დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-776-2026 10 სექტემბერი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ჰ.ქ–ი (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.გ–ვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით გ.გ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ჰ.ქ–ის მოსარჩელე გ.გ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა 164,08 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. მოპასუხე ჰ.ქ–ის მოსარჩელე გ.გ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის 1 დეკემბრიდან ყოველთვიურად - 60,11 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ჰ.ქ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ.გ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ჰ.ქ–ის მოსარჩელე გ.გ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა 2021 წლის 23 დეკემბრიდან, წლიურად 7100 აშშ დოლარის 3%-ის ექვივალენტი ლარის გადახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
4. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ჰ.ქ–იმ წარადგინა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 19 ივნისის განჩინებით ჰ.ქ–ის საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 07 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: დასაბუთებული საკასაციო საჩივრის დედანი უფლებამოსილი პირის მიერ პირადი ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერითა და დაზუსტებული საკასაციო მოთხოვნის (კასაციის განაცხადი) მითითებით და დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 და არაუმეტეს 6 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ჰ.ქ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
10. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
11. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
12. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
13. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
14. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 19 ივნისის განჩინება კასატორის წარმომადგენელს, გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და გზავნილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, ჩაჰბარდა კასატორის წარმომადგენელს, ლევან ხელხელაურს, პირადად 2026 წლის 07 ივლისს. (მინდობილობა წარმოდგენილია საქმეში, ტ.1. ს.ფ. 175-179). შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 07 (შვიდი) დღიანი ვადის დენა დაიწყო 2026 წლის 08 ივლისს და ამოიწურა 2026 წლის 14 ივლისს. ამდენად, კასატორს ხარვეზი უნდა შეევსოთ 2026 წლის 14 ივლისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ განსაზღვრული ვადის ფარგლებში მხარის მიერ არ მომხდარა ხარვეზის შევსება, ან შესაბამისი სახის შუამდგომლობის დაყენება, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
16. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჰ.ქ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მირანდა ერემაძე