1. დეპარტამენტში მიღება ხორციელდება როგორც წესი კონკურსის საფუძველზე, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კონკურსს მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში“ ან სხვა ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.
2. კონკურსის ორგანიზებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესები ამ წესის მოთხოვნათა დაცვით განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ:
ა) დეპარტამენტის უფროსი;
ბ) თანამდებობაზე დროებით შემცვლელები;
გ) დროებით მოვალეობის შემსრულებლები იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს;
დ) მოსამსახურეები სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში;
ე) რეზერვში ჩარიცხული პირები.
4. დეპარტამენტში სამუშაოდ მიღებასთან დაკავშირებით პირმა უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) ხელწერილი კანონით დადგენილ მოთხოვნებთან პირის შესაბამისობის შესახებ;
დ) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ცნობა;
ზ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
თ) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტების წარუდგენლობა შეიძლება გახდეს პირის სამსახურში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
6. დეპარტამენტის მოსამსახურის სამუშაოზე მიღება ხდება თანამდებობაზე მისი დანიშვნით.
7. თანამდებობაზე მოსამსახურის დანიშვნის დღედ ითვლება სათანადო ბრძანებაში კონკრეტულად აღნიშნული თარიღი.
8. დეპარტამენტში მისაღებ პირს უნდა გააჩნდეს დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია.
9. დეპარტამენტში მისაღები პირი ეცნობა დაკავებული თანამდებობისათვის განსაზღვრულ ფუნქცია- მოვალეობებს.
10. დეპარტამენტში სამუშაოდ მიიღებიან არანაკლებ 21 წლის და არა უმეტეს 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები, ფლობენ სახელმწიფო ენას. გამონაკლის შემთხვევაში, დეპარტამენტში 35 წელს გადაცილებული პირი შესაძლებელია სამუშაოდ მიღებულ იქნეს მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის გადაწყვეტილებით.
11. ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა დეპარტამენტში სამუშაოდ გადაყვანა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან, საქართველოს პროკურატურიდან, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურიდან, საქართველოს თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროების სისტემებიდან. ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელსაც აქვს ოპერატიულ-სამძებრო ან საგამოძიებო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება.
12. დეპარტამენტში პირის სამსახურში მისაღებად სხვა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად