დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 29.07.2026
საქმის ნომერი
ას-954-2026
კატეგორია
დავის ტიპი
უზრუნველყოფა
თარიღი
29.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-954-2026 29 ივლისი, 2026 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – რ.ტ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ–ი“

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 16 იანვრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2026 წლის 15 ივნისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 16 იანვრის განჩინებით, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შპს „დ–ის“ განცხადება დაკმაყოფილდა. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში რ.ტ–ძის კუთვნილ/არსებულ ფულად სახსრებს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 6 529.69 ლარისა. მოცემული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, თუ ანგარიშზე არსებული თანხის 50% ვერ უზრუნველყოფს ყადაღადადებული თანხის სრულად შევსებას, რ.ტ–ძეს აეკრძალა კუთვნილ ანგარიშებზე, ყადაღის დადების შემდეგ, ყოველთვიურად ჩარიცხული თანხიდან 694.33 ლარის (გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი თანხის) განკარგვა, მაგრამ არაუმეტეს ყოველთვიურად ჩარიცხული თანხის 50%-ისა, ჯამურად 6 529.69 ლარის (სარჩელის ფასის) შევსებამდე, გარდა სახელმწიფოს მიერ გასაცემი სოციალური დახმარებისა და რ.ტ–ძის სახელზე ჩარიცხული საარსებო შემწეობისა.

2. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეფუძნება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველ პუნქტს, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 35818 მუხლს. აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, სასამართლომ განმარტა, რომ დავალიანების ოდენობისა და განცხადებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, დავის საგანი საჭიროებს დაცვას. ის გარემოება, რომ მესაკუთრეს ნებისმიერ დროს შეუძლია თავისუფლად განკარგოს ფულადი სახსრები, განაპირობებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას. ამასთან, განცხადებაზე თანდართული საჯარო რეესტრის ცნობით დასტურდება, რომ მოპასუხის საკუთრების უფლება რაიმე უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობამ კი შეიძლება გააძნელოს ან შეუძლებელი გახადოს საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული შესაძლო გადაწყვეტილების აღსრულება.

3. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის არსიდან გამომდინარე, სასამართლო უზრუნველყოფის ღონისძიებას ირჩევს სასარჩელო მოთხოვნის ხასიათისა და მოცულობის გათვალისწინებით. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვა და, ამ გზით, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება.

4. ზემოაღნიშნული განჩინება რ.ტ–ძემ საჩივრით გაასაჩივრა.

5. საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი პერსპექტიულობა, კერძოდ, ის გარემოება, რომ სარჩელი უსაფუძვლოა. მოწინააღმდეგე მხარემ ლიზინგის საგანი - ავტოსატრანსპორტო საშუალება გაყიდა საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, რათა სადავო დავალიანების ნაშთი კვლავ საარბიტრაჟო მოპასუხეს დაკისრებოდა. შესაბამისად, საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს მისი არაკეთილსინდისიერი მოქმედების შედეგს.

6. საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ მას არ გააჩნია სტაბილური სამუშაო ადგილი და ფიქსირებული შემოსავალი. მის ანგარიშზე განხორციელებული ნებისმიერი ჩარიცხვა ატარებს არარეგულარულ ხასიათს და წარმოადგენს მისი ფიზიკური არსებობისათვის აუცილებელ მინიმალურ სახსრებს. ასეთ პირობებში, შემოსავლის 50%-ის დაყადაღება წარმოადგენს არა მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიებას, არამედ არაპროპორციულ საპროცესო შეზღუდვას და მისი ეკონომიკური საქმიანობის არსებით შეზღუდვას.

7. საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ ძირითადი დავა ექვემდებარება საარბიტრაჟო განხილვას. მოსარჩელეს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ მიმართა სასამართლოს და არა უშუალოდ არბიტრაჟს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით. საარბიტრაჟო დავის არსებობის პირობებში, სასამართლომ მკაცრად უნდა შეამოწმოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული სასამართლო მექანიზმების არაკეთილსინდისიერი გამოყენება.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 15 ივნისის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმე, მასალებთან ერთად, საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

11. სსსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. სსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსსკ-ის 1971 მუხლის შესაბამისად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი განიხილება საკასაციო სასამართლოს მიერ, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად.

13. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმება, კერძოდ, საარბიტრაჟო მოპასუხის კუთვნილ ფულად სახსრებზე ყადაღის დადების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების შეფასება.

14. სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვისას იგი მსჯელობს მხოლოდ განმცხადებლის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ვინაიდან აღნიშნული საკითხი, სსსკ-ის 193-ე მუხლის შესაბამისად, მისი გადაუდებელი ხასიათიდან გამომდინარე, განცხადების შეტანიდან 1 (ერთი) დღის ვადაში, მოპასუხისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე წყდება. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე წარდგენილი საჩივრის განხილვისას სასამართლო მსჯელობს მხოლოდ საჩივარში მითითებული გარემოებებისა და საჩივრის ფარგლებში წარმოდგენილი პრეტენზიების გათვალისწინებით და ამოწმებს, რამდენად სწორად იქნა მიღებული გასაჩივრებული განჩინება განცხადებაში მითითებული გარემოებების საფუძველზე.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეს შეუძლია, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. აღნიშნული ნორმა მხარეს პირდაპირ ანიჭებს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას და არ ავალდებულებს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით თავდაპირველად არბიტრაჟს მიმართოს. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელემ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველმყოფი ღონისძიების გამოყენება სასამართლოს მოსთხოვა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო მექანიზმის არაკეთილსინდისიერ გამოყენებად.

15. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებს ადგენს რა სსსკ-ის 191-ე მუხლი (მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე), იგი წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის დროებით და ეფეტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობის მიზანს ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე სახეზეა მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა (იხ. სუსგ №ას-1459-2020, 23.03.2021წ.).

16. აღსანიშნავია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ან მისი აღსრულების გაძნელების დასაბუთებით უნდა გამოიხატებოდეს. სარჩელის უზრუნველყოფის არსიდან გამომდინარე, სასამართლო არჩევს უზრუნველყოფის ღონისძიებას სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, უპირველესად, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა რეალურად იქონიებს თუ არა გავლენას გადაწყვეტილების აღსრულებაზე, ანუ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება დაკავშირებული უნდა იყოს განმცხადებლის მოთხოვნასთან და უზრუნველყოფდეს მას; ესე იგი, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების შემთხვევაში, უნდა იწვევდეს მოსარჩელის დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ აღდგენას.

17. სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა სახეებს. აღნიშნული ნორმის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთ ღონისძიებას წარმოადგენს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და იმყოფება მის ან სხვა პირის მფლობელობაში, ხოლო ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოყენების საკითხს სასამართლო წყვეტს მოსარჩელის განცხადების საფუძველზე.

18. განსახილველ შემთხვევაში საარბიტრაჟო სარჩელი აღძრულია მიკუთვნებითი მოთხოვნით, რომლის ფარგლებში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის ფულადი ვალდებულების შესრულების დაკისრებას. ასეთ პირობებში, როგორც სსსკ-ით, ისე „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი ემსახურება ერთსა და იმავე მიზანს - საბოლოო გადაწყვეტილების რეალური და ეფექტიანი აღსრულების უზრუნველყოფას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლო არ მსჯელობს დავის არსებითად გადაწყვეტაზე ან მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარ შეფასებაზე, არამედ აფასებს იმგვარი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში უზრუნველყოფს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების რეალურ და ეფექტიან აღსრულებას.

19. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის საკუთრებაში უძრავი ქონება არ ირიცხება, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით (ს.ფ. 30). ამასთან, განმცხადებელი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაში მიუთითებდა, რომ მოპასუხეს სხვა ქონებაც არ გააჩნდა, რომელზეც უზრუნველყოფის ღონისძიების გავრცელება იქნებოდა შესაძლებელი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების განკარგვის შეზღუდვის გამოყენება, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სწორედ აღნიშნული ღონისძიება უზრუნველყოფს შესაძლო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების რეალურ და ეფექტიან აღსრულებას.

20. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფულად სახსრებზე ყადაღის დადება ზღუდავს პირის საკუთრების უფლების განხორციელებას, რის გამოც აღნიშნული ღონისძიების გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს. განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნები დაცულია, რადგან ყადაღა გავრცელებულია მხოლოდ საარბიტრაჟო სარჩელის ფასის - 6 529.69 ლარის ფარგლებში და არ გულისხმობს მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე არსებული ყველა ფულადი სახსრის განკარგვის უფლების შეზღუდვას. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით დაადგინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშზე არსებული თანხა ვერ უზრუნველყოფდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, შეზღუდვა გავრცელდებოდა მხოლოდ ყადაღის დადების შემდეგ ყოველთვიურად ჩარიცხული თანხიდან 694.33 ლარზე, თუმცა არაუმეტეს ყოველთვიურად ჩარიცხული თანხის 50%-ისა, ჯამურად 6 529.69 ლარის სრულად უზრუნველყოფამდე. ამასთან, აღნიშნული 694.33 ლარი წარმოადგენს ხელშეკრულებით განსაზღვრული ყოველთვიური სალიზინგო გადასახადის ოდენობას, რომლის გადახდაც მოპასუხეს ისედაც ეკისრებოდა სახელშეკრულებო ვალდებულებიდან გამომდინარე. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება მოპასუხეს არ აკისრებს იმაზე მეტ ფინანსურ ტვირთს, ვიდრე იგი თავად ჰქონდა ნაკისრი ხელშეკრულებით, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს შესაძლო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ეფექტიან აღსრულებას. ამდენად, გამოყენებული ღონისძიება აკმაყოფილებს აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს.

21. ამდენად, უსაფუძვლოა საჩივრის ავტორის მითითება, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება არაპროპორციულია მისი არარეგულარული შემოსავლების გამო. როგორც უკვე აღინიშნა, გამოყენებული ღონისძიება შემოიფარგლება მხოლოდ საარბიტრაჟო სარჩელის ფასით, ვრცელდება ანგარიშზე არსებული ან შემდგომში ჩარიცხული თანხის მხოლოდ კანონითა და სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ ნაწილზე და არ ეხება სახელმწიფოს მიერ გასაცემ სოციალურ დახმარებასა და საარსებო შემწეობას. ამასთან, საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ არსებობდა სხვა ქონება ან აქტივი, რომლის მიმართაც შესაძლებელი იქნებოდა იმავე მიზნის მიღწევა ნაკლებად შემზღუდველი საშუალებით.

22. სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის განხილვისას უნდა შეეფასებინა საარბიტრაჟო სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლიანობა, მათ შორის, ლიზინგის საგნის რეალიზაციის კანონიერება და მოთხოვნილი თანხის მართლზომიერება. აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს ძირითადი საარბიტრაჟო დავის განხილვის საგანს, რის გამოც მათზე მსჯელობა და მათი მატერიალურ-სამართლებრივი შეფასება სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის განხილვისას სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს სცდება.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებები კანონიერია და დასაბუთებული, ხოლო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის მათი გაუქმების სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

24. სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება არ ართმევს მოპასუხეს უფლებას, ისარგებლოს სსსკ-ის 196-ე და 196¹ მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმებით, მათ შორის, მოითხოვოს უზრუნველყოფის ღონისძიების სახის შეცვლა, უზრუნველყოფის საგნის ჩანაცვლება ან ყადაღადადებული ქონების გამიჯვნა, თუ ამის სამართლებრივი წინაპირობები არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე, 1971-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ.ტ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 16 იანვრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2026 წლის 15 ივნისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

ბადრი შონია