დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 04.08.2026
საქმის ნომერი
ას-868-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.08.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-868-2026

4 აგვისტო, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - ლევან ნემსაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა.ა–(მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.კ–ი“ (სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე, მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 30 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ტ.კ–ის“ (ს/ნ ........; სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე) სარჩელი. მოპასუხე ა.ა–ს (პ/ნ ..........) შპს „ტ.კ–ის“ (ს/ნ .........; სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის 01 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2 998.57 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1785.87 ლარი, პროცენტი - 543.48 ლარი და ჯარიმა - 669.22 ლარი.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 04 ნოემბრის განჩინებით მოპასუხე ა.ა–ის საჩივარი, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2025 წლის 30 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2025 წლის 30 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 მარტის განჩინებით ა.ა–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 30 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2025 წლის 04 ნოემბრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 3 ივლისის განჩინებით ა.ა–ს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. აღნიშნული განჩინება კასატორის ადვოკატის ოჯახის წევრს ჩაბარდა 2026 წლის 8 ივლისს.

2026 წლის 16 ივლისს (კორესპონდენცია ფოსტაში ჩაბარებული იქნა 14.07.2026 წელს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) კასატორის ადვოკატმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის 3 დღით გაგრძელება იმ მოტივით, რომ ხარვეზის განჩინება ჩაბარდა ადვოკატის ოჯახის წევრს - დედას, თავად წარმომადგენელს კი სასამართლო გზავნილი გადაეცა მოგვიანებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 24 ივლისის განჩინებით კასატორის მოთხოვნა ხარვეზის შევსების ვადის 3 დღით გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა; ა.ა–ს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 3 დღით და დაევალა მას აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2026 წლის 27 ივლისს. კასატორს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა.ა–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება და უზრუნველყონ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება – უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, თუმცა სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია შეიზღუდოს. ამდენად, სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 24 ივლისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი 2026 წლის 27 ივლისს სსსკ-ის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 368-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 399-ე მუხლის შესაბამისად, სატელეფონო აქტის მეშვეობით ეცნობა კასატორის წარმომადგენელს - ე.ა–ძეს (იხ.: მინდობილობა, ტ.II, ს.ფ. 12-13; სატელოფონო აქტი - ტ. II, ს.ფ 77).

სსსკ–ის 60–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 3 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2026 წლის 28 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 30 ივლისს, რომელიც იყო სამუშაო დღე - ხუთშაბათი. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2026 წლის 30 ივლისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის. კასატორმა განცხადება და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ქვითრის დედანი საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოსადგენად ფოსტაში ჩააბარა 2026 წლის 31 ივლისს, ხარვეზის შევსების ვადის გასვლის შემდეგ.

სსსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა.ა–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ–ის 396–ე მუხლის თანახმად, ვინაიდან, კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო მისთვის დადგენილი ხარვეზი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეცხრე კარით განსაზღვრულ საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399–ე, 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ა–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. ა.ა–ს (პ/ნ ..........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით (საგადასახდო დავალება # 2963337844, გადახდის თარიღი 31.07.2026).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლევან ნემსაძე