არ დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 15.06.2026
საქმის ნომერი
ას-860-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-860-2025

15 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი - ე.თ–ძე (ნ.ნ–ძის უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)

განმცხადებლის მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა ან და უსწორობის გასწორება

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 მაისის გადწყვეტილებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ე.თ–ძის (ნ.ნ–ძის უფლებამონაცვლის) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს ე.თ–ძის (ნ.ნ–ძის უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო დაფინანსებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების 16 068,80 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში ე.თ–ძის (ნ.ნ–ძის უფლებამონაცვლის) სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ე.თ–ძეს (ნ.ნ–ძის უფლებამონაცვლე) (პ/ნ .......)სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე, მოპასუხეების მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხიდან, 2817,58 ლარის გადახდა, შემდეგ საბანკო ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150; გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

2. 2026 წლის 11 ივნისს, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ე.თ–ძის წარმომადგენელმა ს.მ–ძემ და განმარტა, რომ უზენაესმა სასამართლომ 2026 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებაში არ იმსჯელა სახელფასო დავალიანების ანგარიშსწორების დაყოვნების გამო კანონით გათვალისწინებულ 0.07%-ის ანაზღაურების დაკისრების საკითხზე. ასევე, დავის საგნის ღირებულების და მხარეთა საკასაციო საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების მიუხედავად, მოსარჩელეს სრულად დაეკისრა მოპასუხის მიერ სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

3. განმცხადებელი, მოითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 28 მაისი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4, მე-5, მე-6 პუნქტებში დაშვებული უსწორობის გასწორებას ან/და შესაბამისი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას.

4. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.

5. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

6. სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. ამავე კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა არ უკავშირდება არცერთ იმ საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც მიიღება დამატებითი გადაწყვეტილება ან განჩინება გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ.

8. განმცხადებლის შუამდგომლობის თანახმად, გადაწყვეტილებაში არ არის ასახული სახელფასო დავალიანების ანგარიშსწორების დაყოვნების გამო კანონით გათვალისწინებული 0.07%-ის ანაზღაურების საკითხი.

9. საკასაციო სასამართლო ზემოხსენებული შუამდგომლობის პასუხად მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 – (ე.თ–ძის (ნ.ნ–ძის უფლებამონაცვლის) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;) მე-4 (ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს ე.თ–ძის (ნ.ნ–ძის უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო დაფინანსებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების 16 068,80 ლარის გადახდა;) მე-5 (დანარჩენ ნაწილში ე.თ–ძის (ნ.ნ–ძის უფლებამონაცვლის) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს) პუნქტებზე და განმარტავს, რომ სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების 16 068,80 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა, რაც ასევე გულისხმობს სახელფასო დავალიანების ანგარიშსწორების დაყოვნების გამო კანონით გათვალისწინებული 0.07%-ის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმასაც. შესაბამისად, განმცხადებლის ზემოხსენებული შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ საჭიროებს არც დამატებითი გადაწყვეტილების და არც უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების მიღებას.

10. რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებას, რომ მოსარჩელეს არასწორად დაეკისრა სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში მოპასუხის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდა, საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულ პრეტენზიას გაიზიარებს.

11. ზემოხსენებული პრეტენზიის პასუხად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის თანახმად, ე.თ–ძეს (ნ.ნ–ძის უფლებამონაცვლე) (პ/ნ ..........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე, მოპასუხეების მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხიდან, 2817,58 ლარის გადახდა. აღნიშნული სახელმწიფო ბაჟი მას დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, მისი სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციულად. კერძოდ, დაეკისრა ბრძანების ბათილად ცნობისა, განაცდურის და დაყოვნებული ანაზღაურების 0.07%-ის ნაწილში, იმ ხარჯების გადახდა, რომლისგანაც სააპელაციო და საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე გათავისუფლებული იყო მოპასუხე მხარე.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. (იხ. სუსგ-ები: Nას-909-2024, 16.12.2024წ.; Nას-1017-2022, 11.07.2025წ.; Nას-1581-2024, 21.07.2025წ.; Nას-893-2025, 27.04.2026წ.;)

13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლებიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების ან/და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 260-ე, 261-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.თ–ძის (ნ.ნ–ძის უფლებამონაცვლე) წარმომადგენელის ს.მ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ან/და უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების მიღების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ლაშა ქოჩიაშვილი