დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 22.07.2026
საქმის ნომერი
ას-623-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

22 ივლისი, 2026 წელი,საქმე №ას-623-2026 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „რ.ჯ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ბ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 24 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2023 წლის 4 დეკემბერს, შპს ,,რ.ჯ–იასა“ (შემდეგში - მოპასუხე კასატორი ან დამსაქმებელი) და ნ.ბ–ს (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) შორის გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა, რითიც დასაქმებული ტექსტილის წარმოების დარგში კონსულტანტის პოზიციაზე დაინიშნა.

2. 2024 წლის 1 მარტის შრომითი ხელშეკრულების (შემდეგში - შრომითი ხელშეკრულება ან ხეკლშეკრულება) მიხედვით, ერთი წლით მოსარჩელე წამყვანი დიზაინერის პოზიციაზე დაინიშნა და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 1 700 ლარით (ხელზე ასაღები) განისაზღვრა.

3. ხელშეკრულების 2.1 პუნქტით დადგინდა დასაქმებულის ვალდებულებები, მათ შორის: კომპანიის ინტერესების ფარგლებში დამსაქმებლისთვის დიზაინერული მომსახურების გაწევა (2.1.1 პუნქტი) და მის მიერ შექმნილი დიზაინის საბოლოო პროდუქტამდე მიყვანის პროცესში მისი შესრულების ხარისხისა და სიზუსტის გაკონტროლება (2.1.2 პუნქტი).

4. მოპასუხე, ტექსტილის კომპანიაა, რომელიც სპეციალური დანადგარით მუშაობს და მისთვის სპეციალურად განკუთვნილი პროგრამა (edeigner) სჭირდება.

5. შრომითი ურთიერთობის პერიოდში მისი უფლებამოსილების ფარგლებში დასაქმებული მოპასუხისთვის ხალიჩის დიზაინს ქმნიდა, დროის ამ მონაკვეთში სამუშაოს არაჯეროვნად შესრულებისთვის რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება დასაქმებულის მიმართ არ გამოყენებულა.

6. მოსარჩელეს მიღებული აქვს ბაკალავრის/მაგისტრის უმაღლესი განათლება ტექსტილის დიზაინში.

7. 2024 წლის 3 და 4 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხე კომპანიის დირექტორს შორის ,,Whatsapp”-ის მეშვეობით კომუნიკაცია შედგა, რა დროსაც მათ სამუშაო პროცესი, მისი შესრულების ხარისხი და ვადები განიხილეს.

8. 2024 წლის 28 ოქტომბერს, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დამსაქმებელმა დასაქმებულს აცნობა, რომ ამ უკანასკნელის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხით უკმაყოფილო იყო და ხსენებული წერილის საფუძველზე მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტა.

9. მოსარჩელემ დამსაქმებლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა და 2024 წლის 28 ოქტომბერს მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეტყობინების ბათილად ცნობა, პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა და 2024 წლის 28 ოქტომბრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1 700 ლარის (დაბეგრილი) ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:

10.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

10.2. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოპასუხის 2024 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი;

10.3. მოპასუხეს, 2024 წლის 28 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2025 წლის 1 მარტისა, მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიურად 1 700 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა;

10.4. წამყვანი დიზაინერის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 24 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

12.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნა ჩამოაყალიბა:

12.1.1. სამუშაოდან მოსარჩელის განთავისუფლების საფუძვლად მოპასუხემ საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) 47.1 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი დაასახელა, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია - დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობა. სამსახურიდან დათხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად დასაქმებულის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაკვალიფიციურად, არადამაკმაყოფილებლად შესრულებაზეა მითითებული, რის გამოც მის მიერ შესასრულებელ სამუშაოსთან მოსარჩელის კვალიფიკაციის შესაბამისობა არის სასამართლოს კვლევის საგანი.

12.1.2. მოსარჩელის კვალიფიკაციის შესაბამისობის დასადასტურებლად ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებაზე, რომ ტექსტილის დიზაინში მას ბაკალავრის/მაგისტრის უმაღლესი განათლება აქვს. შრომითი ხელშეკრულების 2.1 პუნქტით განისაზღვრა დასაქმებულის ვალდებულებები, მათ შორის: კომპანიის ინტერესების ფარგლებში დამსაქმებლისთვის დიზაინერული მომსახურების გაწევა (2.1.1 პუნქტი) და მის მიერ შექმნილი დიზაინის საბოლოო პროდუქტამდე მიყვანის პროცესში მისი შესრულების ხარისხისა და სიზუსტის გაკონტროლება (2.1.2 პუნქტი).

შრომითი ურთიერთობის პერიოდში მისი უფლებამოსილების ფარგლებში დამსაქმებლისთვის მოსარჩელე ხალიჩის დიზაინებს ქმნიდა. მოპასუხე აღნიშნავდა, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო შესაბამისი ხარისხის არ ყოფილა, თუმცა, დადგენილია, რომ მუშაობის პროცესში მის მიმართ სამუშაოს არაჯეროვნად შესრულებისთვის არცერთი წერილობითი დისციპლინური ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

გარდა ამისა, საქმეზე წარმოდგენილი არ იყო სამუშაო პროცესში მოსარჩელის ქმედებით დამსაქმებლისთვის ზიანის ან/და ზიანის დადგომის საფრთხის შექმნის დამადასტურებელი დოკუმენტი. დამსაქმებლის ორგანიზებით და დაფინანსებით მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო ტრენინგებში, რომელიც eDeigner-ის საშუალებით ხალიჩის დიზაინებს შეეხებოდა. მოპასუხე სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ მოსარჩელე სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით ახდენდა ხალიჩის დიზაინის შექმნას, თუმცა მიუთითებდა, რომ შექმნილი დიზაინი შესაბამის სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.

მხარეთა ახსნა-განმარტებით და საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტით დასტურდებოდა, რომ 2024 წლის 3 და 4 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხე კომპანიის დირექტორს შორის ,,Whatsapp”-ის მეშვეობით კომუნიკაცია შედგა, რა დროსაც მათ სამუშაო პროცესი, მისი შესრულების ხარისხი და ვადები განიხილეს. მიმოწერის პერიოდში, მოსარჩელის მიერ სექტემბრის თვეში შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და ვადებთან დაკავშირებით კომპანიის დირექტორი უკმაყოფილებას გამოხატავდა, თუმცა ამავე მიმოწერით ირკვეოდა, რომ სამუშაოს შესრულებისთვის დასაქმებულს საკმარისი დრო არ ჰქონდა, ამასთან, სადავო ხალიჩის დიზაინი მას თვითნებურად არ შეუქმნია, პარამეტრებიც და მეთოდიც მოპასუხესთან ერთობლივად იყო შეთანხმებული. უკვე დასრულებულ პროდუქტზე აღმოჩნდა, რომ იყო ადგილები, სადაც ხელით მუშაობის პარალელურად დანადგარი ,,წვალობდა“. პროგრამა მუდმივად განვითარებადი იყო, არსებობდა სიახლე, რის გამოც დირექტორთან ერთად მოქმედებდა, თუმცა საბოლოო პროდუქტის მიღება სხვა ფაქტორებზეც (მაგ: სხვადასხვა ფერის ძაფები, ტექნიკა, გამოცდილება და სხვა) იყო დამოკიდებული.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები და დადგენილად არ მიიჩნია დამსაქმებლის შედავება იმის თაობაზე, რომ ტრენინგის დროს გავლილი ფუნქციის მეთოდი დასაქმებულმა უგულებელყო და, სანაცვლოდ, ეს დიზაინი ხელით გააკეთა.

როგორც მიმოწერით დგინდებოდა, შესრულების მეთოდი უშუალოდ ხელმძღვანელთან იყო შეთანხმებული. შრომითი ხელშეკრულებით მოსარჩელეს ევალებოდა კომპანიის ინტერესების ფარგლებში დამსაქმებლისთვის დიზაინერული მომსახურების გაწევა, ასევე, მის მიერ შექმნილი დიზაინის საბოლოო პროდუქტამდე მიყვანის პროცესში მონაწილეობის მიღება, მისი შესრულების ხარისხისა და სიზუსტის გაკონტროლება. სამუშაო პროცესში დირექტორის მიერ მუშაკის ჩართულობა აუდიო ჩანაწერითაც დასტურდებოდა (არ ვიძახი, რომ არ მუშაობ, მუშაობ, მაგრამ შედეგს ვერ ვიღებთ).

რაც შეეხებოდა პროდუქციის ხარისხს, 8 თვის განმავლობაში დამსაქმებლის მხრიდან ყოველთვიური ხელფასის გაცემა უდავო იყო. თავად 28 ოქტომბრის წერილში მითითებულია, რომ მოსარჩელე ერთადერთი დიზაინერი იყო, რომელიც დიზაინს (თან არა ერთს) ასრულებდა და 3-4 სექტემბრამდე რაიმე სახის შენიშვნა მის მიმართ კომპანიას არ დაუფიქსირებია.

საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა გონივრული დასაბუთება იმისა, თუ მოპასუხე თვეების მანძილზე რატომ ითმენდა დასაქმებულის მიერ ხარვეზით შესრულებულ სამუშაოს, რატომ არ ჰქონდა რეაგირება მოგებაზე ორიენტირებულ კომპანიას არაერთი თვის მანძილზე მოსარჩელის მხრიდან წუნდებული პროდუქციის სისტემატურად შექმნისას.

საპირისპიროდ, სოციალურ ქსელში არსებული კომუნიკაციით დგინდებოდა, რომ ყოველი დიზაინის დაწყებამდე მუშაკს სიტყვიერი დირექტივა მიეცემოდა, თუ რა პარამეტრები უნდა დაეცვა, ამ მხრივ სტანდარტი არ ირღვეოდა. პროგრამა eDeigner-ის ახალი იყო, თავისთავად, მასზე მუშაობა გამოცდილებას საჭიროებდა, ამასთან, გარკვეულ პროცედურებს ხარისხიანად ვერ ასრულებდა, დიზაინერის მხრიდან ხელით მუშაობა ხდებოდა.

პროდუქტის უხარისხობასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას მოპასუხე მხოლოდ სიტყვიერი ახსნა-განმარტებითა და საქმეზე წარმოდგენილი ხალიჩების დიზაინებით ადასტურებდა, რომლის კვალიფიციური შეფასებასაც, შესაბამისი მტკიცებულების, მათ შორის, სპეციალური ცოდნის მქონე პირის დასკვნის არარსებობის პირობებში სასამართლო ვერ მოახდენდა. დიზაინით შექმნილი პროდუქტის ვიზუალური შეფასება, სუბიექტური კატეგორიაა. ის გარემოება, რომ მოსარჩელეს არასათანადო კვალიფიკაცია ჰქონდა, რაც მის მიერ შექმნილი ხალიჩის დიზაინების არასათანადო, არადამაკმაყოფილებელ ხარისხში გამოიხატა, სათანადო მტკიცებულებებით უნდა დადასტურებულიყო, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი.

ამასთან, წარმოდგენილი არ იყო პროგრამა eDeigner-ის მუშაობის სპეციფიკა, წესები, მნიშვნელობა და პრაქტიკაში ხალიჩის დიზაინის შექმნისას მისი გამოყენების სტანდარტები, რათა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი და დამსაქმებლის მიერ დადგენილ კვალიფიკაციასთან მისი შესაბამისობა შეფასებულიყო.

მტკიცებულებით არ დგინდებოდა, რომ პროდუქციის რეალიზება დიზაინის გამო ბრკოლდებოდა. ამდენად, სამუშაოს არაჯეროვნად შესრულების არცერთი შემთხვევა საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რის შემდეგაც მოსარჩელე გააფრთხილეს, რომ არასაკმარისი კვალიფიკაცია თუ ნაკლოვანი უნარ-ჩვევა განევითარებინა. არ არსებობდა დასაბუთებული მტკიცებულებით მითითება იმის შესახებ, რომ მოპასუხე პროდუქტის რეალიზებას შეეცადა, თუმცა მისი მცდელობა უშედეგო იყო და ფინანსური ზიანი მიიღო, ახალი დიზაინერის მიერ წარმოდგენილი ნამუშევარი კი, სხვა დიზაინის ფარგლებშია, რის გამოც შესაბამისი შედარების წარმოსაჩენად იგი ვერ გამოდგებოდა.

ამდენად, კუთვნილი მტკიცების ტვირთი მოპასუხემ ვერ დაძლია, განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებები/მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების მართლზომიერება ვერ დაასაბუთა და სააპელაციო სასამართლოს დასკვნით - დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ დამსაქმებლის მიერ 2024 წლის 28 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილება, კანონსაწინააღმდეგო ნების გამოვლენის ხასიათს ატარებდა.

12.1.3. შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა ასევე წარმატებული იყო, კერძოდ, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისრებოდა 2024 წლის 28 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდური, მაგრამ არაუმეტეს 2025 წლის 1 მარტისა, ყოველთვიურად 1 700 ლარის ოდენობით (სშკ-ის 48.8, 58-ე მუხლები, სსკ-ის 394.1, 408.1, 411-ე მუხლები).

13. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დამსაქმებელმა საკასაციო საჩივარი შემდეგი საფუძვლით წარმოადგინა:

- შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს პოზიცია არამართებულია. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის სასარგებლოდ შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულება, კერძოდ, მოსარჩელესა და მოპასუხე კომპანიის დირექტორს შორის ,,Whatsapp”-ის მეშვეობით განხორციელებული მიმოწერა და ხმოვანი შეტყობინებები და არასწორად მიიჩნია, რომ, მართალია მხარეთა შორის უკმაყოფილება არსებობდა, თუმცა სამუშაოს სათანადო ხარისხით შესასრულებლად საკმარისი დრო დასაქმებულს არ ჰქონდა. ხსენებული მტკიცებულების შინაარსის სწორად გააზრებით ცალსახად დგინდება, რომ ჩატარებული ტრენინგისა და გადამზადების მიუხედავად შესაბამის კომპიუტერულ პროგრამას მოსარჩელემ ალღო ვერ აუღო და მას სრულყოფილად ვერ დაეუფლა. აღნიშნულის გამო დასაქმებულის მხრიდან გარკვეული დეტალების ხელით გაკეთება იყო საჭირო, რაშიც კონკრეტული საქმისთვის განსაზღვრულზე მეტი დრო იხარჯებოდა. შედეგად დამსაქმებელი იმ ვითარებას იღებდა, რომ დიზაინერის პოზიციაზე დასაქმებული პირი კონკრეტული დიზაინის შექმნას ვერ ასწრებდა ან ამას უხარისხოდ აკეთებდა, რაც, თავის მხრივ, წარმოების პროცესის შეფერხებასა და დამსაქმებლის უკმაყოფილებას განაპირობებდა. ამდენად, დასაქმებულის კომპეტენცია და უნარ-ჩვევები მის მიერ დაკავებულ პოზიციას არ შეესაბამებოდა, რის გამოც მასთან შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა მართლზომიერი გადაწყვეტილება იყო.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 29 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

15. სსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

16. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.

17. მოცემული დავის საკვანძო საკითხია, დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების კანონიერების განსაზღვრა, ე.ი. შესამოწმებელია, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას.

ზემოაღნიშნული საკითხის დადგენა, შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1304-2020, 11.06.2021; №ას-151-147-2016,1 9.04.2016).

18. სადავო გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას, შემდეგი საკითხია საყურადღებო: სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი).

შრომითსამართლებრივ დავებში კი, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა გააჩნია, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად განთავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს (შდრ. იხ. სუსგ: №ას-151-147-2016, 19.04.2016; №ას-483-457-2015, 7.10.2015; №ას-1276-1216-2014, 18.03.2015).

19. განსახილველ შემთხვევაში, სადავო გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 47.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობა.

მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მოპასუხემ დასაქმებულის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაკვალიფიციურად შესრულებაზე მიუთითა.

20. დასახელებული გადაწყვეტილების კანონიერების გაანალიზებისას, სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით გამოვლენილ შემდეგ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება:

1). ტექსტილის დიზაინში მოსარჩელეს ბაკალავრის/მაგისტრის უმაღლესი განათლება აქვს.

2). შრომითი ურთიერთობის პერიოდში მისი უფლებამოსილების ფარგლებში დამსაქმებლისთვის მოსარჩელე ხალიჩის დიზაინებს ქმნიდა. მოპასუხე აღნიშნავდა, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო შესაბამისი ხარისხის არ ყოფილა, თუმცა, მუშაობის პროცესში მის მიმართ სამუშაოს არაჯეროვნად შესრულების მოტივით არცერთი წერილობითი დისციპლინური ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა. საქმეზე წარმოდგენილი არ არის სამუშაო პროცესში მოსარჩელის ქმედებით დამსაქმებლისთვის ზიანის ან/და ზიანის დადგომის საფრთხის შექმნის დამადასტურებელი დოკუმენტიც.

3). მხარეთა ახსნა-განმარტებითა და საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტით დგინდება, რომ 2024 წლის 3 და 4 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხე კომპანიის დირექტორს შორის ,,Whatsapp”-ის მეშვეობით კომუნიკაცია შედგა, რა დროსაც მათ სამუშაო პროცესი, მისი შესრულების ხარისხი და ვადები განიხილეს. მიმოწერის პერიოდში, მოსარჩელის მიერ სექტემბრის თვეში შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და ვადებთან დაკავშირებით კომპანიის დირექტორი უკმაყოფილებას გამოხატავდა, თუმცა ამავე მიმოწერის მიხედვით, სამუშაოს შესრულების დრო დასაქმებულს საკმარისი არ ჰქონდა, ამასთან, სადავო ხალიჩის დიზაინი მას თვითნებურად არ შეუქმნია, პარამეტრებიც და მეთოდიც ერთობლივად იყო შეთანხმებული. სამუშაოს დასრულებისას კი აღმოჩნდა, რომ იყო ადგილები, სადაც ხელით მუშაობის პარალელურად დანადგარი ,,წვალობდა“. პროგრამა მუდმივად განვითარებადი იყო, არსებობდა სიახლე, რის გამოც დასაქმებული დირექტორთან ერთად მოქმედებდა, თუმცა საბოლოო პროდუქტის მიღება სხვა ფაქტორებზეც (მაგ: სხვადასხვა ფერის ძაფები, ტექნიკა, გამოცდილება და სხვა) იყო დამოკიდებული.

4). რვა თვის განმავლობაში დამსაქმებლის მხრიდან ყოველთვიური ხელფასის გაცემის ფაქტი უდავო იყო. თავად 28 ოქტომბრის წერილში მითითებულია, რომ მოსარჩელე ერთადერთი დიზაინერია, რომელიც დიზაინს (თან არა ერთს) ასრულებდა, თუმცა 3-4 სექტემბრამდე რაიმე სახის შენიშვნა მის მიმართ კომპანიას არ დაუფიქსირებია.

5). სოციალურ ქსელში არსებული კომუნიკაციით დგინდება, რომ ყოველი დიზაინის დაწყებამდე მუშაკს სიტყვიერი დირექტივა მიეცემოდა, თუ რა პარამეტრები უნდა დაეცვა, ამ მხრივ სტანდარტი არ ირღვეოდა. პროგრამა eDeigner-ის ახალი იყო, თავისთავად საჭიროებდა მასზე მუშაობის გამოცდილებას, ამასთან, გარკვეულ პროცედურებს დასაქმებული ხარისხიანად ვერ ასრულებდა და დიზაინერის მხრიდან აუცილებელი ხდებოდა ხელით მუშაობაც.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი განხილვის შედეგად საკასაციო პალატის მოსაზრებით სრულადაა გასაზიარებელი სააპელაციო სასამართლოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ შესაბამისი ტრენინგის დროს ათვისებული ფუნქციის/მეთოდის უგულებელყოფის შესახებ დამსაქმებლის მითითება დადგენილად ვერ მიიჩნევა. საყურადღებოა, რომ პროდუქციის უხარისხობასთან დაკავშირებით თავისი პოზიციის დადასტურებას მოპასუხე მხოლოდ სიტყვიერი ახსნა-განმარტებითა და საქმეზე წარმოდგენილი ხალიჩების დიზაინით შეეცადა, რომლის კვალიფიციურად შეფასებასაც, შესაბამისი მტკიცებულების, მათ შორის, სპეციალური ცოდნის მქონე პირის დასკვნის არარსებობის პირობებში სასამართლო ობიექტურდ ვერ მოახდენს.

ამდენად, კუთვნილი მტკიცების ტვირთი მოპასუხემ ვერ დაძლია, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებები და მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების მართლზომიერება ვერ დაასაბუთა. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ დამსაქმებლის მიერ 2024 წლის 28 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილება, როგორც კანონსაწინააღმდეგო ნების გამოვლენა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 54-ე მუხლის (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს ) თანახმად ბათილია.

21. იმის გამო, რომ სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი სწორად დაკმაყოფილდა, სშკ-ის 48.8 (სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), 58-ე (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც პირს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლების დანაწესებიდან გამომდინარე მოსარჩელის თანმდევი მოთხოვნის - იძულებითი განაცდურის ანაზღაურების წარმატებულად ცნობის წინაპირობაც გამოიკვეთა, რაც მითითებულ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

ამასთან, მოცემული ნაწილში სარჩელი იმგვარად უნდა დაკმაყოფილებულიყო, რომ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გათვალისწინებით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოპასუხეს 2024 წლის 28 ოქტომბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე უნდა დაკისრებოდა, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად განახორციელეს.

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან.

23. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

25. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „რ.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „რ.ჯ–იას“ (ს/ნ ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი.შ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 340 ლარის (საგადასახადო დავალება #1097, გადახდის თარიღი - 15.06.2026) 70% - 238 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია