1. ყველა სახის და ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობის ელექტრომოწყობილობები თავისი ნომინალური მონაცემებით უნდა აკმაყოფილებდნენ როგორც ნორმალურ, ისე მოკლედ შერთვების, გადაძაბვების და გადატვირთვების რეჟიმებში მუშაობის პირობებს.
გამანაწილებელი მოწყობილობების მომსახურე პერსონალს უნდა ჰქონდეს მოწყობილობების ნომინალურ და ავარიულ პირობებში მუშაობის დასაშვები რეჟიმების სქემები და მითითებები.
330 კვ და მეტი ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობები აღჭურვილი უნდა იქნენ ისეთი სახის ბიოლოგიური დაცვის საშულებებით, როგორებიც არიან სტაციონარული, გადასატანი ან ინვენტარული ეკრანები, აგრეთვე დაცვის ინდივიდუალური საშუალებები.
330 კვ და მეტი ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობების მომსახურე პერსონალს უნდა ჰქონდეს მიწის ზედაპირიდან 1.8 მეტრის სიმაღლეზე ღია გამანაწილებელი მოწყობილობის მოედანზე ელექტრული ველის დაძაბულობის განაწილების რუკა.
2. ელექტრომოწყობილობების იზოლაციის კლასი უნდა შეესაბამებოდეს ქსელის ნომინალურ ძაბვას, ხოლო გადაძაბვისაგან დაცვის მოწყობილობები - ელექტრომოწყობილობების იზოლაციის დონეს.
ატმოსფერული დაჭუჭყიანების ადგილებში განსათავსებელი ელექტრომოწყობილობები პროექტირების სტადიაში უნდა შეირჩნენ ისეთი იზოლაციით, რომელიც უზრუნველყოფს მათ იმედიან მუშაობას დაცვის დამატებითი ღონისძიებების გატარების გარეშე.
დაჭუჭყიანების მიმართ შესუსტებული იზოლიაციის მქონე მოწყობილობების ექპლუატაციის დროს უნდა გატარდეს მათი საიმედო მუშაობის უზრუნველმყოფი ღონისძიებები, კერძოდ: ღია გამანაწილებელ მოწყობილობებში – იზოლაციის გაძლიერება, ჩამორეცხვა, გაწმენდა და ჰიდროფობური პასტებით დაფარვა; დახურულ გამანაწილებელ მოწყობილობებში - მტვრის და მავნე გაზების შეღწევისაგან დაცვა; გარე დაყენების კომპლექტურ გამანაწილებელი მოწყობილობებში – კარადების ჰერმეტიზაცია და იზოლაციის ჰიდროფობური პასტებით დამუშავება.
3. ზაფხულის პერიოდში დახურული გამანაწილებელი მოწყობილობის შენობაში ჰაერის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 40 oC. მისი ზრდის შემთხვევაში მიღებულ უნდა იქნეს მოწყობილობების ტემპერატურის შემამცირებლი ან ჰაერის გამაცივებელი ღონისძიებები.
ელეგაზური იზოლაციის მქონე კომპლექტური გამანაწილებელი მოწყობილობების სათავსოში ტემპერატურა უნდა შეესაბამებოდეს ქარხანა-დამამზადებლის საექსპლუატაციო ტექნიკურ დოკუმენტაციას.
4. უნდა იყოს მიღებული ზომები დახურული გამანაწილებელი მოწყობილობების და გარე დადგმულობის კომპლექტური გამანაწილებელი მოწყობილობების კამერებში ცხოველების და ფრინველების მოხვედრის აღსაკვეთად.
იატაკების დაფარვა უნდა იყოს ისეთი, რომ გამოირიცხოს ცემენტის მტვრის წარმოქმნა.
გამანაწილებელი მოწყობილობების ის სათავსო, რომელშიც დგას ელეგაზური იზოლაციის მქონე კომპლექტური გამანაწილებელი მოწყობილობები, აგრეთვე მათი შეკეთების და ტექნიკური მომსახურებისთვის განკუთვნილი სათავსოები, უნდა იყოს იზოლირებულნი სხვა სათავსოებისა და ქუჩისაგან. კედლები, იატაკი და ჭერი უნდა შეიღებოს მტვერშეუღწევადი საღებავით. სათავსოები უნდა იყოს აღჭურვილი ჰაერის ქვევიდან გამომწოვი მომდენ-გამწოვი ვენტილაციით. შემონადენმა ჰაერმა უნდა გაიაროს ფილტრებში სათავსოში მტვრის მოხვედრის აცილების მიზნით.
ელეგაზური კომპლექტური გამანაწილებელი მოწყობილობების სათავსოში უნდა იყოს მოწყობილი ელეგაზის დასაშვებზე მეტ კონცენტრაციაზე მოქმედი სიგნალიზაცია მომდენ-გამწოვი ვენტილაციის მოწყობილობების ჩართვით.
5. ღია გამანაწილებელი მოწყობილობის ტერიტორიაზე არ უნდა არსებობდეს მერქან-ბუჩქოვანი მცენარეები.
6. ღია და დახურული გამანაწილებელი მოწყობილობების საკაბელო არხები და მიწისზედა ღარები უნდა გადაიხუროს უწვადი ფილებით, ხოლო კაბელების საკაბელო არხებიდან, გვირაბებიდან და სართულებიდან გამოსასვლელები, აგრეთვე საკაბელო ნაკვეთურებს შორის გადასასვლელები უნდა შემჭიდროვდნენ უწვადი მასალებით.
გვირაბები, სარდაფები და არხები უნდა იყოს დასუფთავებული, ხოლო სადრენაჟო მოწყობილობები უნდა უზრუნველყოფდნენ წყლის შეუფერხებელ გადაგდებას.
7. ზეთის მიმღებები, ზეთშემგროვებლები, მოხრეშვები, დრენაჟები და ზეთსარინები უნდა იყოს მუდმივად გამართულ მდგომარეობაში.
8. გარემოს მაქსიმალური და მინიმალური ტემპერატურების დროს ზეთიან ამომრთველებში, მზომ ტრანსფორმატორებსა და შემყვანებში ზეთის დონე უნდა რჩებოდეს ზეთმაჩვენებლების სკალის ფარგლებში.
არაჰერმეტულ შემყვანებში ზეთი დაცული უნდა იყოს დაჟანგვისა და დატენიანებისგან.
9. გამანაწილებელ მოწყობილობებში სალტეების საკონტაქტო შეერთებების ტემპერატურის კონტროლი ორგანიზებული უნდა იყოს დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით.
10. 3 კვ და მეტი ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობები აღჭურვილი უნდა იქნენ ბლოკირებებით, რომელიც გამორიცხავს გამთიშველებით, გამყოფებით, კომპლექტური გამანაწილებლი მოწყობილობების გამოსაგორებელი ურიკებით და დამამიწებელი დანებით მცდარი ოპერაციების ჩატარებას. მაბლოკირებელი მოწყობილობები, მექანიკურის გარდა, უნდა იყვნენ მუდმივად დალუქული.
11. შემოუღობავ ანძური ტიპის სატრანსფორმატორო ქვესადგურებში, გადამრთველ პუნქტებსა და სხვა მოწყობილობებში გამთიშველების ამძრავები და დაბალი ძაბვის ფარების კარადები უნდა იყვნენ ბოქლომებით დაკეტილი. მომსახურების მოედნებთან სტაციონარული კიბეები უნდა იყვნენ გამთიშველებთან ბლოკირებული და ბოქლომით დაკეტილი.
12. 3 კვ და მეტი ძაბვის გამანაწილებელ მოწყობილობებში, როგორც წესი, დასამიწებლად გამოყენებული უნდა იყოს სტაციონარული დამამიწებელი დანები. მოქმედ ელექტროდანადგარებში, სადაც სტაციონარული დამამიწებლები ვერ იდგმება მათი განლაგების ან კონსტრუქციული პირობებიდან გამომდინარე, დამიწება უნდა განხორციელდეს გადასატანი დამამიწებლების საშუალებით.
დამამიწებელი დანების სახელურები შეღებილი უნდა იყოს წითლად, ხოლო დამამიწებელი დანები, როგორც წესი – შავად.
13. დახურული გამანაწილებლი მოწყობილობების კარების და კამერების შიგა კედელებზე, ღია გამანაწილებელ მოწყობილობებზე, გარე და შიგა დადგმულობის კომპლექტური გამანაწილებელი მოწყობილობების წინა და უკანა ნაწილებზე, შემკრებ კარადებზე, აგრეთვე ფარების პანელების წინა და უკანა მხარეებზე უნდა გაკეთდეს მინაერთის დანიშნულების და სადისპეტჩერო დასახელების მაჩვენებელი წარწერები.
გამანაწილებელი მოწყობილობების კარებზე უნდა გაკეთდეს გამაფრთხილებელი ნიშნები ელექტროსადგურში გამოყენებული დამცავი საშუალებების გამოყენების და გამოცდის წესების მოთხოვნების შესაბამისად. დამცავ ფარებსა და/ან მინაერთების მცველებზე უნდა გაკეთდეს დნობადი სადგმელის ნომინალური დენის მაჩვენებელი წარწერები.
14. გამანაწილებელ მოწყობილობებში უნდა ინახებოდეს გადასატანი დამიწებები, პირველადი დახმარების და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები.
ოპერატიულ-გამსვლელ ბრიგადებს შეიძლება ჰქონდეთ გადასატანი დამიწებები, პირველადი დახმარების, დამცავი და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები.
15. გამანაწილებელი მოწყობილობების ქსელიდან გამორთვის გარეშე დათვალიერება ორგანიზებული უნდა იყოს:
ა) ობიექტებზე, სადაც არის პერსონალის მუდმივი მორიგეობა – არანაკლებ დღე-ღამეში ერთხელ. ღამის პერიოდში განმუხტვის და გვირგვინის მოვლენის გამოსავლენად – არანაკლებ თვეში ერთხელ;
ბ) ობიექტებზე, სადაც არ არის პერსონალის მუდმივი მორიგეობა – არანაკლებ თვეში ერთხელ;
გ) სატრანსფორმატორო და გამანაწილებელ პუნქტებში – არანაკლებ 6 თვეში ერთხელ;
დ) ელექტროსადგურებში დენგამტარების გარეგანი დათვალიერება უნდა ხდებოდეს ყოველდღე.
უამინდობის დროს (ძლიერი ნისლი, სველი თოვლი, ლიპყინული და სხვა), ან ღია გამანაწილებელი მოწყობილობების ძლიერი დაჭუჭყიანების შემთხვევაში, აგრეთვე მ.შ-ის შედეგად მოწყობილობის გამორთვის შემდეგ ორგანიზებული უნდა იყოს დამატებითი დათვალიერებები.
ყველა გამოვლენილი გაუმართაობების შესახებ უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი და ეცნობოს ზემდგომ საინჟინრო-ტექნიკურ პერსონალს.
გაუმართაობები უნდა აღმოიფხვრას უმოკლეს ვადებში.
გამორთულ საჰაერო ამომრთველებზე შეკუმშული ჰაერის გაჟონვის გამოვლენისას შეკუმშული ჰაერის მიწოდების შეწყვეტა უნდა მოხდეს მხოლოდ ამომრთველზე ძაბვის მოხსნის შემდეგ გამთიშველის სქემის დაშლით.
16. გამანაწილებელ მოწყობილობებში დადგმულ სარელეო დაცვის და ავტომატიკის, კავშირგაბმულობის და ტელემექანიკის კარადებს, მართვის კარადებს და საჰაერო ამომრთველების გამანაწილებელ კარადებს, აგრეთვე ზეთიანი ამომრთველების, გამყოფების, მოკლედ ჩამრთველების და გამთიშველების მამოძრავებელი ამძრავების კარადებს, სადაც გარემოს ტემპერატურა შეიძლება იყოს დასაშვებზე ნაკლები, უნდა ჰქონდეთ ელექტროშემთბობი მოწყობილობები.
17. ჰაერის მომამზადებელი დანადგარის ავტომატური მართვა, დაცვა და სიგნალიზაცია, აგრეთვე დამცავი სარქველები სისტემატურად უნდა მოწმდებოდნენ და რეგულირდებოდნენ ქარხანა - დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.
18. საკომუტაციო აპარატებისთვის საჭირო შეკუმშული ჰაერის გაშრობა უნდა მოხდეს თერმოდინამიკური მეთოდით.
შეკუმშული ჰაერის შრობის საჭირო ხარისხი უზრუნველყოფილია საკომუტაციო აპარატების ნომინალურ საკომპრესორო და მუშა წნევებს შორის ვარდნათა ჯერადობით, რომელიც 20 კგძ/სმ2 (2 მპა) ნომინალური მუშა წნევის მქონე აპარატებისთვის უნდა იყოს არანაკლებ 2 და 26–40 კგძ/სმ2 (2,6–4,0 მპა) ნომინალური მუშა წნევის მქონე აპარატებისთვის – არანაკლებ 4.
19. 40–45 კგძ/სმ2 (4–4,5 მპა) საკომპრესორო წნევის ყველა ჰაერისშემკრებიდან ტენი უნდა გამოიდევნოს არანაკლებ 3 დღე-ღამეში ერთხელ, ხოლო იმ ობიექტებზე, სადაც არ არის მუდმივი მორიგე პერსონალი – დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით.
ჰაერშემკრებების ძროები და გამოსაშვები ვენტილები უნდა იყოს დათბუნებული და ელექტროშემთბობი მოწყობილობით აღჭურვილი, რომელიც გარემოს უარყოფითი ტემპერატურის დროს ჩაირთვება ყინულის დასადნობად.
კომპრესორის ყოველი გაშვების დროს 230 კგძ/სმ2 (23 მპა) წნევის მქონე ბალონების ჯგუფის კონდენსატის შემკრებებიდან ტენის მოცილება უნდა ხდებოდეს ავტომატურად. ბალონების და კონდენსატის შემკრებების ქვედა ნაწილებში ტენის გაყინვის თავიდან აცილების მიზნით ისინი უნდა დაიდგან ელექტროშემთბობიან თბოიზოლაციურ კამერაში (შეკუმშული ჰაერის გამწმენდი ბლოკების შემდეგ დადგმული ბალონების გარდა).
20. საჰაერო ამომრთველების და სხვა აპარატების რეზერვუარები, აგრეთვე ჰაერშემკრებები და ბალონები უნდა აკმაყოფილებდნენ წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების მოთხოვნებს.
საჰაერო ამომრთველების და სხვა მაღალი ძაბვის აპარატების რეზერვუარები არ ექვემდებარებიან საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ორგანოებში რეგისტრაციას.
ჰაერშემკრების და საკომპრესორო წნევის ბალონების შიგა დათვალიერება და ჰიდრავლიკური გამოცდა ტარდება წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების მოთხოვნების მიხედვით. საჰაერო ამომრთველების და სხვა აპარატების რეზერვუარების შიგა დათვალიერება ტარდება საშუალო შეკეთების დროს.
საჰაერო ამომრთველების რეზერვუარების ჰიდრავლიკური გამოცდები ტარდება იმ შემთხვევებში, როდესაც დათვალიერების დროს აღმოჩნდება რეზერვუარების საეჭვო დეფექტები.
რეზერვუარების შიგა ზედაპირებს უნდა ჰქონდეთ ანტიკოროზიული საფარი.
21. საჰაერო ამომრთველებში გამოყენებული შეკუმშული ჰაერი მექანიკური მინარევებისაგან უნდა იწმინდებოდეს თითოეული საჰაერო ამომრთველის გამანაწილებელ კარადაში დადგმული ფილტრების გამოყენებით. ყველა ჰაერსადენი უნდა გამოიქრეს ჰაერმომამზადებელი ქსელის მონტაჟის დამთავრების შემდეგ, საჰაერო ამომრთველების და სხვა აპარატების ამძრავების რეზერვუარების პირველად შევსებამდე.
ექსპლუატაციის პროცესში შეკუმშული ჰაერის დაჭუჭყიანების თავიდან აცილების მიზნით უნდა ხდებოდეს გამოქრევა:
ა) მაგისტრალური ჰაერსადენების – გარემოს დადებითი ტემპერატურის დროს არანაკლებ 2 თვეში ერთხელ;
ბ) განშტოების ჰაერსადენების – ქსელიდან გამანაწილებელ კარადებამდე და კარადებიდან საჰაერო ამომრთველების თითოეული პოლუსის რეზერვუარებამდე აპარატებიდან მათი გამორთვით, აპარატის ყოველი საშუალო შეკეთების შემდეგ;
გ) საჰაერო ამომრთველების რეზერვუარების – მიმდინარე და საშუალო შეკეეთების ჩატარების შემდეგ, აგრეთვე საკომპრესორო სადგურების მუშაობის რეჟიმების დარღვევის შემთხვევებში.
22. საჰაერო ამომრთველებზე პერიოდულად უნდა მოწმდებოდეს იზოლატორების შიგა ღრუების ვენტილიაცია (მაჩვენებლების მქონე ამომრთველებისათვის).
შემოწმების პერიოდულობა უნდა დადგინდეს ქარხანა – დამამზადებლის რეკომენდაციების საფუძველზე.
კომპლექტური გამანაწილებელი და დახურული გამანაწილებელი მოწყობილობების სათავსოებში ელეგაზის კონცენტრაციის კონტროლი ხორციელდება სპეციალური ხელსაწყოებით იატაკიდან 10-15 სმ სიმაღლეზე.
სათავსოებში ელეგაზის კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს აპარატების ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციებში მითითებულ ნორმებს.
23. ამომრთველები და მათი ამძრავები აღჭურვილი უნდა იქნენ ჩართული და გამორთული მდგომარეობების მაჩვენებლებით;
ჩაშენებულ ამძრავიან, ან უშუალოდ ამომრთველების ახლოს განლაგებულ და მათგან მთლიანი გაუმჭვირვალე ზღუდით (კედლით) გაუმიჯნავ ამძრავებიან ამომრთველებზე დასაშვებია მხოლოდ ერთი მაჩვენებლის დაყენება – ამომრთველზე, ან ამძრავზე. აუცილებელი არ არის მაჩვენებლების ისეთ ამომრთველებზე დაყენება, რომელთა გარე კონტაქტების ჩართული მდგომარეობა შეინიშნება ხილულად.
გამთიშველების, დამამიწებელი დანების, გამყოფების, მოკლედ ჩამრთების და სხვა აპარატების კედლით გამიჯნულ ამძრავებს უნდა ჰქონდეთ გამორთული, ან ჩართული მდგომარეობის მაჩვენებლები.
24. გამანაწილებელი მოწყობილობის დანადგარების შეკეთება (საშუალო) უნდა ტარდებოდეს:
ა) ზეთიანი ამომრთველების – 6-8 წელიწადში ერთხელ, შეკეთებებს შორის პერიოდში მახასიათებლების ამომრთველის ამძრავთან ერთად კონტროლით;
ბ) ელეგაზური ამომრთველების და ვაკუუმამომრთველების – ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციაში მითითებული პერიოდულობით;
გ) დატვირთვის ამომრთველების, გამთიშველების და დამამიწებელი დანების – 4 - 8 წელიწადში ერთხელ (კონსტრუქციული თავისებურების მიხედვით);
დ) საჰაერო ამომრთველების – 4 - 6 წელიწადში ერთხელ;
ე) გამყოფების და მოკლე ჩამრთების (ღია დანებით) და მათი ამძრავების – 2 - 3 წელიწადში ერთხელ;
ვ) კომპრესორების – 2 - 3 წელიწადში ერთხელ;
ზ) ვაკუუმური რკალმქრობი კამერები (ვრკ) უნდა გამოიცადოს ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციებში მოცემული მოცულობებით;
თ) ყველა აპარატების და კომპრესორების – რესურსის ამოწურვის შემდეგ, ექსპლუატაციის ხანგრძლივობის მიუხედავად;
ი) დადგმული მოწყობილობების პირველი შეკეთება – ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულ ვადებში.
კ) შიგა დადგმულობის გამთიშველების – შეიძლება ჩატარდეს აუცილებლობის მიხედვით, სალტეებიდან ძაბვის მოხსნის, ან მინაერთების სალტეთა ერთი სისტემიდან მეორეზე გადაყვანის დროს.
შეკეთების პერიოდულობა შეიძლება შეიცვალოს ექსპლუატაციის გამოცდილების მიხედვით. ენერგოსისტემის დისპეტჩერის გამგებლობაში მყოფი მინაერთების შეკეთების პერიოდულობის შეცვლა ხორციელდება მასთან შეთანხმებით ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით,ხოლო სხვა დანარჩენი მინაერთების – ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.
გამანაწილებელი მოწყობილობების მიმდინარე შეკეთებები, აგრეთვე მათი მოქმედებების შემოწმება (გასინჯვა) ტარდება საჭიროების მიხედვით, ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დადგენილ ვადებში.
25. გამანაწილებელი მოწყობილობების ელექტრომოწყობილობების გამოცდები ორგანიზებული უნდა იყოს ელექტრომოწყობილობების გამოცდის მოცულობებისა და ნორმების შესაბამისად