საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.300.000.22.025.014.577
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის
მინისტრის ბრძანება №24
2010 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებს“ (სსმ III, 31.08.2006 წ., №117, მუხლი 1581) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-40 მუხლი:
„მუხლი 40. ელექტროენერგეტიკული სისტემის სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის განსაკუთრებული წესი 2010 წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე პერიოდში
1. ამ მუხლის მიზნებისთვის გარანტირებული რეზერვის წყაროს ასევე მიეკუთვნებიან ის თბოელექტროსადგურებიც, რომლებიც 2009 წლის 1 სექტემბრიდან 2010 წლის 1 მაისამდე პერიოდში არ იყვნენ განსაზღვრულნი გარანტირებული რეზერვის წყაროდ.
2. 2010 წლის 10 მაისიდან 1 სექტემბრამდე სიმძლავრის სასისტემო რეზერვის საფასური ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თბოელექტროსადგურებს აუნაზღაურდებათ მათ მიერ სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფაზე გაცხადებული მოცულობის შესაბამისად, მაგრამ თითოეულისათვის არაუმეტეს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მოქმედი საპროგნოზო ბალანსით გათვალისწინებულ მომხმარებლებზე მიწოდებისა (აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხმარებული ელექტროენერგიის გამოკლებით) და ექსპორტის ჯამური წლიური მოცულობის 10%-ისა.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული სიმძლავრის სასისტემო რეზერვის წყაროები (თბოელექტროსადგურები) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს არა უგვიანეს 2010 წლის 10 მაისისა წარუდგენენ 2010 წლის 10 მაისიდან 2010 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში უზრუნველყოფილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შესახებ განაცხადს, მომავალი საანგარიშო პერიოდის იმ ზუსტი მონაკვეთების (დღეების მიხედვით) მითითებით, რომელთა განმავლობაში სიმძლავრის სასისტემო რეზერვი ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ შორის სარემონტო და/ან პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოების გამო.
4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის შესახებ განაცხადის მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში განსაზღვრავს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შესაბამისი წყაროს (თბოელექტროსადგურის) მიერ ყოველ საანგარიშო პერიოდში (2010 წლის 10 მაისიდან 2010 წლის 1 სექტემბრამდე) უზრუნველყოფილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მოცულობას (ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შეზღუდვისა და უზრუნველყოფილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შესახებ განაცხადში სარემონტო და/ან პროფილაქტიკური სამუშაოებისათვის მითითებული პერიოდების გათვალისწინებით).
5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას არაუგვიანეს 2010 წლის 15 მაისისა წარუდგენს სისტემის კომერციულ ოპერატორს და სიმძლავრის სასისტემო რეზერვის წყაროებს. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სისტემის კომერციული ოპერატორი 2010 წლის მაისიდან 2010 წლის აგვისტოს ჩათვლით, არა უგვიანეს ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით განსაზღვრულ, შესაბამის საანგარიშო პერიოდში გასაყიდი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მოცულობას (სიმძლავრის სასისტემო რეზერვის კონკრეტული წყაროს მიხედვით) ანაწილებს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შემსყიდველ თითოეულ კვალიფიციურ საწარმოზე იმავე საანგარიშო პერიოდში სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოების ფაქტობრივ ჯამურ მოხმარებასა და ექსპორტში შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს ფაქტობრივი მოხმარების ან ექსპორტის წილის პროპორციულად. სისტემის კომერციული ოპერატორი აღნიშნულ ინფორმაციას (სიმძლავრის სასისტემო რეზერვის კონკრეტული წყაროსა და უზრუნველყოფილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მოცულობების მითითებით) უგზავნის შესაბამის კვალიფიციურ საწარმოებს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარმოადგენს სიმძლავრის სასისტემო რეზერვის წყაროებსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს, აგრეთვე სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შემსყიდველ კვალიფიციურ საწარმოებსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს შორის ანგარიშსწორების საფუძველს. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოები უზრუნველყოფილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის საფასურს ანაზღაურებენ შესაბამისი წყაროსათვის კანონმდებლობის თანახმად დადგენილი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ტარიფისა (ზედა ზღვარი) და ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მათ მიერ შესასყიდი სიმძლავრის სასისტემო რეზერვის მოცულობის გათვალისწინებით, სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის სტანდარტული პირობების ფორმით შედგენილი პირდაპირი ხელშეკრულების შესაბამისად.
7. ეს მუხლი ვრცელდება მხოლოდ სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წყაროებზე, რომლებიც ამ მუხლით დადგენილი წესით წარადგენენ განაცხადს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ხეთაგური