გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-884-2024
12 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სს „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ყ–ი (მოპასუხე)
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სს ,,ლ.ბ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან გამსესხებელი) წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში ნ.ყ–ის (შემდეგში: მოპასუხე ან მსესხებელი) მიმართ და მოითხოვა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასრგებლოდ დაეკისროს №192.1404077.001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არსებული დავალიანების 3 933,89 (3 391,42 - ძირი, 542,47 - პროცენტი) ლარის გადახდა.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1.მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
3.1.ხონის მუნიციპალიტეტში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2022 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით გამსესხებლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ №192.1404077.001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა დავალიანების - 31.6 ლარის გადახდა.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
4.1.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4.2.მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2018 წლის 19 დეკემბერს, გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №192.1404077.001, კრედიტის თანხის ოდენობამ შეადგინა 15 600 ლარი, სარგებლის ოდენობა განისაზღვრა 41%-ით, სესხის ვადა - 36 თვით, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის 0.27%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4.3.აღნიშნული საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს, მხარეთა შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება №192.1407077.001, რომლითაც გირავნობის უფლებით დაიტვირთა ავტომობილი PANAV ......., 2004 წლის, სარეგისტრაციო ნომერი .... და .......430, გამოშვების წელი - 2002;
4.4.მსესხებელმა დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება, რის გამოც 13.05.2022წ. მდგომარეობით, ერიცხებოდა დავალიანება ბანკის წინაშე 4 833,89 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხა იყო 3391,42 ლარი, სარგებელი - 723,01 ლარი, ჯარიმა - 719,46 ლარი.
4.5.თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში მსესხებლის დავალიანება, №192.1404077.001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემცირდა და შეადგენდა 3 933,89 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხა იყო 3 391,42 ლარი, პროცენტი - 542,478 ლარი, რის შესაბამისადაც მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა.
4.6.საქმეში წარმოდგენილი მსესხებლის საბანკო ანგარიშის ამონაწერებით დგინდება, რომ მოპასუხეს სესხზე გადახდილი აქვს 26 225,92 ლარი, საიდანაც ძირზე მიემართა 12 208,58 ლარი, პროცენტის დასაფარად - 13 066,62 ლარი და ჯარიმის ანგარიშზე - 950,72 ლარი. გარდა ამისა, 2020 წლის 31 აგვისტოს, მოპასუხის მიერ ანგარიშზე შეტანილი თანხა - 3 114 ლარი, ჩამოეჭრა ინკასოს საშუალებით, სხვა კრედიტორის ვალდებულების დასაფარად.
4.7.სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანებისა (ძირი თანხა და სარგებელი) დაკისრების თაობაზე მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 868.1-ე (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი), 403.1-ე (მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია) მუხლებიდან გამომდინარეობს.
4.8.სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, წარმოდგენილი დავის ფარგლებში მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ მსესხებელს გადაეცა კრედიტად აღებული თანხები, თუმცა, მის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება დაირღვა, რის გამოც მას ერიცხება დავალიანება ბანკის წინაშე. ამდენად, წარმოშობილია კრედიტორის მოთხოვნის უფლება მოპასუხის მიმართ.
4.9.დადგენილია, რომ 13.05.2022 წლის მდგომარეობით, მსესხებელს ერიცხებოდა დავალიანება ბანკის წინაშე 4 833,89 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა იყო 3 391,42 ლარი, სარგებელი - 723,01 ლარი, ჯარიმა - 719,46 ლარი. თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში მოპასუხის დავალიანება, შემცირდა და შეადგენდა 3 933,89 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხა იყო 3 391,42 ლარი, პროცენტი - 542,478 ლარი;
4.10. მოპასუხის შედავებით, ამ ოდენობით დავალიანება მას არ გააჩნია, რადგან მის მიერ გადახდილი თანხების დიდი ნაწილი არასწორად მიმართული იქნა შეუსაბამოდ მაღალი პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაფარვისათვის.
4.11. სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ-ის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.
4.12. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხსენებული ნორმის, მხარეთა შორის საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმების დრომდე, მოქმედი რედაქციით დადგენილი იყო, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100%-ს. აღსანიშნავია, რომ სსკ-ის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილში ცვლილება შევიდა 2018 წლის 21 ივლისის კანონის საფუძველზე, რომელიც ამ ნაწილში ამოქმედდა 2018 წლის 1 სექტემბრიდან. ზემოხსენებული ნორმა როგორც ძველი, ისე ახალი რედაქცია, განსაზღვრავს სესხის ხელშეკრულებისთვის საპროცენტო სარგებლის ზედა ზღვარს, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში შეთანხმება მიჩნეული იქნება კანონსაწინააღმდეგოდ და, შესაბამისად, ბათილად.
4.13. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ იმ შემთხვევაში, თუ სარგებლის ნაწილში მხარეთა შეთანხმება კანონით დადგენილ ფარგლებში ექცეოდა, მას ზნეობრივი კუთხით პრობლემა არ შეიძლება ჰქონოდა, ვინაიდან, „გარიგების ნამდვილობა არ არის მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე დამოკიდებული“. გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია ასევე მის შესაბამისობაზე ზნეობის ნორმებთან. რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შეფასებისას მხედველობაშია მისაღები ხელშეკრულების პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან. აღნიშნული საშუალებას მისცემს სასამართლოს დაადგინოს საზოგადოებაში დამკვიდრებული მორალური სტანდარტი, რაც განსახილველი ტიპის ხელშეკრულებებთან მიმართებაში დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ სოციალურ- ეკონომიკურ მდგომარეობაზე და, შესაძლოა, დროთა განმავლობაში შეიცვალოს. აღნიშნული მსჯელობის დამადასტურებელია თვით სსკ-ის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილება, რომლის საფუძველზეც საპროცენტო სარგებლის ზედა ზღვარი განახევრდა.
4.14. სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
4.15. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დასახელებული ნორმა გამოყოფს „სამი სახის ფასეულობას“, რომელთა დარღვევა იწვევს გარიგების ბათილობას: კანონით დადგენილი წესი და აკრძალვა, საჯარო წესრიგი, ზნეობის ნორმები. სსკ-ის 54-ე მუხლის მიზანი არის ზოგადად მართლწესრიგსა და სამოქალაქო სამართალს შორის კავშირის უზრუნველყოფა და იმის დაფიქსირება, რომ გარიგების ნამდვილობა არ არის მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე დამოკიდებული. ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვები გამოიყენება ყველა, როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგების მიმართ.
4.16. დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, გარიგება ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს, როდესაც იგი არსებითად არღვევს ერთ-ერთი მხარის ინტერესებს და არათანაბარ პირობებში აყენებს მას. ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს სარგებლის ამორალური ხასიათი და კრედიტორის სურვილი, მიიღოს მაქსიმალური სარგებელი დადებული ხელშეკრულებიდან. ზნეობის შესაბამისი გარიგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს არ უნდა აყენებდეს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. ამ საკითხის კვლევისას შემოწმების საგანი არის არა გარიგების მონაწილეთა ქცევა ზნეობასთან მიმართებით, არამედ გარიგების შინაარსის მიმართება ზნეობასთან.
4.17. იმის გათვალისწინებით, რომ გამსესხებელი - ბანკი ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდა, რომელიც ხელშეკრულებაში ძლიერ მხარეს წარმოადგენდა და კრედიტის პროცენტიც მან განსაზღვრა, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით იგი არ შეესაბამება სამართლიანობისა და კეთილსინდისიერების ზოგად პრინციპს.
4.18. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს აგრეთვე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით დადგენილ პროცენტს და განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული საპროცენტო განაკვეთი ცალკე არ აღემატებოდა კანონით დადგენილ ზღვარს, შეუსაბამოდ მაღალს წარმოადგენს, იმ დროს მოქმედი, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სესხის ხელშეკრულებისთვის განსაზღვრულ პროცენტთან შედარებით, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დასახელებულ სარგებელთან ერთად მხარე პირგასამტეხლოსაც ითხოვდა, რაც ერთიანობაში, არა ვალდებულების დამრღვევი პირის მიმართ სანქციის გამოყენებასა და კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფას, არამედ ამ უკანასკნელის შესაძლო უსაფუძვლო გამდიდრებას გამოიწვევს, რაც საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებასა და სტაბილურობას (იხ. სუსგ #ას-470-2020, 07.10.2020 წ.).
4.19. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დასახელებულ საკითხზე მყარად ჩამოყალიბებულ პრაქტიკაზე: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და აპელანტი მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 41%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კრედიტის ძირი თანხა იყო 15 600 ლარი, ხოლო აღნიშნულ ძირ თანხაზე სულ სამ წელიწადში კრედიტორის მიერ დარიცხული სარგებელი 13 066,62 ლარი, რაც დროის ამ მცირე მონაკვეთში თითქმის გაუთანაბრდა კრედიტის ძირ თანხას, რაც არათანაზომიერი, არასამართლიანი და დაუშვებელია.
4.20. ამრიგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დებულება, რომლითაც მსესხებელს სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განესაზღვრა, მაშინ, როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით, უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე (იხ. სუსგ #ას-663-629-2015, 28.2015 წ.).
4.21. ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიჩნეული იქნა ხელშეკრულებით განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთის - 41%-ის შემცირება ¼-ით, რის შესაბამისადაც უკვე გადახდილი და მოთხოვნილი სარგებლის ჯამი შეადგენდა 13 066.62+542.47=13 609.09 ლარს, რაც ¼-ით შემცირების (3 402,3 ლარი) შემდეგ დარჩება 10 206,8 ლარი. შესაბამისად, შემცირებული თანხა გამოაკლდა მოსარჩელის მიერ დავალიანების დასაფარავად მოთხოვნილ 3 933,89 ლარს და სარგებლის სამართლიან ფარგლებში კორექტირების შემდეგ დავალიანება დარჩა - 531,6 ლარი.
4.22. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე და აღნიშნა, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
4.23. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირება ემსახურება მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას სასამართლოს მხრიდან დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.
4.24. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან და ა.შ.
4.25. პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, სსკ-ის 115-ე მუხლით გათალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.
4.26. ზემოთ აღნიშნული განმარტებიდან და სსკ-ის 115-ე და 420-ე მუხლებიდან გამომდინარე, დავალიანების ოდენობისა და დარღვევის ოდენობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო 950,72 ლარი შეუსაბამოდ მაღალი იყო და იგი საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით შემცირდა 500 ლარით, რაც ასევე გამოაკლდა სარგებლის სამართლიან ფარგლებში კორექტირების შედეგად დარჩენილ დავალიანების თანხას - 531,6 ლარს და საბოლოოდ მოპასუხის მიერ გადასახდელ თანხად განესაზღვრა მხოლოდ 31,6 ლარი.
5. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
5.1.მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5.2.კასატორის განმარტებით, მოპასუხემ 2020 წლის 23 მარტიდან 2020 წლის 19 ივნისის ჩათვლით, კრედიტორის ანგარიშზე ჯამში შეიტანა 3 054,91 ლარი, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხის ანგარიშზე გავრცელებული იყო და დღემდე არის ინკასო (სხვა კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე) ბანკში მსესხებლის სესხი ვერ დაიფარა. 2020 წლის 31 აგვისტოს, ინკასოთი მოხდა ანგარიშზე შეტანილი თანხის ჩამოჭრა და დაიფარა სხვა კრედიტორის ვალდებულება. გამსესხებელი ვერ მოახდენდა ანგარიშზე შეტანილი თანხით მათ წინაშე არსებული დავალიანების დაფარვას. აქედან გამომდინარე, მოპასუხის მიერ ვერ მოხდა ჯეროვნად ბანკში არსებული ვალდებულების შესრულება.
5.3.კასატორის განმარტებით, სასამართლოს არასწორად აქვს გამოყენებული სსკ-ის 54-ე მუხლი, რომ საპროცენტო სარგებელი 41% ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგის და ზნეობის ნორმებს. საკრედიტო ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, მსესხებელმა დაადასტურა, რომ ის სრულად გაცნობილი იყო და ეთანხმებოდა ხელშეკრულების თავსართში, საკრედიტო ხელშეკრულებაში მოცემულ ინფორმაციას და სტანდარტულ პირობებს, სურდა ხელშეკრულების დადება და მისთვის მისაღები იყო კრედიტის თანხა, პროცენტი, მოქმედების ვადა, პირგასამტეხლო და სხვა პირობები. ასევე, აღნიშნული პირობების შესაბამისად, მხარე ასრულებდა და ახორციელებდა გადახდებს, რაც ასევე გულისხმობდა, რომ ის იცნობდა და მისთვის მისაღები იყო სესხის პირობები.
5.4. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას, რომლის მიხედვითაც შეუსაბამოდ მაღალია მოპასუხე მხარისთვის დარიცხული პირგასამტეხლო, რადგან მსესხებელს დავალიანების დასაფარად ანგარიშზე შეტანილი ჰქონდა თანხა და აღნიშნული სხვა კრედიტორის ვალდებულების დასაფარად ჩამოიჭრა აღმასრულებლის მიერ, ანგარიშზე დადებული ინკასოს საშუალებით. სასამართლოს განცხადებით აღნიშნული არ იყო მოპასუხის ბრალეულობა და მას პირგასამტეხლო არ უნდა დარიცხვოდა.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
6.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2025 წლის 15 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიიღო არსებითად განსახილველად.
6.3. საკასაციო სასამართლომ, 2025 წლის 22 ოქტომბერს ზეპირი მოსმენით გამართულ სხდომაზე, მხარეებს საქმის მორიგებით დასრულება შესთავაზა. სასამართლომ მოისმინა მხარეთა პოზიციები, თუმცა მორიგება არ შედგა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გამოიკვეთა სსსკ-ის 412-ე მუხლის წინაპირობები, რის შედეგადაც მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით, იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.
7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. განსახილველ შემთხვევაში კასატორის პრეტენზია შეეხება იმას, რომ გასაჩივრებული განჩინებით მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი ზნეობის ნორმების საწინააღმდეგოდ იქნა მიჩნეული, რაც არც საქმის გარემოებებიდან და არც უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკიდან არ გამომდინარეობს. კასატორის მითითებით, მსესხებელმა ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და მას ბანკმა მართებულად დააკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი და პირგასამტეხლო.
9. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში აღნიშნავს, რომ იგი არ იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას სესხის საპროცენტო განაკვეთის 41 %-ით განსაზღვრის შესახებ შეთანხმების ნაწილობრივ ბათილობის თაობაზე, ამორალურობისა და ზნეობის ნორმებთან წინააღმდეგობის საფუძვლით, შემდეგ გარემოებათა გამო (შეადრ. სუსგ #ას-721-2022, 31.03.2023 წ.):
9.1. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო ავტონომია და სახელშეკრულებო თავისუფლება წარმოადგენს ძირითადი უფლებებით დაცულ სიკეთეს. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. კერძო სამართალში აღნიშნული უფლება სწორედ ნების ავტონომიის აღიარებით ვლინდება. სსკ-ის 10.2 მუხლის თანახმად, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება.
9.2. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი გულისხმობს, რომ მხარეებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, თუ ვისთან (კონტრაჰენტის არჩევის თავისუფლება) და რა პირობებით დადონ ხელშეკრულება (პირობების განსაზღვრის თავისუფლება), თავად განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი (შინაარსის თავისუფლება), ფორმა (ფორმის თავისუფლება) და სამართლებრივი ეფექტი inter partes (ბოჭვის თავისუფლება). ამავე თავისუფლებას ეფუძნება მხარეებზე სახელშეკრულებო რისკების განაწილებაც – ყველა დამოუკიდებლად ირჩევს კონტრაჰენტს და დამოუკიდებლად განსაზღვრავს ხელშეკრულების შინაარსს, რის გამოც თავად ატარებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე რისკებს. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან არსებობს მნიშვნელოვანი გამონაკლისებიც, თუმცა ეს გამონაკლისები ხელშეკრულების თავისუფლების ზოგად წესს განამტკიცებენ და არ ცვლიან მას. მათი ზოგადი მიზანია ამ თავისუფლების კორექტირება ბრუნვის წეს-ჩვეულებათა და უსაფრთხოების მოთხოვნათა დასაცავად (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, გვ. 32-33).
9.3. კანონი დეტალურად ვერ მოაწესრიგებს ყველა ხელშეკრულების შინაარსს, მას შეუძლია, დაადგინოს თავისუფლების ფარგლები და არა თავისუფლების გამოვლენის ყველა დეტალი, ამიტომ შინაარსის განსაზღვრის თავისუფლება ანიჭებს მხარეებს შესაძლებლობას, საკუთარი ინტერესის შესაბამისად განსაზღვრონ უფლება-მოვალეობები, კერძოდ, აირჩიონ სასურველი ხელშეკრულების ტიპი და მისი პირობები. ამასთან, მათ შეუძლიათ შეთანხმდნენ კოდექსით გათვალისწინებული დისპოზიციური ნორმისგან განსხვავებულ შინაარსზეც... ზოგიერთ შემთხვევაში ურთიერთობის მოწესრიგება სხვაგვარად პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით (იხ. კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, გვ. 56).
9.4. უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები. მოქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ნორმებს, ბათილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი პირდაპირ მიუთითებს სხვაგვარ შედეგებზე [სსკ-ის 10.3 მუხლის პირველი წინადადება]. შესაბამისად, მხარეთა უფლება, თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და თავისუფლადვე განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის.
9.5. შეუზღუდავმა თავისუფლებამ შეიძლება გამოიწვიოს მხარეთა თვითნებობა. მხარემ, რომელსაც მეტი ეკონომიკური რესურსი აქვს, შეიძლება, აიძულოს მომავალი კონტრაჰენტი, ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრისას პასიური როლი შეასრულოს და მხოლოდ შეთავაზებულ სახელშეკრულებო პირობებს დასთანხმდეს, ამით კი შემთავაზებელი სახელშეკრულებო უპირატესობას მოიპოვებს, რაც არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს მეორე მხარეს, შედეგად კი მივიღებთ სახელშეკრულებო უსამართლობას. ამავდროულად, მხარეთა შეუზღუდავი თავისუფლება საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებისა თუ სახელმწიფოს ინტერესებს. სწორედ ამიტომ აუცილებელია ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვა, რომლის მიზანია საჯარო ინტერესის დაცვა, სუსტი მხარის მინიმალური დაცვა, თავისუფალი საქმიანობის სტაბილური და უსაფრთხო უზრუნველყოფა, სახელშეკრულებო სამართლიანობის მიღწევა (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, გვ. 58). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისა და კონსტიტუციური მნიშვნელობის პრინციპების დაცვის მიზნით, არსებობს ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობაც.
9.6. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთ უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობას და სიმყარეს (იხ. სუსგ №ას-1252-2020, 29.09.2021წ). სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.
9.7. აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (იხ. მათ შორის სუსგ №ას-663-629-2015, 28 ივლისი, 2015 წელი; საქმე №ას-1325-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი; საქმე №ას-93-2019, 31 მაისი, 2019 წელი №ას-625-584-2017, 7.07. 2017წ:; №ას-1097-2021, 25.05.2022წ.), სადაც სასესხო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებზე (საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებით) სწორედ ზემოაღნიშნული მიზნებით იყო განპირობებული სასამართლოების კონტროლი და ჩარევა მხარეთა ნების ავტონომიაში სესხის ხელშეკრულებების დადებისას. სასამართლო, სსკ-ის 8.3 და 325.1 მუხლების საფუძველზე აფასებდა შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის შესაბამისობის საკითხს და შეუსაბამოდ მაღალ სარგებელს მიიჩნევდა სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე ზნეობის ნორმების საწინააღმდეგოდ (სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს).
9.8. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს სსკ-ის 623-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებაში სარგებლის გათვალისწინება მხარეთა სპეციალურ შეთანხმებაზეა დამოკიდებული. სხვა შემთხვევაში სესხი სარგებლის გარეშეა.
9.9. საკასაციო პალატა, ყურადღებას გაამახვილებს 2016 წლის 29 დეკემბერსა და 2018 წლის 21 ივლისს სსკ-ის 625-ე მუხლში შეტანილ ცვლილებებზე, რომლებიც წარმოადგენს „სახელშეკრულებო სამართლიანობის პრინციპის“ სასარგებლოდ დაწესებულ რეგულაციებს (იხ. https://gccc.tsu.ge, 625-ე მუხლის კომენტარი, ბოლო დამუშავება: ნოემბერი, 2022 წელი). კერძოდ, 2016 წლის 29 დეკემბრის რედაქციით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. სსკ-ის 625.2 მუხლის (დღეს მოქმედი რედაქციით), მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. სსკ-ის 868.7 მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის გაცემისას დაცული უნდა იქნეს ამ კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან, ფინანსურ ხარჯთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით.
9.10. საკასაციო პალატის განმარტების მიხედვით, ზემოთ აღნიშნული ცვლილებები კონკრეტულ მიზნად სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირებას ისახავდა. იგი ასევე, ემსახურება კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესების დაცვას. ამდენად, ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესების დაცვის, სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის და მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირების მიზნით, კანონმდებელმა საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა და სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ზღვრად ჯერ 100%, ხოლო მოგვიანებით 50% განსაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის დაბლა მხარეთა მიერ შეთანხმებული ნებისმიერი საპროცენტო განაკვეთი კანონშესაბამისია (იხ. სუსგ №ას-242-2022, 13 ოქტომბერი, 2022 წელი, №ას-444-2020, 17 მარტი, 2021 წელი).
9.11. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. კეთილსინდისიერების პრინციპი დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, მიუკერძოებლობას, ობიექტურობას, სამართლიანობასა და სხვ. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს.
9.12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად კეთილსინდისიერების ჭრილში განიხილება სსკ-ის 54-ე მუხლიც, რომელიც ბათილად ცნობს ისეთ გარიგებას, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამ ნორმის მიზანია, სასამართლომ ბათილად ცნოს შეთანხმება, რომელიც უარყოფს სამართლებრივ ფასეულობას, ან ამგვარი ურთიერთობა დაფუძნებულია ნდობის ბოროტად გამოყენებაზე, მოტყუებაზე, ბაზარზე გაბატონებულ მდგომარეობაზე, ხელშემკვრელი მხარის გამოუცდელობაზე, უფლებებით ბოროტად სარგებლობაზე და ა.შ.
9.13. საკასაციო პალატა, კვლავ მიუთითებს სსკ-ის 625-ე მუხლში შეტანილ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლითაც კონკრეტულად განისაზღვრა სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი და რომლის დაცვაც სავალდებულო გახდა ხელშეკრულების ძლიერი მხარისათვის.
9.14. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2018 წლის 19 დეკემბერს, გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №192.1404077.001, კრედიტის თანხის ოდენობამ შეადგინა 15 600 ლარი, სარგებლის ოდენობა განისაზღვრა 41%-ით, სესხის ვადა - 36 თვით, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის 0.27%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამდენად, მხარეთა შორის შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი - წლიური 41% შესაბამისობაშია სარგებლის მაქსიმალურ წლიურ ოდენობად დაწესებულ 50%-იან ზედა ზღვართან. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სადავო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ სარგებელზე შეთანხმება შესაბამისობაშია სსკ-ის 625-ე მუხლის დანაწესთან. ასეთ მოცემულობაში, კონტრაჰენტის ქცევა აკმაყოფილებს კეთილსინდისიერებისა და გონივრულობის სტანდარტს და იგი სხვაგვარად ვერ შეფასდება.
9.15. ამდენად, შეთანხმება საპროცენტო სარგებელზე, რომლითაც ირღვევა სსკ-ის 625-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა (რომელიც აღემატება ზღვრულ ოდენობას), ბათილია (სსკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად, როგორც კანონსაწინააღმდეგო შეთანხმება). ნორმის მოქმედების ფარგლებში შეთანხმებული პროცენტი კი, რომელიც არ აღემატება ზღვარს, უნდა დაეკისროს მსესხებელს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი შეესაბამება კანონს და თავსდება კანონმდებლის მიერ დადგენილი სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ფარგლებში. აღნიშნულის გამო მისი ზნეობის ნორმებთან შესაბამისობის საკითხის შემოწმება ფაქტობრივად ნიშნავს თავად სსკ-ის 625.2 მუხლით დადგენილი საპროცენტო განაკვეთის ზნეობის ნორმებთან შესაბამისობის შემოწმებას, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 4.2 მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს არა აქვს უფლება უარი თქვას კანონის გამოყენებაზე, იმ მოტივით, რომ მას კანონის ნორმა უსამართლოდ ან არაზნეობრივად მიაჩნია.
9.16. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის - 41%-ის შეუსაბამოდ მაღალ სარგებლად მიჩნევისა და 1/4 შემცირების შედეგად ფაქტობრივად უგულებელყო და არ გამოიყენა სსკ-ის 625.2 მუხლით გათვალისწინებული ნორმა, რომელიც დასაშვებად თვლის სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმ 50%-ით განსაზღვრის შესაძლებლობას [სსსკ-ის 393.2 მუხლი: სამართლის ნორმები დარღვეულად მიიჩნევა, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი (მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები), რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი (მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები), რაც ამ განმარტებების მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან შეუსაბამობით გამოიხატება]. გამომდინარე აქედან, მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი - 41% კანონშესაბამისი და მაშასადამე, მართლზომიერია.
10. ყოველი საქმის განხილვისას, სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიიღება შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე და პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სსსკ-ის 3-4 მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (სსსკ-ის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (სუსგ N ას-1163-2018, 08.02.2019 წ.; Nას-495-2020, 23.10.2020 წ).
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
11.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2018 წლის 19 დეკემბერს, გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №192.1404077.001, კრედიტის თანხის ოდენობამ შეადგინა 15 600 ლარი, სარგებლის ოდენობა განისაზღვრა 41%-ით, სესხის ვადა - 36 თვით, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის 0.27%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
11.2. აღნიშნული საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს, მხარეთა შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება №192.1407077.001, რომლითაც გირავნობის უფლებით დაიტვირთა ავტომობილი PANAV ......., 2004 წლის, სარეგისტრაციო ნომერი SS099B და ........ 95.430, გამოშვების წელი - 2002;
11.3. მსესხებელმა დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება, რის გამოც 13.05.2022წ. მდგომარეობით, ერიცხებოდა დავალიანება ბანკის წინაშე 4 833,89 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხა იყო 3391,42 ლარი, სარგებელი - 723,01 ლარი, ჯარიმა - 719,46 ლარი;
11.4. თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში მსესხებლის დავალიანება, №192.1404077.001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემცირდა და შეადგენდა 3 933,89 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხა იყო 3 391,42 ლარი, პროცენტი - 542,478 ლარი, რის შესაბამისადაც მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა;
11.5. საქმეში წარმოდგენილი მსესხებლის საბანკო ანგარიშის ამონაწერებით დგინდება, რომ მოპასუხეს სესხზე გადახდილი აქვს 26 225,92 ლარი, საიდანაც ძირზე მიემართა 12 208,58 ლარი, პროცენტის დასაფარად - 13 066,62 ლარი და ჯარიმის ანგარიშზე - 950,72 ლარი. გარდა ამისა, 2020 წლის 31 აგვისტოს, მოპასუხის მიერ ანგარიშზე შეტანილი თანხა - 3 114 ლარი, ჩამოეჭრა ინკასოს საშუალებით, სხვა კრედიტორის ვალდებულების დასაფარად.
12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
13. „მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს“ (იხ. ჰაინ ბოელინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბილისი, 2004 წ., გვ.64).
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილებისა და ფაქტების დადგენის შემდეგ, მნიშვნელოვანია, სასამართლომ მითითებული ფაქტების დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებები სათანადოდ შეაფასოს.
15. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები). შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგან საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს. ბუნებრივია, ერთი მხარე ყოველთვის შეეცდება, სასამართლოს სიტყვიერად თავის სასარგებლო პოზიციაზე მიუთითოს, ხოლო მეორე - ამ პოზიციას უარყოფს. მათი პოზიციების განხილვით ჭეშმარიტების დადგენა, რა თქმა უნდა გამორიცხულია (იხ. სუსგ №ას-1423-2019, 28.02.2020). მხარეთა მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებები კი უნდა იყოს დასაბუთებული და, იმავდროულად, უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით (სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
16. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს, თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი, პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა (იხ. სუსგ №ას-400-2020, 15.02.2020).
17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 105-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევა-შეფასების წესი და დადგენილია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების შედეგი აისახება სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც უნდა შეიცავდეს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ იზიარებს ან რატომ უარყოფს სასამართლო ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამასთან, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა ნიშნავს მათ ერთობლიობაში შესწავლა-ანალიზს, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო გამოიტანს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს მათი სარწმუნოობისა თუ არასარწმუნოობის თვალსაზრისით და, ასევე იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება (სუსგ №ას-1339-1377-2014, 24.06.2015წ.; №ას-984-2020, 19.04.2022).
18. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე - ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს. საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (იხ. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტი).
19. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებითაც. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
19.1. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება გაცემულია 2018 წლის 19 დეკემბერს და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 20 დეკემბრამდე. გამსესხებელმა სარჩელში მიუთითა - „2022 წლის 20 იანვრიდან მოპასუხე იმყოფება ვადაგადაცილებაში და სწორედ აღნიშნული პერიოდიდან ერიცხება პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღამდე ანუ 13.05.2022 წლამდე“. საგულისხმოა, რომ ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში მსესხებლის დავალიანება, №192.1404077.001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემცირდა და შეადგენდა 3 933,89 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხა იყო 3 391,42 ლარი, პროცენტი - 542,47 ლარი, რის შესაბამისადაც მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა;
20. საქმის ხელახალი განხილვის დროს, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა დადგინდეს და სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული საკრედიტო ხელშეკრულების არსებითი პირობები, ერიცხება თუ არა პროცენტი (სარგებელი) სესხის ძირ თანხას, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, იმ ვითარებაში, როცა მხარეებმა ვადაგადაცილებისათვის გაითვალისწინეს პირგასამტეხლო და სასამართლომ, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად განაწილებით უნდა გამოიტანოს შესაბამისი სამართლებრივი დასკვნები.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში დასადგენია თუ რას შეადგენს მსესხებლის ძირითადი და საპროცენტო დავალიანება. მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ სარჩელით მოთხოვნილი დავალიანება დაანგარიშებულია 2022 წლის 20 იანვრიდან 2022 წლის 13 მაისამდე პერიოდისათვის (საპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ 5 600 ლარის ოდენობით კრედიტის თანხის დასაფარად მიმართულია 26 225,92 ლარი, აქედან ძირზე მიემართა 12 208,58 ლარი, პროცენტის დასაფარად - 13 066,62 ლარი და ჯარიმის ანგარიშზე - 950,72 ლარი) თუმცა ბუნდოვანია დავალიანების გაანგარიშების წესი, ვინაიდან სესხის დაფარვის გრაფიკის თანახმად, ბოლო გადახდა 2021 წლის 20 დეკემბერს უნდა განხორციელებულიყო.
22. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
23. 42. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
24. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს განსახილველ საქმეზე სრულად არ გამოუკვლევია და შეუფასებია საქმის მასალები, მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების გათვალისწინებით წარმოდგენილი მტკიცებულებები, საკასაციო პალატა, სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, თვითონ მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს.
25. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქმის ქვემდგომი ინსტანციის (სააპელაციო) სასამართლოში განსახილველად დაბრუნების წინაპირობები, ამიტომაც საკასაციო სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს წინამდებარე განჩინებაში განვითარებული საკასაციო სასამართლოს მოსაზრებები და ისე გადაწყვიტოს დავა.
26. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხიც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ლ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი