დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
8 ივლისი, 2026 წელი,საქმე №ას- 458-2026 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ლ.ჩ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.გ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ლ.ჩ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შეგებებული აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 თებერვლის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც თანხის დაკისრების შესახებ ნ.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - 660 000 ევროს გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; ზიანის სახით, 2021 წლის 27 სექტემბრიდან - 2023 წლის 23 მაისამდე - 25 637.7 ევროსა და 2023 წლის 23 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად - 25.25 ევროს დაკისრების თაობაზე მოთხოვნა უარყოფილ იქნა. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, არასწორად დადგინდა, რომ დავას საქართველოსთან ჰქონდა სამართლებრივი კავშირი, საქმის ყველა არსებითი ელემენტი (ლატარია, შესრულება, ფინანსური ოპერაციები) იტალიაში შესრულდა. თუ სასამართლოები იურისდიქციას ობიექტური კავშირის გარეშე განახორციელებენ, იურისდიქცია კარგავს სამართლებრივ საზღვრებს და თვითნებურ მექანიზმად გარდაიქმნება. ასეთ პირობებში ირღვევა როგორც ეროვნული სამართალი, ისე - საერთაშორისო სამართლებრივი ბალანსი, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება არა მხოლოდ კონკრეტული დავის გადაწყვეტა, არამედ სამართლებრივი წესრიგის აღდგენაა.
2. საქმის განხილვის დღეს, კერძოდ, 2026 წლის 8 ივლისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა კიდევ ერთი დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, რომლის ძირითადი პრეტენზია კვლავ საქართველოს სასამართლოების იურისდიქციას შეეხება; ამასთან, დამატებით წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია მტკიცებულებათა შეფასების წესები და არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეფუძნება ფაქტობრივ გარემოებებისა და მტკიცებულებების ისეთ შეფასებას, რომელიც არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ძირითად პრინციპებს - მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის ვალდებულებას, სახელდობრ:
2.1. დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არაერთი სადავო გარემოება უსაფუძვლოდ მიიჩნიეს უდავოდ დადგენილად, მაგალითად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 2021 წლის აგვისტოში იტალიაში მუშაობდა და მიღებული ჰქონდა შრომითი ანაზღაურება, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის დასადასტურებლად წარდგენილი ე.წ. „შრომითი ხელშეკრულების“ ავთენტურობა მოპასუხემ თავიდანვე საფუძვლიანად მიიჩნია საეჭვოდ. დოკუმენტი უფლებამოსილი ორგანოს მიერ არ იყო დამოწმებული, იტალიის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის (INPS) შესაბამის რეესტრში არ იყო რეგისტრირებული და თავად მოსარჩელის მოწმის განმარტებითაც, რეგისტრირებულ დოკუმენტს არ წარმოადგენდა.
2.2. გარდა ამისა, დაზუსტებული საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებით, მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლომ განსხვავებული სტანდარტი გამოიყენა, კერძოდ, მოპასუხის მიერ წარდგენილი პირდაპირი მტკიცებულებები, მათ შორის იმ მოწმის ჩვენება რომელიც უშუალოდ შეესწრო ლატარიის ბილეთის შესაძენად თანხის გადაცემას, არასაკმარისად მიიჩნია, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი ირიბი და არასათანადოდ დადასტურებული მტკიცებულებები, უპირობოდ გაიზიარა. ამგვარი განსხვავებული მიდგომა არღვევს მხარეთა საპროცესო თანასწორობისა და მტკიცებულებათა ობიექტური შეფასების პრინციპებს.
2.3. დაუსაბუთებელია, სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელე მოგებული თანხის ერთადერთი მესაკუთრეა.
2.4. არასწორად შეფასდა ელექტრონული მიმოწერები. ცალკეული ფრაზები კონტექსტიდან ამოგლეჯილად იქნა გამოყენებული მხოლოდ მოსარჩელის ვერსიის გასამყარებლად. ისევე როგორც მოწმის ჩვენება, რომელსაც სასამართლომ განსაკუთრებული მტკიცებულებითი მნიშვნელობა მიანიჭა, მიუხედავად იმისა, რომ მოწმე ვერ ასახელებდა ვერც მოვლენების თარიღს, ვერც დროის მონაკვეთს და არც ბილეთის შეძენასა და გადაფხეკას არ შესწრებია.
2.5. დაზუსტებული საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ თანხის მესაკუთრე მოსარჩელეა, ეს გარემოება თავისთავად ვერ წარმოშობდა 2022 წლის 29 ივლისის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველს, პირიქით, სწორედ საკუთრების უფლების არსებობა აძლევდა მოსარჩელეს შესაძლებლობას თავისუფალი ნებით განეკარგა საკუთარი ქონებრივი უფლება და მხარეები თანხის განაწილებაზე შეთანხმებულიყვნენ.
2.6. შეფასების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომელიც შეთანხმების მიზანს უკავშირდებოდა. თავად მოსარჩელის განმარტებით დასტურდებოდა, რომ მას დამოუკიდებლად თანხის განაღდების რეალური შესაძლებლობა არ ჰქონდა, სხვა პირებმა კი, დახმარებაზე უარი უთხრეს და მოპასუხის ჩართულობის გარეშე არსებობდა თანხის დაკარგვის რისკი. სწორედ ამ ვითარებაში მხარეები თანხის განაწილებაზე შეთანხმდნენ, რომელიც შემდგომ წერილობით გაფორმდა და რომლის 92.5% მოპასუხემ უკვე შეასრულა.
2.7. გარდა ამისა, დაზუსტებული საკასაციო საჩივრის ავტორის მტკიცებით, ვინაიდან, შეთანხმების ბათილობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენებაც სამართლებრივად გამორიცხული იყო, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ ერთდროულად ა)არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი და ბ) უკანონოდ და დაუსაბუთებლად მოახდინა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება, რამაც არსებითად არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 12 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
5.3. მოსარჩელე 2012 წლიდან იმყოფებოდა იტალიაში და სხვადასხვა ქალაქში დროებით სამუშაოებზე იყო დასაქმებული. 2021 წლის აგვისტოში კი, უდინეში არალეგალურად ცხოვრობდა და მუშაობდა, კერძოდ, ნ.რ–ის სახელით, ლიეტუვის რესპუბლიკის პირადობის მიწმობას იყენებდა.
5.4. იტალიაში ყოფნისას მოსარჩელე დროდადრო ე.წ. „სწრაფ ლატარიას“ თამაშობდა, რაც ბილეთის გადაფხეკას გულისხმობდა.
5.5. 2021 წლის იანვარში მოსარჩელემ ლატარიაში - 1000 ევრო მოიგო და მოპასუხის დახმარებით გაანაღდა.
5.6. მოსარჩელეს 2021 წლის 24 აგვისტოს ხელფასი დაერიცხა (დასაქმების სააგენტოში ც.მ–ის საბანკო ანგარიში ჰქონდა მითითებული). იმავე წლის 25 აგვისტოს კი, კუთვნილი ფულადი სახსრებით 10 - ევროიანი ხუთი ბილეთი შეიძინა, საიდანაც ერთ-ერთი მომგებიანი აღმოჩნდა, მოგებული თანხა - 2 000 000 ევროა.
5.7. 2021 წლის 25 აგვისტოს მხარეებმა ც.მ–თან ერთად მომგებიანი ბილეთი ბანკში წარადგინეს, სადაც დადასტურდა, რომ თანხა მოგებული იყო. ბილეთის წარდგენიდან მეორე დღეს, მხარეები ბანკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას დაესწრნენ.
5.8. მოსარჩელემ თანხის განაღდებაში დახმარება მოპასუხეს სთხოვა და ლატარიის ბილეთით მოგებული 2 000 000 ევროდან 20%-ის დაქვითვის შემდეგ -1 600 000 ევრო, 2021 წლის 16 სექტემბერს სს „ი.ს–ში“ მოპასუხის საბანკო ანგარიშზე დაირიცხა.
5.9. 2021 წლის 30 სექტემბერს მოპასუხემ საბანკო ანგარიშიდან - 668 279.75 ევრო გახარჯა.
5.10. 2022 წლის 20 იანვრის ჩათვლით მოპასუხემ მოსარჩელის ოჯახის წევრებს ჯამურად - 240 000 ევრო ჩაურიცხა, სახელდობრ, 2021 წლის 15 ოქტომბერს მოსარჩელის მეუღლეს, ა.გ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის მეუღლე) - 60 000 ევრო, 2021 წლის 16 ნოემბერს - მოსარჩელის შვილიშვილს, დ.ტ–ს - 60 000 ევრო, 2021 წლის 23 დეკემბერს მოსარჩელის შვილს, ი.გ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის შვილი) - 60 000 ევრო, ხოლო 2022 წლის 19 იანვარს მოსარჩელის ოჯახის მეგობარს, ი.გ–ს - 60 000 ევრო.
5.11. მოპასუხე 2021 წლის ბოლოს, დედის გარდაცვალების გამო, საქართველოში დაბრუნდა.
5.12. მოსარჩელის მეუღლეს 2022 წლის დასაწყისში ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. 2022 წლის 14 მაისისდან იმავე წლის 27 მაისის ჩათვლით შპს „კ.კ.გ–ი“ მკურნალობდა. გართულებული ჯანმრთელობის გამო, მუდმივ სამედიცინო გამოკვლევებსა და მკურნალობას საჭიროებდა.
5.13. მოსარჩელის შვილის დიაგნოზია - ლოკალიზებული სიმპტომური ეპილეფსია და ეპილეფსიური სინდრომები რთული პარციული გულყრებით. პაციენტი აღრიცხვაზეა ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ეპილეფსიის დეპარტამენტში. 2022 წლის მაისში, ღვიძლის მარცხენა წილის სიმსივნური წარმონაქმნის ამოსაკვეთად ოპერაცია გაუკეთდა. საჭიროებს უწყვეტ მედიკამენტურ მკურნალობას.
5.14. მოპასუხემ 2021 წლის 27 სექტემბერს თბილისში, ............ მდებარე 222 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 94.3 კვ.მ. შენობა - 103 000 აშშ დოლარად შეიძინა, ს/კ-ით #.........
5.15. თბილისში, ..........., მდებარე 103 კვ.მ #9 ბინა, მოპასუხემ 2021 წლის 27 სექტემბერს - 120 000 აშშ დოლარად შეიძინა, ს/კ-ით # .............
5.16. 2021 წლის 29 სექტემბერს მოპასუხემ ბორჯომში, ........./„დ–ი“ - 105 000 აშშ დოლარად მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 112.40 კვ.მ შენობა შეიძინა, ს/კ-ით # ..........
5.17. მოპასუხემ 2021 წლის 15 ოქტომბერს - 105 000 აშშ დოლარად თბილისში, ........., 1-ელ სადარბაზოში, მე-7 სართულზე, 98.70 კვ.მ, #29 ბინა (მშენებარე) შეიძინა, ს/კ-ით #...........
5.18. 2022 წლის 26 ნოემბერს მოპასუხემ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ........., მე-5 სართულზე აპარტამენტის ტიპის სასტუმროში - 59.26 კვ.მ შეიძინა, ს/კ-ით #...........
5.19. 2022 წლის 30 დეკემბერს მოპასუხემ გარდაბნის რაიონში, სოფელ ........ - 50 000 აშშ დოლარად, 4 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინა, თითოეული - 1000 კვ.მ, ს/კ-ებით #.........; #..........; #.......... და #...........
5.20. 2023 წლის 7 მარტს მოპასუხემ - 55 000 აშშ დოლარად თბილისში, ........., 49.38 კვ.მ N1 ბინა შეიძინა, ს/კ-ით # ...........
5.21. 2023 წლის 5 ივნისს მოპასუხემ თბილისში, ........., მშენებარე #2 კორპუსში, მე-6 სართულზე, 60.20 კვ.მ #27 ბინა, (ს/კ-ით # .........) შეიძინა. მოპასუხემ იმავე მისამართზე 23.40 კვ.მ #26 ავტოსადგომიც (ს/კ-ით #........) შეიძინა, ნასყიდობის საფასური - 8100 აშშ დოლარია.
5.22. მოსარჩელის შვილის სახელზე რამდენიმე უძრავი ქონება ირიცხება, რომელთა საკადასტრო კოდებია: #.......... (შეძენის თარიღი 13.12.2021 წელი); #.......... (შეძენის თარიღი 25.01.2022 წელი); #......... (შეძენის თარიღი 26.01.2022 წელი); #........ (შეძენის თარიღი 25.02.2022 წელი).
5.23. მოპასუხეს 2022 წლის 20 იანვრიდან - 2022 წლის 29 ივლისამდე მოსარჩელისათვის თანხა არ ჩაურიცხავს.
5.24. მხარეებს შორის 2022 წლის 29 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების პრეამბულაში აღნიშნულია, რომ 2021 წელს იტალიაში ლატარიის ბილეთით მოგებული - 2 000 000 ევროდან, მოპასუხის საბანკო ანგარიშზე ჯამურად - 1 600 000 ევრო ჩაირიცხა. მხარეებს სურთ, რომ აღნიშნული თანხის განაწილების, საკუთრებაში გადაცემისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი სამართლებრივად წინამდებარე შეთანხმებით მოწესრიგდეს. მხარეები ადასტურებენ, რომ ზემოაღნიშნული თანხიდან მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა, ხოლო მოსარჩელემ ჯამურად - 240 000 ევრო მიიღო.
5.24.1. მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: მოპასუხე მოსარჩელეს დამატებით - 560 000 ევროს გადასცემს. მხარეთა შეთანხმებით, მოპასუხეს - 1 600 000 ევროდან 800 000 ევრო მიეკუთვნა, საიდანაც მოპასუხე ვალდებულია, გადაიხადოს ყველა სახის, მათ შორის - მოსარჩელის კუთვნილი თანხის შესაბამის საბანკო დაწესებულებაში განთავსების, შენახვასა და გადარიცხვასთან დაკავშირებით არსებული გადასახადები.
5.24.2. მოპასუხე ვალდებულია - 560 000 ევრო მოსარჩელეს უსწრაფესად, პირველივე შესაძლებლობისთანავე, იტალიის შესაბამისი საბანკო დაწესებულების სავალდებულო პროცედურებისა და რეგულაციების გათვალისწინებით გადასცეს (იხ. შეთანხმების 2.1. პუნქტი).
5.24.3. მოპასუხე იტალიაში ჩასვლისთანავე მიმართავს შესაბამის საბანკო დაწესებულებას, აიღებს და არაუგვიანეს 2022 წლის აგვისტოს ბოლომდე მოსარჩელეს გადასცემს ოფიციალურ დოკუმენტს, ცნობას, სადაც მითითებული იქნება, მაქსიმალურად სწრაფი დრო, როდესაც მას შეეძლება მოსარჩელეს - 560 000 ევრო გადაურიცხოს.
5.24.4. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შორის სამომავლო დავას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა (იხ. შეთანხმების 6.2 მუხლი).
5.25. 2022 წლის 29 ივლისის შეთანხმების შემდგომ, მოპასუხემ მოსარჩელეს იტალიიდან გადაურიცხა: 17.08.2022 წელს - 50 000 ევრო, 15.09.2022 წელს - 50 000 ევრო, 18.10.2022 წელს - 50 000 ევრო, 23.11.2022 წელს - 50 000 ევრო, 16.12.2022 წელს - 50 000 ევრო. ხოლო საქართველოში განხორციელებულია შემდეგი გადარიცხვები: 20.01.2023 წელს - 25 000 ევრო, 20.01.2023 წელს - 25 000 ევრო, 20.04.2023 წელს - 25 000 ევრო, 20.04.2023 წელს - 25 000 ევრო, 20.04.2023 წელს - 25 000 ევრო, 20.04.2023 წელს - 25 000 ევრო და 23.05.2023 წელს - 100 000 ევრო; საბოლოოდ, 2022 წლის 29 ივლისის შემდგომ, მოსარჩელეს - 500 000 ევრო გადაეცა.
5.26. მოპასუხემ მოსარჩელეს ჯამურად - 740 000 ევრო გადასცა.
5.27. დასაბრუნებული თანხა - 660 000 ევროა.
5.28. მოპასუხეს მოსარჩელესთან და მის ოჯახის წევრებთან მიმოწერისას და არც შემდგომ საქმის განხილვისას სარჩელზე სხვადასხვა დროს წარდგენილ შესაგებელში მოგებული თანხის კუთვნილებასთან მიმართებით, მოსარჩელისგან განსხვავებული მოსაზრება არ გამოუთქვამს და მხოლოდ 2023 წლის 30 ნოემბერს წარდგენილ დაზუსტებულ შესაგებელში მიუთითა, რომ თანხა მან მოიგო.
5.28.1. მოპასუხის განცხადების საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2023 წლის 27 ოქტომბრის ოქმით, პროგრამა ,,Messenger-ში“ არსებული მიმოწერა დაფიქსირდა, კერძოდ, მოსარჩელის მიმართ მოპასუხის 2022 წლის 17 თებერვლის პასუხში მითითებულია - ,,ახლა მე არ მეკითხება არავის ხარჯები, მაგრამ 240 000 ცოტა არაა პრობლემები მოიგვარო და მე არ მომთხოვო, რომ ჩემი გეგმები და პრობლემები გადავდო და თავი ხიფათში ჩავიგდო“;
5.28.2. მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, ფაქტების კონსტატაციის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2024 წლის 18 იანვრის ოქმით, პროგრამა ,,Messenger-ში“ არსებული კიდე ერთი მიმოწერა დაფიქსირდა, სახელდობრ, 2022 წლის 2 ივნისის მიმოწერაში მოსარჩელე მოპასუხეს წერს: „... იმედია ჩამოხვალ ივნისის ბოლოს და ჩავამთავროთ ეს საქმე ჩემი მოგებული ფული მე დამიბრუნდეს და მერე არავინ აღარ შეგაწუხებს თუ ასე გსურს“; აღნიშნულზე მოპასუხის პასუხი: „... შევწუხდი, ჩემს სახელზე რომ არის, ეს ჩემთვის პატივი არაა...“;
5.28.3. ფაქტების კონსტატაციის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2024 წლის 27 ოქტომბრის ოქმით, მოპასუხის განცხადების საფუძველზე პროგრამა ,,Messenger-ში“ მოსარჩელის შვილთან ქ.გ–თან არსებული მიმოწერა დაფიქსირდა. 2022 წლის 10 აგვვისტოს მიმოწერაში მოსარჩელის შვილი მოპასუხეს წერს: „გაღმა შემოდავების პოლიტიკას ნუ იყენებ, ვის უნდა დახმარებოდი? დედას მოგებული ფულით ჩვენ უნდა დაგვეხმარო? შენ დედას ნდობა ბოროტად გამოიყენე დადექი და ბინების შეძენა დაიწყე.....რა გინდოდა არ გეყო დედამ რაც საჩუქრად დაგპირდა... მით უმეტეს იცოდი ჩემი ძმის და მამაჩემის ავადმყოფობები და უმძიმესი ოპერაციები და ქორწილები და ტაშ-ფანდურები არ დაიკელი ჩვენი კუთვნილი ფულით“, ,,... ყველა საბუთი ხელში გვიჭირავს და კანონს ელაპარაკე როგორც გვეხმარები დედას მიერ ლატარიაში მოგებული ფულით. დედას დაუკითხავად 5 წლიანზე შეიტანე ფული 300 ათასი... სიტყვა დახმარება ამოიღე ხმარებიდან ჩვენთან მიმართებაში. ჩვენი ფული დააბრუნე, შენსას არაფერს გთხოვთ“;
5.29. მოსარჩელემ 2012 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 23 თებერვლამდე საზღვარი სსკგ „სარფის“ გავლით გადაკვეთა, კერძოდ, გავიდა - 2012 წლის 17 თებერვალს, შემოვიდა - 2022 წლის 20 ივნისს (იხ. სშსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემები).
5.30. მოპასუხემ 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 22 ნოემბრამდე საქართველოს საზღვარი სსკგ თბილისის აეროპორტის და სსკგ ქუთაისის აეროპორტის გავლით გადაკვეთა, კერძოდ ფიქსირდება: 06.07.2021 წელს - შემოსვლა, 05.08.2021 წელს - გასვლა, 20.11.2021 წელს - შემოსვლა, 12.08.2022 წელს - გასვლა, 28.12.2022 წელს - შემოსვლა - 22.04.2023 წელს - გასვლა, 14.10.2023 წელს - შემოსვლა (იხ. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემები).
5.31. 2023 წლის 18 იანვარს მოპასუხის შვილი - ნ.ჩძე საქართველოში, კერძოდ, თბილისში დაიბადა.
5.32. 2021 წლის 25 აგვისტოს თანხა ლატარიაში მოსარჩელემ მოიგო და იგი მოგებული თანხის მესაკუთრეა.
5.33. იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მომგებიანი ბილეთი მოსარჩელემ მოპასუხის თანხით შეიძინა, საქმეში არ წარდგენილა.
5.34. მხარეებს შორის 2022 წლის 29 ივლისს გაფორმებული შეთანხმებას მოსარჩელის ნამდვილი ნების გამოვლენა არ უდევს საფუძვლად. ამასთან, იგი საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს არ შეესაბამება.
6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე - მორალური ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილია. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს.
7. სსკ-ის მე-8 მუხლის თანახმად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგორც სამეწარმეო, ასევე - არასამეწარმეო, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის პირების მიმართ. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. „მუხლის მიზანი არის, ერთი მხრივ, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა წრის განსაზღვრა, ხოლო მეორე მხრივ, ამ ურთიერთობის მონაწილეთა ქცევის შეფასების უნივერსალური შეფასების დადგენა“ (იხ. ლ. ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I., მუხლი 8., თბ., 2017, ველი 1-ლი).
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპი დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, მიუკერძოებლობას, ობიექტურობას, სამართლიანობასა და სხვა.
8. ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. საბაზრო ეკონომიკაზე მორგებული კერძო სამართლის ჩამოყალიბების პროცესში განსაკუთრებით გამოიკვეთა ,,კეთილსინდისიერების” მნიშვნელობა. განვითარებული ქვეყნების სამართალში იგი წარმოადგენს მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედს. ქართულ სამოქალაქო სამართალშიც იმავე მიზანს ემსახურება კეთილსინდისიერების, როგორც სამართლებრივი ფასეულობის შემოღება. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. „კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რითაც მიღწეულ უნდა იქნეს სამოქალაქო ურთიერთობის სტაბილურობა და სიმყარე“ (შდრ. სუსგ №ას-23-18-2011, 24.05.2011წ).
კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის საერთო მიმართულებასაც. ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველი. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა.
9. კეთილსინდისიერების პრინციპი დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, მიუკერძოებლობას, ობიექტურობას, სამართლიანობასა და სხვ. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. გარიგების მართლსაწინააღმდეგობისა და ამორალურობის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა მხარეთა ნებას ენიჭება, თუმცა, აუცილებელი არ არის მხარეთა ნება თანმხვედრი იყოს, ანუ გარიგების დადების ამორალური და მართლსაწინააღმდეგო მოტივი და მიზანი ორივე მხარეს ამოძრავებდეს. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მიზნებისათვის საკმარისია გარიგების ერთ-ერთი მხარის არამართლზომიერი, ამორალური განზრახვა. სამართალურთიერთობის საფუძველი მორალურად ყოველთვის გამართლებული უნდა იყოს. აღნიშნული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართალურთიერთობის არსებობისას, როდესაც ამავე ურთიერთობის მხარეებს შორის ნდობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტი მაღალია.
10. არაკეთილსინდისიერი ქცევის დადგენა კონკრეტული ფაქტის შეფასების საკითხია და მოსამართლის მიერ უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. მოსამართლის მიერ წარმოებული შეფასების ეს პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და დიდ დაკვირვებას მოითხოვს, რადგან კეთილსინდისიერების მოთხოვნას არ გააჩნია აბსოლუტური უპირატესობა სახელშეკრულებო თავისუფლების მიმართ და დაუშვებელია ყოველი გადაწყვეტილების დასაბუთება აბსტრაქტული პრინციპების საფუძველზე. აუცილებელია ყოველი კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკურობის გათვალისწინება. კეთილსინდისიერების პრინციპი, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ზოგადსახელმძღვანელო პრინციპი, მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის არაერთ მუხლში. ამიტომაც, კეთილსინდისიერების პრინციპის შესაბამისად მოქმედების ვალდებულება არ შემოიფარგლება მხოლოდ სახელშეკრულებო სამართლით, არამედ იგი ამოსავალი და ფუნდამენტური ქცევის პრინციპია ზოგადად კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში. ამავდროულად, სამართალურთიერთობის საფუძველი მორალურად ყოველთვის გამართლებული უნდა იყოს.
11. სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ,,საჯარო წესრიგის“ ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები. ეს იმიტომ, რომ საჯარო წესრიგით დაცული სიკეთე საზოგადო ფასეულობისაა და მისი დარღვევა ძირს უთხრის საზოგადოების არსებობის საფუძვლებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ბათილად მიიჩნევს ამ წესრიგის საწინააღმდეგო გარიგებას. აქედან აშკარა ხდება, რომ სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლება შებოჭილია და გარკვეული საზოგადოებრივი ინტერესების ფარგლებშია მოქცეული. მაშასადამე, ყოფილა ურთიერთობანი, რაც არ შეიძლება იყოს მხოლოდ „კერძო ავტონომიის საქმე”.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი გამოყოფს „სამი სახის ფასეულობას“, რომელთა დარღვევა იწვევს გარიგების ბათილობას: კანონით დადგენილი წესი და აკრძალვა; საჯარო წესრიგი; ზნეობის ნორმები, ანუ გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი ფასეულობის დარღვევაც, როგორიცაა - ზნეობა. გარიგების ბათილობა არ შეიძლება იმაზე იყოს დამოკიდებული, იცოდნენ თუ არა გარიგების მონაწილეებმა, რომ ზნეობის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ. მთავარი პრობლემა არის იმის დადგენა, თუ რა არის ზნეობა და ზნეობის საწინააღმდეგო გარიგება. ზნეობასთან დაკავშირებით სსკ-ის 54-ე მუხლი შეიცავს ზოგად ნორმას, რომლის დაკონკრეტება სასამართლო პრაქტიკაზეა დამოკიდებული (იხ. ლ. ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I., მუხლი 54., თბ., 2017, ველი 31.)
13. ზოგადად ხელშეკრულებებში, შემოწმების საგანი არის არა გარიგების მონაწილეთა ქცევა ზნეობასთან მიმართებით, არამედ გარიგების შინაარსის მიმართება ზნეობასთან. შესაძლებელია გარიგების მოტივის ამორალურობა გარიგების ამორალურად მიჩნევასაც დაედოს საფუძვლად. არსებითია არა ის, თუ რამდენად იცოდნენ გარიგების მონაწილეებმა, რომ ზნეობის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, არამედ ის, თუ რა შინაარსის გარიგება დადეს მათ. ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ გარიგების ზნეობის საწინააღმდეგოდ მიჩნევისთვის სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაკვლევია და სამართლებრივად უნდა შეფასდეს არა გარიგების მონაწილეთა სუბიექტური ქცევა/ქმედება, არამედ თავად გარიგების შინაარსი ობიექტურად რამდენად შეესაბამება ზნეობის ნორმებს, სწორედ ამით განსხვავდება სსკ-ის 54-ე მუხლში მოცემული გარიგების ბათილობის სამი ალტერნატიული წინაპირობა ერთმანეთისაგან: 1. არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს (ამ შემთხვევაში კანონის კონკრეტული დანაწესის გარდა, მნიშვნელოვანია გარიგების მონაწილეთა ქცევა/ქმედებაში სუბიექტური ელემენტის კვლევა გარიგების შინაარსთან მიმართებით) 2. ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს (კონკრეტულ დანაწესზე უნდა იქნეს მითითებული, ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია შეფასდეს გარიგების მხარეთა სუბიექტური დამოკიდებულება); 3. ზნეობის ნორმებს (როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, შესაფასებელია გარიგების შინაარსის მიმართება ზნეობის ნორმებთან და არა სუბიექტურად კონტრაჰენტთა სუბიექტური ცოდნა და შეხედულება, თუ რა შეიძლება იქნეს მიჩნეული ზნეობის საწინააღმდეგოდ).
14. განსახილვეელ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის ძირითადი საგანია ინდივიდის მიერ მოგებული თანხის სხვა სუბიექტისთვის თანაბრად გაყოფის შესახებ შეთანხმება სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის ჭრილში ეწინააღმდეგება თუ არა მორალურ იმპერატივებსა და მოსარჩელის ინტერესებს; განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც თავად მოსარჩელე სადავოდ ხდიდა ხელშეკრულებას საკუთარი ნების არანამდვილობის გამო და თანხის ჩარიცხვის შეწყვეტისა და ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილი) უმძიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უთითებდა. ამასთან, საყურადღებოა თავად მოპასუხის პოზიციაც, რომელიც აცხადებდა, რომ სადავო შეთანხმებაზე ხელმოწერა არ სურდა.
14.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე 2012 წლიდან იმყოფებოდა იტალიაში და სხვადასხვა ქალაქში დროებით სამუშაოებზე იყო დასაქმებული. 2021 წლის აგვისტოში კი, უდინეში არალეგალურად ცხოვრობდა და მუშაობდა, კერძოდ, ნ.რ–ის სახელით, იყენებდა ლიეტუვას რესპუბლიკის პირადობის მიწმობას.
14.2. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს 2021 წლის 24 აგვისტოს ხელფასი ჩაერიცხა (დასაქმების სააგენტოში ც.მ–ის საბანკო ანგარიში ჰქონდა მითითებული). იმავე წლის 25 აგვისტოს კი, კუთვნილი ფულადი სახსრებით 10 - ევროიანი ხუთი ბილეთი შეიძინა, საიდანაც ერთ-ერთი მომგებიანი აღმოჩნდა, მოგებული თანხა - 2 000 000 ევროა.
14.3. ისიც დადასტურებულია, რომ მოსარჩელემ თანხის განაღდებაში დახმარება მოპასუხეს სთხოვა, შედეგად ლატარიის ბილეთით მოგებული 2 000 000 ევროდან 20%-ის გადახდის შემდეგ -1 600 000 ევრო, 2021 წლის 16 სექტემბერს სს „ი.ს–ში“ მოპასუხის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა.
14.4. დადგენილია, რომ 2022 წლის 20 იანვრის ჩათვლით მოპასუხემ მოსარჩელის ოჯახის წევრებს ჯამურად - 240 000 ევრო ჩაურიცხა. ხოლო 2022 წლის 20 იანვრიდან - 2022 წლის 29 ივლისამდე მოპასუხეს მოსარჩელისათვის თანხა არ ჩაურიცხავს.
14.5. მოსარჩელის მეუღლეს 2022 წლის დასაწყისში ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, იგი 2022 წლის 14 მაისისდან იმავე წლის 27 მაისის ჩათვლით შპს „კ.კ.გ–ში“ მკურნალობდა და გართულებული ჯანმრთელობის გამო, მუდმივ სამედიცინო გამოკვლევებსა და მკურნალობას საჭიროებდა.
14.6. მოსარჩელის შვილის დიაგნოზია - ლოკალიზებული სიმპტომური ეპილეფსია და ეპილეფსიური სინდრომები რთული პარციული გულყრებით. პაციენტი აღრიცხვაზეა ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ეპილეფსიის დეპარტამენტში. 2022 წლის მაისში, ღვიძლის მარცხენა წილის სიმსივნური წარმონაქმნის ამოსაკვეთად ოპერაცია გაუკეთდა. საჭიროებს უწყვეტ მედიკამენტურ მკურნალობას.
14.7. დადგენილია, რომ მხარეებმა 2022 წლის 29 ივლისს ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ რომ მოპასუხე მოსარჩელეს დამატებით - 560 000 ევროს გადასცემს. მხარეთა შეთანხმებით მოპასუხეს - 1 600 000 ევროდან 800 000 ევრო მიეკუთვნა.
15. საკასაციო სასამართლო მოპასუხის/კასატორის ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლზე, რომლის მიხედვით, გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია, მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
15.1. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
15.2. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
15.3. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.
15.4. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ.
ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2025 წლის 25 აგვისტოს ქალაქ უდინეში ბილეთის საკუთარი ხარჯით შეძენისა და მისი გამოყენებით თანხის მოგების ფაქტი, მოსარჩელეს ეკისრებოდა. მან აღნიშნულს წარმატებით გაართვა თავი (იხ. დასაქმებისა და ხელფასის დარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულებები). საწინააღმდეგო გარემოების მტკიცება მოპასუხეს ევალებოდა. მან კი, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო, სახელდობრ, იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მომგებიანი ბილეთი მოსარჩელემ მოპასუხის თანხით შეიძინა, საქმეში არ წარდგენილა.
17. ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში დაცული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მხარეებს შორის 2022 წლის 29 ივლისს გაფორმებული შეთანხმება ამორალური გარიგების ერთ-ერთი კლასიკური შემთხვევაა, რაც ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ცივილიზებულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობის ნორმებს, არღვევს საზოგადოებრივ მართლწესრიგს, რის გამოც იგი მართებულად იქნა მიჩნეული ბათილ გარიგებად. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთ მოგებული თანხის ნახევრის სხვა სუბიექტისთვის გადაცემა ყოველგვარ გონივრულ თუ ლოგიკურ საფუძველსაა მოკლებული.
ამავდროულად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მხარეთა განმარტებები არ ქმნიან ერთ მთლიან ლოგიკურ ჯაჭვს, რომელიც სადავო გარიგებას თავისუფალი და ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებად აქცევს.
ამასთან, სადავო ხელშეკრულების შინაარსი, მისი შედგენის წინსმწრები მოვლენები, მოსარჩელის საზღვარგარეთ მუშაობის და ცხოვრების რეალური სურათი, რომლის შესახებაც განჩინებაში უკვე იყო საუბარი, ასევე სადავო ხელშეკრულებისგან გამომდინარე არასტანდარტული შედეგი, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილე პირების კეთილსინდისიერი ქცევის ნორმებს და არ ესადაგება იმ ზნეობრივ ღირებულებებს, რომლებიც საბოლოოდ განაპირობებს საზოგადოებრივ მართლწესრიგს, სამოქალაქო ბრუნვის სიმყარესა და უსაფრთხოებას.
დასახელებული მსჯელობა სრულად ესადაგება მოსარჩელის მტკიცებას, რომლის მიხედვით, მისი ნება აღნიშნული გარიგების დადებისას არ იყო საკუთარი ინტერესების შესატყვისი, არ იქნა გამოვლენილი თავისუფლად და ის მხოლოდ კონკრეტულ ვითარებაში შექმნილი გადაულახავი გარემოებების შედეგი იყო.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას დასტურდება მოსარჩელის ნების ნამდვილობის დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა, თანხის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს, ბათილი გარიგების შემთხვევაში, წარმოშობს კონდიქციური ვალდებულებები, კერძოდ - 976-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლების წინაპირობებია: ა) მიმღებისათვის რაღაცის გადაცემა (გადაცემა წარმოადგენს მოქმედებას, როდესაც მიმღებს გადაეცემა ან მის მიმართ განხორციელდება გარკვეული სახის შესრულება შეგნებულად და ნებაყოფლობით); ბ) შესრულების სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა; გ) მიმღების გამდიდრება.
19. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის უნდა ვლინდებოდეს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა.
20. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რისი შედეგია უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის თუ მესამე პირთა მოქმედების ან განხორციელდა მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათი მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას.
კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, ასევე, აუცილებელია გამდიდრება სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე იზრდება.
უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე.
21. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ჯამურად - 740 000 ევრო გადასცა, ხოლო - 660 000 ევრო არ დაუბრუნებია. ასევე დადგენილია, რომ თანხის განაღდებაში დახმარებისთვის მოსარჩელემ მოპასუხეს - 200 000 ევრო საჩუქრის სახით გადასცა. შესაბამისად, მოპასუხეს მოგებული თანხიდან მოსარჩელის კუთვნილი - 660 000 ევრო არ დაუბრუნებია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მოპასუხის ქონება შესაბამისი კანონიერი საფუძვლის გარეშე გაიზარდა მოსარჩელის ხარჯზე. აღნიშნული კი, უსაფუძვლოდ შეძენილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის/მოსარჩელისათვის გადაცემის უპირობო საფუძველია.
22. კასატორის ძირითადი პრეტენზია საქართველოს სასამართლოების იურისდიქციის საკითხს ეხება, რასაც საკასაციო ასევე სასამართლო უარყოფს და მის ყურადღებას „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის მე-8 (საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი), მე-9 (საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ იმ შემთხვევაში, თუ: ა) მოპასუხე რამდენიმე პირია და ერთ-ერთ მათგანს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს; ბ) ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ადგილი საქართველოა; გ) სარჩელი ეხება მართლსაწინააღმდეგო ან მასთან გათანაბრებული ქმედებით მიყენებულ ზიანს და ასეთი ქმედების ჩადენა ან ზიანის მიყენება საქართველოში მოხდა; დ) დავა ეხება იმ საწარმოს ფილიალს, რომლის რეზიდენციაც საქართველოშია; ე) მამობის დადგენის ან ალიმენტის გადახდის საქმეებზე ბავშვის ან ალიმენტის მიმღების საცხოვრებელი ადგილი ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოშია; ვ) სარჩელის საგანია სამემკვიდრეო უფლების დადგენა, სამკვიდრო ქონების გაყოფა და მამკვიდრებელს გარდაცვალებისას საცხოვრებელი ადგილი, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან სამკვიდრო ქონება საქართველოში ჰქონდა), მე-17 (თუ საქართველოს კანონმდებლობა საქმის წარმოების შიდა კომპეტენციას არ ითვალისწინებს და ამავე დროს შეუძლებელია საქმის აღძვრა უცხო ქვეყანაში, ან საქმის გარემოებებიდან გამომდინარე პროცესის იქ წარმოებას აზრი არა აქვს, კომპეტენტურია საქართველოს იმ ტერიტორიაზე არსებული სასამართლო, სადაც უცხო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდა საბოლოო საცხოვრებელი ადგილი ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი) და 35.1. (სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, კერძოდ, ხელშეკრულებათა განმარტება, შესრულება, შეწყვეტა, აგრეთვე ბათილობის შედეგები, ვალდებულებათა დარღვევა, წინასახელშეკრულებო და ხელშეკრულების შემდგომი ვალდებულებების დარღვევის ჩათვლით, წესრიგდება მხარეების მიერ არჩეული ქვეყნის სამართლით) მუხლებზე გაამახვილებს და აღნიშნავს, რომ თანამედროვე სამართლებრივი დოქტრინითა და სასამართლო პრაქტიკით საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალში ბატონობს მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი. აღნიშნული პრინციპის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს თავად შეუძლიათ აირჩიონ ხელშეკრულებაში გამოსაყენებელი სამართალი. ამ პრინციპმა საკანონმდებლო განმტკიცება ჰპოვა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლში, რომლის შესაბამისად, სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, კერძოდ, ხელშეკრულებათა განმარტება, შესრულება, შეწყვეტა, აგრეთვე ბათილობის შედეგები, ვალდებულებათა დარღვევა, წინასახელშეკრულებო და ხელშეკრულების შემდგომი ვალდებულებების დარღვევის ჩათვლით, წესრიგდება მხარეების მიერ არჩეული ქვეყნის სამართლით.
22.1. ძირითადი მოთხოვნა, რითაც მხარეები ხელშეკრულებაში გამოსაყენებელი სამართლის არჩევისას უნდა ხელმძღვანელობდნენ, არის ის, რომ სამართლის არჩევა წარმოდგენილი უნდა იყოს ნათლად გამოხატული ფორმით (იხ. ზ. გაბისონია, ქართული საერთაშორისო კერძო სამართალი, თბილისი, 2016, გვ. 226-227).
22.2. დადგენილია, რომ კასატორი/მოპასუხე 2021 წლის ბოლოს, დედის გარდაცვალების გამო, საქართველოში დაბრუნდა.
22.3. ასევე დადგენილია, რომ კასატორის/მოპასუხის შვილი ნ.ჩ–ძე - 2023 წლის 18 იანვარს საქართველოში, კერძოდ, თბილისში დაიბადა.
22.4. დადგენილია ისიც, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე არაორაზროვნად იკვეთება მხარეთა ნება - დავის შემთხვევაში სადავო საკითხი საქართველოს სამართლის გამოყენებით იქნეს განხილული (მხარეთა შორის სამომავლო დავას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა იხ. შეთანხმების 6.2 მუხლი).
22.5. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის გადასაწყვეტად სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამართალი და მთლიანობაში საქართველოს საერთო სასამართლოების იურისდიქციის შეცილება არ გამომდინარეობს ზემომითითებული კანონის და მხარეთა შეთანხმების დებულებებისგან.
უმნიშვნელოვანესია გავიაზროთ, რომ მოცემული საკითხის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 6.2. მუხლს ენიჭება. ამდენად, მოცემული გარემოება, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის მე-8, მე-9 და 35-ე მუხლებზე მითითებით კასატორის პრეტენზიას სრულად აცლის საფუძველს (შდრ. სუსგ. #ას-1016-2021, 20.09.2022წ; #ას-493-2020, 31.05.2021; #ას-287-2020,16.09.2020წ; ) .
23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
24. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
26. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ.ც–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6 000 ლარის (საგადახდო დავალება #45538026161, გადახდის თარიღი 23.03.2026წ), 70% - 4200 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ლ.ჩ–ს (ს/ნ ........) დაუბრუნდეს დ.ც–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6 000 ლარის (საგადახდო დავალება #45538026161, გადახდის თარიღი 23.03.2026წ), 70% - 4200 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია