დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 09.06.2026
საქმის ნომერი
ას-1348-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

9 ივნისი, 2026 წელი,საქმე №ას-1348-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ს–ძე (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (იმერეთის რეგიონული სერვის ცენტრი)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 03 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა; ტოლფას სამუშაოზე აღდგენა ან შესაბამისი კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ.ს–ძე (შემდეგში - მოსარჩელე ან დასაქმებული) წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში.

2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 9 ოქტომბრის ბრძანებით, 2018 წლის 10 ოქტომბრიდან მოსარჩელე განუსაზღვრელი ვადით დაინიშნა სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში, უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

3. დასაქმებულის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1 300 ლარს (დარიცხული).

4. იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ეკომიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ეფექტიანი მართვის მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის N487 დადგენილების საფძველზე, 2019 წლის 1 დეკემბრიდან შეიქმნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, დამსაქმებელი, სააგენტო), რომელსაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ის ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცა, რაც დევნილებთან და ეკომიგრანტებთან იყო დაკავშირებული.

5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 16 ოქტომბრის ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, საკადრო რესურსის შესაბამისი სსიპ-დან უფლებამონაცვლე სსიპ-ში გადაყვანის პროცესის კოორდინაციის მიზნით სარეორგანიზაციო კომისიის სპეციალიზებული ქვეკომისიები შეიქმნა.

ქვეკომისიებს დაევალათ, რომ არაუგვიანეს 2019 წლის 30 ნოემბრისა, მათი კომპეტენციებისა და უნარების შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილებისა და მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებული საკადრო რესურსების შესაბამის სსიპ-ში დანიშვნა/გადაყვანის თაობაზე სათანადო რეკომენდაციების გაცემა უზრუნველეყოთ.

6. 2019 წლის 28 ნოემბერს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელსა და მოპასუხე სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს დასაქმებულმა შემდეგი შინაარსის განცხადებით მიმართა:

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის N487 დადგენილების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, გთხოვთ, 2019 წლის 01 დეკემბრიდან დამნიშნოთ (უკონკურსოდ გადამიყვანოთ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და აჭარის ტერიტორიული სამმართველოს უფროს სპეციალისტად და იმავდროულად, 2019 წლის 01 დეკემბრიდან გამათავისუფლოთ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან“.

7. დამსაქმებელი სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ გ.წოწკოლაურის 2019 წლის 29 ნოემბრის ბრძანებით (შემდეგში - სადავო ბრძანება ან გასაჩივრებული ბრძანება), საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) 37.1 მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე (პირადი განცხადება) სააგენტოს ზოგიერთი თანამშრომელი, მათ შორის მოსარჩელე, 2019 წლის 1 დეკემბრიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

8. მოპასუხე დაწესებულებამ ფუნქციონირება 2019 წლის 1 დეკემბრიდან დაიწყო.

9. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილების საფუძველზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში მომუშავე თანამშრომელთა ნაწილი, რეორგანიზაციის შედეგად უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი/დანიშნული მოპასუხე სააგენტოში.

10. 2019 წლის 16 დეკემბერს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა დამსაქმებელს და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთება მოითხოვა. მოთხოვნის პასუხად, დამსაქმებლის 2019 წლის 26 დეკემბრის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები (გარდა დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების, მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის, ასევე რეპატრიაციის მიმართულებებისა) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცა, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ჩაითვალა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შერწყმის/რეორგანიზაციიის პროცესთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 15 ივლისის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო-სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების" საფუძველზე, 2018 წლის 10 ოქტომბრიდან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციებს დაემატა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება. შესაბამისად, აღნიშნული ფუნქციის შესასრულებლად სააგენტოში დაინიშნენ თანამშრომლები (მათ შორის, მოსარჩელე).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილების საფუძველზე, 2019 წლის 1 დეკემბრიდან, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ეკომიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ეფექტიანი მართვის მიზნით, შეიქმნა მოპასუხე სააგენტო, რომელსაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ის ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცა, რომელიც დევნილებთან და ეკომიგრანტებთან იყო დაკავშირებული; რაც, ასევე, აისახა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულებაში“ (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის ბრძანებით შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით).

აღნიშნული ცვლილების საფუძველზე ყველა დასაქმებულთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება, ხოლო მოსარჩელესთან (რომელიც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დევნილებსა და ეკომიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციების მიმართულებით მუშაობდა) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას საფუძვლად დაედო - პირადი განცხადება.

11. 2019 წლის ახალ საშტატო ნუსხაში და სახელფასო ფონდში არ იქნა გათვალისწინებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და აჭარის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა, ხოლო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და აჭარის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის თანამდებობა, ასევე, სპეციალისტის პოზიცია ვაკანტური იყო, რაზეც კონკურსი გამოცხადდა, თუმცა კონკურსში მოსარჩელეს მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა ამჟამად გაუქმებულია, ხოლო საშტატო ნუსხით განსაზღვრულია სამმართველოს უფროსის პოზიცია იმ ფუნქციების შესასრულებლად, რომელსაც მოსარჩელე გათავისუფლებამდე ასრულებდა და ისიც ვაკანტური არ არის.

12. სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (იმერეთის რეგიონული სერვის ცენტრი) და დამსაქმებლის წინააღმდეგ დასაქმებულმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

13. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით: სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სამუშაოდან მოსარჩელის განთავისუფლების ნაწილში გასაჩივრებული ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი; ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სანაცვლოდ დასაქმებულის სასარგებლოდ დამსაქმებელს 46 800 ლარის ოდენობით (დარიცხული) კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

14. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

15.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მოპასუხე საწარმოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა არასწორად შეაფასა მოსარჩელის განცხადების შინაარსი, რადგან მოსარჩელის მოთხოვნა (ნება) იყო, არა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, არამედ რეორგანიზაციის შედეგად, ახლად შექმნილ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში საქმიანობის გაგრძელების სურვილი; კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილების მე-3 პუნქტის 1-ლი ქვეპუნქტის საფუძველზე, 2019 წლის 1 დეკემბრიდან, უკონკურსოდ გადაყვანა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და აჭარის ტერიტორიული სამმართველოს უფროს სპეციალისტად და ამ მიზნით, 2019 წლის 1 დეკემბრიდან, სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან განთავისუფლება.

აღნიშნული იმ გარემოებითც დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე ერთდროულად წარმოადგენდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და ახლად შექმნილ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს.

ამდენად, დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლების რეალური საფუძველი სშკ-ის 37.1 „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარეობდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული მოტივით სშკ-ის 37.1 „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელესთან ხელშეკრულების მოშლა ბათილი იყო, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (იმერეთის რეგიონული სერვის ცენტრი) სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა.

მხარეები არ დავობდნენ, რომ მოპასუხე სააგენტოში რეორგანიზაციამდე დაკავებული მოსარჩელის თანამდებობა ან მისი ტოლფასი თანამდებობის ვაკანტური შტატი არ არსებობდა, რამაც სარჩელის დაზუსტება და სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად, კომპენსაციის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის წარდგენა გამოიწვია.

ვინაიდან არც მისი კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარების ნაკლოვანებებით მოსარჩელე სამუშოდან არ გაუთავისუფლებიათ, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონშესაბამისი იყო (სშკ-ის 38.8 მუხლი).

15.2. იმის გათვალისწინებით, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში მოსარჩელე უვადოდ იყო დასაქმებული, რომლის სამუშაოდან განთავისუფლება მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარების ნაკლოვანებებით არ მომხდარა. ამავდროულად, უფლებამონაცვლე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ვალდებულების მიუხედავად, უკონკურსოდ დაესაქმებინა მოსარჩელე, არამართლზომიერად არ გამოიყენა მისი შესაძლებლობა, რამაც განაპირობა, რომ 2019 წლის 29 ნოემბრიდან მოსარჩელეს სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა არ მიეცა, საიდანაც პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის დასრულებამდე სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გამო 5 წელზე მეტი დრო გავიდა. გარდა ამისა, თავად მოსარჩელის განმარტების მხედველობაში მიღებით, რომ 2023 წლიდან დასაქმებული იყო შსს-ში, სააპელაციო სასამართლომ გონივრულად მიიჩნია გადასახდელი კომპენსაციის 46800 ლარით განსაზღვრა რაც მოსარჩელის 36 თვის შრომის ანაზღაურებას შეადგენს (1300X36=46800).

16. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი დამსაქმებელმა შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინა:

მოცემულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულება შეწყდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულ ყველა იმ პირთან, რომლებიც დევნილებსა და ეკოემიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციების მიმართულებით იყო დასაქმებული, რის შესახებაც დეტალურად განემარტათ აღნიშნულ პირებს, მათ შორის, მოსარჩელეს.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 29 ნოემბრის ბრძანებაში განთავისუფლების საფუძვლად სშკ-ის 37.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზეა მითითებული, რაც მხარეთა წერილობით შეთანხმებას გულისხმობს.

იმ პირთა შემდგომი დასაქმების პრეროგატივა, რომლებიც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დევნილებისა და ეკოემიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციების მიმართულებით მუშაობდნენ, მთლიანად მოპასუხე სააგენტოს გააჩნდა.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 6 მარტის განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად დარჩა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 6 მარტის განჩინებაში უნდა გასწორდეს დაშვებული უსწორობა, კერძოდ:

18. დასახელებული განჩინების სამოტივაციო ნაწილის 28-ე და სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბებულია შემდეგი სახით: „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან".

19. ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ ვინაიდან ბიუჯეტთან ერთად დამსაქმებელი სხვა შემოსავლებიდანაც ფინანსდება, მის მიმართ კანონის ზემომითითებული ნორმის დანაწესი არ ვრცელდება. ამ უკანასკნელის საკასაციო საჩივარს თან ერთვის კიდეც საკასაციო საჩივარზე 2 340 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საიდანაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 6 მარტის განჩინებით საქმეზე წარმოქმნილი პროცესუალური შედეგის გათვალისწინებით 70% უკან უნდა დაუბრუნდეს, ხოლო ნაწილი - 30% სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დარჩეს გადახდილად.

ამდენად, აშკარაა, რომ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლებაზე მითითების ნაცვლად სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 2 340 ლარიდან კასატორს 70% უკან უნდა დაბრუნებოდა და სასამართლოს განჩინებაში უსწორობაა დაშვებული.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

21. საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი მოცემულ შემთხვევაში ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტოს.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 06 მარტის განჩინებაში დაშვებული ზემომითითებული უსწორობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 53-ე, 261-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 6 მარტის განჩინების (საქმე №ას-1348-2025) სამოტივაციო ნაწილის 28-ე და სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობა და მათი შინაარსი შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს:

- სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2 340 ლარის (საგადახდო მოთხოვნა # 06407, ტრანზაქციის განხორციელების თარიღია - 20.10.2025) 70% - 1 638 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია