დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 24.09.2026
საქმის ნომერი
ას-812-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-812-2026 24 სექტემბერი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „რ–ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.კ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 1 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბ.კ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შპს „რ–ოს“ დირექტორის 2025 წლის 25 მარტის ზეპირსიტყვიერი გადაწყვეტილება ბ.კ–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და მოსარჩელე - ბ.კ–ი აღდგენილ იქნა შპს „რ–ოში“ ჰორეკა გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე; შპს „რ–ოს“ ბ.კ–ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 4 542.88 ლარის ოდენობით (დასაბეგრი ოდენობა) 2025 წლის 1 აპრილიდან - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ამავე სასამართლოს 2026 წლის 6 თებერვლის განჩინებით კი, შპს „რ–ოს“ საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და მოცემულ საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2026 წლის 6 თებერვლის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მისი გაუქმება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 1 მაისის განჩინებით შპს „რ–ოს“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 1 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

5. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დაუდგინა ხარვეზი, ამასთან განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უკანონოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელი.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 6 აპრილის განჩინებით, იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი. ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა წარედგინა: 1) 2 180.58 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება (დედანი); 2) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია. 3) სათანადო უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დადასტურებული სააპელაციო საჩივარი. აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა 7 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან და კანონით დადგენილი წესით განემარტა, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

10. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.

11. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

12. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. იმავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში სასამართლო უწყების ჩამბარებელმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას.

13. საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებით, განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული არგუმენტები თუ პრეტენზიები, სააპელაციო სასამართლოს, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების საპირისპიროდ, ხოლო საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია.

14. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.

15. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

16. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 6 აპრილის განჩინება, შპს „რ–ოს“ ჩაბარდა 2026 წლის 16 აპრილს საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, .........., ოფისი N6. უფრო კონკრეტულად - საფოსტო უკუგზავნილით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 6 აპრილის განჩინება კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, რომელიც 2026 წლის 16 აპრილს ჩაბარდა მისამართზე: ქ. თბილისი, ............., ოფისი N6. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2026 წლის 17 აპრილს და ამოიწურა 2026 წლის 23 აპრილს. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მხარეს გონივრული ვადა ჰქონდა, რომ ხარვეზი აღმოეფხვრა, ან სასამართლოსთვის კანონით დადგენილი წესით გათვალისიწნებული განცხადებით მიემართა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტის (კერძო საჩივრის) წარმომადგენელს ხარვეზის შევსების შესახებ ან სხვა სახის განცხადებით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

18. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ-ები: №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2011წ.).

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 177.3-ე და 368.1-ე მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები).

21. ამრიგად, ვინაიდან, კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დაცვით, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „რ–ოს“ კერძო საჩივარი არ დაკამყოფილდეს;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 1 მაისის განჩინება;

3.განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე