დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-640-2026 10 ივლისი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - გ.ი–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ჭ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
შეგებებული სარჩელის მოპასუხე - მ.ი–ი
ნ.ჭ–ის სარჩელის მოპასუხე - თ.ი–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანამესაკუთრედ ცნობა, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მიღებული შემოსავლის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.ი–ი (შემდგომში - მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის პირველი მოპასუხე, მეორე სარჩელის პირველი მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) საკასაციო წესით ასაჩივრებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 მარტის განჩინებას, რომლითაც მისი სარჩელი ნ.ჭ–ის (შემდგომში - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, მეორე სარჩელის მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ .......... მდებარე, საკადასტრო კოდით №........ რეგისტრირებული უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელის ავტორის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა პირველი მოპასუხისა და მ.ი–ის (შემდგომ - შეგებებული სარჩელის მეორე მოპასუხე) მიერ 2020 წლის 18 თებერვალს წარდგენილი ერთობლივი განცხადების №593455 და მის საფუძველზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობის №AM5936455 ბათილად ცნობის ნაწილში. შეგებებული სარჩელის ავტორი ცნობილ იქნა ავტომანქანა NISSAN X-TRAIL-ის, ს/ნ ........, თანამესაკუთრედ. მეორე სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მეორე სარჩელის პირველი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ .......... მდებარე, საკადასტრო კოდით №......... რეგისტრირებული უძრავი ნივთი და იგი, გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 200 ლარის გადახდა 2021 წლის 7 დეკემბრიდან ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის გამოთავისუფლებამდე; არ დაკმაყოფილდა მეორე სარჩელის მოთხოვნა პირველი მოპასუხისა და მისი შვილის, თ.ი–ის (შემდგომ - მეორე სარჩელის მეორე მოპასუხე), შორის 2020 წლის 19 თებერვალს უძრავ ნივთებზე, საკადასტრო კოდებით №......... და №.........., გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში.
2. მოსარჩელემ (შეგებებული სარჩელისა და მეორე სარჩელის მოპასუხე) მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
3. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა სადავო ქონების თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ქონება შეძენილი იყო ქორწინებამდე, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1163-ე მუხლის დათქმა.
4. კასატორის განმარტებით, სადავო უძრავი ქონება 2003 წელს შეძენილი იქნა 2 500 ლარად, ხოლო 2020 წლისათვის მისი ღირებულება შეადგენდა 27 000 აშშ დოლარს. მის მიერ განხორციელებული სამუშაოები (კომუნიკაციები, მანსარდის დაშენება, სხვენის საცხოვრებელ ფართად გადაქცევა) არ წარმოადგენდა ჩვეულებრივ მიმდინარე რემონტს. ეს იყო ნივთის არსებითი რეკონსტრუქცია, რამაც გამოიწვია ქონების საბაზრო ღირებულების არა ინფლაციური, არამედ ხარისხობრივი ზრდა.
5. ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით კასატორი განმარტავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ 2020 წელს ავტომანქანა გასხვისდა. ავტომანქანის მის ფარეხში დგომის ფაქტი კი არ ადასტურებს მფლობელობისა და განკარვის უფლებამოსილების შენარჩუნებას. სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 158-ე მუხლით დადგენილი მფლობელობის პრეზუმფცია და სუბიექტური ვარაუდი დააყენა შსს-ის მიერ გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობაზე მაღლა. ერთჯერადი ფოტო ავტოფარეხიდან ვერ გადაწონის სამართლებრივ ტრანზაქციას.
6. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, როდესაც სხდომაზე დაუშვა და ახსნა-განმარტება ჩამოართვა პირს, რომელსაც არ ჰქონდა საპროცესო სტატუსი.
7. ქირის დაკისრებასთან დაკავშირებით კასატორი განმარტავს, რომ მოთხოვნა დაუსაბუთებელია, ვინაიდან უძრავ ნივთს ფლობს სამართლებრივი საფუძვლით. მის მიერ წარდგენილი სარჩელი სსკ-ის 1163-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ფლობის კანონისმიერ პრეზუმფციას.
8. კასატორი ასევე განმარტავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ იგი ნივთს ფლობდა არა როგორც შემთხვევითი პირი, არამედ როგორც ამ ნივთის ღირებულების რეალური შემქმნელი. ამასთან, მოთხოვნილი ქირის ოდენობა 200 ლარი დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ არ შეაფასა, რამდენადაა შესაძლებელი ამ ქონებიდან საერთოდ ქირის მიღება იმ ინფრასტრუქტურული მოცემულობის პირობებში, რაც ადგილზე არსებობს. დაუსახლებელ პუნქტში, სადაც არ არის გზა და მაცხოვრებლები, ქონების გაქირავება, როგორც ეკონომიკური სარგებლის მიღების წყარო პრაქტიკულად შეუძლებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას და რომლებმაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება ან დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორი გამოყენება ან/და განმარტება.
13. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია და შემოიფარგლა მხოლოდ ზემოაღნიშნული ზოგადი განმარტებებით, სხვა სახის პროცესუალურ ან მატერიალურ დარღვევებზე მითითების გარეშე.
14. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ:
14.1 მხარეები 2009 წლის 7 თებერვალს დაქორწინდნენ.
14.2 მოპასუხის (შეგებებული სარჩელის ავტორის, მეორე სარჩელის მოსარჩელის) სახელზე, 2003 წლის 1 ოქტომბერს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლებით აღირიცხა 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა მდებარე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი .......... (ს/კ .......).
14.3 2003 წლის 22 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის ფასი 2500 ლარს შეადგენდა.
14.4 დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნის თანახმად, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 27 000 აშშ დოლარია. ინსპექტირების თარიღისთვის (2020 წელი, სარჩელის აღძვრის დრო), შეფასების ობიექტის მდგომარეობა გამოიყურება როგორც საცხოვრებელი სააგარაკე ფართი, ძველი რემონტით და საერთო ჯამში არ არის დამაკმაყოფილებელი პირობები, არის ფაქტობრივად თავიდან სარემონტო.
14.5 სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №004375620 სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანხმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი .......... მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ .........), მთლიანი საბაზრო ღირებულება 2020 წლის სექტემბრის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 50 000 ლარს.
14.6 შსს მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 6 აპრილის ცნობით, NISAN X TRAIL, ს/კ ........., 2014 წლის 12 აპრილს დარეგისტრირდა მოსარჩელის (შეგებებული სარჩელის მოპასუხის) სახელზე.
14.7 შსს მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 24 სექტემბრის ცნობის თანახმად, შეგებებული სარჩელის პირველ და მეორე მოპასუხეების 2020 წლის 18 თებერვლის №593455 ერთობლივი განაცხადის საფუძველზე გაცემულია სარეგისტრაციო მოწმობა AM5936455 შეგებებული სარჩელის მეორე მოპასუხეზე.
14.8 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით, მხარეთა შორის ქორწინება შეწყდა, რაც გასაჩივრა მოსარჩელის (შეგებებული სარჩელის პირველ მოპასუხის) მიერ. მხარეთა შორის განქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 2021 წლის 7 დეკემბერს.
14.9 შპს „უ.ქ.ე–ის“ 2020 წლის 5 ნოემბრის დასკვნის თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი .......... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ .........) ქირის ფასი თვეში შეადგენს 200 ლარს.
14.10 2012 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით, შეგებებული სარჩელის ავტორის დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 174 550.55 ლარს, ხოლო გადასახადი 34910,11 ლარს. 2020 წლის 4 ივნისის ცნობის თანახმად, იგი 2010 წლის აგვისტოდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით დახმარების სახით ხელზე იღებდა 1390 ლარს, ხოლო 2015 წლის იანვრიდან დღემდე 1400 ლარს.
15. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა და საკასაციო პრეტენზია სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში ეფუძნება სსკ-ის 1163-ე მუხლს. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ აღნიშნული ნორმა არასწორად განმარტა და სათანადოდ არ შეაფასა ის გარემოებები, რომლებიც მიუთითებდა სადავო ქონების არსებით გაუმჯობესებაზე, მათ შორის, ქორწინების პერიოდში განხორციელებულ სამუშაოებსა და მათი გავლენით ქონების საბაზრო ღირებულების ზრდაზე.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 1163-ე მუხლის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მეუღლის ინდივიდუალური საკუთრება, მათ შორის ქორწინებამდე შეძენილი ქონება, პრინციპულად ინარჩუნებს ამ სტატუსს, იგი შეიძლება გარდაიქმნეს მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა. იმ ღონისძიებების მაგალითად, რომელთა შედეგადაც იზრდება ღირებულება, კანონმდებელი ასახელებს: გადაგეგმარებას, მშენებლობის დასრულებასა და გადაკეთებას. ამ სამაგალითო ჩამონათვალის გაგრძელება შეიძლება შემდეგი ღონისძიებებით: კაპიტალური რემონტი, რეკონსტრუქცია, მნიშვნელოვანი დანადგარებით აღჭურვა და ა.შ. აუცილებელია, რომ ყველა ეს ღონისძიება „მნიშვნელოვნად“ ზრდიდეს ქონების ღირებულებას (იხ. რუსიაშვილი/ქავშბაია/მელაძე, სსკ-ის კომენტარი, წიგნი VII, თბილისი, 2021 წელი, მუხ.1163, ველი 6). ქონების მხოლოდ მიმდინარე რემონტი არ შეიძლება ქონების საერთო საკუთრებად აღიარების საფუძველი გახდეს. ქონების რემონტი ან თანხის დაბანდება მხოლოდ იმ შემთხვევაშია ქონების თანასაკუთრებად აღიარების საფუძველი, როცა ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება (იხ. სუსგ №ას-840-791-2015 , 04.03.2016წ.; №ას-392-2021, 29.09.2021წ.) .
17. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლები). სასამართლო მტკიცება წარმოადგენს მტკიცებულებათა შეგროვების, შემოწმებისა და შეფასებისათვის სასამართლოსა და მხარეების სამართლით მოწესრიგებულ საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს მხარემ დამტკიცების მოვალეობის შესასრულებლად - ესაა მტკიცებულებათა წარმოდგენა სასამართლოში იმ ფაქტის დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცების მოვალეობაც მას ეკისრება. წარმოდგენილი მტკიცებულება ისე უნდა უკავშირდებოდეს დასადგენ გარემოებას, რომ შეიძლებოდეს ამ გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ უტყუარი დასკვნის გამოტანა (შდრ. თ. ლილუაშვილი, გ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, ზ. ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, 1 ნაწილი, თბილისი, 2014, გამომცემლობა „სამართალი“, გვ: 259, 284, 308).
18. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრებოდა იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომლებიც სსკ-ის 1163-ე მუხლის გამოყენებისა და, შესაბამისად, მეუღლის ინდივიდუალური საკუთრების საერთო თანასაკუთრებად მიჩნევის საფუძველს ქმნიდა. კერძოდ, მას უნდა დაედასტურებინა, რომ ქორწინების პერიოდში გაწეული ხარჯებისა და განხორციელებული არსებითი გაუმჯობესებების შედეგად სადავო ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
19. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის უძრავი ქონების შეფასების დასკვნა მხოლოდ ქონების იმდროინდელ საბაზრო ღირებულებას (27 000 აშშ დოლარი) ასახავს. დასკვნა არ შეიცავს შეფასებას ქონების თავდაპირველი მდგომარეობის, ქორწინების პერიოდში განხორციელებული სამუშაოების, ღირებულებისა და მათი გავლენის შესახებ ქონების ფასზე. პირიქით, ექსპერტიზის თანახმად, ობიექტი აღწერილია, როგორც ძველი რემონტის მქონე საცხოვრებელი-სააგარაკე ფართი, რომელიც საერთო ჯამში არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში იმყოფება.
20. აღნიშნული მტკიცებულებით არ დასტურდება მოსარჩელის პოზიცია, რომ 2006 წლიდან მის მიერ შესრულებულმა სამუშაოებმა გამოიწვია ქონების ისეთი არსებითი გაუმჯობესება, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა მისი ღირებულება და შექმნა სსკ-ის 1163-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები. ამავე გარემოებას ვერ ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი 2026 წლის 19 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნაც, ვინაიდან იგი ასევე არ შეიცავს შეფასებას ქონების ღირებულების ზრდის მიზეზებზე, განხორციელებული სამუშაოების ხასიათსა და მათ გავლენაზე საბაზრო ღირებულებაზე.
21. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება, რომ 2003 წელს ქონების შეძენის შემდეგ საცხოვრებელი სახლის ფართობი გაიზარდა, შეიცვალა მისი კონფიგურაცია ან განხორციელდა ისეთი გადაკეთება, რომელიც კაპიტალურ რეკონსტრუქციად შეიძლება შეფასდეს. მოპასუხე მხარემ მხოლოდ აივანზე დაახლოებით 2 კვ.მ ფართობის საპირფარეშოს მიშენების ფაქტი დაადასტურა. ექსპერტიზის დასკვნაზე დართული ფოტომასალით კი ირკვევა, რომ სხვენი მხოლოდ ამოშენებულია, არ არის გალესილი და არც მისი საცხოვრებლად გამოყენების შესაძლებლობა დასტურდება.
22. ამასთან, მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეების - დ.თ–ისა და მ.მ–ის ჩვენებები არ არის თანმიმდევრული. ისინი განსხვავებულ გარემოებებზე მიუთითებენ სამუშაოების შესრულების დროის, მოცულობისა და ხასიათის ნაწილში, ხოლო მათ მიერ აღწერილი ფაქტების დადასტურება სხვა ობიექტური მტკიცებულებებით ვერ ხერხდება. პირიქით, ექსპერტიზის დასკვნა და მასზე დართული ფოტომასალა ადასტურებს, რომ სადავო ქონება კვლავ ძველი რემონტის მდგომარეობაშია, საერთო ჯამში არადამაკმაყოფილებელია და საჭიროებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებას
23. მოსარჩელემ ვერ მიუთითა და ვერც შესაბამისი მტკიცებულებებით დაადასტურა ისეთი გარემოებები, რომლებიც ქორწინების პერიოდში ქონების არსებით გაუმჯობესებას და მის ღირებულებაზე მნიშვნელოვან გავლენას დაადასტურებდა. წარმოდგენილი მასალებით დგინდება მხოლოდ ცალკეული სარემონტო სამუშაოების შესრულება, რომლებიც თავისი მასშტაბითა და ხასიათით მიმდინარე გაუმჯობესებას წარმოადგენს და არა კაპიტალურ რეკონსტრუქციას ან გადაკეთებას, რომელიც ქონების ღირებულების არსებით ზრდას იწვევს.
24. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ქონების საბაზრო ღირებულების ზრდა თავისთავად არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ზრდა საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული სამუშაოების შედეგია. ქონების საბაზრო ღირებულების ცვლილება შესაძლოა განპირობებული იყოს როგორც მიწის ნაკვეთის ღირებულების ზრდით, ისე უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ტენდენციებით. შესაბამისად, მხოლოდ ქონების ღირებულების ზრდაზე მითითება, შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე, არ დაადასტურებს, რომ აღნიშნული ზრდა მოსარჩელის მიერ განხორციელებულ გაუმჯობესებებს უკავშირდება. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 4 სექტემბრის დასკვნის თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ .......... მდებარე მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 2020 წლის სექტემბრის მდგომარეობით დაახლოებით 50 000 ლარს შეადგენდა, რაც დამატებით ადასტურებს, რომ ქონების საბაზრო ფასის ცვლილება მხოლოდ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული სამუშაოებით არ იყო განპირობებული.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოებმა სსკ-ის 1163-ე მუხლი სწორად განმარტეს და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასეს. ამასთან, საქმის მასალებით არ დგინდება ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დაადასტურებდა ქორწინების პერიოდში განხორციელებული გაუმჯობესებების შედეგად მეუღლის ინდივიდუალური საკუთრების ღირებულების მნიშვნელოვან ზრდას და, შესაბამისად, მისი მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებად მიჩნევის საფუძველს შექმნიდა.
26. ავტოსატრანსპორტო საშუალების გასხვისებასთან დაკავშირებით, ასევე, ქირის დაკისრებასა და მის ოდენობასთან დაკავშირებით პალატა კასატორის საკასაციო პრეტენზიებსაც არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ სასამართლო მტკიცებით პროცესში, საპროცესო უფლების ჯეროვნად რეალიზების მიზნით, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებენ სასარჩელო მოთხოვნას (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები, 219-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მიერ, ამ საპროცესო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში კი, უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების არსებობის უარყოფა (სსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილი).
27. სსსკ-ის მე-4 მუხლი განსაზღვრავს შეჯიბრებითობის პრინციპს, რომლის თანახმად, მტკიცების საგნის განსაზღვრა და მასში შემავალი ფაქტები დამტკიცების ტვირთი მხარეებს ეკისრებათ. იმავე კოდექსის მე-3 მუხლი განსაზღვრავს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას - განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
28. ამდენად, გარემოება დამტკიცებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ერთი მხარე მიუთითებს მასზე და მეორე მხარე არ ეწინააღმდეგება ამ მითითებას. ეს იმას ნიშნავს, რომ შეჯიბრებითი პრინციპის საფუძველზე, მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ (დასაბუთებულ) მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი წააგებს სამართლებრივ დავას. მოპასუხის სტადიაზე მოწმდება არა მხოლოდ ის, წარადგინა თუ რა მოპასუხემ შესაგებელი, არამედ, ასევე, წარდგენილი შესაგებელი რამდენად აბათილებს და არყევს (მოსარჩელის განმარტებების საფუძველზე შექმნილ) მოთხოვნის წარმოშობის ვარაუდს, კერძოდ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.
29. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (იხ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 2017 წლის 2 მარტი).
30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი არ შეიცავს სათანადო და დასაბუთებულ შედავებას შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე. მეტიც, მოპასუხეს არ წარმოუდგენია ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის საწინააღმდეგო არგუმენტები. ამასთან, იგი არ შედავებია არც სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის ფაქტს, არც იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ქონების ფლობის გამო მეორე მოსარჩელე მოკლებული იყო საკუთრების განკარგვის შესაძლებლობას, და არც ამით გამოწვეული ზიანის, მათ შორის, მოთხოვნილი ქირის ოდენობას. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული და მოპასუხის მხრიდან არაკვალიფიციურად შედავებული ფაქტობრივი გარემოებები, სსსკ-ის 201-ე მუხლის შესაბამისად, დადასტურებულად მიიჩნევა, რაც საკმარის სამართლებრივ საფუძველს ქმნის დასკვნისათვის, რომ ამ ნაწილშიც შეგებებული სარჩელი კანონიერად დაკმაყოფილდა.
31. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორის მსჯელობა, თითქოს იგი სადავო ქონებას სამართლებრივი საფუძვლით ფლობდა და, შესაბამისად, ქირის დაკისრების საფუძველი არ არსებობდა, ვერ იქნება გაზიარებული. როგორც წინამდებარე განჩინებაში უკვე აღინიშნა, საქმის მასალებით არ დადასტურდა სსკ-ის 1163-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი წინაპირობები, რომლებიც კასატორს სადავო ქონებაზე თანამესაკუთრის სტატუსს მიანიჭებდა. შესაბამისად, აღნიშნულ ნორმაზე მითითება არ გამორიცხავს მეორე მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების შეზღუდვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს.
32. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით საქმეში წარმოდგენილია შპს „უ.ქ.ე–ის“ 2020 წლის 5 ნოემბრის დასკვნა, რომლის თანახმადაც, სადავო უძრავი ნივთის ყოველთვიური ქირის საბაზრო ღირებულება 200 ლარით განისაზღვრა. ამასთან, კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია აღნიშნული დასკვნის სისწორის, სანდოობის ან მასში განსაზღვრული ქირის ოდენობის საწინააღმდეგოდ.
33. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ საპირწონე გარემოებების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულება მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, თუმცა ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ისეთი გარემოებების მითითება ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც სასამართლოს მიერ დადგენილ ყოველთვიური ქირის ოდენობას გააქარწყლებდა ან მოთხოვნილი თანხის განსხვავებულ გაანგარიშებას დაასაბუთებდა. უფრო მეტიც, თავად წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნის თანახმად, სადავო ქონება მდებარეობს თბილისიდან დაახლოებით 20-25 კილომეტრის დაშორებით, სააგარაკე ტერიტორიაზე, რომლის მიმდებარედ განთავსებულია ბეთანიის, წვერისა და ორბეთის დასახლებები. აღნიშნული ტერიტორია განაშენიანებულია კერძო სააგარაკე სახლებით და წარმოადგენს ტურისტული გადაადგილების არეალს, ხოლო ქონებასთან მისასვლელი გზა საავტომობილო ტრანსპორტისთვის ხელმისაწვდომია. შესაბამისად, კასატორის მითითება, რომ აღნიშნული ქონების გაქირავება ფაქტობრივად შეუძლებელია, საქმის მასალებით არ დასტურდება.
34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერი მფლობელობის ფაქტი და მისთვის თანხის დაკისრების წინაპირობების არსებობა, რისი გათვალისწინებითაც დგინდება სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობის არსებობა.
35. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნულსაც დაუსაბუთებლად მიიჩნევს და განმარტავს, რომ მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი (სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამასთან, ნივთზე საკუთრების გადასვლის შეფასებისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ ფორმალური მონაცემები, არამედ საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება და წარმოდგენილი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ იკვეთება სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალების კასატორისგან სხვა პირისთვის ფაქტობრივი ფლობისა და სარგებლობის გადაცემა. პირიქით, საქმის მასალებით დგინდება, რომ სადავო ავტომანქანით სარგებლობა კვლავ კასატორს უკავშირდება, რაც დასტურდება როგორც მისი განთავსებით კასატორის ავტოფარეხში, ისე კასატორის შუამდგომლობით დაკითხული მოწმის, დ.თ–ის, ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა კასატორის მიერ აღნიშნული ავტომანქანის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი.
36. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ავტომანქანის გასხვისების შესახებ კასატორის მითითება უკავშირდება მხარეთა განქორწინების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებიდან მოკლე პერიოდში განხორციელებულ ქმედებას. აღნიშნულ გარემოებასთან ერთად, ავტომანქანის კასატორის ფაქტობრივ მფლობელობაში დარჩენა და მის მიერ მისი სარგებლობის გაგრძელება წარმოადგენს ისეთ გარემოებებს, რომლებიც გასხვისების ფაქტის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული. ამდენად, მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების გასხვისების შესახებ მითითება, იმ პირობებში, როდესაც კასატორი კვლავ ახორციელებს ნივთის ფაქტობრივ ფლობასა და სარგებლობას, თავისთავად ვერ გამორიცხავს მეორე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
37. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
38. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
39. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
40. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-1189-1119-2015, 23.03.2016წ.; №ას-143-139-2016, 22.04.2016წ.; №ას-23-2021, 20.05.2021წ.; №ას-389-2024, 31.12.2024წ.).
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
42. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ი–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. გ.ი–ს დაეკისროს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (300+2509.1 ლარის) 30%-ის - 842.7 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
ბადრი შონია