გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1364-2025
19 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – შ.ტ–ძე, ე.ხ–ნი, რ.ბ–ძე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.მ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სანაცვლო შესრულების პირობით წილის ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტა, წილის საკუთრებაში დაბრუნება, შპს-ს პარტნიორობიდან გასვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შ.ტ–ძემ (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“ ან „პირველი კასატორი“), ე.ხ–ნმა (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“ ან „მეორე კასატორი“) და რ.ბ–ძემ (შემდგომში - „მესამე მოსარჩელე“ ან „მესამე კასატორი“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ა.მ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვეს: შეწყდეს, ერთი მხრივ, მოსარჩელეებს და, მეორე მხრივ, მოპასუხეს შორის 29.03.2012წ. დადებული ხელშეკრულება სანაცვლო შესრულების პირობით წილის ნასყიდობის შესახებ და საკუთრებაში დაუბრუნდეთ: პირველ მოსარჩელეს - შპს „რ.ე–ის” (შემდგომში - „კომპანია“ ან „რესტორანი“) საწესდებო კაპიტალის 7,5%, მეორე მოსარჩელეს - კომპანიის საწესდებო კაპიტალის 10% და მესამე მოსარჩელეს - კომპანიის საწესდებო კაპიტალის 7,5%; მოპასუხე ჩაითვალოს კომპანიის საწესდებო კაპიტალის მესაკუთრე პარტნიორობიდან გასულად.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. მოსარჩელეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. კომპანია რეგისტრირებულია 16.07.2007 წელს და ახორციელებს სარესტორნო მომსახურებას;
6.2. კომპანიის პარტნიორები არიან - მოსარჩელეები და მოპასუხე. კომპანიის დირექტორი 2012 წლის მარტიდან 2017 წლის ივნისამდე პერიოდში იყო მოპასუხე. ამჟამად შპს-ს დირექტორია შ.ტ–ძე (შემდგომში - „დირექტორი“)(იხ. ტ. 1, ს.ფ. 21-26; ტ. 2, ს.ფ. 124);
6.3. საქმეში წარდგენილი კომპანიის წესდების თანახმად:
- ყოველი პარტნიორი ვალდებულია, შეიტანოს თავისი წილის შესაბამისი შესატანები საზოგადოების საწესდებო კაპიტალში ამ წესდებით განსაზღვრული ოდენობით, ფორმითა და წესით და დამატებითი შესატანები საწესდებო კაპიტალში პარტნიორთა კრების მიერ განსაზღვრული წესითა და ოდენობით (2.25 პუნქტი);
- თუ პარტნიორი გადააცილებს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში ძირითადი ან დამატებითი შესატანების შეტანის ვადას, ნებისმიერი სხვა პარტნიორი წერილობით ატყობინებს მას ამ შესატანების შეტანის აუცილებლობისა და საზოგადოებიდან გარიცხვის შესაძლებლობის შესახებ და უნიშნავს შეტანის დამატებით ვადას შეტყობინების გაგზავნის დღიდან ორი თვის ხანგრძლივობით (2.26 პუნქტი);
- საზოგადოება თვითონ ირჩევს საბანკო დაწესებულებას საკრედიტო-საანგარიშსწორებო ოპერაციების განსახორციელებლად (3.23 პუნქტი) (იხ. ტ. 3, ს.ფ. 62-75);
6.4. ერთი მხრივ, კომპანიის დამფუძნებლებს - მოსარჩელეებს (გამყიდველი) და, მეორე მხრივ, მოპასუხეს (მყიდველი) შორის 2012 წლის 29 მარტს დაიდო „წილის ნასყიდობის ხელშეკრულება სანაცვლო შესრულების პირობით”, რომლის თანახმად:
- ხელშეკრულება არეგულირებდა მხარეთა შორის ურთიერთობებს, რაც წარმოიშობოდა ამ ხელშეკრულების საგნის, კერძოდ, კომპანიის საწესდებო კაპიტალში პარტნიორთა წილების ნაწილების ყიდვა-გაყიდვისას (1.1 პუნქტი);
- ხელშეკრულების საფუძველზე, გამყიდველი - ა) პირველი მოსარჩელე, რომელიც იყო კომპანიის საწესდებო კაპიტალის 32.5000%-ის მესაკუთრე, თავისი წილის ნაწილს, რომელიც შეადგენდა მთლიანი საწესდებო კაპიტალის 7,5%-ს; ბ) მეორე მოსარჩელე, რომელიც იყო კომპანიის საწესდებო კაპიტალის 35.000%-ის მესაკუთრე, თავისი წილის ნაწილს, რომელიც შეადგენდა კომპანიის საწესდებო კაპიტალის 10%-ს და გ) მესამე მოსარჩელე, რომელიც იყო კომპანიის 32.5000%-ის მესაკუთრე, თავისი წილის ნაწილს, რომელიც შეადგენდა მთლიანი საწესდებო კაპიტალის 7,5%-ს, რაც ჯამში შეადგენდა კომპანიის საწესდებო კაპიტალის 25%-ს, ყიდდნენ, ხოლო მყიდველი - მოპასუხე ყიდულობდა გამყიდველისაგან მათი კუთვნილი წილების ნაწილებს კომპანიის საწესდებო კაპიტალში, რაც ჯამში შეადგენდა კომპანიის მთელი საწესდებო კაპიტალის 25%-ს, რომელიც შემდგომში ამ ხელშეკრულებაში მოხსენიებული იყო, როგორც ნასყიდობის საგანი (1.2 პუნქტი);
- მხარეთა შეთანხმებით, ამ ხელშეკრულების საგნის საფასურის გადახდის სანაცვლოდ მყიდველი გამყიდველის წინაშე კისრულობდა შემდეგი ვალდებულების შესრულებას: ა) ამ ხელშეკრულების დადების დღიდან შვიდი წლის ვადაში, წარდგენილი გრაფიკის მიხედვით (საკრედიტო ხელშეკრულება 002201108618, დანართი N1, 05.05.2011წ. სესხის დაფარვის გრაფიკი) გაესტუმრებინა კომპანიის მიერ სს „ლ.ბ–გან“ (შემდგომში - „პირველი ბანკი”) მიღებული კრედიტი 120 000 სარგებლით. მოეხსნა დატვირთვა კომპანიის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ქუთაისი, ……., რომელიც დატვირთული იყო ამ კრედიტის უზრუნველსაყოფად პირველი ბანკის სასარგებლოდ; ბ) ასევე, მყიდველი კისრულობდა ვალდებულებას, გონივრულ ვადებში, საკუთარი ხარჯებით დაესრულებინა კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქუთაისი, ………., რემონტი (რემონტის ხარისხზე და შესაძლო ღირებულებაზე მხარეები შეთანხმდებოდნენ რემონტის წარმოების პროცესში). რემონტი უნდა დასრულებულიყო ამ ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს ერთი წლისა, 2013 წლის მარტის ბოლომდე. რემონტი და შენობის ფასადი უნდა შესრულებულიყო მხარეთა შორის შეთანხმებული პროექტით, რომელიც შეტანილი იყო დასამტკიცებლად და ნებართვის მისაღებად ქალაქის შესაბამის ორგანოებში (2.1 პუნქტი);
- თავის მხრივ, გამყიდველები მყიდველის წინაშე სოლიდარულად კისრულობდნენ ვალდებულებას, რომ ამ ხელშეკრულების დადების დღიდან ორი წლის მანძილზე კომპანიის საქმიანობის შედეგად მიღებული მთელი მოგების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 100%-ს, ხოლო მომდევნო მესამე წლის მთელი მოგების ნახევარს (50%-ს) დაუთმობდნენ მყიდველს. აღნიშნული თანხების მყიდველისათვის ყოველი გადაცემა უნდა მომხდარიყო მიღება-ჩაბარების აქტით, რომელსაც შეადგენდნენ და ხელს მოაწერდნენ ხელშეკრულების მონაწილეები. 2015 წლიდან მომდევნო პერიოდში მოგება განაწილდებოდა საზოგადოების წესდების თანახმად, პარტნიორთა კუთვნილი წილების შესაბამისად (2.2 პუნქტი);
- გამყიდველი ვალდებული იყო: გადაეცა მყიდველისათვის უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ქონება; ამ ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს ათი დღისა გაეტარებინა სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციაში ახალი პარტნიორი, რისთვისაც უნდა დავალებოდა დირექტორს რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა მოქმედების შესრულება; ხელი შეეწყო მყიდველისათვის მის მიერ აღებული ვალდებულების შესრულებაში, კერძოდ, რემონტის ჩატარებაში. ხელის შეწყობა გამოიხატებოდა მხარეთა წერილობით ან ზეპირ შეთანხმებებში რემონტის ხარისხსა და დეტალებზე; ასევე, გადაეცა მყიდველისათვის ყველა საბუთი და დოკუმენტი, რაც საჭირო იქნებოდა ბანკის კრედიტის მყიდველის მიერ გასტუმრებისას; შეპირებული სანაცვლო შესრულების შემდეგ ჩაებარებინა მყიდველისაგან შესრულებული რემონტი. ჩაბარება უნდა მომხდარიყო მყიდველსა და გამყიდველს შორის მიღება-ჩაბარების აქტის შედგენით, რომელზეც ხელს მოაწერდნენ ხელშეკრულების მხარეები (შესაძლებელი იყო მოწმეების დასწრება) (3.1 პუნქტი);
- მყიდველი ვალდებული იყო: მიეღო გამყიდველისაგან ნასყიდობის საგანი და ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული ყველა უფლება და ვალდებულება დადგენილ ვადაში და წესით; შეესრულებინა მის მიერ გამყიდველის წინაშე აღებული ვალდებულებები: დროულად და ხარისხიანად, გამყიდველთან შეთანხმებით, საკუთარი ხარჯებით ეწარმოებინა და დაესრულებინა რემონტი კომპანიის კუთვნილ შენობაში, მდებარე: ქ. ქუთაისი, ……..; დროულად, ჯეროვნად, გრაფიკის სრული დაცვით გაესტუმრებინა კომპანიის მიერ პირველი ბანკიდან აღებული კრედიტი; გადაეხადა პირველი ბანკის ყველა საჯარიმო მოთხოვნა კომპანიის მიმართ, რაც გამოწვეული იქნებოდა ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტში მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად (გრაფიკის დარღვევით) შესრულებით (3.2 პუნქტი);
- მყიდველი ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლებას შეიძენდა ამ ხელშეკრულების სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის დღიდან და მასზე გადავიდოდა პარტნიორის ყველა უფლებები და ვალდებულებები. მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე მყიდველს ეკრძალებოდა მის მიერ შეძენილი წილის გასხვისება ან რაიმე სხვა ვალდებულებებით დატვირთვა, გამყიდველების ან მათი უფლებამონაცვლეების წერილობითი თანხმობის გარეშე, რის შესახებაც სამეწარმეო რეესტრში საზოგადოების დირექტორის მოთხოვნით გაკეთდებოდა შესაბამისი ჩანაწერი/აკრძალვა. აღნიშნული აკრძალვა მოიხსნებოდა მყიდველის მოთხოვნით სამეწარმეო რეესტრში გამყიდველების ან მათი ულებამემკვიდრეების წერილობითი თანხმობის წარდგენით (4.1 პუნქტი);
- მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში - კერძოდ, თუ მყიდველი ექვს თვეზე მეტი ხნით ვერ გადაიხდიდა გრაფიკით გათვალისწინებულ თანხებს, რაც გამოიწვევდა ბანკის მხრიდან რესტორნის მიმართ საჯარიმო სანქციებს, მყიდველი უპირობოდ დაკარგავდა ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლებას და, ასევე, დაკარგავდა უფლებას მოეთხოვა გამყიდველისაგან მყიდველის მიერ ნაწილობრივ დაფარული სესხის თანხის უკან დაბრუნება; აგრეთვე, დაკარგავდა უფლებას, მოეთხოვა შენობის რემონტზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება (4.2 პუნქტი);
- მხარეებს ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის კანონმდებლობის შესაბამისად. თითოეული მხარე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა დადგენილი წესით, შეთანხმების ფარგლებში (მე-5 პუნქტი);
- მხარეებს უფლება ჰქონდათ ურთიერთშეთანხმებით შეეცვალათ ამ ხელშეკრულების პირობები (მე-6 პუნქტი);
- ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილიყო მხოლოდ მხარეთა წერილობითი თანხმობით (მე-7 პუნქტი) (იხ. ტ. 1, ს.ფ. 27-31);
6.5. 2012 წლის 01 მარტს კომპანიასა (დამკვეთი) და შპს „მ “-ს (შემსრულებელი) შორის დაიდო N15 ხელშეკრულება, რომლითაც შემსრულებელს უნდა შეესრულებინა ქ. ქუთაისში, რესტორნის ინტერიერის მოსახვითი სამუშაოები, რომლის სავარაუდო ღირებულება იყო 60 434,71 ლარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 57-59);
6.6. კომპანიამ 15.02.2013წ. სს „ქ.ბ–გან” (შემდგომში - „მეორე ბანკი”) აიღო სარგებლიანი კრედიტი 120 000 აშშ დოლარის ოდენობით პირველი ბანკის სესხის რეფინანსირებისათვის (იხ. ტ. 1, ს.ფ. 248-254; ტ. 4, ს.ფ. 46-48, 100-147, 160-168);
6.7. მოსარჩელეებმა 30.06.2017წ. წერილით მიმართეს მოპასუხეს, რომლითაც აცნობეს, რომ მიუხედავად მათი 22 ივნისის წერილისა, მოპასუხის მიერ არ შესრულებულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ დაფარულა მეორე ბანკთან სესხის დაფარვის გრაფიკიდან ჩამორჩენის შედეგად წარმოშობილი დავალიანება, რის გამოც, კომპანიის ქონებას შეექმნა რეალური საფრთხე. ისინი იძულებულნი გახდნენ ხელი მოეწერათ თანხმობაზე სესხის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, თუმცა აცნობეს, რომ ეს ფაქტი გამომდინარეობდა საწარმოს ინტერესიდან და არ ცვლიდა პარტნიორებს შორის აქამდე არსებულ ურთიერთობებს. ისინი აგრძელებდნენ ურთიერთობას (მათ შორის, პასუხისმგებლობის საკითხებს) სანაცვლო შესრულების პირობით წილის ნასყიდობის შესახებ მათ შორის 29.03.2012წ. გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად (იხ. ტ. 1, ს.ფ. 32);
6.8. მოპასუხემ 07.07.2017წ. წერილით მოსარჩელეებს უპასუხა, რომ 29.03.2012წ. წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება მის მიერ შესრულდა, შესაბამისად, არც კომპანიის და არც პირველი ბანკის მიმართ არავითარი ვალდებულება არ გააჩნდა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 35);
6.9. საქმეში წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 19.03.2018წ. N001793518 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი შპს „მ“-ის მიერ ქ. ქუთაისში კომპანიის შენობის რეაბილიტაციისა და ეზოში კოტეჯების კაპიტალურ მშენებლობაზე შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება შეადგენდა 452 437,24 ლარს; ობიექტზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები, რომლებიც შეტანილი არ იყო წინამდებარე აქტში და მოცემული იყო დასკვნის დანართი N1-ის შენიშვნის ნაწილში, რომლის ჩათვლა სამუშაოთა შემსყიდველის პრეროგატივა იყო (იხ. ტ. 1, ს.ფ. 68-86);
6.10. შპს „მ“-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს კომპანიის მიმართ და მოითხოვა რესტორნის შენობის რეაბილიტაციისა და ეზოში კოტეჯების კაპიტალური მშენებლობის ღირებულების 407 027,39 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული დავის ფარგლებში მხარეები მორიგდნენ. მხარეთა მორიგების თანახმად, შპს „მ“-მ უარი თქვა 407 027,39 ლარის დაკისრების შესახებ მის მოთხოვნაზე კომპანიის 20% წილის გადაცემის სანაცვლოდ. შედეგად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 28.02.2024წ. განჩინებით, მხარეთა მორიგების გამო, საქმის წარმოება შეწყდა (იხ. ტ. 3, ს.ფ. 3-16; ტ. 4);
6.11. სააპელაციო სასამართლოს მიერ მეორე ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 18.03.2025წ. მდგომარეობით, კომპანიას ბანკის მიმართ სასესხო დავალიანება არ გააჩნია (იხ. ტ. 4);
6.12. კომპანიის დაკვეთით შესრულებული და საქმეში წარდგენილი შპს „ა.ე....“-ის მიერ 04.12.2019წ. გაცემული ექსპერტიზის N17 დასკვნის თანახმად, ექსპერტს დაესვა შემდეგი კითხვები:
1. მოპასუხის მიერ კომპანიის წილის (25%) შეძენის მომენტში (29.03.2012წ.) რა დავალიანება ჰქონდა კომპანიას პირველი ბანკის მიმართ?;
2. მოპასუხის მიერ პირველ ბანკში კომპანიის სესხის დაფარვასთან დაკავშირებით 2012 წლის 29 მარტიდან 2013 წლის 15 თებერვლამდე (მეორე ბანკის ქუთაისის ფილიალში სესხის გადატანის თარიღი) დროის მონაკვეთში რა ოდენობის სესხია დაფარული?;
3. კომპანიის სესხი 2013 წლის 15 თებერვალს გადატანილ იქნა მეორე ბანკის ქუთაისის ფილიალში. რა იყო პირველი ბანკიდან მეორე ბანკში სესხის გადატანის საფუძველი?;
4. რა მიზნით და ოდენობით თანხა დაიმატა მოპასუხემ მეორე ბანკიდან, როდის, რის საფუძველზე და როგორია მისი ხარჯვა (მიზნობრიობა)?;
5. როგორ, ვის მიერ ხდებოდა მეორე ბანკში სესხის დაფარვა და დაცულია თუ არა ბანკის მიერ დადგენილი გრაფიკი?;
6. როდის განხორციელდა მეორე ბანკში სესხის რესტრუქტურიზაციები, რა გახდა მეორე ბანკში სესხის ბოლო რესტრუქტურიზაციის საფუძველი და ასეთის განუხორციელებლობის შემთხვევაში, რა საფრთხე დაემუქრებოდა კომპანიას?;
7. შეასრულა თუ არა სანაცვლო შესრულების პირობით წილის ნასყიდობის შესახებ 29.03.2012წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები წილის შემსყიდველმა მხარემ (ფინანსური თვალსაზრისით)?;
6.13. კომპანიის დირექტორის მიერ წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია კომპანიის საქმიანობის შესახებ, კერძოდ: 29.03.2012წ. სანაცვლო შესრულების პირობით წილის ნასყიდობის ხელშეკრულება; ამონაწერები ანგარიშებიდან, პირველი ბანკი, 2012 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის ივნისამდე პერიოდის აშშ დოლარში, ევროში და ლარში; ექსპერტიზის ჩატარების დროს, გაგზავნილი წერილების შესაბამისად, მიღებულია პირველი ბანკიდან წერილი N18055-12126/25089 22.06.2018წ. გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებისა და სესხის გადახდის გრაფიკის ასლების თანდართვით და მეორე ბანკიდან წერილი N3/38 04.07.2018წ. დანართი: ინფორმაცია გრაფიკით დაფარული სესხის შესახებ;
6.14. დასკვნა, პასუხები კითხვებზე:
1. პირველი ბანკის მიმართ კომპანიის სასესხო დავალიანება 2012 წლის 29 მარტისათვის (მოპასუხესთან წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის) შეადგენდა: სესხის ძირითადი თანხა - 118 803,83 აშშ დოლარი და პროცენტი - 207,74 აშშ დოლარი;
2. 2012 წლის 17 აპრილიდან 2013 წლის 18 თებერვლამდე პერიოდში (10 თვე) პირველ ბანკში მოპასუხის მიერ შეტანილია 25 000,00 აშშ დოლარი (თვეში 2 500,00 აშშ დოლარი). 2013 წლის 18 თებერვლისათვის სესხის ოდენობა პირველ ბანკში შეადგენდა 110 800,00 აშშ დოლარს, რომელიც გადაიფარა მეორე ბანკში გაფორმებული სესხით - 120 000,00 აშშ დოლარით;
3. მეორე ბანკში სესხის გადატანა წარმოადგენდა იმავე სესხის, ფაქტობრივად, გაგრძელებას. მეორე ბანკში 2013 წლის 15 თებერვალს გამოყოფილია სესხი 120 000,00 აშშ დოლარი, მიზნობრიობით: პირველი ბანკის სესხის რეფინანსირება. აქედან 110 800,00 აშშ დოლარით დაიფარა პირველი ბანკის სესხი;
4. 2013 წლის 04 მარტს კომპანიაზე გაფორმებულია სესხი 27 000,00 აშშ დოლარი სწრაფი კვების ობიექტის მოწყობის მიზნობრიობით. იმავე დღეს მოპასუხეზე გაცემულია ეროვნული ვალუტის შესყიდვის მოტივით 29 650,00 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა ეროვნული ვალუტის ანგარიშზე დაფიქსირებული (შეტანილი) არ არის. „სწრაფი კვების ობიექტის მოწყობისთვის” თანხის დახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიაში არ მოიპოვება;
5. მეორე ბანკში სასესხო ვალდებულების დაფარვა ხდებოდა კომპანიის სალარო საბანკო ანგარიშიდან კონვერტაციით, ბანკის მიერ დადგენილი გრაფიკის სისტემატური დარღვევით, კერძოდ: 2017 წლის 19 აპრილს მეორე ბანკმა წერილობით მიმართა კომპანიის დირექტორს - მოპასუხეს და დამფუძნებლებს - მოსარჩელეებს და გააფრთხილა, რომ არაუგვიანეს 2017 წლის 01 მაისისა დაეფარათ მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება 13 107,35 აშშ დოლარი, მათ შორის, ვადაგადაცილებული ძირითადი თანხა 9 522,12 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი და ჯარიმა 3 585,23 აშშ დოლარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანკი გამოიყენებდა მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებებს, მათ შორის, მოითხოვდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციას. მეორე ბანკის 21.06.2017წ. Nგ/034 წერილის თანახმად, ხსენებული თარიღისთვის სესხზე ჩამორჩენა გადახდის გრაფიკიდან იყო 265 დღე;
6. მეორე ბანკში სესხის რესტრუქტურიზაციები განხორციელებულია: 2013 წლის 15 თებერვალს - 120 000,00 აშშ დოლარი; 2013 წლის 04 მარტს დაემატა - 27 000,00 აშშ დოლარი; 2015 წლის 29 დეკემბერს - 111 000,00 აშშ დოლარი და ბოლოს 2017 წლის 30 ივლისს - 104 000,00 აშშ დოლარი. სესხის რესტრუქტურიზაციები განხორციელდა სასესხო ვალდებულების გადახდის გრაფიკების დარღვევის გამო. სესხის ბოლო რესტრუქტურიზაცია განხორციელდა 2017 წლის 30 ივლისს, რათა საფრთხე არ შექმნოდა კომპანიის ქონებას (შესაძლებელი იყო ბანკის მიერ ქონების რეალიზაცია);
7. სანაცვლო შესრულების პირობით წილის ნასყიდობის შესახებ 29.03.2012წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები წილის შემსყიდველის - მოპასუხის მიერ შესრულებული არ არის, რაც გამოიხატება შემდეგში: წილის შესყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასესხო ვალდებულების გადახდის გრაფიკების მიხედვით, სესხის დროულად დაფარვის ვალდებულება ეკისრებოდა წილის შემსყიდველს - მოპასუხეს, რაც არ განუხორციელებია. 2017 წლის 28 ივნისისათვის (მოპასუხის დირექტორობიდან გათავისუფლების მომენტისათვის) კომპანიის სასესხო დავალიანების ძირითადი თანხა მეორე ბანკში შეადგენდა - 99 080,17 აშშ დოლარს (მათ შორის, ვადაგადაცილებული ძირითადი თანხა - 12 645,09 აშშ დოლარს), დარიცხული პროცენტი - 3 689,45 აშშ დოლარს და ჯარიმა - 486,37 აშშ დოლარს, სულ საერთო დავალიანება შეადგენდა - 103 255,99 აშშ დოლარს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 36-56).
7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 143-ე მუხლიდან.
8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 144-ე მუხლი ითვალისწინებს საზოგადოებიდან მისი პარტნიორის გასვლის შესაძლებლობასა და წესებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს პარტნიორობიდან გასვლის შესახებ სურვილი და ნება არ გამოუხატავს. მეტიც, მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელის დაკმაყოფილებას და აცხადებს, რომ მას მხარეთა შორის გაფორმებული სანაცვლო შესრულების პირობით წილის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები შესრულებული აქვს.
9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნისა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელეები, ფაქტობრივად, ითხოვენ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მოპასუხის მიერ აღებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, მისი, როგორც პარტნიორის, საზოგადოებიდან გარიცხვას, კანონით გათვალისწინებული თანმდევი შედეგებით. მოსარჩელეები თავიანთ მოთხოვნას აფუძნებენ მოპასუხესთან 29.03.2012წ. დადებული ხელშეკრულების 4.2 პუნქტზე, რომლის თანახმად, მყიდველის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში - კერძოდ, თუ მყიდველი ექვსი თვეზე მეტი ხნით ვერ გადაიხდიდა გრაფიკით გათვალისწინებულ თანხებს, რაც გამოიწვევდა ბანკის მხრიდან რესტორნის მიმართ საჯარიმო სანქციებს, მყიდველი უპირობოდ დაკარგავდა ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლებას და, ასევე, დაკარგავდა უფლებას მოეთხოვა გამყიდველი მხარისაგან მყიდველის მიერ ნაწილობრივ დაფარული სესხის თანხის უკან დაბრუნება; აგრეთვე, დაკარგავდა უფლებას მოეთხოვა შენობის რემონტზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება. თუმცა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასათვალისწინებელია იმავე ხელშეკრულების 3.2 პუნქტის დათქმაც, რომელიც იმავდროულად ითვალისწინებს მყიდველის - მოპასუხის ვალდებულებას გადაეხადა პირველი ბანკის ყველა საჯარიმო მოთხოვნა კომპანიის მიმართ, რაც გამოწვეული იქნებოდა ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტში მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად (გრაფიკის დარღვევით) შესრულებით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების 3.2 და 4.2 პუნქტები ერთი და იმავე დარღვევაზე შეიცავენ სრულიად სხვადასხვაგვარ დათქმას, რომელთა მიხედვით, პირველ შემთხვევაში მყიდველი ვალდებული იყო გადაეხადა სესხიდან გამომდინარე ჯარიმები (პირგასამტეხლოები), ხოლო მეორე შემთხვევაში ანალოგიურ დარღვევას გამყიდველმა დაუკავშირა ხელშეკრულების მოშლა, რაც წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების (შეუსრულებლობის) გამო პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შესამოწმებელ საკითხს განეკუთვნება.
10. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 143-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-4, მე-7 პუნქტები და მათი ანალიზის შედეგად განმარტა, პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვის მოთხოვნით სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვის წინაპირობაა იმავე კანონით დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვით იმავე საკითხის პარტნიორთა კრებაზე გატანა და პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ მათ მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება.
11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე პარტნიორებმა კანონის მოთხოვნათა დაცვით მოიწვიეს პარტნიორთა კრება და კრებაზე დააყენეს საკითხი - საზოგადოებიდან მოპასუხე პარტნიორის გარიცხვის შესახებ. ამდენად, გამოდის, რომ ამ საკითხზე პარტნიორთა კრებას არ უმსჯელია და შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიუღია. გარდა ამისა, ზემოთ აღნიშნული მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას სასამართლოს შეუძლია პარტნიორთა გადაწყვეტილების შესაბამისად წარდგენილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სარჩელის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება პარტნიორის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ. ამ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენენ მხოლოდ კომპანიის პარტნიორები, თავად კომპანია კი საქმეში რაიმე ფორმით ჩართული არ არის, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ვინაიდან მოსარჩელეს სარჩელის წარდგენისას დაცული არ აქვს სპეციალური - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.
12. მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებისა, სააპელაციო პალატამ შეაფასა მოსარჩელე/აპელანტი მხარის მიერ მითითებული არსებითი პრეტენზიები და მიუთითა, რომ საზოგადოებიდან პარტნიორის პირდაპირი გარიცხვის ერთ-ერთი წინაპირობაა პარტნიორის მიერ ვალდებულების დარღვევა. ეს არის უკიდურესი ღონისძიება, რაც დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში და იგი უნდა ეფუძნებოდეს გასარიცხი პარტნიორის კანონისა და საზოგადოების ინტერესების აშკარად საწინააღმდეგო ქმედებას, რის შედეგადაც შეუძლებელი ხდება პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ პარტნიორის გარიცხვის საფუძველია გასარიცხი პარტნიორის მხრიდან საზოგადოების ინტერესების აშკარად საწინააღმდეგო ქმედება. ამასთან, დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, პარტნიორის გარიცხვისათვის არ არის საკმარისი გარიცხვის მატერიალური საფუძვლის - პარტნიორის მიერ კეთილსინდისიერების მოვალეობის მხოლოდ დარღვევა, ზიანის არსებობის გარეშე.
13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული სანაცვლო შესრულების პირობით წილის ნასყიდობის 29.03.2012წ. ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანიის საწესდებო კაპიტალის მესაკუთრე პარტნიორებმა - მოსარჩელეებმა მათი კუთვნილი, ჯამში 100%-იანი წილიდან 25% წილი მიჰყიდეს მოპასუხეს იმ დათქმით, რომ ეს უკანასკნელი გონივრულ ვადაში, 2013 წლის მარტის ბოლომდე, საკუთარი ხარჯით დაასრულებდა კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რემონტს და დროულად, ჯეროვნად, გრაფიკის სრული დაცვით გაისტუმრებდა კომპანიის მიერ პირველი ბანკიდან აღებულ კრედიტს. განსახილველ შემთხვევაში იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხემ/კომპანიის პარტნიორმა უხეშად დაარღვია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კომპანიას, ეკისრებოდა მოსარჩელე მხარეს. თუმცა, მოსარჩელეებს მათ მიერ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად რაიმე სახის უტყუარი და სათანადო მტკიცებულება წარდგენილი არ აქვთ, მხოლოდ სიტყვიერი განმარტება კი, სადავო გარემოებასთან მიმართებით სათანადო მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული.
14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ პირველი ბანკის სესხის გადაფარვა განხორციელდა 2013 წელს. კერძოდ, 15.02.2013 წელს კომპანიამ მეორე ბანკისგან აიღო სარგებლიანი კრედიტი 120 000 აშშ დოლარის ოდენობით პირველი ბანკის სესხის რეფინანსირებისათვის. თუმცა, სააპელაციო სასამართლოს მიერ მეორე ბანკისაგან გამოთხოვილი ინფორმაციით უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ, 18.03.2025წ. მდგომარეობით, კომპანიას მათ მიმართ სასესხო დავალიანება არ გააჩნია. გარდა ამისა, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ კომპანიას არც სხვა ბანკის მიმართ გააჩნია რაიმე სახის დავალიანება. ამდენად, დასტურდება, რომ მოპასუხემ კრედიტის რეფინანსირების გზით შეასრულა მის მიერ აღებული ვალდებულება და კომპანიას რაიმე სასესხო დავალიანება არ ერიცხება. ამასთან, გასათვალისწინებელია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების (29.03.2012წ.) 3.2 პუნქტის დათქმაც, რომლის თანახმად, მოპასუხეს სრულად აქვს შესრულებული 29.03.2012წ. ხელშეკრულებით ნაკისრი სასესხო ვალდებულება, რის გამოც, მოსარჩელეთა მოთხოვნა ნასყიდობის საგნის დაბრუნებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.
15. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარდგენილი, კომპანიის დაკვეთით შპს „ა.ე....“-ის მიერ 04.12.2019წ. შედგენილი ექსპერტიზის N17 დასკვნა განსახილველ სადავო საკითხთან მიმართებით არარელევანტური იყო და სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად ვერ დაედებოდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ამ მტკიცებულებას წარდგენილ მოთხოვნასთან მიმართებით არ მისცა სამართლებრივი შეფასება, თუმცა მისი შინაარსი წინამდებარე განჩინებაში ასახა სრულად, როგორც მხარის მიერ წარდგენილი სადავო გარემოება.
16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეები თავად დაეთანხმნენ საბანკო კრედიტის რეფინანსირებას და მათივე 30.06.2017წ. წერილში დაადასტურეს, რომ ეს ფაქტი გამომდინარეობდა საწარმოს ინტერესიდან და არ ცვლიდა პარტნიორებს შორის აქამდე არსებულ ურთიერთობებს. ისინი აგრძელებდნენ ურთიერთობას (მათ შორის, პასუხისმგებლობის საკითხებს) მათ შორის 29.03.2012წ. გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
17. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 2012 წლის 01 მარტს კომპანიასა (დამკვეთი) და შპს „მ”-ს (შემსრულებელი) შორის დაიდო N15 ხელშეკრულება, რომლითაც შემსრულებელს უნდა შეესრულებინა ქ. ქუთაისში, რესტორნის ინტერიერის მოსახვითი სამუშაოები. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე ირკვევა, რომ სამუშაოები შესრულდა. მხარეთა ახსნა-განმარტებების თანახმად, 2013 წლიდან დღემდე რესტორანი უკვე სრული დატვირთვით მუშაობს. ამდენად, დასტურდება, რომ მოპასუხემ შეასრულა მის მიერ აღებული ვალდებულება და 2013 წლის მარტის ბოლომდე უზრუნველყო კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარემონტო სამუშაოები.
18. ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ, საბოლოო ჯამში, შეასრულა მის მიერ აღებული ორივე ვალდებულება, კერძოდ, გაისტუმრა ბანკის ვალი და შეასრულა სარემონტო სამუშოები, რაც გამორიცხავს მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლად მიჩნევას.
19. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და მათი ის პრეტენზია, რომ ბანკისგან აღებულ სესხს მოპასუხე იხდიდა ვადაგადაცილებით, რის გამოც კომპანიას უწევდა ჯარიმების გადახდა და შედეგად მიადგა ზიანი, ვერ დაედება საფუძვლად სარჩელის დაკმაყოფილებას, მით უფრო, იმ მოცემულობაში, როდესაც თავად მხარეებმა ხელშეკრულებაში გაითვალისწინეს ასეთის არსებობის შესაძლებლობა, რა დროსაც წილის მყიდველს უნდა გადაეხადა ყველა ჯარიმა. სააპელაციო სასამართლომ კვლავ აღნიშნა, რომ პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვა არის უკიდურესი ღონისძიება, რაც დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში და იგი უნდა ეფუძნებოდეს გასარიცხი პარტნიორის კანონისა და საზოგადოების ინტერესების აშკარად საწინააღმდეგო ქმედებას, რის შედეგადაც შეუძლებელი ხდება პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს იმ ხარისხის მძიმე დარღვევას და, შესაბამისად, მნიშვნელოვან საფუძველს, რომ მოხდეს პარტნიორის მიმართ უკიდურესი ღონისძიების გამოყენება - საზოგადოებიდან მისი გარიცხვა; ის გარემოება, რომ ამ ქმედებით კომპანიას მიადგა ზიანი, წარმოადგენს სხვა დავის საგანს და არა საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის საფუძველს.
20. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვა უნდა ეყრდნობოდეს მეწარმე სუბიექტის წესდებას. კომპანიის წესდების თანახმად, ყოველი პარტნიორი ვალდებულია, შეიტანოს თავისი წილის შესაბამისი შესატანები საზოგადოების საწესდებო კაპიტალში ამ წესდებით განსაზღვრული ოდენობით, ფორმითა და წესით და დამატებითი შესატანები საწესდებო კაპიტალში პარტნიორთა კრების მიერ განსაზღვრული წესითა და ოდენობით. თუ პარტნიორი გადააცილებს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში ძირითადი ან დამატებითი შესატანების შეტანის ვადას, ნებისმიერი სხვა პარტნიორი წერილობით ატყობინებს მას ამ შესატანების შეტანის აუცილებლობისა და საზოგადოებიდან გარიცხვის შესაძლებლობის შესახებ და უნიშნავს შეტანის დამატებით ვადას შეტყობინების გაგზავნის დღიდან ორი თვის ხანგრძლივობით. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს გარიცხვის შესახებ შეტყობინება არ მისვლია, პარტნიორის გარიცხვის საკითხზე სამეწარმეო სუბიექტის პარტნიორთა კრებას არ უმსჯელია და შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიუღია.
21. სააპელაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 429-431-ე მუხლებით განსაზღვრული სავალო საბუთის ინსტიტუტიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი ყოველთვის მოპასუხეს ეკისრება, რომელიც ვალდებულია, ხსენებული ფაქტი სათანადო დოკუმენტით დაადასტუროს. დადგენილია, რომ მხარეებმა სადავო ხელშეკრულებაში თავადვე შეიტანეს ცვლილება, რომელიც მათ შორის საზღაურის გადახდის სხვა ფორმას შეეხებოდა, ვიდრე ეს ხელშეკრულებაში იყო გათვალისწინებული, კერძოდ, გრაფიკით დადგენილი გადასახდელის ვადაგადაცილების პირობებში, თავად წილის გამყიდველმა პარტნიორებმა (მოსარჩელეებმა) მისცეს უფლება წილის მყიდველს (მოპასუხეს), რომ მოეხდინა პირველი ბანკის სესხის რესტრუქტურიზაცია მეორე ბანკში. ეს დოკუმენტი წერილობითი ფორმისაა. შესაბამისად, მოპასუხის შედავება დასაბუთებულია. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ იარსებებდა მხარეთა შეთანხმება ანგარიშსწორების ამ ფორმაზე, სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლებიდან გამომდინარე, კრედიტორს ვალდებულების არსებითი დარღვევის შემთხვევაში შეუძლია მეორე მხარის მიმართ განაცხადოს უარი ხელშეკრულებაზე, თუკი იგი დაიცავს დამატებითი ვადის დაწესების/გაფრთხილების წინაპირობებს. ასეთ შემთხვევაში მისი ცალმხრივი ნება მიღებასავალდებულოა და ნამდვილია იმ მომენტიდან, როდესაც იგი მეორე მხარეს მიუვა (სსკ-ის 51.1 და 355-ე მუხლები). ხსენებული კი, მეტყველებს იმაზე, რომ ნების მიმღებს წარმოეშობა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ ნასყიდობის ფასის გადაუხდელობა სწორედ ვალდებულების არსებით დარღვევას წარმოადგენს და ხელშეკრულებიდან გასვლის წესების დაცვის შემთხვევაში, კრედიტორს ყოველთვის შეუძლია გადაცემული სარგებლის/ქონების დაბრუნების მოთხოვნის წარდგენა. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი ნასყიდობის ფასი (საწარმოს არცერთი საკრედიტო ორგანიზაციის მიმართ არ გააჩნია სასესხო ვალდებულება), გამყიდველის მოქმედება არ შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის წინაპირობებს.
22. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
23. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
23.1. სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა, არ გამოიკვლია და სათანადო დასკვნის გარეშე დატოვა საქმისათვის უმნიშვნელოვანესი გარემოებები და მათთან დაკავშირებით მოსარჩელეთა მიერ მოყვანილი არგუმენტები და სამართლებრივი შეფასებები;
23.2. არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხემ რესტორნის უძრავ ქონებაზე სარემონტო სამუშაოების დასრულების ვალდებულება წილთა ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, 2013 წლის მარტის ბოლომდე უზრუნველყო. მოსარჩელეებს არასოდეს გაუხდიათ სადავოდ ის გარემოება, რომ რესტორნის უძრავ ქონებაზე სარემონტო სამუშაოები წილის მყიდველის მიერ დადგენილ ვადაში შესრულდა. მოსარჩელეები სარჩელში მითითებულ პრეტენზიას მოპასუხის მიერ სარემონტო სამუშაოების არშესრულებასთან დაკავშირებით აფუძნებდნენ იმ გარემოებაზე, რომ ხსენებული სამუშაოები მოპასუხემ საკუთარი ხარჯებით არ შეასრულა, როგორც იყო გაწერილი ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1 პუნქტში. მოპასუხეს არ წარუდგენია სარემონტო სამუშაოების მის მიერ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სააპელაციო სასამართლომ თავი აარიდა ამ საკითხის შეფასებას და მხოლოდ რემონტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შესრულებაზე გააკეთა აქცენტი, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ;
23.3. მოპასუხეს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი უმთავრესი ვალდებულება - რესტორნის საბანკო კრედიტის გასტუმრების, რესტორნის უძრავ ქონებაზე იპოთეკის მოხსნისა და წილების დაბრუნების თაობაზე. 2013 წლის აპრილიდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით მოპასუხე ყოველთვიურად იხდიდა გრაფიკით გათვალისწინებულ თანხას 2500 აშშ დოლარს და ასევე იგივე პერიოდულობით იხდიდა პირადი ვალების გასასტუმრებლად გამოტანილი სესხის ყოველთვიურ გადასახადს 530 აშშ დოლარის ოდენობით. თუმცა, 2015 წლიდან მან დაიწყო გრაფიკის დარღვევა. გრაფიკის დარღვევის გამო წარმოშობილი პრობლემებიდან გამომდინარე, 2015 წელს დირექტორმა - მოპასუხემ, ხსენებული დავალიანების რეფინანსირების მოტივით, ამჯერად მეორე ბანკში მოახდინა ორივე სესხის გაერთიანება, თუმცა გრაფიკის დარღვევა შემდეგაც გააგრძელა. მოპასუხის მიერ საბანკო კრედიტის გასტუმრების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და მეორე ბანკის მიერ დაანონსებული იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის პროცესის თავიდან ასაცილებლად, 2017 წელს პარტნიორები უძულებულები გახდნენ მეორე ბანკში კიდევ ერთხელ მოეხდინათ სესხის რეფინანსირება. 2017 წლის მაისიდან მოპასუხემ საერთოდ შეწყვიტა სესხის გადახდა, რის შემდგომაც მისი გასტუმრება და სრულად გადახდა თავად რესტორანმა განახორციელა, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული იპოთეკით დატვირთული რესტორნის ქონების იძულებითი რეალიზაციის პროცესის დაწყება. შესაბამისად, თავად რესტორნის და არა მოპასუხის დამსახურებაა, რომ მეორე ბანკის კრედიტი სრულად გასტუმრებულია და 2017 წელსვე არ მოხდა იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია;
23.4. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის დასადასტურებლად მითითებულია მეორე ბანკის მიერ რესტორნის დირექტორის - მოპასუხისა და პარტნიორებისათვის გაგზავნილ 19.04.2017წ. წერილში დაფიქსირებულ იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის აპრილისათვის რესტორანს სესხის გრაფიკის დარღვევის გამო დაუგროვდა დავალიანება. ანუ დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა ნასყიდობის ხელშეკრულების 4.2 პუნქტით შეთანხმებულ პირობას;
23.5. მოპასუხემ საბანკო კრედიტის გასტუმრების ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად მიუთითა რესტორნის მიერ 15.02.2013 წელს მეორე ბანკიდან აღებული სესხით პირველი ბანკის სესხის გადაფარვის, ანუ, რეფინანსირების ფაქტზე. მხარის ლოგიკა ყოველთვის იყო ამგვარი: რადგან ნასყიდობის ხელშეკრულებაში ეწერა, რომ წილის მყიდველს უნდა გაესტუმრებინა პირველი ბანკის კრედიტი, რესტორნის მიერ მეორე ბანკიდან აღებული სესხით პირველი ბანკის კრედიტის გადაფარვით, რასაც მოჰყვა რესტორნის უძრავ ქონებაზე პირველი ბანკის იპოთეკის გაუქმება, მოპასუხემ საბანკო კრედიტის გასტუმრების ვალდებულება შეასრულა და არ არსებობდა წილების დაბრუნებისა და პარტნიორობიდან გასულად მისი ჩათვლის მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძვლები. მოპასუხემ მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შესაგებელში გამოთქმული პოზიცია დააფუძნა მხოლოდ აღნიშნულ ფაქტზე. მოპასუხეს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის არგუმენტად არ მიუთითებია იმ ფაქტებზე, რომ: პირველი ბანკის კრედიტის მეორე ბანკიდან რეფინანსირებაზე არ არსებობდა მისი წერილობითი თანხმობა; პირველი ბანკის კრედიტის მეორე ბანკის კრედიტით ჩანაცვლება ცვლილების სახით არ ასახულა ნასყიდობის ხელშეკრულებაში; არ არსებობდა ისეთი გარემოება და ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შეიძლებოდა მეორე ბანკის კრედიტის გასტუმრება ჩათვლილიყო ნასყიდობის ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად;
23.6. განსახილველ შემთხვევაში გამყიდველთა ნება იყო, რომ კომპანიის საწესდებო კაპიტალის 25% მიეყიდათ მოპასუხისათვის იმ პირობით, რომ იგი საკუთარი ხარჯებით შეასრულებდა კომპანიის შენობის სარემონტო სამუშაოებს და გაისტუმრებდა ბანკის სესხს, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობდა ბანკის სესხის თავისი თანხებით გადახდას და ძირითადი პირობა, სწორედ, საბანკო სესხის გასტუმრება იყო. პირობა შესრულებულად შეიძლებოდა ჩათვლილიყო მხოლოდ მაშინ, თუკი კომპანიას არ ექნებოდა, არა კონკრეტულად პირველი ბანკის, არამედ, ბანკის (სულ ერთია რომელი ბანკის) სესხი და მისი ქონებაც თავისუფალი იქნებოდა ბანკის იპოთეკისაგან;
23.7. საქალაქო სასამართლოს დასკვნით, რასაც სააპელაციო სასამართლოც იზიარებს, პირველი ბანკიდან აღებული სესხის მეორე ბანკში რეფინანსირება 29.03.2012წ. ნასყიდობის ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად ვერ განიმარტებოდა, რადგან იგი შესაბამისი ცვლილების/დამატების სახით ხელშეკრულებაში არ ასახულა და მასზე არ არსებობდა წერილობითი თანხმობები, რაც მხარეებმა დაადგინეს ხელშეკრულების მე-7 პუნქტით. აღნიშნული მსჯელობით სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი. სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად არ უნდა დაედო ის გარემოებები, რომლებზეც მოპასუხეს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ მიუთითებია;
23.8. გარდა ამისა, რეფინანსირების თაობაზე არსებობდა პარტნიორთა, მათ შორის, მოპასუხის წერილობითი თანხმობა და ცვლილების სახით რეფინანსირების ასახვას ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა; ხელშეკრულებაში არ ყოფილა რაიმე დათქმა იმის თაობაზე, რომ ცვლილებები უნდა გაფორმებულიყო დამატებითი ხელშეკრულების სახით. ხელშეკრულების მე-7 პუნქტის მეორე აბზაცში ცვლილების შეტანის პირობა გაწერილი იყო შემდეგნაირად: ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ წერილობითი თანხმობით, ანუ, ცვლილებებისათვის საკმარისი იყო მხოლოდ წერილობითი თანხმობა. ამგვარ დოკუმენტად კი, უნდა ჩაითვალოს ნებისმიერი წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება რეფინანსირებაზე ნასყიდობის ხელშემკვრელი მხარეების თანხმობა;
23.9. უდავო გარემოებაა, რომ ერთი ბანკის სესხის მეორე ბანკიდან აღებული სესხით რეფინანსირების განხორციელება მხოლოდ კომპანიის დირექტორს შეეძლო და მოცემულ შემთხვევაში დირექტორიც სწორედ მოპასუხე პარტნიორი იყო. ამასთან, სწორედ მოპასუხე იყო რეფინანსირების ინიციატორი. რეფინანსირებისათვის წერილობითი განცხადებით სწორედ მან მიმართა მეორე ბანკს და მანვე შეათანხმა ბანკთან სესხის ახალი პირობები;
23.10. მოპასუხემ თავად არაერთხელ დაადასტურა რეფინანსირებაზე მისი წერილობითი თანხმობის არსებობა;
23.11. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს ის დასკვნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა გარემოებები, რომელთა მიხედვით, პირველი ბანკის სესხის რეფინანსირება შეიძლებოდა განმარტებულიყო 29.03.2012წ. ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად. მოპასუხე მეორე ბანკიდან აღებული სესხის გასტუმრებას მიიჩნევდა წილის ნასყიდობით ნაკისრი საბანკო სესხის გასტუმრების ვალდებულების შესასრულებელ პირობად. აღნიშნული დასტურდება თავად მხარის მიერ როგორც საქალაქო, ასევე, სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განმარტებით. კერძოდ, დაზუსტებულ შესაგებელში მხარე მიუთითებს, რომ მეორე ბანკიდან აღებული სესხის გასტუმრება უნდა მომხდარიყო დივიდენდებიდან და თავის ამ განმარტებას ამყარებს ხელშეკრულების 2.2 პუნქტს. ზუსტად იგივეს იმეორებს მოპასუხე სააპელაციო შესაგებელში. ანუ, მოპასუხემ ორჯერ დაადასტურა, რომ მეორე ბანკიდან აღებული სესხის გასტუმრება უნდა მომხდარიყო ნასყიდობის ხელშეკრულების 2.2 პუნქტის შესაბამისად. აღნიშნულით ცალსახად დასტურდება მხარის მიერ იმ გარემოების არაერთხელ აღიარება და დადასტურება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების მოქმედება გრძელდებოდა მეორე ბანკის სესხის გასტუმრების ვალდებულებასთან დაკავშირებით;
23.12. მეორე, უტყუარი და აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ მეორე ბანკის სესხის გასტუმრების ვალდებულებას მოპასუხე წილთა ნასყიდობის ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად თვლიდა, არის ის გარემოება, რომ 2013 წლის თებერვლიდან (ანუ, რეფინანსირების შედეგად სესხის მეორე ბანკში გადატანის შემდეგ) 2017 წლის 01 მაისის ჩათვლით (ანუ, სანამ პარტნიორებს მოპასუხესთან ურთიერთობა დაეძაბებოდათ) მეორე ბანკის სესხს ყოველთვიურად და გრაფიკით გათვალისწინებულ მთლიან თანხას იხდიდა მხოლოდ მოპასუხე;
23.13. სააპელაციო პალატას სათანადო შეფასება უნდა გაეკეთებინა საქმის მასალებით დადასტურებულ და საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი იმ გარემოების შესახებ, რომ 2012 წლის 07 აპრილიდან 2013 წლის 18 თებერვლამდე პირველი ბანკის სესხს იხდიდა მოპასუხე პარტნიორი, ყოველთვიურად 2500 აშშ დოლარის ოდენობით. საქმის მასალებით დასტურდება ისიც და საქალაქო სასამართლოსაც დადგენილად აქვს მითითებული, რომ მოპასუხე 2013 წლის თებერვლის შემდეგაც, გარკვეული პერიოდულობით, 2017 წლამდე აწარმოებდა გადახდებს. ხსენებული გადახდების შესრულება დასტურდება საქალაქო სასამართლოში 30.08.2023წ. შუამდგომლობით წარდგენილი მეორე ბანკიდან ამონაწერით;
23.14. მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, მეორე ბანკში სესხის გადატანის შემდეგ პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ კრედიტი მათ გადაეხადათ რესტორანში თავიანთი წილების პროპორციულად, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. უპირველეს ყოვლისა, იურიდიული პირის ვალდებულებაზე პარტნიორები პასუხს არ აგებენ და ასეთს რომ მართლაც ჰქონოდა ადგილი, ამის დასადასტურებლად მხარეს რაიმე წერილობით დოკუმენტზე უნდა მიეთითებინა, რაც არ არსებობს; მეორეც, თუკი ასეთი შეთანხმება არსებობდა, მაშინ რატომ იხდიდა მოპასუხე სესხის მთლიან თანხას 2500 აშშ დოლარს 2013 წლიდან 2017 წლის მაისამდე;
23.15. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში საქმის განხილვისას მოსარჩელე მხარე აღნიშნავდა, რომ 25% წილის დაბრუნებასა და მოპასუხის პარტნიორობიდან გასულად ჩათვლის დადგენას ითხოვდა მოპასუხის მიერ არა სამეწარმეო სამართლით მოწესრიგებული რაიმე ვალდებულების დარღვევის გამო, არამედ, სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე. მოსარჩელეები ყოველთვის განმარტავდნენ, რომ წილების დაბრუნების მოთხოვნის დაკმაყოფილება ავტომატურად გულისხმობდა მოპასუხის პარტნიორობიდან გასულად ჩათვლას და მხოლოდ ამ საფუძვლით იყო მითითებული სასარჩელო მოთხოვნაში მოპასუხის პარტნიორობიდან გასულად ჩათვლა;
23.16. საწესდებო კაპიტალის წილი, თავისი სამართლებრივი ბუნებით, უდავოდ, სამეწარმეო კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკითხს წარმოადგენს, მაგრამ რადგან მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე პარტნიორისათვის მისი ჩამორთმევის მოთხოვნას საფუძვლად უდევს არა „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საფუძველი (შესატანის ან დამატებითი შესატანის შეუტანლობა, პარტნიორის მიერ კომპანიისათვის იმგვარი ზიანის მიყენება, რაც შეუძლებელს ხდის მასთან ერთად თანაპარტნიორობის გაგრძელებას და სხვა), არამედ, წილის დაბრუნების მოთხოვნის ერთადერთი საფუძველია ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, მოპასუხის პარტნიორობიდან გასულად ჩათვლის მოთხოვნის სამეწარმეო სამართლით გადაწყვეტა არასწორია და ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს განმარტებას. წილის ჩამორთმევის საფუძვლიანობა სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის ჭრილში, სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით;
23.17. პარტნიორობიდან გასვლის თაობაზე სარჩელში მითითებულ მოთხოვნაზე მხარეს „მეწარმეთა შესახებ“ კანონი საერთოდ არ უხსენებია და არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია, რომ იგი გარიცხეს პარტნიორობიდან კრების მოწვევისა და მასზე ამ საკითხის განხილვის გარეშე;
23.18. გარდა ამისა, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ამჟამად მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 143-ე მუხლი. აღნიშნული კანონი 2022 წლის 01 იანვრიდან შევიდა ძალაში. შესაბამისად, სარჩელის აღძვრისას (17.12.2019წ.) ძველი „მეწარმეთა შესახებ“ კანონი მოქმედებდა და ამჟამად მოქმედი კანონის ნორმების გამოყენებით სასამართლოებმა კანონის მოთხოვნები დაარღვიეს;
23.19. წილების დაბრუნებისა და პარტნიორობიდან გასულად ჩათვლის მოთხოვნის „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მიხედვით გადაწყვეტის შემთხვევაშიც, არსებობდა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. კერძოდ, პარტნიორობიდან გასვლის მოთხოვნა სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა იმ ერთადერთ არგუმენტზე მითითებით, რომ პარტნიორობიდან გასვლის შესახებ აუცილებელი იყო პარტნიორის ნების დაფიქსირება, ასეთი ნება და სურვილი კი მოპასუხეს არ გამოუხატავს. თუმცა, პარტნიორობიდან გასვლის ნება მოპასუხემ წერილობით დააფიქსირა, როცა წილთა ნასყიდობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ხელშეკრულების 4.2 პუნქტში გაწერილი პირობა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი უპირობოდ კარგავდა ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლებას, წარმოადგენს მოპასუხის მიერ პარტნიორობიდან გასვლის შესახებ ნების გამოვლენას, თუმცა, მისი ეს ნება სამართლებრივ ძალას იძენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდება მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი;
23.20. სადავო არ შეიძლება იყოს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ლოგიკური შედეგი უნდა ყოფილიყო შეძენილი წილის დაკარგვით მყიდველისათვის მისი ღირებულებითი სიკეთის დაკარგვა. პარტნიორობიდან გარიცხვის თუ გასვლის საკითხის სამეწარმეო სამართლის ჭრილში გადაწყვეტისას კი, როგორც ძველი, ასევე, ახალი „მეწარმეთა შესახებ“ კანონის თანახმად, გარიცხულ ან გასულ პარტნიორს უნდა მიეცეს წილის კომპენსაცია, რაც მოცემულ შემთხვევაში ალოგიკური იქნებოდა პასუხისმგებლობის იმ შედეგთან მიმართებაში, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობას უნდა მოჰყოლოდა;
23.21. სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა ვერანაირად ვერ გახდება სამეწარმეო კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი უკიდურესი ზომის გამოყენების საფუძველი, როგორიც პარტნიორობიდან გარიცხვაა;
23.22. მოსარჩელეებს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ უცდიათ ემტკიცებინათ ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხის მიერ კომპანიისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, რადგან მის მიმართ წაყენებული სასარჩელო მოთხოვნების საფუძველს წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა;
23.23. ლოგიკას მოკლებულია სასამართლოს დასკვნა საბანკო კრედიტის გასტუმრების ვალდებულების მოპასუხის მიერ შესრულებულად დადგენის თაობაზე. რეფინანსირება, რომელიც განახორციელა იურიდიულმა პირმა, ვალდებულების შესრულებად არ შეიძლება ჩაეთვალოს ნასყიდობის ხელშეკრულების ხელშემკვრელ ფიზიკურ პირს - მოპასუხეს;
23.24. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „დადგენილია, რომ მხარეებმა სადავო ხელშეკრულებაში თავადვე შეიტანეს ცვლილება, რომელიც მათ შორის საზღაურის გადახდის ფორმას შეეხებოდა, ვიდრე`ეს ხელშეკრულებაში იყო გათვალისწინებული, კერძოდ, გრაფიკით დადგენილი გადასახდელის ვადაგადაცილების პირობებში, თავად წილის გამყიდველმა პარტნიორებმა (მოსარჩელეებმა) მისცეს უფლება წილის მყიდველს (მოპასუხეს), რომ მოეხდინა [პირველი ბანკის] სესხის რესტრუქტურიზაცია [მეორე ბანკში]. ეს დოკუმენტი წერილობითი ფორმისაა. შესაბამისად, მოპასუხის შედავება დასაბუთებულია“. აღნიშნულ მსჯელობასთან დაკავშირებით თავად სააპელაციო პალატამ გამოთქვა ლოგიკური მოსაზრება, რომ პირველი ბანკის კრედიტის მეორე ბანკიდან კრედიტით გადაფარვის გამო მოპასუხეს 25% წილს არ გადასცემდნენ, რადგან რეფინანსირების გაკეთებას თავად პარტნიორებიც შეძლებდნენ. რაც შეეხება სააპელაციო პალატის მსჯელობას ზემოაღნიშნული ცვლილების შეთანხმებაზე, სასამართლოს არ მიუთითებია რა წერილობით დოკუმენტზეა საუბარი და ვერც მიუთითებდა, რადგან არ არსებობს არანაირი წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც პირდაპირ ან არაპირდაპირ შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ 120 000 აშშ დოლარის საბანკო კრედიტის გასტუმრების ვალდებულებისაგან პარტნიორებმა მოპასუხე გაათავისუფლეს მხოლოდ იმ დამსახურების გამო, რომ, როგორც დირექტორმა, ერთი ბანკიდან სესხი მეორე ბანკში გადაიტანა;
23.25. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქმის მასალებით დასტურდება და უდავო გარემოებაა, რომ პირველი ბანკის სესხის რესტრუქტურიზაციაზე პარტნიორებმა მოპასუხეს თანხმობა მისცეს 2013 წლის თებერვალში. ამ დროისათვის მოპასუხე გრაფიკის სრული დაცვით, ყოველთვიურად 2500 აშშ დოლარის შეტანით იხდიდა პირველი ბანკის სესხს. შესაბამისად, არასწორია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ რეფინანსირებაზე თანხმობა პარტნიორებმა მოპასუხეს გრაფიკის ვადაგადაცილების პირობებში მისცეს. უფრო მეტიც, 2017 წლის აპრილამდე მეორე ბანკს რესტორნის პარტნიორებისათვის არ უცნობებია კრედიტის დაფარვის გრაფიკის დარღვევაზე. მხოლოდ 2017 წლის აპრილის თვიდან იქნა გაკეთებული ამგვარი შეტყობინება, ხოლო დავალიანების გაუსტუმრებლობის შემთხვევაში მეორე ბანკის მიერ დაანონსებული რესტორნის იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი წესით აუქციონზე რეალიზაცია აცილებულ იქნა იმავე, 2017 წლის ივლისის თვეში ამჯერად რესტორნის ახალი დირექტორის მიერ განხორციელებული სესხის რეფინანსირებით;
23.26. მხარის განმარტებით, 2013 წლის 15 თებერვალს განხორციელებული რეფინანსირების შემდეგ შეწყდა 29.03.2012წ. ნასყიდობის ხელშეკრულების მოქმედება და პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ მეორე ბანკის კრედიტის გასტუმრებას მოახდენდნენ ერთობლივად, საწესდებო კაპიტალში თავიანთი წილების პროპორციულად. აღნიშნული განმარტება ალოგიკურია და მოპასუხეს ამ გარემოების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე არ მიუთითებია. თუკი პარტნიორები ამაზე შეთანხმდებოდნენ, მოპასუხეს გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადასახდელი წლების განმავლობაში თავად არ უნდა გადაეხადა;
23.27. საქმეში არსებულ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში რესტორნის 25% წილის მფლობელ მოპასუხეს 29.03.2012წ. წილის ნასყიდობის ხელშეკრულების 4.1 პუნქტის საფუძველზე, უფიქსირდება წილზე საკუთრების უფლების შეზღუდვა. უდავო გარემოებაა, რომ დღემდე ხსენებული აკრძალვა გაუქმებული არ არის. ვინაიდან რეესტრში აღნიშნული შეზღუდვა ძალაშია და მოპასუხემ არანაირი ღონისძიება არ განახორციელა შეზღუდვის მოხსნის თაობაზე, ამ ჩანაწერს პრეზუმფციის ძალა აქვს და იმის დამადასტურებელია, რომ ვალდებულება, რის გამოც დარეგისტრირდა უფლების შეზღუდვა, არ შესრულებულა;
23.28. არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ხელშეკრულების 3.2 და 4.2 პუნქტებს შორის წინააღმდეგობის შესახებ, ვინაიდან მათ შორის არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. ხელშეკრულების 3.2 პუნქტით, უფრო ზუსტად, 3.2.4. ქვეპუნქტით, მყიდველის ვალდებულებად გაიწერა ყველა იმ ჯარიმის გადახდა, რომელსაც ბანკი რესტორანს დააკისრებდა მიყიდული წილების სანაცვლოდ მყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი კრედიტის გასტუმრების ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად (გრაფიკის დარღვევით) შესრულებიდან გამომდინარე. 4.2 პუნქტით კი, გამყიდველებმა, საბანკო კრედიტის სარგებლიანად გასტუმრების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დააფიქსირეს მათი უფლება, მოეთხოვათ გასხვისებულ წილზე მყიდველის საკუთრების უფლების დაკარგვა, რაც ლოგიკური იყო, ვინაიდან კრედიტის გასტუმრების ვალდებულების შესრულება უნდა მომხდარიყო გრაფიკით, ყოველთვიური თანხის გადახდით, თანაც წლების განმავლობაში და მხარეებმა საჭიროდ ჩათვალეს გრაფიკის დარღვევის გარკვეული პერიოდით გაგრძელება, კონკრეტულად კი, ექვს თვეზე მეტი ხნით გრაფიკის დარღვევა გაწერილიყო წილზე მყიდველის საკუთრების უფლების დაკარგვის საფუძვლად. ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების, უფრო კონკრეტულად მოწესრიგების მიზნით, მხარეებმა ხელშეკრულების მეოთხე პუნქტში გაწერეს განსაკუთრებული პირობები და, მათ შორის, უმთავრესი იყო იმ გარემოებაზე შეთანხმება, რომელიც მყიდველს აკარგვინებდა შეძენილ წილზე საკუთრების უფლებას;
23.29. სარჩელზე დართული შპს „ა.ე....“-ის დასკვნა წარმოადგენს იმის უტყუარ მტკიცებულებას, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. მოპასუხეს ექსპერტიზის დასკვნის გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. უფრო მეტიც, მას პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას პრეტენზიაც კი არ გამოუთქვამს ექსპერტიზის რომელიმე დასკვნასთან დაკავშირებით;
23.30. სააპელაციო პალატის დასკვნით, მოსარჩელეები თავად დათანხმდნენ საბანკო კრედიტის რეფინანსირებას და 2017 წლის 30 ივნისის წერილში დაადასტურეს, რომ ეს ფაქტი გამომდინარეობდა საწარმოს ინტერესებიდან და არ ცვლიდა პარტნიორებს შორის აქამდე არსებულ ურთიერთობებს. მოსარჩელე პარტნიორები საბანკო კრედიტის რეფინანსირებას დათანხმდნენ 2013 წელს, რაც დაადასტურეს 01.02.2013წ. პარტნიორთა კრების ოქმზე ხელმოწერით და იგი გაკეთდა მოპასუხის თხოვნითა და მისი ინტერესების გათვალისწინებით. რაც შეეხება 2017 წლის წერილში ნახსენებ რეფინანსირებას, იგი ეხებოდა არა 2013 წლის რეფინანსირების საკითხს, არამედ 2017 წლის ივნისის თვეში განხორციელებულ რეფინანსირებას, რომელიც ნამდვილად საწარმოს ინტერესებში შედიოდა, ვინაიდან მოპასუხის მიერ მეორე ბანკის კრედიტის გასტუმრების გრაფიკის დარღვევის გამო, ბანკმა დააანონსა კომპანიის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია. შესაბამისად, სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული დასკვნა ფაქტების აღრევის და არასწორი კონსტატაციის შედეგია;
23.31. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისა და მისი გამოსწორების თაობაზე, სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლებიდან გამომდინარე, დამატებითი ვადის დაწესების გაფრთხილების პირობა გამყიდველების მიერ შესრულებულია, რაც დასტურდება ზემოთ ნახსენები 2017 წლის ივნისის წერილით, რომლითაც მოსარჩელეებმა გააფრთხილეს მოპასუხე მეორე ბანკის პრეტენზიაზე, რომელიც ეხებოდა სესხის გადახდის გრაფიკის გადაცილების აღმოფხვრასა და დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდას. ამასთან, 2017 წლის 30 ივნისამდე მისცეს კიდეც ვადა მის განსახორციელებლად;
23.32. რემონტის საკუთარი ხარჯებით დაუსრულებლობის მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყებას მოპასუხე უკავშირებს იმ შეუდავებელ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები დასრულდა 2013 წელს, ხოლო სარჩელი აღძრულია 2019 წლის 17 დეკემბერს, სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით. მხარის ეს არგუმენტი არასწორია, რადგან საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელეებმა ექსპერტთან ხელშეკრულება დადეს 01.07.2018 წელს და თავად ექსპერტიზის დასკვნა თარიღდება 2019 წლის 04 დეკემბრით. სწორედ ამ თარიღის შემდეგ გახდა ცნობილი მოსარჩელეებისათვის, რომ მოპასუხეს მშენებელი კომპანიისათვის რესტორნის მიერ დასრულებული რემონტისათვის გადახდილი 47 500 ლარი საკუთარი ხარჯებიდან არ დაუფარავს. ანუ, ხსენებული თანხა რესტორნის ანგარიშზე არ შეუტანია, რის შემდეგაც ჩაითვლებოდა, რომ ხსენებული თანხა მისი ხარჯებით იქნა გადახდილი. შესაბამისად, სწორედ 2019 წლის 04 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლაც.
(დეტ. საკასაციო საჩივარი იხ. ტ. 5, ს.ფ. 248-285)
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 19 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
25. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
26. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (იხ. სუსგ საქმე Nას-1529-1443-2012, 09 დეკემბერი, 2013 წელი; დიდი პალატის გადაწყვეტილება Nას-664-635-2016, 02 მარტი, 2017 წელი, §187).
27. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს (იხ. სუსგ საქმე Nას-533-509-2016, 26 ოქტომბერი, 2018 წელი). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. სამართალში დამკვიდრებულია პრინციპი - „jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი). მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომელიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს (იხ. სუსგ საქმე Nას-1764-2018, 13 აპრილი, 2020 წელი). ამდენად, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზების პირობებში. (იხ. სუსგ საქმე Nას-533-509-2016, 26 ოქტომბერი, 2018 წელი).
28. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები სარჩელით ითხოვენ: მოსარჩელეებსა (გამყიდველი) და მოპასუხეს (მყიდველი) შორის 29.03.2012წ. დადებული სანაცვლო შესრულების პირობით წილის ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტას და პირველი მოსარჩელისათვის - კომპანიის 7,5% წილის, მეორე მოსარჩელისათვის - კომპანიის 10% წილისა და მესამე მოსარჩელისათვის - კომპანიის 7,5% წილის დაბრუნებას. მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ ჯეროვნად არ შეასრულა მის მიერ ნასყიდობის საფასურის გადახდის სანაცვლოდ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამეწარმეო საზოგადოებაში წევრობას წილის ფლობა და მისგან გამომდინარე უფლებამოსილებათა (მოვალეობათა) ერთობლიობა განაპირობებს. წილის უკან გარკვეული კორპორაციულსამართლებრივი უფლებები და მოვალეობები დგას, რომელიც პარტნიორს საზოგადოებაში მმართველობით (თანამმართველობით) და ქონებრივ უფლებებს ანიჭებს (იხ. ი. ბურდული, „სამეწარმეო საზოგადოებაში წილის კეთილსინდისიერად მოპოვება“, შედარებითი სამართლის ჟურნალი, N2/2019, გვ. 25). ამდენად, წილი არის პირის უფლება, საკუთრების საგანი, რომელიც განსაზღვრავს პირის მონაწილეობას სამეწარმეო საზოგადოებაში. წილი არის ის ერთეული, რომლითაც დგინდება მეწილის პროპორციული მონაწილეობა საზოგადოებაში (Bourne, Bourne on Company Law, 6th ed., 2013, 51; ბურდული ი., მახარობლიშვილი გ., თოხაძე ა., ზუბიტაშვილი ნ., ალადაშვილი გ., მაღრაძე გ., ეგნატაშვილი დ., საკორპორაციო სამართალი, მეორე გადამუშავებული გამოცემა, თბილისი 2022, გამომცემლობა „იურისტების სამყარო,“ გვ. 317) (იხ. სუსგ საქმე Nას-700-2023, 03 აპრილი, 2025 წელი).
30. იურიდიულ ლიტერატურაში წევრობის სტატუსის მოპოვების გარკვეულ დოგმატურ სტრუქტურაზე საუბრობენ. ამის მიხედვით, განასხვავებენ წევრის უფლება-მოვალეობათა ერთობლიობის: ა) თავდაპირველ შეძენას, რომელიც, თავის მხრივ, ორ ძირითად ნაწილად იყოფა: წევრობის მოპოვება საწარმოს დაფუძნების პროცესში მონაწილეობით ან საზოგადოების კაპიტალის გაზრდისას წილის შეძენით; ბ) ე.წ. მიმდინარე შეძენა, ანუ წილის შემდგომი მიღება, რომლის ასევე ორ ძირითად სახეობას გამოყოფენ: წილის მემკვიდრეობით მიღება ან წევრის სტატუსის მოპოვება გარიგებითსამართლებრივ საფუძველზე (იხ. ი. ბურდული, „სამეწარმეო საზოგადოებაში წილის კეთილსინდისიერად მოპოვება“, შედარებითი სამართლის ჟურნალი, N2/2019, გვ. 26). როდესაც საუბარია საზოგადოებაში მცირე წილობრივი მონაწილეობით სამართლებრივ უფლებაზე, აქ იგულისხმება ის, რომ უმცირესობაში მყოფი პარტნიორისთვის წევრობა მხოლოდ კაპიტალდაბანდება და დივიდენდის მოლოდინის ეკონომიკური ინტერესია. საკონტროლო წილის შემძენი პირისთვის კი წილში გამოხატული ინტერესი არა მხოლოდ კაპიტალდაბანდებით არის განპირობებული, არამედ ამას ემატება საწარმოს მართვის, მისი მთლიანად კონტროლის ინტერესი. ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე, საზოგადოების წილის მფლობელი საზოგადოების მესაკუთრედაც მოიხსენიება და ეს სრულიად შეესაბამება მის ეკონომიკურ იმპლიციტურ ბუნებას (იხ. ი. ბურდული, „სამეწარმეო საზოგადოებაში წილის კეთილსინდისიერად მოპოვება“, შედარებითი სამართლის ჟურნალი, N2/2019, გვ. 28).
31. სამეწარმეო საზოგადოებაში წილის ფლობა წარმოადგენს არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს (სსკ-ის 147-ე და 152-ე მუხლები) (შდრ. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 02.03.2017წ. გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016, პუნ. 191). „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, წილი საკუთრების საგანია, ხოლო იმავე კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პარტნიორს აქვს უფლება, თავისუფლად განკარგოს სამეწარმეო საზოგადოებაში საკუთარი წილი, თუ საქართველოს კანონმდებლობით, წესდებით ან სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა შეთანხმებით წილის განკარგვასთან დაკავშირებით შეზღუდვები დადგენილი არ არის. ამდენად, სამეწარმეო საზოგადოების წილი, როგორც არამატერიალური ქონებრივი სიკეთე და საკუთრების საგანი, შესაძლოა იყო ნასყიდობის საგანი.
32. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, მოსარჩელე/გამყიდველი მხარე ითხოვს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. ამ მოცემულობას ვერ შეცვლის ის გარემოება, რომ მოსარჩელე ცალკე სასარჩელო მოთხოვნის სახით ითხოვს - მოპასუხის კომპანიის პარტნიორობიდან გასულად ჩათვლას, ვინაიდან ეს მოთხოვნა, რეალურად, ექცევა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის ფარგლებში - სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსარჩელეები აღირიცხებიან კომპანიის სადავო წილების მესაკუთრეებად, რაც იმავდროულად გულისხმობს მოპასუხის მიერ აღნიშნულ წილებზე საკუთრების უფლების დაკარგვას.
33. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კასატორების შედავებას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა წინამდებარე დავის გადასაწყვეტად არასწორად იხელმძღვანელეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებით, ვინაიდან ხელშეკრულებიდან გასვლა და მისი სამართლებრივი შედეგები მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, კერძოდ კი, აღნიშნული კოდექსის 352-ე და მომდევნო მუხლებით (შედ. იხ. სუსგ საქმე Nას-700-2023, 03 აპრილი, 2025 წელი).
34. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სანაცვლო შესრულების პირობით წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნაზე უარის თქმის მართლზომიერება. კასატორების პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სათანადოდ არ შეაფასეს/გამოიკვლიეს საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად დაადგინეს მოპასუხის მხრიდან 29.03.2012წ. წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფაქტი.
35. ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელ ცენტრალურ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი, რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი; ხოლო, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნასყიდობა ორმხრივი, კონსენსუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს აქვს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.
36. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ, ერთი მხრივ, კომპანიის დამფუძნებლებს - მოსარჩელეებს (გამყიდველი) და, მეორე მხრივ, მოპასუხეს (მყიდველი) შორის 2012 წლის 29 მარტს დაიდო „წილის ნასყიდობის ხელშეკრულება სანაცვლო შესრულების პირობით”, რომლის 1.2 პუნქტის თანახმად, ნაყიდობის საგანს წარმოადგენდა კომპანიაში მოსარჩელეთა კუთვნილი წილები ჯამში 25%; ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, ნასყიდობის საფასურის გადახდის სანაცვლოდ მყიდველმა გამყიდველის წინაშე იკისრა შემდეგი ვალდებულების შესრულება: ა) ამ ხელშეკრულების დადების დღიდან შვიდი წლის ვადაში, წარდგენილი გრაფიკის მიხედვით გაესტუმრებინა კომპანიის მიერ პირველი ბანკისგან მიღებული კრედიტი 120 000 აშშ დოლარი, სარგებლით და მოეხსნა იპოთეკა კომპანიის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, რომელიც დატვირთული იყო ამ კრედიტის უზრუნველსაყოფად; ბ) ასევე, მყიდველი კისრულობდა ვალდებულებას, გონივრულ ვადებში, საკუთარი ხარჯებით დაესრულებინა კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქუთაისი, ………., რემონტი. რემონტი უნდა დასრულებულიყო ამ ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს ერთი წლისა, 2013 წლის მარტის ბოლომდე. მოსარჩელეები/კასატორები დავობენ, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ნასყიდობის საფასურის გადახდის სანაცვლოდ მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, მოპასუხეს სრულად და ჯეროვნად არ დაუფარავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტი და კომპანიის კუთვნილი უძრავი ქონების რემონტი საკუთარი ხარჯით არ განუხორციელებია, რის გამოც მოსარჩელეები ითხოვენ ხელშეკრულებიდან გასვლას და წილებზე საკუთრების უფლების დაბრუნებას. მოსარჩელეები აღნიშნულ მოთხოვნას აფუძნებენ ხელშეკრულების 4.2 პუნქტზე, რომლის თანახმად, მყიდველის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში - კერძოდ, თუ მყიდველი ექვს თვეზე მეტი ხნით ვერ გადაიხდის გრაფიკით გათვალისწინებულ თანხებს, რაც გამოიწვევს ბანკის მხრიდან რესტორნის მიმართ საჯარიმო სანქციებს, მყიდველი უპირობოდ დაკარგავს ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლებას. აღნიშნულ მოთხოვნას მოწინააღმდეგე მხარე უარყოფს, მისი მტკიცებით, მან დადგენილ ვადაში შეასრულა, როგორც კრედიტის დაფარვისა და ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლების, ისე რემონტის განხორციელების ვალდებულება.
37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda“-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. შესრულების ვალდებულება კი, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა არის პირველადი მოთხოვნა, რომლის შეუსრულებლობა იწვევს მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას. აღნიშნულს მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა.
38. ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. ისევე, როგორც კონტინენტური სამართლის სისტემის ქვეყნებში, საქართველოს შემთხვევაშიც ვალდებულების შესრულების მომწესრიგებელ ნორმებს ძირითადად დისპოზიციური ხასიათი აქვთ. ქართული სამოქალაქო კოდექსის როგორც ზოგადი, ისე კერძო ნაწილი შესრულების მექანიზმებზეა აგებული. მთავარია შესრულება და არა პასუხისმგებლობა. ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესი, სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიკეთეა ნებისმიერ სამართლებრივ სისტემაში. სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა უკვე ვალდებულების დარღვევაა. ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიხატება მოვალეზე კანონით დადგენილი ქონებრივი ზემოქმედების ზომებში (იხ. სუსგ საქმე Nას-1166-2019, 06 აპრილი, 2020 წელი; Nას-287-2021, 09 მარტი, 2023 წელი).
39. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი (405.1 მუხლი). იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: ა) აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება; ბ) ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას; გ) განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.
40. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია, თუ: ა) ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა; ბ) დარღვეულია 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები და, ამის მიუხედავად, კრედიტორს შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; გ) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად თვითონ არის პასუხისმგებელი; დ) მოთხოვნას უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც მოვალემ უკვე წარადგინა ან დაუყოვნებლივ წარადგენს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემდეგ.
41. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისათვის მინიჭებული უფლებაა. ხელშეკრულებიდან გასვლა გამოიყენება მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს, მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-ე მუხლები). თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გასვლის დამატებით პირობებზე. ხელშეკრულებიდან გასვლის - როგორც მეორეული მოთხოვნის უფლების, საფუძვლები შეიძლება დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალური შეიძლება გულისხმობდეს სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობას, ხოლო ფორმალური - დამატებითი ვადის დაწესებასა და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინებას (იხ. სუსგ საქმე Nას-294-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი).
42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად არ აფუძნებს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას. შეუსრულებლობა გარკვეული ობიექტური მასშტაბით უნდა გაიზომოს. ზოგადად, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება წარმოიშობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვალდებულება დაირღვა. ვალდებულება, რომლის დარღვევაც ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს წარმოადგენს, უნდა იყოს ნამდვილი, ვადამოსული და უპრეტენზიო (იხ. სუსგ საქმე Nას-1003-924-2017, 01 დეკემბერი, 2017 წელი; N ას-38-38-2018, 08 ივნისი, 2018 წელი).
43. სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი შედეგი რესტიტუციაა. ამ დროს თავდაპირველი ვალდებულებითი ურთიერთობის ადგილს იკავებს უკუქცევის შედეგად წარმოშობილ შესრულებათა უკან დაბრუნების ურთიერთობა, რაც ხელშეკრულების დადების შემდეგ შესრულებათა გაცვლამდე არსებული ვითარების აღდგენას გულისხმობს, ანუ ხელშეკრულებიდან გასვლით წარმოიშობა ახალი ვალდებულება (პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულება) (შდრ. იხ. სუსგ საქმე Nას-667-634-2014, 16 ოქტომბერი, 2015 წელი, პუნ. 23). ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით ნაკისრი პირველადი ვალდებულების შესრულებისაგან და გარდაიქმნებიან რესტიტუციის კრედიტორად და რესტიტუციის მოვალედ (იხ. სუსგ საქმე Nას-1209-1169-2016, 12 ივლისი, 2017 წელი; Nას-168-158-2017, 20 ივლისი, 2018 წელი).
44. ზემოთ მითითებული ნორმების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის კანონისმიერი წინაპირობებია: ა) ხელშეკრულების ნამდვილობა (უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის ზოგად პირობებს); ბ) ზოგადი წესის მიხედვით, მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა (დარღვევა არსებითი ხასიათისაა, თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ანდა კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი); გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა; დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; ე) ვალდებულების დარღვევისთვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი; ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც უკვე წარდგენილია ან წარდგენილი იქნება დაუყოვნებლივ მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე (მაგალითად, შესაგებელი ვალდებულების გაქვითვაზე); ზ) სახეზეა კრედიტორის მიერ შესაგებელი იურიდიული მოქმედება – ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მიცემული გონივრული ვადა, თუ ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი, ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა – გაფრთხილება (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1003-924-2017, 01 დეკემბერი, 2017 წელი).
45. იმ მოცემულობაში, როდესაც მოსარჩელეები ითხოვენ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლასა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას წილებზე საკუთრების უფლების დაბრუნების გზით, მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს: ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი/სახელშეკრულებო წინაპირობების არსებობა/არარსებობა და გასვლის გამომრიცხველი გარემოებების არსებობა/არარსებობა. მხოლოდ მითითებულ გარემოებათა გამოკვლევა/დადგენის შედეგად შეიძლება განისაზღვროს, რამდენად მართლზომიერია ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე გამყიდველთა/მოსარჩელეთა მოთხოვნა.
46. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეში მითითებული გარემოებები ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სათანადოდ გამოკვლეული და შეფასებული არ არის.
47. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არამართებულად დაადგინა, რომ პირველი ბანკის სესხის რეფინანსირების გზით მოპასუხემ შეასრულა მის მიერ 29.03.2012წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი კრედიტის დაფარვის ვალდებულება. საკასაციო სასამართლო აღნიშნულის დასტურად ვერ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ კომპანიას არც მეორე ბანკის და არც სხვა რომელიმე ბანკის მიმართ დავალიანება არ გააჩნია.
48. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მხარეთა შორის 29.03.2012 წელს დადებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველმა იკისრა ვალდებულება, ნასყიდობის საფასურის გადახდის სანაცვლოდ, ხელშეკრულების დადების დღიდან შვიდი წლის ვადაში, წარდგენილი გრაფიკის მიხედვით გაესტუმრებინა კომპანიის პირველი ბანკის წინაშე არსებული საკრედიტო ვალდებულება 120 000 აშშ დოლარისა და მასზე დარიცხული სარგებლის ოდენობით და იპოთეკისგან გაეთავისუფლებინა აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული კომპანიის უძრავი ქონება; დადგენილია ასევე, რომ 15.02.2013 წელს კომპანიამ მეორე ბანკისგან აიღო კრედიტი 120 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლითაც განხორციელდა პირველ ბანკში არსებული კომპანიის სესხის რეფინანსირება; მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მეორე ბანკიდან კრედიტის აღება და აღნიშნული თანხით პირველი ბანკის სესხის რეფინანსირება კომპანიის პარტნიორების, მათ შორის, მოპასუხის (რომელიც სესხის აღების დროს იმავდროულად კომპანიის დირექტორს წარმოადგენდა) თანხმობითა და ნებით განხორციელდა; საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ ირკვევა და არც მხარეები დავობენ იმაზე, რომ მხარეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა რაიმე ცვლილების შეტანის ფაქტს ნასყიდობის საფასურის გადახდის სანაცვლოდ მოპასუხის მიერ ნაკისრ ვალდებულებაში - დაეფარა კომპანიის საბანკო კრედიტი; შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მეორე ბანკიდან მიღებული კრედიტით პირველ ბანკში არსებული კომპანიის სესხის დაფარვის ფაქტი, ვერ მიიჩნევა მოპასუხის მიერ 29.03.2012წ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებად, ვინაიდან პირველი ბანკის სესხის რეფინანსირებით კომპანია იმ ფულადი ვალდებულებისგან არ გათავისუფლებულა, რომლის გადახდაც 29.03.2012წ. ხელშეკრულებით მოპასუხემ იკისრა, შეიცვალა მხოლოდ საბანკო დაწესებულება. ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ შეუდავებელ გარემოებას, რომ მოპასუხე პირველი ბანკის სესხის რეფინანსირების, ანუ 15.02.2013 წლის შემდგომაც გარკვეული პერიოდი დადგენილ ვადაში, სრულად იხდიდა მეორე ბანკში არსებულ სესხზე გრაფიკით გათვალისწინებულ გადასახდელს.
49. მოსარჩელეთა/კასატორთა განმარტებით, მოპასუხემ 2017 წლის მაისიდან შეწყვიტა სესხზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხების გადახდა, რის შემდგომაც სესხის სრულად დაფარვა თავად კომპანიამ უზრუნველყო. თუმცა, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გარემოება არ გამოუკვლევია. კერძოდ, სასამართლოს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ უმსჯელია პირველი ბანკის სესხის რეფინანსირების შემდგომ მოპასუხემ გააგრძელა თუ არა მეორე ბანკში კომპანიის სესხის გრაფიკის შესაბამისად დაფარვა და მის მიერ სრულად და ჯეროვნად არის თუ არა გადახდილი აღნიშნული კრედიტი; სააპელაციო სასამართლოს ასევე არ გამოუკვლევია 15.02.2013 წელს პირველი ბანკის სესხის რეფინანსირების შემდგომ რა სახის რესტრუქტურიზაციები/რეფინანსირებები განხორციელდა მეორე ბანკში და აღნიშნული იყო თუ არა დაკავშირებული მოპასუხის მიერ სესხის დაფარვის ვალდებულების არაჯეროვან შესრულებასთან (აღნიშნულის დადგენის შემთხვევაში) და რესტრუქტურიზაციების/რეფინანსირებების განხორციელების შემდგომ სესხის სრულად დაფარვა წარმოადგენდა თუ არა მოპასუხის ვალდებულებას.
50. წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლომ ასევე არამართებულად დაადგინა ის გარემოება, რომ მოპასუხემ შეასრულა მის მიერ 29.03.2012წ. წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და 2013 წლის მარტის ბოლომდე უზრუნველყო კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რემონტი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის 29.03.2012 წელს დადებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველმა ნასყიდობის საფასურის გადახდის სანაცვლოდ, ასევე, იკისრა ვალდებულება - გონივრულ ვადებში, საკუთარი ხარჯებით დაესრულებინა კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქუთაისი, …….., რემონტი, რომელიც უნდა დასრულებულიყო ამ ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს ერთი წლისა, 2013 წლის მარტის ბოლომდე. კასატორები სადავოდ არ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ გარემოებას, რომ სარემონტო სამუშაოები შესრულდა და 2013 წლიდან დღემდე რესტორანი სრული დატვირთვით მუშაობს, თუმცა, მათი განმარტებით, ისინი სარჩელში მითითებულ პრეტენზიას მოპასუხის მიერ სარემონტო სამუშაოების არშესრულებასთან დაკავშირებით აფუძნებდნენ იმ გარემოებაზე, რომ სარემონტო სამუშაოები მოპასუხის ხარჯით არ განხორციელებულა, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობას წარმოადგენდა. ეს გარემოება მოსარჩელეთა მიერ სადავოდ იყო გამხდარი სააპელაციო საჩივრითაც, თუმცა სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულზე არ უმსჯელია. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ გამოუკვლევია კომპანიის კუთვნილი უძრავი ქონების რემონტი, ხელშეკრულების დათქმის შესაბამისად, შესრულდა თუ არა მოპასუხის ხარჯით.
51. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
52. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; Nას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
53. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მხარეთა შორის დადებული 29.03.2012წ. ნასყიდობის ხელშეკრულების 3.2 და 4.2 პუნქტები შეიცავენ ურთიერთსაწინააღმდეგო დათქმებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების 3.2 პუნქტით გათვალისწინებული მყიდველის ვალდებულება, რომ პირველი ბანკის მიმართ არსებული სესხის გრაფიკით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადაეხადა პირველი ბანკის ყველა საჯარიმო მოთხოვნა კომპანიის მიმართ, არ გამორიცხავს ხელშეკრულების 4.2 პუნქტით გათვალისწინებულ დათქმას, რომ ამგვარი დარღვევის ხანგრძლივად განხორციელება - გრაფიკით გათვალისწინებული თანხების 6 თვეზე მეტი ვადით გადაუხდელობა, ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობა გამხდარიყო.
54. საკასაციო სასამართლო აგრეთვე განმარტავს, რომ მოპასუხე საქმეში წარდგენილ შესაგებელში უთითებდა სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობაზე. აღნიშნულის თაობაზე იგი მიუთითებდა, ასევე, სააპელაციო შესაგებელშიც, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მასზე არ უმსჯელია და მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ შესაგებელზე პასუხი არ გაუცია.
55. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძველია.
56. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
57. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას თავად მიიღოს გადაწყვეტილება დავაზე, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებები, რაც საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველია. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულების კონტრაჰენტის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, პირველ რიგში, სასამართლომ სარჩელში და შესაგებელში გამოთქმული პოზიციებისა და საქმის მასალების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებით უნდა გამოარკვიოს, რა სახელშეკრულებო ვალდებულებები აკისრიათ კონტრაჰენტებს ერთმანეთის მიმართ, შესრულდა თუ არა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად, დათქმულ ვადაში და იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება წილების მყიდველის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი, ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერების შეფასების მიზნით, უნდა განისაზღვროს ვალდებულების დარღვევის მასშტაბიც; სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ შესაგებელზე.
58. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.
59. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შ.ტ–ძის, ე.ხ–ნისა და რ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლევან ნემსაძე
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
მიხეილ ჯინჯოლია