დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-1212-2026
02 ოქტომბერი, 2026 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია
საქმის განხილვის ფორმა–ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ა–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე–ლ.მ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
არასრულწლოვნები - ლ.ა–ძე, ლ.ა–ძე
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე-სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვრეპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება–ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 05 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა–გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
ძირითადი სარჩელის დავის საგანი–ალიმენტის დაკისრება, მშობლის უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა
შეგებებული სარჩელის დავის საგანი-არასრულწლოვანი შვილების ნახვის დღეების განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ.მ–ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე თ.ა–ძის მიმართ, ალიმენტის დაკისრებისა და მშობლის უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის მოთხოვნით.
მოპასუხე - თ.ა–ძემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
აღნიშნულ სარჩელზე შეგებებული სარჩელი აღძრა თ.ა–ძემ არასრულწლოვანი შვილების ნახვის დღეების განსაზღვრის მოთხოვნით.
მოპასუხე - ლ.მ–ძემ წარდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით ლ.მ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ.ა–ძის შეგებებული სარჩელი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ.ა–ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 05 ივნისის განჩინებით თ.ა–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თ.ა–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმეში არსებულ მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლთან შესაბამისობა წყდება ერთპიროვნულად მომხსენებელი მოსამართლის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების დანაწესით, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 2026 წლის 05 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომას, სადაც გამოცხადებულ იქნა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა აპელანტი - თ.ა–ძე (იხ. ს.ფ. 367-369). ამდენად საკასაციო საჩივრის ავტორის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნები.
შესაბამისად, მხარეს წარმოეშვა კანონისმიერი ვალდებულება 2026 წლის 25 ივნისიდან (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 20-ე დღე) არაუგვიანეს 06 ივლისს (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე) დროის მონაკვეთში (ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე ა/წ 5 ივლისი დაემთხვევა დასვენების დღეს - კვირას) გამოცხადებულიყო სასამართლოში/მიემართა სასამართლოსათვის და მოეთხოვა გადაწყვეტილების/განჩინების ასლის ჩაბარება; აღნიშნული ვალდებულება მხარეს არ შეუსრულებია. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, მხარისათვის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის საწყისი თარიღია მისი გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღე 2026 წლის 07 ივლისი, ხოლო საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის ამოწურვის თარიღია 2026 წლის 27 ივლისი (ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე - ა/წ 26 ივლისი დაემთხვა დასვენების დღეს - კვირას, შესაბამისად ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე ა/წ 27 ივლისი; იხ. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლები).
თ.ა–ძემ 2026 წლის 07 აგვისტოს (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 63-ე დღეს) განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ კანონით დადგენილ ვადაში ვერ მოახერხა გადაწყვეტილების ჩაბარება, მოითხოვა გასაჩივრების ვადის აღდგენა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 05.06.2026 წლის დასაბუთებული განჩინების ასლის ელ.ფოსტაზე გადაგზავნა. მოსამართლის თანაშემწემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 05.06.2026 წლის განჩინების ასლი აპელანტს მისი მოთხოვნის საფუძველზე ელ.ფოსტაზე გადაუგზავნა 2026 წლის 10 აგვისტოს. აპელანტმა მიღება დაადასტურა 2026 წლის 11 აგვისტოს, თუმცა სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს აღნიშნულ თარიღს, ვინაიდან როგორც ზემოთაღინიშნა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 2026 წლის 05 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომას, სადაც გამოცხადებულ იქნა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ესწრებოდა აპელანტი - თ.ა–ძე (იხ. ს.ფ. 367-369). ამდენად საკასაციო საჩივრის ავტორის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნები.
ასევე დადგენილია, რომ თ.ა–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში დარეგისტრირდა 2026 წლის 02 სექტემბერს (ფოსტაში წარდგენილია 2026 წლის 31 აგვისტოს), სსსკ-ის 397-ე მუხლით საკასაციო საჩივრის წარდგენისთვის დადგენილი 21 დღიანი ვადის დარღვევით, რაც წარმოადგენს თ.ა–ძის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერ საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (სუსგ. №ას-1354-2019, 21.02.2020წ; №ას-1395-2020, 7.12.2020წ.).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თ.ა–ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო საჩივარს ერთვის კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (საგადასახადო დავალება N5439), შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 396-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ა–ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 05 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. თ.ა–ძეს პ/ნ ...... დაუბრუნდეს 31.08.2026 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150; (საგადასახადო დავალება 5439).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: მიხეილ ჯინჯოლია