1. ტრანსფორმატორებისა (ავტოტრანსფორმატორების) და მაშუნტებელი ზეთიანი რეაქტორების ექსპლუატაციისას უნდა იყოს უზრუნველყოფილი მათი ხანგრძლივი და საიმედო მუშაობა, რისთვისაც დატვირთვები, ძაბვის დონეები, ტრანსფორმატორების (რეაქტორების) ცალკეული ელემენტების ტემპერატურა, ზეთის მახასიათებლები და იზოლაციის პარამეტრები უნდა იყოს დადგენილი ნორმის ფარგლებში; გაცივების, ძაბვის რეგულირების მოწყობილობები და სხვა ელემენტები უნდა იმყოფებოდეს გამართულ მდგომარეობაში.
2. აუცილებელია გაზური დაცვით აღჭურვილი ტრანსფორმატორების (რეაქტორების) დადგმის სისწორის კონტროლი. სახურავი გაზური რელეს მიმართულებით აწეული უნდა იყოს არანაკლებ 1 %, ხოლო ზეთგამტარი გამფართოებლის მიმართულებით – არანაკლებ 2 %.
გამოსაფრქვევი მილის ღრუ უნდა მიერთდეს გამფართოებლის ღრუსთან. გამოსაფრქვევ მილზე მემბრანა (დიაფრაგმა) საჭიროების შემთხვევაში უნდა შეიცვალოს ქარხნა-დამამზადებლის მიერ მიწოდებული ანალოგიური მემბრანით.
3. მომუშავე ტრანსფორმატორების (რეაქტორების) 3 მეტრ სიმღლეზე და უფრო მაღლა განლაგებული ნაწილების დათვალიერება უნდა მოხდეს სტაციონარული კიბეების საშუალებით უსაფრთხოების ტექნიკის წესების დაცვით.
4. ხანძარქრობის სტაციონარული საშუალებები, ზეთმიმღებები, ზეთგამტარები და ზეთშემგროვებლები უნდა იყოს მოწესრიგებულ მდგომარეობაში.
5. გარე დაყენების ტრანსფორმატორებისა და რეაქტორების ავზებზე უნდა იყოს მითითებული სასადგურო (საქვესადგურო) ნომრები. ასეთივე ნომრები უნდა იყოს გამოსახული სატრანსფორმატორო პუნქტებისა და კამერების შიგნით და კარებზე.
ერთფაზა ტრანსფორმატორებისა და რეაქტორების ავზებზე უნდა იყოს დატანილი ფაზის ფერი. გარე დაყენების ტრანსფორმატორები და რეაქტორები უნდა იყოს შეღებილი ნათელ ფერებში ზეთისა და ატმოსფერული ზემოქმედებების მიმართ მდგრადი საღებავებით.
6. ტრანსფორმატორების (რეაქტორების) გამაციებელი მოწყობილობების ელექტროძრავების კვება, როგორც წესი, უნდა ხორციელდებოდეს კვების ორი წყაროდან, ხოლო ზეთის იძულებითი ცირკულაციის მქონე ტრანსფორმატორებისა (რეაქტორების) – რეზერვის ავტომატური ჩართვის გამოყენებით.
7. ტრანსფორმატორების დატვირთვის ქვეშ ძაბვის რეგულირების მოწყობილობები უნდა მუშაობდეს, როგორც წესი, ავტომატურ რეჟიმში. მათი მუშაობის კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს ოპერაციების რაოდენობის მრიცხველის ჩვენებით. ორგანიზაციის ტექნიკური ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით დასაშვებია ძაბვის რეგულირების არაავტომატური რეჟიმი დამყარდეს დატვირთვის ქვეშ ძაბვის რეგულირების დისტანციური გადართვებით მართვის ფარიდან ან პულტიდან, თუ ქსელში ძაბვის რყევები არის იმ ზღვრებში, რომელიც ელექტროენერგიის მომხმარებელთა მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
ძაბვის ქვეშ მყოფი ტრანსფორმატორის დატვირთვის ქვეშ ძაბვის რეგულირების მოწყობილობის ხელით (სახელურით) გადართვა აკრძალულია.
8. სატრანსფორმატორო ქვესადგურებისა და კამერების ვენტილაცია უნდა უზრუნველყოფდეს ტრანსფორმატორების მუშაობას ყველა ნორმირებულ რეჟიმში.
9. ზეთისა და ჰაერის იძულებითი ცირკულაციის მქონე ტრანსფორმატორებზე (რეაქტორებზე) და წყლის და ზეთის იძულებითი ცირკულაციის მქონე ტრანსფორმატორებზე გაციების მოწყობილობა ავტომატურად უნდა ჩაირთოს (გამოირთოს) ტრანსფორმატორის (რეაქტორის) ჩართვასთან (გამორთვასთან) ერთად.
ზეთის იძულებითი ცირკულაცია დატვირთვისაგან დამოუკიდებლად უნდა იყოს უწყვეტი. გაციების სისტემის ჩართვის (გამორთვის) წესი განსაზღვრული უნდა იყოს საქარხნო ინსტრუქციით.
თუ ზეთის, გამაციებელი წყლის ცირკულაციის შეწყვეტის ან ვენტილატორების გაჩერების შესახებ სიგნალიზაციის მოწყობილობები მუშაობაში ჩართული არ არის, ხელოვნური გაცივების სისტემის მქონე ტრანსფორმატორების (რეაქტორების) მუშაობა აკრძალულია.
10. ზეთის ბუნებრივი ცირკულაციის და ჰაერის იძულებითი ცირკულაციის მქონე ტრანსფორმატორებზე ვენტილატორების ელექტროძრავები ავტომატურად უნდა ჩაირთოს, როდესაც ზეთის ტემპერატურა მიაღწევს 55 0С-ს ან ზეთის ტემპერატურისაგან დამოუკიდებლად, როცა დატვირთვა მიაღწევს ნომინალურს და გამოირთოს, როდესაც ზეთის ტემპერატურა დაიწევს 50 0С-მდე, თუ ამ დროს დატვირთვის დენი ნომინალურზე ნაკლებია, თუ სხვა რამ არ არის მითითებული ქარხნის ტექნიკურ დოკუმენტაციაში.
ტრანსფორმატორის მუშაობის პირობები გამორთული ვენტილატორებით განისაზღვრება საქარხნო ინსტრუქციით.
11. ტრანსფორმატორების ზეთითა და წყლით გაცივებისას ტრანსფორმატორის გამფართოებელში ზეთის მინიმალური დონის დროს ზეთის წნევა ზეთგამცივებლებში უნდა აჭარბებდეს მათში საცირკულაციო წყლის წნევას 0,1 კგძ/სმ2-ით (10კპა).
წყლის ცირკულაციის სისტემა უნდა ჩაირთოს ზეთის ტუმბოს ჩართვის შემდეგ, როდესაც ზეთის ზედა ფენების ტემპერატურა არის არანაკლებ 15 0С და გამოირთოს, როდესაც ზეთის ტემპერატურა დაიწევს 100С-მდე, თუ სხვა რამ არ არის მითითებული ქარხნის ტექნიკურ დოკუმენტაციაში.
გათვალისწინებული უნდა იყოს ღონისძიებები ზეთმაცივებლების, ტუმბოებისა და წყლის მაგისტრალების გაყინვის თავიდან ასაცილებლად.
12. გამორთული ტრანსფორმატორის (რეაქტორის) გამფართოებელში ზეთი უნდა იყოს იმ ნიშნულის დონეზე, რომელიც შეესაბამება ტრანსფორმატორში (რეაქტორში) ზეთის ტემპერატურას.
13. ნომინალური დატვირთვის დროს ზეთის ზედა ფენების ტემპერატურა გაცივების სისტემების შესაბამისად უნდა იყოს შემდეგი (თუ ქარხანა-დამამზადებელი არ მიუთითებს სხვა ტემპერატურებს): ზეთისა და ჰაერის იძულებითი ცირკულაციით გაცივების სისტემის დროს – არა უმეტესი 75 0С; ზეთის ბუნებრივი ცირკულაციის და ზეთის ბუნებრივი ცირკულაციისა და შებერვითი სისტემების დროს – არა უმეტესი 95 0С; წყლისა და ზეთის იძულებითი სისტემით გაცივებისას ტრანსფორმატორების ზეთმაცივებლების შესასვლელში ზეთის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 70 0С.
14. თუ ტრანსფორმატორის დატვირთვის სიმძლავრე ნომინალურს არ აღემატება, დასაშვებია მისი ხანგრძლივი მუშაობა გრაგნილის ნებისმიერ განშტოებაზე ამ განშტოების ნომინალურ ძაბვაზე 10 %-ით მეტი ძაბვით. ამასთან ნებისმიერ გრაგნილზე ძაბვა არ უნდა აღემატებოდეს უდიდეს მუშა ძაბვას.
ავტოტრანსფორმატორებისათვის, რომლებსაც აქვთ ძაბვის რეგულირებისათვის განშტოებები ნეიტრალში ან რომლებიც მიმდევრობით მარეგულირებელ ტრანსფორმატორებთან მუშაობისათვის არიან განკუთვნილი, ძაბვის დასაშვები აწევა განსაზღვრული უნდა იყოს ქარხანა - დამამზადებლის მიერ.
15. დასაშვებია ზეთიანი ტრანსფორმატორის ნებისმიერი გრაგნილის გადატვირთვა განშტოების ნომინალური დენის 5 %-ით, თუ ამ განშტოებაზე ძაბვა ნომინალურს არ აღემატება.
გარდა ამისა დასაშვებია ტრანსფორმატორების სისტემატური გადატვირთვა მათი მუშაობის რეჟიმის მიხედვით.
გადატვირთვის ხანგრძლივობა და სიდიდე რეგლამენტირებულია ტრანსფორმატორების ექსპლუატაციის ტიპური ინსტრუქციითა და ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციებით.
იმ ავტოტრანსფორმატორებზე, რომელთა დაბალი ძაბვის გრაგნილზე არის მიერთებული გენერატორი, სინქრონული კომპენსატორი ან დატვირთვა (საკუთარი მოხმარების გარდა), აუცილებლად უნდა კონტროლდებოდეს მაღალი ძაბვის გრაგნილის საერთო ნაწილის დენი.
16. ავარიულ რეჟიმში დასაშვებია ტრანსფორმატორების ხანგრძლივი გადატვირთვა ნომინალურზე მეტი დენით გაცივების ყველა სისტემის დროს გამაცივებელი გარემოს ტემპერატურისა და წინასწარი დატვირთვის ხანგრძლივობისა და მნიშვნელობებისაგან დამოუკიდებლად შემდეგ ფარგლებში:

№
დასახელება
განზომილების ერთეული
სიდიდე
1
ზეთიანი ტრანსფორმატორები
დენის მიხედვით გადატვირთვა

%

30

45

60

75

100
გადატვირთვის ხანგრძლივობა
წთ
120
80
45
20
10
2
მშრალი ტრანსფორმატორები
დენის მიხედვით გადატვირთვა

%

20

30

40

50

60
გადატვირთვის ხანგრძლივობა
წთ
60
45
32
18
5

დასაშვებია ზეთიანი ტრანსფორმატორების გადატვირთვა 40 %-მდე ნომინალურზე მეტი დენით ზედიზედ არა უმეტეს 5 დღე-ღამისა დღე-ღამეში 6 საათის განმავლობაში ყველა გამაცივებელი მოწყობილობის სრული გამოყენებით, თუ მსგავსი გადატვირთვა არ არის შეზღუდული ტრანსფორმატორის ექსპლუატაციის ან ტექნიკურ-ნორმატიული დოკუმენტების მითითებითა და მოთხოვნით.
მშრალი ტრანსფორმატორების დასაშვები ხანგრძლივი გადატვირთვები დგინდება საქარხნო ინსტრუქციით.
17. გამაცივებელი მოწყობილობების ავარიული გამორთვისას ტრანსფორმატორების მუშაობის რეჟიმები განისაზღვრება საქარხნო დოკუმენტაციის მოთხოვნებით.
18. ტრანსფორმატორების ჩართვა ნომინალურ დატვირთვაზე დასაშვებია:
ა) ზეთის ბუნებრივი გაცივების და ზეთის ბუნებრივი და ჰაერის იძულებითი გაცივების სისტემებისას ჰაერის ნებისმიერი უარყოფითი ტემპერატურის დროს;
ბ) ზეთისა და ჰაერის იძულებითი ცირკულაციის და წყლისა და ზეთის იძულებითი ცირკულაციის გაცივების სისტემებისას ჰაერის ტემპერატურის არანაკლებ მინუს 25 0С დროს. უფრო დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში ტრანსფორმატორი წინასწარ უნდა გათბეს მისი ჩართვით დაახლოებით 0,5 ნომინალურ დატვირთვაზე ზეთის ცირკულაციის სისტემის გაუშვებლად, სანამ ზეთის ზედა ფენების ტემპერატურა არ მიაღწევს მინუს 250С-ს, რის შემდეგ უნდა ჩაირთოს ზეთის ცირკულაციის სისტემა. ავარიულ პირობებში დასაშვებია ტრანსფორმატორის ჩართვა სრულ დატვირთვაზე გარემოს ტემპერატურის მიუხედავად;
გ) „НДЦ” და „НЦ” ტიპის ტრანსფორმატორის გრაგნილებში ზეთის მიმართული ნაკადით გაცივების სისტემებისას საქარხნო ინსტრუქციების შესაბამისად.
19. ტრანსფორმატორების დატვირთვის ქვეშ ძაბვის რეგულირების მოწყობილობების გადამრთველების მუშაობაში ჩართვა დასაშვებია, როდესაც ზეთის ზედა ფენების ტემპერატურა არის მინუს 20 0С და მეტი.
დატვირთვის ქვეშ ძაბვის რეგულირების მოწყობილობების ექსპლუატაცია ორგანიზებული უნდა იყოს ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციების მოთხოვნების შესაბამისად.
20. ყოველი ელექტროდანადგარისათვის დატვირთვის გრაფიკიდან გამომდინარე მომხმარებელთა საიმედო კვებისა და ენერგიის დანაკარგების მინიმუმის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს ერთდროულად მომუშავე ტრანსფორმატორების რაოდენობა.
15 კვ ჩათვლით ძაბვის გამანაწილებელ ელექტროქსელებში უნდა იყოს ორგანიზებული ტრანსფორმატორების ძაბვებისა და დატვირთვების გაზომვები წლის მაქსიმალური და მინიმალური დატვირთვების პერიოდში. გაზომვების ვადები და პერიოდულობა დგინდება ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ.
21. 110 კვ და მეტი ძაბვის ავტოტრანსფორმატორებისა და რეაქტორების, აგრეთვე 330 კვ და მეტი ძაბვის ტრანსფორმატორების გრაგნილების ნეიტრალები უნდა მუშაობდეს ყრუ დამიწების რეჟიმში.
დასაშვებია ტრანსფორმატორების და ავტოტრანსფორმატორების ნეიტრალის დამიწება სპეციალური რეაქტორის საშუალებით.
110 და 220 კვ ტრანსფორმატორებს, რომელთა ნეიტრალის გამოსაცდელი ძაბვაა შესაბამისად 100 და 200 კვ, შეუძლიათ მუშაობა დაუმიწებელი ნეიტრალით იმ პირობით, თუ ის დაცული იქნება მცლელით. ანგარიშებით დასაბუთების შემთხვევაში დასაშვებია 110 კვ ტრანსფორმატორების მუშაობა დაუმიწებელი ნეიტრალით, რომელთა მცლელით დაცული ნეიტრალის გამოსაცდელი ძაბვაა 85 კვ.
22. გაზური რელედან სიგნალის მიღებისას ტრანსფორმატორი (რეაქტორი) უნდა დათვალიერდეს გარედან, რელედან აღებულ აირს ჩაუტარდეს ანალიზი და შემოწმდეს წვაზე.
გაზური რელედან გაზის ამოღებისას და მისი მოქმედების მიზეზის დადგენისას პერსონალის უსაფრთხოების მიზნით, ტრანსფორმატორი უნდა განიტვირთოს და გამოირთოს. ტრანსფორმატორის განტვირთვისა და გამორთვის დრო უნდა იყოს რაც შეიძლება მინიმალური.
თუ რელეში აირი არაწვადია, არ არის ტრანსფორმატორის (რეაქტორის) დაზიანების ნიშნები, ხოლო მისმა გამორთვამ გამოიწვია ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, ტრანსფორმატორი (რეაქტორი) შეიძლება დაუყოვნებლივ ჩაირთოს მუშაობაში რელეს სიგნალზე მოქმედების მიზეზის გარკვევამდე. ამ შემთხვევაში ტრანსფორმატორის (რეაქტორის) მუშაობის ხანგრძლივობას ადგენს ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელი.
გაზის რელედან ამოღებული გაზის ანალიზის, ზეთის ქრომატოგრაფიული ანალიზის, სხვა გაზომვების (გამოცდების) შედეგებით აუცილებელია დადგინდეს გაზური რელეს სიგნალზე ამოქმედების მიზეზი, განისაზღვროს ტრანსფორმატორის (რეაქტორის) ტექნიკური მდგომარეობა და მისი ნორმალური ექსპლუატაციის შესაძლებლობა.
23. ტრანსფორმატორის (რეაქტორის) შიგა დაზიანებისაგან დაცვის მოქმედებით ავტომატური გამორთვის შემთხვევაში ტრანსფორმატორის (რეაქტორის) ჩართვა შეიძლება მხოლოდ დათვალიერების, გამოცდის, აირის, ზეთის ანალიზისა და გამოვლენილი დარღვევების ლიკვიდაციის შემდეგ.
ტრანსფორმატორის (რეაქტორის) ისეთი დაცვით გამორთვის შემთხვევაში, რომლის მოქმედება არ არის დაკავშირებული მის დაზიანებასთან, ის შეიძლება ჩაირთოს ხელმეორედ შემოწმებების გარეშე.
24. 1 მვა და მეტი სიმძლავრის ტრანსფორმატორების (რეაქტორების) ექსპლუატაცია უნდა მიმდინარეობდეს ადსორბციულ ან თერმოსიფონურ ფილტრებში ზეთის უწყვეტი რეგენერაციის სისტემით.
ტრანსფორმატორის (რეაქტორის) გამფართოებელში, ასევე ტრანსფორმატორების დატვირთვის ქვეშ რეგულირების მოწყობილობის ავზში ან გამფართოებელში არსებული ზეთი, დაცული უნდა იყოს გარემომცველ ჰაერთან უშუალო შეხებისაგან.
ზეთის დანესტიანებისაგან დაცვის სპეციალური მოწყობილობებით აღჭურვილ ტრანსფორმატორებზე (რეაქტორებზე), ეს მოწყობილობები მუდმივად უნდა იყოს ჩართული მუშაობაში ტრანსფორმატორის (რეაქტორის) მუშაობის რეჟიმის მიუხედავად. აღნიშნული მოწყობილობების ექსპლუატაცია ორგანიზებული უნდა იყოს ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციის მიხედვით.
ზეთშევსებული შემყვანების ზეთი დაცული უნდა იყოს დანესტიანებისა და დაჟანგვისაგან.
25. ტრანსფორმატორის (რეაქტორის) ჩართვა ქსელში უნდა მოხდეს ბიძგით სრულ ძაბვაზე.
გენერატორებთან ბლოკში მომუშავე ტრანსფორმატორები შეიძლება ჩაირთოს გენერატორებთან ერთად ძაბვის ნულიდან აწევით.
26. ტრანსფორმატორების (რეაქტორების) დათვალიერება გამოურთველად უნდა წარმოებდეს შემდეგ ვადებში:
ა) დანადგარებში, სადაც პერსონალი მუდმივად მორიგეობს – ელექტროსადგურებისა და ქვესადგურების მთავარი ტრანსფორმატორების, საკუთარი მოხმარების ძირითადი და სარეზერვო ტრანსფორმატორებისა და რეაქტორების – ერთხელ დღე-ღამეში, დანარჩენი ტრანსფორმატორების – ერთხელ კვირაში;
ბ) დანადგარებში, სადაც პერსონალი მუდმივად არ მორიგეობს – არანაკლებ ერთხელ თვეში; სატრანსფორმატორო პუნქტებში – არანაკლებ ერთხელ 6 თვეში.
ადგილობრივ პირობებზე დამოკიდებულებითა და ტრანსფორმატორების (რეაქტორების) მდგომარეობის მიხედვით აღნიშნული ვადები შეიძლება შეიცვალოს ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ.
27. ტრანსფორმატორებისა და რეაქტორების, ასევე მათი შემადგენელი ნაწილების მიმდინარე და კაპიტალური შეკეთება უნდა წარმოებდეს აუცილებლობის მიხედვით, გამომდინარე მათი ტექნიკური მდგომარეობიდან, რაც განისაზღვრება გაზომვებით, გამოცდებითა და გარე დათვალიერებით.
მიმდინარე შეკეთების პერიოდულობა დგინდება ორგანიზაციის (ენერგოობიექტის) ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ.
28. კაპიტალური შეკეთებები უნდა წარმოებდეს: 110–150 კვ ძაბვის 125 მვა და მეტი სიმძლავრის ტრანსფორმატორების, 220 კვ და მეტი ძაბვის ტრანსფორმატორების, რეაქტორების, ელექტროსადგურის საკუთარი მოხმარების ძირითადი ტრანსფორმატორების ექსპლუატაციაში შეყვანიდან არა უგვიანეს 12 წლის შემდეგ პროფილაქტიკური შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, შემდგომში – აუცილებლობის შემთხვევაში შემოწმების შედეგებისა და მდგომარეობის მიხედვით. დანარჩენი ტარნსფორმატორების – შემოწმების შედეგებისა და მათი მდგომარეობის მიხედვით.
29. ტრანსფორმატორების (რეაქტორების) პროფილაქტიკური შემოწმება უნდა იყოს ორგანიზებული ელექტრომოწყობილობების გამოცდების მოცულობებისა და ნორმების და ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციების შესაბამისად