესხის თანხა გადასცა, ხოლო მოპასუხემ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა. შესაბამისად, მისი დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 90 000 აშშ დოლარს, რის გამოც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უვადო სასესხო ურთიერთობის შეფასებისას, არასწორად გამოიყენეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლი და არ იხელმძღვანელეს ამავე კოდექსის 626-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სასესხო ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალური ნორმაა და უვადო სესხის შემთხვევაში, ვალის დაბრუნებას ხელშეკრულების შეწყვეტას უკავშირებს.

6.2. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლი, როდესაც დაასკვნა, რომ კრედიტორის მოთხოვნის შემთხვევაში, მოვალე ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეასრულოს ვალდებულება. მისი განმარტებით, აღნიშნული ნორმა არ ადგენს მოვალის ასეთ ვალდებულებას და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ნორმის შინაარსი არასწორად განმარტეს.

6.3. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სარჩელის შეტანა უსაფუძვლოდ გააიგივა ხელშეკრულების შეწყვეტასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს არც სარჩელში და არც საქმის განხილვის რომელიმე ეტაპზე ხელშეკრულების შეწყვეტაზე არ მიუთითებია და შესაბამისი მოთხოვნაც არ დაუყენებია.

6.4. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ საკუთარი ინიციატივით დაადგინა ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს ასეთი მოთხოვნა არ დაუყენებია, რითაც გასცდა მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ საფუძვლებსა და სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი და შეჯიბრებითობის პრინციპი. გასაჩივრებული განჩინებით დარღვეულია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ვადამოსულია თუ არა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის 90 000 აშშ დოლარის ოდენობის სასესხო დავალიანების დაბრუნების ვალდებულება.

11. უდავოა, რომ მხარეთა შორის ზეპირი ფორმით დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელემ მოპასუხეს განუსაზღვრელი ვადით ასესხა 100 000 აშშ დოლარი, საიდანაც მოპასუხემ 10 000 აშშ დოლარი დააბრუნა. საკასაციო საჩივრის ფარგლებში, მხარეთა შორის სადავოა მხოლოდ ის, დადგა თუ არა მსესხებლის მხრიდან დარჩენილი დავალიანების - 90 000 აშშ დოლარის დაბრუნების ვადა.

12. სესხის თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამავე მუხლით გათვალისწინებული სესხის ხელშეკრულება ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება და მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (ს.უ.ს.გ. საქმეზე Nას-361-343-2015, 14.12.2015). სესხი, როგორც რეალური ხელშეკრულება, გულისხმობს ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის ფიზიკურ გადაცემას, როგორც ხელშეკრულების ნამდვილობისა და იურიდიული ძალის პირობას, ანუ გამსესხებლის მიერ მსესხებელზე ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემა წარმოადგენს არა გამსესხებლის სახელშეკრულებო ვალდებულებას, არამედ ხელშეკრულების დადებულად მიჩნევის წინაპირობას. ამრიგად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, სესხის საგანზე შეთანხმებასთან ერთად, აუცილებელია, ამ საგნის მსესხებლისათვის გადაცემაც.

13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს. ამავე კოდექსის 626-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა შეადგენს სამ თვეს.

14. აღნიშნული მუხლების ნორმატიული შინაარსის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლი ადგენს ზოგად წესს, რომლის მიხედვით, თუ ვალდებულების შესრულებისათვის დრო განსაზღვრული არ არის და სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს შესრულება. ამავე კოდექსის 626-ე მუხლი კი ამ ზოგად წესს სესხის ურთიერთობასთან მიმართებით აკონკრეტებს, სახელდობრ: თუ დაბრუნების ვადა წინასწარ არ არის განსაზღვრული, ვალი უნდა დაბრუნდეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას, ხოლო შეწყვეტის ვადა შეადგენს სამ თვეს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხსენებული ნორმები ურთიერთგამომრიცხველ რეგულირებას არ შეიცავს, რადგან სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლი ზოგადი, ხოლო 626-ე მუხლი სპეციალური ხასიათისაა და მას სესხის ვალდებულებასთან მიმართებით აზუსტებს. შესაბამისად, უვადო სესხის შემთხვევაში, კრედიტორს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გამოხატოს ხელშეკრულების შეწყვეტისა და სესხის დაბრუნების ნება, ხოლო მსესხებლის ვალდებულება შესრულებადი ხდება კანონით დადგენილი სამთვიანი ვადის გასვლის შემდგომ.

15. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს. ამდენად, თუ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადითაა დადებული, უფლების დარღვევის შესახებ პირი შეიტყობს მხოლოდ მაშინ, როცა მოითხოვს შესრულებას, ხოლო მეორე მხარე არ შეასრულებს იმ მოქმედებას, რომლის შესრულებაც ევალებოდა. ამავე კოდექსის სესხის ურთიერთობის მომწესრიგებელი 626-ე მუხლი კი ადგენს, რომ თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას. ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა შეადგენს სამ თვეს. კონკრეტულ ვითარებაში, სესხის დაბრუნების ვადა მხარეებს შორის წინასწარ არ იყო განსაზღვრული და იგი მოთხოვნის მომენტთან იყო დაკავშირებული, შესაბამისად, ვალი უნდა დაბრუნებულიყო კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას. ამასთან, კანონმდებელი ხელშეკრულების შეწყვეტის 3-თვიან ვადას ადგენს. სწორედ ამ ვადის გასვლის შემდეგაა მოვალე ვალდებული დააბრუნოს სესხი. თუ მხარეები არ არიან შეთანხმებული სესხის დაბრუნების ვადაზე, სესხის დაფარვის ვადის დადგომისათვის (3-თვიანი ვადის ათვლისათვის) საკმარისია გამსესხებლის ან მსესხებლის ცალმხრივი ნება ხელშეკრულების შეწყვეტაზე (ს.უ.ს.გ. №ას-855-855-2018, 28.02.2019).

16. განუსაზღვრელი ვადით დადებული სესხის ხელშეკრულების შეწყვეტისას, ხელშეკრულების შეწყვეტის სამთვიანი ვადის შემოღებით, კანონმდებელი ფაქტობრივად მოვალეს იცავს ხელშეკრულების უეცრად შეწყვეტის ნეგატიური ეფექტისგან და მას გონივრულ დროს აძლევს სასესხო ვალდებულების კეთილსინდისიერად შესასრულებლად. ამრიგად, სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე კრედიტორის ნების გამოვლენისას, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთვალდებულებები კიდევ 3 თვის განმავლობაში ინარჩუნებს ძალას და სესხის ხელშეკრულების დარღვევით/ვალდებულების შეუსრულებლობით განპირობებული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტიც სწორედ ზემოაღნიშნული სამთვიანი პერიოდის უშედეგოდ ამოწურვას უკავშირდება (ს.უ.ს.გ. №ას-855-855-2018, 28.02.2019).

17. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა ელექტრონულ მიმოწერას, რომლის ნამდვილობა სადავო არ გამხდარა. ხსენებული მიმოწერის შინაარსით დასტურდება, რომ 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის 10 სექტემბრამდე მოსარჩელემ მოპასუხეს არაერთხელ მოსთხოვა სესხის დაბრუნება, თავდაპირველად ნაწილობრივ, ხოლო შემდგომ სრულად. კერძოდ, 2023 წლის 25 ოქტომბერს მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა თვითმფრინავის შეძენის განზრახვის შესახებ და გასესხებული თანხის დაბრუნება მოითხოვა. მოპასუხემ არც თანხის მიღება უარყო და არც დაბრუნების ვალდებულება, არამედ მიუთითა, რომ იმ დროისათვის 10 000 აშშ დოლარზე მეტი არ ჰქონდა.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უვადო სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის ნების არსებობა მხარის ქცევისა და კომუნიკაციის შინაარსის ერთობლივი შეფასებით დგინდება და არა ნების გამოხატვის ფორმალური ნიშნით. მოსარჩელის მიერ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაბრუნების არაერთგზის მოთხოვნა, ვალდებულების შეხსენება და მოპასუხისაგან კონკრეტული პასუხის მოთხოვნა ერთობლივად ადასტურებს, რომ მას აღარ ჰქონდა სასესხო ურთიერთობის განუსაზღვრელი დროით გაგრძელების ნება. შესაბამისად, ეს მოქმედებები სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის მნიშვნელობით, შეწყვეტის ნების გამოვლენად უნდა შეფასდეს.

19. აღსანიშნავია ისიც, რომ მოპასუხე მიმოწერისას თანხის დაბრუნების ვალდებულებას არ უარყოფდა და მხოლოდ იმჟამინდელ ფინანსურ შესაძლებლობაზე მიუთითებდა.

20. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, მოსარჩელე მოპასუხისაგან სესხის დაბრუნებას 2023 წლის ოქტომბრიდან მოითხოვდა, სარჩელი კი, 2024 წლის 1-ელ ოქტომბერს აღიძრა. სარჩელის აღძვრის დროისათვის სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლით გათვალისწინებული სამთვიანი ვადა უკვე გასული იყო, თუმცა მოპასუხეს დარჩენილი 90 000 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულება შესრულებული არ ჰქონდა. შესაბამისად, სარჩელის შეტანა იყო უკვე გამოვლენილი ნების საფუძველზე შესრულებადი მოთხოვნის სასამართლო წესით დაცვის საშუალება და არა შეწყვეტის ნების პირველადი გამოვლენა.

21. დაუსაბუთებელია კასატორის არგუმენტი, რომ სასამართლო მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ საფუძვლებსა და სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს გასცდა. მოსარჩელემ მოთხოვნა დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს გადასცა 100 000 აშშ დოლარი, საიდანაც უკან დაბრუნდა მხოლოდ 10 000 აშშ დოლარი, ხოლო მოპასუხემ თავადვე გახადა შესაგებელში სადავოდ არა მხოლოდ დაბრუნების ვადა, არამედ ხელშეკრულების მოქმედების საკითხიც, კერძოდ, მიუთითა, რომ ხელშეკრულება არ იყო შეწყვეტილი და ძალაში იყო. შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების საკითხი დავის ფარგლებს არ სცილდებოდა, სასამართლოს ახალი ფაქტობრივი გარემოება არ დაუდგენია, არამედ მხარეთა მიერ მითითებულ და დადასტურებულ გარემოებებს სამართლებრივი შეფასება მისცა.

22. ამრიგად, უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის შესახებ.

23. დაუსაბუთებელია კასატორის მითითება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დარღვევაზეც. მართალია, მოსარჩელის მოთხოვნა შემოიფარგლებოდა მხოლოდ თანხის დაკისრებით, თუმცა ეს ნორმა გულისხმობს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეზღუდვას დაყენებული მოთხოვნით და არა სასამართლოს მსჯელობის შეზღუდვას იმ სამართლებრივ წინაპირობებზე, რომელთა შეფასების გარეშეც შეუძლებელია მოთხოვნის საფუძვლიანობის დადგენა. კერძოდ, სესხის თანხის დაკისრებისათვის საჭიროა დადგინდეს, დამდგარია თუ არა ვალდებულების შესრულების ვადა, რაც უვადო სესხის შემთხვევაში პირდაპირ უკავშირდება ხელშეკრულების შეწყვეტის ნების გამოვლენას.

24. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 6000 ლარის გადახდა კასატორს გადაუვადდა საკასაციო სასამართლოს 2026 წლის 03 ივნისის განჩინებით. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30%-ის, 1800 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.უ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. გ.უ–ს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 03 ივნისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის 30%-ის - 1800 (ათას რვაასი) ლარის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი