დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
11 სექტემბერი 2026 წელი
№ას-964-2026 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორები - შ.პ.ს. „ბ.კ.ჯ–ია“, მჯ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ა–ი“
გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 მაისის და ამავე სასამართლოს 2026 წლის 06 ივლისის განჩინებები
საჩივრის ავტორთა მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა შ.პ.ს. „ა–მა“ (ს/კ ..........) და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა:
1.1. შ.პ.ს. „ბ.კ.ჯ“-ს (ს/ნ ...........) საბანკო ანგარიშებისა და ანგარიშებზე არსებული ან შემდგომში ჩასარიცხი ფულადი სახსრების დაყადაღება შ.პ.ს. „ა“-ს საარბიტრაჟო მოთხოვნის ფარგლებში;
1.2. შ.პ.ს. „ბ.კ.ჯ“-ს საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონების, კერძოდ, 3710 კვ.მ. ალუმინის საფასადე კომპოზიტური პანელების, ობიექტებისთვის განკუთვნილი ფანჯრების ვიტრაჟებისა (175 კვ.მ.) და მინაპაკეტის (1800 კვ.მ.) დაყადაღება, რომლებიც, მოპასუხის ინფორმაციით, განთავსებულია ქ. ბათუმში, .......... ქ. №108-ში მდებარე საწყობში;
1.3. მოძრავი ქონების ყადაღის აღსრულებისას, თუ მოვალე უარს განაცხადებდა ქონების შენახვაზე ან მიბარებაზე, ვერ უზრუნველყოფდა ქონების დაცულ შენახვას ან არ ითანამშრომლებდა აღმასრულებელთან, განსაზღვრულიყო, რომ აღმასრულებლის ზედამხედველობითა და შესაბამისი აქტის შედგენით, ქონება მიბარებოდა კრედიტორს, შ.პ.ს. „ა–ს“ ან მის მიერ მითითებულ პასუხისმგებელ შემნახველს. ამ მიზნით, კრედიტორს მისცემოდა უფლებამოსილება, საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო ქონების აღწერა, იდენტიფიკაცია, ფოტოფიქსაცია, შეფუთვა ან დალუქვა, უსაფრთხო დატვირთვა, ტრანსპორტირება და სპეციალურად გამოყოფილ დაცულ სასაწყობე ტერიტორიაზე განთავსება, ქონების რაოდენობისა და მდგომარეობის სრულად დაფიქსირებით;
1.4. თავდები პირის, მჯ–ძის (პ/ნ .........) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ............ მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...........) დაყადაღება;
1.5. მჯ–ძის (პ/ნ .........) საბანკო ანგარიშებისა და ანგარიშებზე არსებული ან შემდგომში ჩასარიცხი ფულადი სახსრების დაყადაღება თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული 152 390.88 აშშ დოლარის ფარგლებში.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 მაისის განჩინებით, შ.პ.ს. „ა–ი“-ს განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ყადაღა დაედო შ.პ.ს. „ბ.კ.ჯ–ია“-ს საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებულ მოძრავ ქონებას, კერძოდ, 3710 კვ.მ. ალუმინის საფასადე კომპოზიტურ პანელებს, ობიექტებისთვის განკუთვნილ ფანჯრების ვიტრაჟებსა (175 კვ.მ.) და მინაპაკეტს (1800 კვ.მ.), რომლებიც განთავსებულია ქ. ბათუმში, .... ქ. №108-ში მდებარე საწყობში. მჯ–ძეს (პ/ნ ..........) აეკრძალა საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ............ მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ............) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. განცხადება დანარჩენ ნაწილში, კერძოდ, შ.პ.ს. „ბ.კ.ჯ–ია“-სა და მჯ–ძის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული ან შემდგომში ჩასარიცხი ფულადი სახსრების დაყადაღების, აგრეთვე, დაყადაღებული მოძრავი ქონების შ.პ.ს. „ა–ი“-სთვის ან მის მიერ მითითებული პასუხისმგებელი შემნახველისთვის მიბარების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. განმცხადებელს განემარტა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუმართლებლად გამოყენებით მოწინააღმდეგე მხარისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ.
3. აღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრეს შ.პ.ს. „ბ.კ.ჯ“-მ და მჯ–ძემ. საჩივრის ავტორებმა მიუთითეს, რომ შ.პ.ს. „ა–სა“ და შ.პ.ს. „ბ.კ.ჯ“-ს შორის 2025 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში დაიდო რამდენიმე ხელშეკრულება ქ. ბათუმში მდებარე ხუთ სამშენებლო ობიექტზე ალუმინის კარ-ფანჯრების, საფასადე ალუმინის ვიტრაჟების, კომპოზიტური პანელებისა და სხვა შესაბამისი სამუშაოების შესრულების შესახებ. მათი განმარტებით, სხვადასხვა ობიექტზე შესრულებული იყო მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაოები, ხოლო 2026 წლის 14 თებერვლის, 30 აპრილისა და 8 მაისის ოფიციალური შეტყობინებებით შ.პ.ს. „ა–ს“ მიეწოდებოდა ინფორმაცია სამუშაოების მიმდინარეობის, შესრულებული სამუშაოების, მობილიზებული მასალებისა და მხარეთა შორის არსებული უთანხმოების შესახებ. საჩივრის ავტორთა პოზიციით, სამუშაოების შესრულებაზე გავლენა მოახდინა დამკვეთის მოთხოვნით პროექტების, არქიტექტურისა და დიზაინის ცვლილებებმა, საერთაშორისო ბაზარზე ალუმინის ფასის ზრდამ და დამკვეთის მიერ ფინანსური ანგარიშსწორების ვალდებულების სრულად შეუსრულებლობამ. კომპანია ითხოვდა ხელშეკრულებების ვადების, ფასებისა და ფინანსური ურთიერთანგარიშსწორების საკითხების წერილობით დაზუსტებას. აღნიშნული კომუნიკაცია, საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, ადასტურებდა, რომ ისინი არ იმალებოდნენ, არ წყვეტდნენ საქმიან ურთიერთობას და არც ცდილობდნენ ქონების გადამალვას ან აქტივების შემცირებას. დაყადაღებული მოძრავი ქონება წარმოადგენდა კონკრეტული სამშენებლო პროექტებისთვის შეძენილ და მობილიზებულ სპეციალური დანიშნულების მასალებს, რომლებიც დაცულ საწყობში, ვიდეომეთვალყურეობისა და კონტროლის პირობებში ინახებოდა. საქმეში არ იყო წარმოდგენილი კონკრეტული ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა ქონების გასხვისების, გადამალვის ან განადგურების განზრახვას ან შესაძლო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის სხვაგვარად ხელის შეშლის საფრთხეს. საჩივრის ავტორთა შეფასებით, მოთხოვნის ოდენობა და მოძრავი ქონების არსებობა თავისთავად აღსრულების გაძნელების საფრთხეს არ ადასტურებდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა თითოეული ღონისძიების დამოუკიდებელი აუცილებლობა და მათი ერთობლივი ეფექტი, არ დაადგინა მოძრავი და უძრავი ქონების ღირებულება და არ იმსჯელა გამოყენებული ღონისძიებების სასარჩელო მოთხოვნასთან თანაზომიერებაზე. მჯ–ძის პასუხისმგებლობა, მისი ფარგლები და სამართლებრივი საფუძველი არსებითი დავის საგანი იყო, ხოლო სასამართლოს არ შეუფასებია მისი უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის კონკრეტული საფუძველი, აღნიშნული აკრძალვის გავლენა მის უფლებებზე, წარმოადგენდა თუ არა ქონება მის საცხოვრებელ ადგილს და არსებობდა თუ არა განმცხადებლის ინტერესის დაცვის ნაკლებად შემზღუდველი საშუალება. საჩივრის ავტორთა პოზიციით, გამოყენებული ღონისძიებები სათანადოდ დასაბუთებული არ იყო და გაუმართლებლად ზღუდავდა მათ უფლებებს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 06 ივლისის განჩინებით, შ.პ.ს. „ბ.კ.ჯ–ია“-ს და მჯ–ძის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 მაისის განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგი დასაბუთებით:
4.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191, 197¹ და 356¹⁸ მუხლებზე, რომლებიც აწესრიგებს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობებსა და შესაბამის განჩინებაზე წარდგენილი საჩივრის წესს.
4.2. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა დროებითი ღონისძიებაა, რომლის მიზანია სასარჩელო მოთხოვნის დაცვა და მისი ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფა. ღონისძიების გამოყენება უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მის გარეშე გადაწყვეტილების აღსრულება ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება. სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეაფასოს გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საფრთხე და დაადგინოს, რამდენად უზრუნველყოფს შერჩეული ღონისძიება მოსარჩელის სასარგებლოდ შესაძლო გადაწყვეტილების დაცვას აღსრულების ეტაპზე მოსალოდნელი დაბრკოლებებისგან.
4.3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თანხის დაკისრების მოთხოვნის პირობებში, საარბიტრაჟო მოსარჩელის ინტერესი მოპასუხეთა ქონების შენარჩუნების მიმართ ლეგიტიმური და დასაბუთებული იყო. გამოყენებული ღონისძიებები ემსახურებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ შესაძლო გადაწყვეტილების აღსრულებას, ხოლო დავის საბოლოო გადაწყვეტამდე მოპასუხეთა ქონების შენარჩუნება ასეთი გადაწყვეტილების აღსრულების გარანტირების აუცილებელ პირობას წარმოადგენდა.
4.4. საჩივრის ავტორთა მითითება ქონების დაკარგვის, განადგურების ან ფარულად გადატანის რეალური საფრთხის არარსებობის შესახებ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის არასაკმარისად მიიჩნია.
4.5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 51-ე მუხლებზე, რომლებიც გარიგებასა და ნების გამოვლენის ნამდვილობის მომენტს განსაზღვრავენ, აგრეთვე, ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
4.6. პალატის შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი ნარდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მხარეებს ერთმანეთის მიმართ შესაბამისი ვალდებულებები გააჩნდათ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შ.პ.ს. „ა–ი“ მის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში არ უარყოფდა შ.პ.ს. „ბ.კ.ჯ–ია“-ს დირექტორის, მჯ–ძის წერილობით შეტყობინებებს პრობლემების დაწყების შესახებ. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შ.პ.ს. „ა–ი“, სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით, სამუშაოების დროულად დასრულებით იყო დაინტერესებული და ცდილობდა მოპასუხისთვის ხელის შეწყობას. მას შემდეგ, რაც შ.პ.ს. „ბ.კ.ჯ“-მ ვალდებულების შესრულებისათვის დამატებით 240 000 აშშ დოლარი მოითხოვა, დაიწყო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესი.
4.7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შ.პ.ს. „ა–ი“-ს პოზიციაზე, რომლის თანახმად, 2026 წლის 30 აპრილის წერილში ნახსენები იყო საპროექტო დავალების ცვლილება, თუმცა არ იყო დაკონკრეტებული, რა შეცვალა დამკვეთმა და რა მოცულობის ცვლილებაზე იყო საუბარი. ამასთან, მოპასუხეს არ მიუთითებია, როგორ და რა ვადაში გეგმავდა შეჩერებული სამუშაოების განახლებასა და პროექტების დასრულებას. განმცხადებლის პოზიციით, მოპასუხე არღვევდა როგორც ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, ისე ზეპირი შეთანხმებისას გაცემულ დაპირებებს.
4.8. მჯ–ძის უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის საფუძველთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებასა და განცხადებაში აღნიშნულ შესაბამის გარემოებებზე. პალატის შეფასებით, აღნიშნული ხელშეკრულება განმცხადებელს აძლევდა საფუძველს, მოეთხოვა მჯ–ძის უძრავი ქონების მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, ხოლო სასამართლოს შესაბამისი ღონისძიების გამოყენების მართლზომიერებაზე ემსჯელა.
4.9. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. ამავე კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის ან იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, კერძოდ, რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
4.10. საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდებოდა, რომ უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით .........., რეგისტრირებული იყო მჯ–ძის საკუთრების უფლება. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილის მიხედვით, შ.პ.ს. „ბ.კ.ჯ–ია“-ს სახელზე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ იყო, თუმცა, განმცხადებლის მითითებით, საწარმოს გააჩნდა მოძრავი ქონება, რომლის მიმართაც იგი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვდა.
4.11. აღნიშნული გარემოებებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ძალაში დატოვების საფუძველი და არ ვლინდებოდა საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. საკასაციო პალატა საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, არსებობდა თუ არა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შ.პ.ს. „ბ.კ.ჯ“-ს საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონების დაყადაღებისა და მჯ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, აგრეთვე, იყო თუ არა გამოყენებული ღონისძიებები საარბიტრაჟო მოთხოვნის ადეკვატური და მისი უზრუნველყოფის მიზნის თანაზომიერი.
8. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 356¹⁸ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
11. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დასაბუთება მნიშვნელოვანია, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (ს.უ.ს.გ. №ას-587-2019, 20.02.2020წ.).
12. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (ს.უ.ს.გ. №ას-1586-2018, 26.10.2018წ.). უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცვის მიზნით არ უნდა მოხდეს მოპასუხის უფლებების უპირობო შეზღუდვა. გამოყენებული ღონისძიება სასარჩელო მოთხოვნის ადეკვატური და მისი უზრუნველყოფის მიზნის თანაზომიერი უნდა იყოს.
13. მოცემულ შემთხვევაში, შ.პ.ს. „ა“-ს მიერ აღძრულია საარბიტრაჟო სარჩელი შ.პ.ს. „ბ.კ.ჯ“-სა და მჯ–ძის მიმართ ფულადი მოთხოვნებით. შ.პ.ს. „ბ.კ.ჯ“-ს მიმართ მოთხოვნა გამომდინარეობს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებიდან, ხოლო მჯ–ძის მიმართ მოთხოვნა ეფუძნება სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებას და განსაზღვრულია 152 390.88 აშშ დოლარით.
14. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ეტაპზე სასამართლო არ წყვეტს, რომელმა მხარემ დაარღვია სახელშეკრულებო ვალდებულება, რა მოცულობის სამუშაო შესრულდა, არსებობდა თუ არა სამუშაოების შეჩერების სახელშეკრულებო საფუძველი და საბოლოოდ რა ოდენობის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. აღნიშნული საკითხები საარბიტრაჟო დავის არსებითად განხილვის საგანია. უზრუნველყოფის ეტაპზე სასამართლო ამოწმებს, არსებობს თუ არა სარჩელის შესაძლო დაკმაყოფილების შემთხვევაში მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საჭიროება.
15. შესაბამისად, საჩივრის ავტორთა მითითებები შესრულებული სამუშაოების მოცულობაზე, პროექტების, არქიტექტურისა და დიზაინის ცვლილებებზე, ალუმინის ფასის ზრდაზე, განმცხადებლის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობასა და მხარეთა შორის წარმოებულ წერილობით კომუნიკაციაზე თავისთავად ვერ გამორიცხავს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საჭიროებას. ამ გარემოებების იმგვარი შეფასება, რომ არსებითი დავის გადაწყვეტამდე წინასწარ დადგინდეს რომელიმე მხარის მიერ ვალდებულების დარღვევა, განსახილველი საკითხის ფარგლებს გასცდებოდა.
16. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორთა მოსაზრებას, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვდა მათი მხრიდან ქონების გადამალვის, განადგურების ან გასხვისების კონკრეტული განზრახვის დადასტურებას. უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანია არა მხარის არაკეთილსინდისიერების დამტკიცება, არამედ შესაძლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი კომუნიკაცია ადასტურებს მხარეთა შორის სახელშეკრულებო დავის არსებობას, თუმცა ვერ აქარწყლებს იმ ობიექტურ გარემოებებს, რომლებიც საარბიტრაჟო განხილვის დასრულებამდე ქონების შენარჩუნების საჭიროებაზე მიუთითებს.
17. შ.პ.ს. „ბ.კ.ჯ“-ს მიმართ გამოყენებული ღონისძიება შეეხება განცხადებაში კონკრეტულად განსაზღვრულ მოძრავ ქონებას, კერძოდ, 3710 კვ.მ. ალუმინის საფასადე კომპოზიტურ პანელებს, ფანჯრების ვიტრაჟებსა და მინაპაკეტს, რომლებიც, წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ქ. ბათუმში, ....... №108-ში მდებარე საწყობშია განთავსებული. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილის მიხედვით, შ.პ.ს. „ბ.კ.ჯ“-ს სახელზე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის. აღნიშნული მოძრავი ქონების ადგილმდებარეობისა და მფლობელის შეცვლა შესაძლებელია, რის გამოც საარბიტრაჟო განხილვის დასრულებამდე მისი შენარჩუნება შესაძლო გადაწყვეტილების აღსრულების ინტერესს ემსახურება.
18. საჩივრის ავტორთა მითითება, რომ ქონება სპეციალური დანიშნულებისაა, ინახება კონკრეტულ საწყობში და დაცულია ვიდეომეთვალყურეობით, მისი განკარგვის ან ადგილმდებარეობის შეცვლის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ქონების შენახვის არსებული პირობები შეიძლება ამცირებდეს მისი ფიზიკური დაზიანების საფრთხეს, თუმცა არ გამორიცხავს იმ რისკს, რომლის თავიდან აცილებასაც ქონების დაყადაღება ემსახურება.
19. შ.პ.ს. „ბ.კ.ჯ“-ს მიმართ გამოყენებული ღონისძიება შესაბამისი საარბიტრაჟო მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზანს არ სცდება. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა შ.პ.ს.-ის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული ან შემდგომში ჩასარიცხი ფულადი სახსრების დაყადაღების შესახებ. ასევე, არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა დაყადაღებული მოძრავი ქონების კრედიტორისთვის ან მის მიერ მითითებული შემნახველისთვის მიბარების შესახებ. ამდენად, სასამართლომ გამოიყენა კონკრეტული ქონების შენარჩუნებისკენ მიმართული ღონისძიება და არ გამოიყენა დამატებითი შეზღუდვები, რომლებიც შ.პ.ს-ის მიმდინარე საქმიანობაზე უფრო ინტენსიურ გავლენას მოახდენდა.
20. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს საჩივრის ავტორთა პოზიციას მჯ–ძის უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის შესახებ. საქმეში წარმოდგენილია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომელსაც საარბიტრაჟო მოსარჩელე მჯ–ძის მიმართ 152 390.88 აშშ დოლარის მოთხოვნას უკავშირებს. შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია არა მხოლოდ მჯ–ძის იურიდიულ პირთან კავშირის გამო, არამედ მის მიმართ წარდგენილი დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნის უზრუნველსაყოფად.
21. მჯ–ძის უძრავ ქონებაზე ყადაღა არ დადებულა. მას აეკრძალა ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. აღნიშნული ღონისძიება უძრავი ქონების არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას ემსახურება და მესაკუთრეს ქონების ფლობისა და სარგებლობის შესაძლებლობას არ ართმევს. სააპელაციო სასამართლომ არც მჯ–ძის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული ან შემდგომში ჩასარიცხი ფულადი სახსრების დაყადაღების მოთხოვნა დააკმაყოფილა. შესაბამისად, მის მიმართ გამოყენებული ღონისძიება საარბიტრაჟო მოთხოვნის მიზანთან დაკავშირებული და ნაკლებად შემზღუდველია.
22. საჩივრის ავტორთა მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დაადგინა მოძრავი და უძრავი ქონების რეალური ღირებულება, მოცემულ შემთხვევაში, გამოყენებული ღონისძიებების გაუქმებას ვერ განაპირობებს. ღონისძიებები გამოყენებულია სხვადასხვა საარბიტრაჟო მოპასუხის მიმართ, მათ წინააღმდეგ წარდგენილი შესაბამისი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად. მხოლოდ ქონების ღირებულების დაუდგენლობაზე მითითება არ ადასტურებს, რომ რომელიმე ღონისძიება შესაბამისი მოპასუხის მიმართ წარდგენილ მოთხოვნას აშკარად აღემატება ან მას არაპროპორციულ ქონებრივ შეზღუდვას აკისრებს.
23. უძრავი ქონების საცხოვრებელ ადგილად შესაძლო გამოყენებაზე მითითება ასევე არ არის საკმარისი გამოყენებული აკრძალვის არათანაზომიერების დასადგენად. საჩივრის ავტორებს არ მიუთითებიათ კონკრეტული გარემოება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის დროებითი აკრძალვა მჯ–ძის უფლებებს უზრუნველყოფის მიზნისათვის აუცილებელ ფარგლებს მიღმა ზღუდავს.
24. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გამოყენებული ღონისძიებები უკავშირდება შესაბამის საარბიტრაჟო მოთხოვნებს, ემსახურება შესაძლო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ქონების შენარჩუნებას, ხოლო ამ ღონისძიებებით გამოწვეული ქონებრივი შეზღუდვა უზრუნველყოფის მიზნის თანაზომიერია. საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ.პ.ს. „ბ.კ.ჯ“-ს და მჯ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 მაისის და ამავე სასამართლოს 2026 წლის 06 ივლისის განჩინებები.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი