დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 22.09.2026
საქმის ნომერი
ას-722-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

22 სექტემბერი, 2026 წელი,საქმე №ას-722-2026 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ვ.ი–ი, ვ.ი–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ვ.ი.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, თანხის სოლიდარულად დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის 26 ნოემბერს შპს „ვ.ი-მა“ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზაციის გზით შეიძინა ქ.თბილისში, სოფელ ........ მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა ნაგებობებით (შემდეგში - უძრავი ნივთი, უძრავი ქონება ან სადავო ქონება), რომელზეც მოსარჩელის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.

მოსარჩელის საკუთრებაში გადასვლამდე უძრავი ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში ირიცხებოდა.

2. ზემოაღნიშნულის მიუხედავად უძრავ ნივთს ვ.ი–ი (შემდეგში - პირველი მოპასუხე, პირველი კასატორი ან მფლობელი) და ვ.ი–ი (შემდეგში - მეორე მოპასუხე, მეორე კასატორი ან მეორე მფლობელი) ფლობენ.

3. უკანონო მფლობელობიდან სადავო ქონების გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხეთა წინააღმდეგ მესაკუთრემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით:

4.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

4.2. უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრეს გადაეცა;

4.3. მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს სოლიდარულად 4 700 ლარის ყოველთვიურად გადახდა დაეკისრათ - სარჩელის სასამართლოში შეტანის დღიდან, 2025 წლის 22 მაისიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1.5 (წელიწად ნახევარი) წლის პერიოდზე ასანაზღაურებელი 84 600 ლარისა.

4.4. დანარჩენ ნაწილსი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 26 მარტის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

6.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 168-ე, 170.1, 172.1 მუხლებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა წარმატებული იყო.

6.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ წარდგენილი წერილობითი დოკუმენტები უძრავი ქონების მის მიერ შეძენის ფაქტს ადასტურებდა, რადგან დოკუმენტში ასახული ინფორმაცია საკუთრების უფლების წარმოშობისთვის ზოგადი, უზუსტო და ბუნდოვანი იყო. ცნობაში საერთოდ არ ფიქსირდებოდა შეძენილი უძრავი ქონების მახასიათებლები, მიწის ნაკვეთის განთავსების ზონა, სექტორი, კვარტალი, მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია, ფართის მოცულობა, საკადასტრო კოდი და სხვა დეტალები.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევა უნდა ემყარებოდეს ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი არ შეიძლება განიმარტოს, როგორც პირის უფლების აღიარება, უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით (ჩეპმენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Chapman v. the United Kingdom, განაცხადი no. 2738/95, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2001 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 99) ან როგორც პირის უფლება, იცხოვროს გარკვეულ ადგილას (გარიბი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Garib v. the Netherlands), განაცხადი no. 43494/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 141). კონვენციის მე-8 მუხლის ძალით სახელმწიფოზე დაკისრებულ პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის გამყოფი ზღვარი ხშირად რთული დასადგენია. შესატყვისი პრინციპები მსგავსია. ორივე შემთხვევაში უნდა დამყარდეს სამართლიანი წონასწორობა კონფლიქტურ ინტერესებს შორის. „შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა უნდა იყოს ცხადი, წინასწარგანჭვრეტადი და სათანადოდ ხელმისაწვდომი. პირს უნდა შეეძლოს კანონის შესაბამისად მოქმედება. აგრეთვე, ცხადად უნდა იყოს განსაზღვრული საჯარო ხელისუფლებისთვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში სათანადო ღონისძიებების მიღება.

შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა გონივრული სიცხადით უნდა მიუთითებდეს იმ ფარგლებსა და გზებზე, რომლითაც უნდა განხორციელდეს საჯარო ხელისუფლებისთვის დელეგირებული დისკრეცია ისე, რომ პირები უზრუნველყოფილი იყვნენ დაცვის მინიმალური ხარისხით, რომლის უფლებაც მათ აქვთ სამართლის უზენაესობაზე დამყარებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში. რაც შეეხება წინასწარგანჭვრეტადობას, ფრაზა „კანონის შესაბამისად“ ამ კონტექსტში გულისხმობს, inter alia, რომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა საკმარისად განჭვრეტადი უნდა იყოს, რათა სათანადოდ მიანიშნოს ინდივიდებს იმ გარემოებებსა და პირობებზე, რომელთა დადგომის შემთხვევაშიც, ხელისუფლებას უფლება აქვს, გამოიყენოს უფლებათა შემზღუდველი ღონისძიებები. ევროპული სასამართლო მოითხოვს, რომ პირებს უნდა შეეძლოთ, გონივრულად განჭვრიტონ, სულ მცირე, იურისტის რჩევით, რომ მათზე შეიძლება კანონის მოქმედება გავრცელდეს“ (იხ. საცხოვრისის უფლება /საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის მიმოხილვა/; ავტორი - ნ.მჭედლიძე; 2019; 38-39; რედაქტორი - ნ.კალატოზიშვილი).

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, 20.08.1992წ. შედგენილი ცნობა ან ამავე წლის მიღება-ჩაბარების აქტი, რომ მოპასუხეთა საკუთრების უფლების წარმოშობისთვის სამართლებრივად ვარგისი ყოფილიყო, მისი საჯარო რეესტრში წარდგენის გზით საკუთრების უფლებას მოიპოვებდნენ. მსგავსი გარემოების მტკიცების მცდელობაც კი არ განხორციელებულა. მის საწინააღმდეგოდ საქმეში არსებობს აუქციონის გზით საკუთრების უფლების შეძენის მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, რასაც საბოლოოდ ადასტურებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან უძრავი ქონების ამონაწერი.

სააპელაციო სასამართლომ საჯარო რეესტრის მონაცემების სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციაზე მიაქცია ყურადღება და სსკ-ის 312.1 მუხლზე მიუთითა, რომლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. მოპასუხეებმა შემძენის არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითეს, თუმცა ხსენებული გარემოება არანაირი ხელშესახები მტკიცებულებით არ დადასტურებულა.

6.3. მოპასუხეები 1992 წლიდან სადავო ქონებით სარგებლობისა და მუდმივი ფლობის ფაქტზე მიუთითებდნენ, რაც სააპელაციო სასამართლომ შემდეგი საფუძვლით არ გაიზიარა:

სსკ-ის 165.1 მუხლის თანახმად, თუ პირი მოძრავ ნივთს ხუთი წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს, როგორც საკუთარს, მასზე საკუთრების უფლებას მოიპოვებს (საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოძრავი ნივთის შეძენა დაუშვებელია, თუ შემძენი ნივთს არაკეთილსინდისიერად ფლობდა ან თუ მან მოგვიანებით შეიტყო, რომ ნივთი მას არ ეკუთვნოდა. უძრავ ნივთებზე საკუთრების ხანდაზმულობით შეძენას სსკ-ის 167-ე მუხლი აწესრიგებს, რომლის შესაბამისად, თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ მათზე საკუთრების უფლება არ შეუძენია, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია თხუთმეტი წლის განმავლობაში არსებობდა და ამ ხნის მანძილზე პირი მათ ფლობდა, როგორც საკუთარს.

მოხმობილი მუხლების ნორმატიული შინაარსის თანახმად, პირი ფაქტობრივი ფლობის უწყვეტობის შედეგად შესაძლოა გახდეს მოძრავი ნივთის მესაკუთრე, თუმცა უძრავ ნივთზე საკუთრების ხანდაზმულობით შეძენა განსხვავებულად წესრიგდება.

საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებით საკუთარ მტკიცების საგანში შემავალი ტვირთი მოპასუხეებმა ვერ დაძლიეს და საკუთრების რეესტრში რეგისტრაციის ფაქტი ვერ წარმოადგინეს. რეგისტრაციის გარეშე უძრავი ნივთის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობა არ წარმოშობს საკუთრების უფლებას, რის გამოც მოპასუხეთა პოზიცია უარსაყოფი იყო.

6.4. გარდა ამისა, მოპასუხეებმა იმ გარემოებაზეც მიუთითეს, რომ სადავო უძრავ ქონებაზე ისინი პრეტენზიას აცხადებდნენ, კერძოდ, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაშიც და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაშიც დავა მიმდინარეობდა. ხსენებული პრეტენზიის უარსაყოფად სააპელაციო სასამართლომ შემდეგზე მიუთითა:

ვინდიკაციურ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას, სააპელაციო სასამართლოსთვის, შემდეგი გარემოებების დადგენაა მნიშვნელოვანი: უძრავ ქონებაზე მოსარჩელეს საკუთრების უფლება აქვს; უძრავ ნივთს მოპასუხეები ფლობენ; მოპასუხეები ნივთს კანონის ან სახელშეკრულებო საფუძვლის გარეშე ფლობენ.

ვინაიდან საქმის მასალებით სარჩელის წარმატებისთვის საჭირო სამივე კომპონენტი დადასტურებულია, საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელ საკუთრების უფლებაზე დავა, მითუმეტეს კანონიერ ძალაში შეუსვლელი სასამართლო წარმოების არარსებობა, საქმის განხილვას ვერ შეაფერხებდა.

7. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხონით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოპასუხეებმა შემდეგი საფუძვლით წარმოადგინეს:

- უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის კანონიერების საკითხი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით იხილება. შესაბამისად, ასეთ პირობებში განსახილველი ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილება შეუძლებელია.

ამავდროულად, კასატორები მოცემულ საქმეზე წარმოების შეჩერებაზე იმ დავის განხილვამდე შუამდგომლობენ, რომელიც უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დადგენას შეეხება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 7 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

10. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.

11. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

12. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ქონების გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172.1 მუხლი. ამ ნორმის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა). მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ). მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ). მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

13. მოსარჩელე სადავო ქონების მესაკუთრეა, რაც დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავდროულად, დადგენილია, რომ მოპასუხეები უძრავი ნივთის მფლობელები არიან.

სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეებმა ვერ შეძლეს საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც სადავო ქონებაზე მათი მფლობელობის მართლზომიერება დადასტურდებოდა.

ეს გარემოებები ადასტურებს, რომ არსებობს უკანონო მფლობელობიდან მესაკუთრის მიერ ნივთის გამოთხოვისთვის კანონით დადგენილი წინაპირობები, კერძოდ: სადავო ქონების მესაკუთრე მოსარჩელეა, ხოლო მოპასუხეებს არ აქვთ მისი ფლობის უფლება.

სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, ვინაიდან არსებობს სსკ-ის 172.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.

14. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ გამოდგება კასატორების მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მათ მიერ სადავოდაა გამხდარი მოსარჩელის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის კანონიერება.

ზემოაღნიშნული საკითხის გაანალიზებისას, საყურადღებოა, სსკ-ის 312.1 მუხლის შინაარსი. ამ ნორმის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა.

სანამ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება კანონიერად ითვლება, მანამდე უფლებამოსილ პირს შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება. ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს (იხ. სუსგ. Nას-320-2020, 18.02.2021წ.; Nას-1542-1462-2017, 30.01.2018წ.).

გარდა ამისა, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ მარტოოდენ გასაჩივრების ფაქტი არ აქარწყლებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მოქმედებას, თუ არ დადასტურდა უფლების ნამდვილობის ხარვეზი თავად გარიგების მხარეთა მიერ ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მანამდე ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (იხ. სუსგ. Nას-1542-1462-2017, 30.01.2018წ.; Nას-1719-2019, 22.01.2020წ.).

კანონის ზემომითითებული ნორმის შინაარსი, ასევე, დასახელებულ განჩინებებში ასახული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსჯელობა, საფუძველს ქმნის დასკვნისთვის, რომ მოცემულ შემთხვევაში, უნდა დავეყრდნოთ საჯარო რეესტრის არსებული ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას.

ეს პრეზუმფცია კი, იმაში მდგომარეობს, რომ სადავო ქონების მესაკუთრე მოსარჩელეა, რაც სათანადო წესით, ამ ფაქტის უსწორობის დამტკიცებამდე, პრეზუმირებულია და სხვა სამართალწარმოების ფარგლებში განსახილველი დავის გადაწყვეტამდე წინამდებარე საქმის განხილვის შეჩერების კანონისმიერი საფუძველიც არ არის სახეზე.

აქედან გამომდინარე, უძრავ ქონებაზე, კასატორთა მიერ მოსარჩელის საკუთრების უფლების არაკვალიფიციური ხასიათის შედავება, მესაკუთრის განსახილველი სარჩელის უარყოფას ვერ გამოიწვევს. როგორც ზემოთ განიმარტა, მოსარჩელეს, რომელიც ამჟამად უძრავი ქონების მესაკუთრეა, აღნიშნული ქონების მოპასუხეებისგან გამოთხოვის სრული უფლება აქვს, რაც კანონიერად დაკმაყოფილდა.

15. მცდარია კასატორთა მხრიდან იმაზე აპელირება, რომ წარდგენილი წერილობითი დოკუმენტები უძრავი ქონების მათ მიერ შეძენის ფაქტს ადასტურებს, რადგან მითითებული მტკიცებულებებიდან აღნიშნული დასკვნა არ გამომდინარეობს. საქმეზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერი კი, რომელზეც ზემოთ აღინიშნა, საწინააღმდეგო გარემოების, კერძოდ, სადავო ქონებაზე მოსარჩელის მესაკუთრეობის მაუწყებელია, რომლის მიმართაც სსკ-ის 312.1 მუხლის ძალით უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია ვრცელდება.

16. რაც შეეხება მათ მიერ 1992 წლიდან სადავო ქონებით სარგებლობისა და მუდმივად ფლობის ფაქტს, რაზეც მოპასუხეებმა მიუთითეს, სსკ-ის 167-ე მუხლზე (თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ მათზე საკუთრების უფლება არ შეუძენია, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია თხუთმეტი წლის განმავლობაში არსებობდა და ამ ხნის მანძილზე პირი მათ ფლობდა, როგორც საკუთარს) დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ საკუთარი მტკიცების საგანში შემავალი ტვირთი მოპასუხეებმა ვერ დაძლიეს და საკუთრების რეესტრში რეგისტრაციის ფაქტი ვერ წარმოადგინეს, ხოლო რეგისტრაციის გარეშე უძრავი ნივთის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობა საკუთრების უფლებას არ წარმოშობს.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (შდრ. სუსგ: №ას-577-2019, 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება; №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; №ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება). სადავო საკითხის ამგვარად გადაწყვეტა შესაბამისია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან (მაგალითისათვის იხ.: მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი; იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII; პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ, დიდი პალატა, N42527/98, §83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII)).

18. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

20. სსსკ-ის 46.1 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე პირველი კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ხოლო მეორე კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, გამომდინარე სსსკ-ის 401.4 მუხლიდან (თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.ი–ისა და ვ.ი–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ვ.ი–ი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

3. ვ.ი–ს (პ/ნ .........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.კ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 4 230 ლარის (საგადასახადო დავალება #9726, გადახდის თარიღი - 24.07.2026) 70% - 2 961 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია