1. საერთაშორისო სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა გულისხმობს ჰუმანიტარულ დახმარებასა და სამაშველო რაზმის გაშვებას ქვეყნის გარეთ სამაშველო და ჰუმანიტარულ ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად, სამაშველო ოპერაციების განხორციელებასა და რაზმის დაბრუნებას საქართველოში.
2. სამაშველო რაზმი, რომლის მიზანია კონკრეტული მისია, ამ წესდებით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, შედგება მენეჯმენტის, ლოჯისტიკის, საძიებო-სამაშველო და სამედიცინო კომპონენტებისაგან.
3. სამაშველო რაზმის ამოცანაა სამაშველო ოპერაციების განხორციელება კონკრეტული მისიისა და დადგენილი მიზნების შესაბამისად.
4. საერთაშორისო სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად სამაშველო რაზმმა მობილიზება უნდა მოახდინოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების მიღებიდან 8 საათის განმავლობაში.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროები სამაშველო რაზმის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად:
ა) ხელმძღვანელობენ სამაშველო რაზმის ჩამოყალიბებას წინასწარ შედგენილი გეგმით. ახორციელებენ რაზმის წევრების დამატებით სამედიცინო შემოწმებას;
ბ) შეიმუშავებენ, შესაძლო მისიიდან გამომდინარე, სამოქმედო გეგმას მაშველების საჭირო ტექნიკისა და აღჭურვილობის მოსამზადებლად;
გ) ორგანიზებას უკეთებენ რესურსების რეზერვის მობილიზებას ჰუმანიტარული მისიისათვის და განსაზღვრავენ სავარაუდო ხარჯებს;
დ) ახორციელებენ საზღვარგარეთ გასაგზავნ პირთა სავიზო პროცედურებისა და დოკუმენტაციის მოწესრიგებას.
6. საგანგებო სიტუაციების დროს საერთაშორისო სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობის ან სათანადო საერთაშორისო დახმარების მისაღებად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ ატყობინებენ ერთმანეთს დახმარების თხოვნის მიღების შესახებ და ორმხრივად ახორციელებენ ინფორმაციის შეფასებას სამაშველო რაზმისა და ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნული სამინისტროები სამთავრობო კომისიას წარუდგენენ შემდეგ დოკუმენტებს:
ა) დახმარების თხოვნას (განაცხადს);
ბ) სიტუაციის ანალიზსა და დახმარების გაგზავნის პროცედურებს;
გ) მისიის ამოცანისა და ჩამოსაყალიბებელი სამაშველო რაზმის მოკლე დახასიათებას;
დ) მისიის ხელმძღვანელის კანდიდატურას;
ე) მისიაში მონაწილეობის ხარჯებს – ბიუჯეტს.
7. სამაშველო რაზმის გამგზავრების ორგანიზებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად.
8. საერთაშორისო სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობისათვის მივლინებული პირის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
9. საერთაშორისო სამაშველო ოპერაციებში მონაწილე პირი ეცნობა სპეციალურ ინსტრუქციებს, რომელთა დაცვაც აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
10. საერთაშორისო მისიის შემსრულებელი საქართველოს სამაშველო რაზმის სახელწოდებაა – „GEOSOS“