დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 24.07.2026
საქმის ნომერი
ას-744-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

24 ივლისი, 2026 წელი,საქმე №ას-744-2026 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ქ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 3 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება, პირგასამტეხლოს ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის 30 ივლისს სს „თ.ბ–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი, დამსაქმებელი, ბანკი) და ნ.ქ–ძეს (შემდეგში - მოპასუხე, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) შორის შრომითი ხელშეკრულება (შემდეგში - შრომითი ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო, რომლითაც დასაქმებული მოსარჩელე ბანკში დასაქმდა. 2024 წლის 16 ოქტომბრიდან, მოპასუხის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება დარიცხულ 2 200 ლარს შეადგენდა.

2. შრომითი ხელშეკრულების მე-8 პუნქტით მხარეები შემდგომ დასაქმებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე შეთანხმდნენ, კერძოდ:

შრომითი ურთიერთობის ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში დამსაქმებლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ დაიწყოს მუშაობა სხვა ფინანსურ ინსტიტუტში ან/და რომელიმე ფინანსურ ინსტიტუტთან დაკავშირებულ საწარმოში (8.1.1 პუნქტი);

ირიბად ან/და უშუალოდ, რაიმე სახის მომსახურება არ გაუწიოს ამ ხელშეკრულების 8.1.1 ქვეპუნქტში ჩამოთვლილ პირებს, ისევე როგორც, ამ პირებთან ნებისმიერი ფორმით დაკავშირებულ ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს (8.1.2 პუნქტი);

დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობისას მიღებული ცოდნა, კვალიფიკაცია ან/და ინფორმაცია არ გამოიყენოს დამსაქმებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ (8.1.3. პუნქტით);

წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვის ამოქმედების მიზნებისთვის, დასაქმებული ვალდებულია, შრომითი ურთიერთობის ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში, ან გარიგების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ დასაქმებულის მიერ ინიცირებისთანავე, ასევე, შეწყვეტიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში, წერილობით აცნობოს დამსაქმებელს თავისი დასაქმების გეგმებისა და მათი ცვლილებების შესახებ (8.1.4 პუნქტი);

8.1.4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში ასევე დასაქმებულის სამუშაო ადგილის თაობაზე დამსაქმებლისათვის ნებისმიერი საშუალებით ასეთი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, დამსაქმებელი უფლებამოსილია გამოიყენოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვა ნებისმიერ დროს და არ დაიცვას ამ ხელშეკრულების 8.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადები (8.2 პუნქტი);

დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტიდან ან/და დასაქმებულის მიერ თავისი სამუშაო გეგმების შესახებ ინფორმაციის მიწოდებიდან 5 საბანკო დღის ვადაში, დასაქმებულს გადასცეს წერილობითი დოკუმენტი წინამდებარე ხელშეკრულებით აღწერილი შეზღუდვის ამოქმედების შესახებ (8.3 პუნქტით);

იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულების 8.3 პუნქტში აღნიშნულ ვადაში დამსაქმებელი არ გასცემს წერილობით დოკუმენტს შეზღუდვების ამოქმედების შესახებ, ჩაითვლება, რომ დამსაქმებელი არ იყენებს შეზღუდვის გამოყენების უფლებას. დამსაქმებელი უფლებამოსილია, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვის დაწესების შემდგომ, ნებისმიერ დროს გასცეს წერილობითი თანხმობა დასაქმებულისთვის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვის გაუქმების თაობაზე (8.4 პუნქტი);

იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი თანხმობას გასცემს კონკრეტულად რომელიმე სუბიექტთან შრომითი ან მსგავსი ურთიერთობის დამყარების თაობაზე, დასაქმებულს უფლება ექნება შესაბამის სახელშეკრულებო ურთიერთობაში შევიდეს მხოლოდ თანხმობაში მითითებულ პირთან, რაც იმას გულისხმობს, რომ სხვა პირებთან მიმართებით დამსაქმებელი უფლებას იტოვებს ისარგებლოს შეზღუდვის ამოქმედების უფლებით (8.5 პუნქტი);

შეზღუდვის მოქმედების განმავლობაში, დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ყოველთვიურ ანაზღაურებას, არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ხელფასის ოდენობით. აღნიშნული ანაზღაურება არ ვრცელდება წინამდებარე ხელშეკრულების 8.5 პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე (8.6 პუნქტი);

წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული დასაქმების შეზღუდვის პირობების (ხელშეკრულების 8.1-8.6 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების) შეუსრულებლობის შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია გადაუხადოს დამსაქმებელს პირგასამტეხლო დამსაქმებლისგან ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი სახის ანაზღაურების (მათ შორის: ხელფასი, ბონუსი, პრემია და სხვა) ტოლი ოდენობით, ასევე, უკან დაუბრუნოს დამსაქმებელს ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში მის სასარგებლოდ გაწეული ხარჯი, რომელიც დაკავშირებული იყო დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლებასთან (9.4 პუნქტი).

3. 2025 წლის 13 თებერვალს, დასაქმებულმა განცხადებით მიმართა ბანკს და 2025 წლის 1 მარტიდან დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება ითხოვა.

4. ბანკის 2025 წლის 27 თებერვლის განკარგულებით, პირადი განცხადების საფუძველზე 2025 წლის 1 მარტიდან დასაქმებული დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

5. 2025 წლის 1 მარტს მოპასუხემ მუშაობა დაიწყო სს „ლ.ბ–ში“ მიკროსესხების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე;

6. 2025 წლის 5 მარტს მოსარჩელემ დასაქმებულს წერილი გაუგზავნა და აცნობა, რომ მათ შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან - 2025 წლის 1 მარტიდან, 6 თვის ვადით, ბანკი უზღუდავდა სხვაგან დასაქმებას.

7. 2024 წლის მარტიდან - 2025 წლის მარტამდე პერიოდში, მოსარჩელე ბანკში, მოპასუხის, როგორც დასაქმებულის საერთო ჯამურმა შემოსავალმა დარიცხული 41 165.46 ლარი შეადგინა.

8. 2025 წლის 25 მარტს, დასაქმებულს მოსარჩელემ 1 724.8 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები) თანხა ჩაურიცხა, დანიშნულებით - „სხვა კომპანიაში დასაქმების შეზღუდვა“. გადახდა შეწყდა 2025 წლის აპრილიდან, მოპასუხის კონკურენტ დაწესებულებაში/ბანკში დასაქმების მოტივით.

9. დასაქმებულის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში მოსარჩელე ბანკმა შეიტანა, რომელმაც მის სასარგებლოდ მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით - 20 582.73 ლარისა და დასაქმების შეზღუდვისთვის მიღებული ანაზღაურების - დარიცხული 2 200 ლარის დაკისრება მოითხოვა.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:

10.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

10.2. მოსარჩელის სასარგებლოდ დასაქმებულს 1 724 ლარის გადახდა დაეკისრა;

10.3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 3 აპრილის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

12.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნა ჩამოაყალიბა:

მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებლის მიერ დასაქმების შეზღუდვის კანონით განსაზღვრულ ვადაში გამოუყენებლობის პირობებში, ამ უკანასკნელს შესაძლებლობა წაერთვა, რომ შეთანხმების პირობები მოგვიანებით აემუშავებინა. შესაბამისად, დასაქმებულის მხრიდან დასაქმების შეზღუდვის შესახებ ვალდებულების დარღვევა არ ვლინდება და მისთვის ფინანსური სანქციის/პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნა უსაფუძვლოა. აქედან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) 60.1, ასევე, საქართველოს 417-ე, 394.1, 408.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წინაპირობა, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში დამსაქმებლის სარჩელი ვერ დაკმაყოფილდებოდა.

12.2. მართალია, შრომითი ურთიერთობის დროს დამსაქმებელმა შესაძლოა ინვესტიცია ჩადოს დასაქმებულში და უზრუნველყოს მისი პროფესიული განვითარება, რის გამოც ამის საპასუხოდ შეუძლია მოსთხოვოს მას, არ გამოიყენოს დასაქმების დროს მიღებული ცოდნა და გამოცდილება სხვა კონკურენტ დამსაქმებელთან და ამის უფლებას სწორედ სშკ-ის მე-60 მუხლი ადგენს, თუმცა ამავე ნორმით ვიწროდაა განმარტებული ასეთი აკრძალვის ფარგლები - დამსაქმებელი ვალდებულია, აუნაზღაუროს დასაქმებულს შეზღუდვის შედეგად მიღებული დანაკლისი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონმდებელი განსაზღვრავს ვადას, რა ვადაშიც შესაძლებელია შეეზღუდოს დასაქმებულს დასაქმების უფლება. მითითებული ნორმის შინაარსიდან და მიზნებიდან გამომდინარე, როდესაც მხარეთა შორის დასაქმების შეზღუდვის შესახებ შეთანხმება არსებობს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელმა იმავდროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მან არჩევანი უნდა გააკეთოს, შეუძლია თუ არა ყოფილ დასაქმებულს კონკურენტ ორგანიზაციაში დასაქმებისას ზიანი მიაყენოს და იყენებს თუ არა დასაქმების შეზღუდვის უფლებას, რა დროსაც შეზღუდვის პერიოდში ანაზღაურება უნდა გადაუხადოს, არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით.

12.3. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს (დამსაქმებელს) უშუალოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროს უნდა ეცნობებინა მოპასუხისთვის, რომ მისთვის მინიჭებულ უფლებას იყენებდა და დასაქმების უფლებას უზღუდავდა, რის ასანაზღაურებლადაც მას განსაზღვრულ ვადაში გადაუხდიდა კომპენსაციას. ამ უფლების გამოუყენებლობის შემთხვევაში მოსარჩელეს შეთანხმების პირობების ამუშავების შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ ენიჭება, როცა რეალურად ფაქტის წინაშე დადგებოდა, ანუ როდესაც ყოფილი დასაქმებული სხვა კონკურენტ ორგანიზაციაში დასაქმდებოდა.

„დასაქმების შეზღუდვის“ აკრძალვის შესახებ მოსარჩელემ მოპასუხესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ განაცხადა, შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ დასაქმების შეზღუდვის შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნა (05.03.2025 წ.) და 2025 წლის 25 მარტს ერთი თვის თანხის („ხელფასის“, დანიშნულება - „სხვა კომპანიაში დასაქმების შეზღუდვა“) ჩარიცხვა, საკმარისი ვერ იქნებოდა იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ შრომითი ხელშეკრულების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დასაქმების შეზღუდვის მიზნით შეთანხმებული დათქმა დამსაქმებლის მხრიდან სრულად იყო დაცული და, - სწორად ამოქმედებული. იმ გარემოების გაანალიზებისა და დასაბუთების გარეშე, თუ რა ფორმით და რა სახის ზიანი შეიძლება მიაყენოს დასაქმებულმა დამსაქმებელს, მხოლოდ დასაქმების შეზღუდვა დაუსაბუთებელია და ცალკე აღებული უფლების გამოყენება ისე, რომ არ იქნეს გათვალისწინებული დასაქმებულისთვის მიყენებული შესაძლო ზიანი, უფლების ბოროტად გამოყენებას ემსახურება (სსკ-ის 115-ე მუხლი), ვინაიდან დასაქმების შეზღუდვის ამოქმედების შემთხვევაში დამსაქმებელი დასაქმებულს უხდის მხოლოდ ხელფასის სახით მისაღებ თანხას, ხოლო დასაქმების შემთხვევაში იგი მიიღებდა დამატებით შემოსავალს (მაგალითად ბონუსის სახით) ან უფრო მაღალ ხელფასს, დასაქმების შეზღუდვის გამოყენება დაუსაბუთებელია და მისი ძირითადი მიზნის გარეშე, ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას (მუხლი 26), ისე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ასევე სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით დაცულ სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების, სამართლიანი ხელფასის, დამაკმაყოფილებელი გასამრჯელოს არჩევის უფლებას (შდრ., სუსგ. №ას-529-2021, 20.04.2022).

12.4. საშემოსავლო გადასახადის დაბრუნების თაობაზე მოსარჩელის პრეტენზია სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, შემდეგი გარემოების გამო:

სსკ-ის 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანია უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების დაბრუნება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგალითად, ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 თებერვლის №ას-1381-2022 განჩინება). ამდენად, იმისთვის, რომ პირს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმის საფუძველზე დაეკისროს პასუხისმგებლობა, აუცილებელი წინაპირობის სახით, სასამართლომ უნდა დაადგინოს მოპასუხის გამდიდრების ფაქტი.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ბანკმა მიიჩნია რა, რომ „დასაქმების შეზღუდვის“ შესახებ მხარეთა შორის არსებული შეთანხმება ამოქმედდა, ვალდებულება შეასრულა და მოპასუხის სახელზე 2 200 ლარი გადარიცხა, ხოლო, უშუალოდ მოპასუხის ანგარიშზე 1 724.28 ლარი ჩარიცხა. ჩარიცხული 1 724.28 ლარის ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო. შესაბამისად, ხსენებულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. რაც შეეხება დამატებით მოთხოვნილ 475.72 ლარს, მითითებული თანხიდან ნაწილი საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადია. აღნიშნული გადახდის შედეგად მოპასუხე არ გამდიდრებულა, რაც სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი დაუკისრებელი კომპენსაციის - 475.72 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნას დაუსაბუთებელს ხდის. ამასთან, საგულისხმოა, რომ დამსაქმებელი საგადასახადო აგენტის ფუნქციას ასრულებს, რომელმაც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 20.2 მუხლის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით უნდა შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება, ხოლო 154-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებიდან გამომდინარე, მასვე ევალება საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა. ამრიგად, მოსარჩელეა უფლებამოსილი, მიმართოს საგადასახადო ორგანოს უსაფუძვლოდ გადარიცხული თანხიდან გამომდინარე გადახდილი გადასახადის დაბრუნების მოთხოვნით (შდრ. იხ. სუსგ.: №ას-1232-2022, 28.04.2023).

13. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი კასატორმა შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინა:

- დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ ვინაიდან „დასაქმების შეზღუდვა“ დამსაქმებელმა კანონით განსაზღვრულ ვადაში არ გამოიყენა, ასეთი შეზღუდვის ამოქმედების შესაძლებლობა მას წაერთვა. გაურკვეველია, თუ რომელ კანონით დადგენილ ვადებზე საუბრობს სასამართლო მაშინ, როდესაც სშკ-ის მე-60 მუხლი მას არ ადგენს. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული ვადა 5 საბანკო დღეს შეადგენდა, რაც ბანკმა სრულად დაიცვა. გარდა ამისა, უგულებელყოფილია ფაქტი იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებით, დასაქმებულს, დამსაქმებლისთვის მისი სამომავლო გეგმების შესახებ შესახებ არ უცნობებია (დეტ. იხ. საკასაციო საჩივარი).

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 7 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

15. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

16. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.

17. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად კანონიერია გარკვეული ვადით შრომითი საქმიანობის შეზღუდვის ვალდებულების დარღვევის გამო მიღებული თანხისა და პირგასამტეხლოს მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის უარყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

18. თავდაპირველად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ.

საქართველოს შრომის კოდექსის 60.1 მუხლის თანახმად (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის რედაქციის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილი), შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს მისი დამსაქმებლის კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამ შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის შრომის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით. შრომითი უფლების ამგვარი შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანია დაიცვას დამსაქმებლის ინტერესები დასაქმებულისთვის იმ რიგი შეზღუდვების დაწესებით, რომელიც გადააზღვევს სამეწარმეო რისკებს, ბიზნეს ურთიერთობებს კი დასაქმებულის არამართლზომიერი ქმედების შედეგად აღარ მიადგება გამოუსწორებელი ზიანი.

ასეთი შეზღუდვის დაწესება არ არის უცხო არც ევროპული სამართლის ქვეყნებისთვის, მაგალითად, გერმანიაში „ლოიალობის ვალდებულება“ ნორმატიულ ასახვას პოულობს სავაჭრო კოდექსის [HGB] მე-60 პარაგრაფში და სავაჭრო კოდექსი ადგენს, რომ, დამსაქმებლის თანხმობის გარეშე, დასაქმებული არ არის უფლებამოსილი, კონკურენციაში შევიდეს მასთან. თუმცა ზემოაღნიშნულთან ერთად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს დასაქმებულის ღირსი ინტერესიც - ჰქონდეს მისი შრომითი უფლებების რეალიზების შესაძლებლობა.

სწორედ ამ ინტერესთა გონივრული დაბალანსებიდან გამომდინარეობს დასაქმების შეზღუდვის სასყიდლიანი ხასიათი, რაც დამსაქმებლის მიერ შეზღუდვის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში დასაქმებულის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდაში გამოიხატება.

კომპენსაციასთან დაკავშირებით კი ერთ-ერთ განჩინებაში უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი კონკურენციის მიზნებიდან გამომდინარე, კანონით დასაშვებია დასაქმებულისათვის კონკურენტთან დასაქმების შეზღუდვის დაწესება და ასეთზე მხარეთა შეთანხმება. ამასთან, დასაქმების უფლების შეზღუდვისთვის, დასაქმებულს წარმოეშობა კომპენსაციის მიღების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამსაქმებელს – დაწესებული შეზღუდვისთვის თანხის ანაზღაურების ვალდებულება (იხ. სუსგ: საქმე №ას-1197-2021, 21.04.2021).

შრომის ანაზღაურება შრომის კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არის ძირითადი ან მინიმალური ანაზღაურება ან ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზრაურება, რომელიც გადახდილია ფულადი ფორმით ან ნატურით და რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპი იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ. შრომის კოდექსის 60.1 მუხლის მოქმედი რედაქციით (ამოქმედდა 2020 წლის 08 ოქტომბრიდან) გათვალისწინებული თანხა - „შრომის ანაზღაურება“ კი არ წარმოადგენს დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებას, თავისი არსით ის წარმოადგენს კომპენსაციას თავდაპირველი დამსაქმებლის მსგავს სამეწარმეო სუბიექტებში კონკურენციის პირობების შენარჩუნებისათვის და შეთანხმება ამ კონკურენციაზე ლეგიტიმურს ხდის პირის შრომითი უფლების შეთანხმებული ვადით შეზღუდვას. აღნიშნული კომპენსაციის გადახდის წესის შესახებ იმპერატიულ მითითებას შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს (იხ. სუსგ: საქმე №ას-617-2022, 5.05.2023).

სშკ-ის 60.1 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა კი განსაზღვრულია შრომის კოდექსის მე-60 მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც ადგენს ამგვარი დარღვევით დამდგარი უსამართლო მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზოგადი წესით აღდგენის პრინციპს, კერძოდ, ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

19. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. საკასაციო პალატა ერთ-ერთ განჩინებაში აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეთა თანასწორობის პრინციპთან ერთად, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით, აგრეთვე სსსკ-ის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო უფლების მნიშვნელოვან კომპონენტს. სსსკ-ის მე–4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (იხ. სუსგ. №ას-1118-2021, 20.04.2022). ამასთან, სასამართლოს ვალდებულებაა, სწორად მიმართოს მტკიცებითი საქმიანობა და მტკიცების ტვირთი იმგვარად გაანაწილოს, რომ საფრთხე არ შეექმნას მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას.

მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სსსკ-ის 102-ე მუხლში, რომლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. როგორც წესი, ფაქტის მითითებისა და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურსამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს - საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი.

20. საკასაციო პალატის დასკვნით, განსახილველი დავის მიზნებისთვის, სადავო პერიოდის განმავლობაში კონკურენტ საბანკო დაწესებულებაში მოპასუხის (დასაქმებულის) მიერ კასატორთან შეძენილი ცოდნისა და კვალიფიკაციის გამოყენების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს - თავდაპირველ დამსაქმებელს. ამ უმნიშვნელოვანესი გარემოების გასაქარწყლებლად დასაბუთებული პრეტენზია მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა.

უფრო მეტიც, თავის შესაგებელში დასაქმებულმა რელევანტური პრეტენზია გამოთქვა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებდა, თუ რაში გამოიხატებოდა მასთან მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის კონკურენტი ორგანიზაციის სასარგებლოდ გამოყენება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 113), თუმცა შესაგებელთან მიმართებით წარმოდგენილ პოზიციაში ხსენებული პრეტენზიის უარმყოფელი არათუ არგუმენტირებული, არამედ, არანაირი სახის მოსაზრება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია (ტომი 1, ს.ფ. 162-163).

ამავე მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის დასკვნით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია და დაადგინა ის ფაქტი, რომ კასატორი ვერ ადასტურებს მოწინააღმდეგე მხარის მიერ კასატორთან შრომითი ურთიერთობისას მიღებული ცოდნის, გამოცდილების თუ კვალიფიკაციის კონკურენტ საფინანსო/საბანკო დაწესებულებაში გამოყენებას და ეს გარემოება პალატის მოსაზრებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის განმაპირობებელი დამოუკიდებელი და ძირითადი არგუმენტია (შედ. იხ. საქმე #ას-1242-2023წ.).

21. ვალდებულების დარღვევისთვის უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 417-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ასევე, სსკ-ის 394.1 მუხლის 1-ლი ნაწილი - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. სსკ-ის 408.1 მუხლის მიხედვით კი, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. იმ პირობებში, როცა მოპასუხის მხრიდან დასაქმების შეზღუდვის შესახებ ვალდებულების დარღვევა არ ვლინდება, მისთვის ფინანსური სანქციისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნაც უსაფუძვლოა.

22. ამდენად, ვინაიდან კანონის ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წინაპირობა შესრულებული არ არის, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად და საკასაციო პალატა იმსჯელებს მხოლოდ კასატორის არსებით არგუმენტებზე (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

24. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

25. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „თ.ბ–ს“ (ს/ნ ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 052.94 ლარის (საგადასახადო დავალება #517521, გადახდის თარიღი - 27.05.2026) 70% - 737.05 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია